დემურ გიორხელიძე: „ბილ გეითსის შექმნილი ვაქცინის გაკეთება არ მინდა!“

რამდენიმე კვირის წინ გაერომ მსოფლიოს ამცნო, რომ დედამიწას ე. წ. ბიბლიური შიმშილობა ემუქრება _ კარანტინმა და რეცესიამ ადამიანების შემოსავლების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ამასთან, ცნობილი გახდა ექსპერტთა გამოთვლები, რომლის თანახმადაც, დღეს მსოფლიოში უკვე 800 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, 135 მილიონი კი შიმშილის კრიტიკულ ზღვარზეა და ეს რიცხვი, მინიმუმ, 130 მილიონით გაიზრდება.

მარტივი ჭეშმარიტებაა _ თუ გაეროს პროგნოზი ახდა, შიმშილისთვის განწირულები ღარიბი და განვითარებადი ქვეყნები არიან. მართალია, ამის შესახებ ოფიციალური პირები არაფერს ამბობენ, უფრო სწორად, გვაიმედებენ, რომ საქართველოში სურსათის დეფიციტი არ შეიქმნება, მაგრამ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყანა ღარიბია. რატომ ვართ ღარიბები? _ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: არ გვაქვს ეკონომიკა, მაგრამ აქვე საინტერესოა, რატომ არ გვაქვს ეკონომიკა ან, სულაც, შეგვიძლია თუ არა, რომ ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რის შემდეგაც თუნდაც სურსათის მხრივ იმპორტზე ნაწილობრივ მაინც არ ვიქნებით დამოკიდებული?
დემურ გიორხელიძე, რომელიც ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში კარგად ერკვევა, „ქრონიკა+“-სთან ამბობს, რომ თუ მთავრობა ეკონომიკურ პოლიტიკას შეცვლის და სოფლის მეურენობის აღორძინების კუთხით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, საქართველომ მოსალოდნელ კრიზსს შესაძლოა, თავი დააღწიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, შემოდგომაზე, განსაკუთრებით კი, ზამთარში მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით!
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს დემურ გიორხელიძესთან:

_ მართალია, ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ საზღვრები პირველ ივლისს გაიხსნებოდა, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ საზღვრების გახსნა „შორეული ოცნებაა“. ბატონო დემურ, ეს ქართულ ეკონომიკაზე როგორ იმოქმედებს და, საერთოდ, ეს გადაწყვეტილება მაშინ, როცა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს საზღვრები გაუხსნა, რას ემსახურება?
_ დაავადების მდგომარეობის თაობაზე სრულად ინფორმირებული არ ვარ, თუმცა იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც მესმის, საგანგაშო სიტუაცია არაა. ამ ფონზე პრევენციის ასეთი მაღალი ხარისხი საჭიროა თუ არა, ამაზე, ალბათ, უფრო მედიკოსებმა უნდა ილაპარაკონ, მაგრამ თუ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ასეთი სიხისტე სარგებლიანი, ცხადია, ვერ იქნება. ისე, თუ საფრთხეებია, მაშინ ეკონომიკა ყველგან ცუდად მიდის და საქართველოშიც ცუდად იქნება, ანუ წელს, ალბათ, მინუს 6 პროცენტზე გავალთ.
საერთოდ, არავინ იცის, ეს ეკონომიკური კრიზისი რით დასრულდება.
_ ამ კრიზისის მომავალი ასეთი ბუნდოვანი რატომაა?
_ ბუნდოვანი იმიტომაა, რომ არავინ იცის სცენარი, მოვლენები როგორ განვითარდება, თუმცა ფაქტია: მთელი მსოფლიო რეცესიაშია და დიდი ეკონომიკების უზარმაზარი ვარდნები იქნება! მოკლედ, გონივრულ პროგნოზსს ვერც სავალუტო ფონდი აკეთებს და ვერც _ მსოფლიო ბანკი, ანუ პროგნოზი შეუძლებელია, რადგან წინ რისკები კი არა, სრული, ასე ვთქვათ, განუსაზღვრელობაა.
_ საქართველოსთვის ამ გაურკვევლობას, ალბათ, ის უფრო ამძაფრებს, რომ ჩვენი ეკონომიკის ღერძი ტურიზმი იყო, არა?
