ლაშა ტორაძე: „სცენაზე თუ არ მოკვდი, ცეკვა უნდა გააგრძელო“

7 წლიდან სცენაზე დგას, ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე ჰქონდა და ცეკვაც ოჯახურმა ტრადიციამ გადააწყვეტინა. ამბობს, რომ საქმე, რომელსაც ის დღემდე ერთგულებითა და დიდი მონდომებით ემსახურება, ყველაზე მეტად უყვარს.

მის ცხოვრებას თან სდევდა ბევრი გამარჯვება, წარმატება, მხურვალე აპლოდისმენტები, სიყვარული, ოვაციები, გასტროლები, კონცერტები, მაგრამ ერთმა საბედისწერო შემთხვევამ სრულიად თავდაყირა დააყენა ლაშა ტორაძის ცხოვრება და კარიერა _ მან „სუხიშვილების“ 60 წლის საიუბილეო კონცერტზე ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.
„ქრონიკა+“-სთან საუბრისას მოცეკვავე ყველა იმ დეტალს იხსნებს, რაც იმ დღეს ფილარმონიის სცენაზე დატრიალდა. გული წყდება ერთ რამეზე _ ნინო სუხიშვილმა მას მეორე შანსი არ მისცა და იგი ანსამბლში აღარ დააბრუნა.
„ყველა ქართველ ვაჟკაცს მთელი ცხოვრების მანძილზე ჩოხა ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს მორგებული“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს დღევანდელმა რესპონდენტმა, მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ლაშა ტორაძემ და ინტერვიუც ასე დავიწყეთ:

