თალიკო მელაძე: „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებისთვის ვემსახურე და სანაცვლოდ სკოლის წინ მრავალსართულიან კორპუსს აშენებენ“

„ოცნებას“ დანაპირების შეუსრულებლობა წესად ექცა. ოდნავადაც არ ეშინიათ, რომ ამით ამომრჩეველს კარგავენ. გაუთავებელი მშენებლობები, საეჭვო ტენდერები, სარეკრეაციო ზონების განადგურება… _ ხელისუფლების სავიზიტო ბარათია.
„ქრონიკა+“ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებ თალიკო მელაძეს ესაუბრა:

_ მთელი ამ დროის განმავლობაში ხმა არ ამომიღია, სულ ვითმენდი, მაგრამ ახლა დუმილს ვარღვევ და ყველაფერს ვიტყვი: წლებია, „ქართულ ოცნებას“ ვემსახურებოდი, საარჩევნოდ უბანზე ამომრჩევლები მიმყავდა, რათა მათთვის ხმა მიეცათ და ესენი მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. სანაცვლოდ კი რა მივიღეთ? _ სულში ჩაგვაფურთხეს და მოგვატყუეს, ევკალიპტის ხეები მოგვიჭრეს, სკვერის ნაცვლად სკოლის წინ მრავალსართულიან კორპუსს აშენებენ.
სხვათა შორის, არჩევნებზე ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ, კმაყოფილები ვიყავით ამომრჩევლებით და „ოცნების“ გამარჯვებით. დასრულდა არჩევნებიც, მაგრამ „ოცნებამ“ მოგვატყუა!
მოკლედ, ინასარიძეზე, არჩევნების დროს, ბათუმის მერი, ბატონი ლაშა კომახიძე სკვერის აშენებას დაგვპირდა, მაგრამ მოგვატყუა. როცა მოვიკითხე, _ რატომ არ დაიწყეთ სკვერის მოწყობა-მეთქი? გვიპასუხეს, რომ ტენდერს ველოდებით, ვინც გაიმარჯვებს, ის გააკეთებს სკვერსო. მაგრამ ფარულად გაყიდეს სკოლის წინ მიწა, ბავშვების ჯანმრთელობა სულ არ აინტერესებს „ქართულ ოცნებას“. დაავიწყდათ, რომ სკოლის წინ ასწლოვანი ევკალიპტის ხეები იყო, რაც ეკოსისტემისთვის და აქაური მიკროკლიმატისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის და სკოლის ბავშვების ჯანმრთელობისთვის.
პანდემიის დროს შემთხვევით გავიგეთ, რომ სკოლის ის მიწა, სადაც ხეები იყო, გაყიდეს და მრავალსართულიანი კორპუსი უნდა ააშენონ. ჩვენ ეს გავაპროტესტეთ და კორონის მომატებული შემთხვევების პერიოდში ქუჩაში გამოვედით. ეს მთავრობამ გაგვაკეთებინა, კანონი დაგვარღვევინა და ქუჩაში გამოგვიყვნა! ეს დიდი დანაშაულია სახელმწიფოს მხრიდან, უფრო ზუსტად, არშემდგარი სახელმწიფოსგან. მთავრობამ მაინც გადაჭრა ხეები! ე. ი. მას არ ადარდებს მისი ამომრჩევლები. მათთვის მთავარია, ჯიბეები გაისქელონ, ქალაქგარეთ ვილები იყიდონ და ცხოვრება უკეთ მოიწყონ.
აქციებზე გვემუქრებოდნენ კიდეც, რომ ხმა არ ამოგვეღო, მაგრამ მე არ მეშინია ამ ხელისუფლების! ნუ ავიწყდებათ, რომ ოცნების გამარჯვება ჩემი დამსახურებაცაა და ამის მტკიცებულებებიც მაქვს. არ მივცემ ამ ხელისუფლებას სულში ჩაფურთხების უფლებას! თუ უნდათ, გადაგვიარონ, მე მაინც დავიცავ ჩემს უფლებებს, ქვეყნის გარეთ მივაწვდი ჩემს ხმას ყველას და კორპუსს არ ავაშენებინებ.
ძალიან ვნანობ, რომ წინა არჩევნებზე ამათ ვეხმარებოდი, მაგრამ ახლა ვიცი ამ მატყუარების ნამდვილი სახე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ წელს დასრულდეს „ოცნების“ მმართველობა!“

ხვიჩა მამულაძე