_ დიახ, ეს სტრატეგიული შეცდომა იყო, რომლის გამოც სერიოზულად დავისჯებით და ჩვენი ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ანუ ზღვის სეზონი შესაძლოა, მთლიანად ჩავარდა. არ ვიცი, ხელისუფლება რის იმედზე იყო, მაგრამ ფაქტია, გაზაფხული ისე „გავუშვით“, რომ საკუთარი რესურსის გასაჩენად ბევრი არაფერი გავაკეთეთ.
_ რას გულისხმობთ?
_ თუნდაც იმას, რომ ათასობით და ათი ათასობით ჰექტარი მოუხვნელი დარჩა. აქედან გამომდინარე, სიმართლე რომ გითხრათ, ხელისუფლების ქცევის ლოგიკა არ მესმის.
_ ამასობაში, საქართველოს ინვესტორები ტოვებენ. აი, მაგალითად, „ვიზიარმა“ ოფისი დროებით დახურა. სამაგიეროდ, „აირზენას“ თვეში რამდენიმე რეისის შესრულების უფლება ეძლევა. ყველაფერი ეს იმ „ოპერიდან“ ხომ არაა, რაზედაც ბოლო დროს ხშირად საუბრობენ და რასაც „ჯიგრულ ქართულ კორუფციას“ ეძახიან?
_ შესაძლოა, მცირებიუჯეტიანი კომპანიის გასვლის რამდენიმე მიზეზი არსებობდეს.
_ კერძოდ?
_ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მგზავრთა ნაკადი არაა და ეს მცირებიუჯეტიან კომპანიას, რომელიც ბილეთებზე დიდ შეღავათს აკეთებს, მძიმე მდგომარეობაში აგდებს. წარმოიდგინეთ, უდიდესი ავიაკომპანიები რა დღეში არიან და მცირებიუჯეტიანი კომპანიის მდგომარეობა როგორი იქნება. მოკლედ, „ვიზიარის“ გასვლა არ მიკვირს.
რაც შეეხება ინვესტიციას, სრულიად გაუგებარია, მაშინ, როცა ძლიერი ინვესტიცია არსად კეთდება, საქართველოში ინვესტიციას ვინ ჩადებს?
სხვათა შორის, საფონდო ბირჟებზეც გაურკვეველი ვითარებაა.
_ რატომ?
_ აშშ-ში დიდი სახელისუფლებო ინექციის შემდეგ, საფონდო ბირჟამ თითქოს გარკვეული სტიმული მიიღო და ფასები ზევით ძალიან მკვეთრად წავიდა, მაგრამ ეს საფრთხის შემცველია.
_ ანუ?
_ ვფიქრობ, რომ ბუშტი უფრო იბერება და თუ შემოდგომაზე სიტუაცია ოდანავ მაინც დაიძაბება, გასკდება და ძნელი სათქმელია, ამას რა მოჰყვება.
ამასთან, ჩინეთშიც უკეთეს სიტუაციას _ ერთპროცენტიან ზრდას ელოდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ გამოვა. ევროპაში კი ეკონომიკის ვარდნა მინუს შვიდ-ნახევარი იქნება, აშშ-ში _ მინუს ექვსი. რუსეთშიც მძიმე მდგომარეობაა და ყველაფერი ეს, ბუნებრივია, საქართველოზეც აისახება, უფრო სწორად, უკვე აისახა და იცით, ეს რატომ მოხდა?
_ რატომ?
_ ქართული ეკონომიკა სტრუქტურულად არასწორად იყო აგებული და შესაბამისად, ერთმა შოკმა პარალიზებული გახადა, ანუ ხელისუფლებას ალტერნატივა არ აღმოაჩნდა და ეს სწორედ ეკონომიკური პოლიტიკის შეცდომის შედეგია.
ამის თაობაზე წლებია, მივუთითებ და იმასაც ვამბობ, არ შეიძლება, ხელისუფლება კრიზისულ სიტუაციებს არ თვლიდეს და მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი არ ჰქონდეს-მეთქი.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ საქართველოს თურქეთმაც გაუხსნა საზღვრები, თუმცა ქართული მხარე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პანდემიამდე თურქეთში იყვნენ დასაქმებულნი და ლუკმა-პურის ფულს შოულობდნენ, საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევს. ბატონო დემურ, თქვენი აზრით, ხელისუფლება ასეთი ხისტი რატომაა და ხალხს იმის უფლებას რატომ არ აძლევს, რომ საარსებო მინიმუმი მეზობელ ქვეყანაში იშოვოს?
_ მგონი, ყველაფერი ეს უფრო სხვა რამეს უკავშირდება.
_ რას?
_ შემიძლია, ჩემი ძალიან თამამი მოსაზრება გითხრათ.
_ კი ბატონო, გისმენთ.
_ არ მომწონდა და ძალიან ხისტად ვაკრიტიკებდი, რომ მაღალი დონის პროპაგანდა გასწიეს, დარჩით სახლში და ჩვენ მოგივლითო. ეს, რაღაცნაიარად, ბოლშევიკური ტექსტი იყო.
_ „ბოლშევიკური ტექსტი“ რა შუაშია?
_ საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითების აბსოლუტური შესრულება იყო, ანუ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, პრაქტიკულად, გამოირიცხა.
_ მაშინ, როცა ვირუსი მძვინვარებდა, მსგავსი ნაბიჯები, შესაძლოა, გამართლებული იყო, მაგრამ ახლა, როცა ეპიდვითარება მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ხომ შეიძლება, იგივე თურქეთში საზღვარი გაიხსნას და ადამიანებს დასაქმების საშუალება მიეცეთ?
_ ხელისუფლება თავის საქმიანობას ხისტად აგრძელებს.
სხვათა შორის, ჯანდაცვის მინისტრის ერთი განცხადება არ მომეწონა.
_ რომელი განცხადება?
_ თუ ვაქცინაცია იქნება, ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვიქნებითო.
_ ამ განცხადებაში მიუღებელი რა არის?
_ რამდენიმე სახელმწიფო, მათ შორის, შვედეთი, ნაწილობრივ ჰოლანდია, ბელარუსი და კიდევ ერთი-ორი ქვეყანა ყველაფერ ამას შეეწინააღმდეგა და ე. წ. ჯოგურ იმუნიტეტზე საუბრობს. ეს სწორია თუ არა, მედიკოსებმა უნდა თქვან, თუმცა ახლა უკვე ბევრი ხვდება, რომ პანდემიის დასაწყისში შვედეთის მიერ გადადგმული გაურკვეველი ნაბიჯები შესაძლოა, სწორი აღმოჩნდეს, ანუ ამ ქვეყანამ ეკონომიკა არ ჩაკეტა.
საერთოდ. ის, რაც მოსახდენია, მაინც ხდება და როგორც აღმოჩნდა, ეს ისეთი ვირუსია, რომელზეც იზოლაცია მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ ახდენს და ადამიანების უდიდესი ნაწილი ისევე მოიხდის მას, როგორც, მაგალითად, გრიპს, თუმცა არავინ იცის, ყველაფერი ეს ადამიანში რა კვალს დატოვებს.
მოკლედ, წმინდა სამედიცინო კუთხით ბევრი რამ გაუგებარია.
ისე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან, სიმართლე გითხრათ, ჩემი თაობის ადამიანებს, თუ რაიმე ვაქცინა არსებობს, ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, მაგრამ აქ ერთი მომენტია.
_ ანუ?
_ პირადად მე ბილ გეითსის შექმნილი ვაქცინის გაკეთება არ მინდა. მირჩევნია, ჩემმა სახელმწიფომ ისეთი რამ გამიკეთოს, რომლის სანდოობაში დამარწმუნებს.
სხვათა შორის, საქართველოში ბრიყვებიც არ გამოილია, რომლებსაც სჯერათ, რომ ბილ გეითსი თითქოს ფილანთროპია და ქველმოქმედებას ეწევა. როცა ასე პრიმიტიულად ფიქრობენ, საფრთხე კიდევ უფრო მეტია.
_ ბილ გეითსის თემა ერთგვარად კონსპირაციულ თეორიას ჰგავს და ამ კუთხით საუბრის გაგრძელებას სჯობს, ისევ ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ, ანუ ბატონო დემურ, თქვენი აზრით, უახლოეს მომავალში ქვეყანა რომელმა დიდმა ინვესტორმა შეიძლება დატოვოს?
_ დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობა, პრაქტიკულად, არაა და სიმართლე გითხრათ, საქართველოში დიდ ინვესტორებსაც ვერ ვხედავ. საერთოდ, ის ინვესტიციები, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, დიდი არასოდეს იყო. ყოველ შემთხვევაში, საქართველოში დიდი საინვესტიციო კომპანია არ შემოსულა.
ერთი სიტყვით, ინვესტიციები მწირია, თუმცა, ჩემი აზრით, გაცილებით საშიში ინვესტორის წასვლა კი არა, ისაა, რომ ხელისუფლება საკუთარი რესურსების მობილიზებისთვის ნაბიჯებს არ დგამს. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ წინ დიდი პრობლემები გველოდება.
_ ხელისუფლებამ, მაინც, რა უნდა გააკეთოს?
_ როცა ხედავ, რომ პრობლემები გარდაუვალია, მაშინ სოფლის მეურნეობის, ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის სტიმულირება უნდა მოახდინო. თუ ყველაფერ ამას გააკეთებ, მაშინ იმპორტზე დამოკიდებული აღარ იქნები და იგივე ბოსტნეულსა თუ ვაშლს საზღვარგარეთიდან აღარ შემოიტან. ყველაფერი ეს ხომ მარაზმამდე მიდის?!
ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! მსოფლიოში ყველაფერი იცვლება. ერთადერთი, საქართველოში შეხედულებათა სისტემა არ იცვლება!
_ ბატონო დემურ, სოფლის მეურნეობის აღორძინება გრძელვადიანი პერსპექტივაა, ჩვენ კი მიკროგეგმა გვჭირდება, რომ თუნდაც შემოდგომაზე შიმშილის პირას არ აღმოვჩნდეთ!
_ ასე არაა.
_ აბა, როგორაა?
_ სოფლის მეურნეობა შედეგს რამდენიმე თვეში იძლევა. ამასთან, მას სხვა დანიშნულებაც აქვს.
_ მაინც, რა „სხვა დანიშნულებას“ გულისხმობთ?
_ სოფელი სხვა სფეროებისთვის, ასე ვთქვათ, გამშვები მექანიზმია, მაგრამ აქაც პრობლემა შეხედულებების სისტემაა, ანუ ადგილობრივ წარმოებაზე აქცენტი ნაკლებად კეთდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკა მთელ მსოფლიოში გაუარესდება, ცხადია, საქართველოშიც გაუარესდება. ყველას ამის ეშინია და გეკითხებით, ჩვენ რისი იმედი გვაქვს? უკვე ივლისია და თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვირუსის მხრივ მძიმე სიტუაციაა, ხალხს აგვისტოშიც ვერ შემოვუშვებთ. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება, ვინმე კიდევ ტურიზმს ახსენებდეს? ტურიზმი კი არა, ალტერნატივების მოძებნაა საჭირო!
მოკლედ, მთელი მსოფლიო პრობლემების წინაშეა, საქართველოში კი არხეინი განწყობაა!
_ ვთქვათ, ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობას ყურადღება მიაქცია…
_ ამით, მინიმუმ, საჭმელი მაინც გვექნება და საზღვარგარეთიდან აღარ შემოვიტანთ. საერთოდ, საქართველოში კარგი რესურსია საიმისოდ, რომ ადამიანებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტები, მინიმუმ, საკუთარი მოხმარებისთვის მოიყვანონ. ჯერ სოფელთან კავშირი ბოლომდე გაწყვეტილი არ არის, მაგრამ პანდემიის დროს ხომ გახსოვთ, რა გავაკეთეთ?
_ რა?
_ ორი კვირით ავტომანქანით მოძრაობა ავკრძალეთ და ეს მაშინ, როცა აგროვადები იწურებოდა და ფერმერებს მხოლოდ რამდენიმე დღეღა რჩებოდათ, რომ საკუთარ ნაკვეთებამდე მისულიყვნენ!
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს რომელ სტრატეგიაში ეწერება. ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველოში მიღებულ გადაწყვეტილებებთან მიმართებით გაუგებრობა უფრო მეტია, ვიდრე _ გააზრებული ნაბიჯები!
ადამიანები უჭკუოები არ არიან, რომ ვერ მიხვდნენ, ესა თუ ის გადაწყვეტილება რატომ მიიღება, მაგრამ პირადად მე ვერ ვხსნი, ზოგიერთი გადაწყვეტილება რამ განაპირობა.
_ ერთი სიტყვით, ბატონო დემურ, ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ გამორიცხავთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში სურსათის დეფიციტი გაჩნდეს?
_ ამის საფრთხე მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში არსებობს და გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სპეციალურმა ორგანიზაციამ პირდაპირ განაცხადა, _ წელს, უფრო ზამთრისკენ, ბიბლიური მასშტაბის შიმშილია მოსალოდნელიო.
აღმოსავლეთ რაიონებში კლიმატი უარესდება, ბევრგან კი მწერების შესევაა, რაც მოსავალს ანადგურებს. შესაბამისად, პროდუქტებზე დეფიციტი უკვე გაჩენილია და თუ შემოდგომაზე მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება კიდევ გაუარესდა, მდგომარეობა უფრო დამძიმდება.
ამიტომ რაღაც რეზერვები და მანევრების საშუალება უნდა გვქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავ და ისევ ტურისტების იმედი გვაქვს, თუმცა წელს ტურისტული სეზონი არ იქნება და ვერ გავიგე, ვის ატყუებთ?! თუნდაც სექტემბერში ვინმე რომ ჩამოვიდეს, ამით რა ხეირი?
სხვათა შორის, ბიზნესებიც იხურება და ეს იმას ნიშნავს, რომ ე. წ. გადარჩენის პოლიტიკა სიტუაციის ადეკვატური არ იყო. მართალია, იმას ვერ გავაკეთებდით, რაც ევროპამ და, განსაკუთრებით, აშშ-მ გააკეთა, მაგრამ „გადარჩენის პოლიტიკა“ უსუსტესი გვქონდა!
_ „გადარჩენის პოლიტიკის“ გაძლიერება ახლა გვიანია?
_ არა. სხვათა შორს, არც ის მომწონს, რომ მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრობს.
_ რატომ არ მოგწონთ?
_ როგორ შეიძლება, კრიზისის საბოლოო შედეგი არ იცოდე და ანტიკრიზისულ გეგმას სახავდე? ეს არასერიოზულია!
საუბარი ისევ გადარჩენაზეა და ამიტომ მთავრობა ანტიკრიზისულ კი არა, გადარჩენის გეგმაზე უნდა ფიქრობდეს!
როცა ბოლოში გავალთ, ანუ კრიზისი დასრულდება, მერე გვეცოდინება, სად ვართ, მსოფლიო რა მდგომარეობაშია და ანტიკრიზისული გეგმაც მაშინ უნდა შევადგინოთ!
დღეს კი ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბარი მაშინებს, რადგან ასეთი გეგმის გაკეთება ახლა, უბრალოდ, შეუძლებელია, რადგან, როგორც გითხარით, გაუარესებები წინ გველის!
_ ისე, ბატონო დემურ, თუ 2008 წელს არ გავითვალისწინებთ, ასეთი ეკონომიკური კრიზისის წინაშე მსოფლიო კიდევ როდის იდგა?
_ ბოლო 80 წლის განმავლობაში, როგორც ამბობენ, ეს ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისია, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია და მთავარი გართულებები მსოფლიოს წინ ელოდება!
ყველაფერი ეს კი განსაკუთრებით სუსტი ქვეყნებისთვის იქნება მძიმე. ახლა მთავარია, სიტუაცია კიდევ რომ არ დაიძაბოს, აშშ-ში შემოდგომამ ექსცესების გარეშე ჩაიაროს, ანუ არჩევნები წარმატებით დასრულდეს და დღევანდელი ხელისუფლება კვლავ აირჩიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არაა, რომ ბევრი რამ კიდევ უფრო ნეგატიურად განვითარდეს, მათ შორის, პოლიტიკის კუთხით.
საერთოდ, თუ დოლარს პრობლემები კიდევ გაუჩნდა, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება!
_ რატომ?
_ სრულიად გაუგონარი და მახინჯი პოლიტიკის შედეგად, ათწლეულებია, ქვეყანა საკუთარი ფულის გარეშე დავტოვეთ, ანუ ჩვენს მწირ ეკონომიკაში საკუთარი ფული მაქსიმუმ, 18-20 პროცენტია, დანარჩენი კი დოლარი და ევროა. ჰოდა, თუ დოლარს პრობლემები გაუჩნდა, აი, საქართველოს პრობლემები მაშინ ნახეთ!
_ ე. ი., უკეთესი მომავლის იმედი არ უნდა გვქონდეს, ბატონო დემურ?
_ ერთადერთი კარგი ის იქნება, რომ მსოფლიოში სიტუაცია არ გაუარესდეს, თორემ ჩვენი საშინაო პოლიტიკა არ ვარგა და ამით არაფერი გამოვა!
ერთადერთი ხსნა ისაა, რომ არავის დაქცევა არ გვაწყობს. მთავარია, კრიზისიდან ყველა გამოვიდეს და ეს საქართველოსთვის კარგი იქნება, მაგრამ თუ დიდ ქვეყნებში ვითარება პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო დაძაბა, მაშინ ჩვენ ყველაზე ცუდისთვის უნდა მოვემზადოთ!
_ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მთავარია, ამ რთულ ვითარებაშიც ოპტიმიზმი არ დავკარგოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

გიორგი აბაშიძე