_ ხელოვანთა ოჯახში გავიზარდე. ბიძაჩემი გახლავთ საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის პრეზიდენტ რეზო ჭანიშვილის მოადგილე, ანსამბლები ჰყავს. დიდი ხანია, ქორეოგრაფად მოღვაწეობს და მეც მის კვალს მივყვები. ჩემი ბიძაშვილებიც ქორეოგრაფები არიან, ყველას გვიყვარს ხელოვნება.
_ ე. ი. ოჯახურ ტრადიციას გაჰყევით?
_ დიახ. ცეკვის მიმართ სიყვარული ოჯახურმა ტრადიციამ განაპირობა, ხელოვნების მიმართ თაყვანისცემა კი ბავშვობიდან მქონდა. ვწერდი ლექსებს, მოთხრობებს, როცა გავიზარდე, სცენარების წერა დავიწყე. დაახლოებით 100-ზე მეტი ლექსი მაქვს დაწერი.
_ თქვენი პირველი ნაბიჯები წყალტუბოს უკავშირდება?
_ რა თქმა უნდა. წყალტუბოში ანსამბლში ვცეკვავდი, ილიკო სუხიშვილის სახელობის სტუდიაში. იქ ბიძაჩემი ასწავლიდა, თუმცა, მოგვიანებით, თბილისში რკინიგზელთა კულტურის სახლში გადავიდა ანსამბლ „სხივში“ ასწავლიდა. მერე მეც გადმოვედი თბილისში და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქორეოგრაფიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, უჩა დვალიშვილის ჯგუფში. დამდგმელი ქორეოგრაფის სტატუსი მაქვს. ბიძაჩემთან ასისტენტად ვმუშაობდი, პარალელურად ვცევავდი ძალიან ბევრ ანსამბლში. სწავლის პერიოდში, დაახლოებით, მესამე კურსზე ვიყავი, როცა „სუხიშვილებმა“ მიმიღეს.
_ „სუხიშვილებში“ როგორ მოხვდით?
_ ჩვეულებრივად: ბიძაჩემს ნათქვამი ჰქონდა… მიღება იყო. მივედი ილიკო სუხიშვილთან, გამსინჯეს და მიმიღეს. იქ თუ არ ივარჯიშე, იშრომე და არ მიჰყევი ანსამბლის რიტმს, 3-4 წელი იჯდები სკამზე და დაელოდები შენს რიგს. იქ ძალიან ბევრი უნდა იმუშაო.
_ თქვენ მოგიწიათ ე. წ. რიგი?
_ არა. მე მალევე მთელი პროგრამა ვიცეკვე. 7 თვის მისული ვიქნებოდი, როცა „სუხიშვილების“ ვარსკვლავის გახსნაზე ვიცეკვე და პროგრამაში მთლიანად ვიყავი. ძალიან ბევრი კონცერტი მაქვს ნაცეკვი, ბუში როცა ჩამოვიდა, ჩვენ დავხვდით, მერე სოლო კონცერტები გვქონდა, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 კონცერტი ჩავატარეთ.
_ რას იტყვით თავად ილიკოსა და ნინოზე? ამბობენ, რომ მათთან მუშაობა რთულია. ეს მართალია?
_ არანაირიად არ არის რთული. ილიკო ჯიგარია. პირიქით, როცა დაინახავს, რომ ნებისმიერი მოცეკვავე შრომობს, ძალიან უხარია. ნინოა ცოტა რთული.
_ რა განსხვავებაა ნინოსა და ილიკოს შორის?
_ ხასიათებით განსხვავდებიან. ორივე მომთხოვნია, თუმცა ნინო რადიკალურად განსხვავებულია ილიკოსგან.
_ რამდენი წელი ცეკვავდით „სუხიშვილებში“?
_ დაახლოებით, ორი წელი.
_ ორი წელი აქტიურად ცეკვავდით, მონაწილეობა გაქვთ მიღებული ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში და ერთ-ერთი კონცერტი თქვენთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მოგვიყევით იმ უბედური შემთხვევის შესახებ, რამაც თქვენი სცენიდან და ანსამბლიდან წამოსვლა განაპირობა.
_ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, „სუხიშვილების“ 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 10 კონცერტი გვქონდა, ყველა ანშალგით. პირველი კონცერტი გახურების იყო, მეორე კონცერტი ძალიან მაგრად წავიდა, იმდენად მაგრად, რომ ბატონი თენგიზ სუხიშვილი გახარებული ამოვიდა სცენაზე და ყველას მოგვეფერა და მესამე კონცერტი იყო, როდესაც ფარიკაობის დროს, დიდი გახურებული ნატეხი მოტყდა ხმალს და პირდაპირ თვალში შემივარდა, ჩაჭრა და მთლიანი თვალი ამოწვა. იქ პანიკასა და გულის წასვლებს ხომ ვერ დავიწყებდი, მაქსიმალურად გავუძელი და კულისებამდე მივედი.
_ ასეთ მდგომარეობაში გააგრძელეთ ცეკვა?
_ რა თქმა უნდა. სცენაზე თუ არ მოკვდი, უნდა გააგრძელო ცეკვა. ხელ-ფეხიც რომ მოჭრილი გქონდეს, სცენიდან არ უნდა გახვიდე.
_ ეს პროფესიონალიზმზე მეტყველებს, მაგრამ თქვენ რომ დროულად გასულიყავით სცენიდან და დახმარება აღმოეჩინათ თქვენთვის, თვალს მაინც დაკარგავდით?
_ იმ გახურებულმა ნატეხმა თვალი რომ ამოწვა, გინდ იმ წამს გასულიყავი და გინდ _ მერე, მნიშვნელობა არ ჰქონდა. სითხე დაიღვარა და თვალი ამოიწვა.
_ რა შეგრძნება გქონდათ მაგ დროს, გააანალიზეთ მომხდარი?
_ როცა თვალი დავკარგე მივხვდი, მაგრამ იმედი მქონდა, მაინც აღმიდგებოდა მხედველობა. იმაზე უფრო მეტი აქცენტი მქონდა გადატანილი, რომ ცეკვა დამესრულებინა და ნორმალურად გავსულიყავი სცენიდან. მაყურებლის ნაწილმა შემატყო, თუმცა ბევრი ვერ მიხვდა, რა შემემთხვა.
_ გახვედით კულისებში და შემდეგ რა ხდება?
_ კონცერტის ჩაშლა გამორიცხული იყო, ჩემი პარტიების შესრულება სხვებს მოუწიათ და ძალიან რთულია ასე უცებ დალაგებული პროგრამა, აშალო-დაშალო-გადააწყო წამებში, მაგრამ ეს ხომ „სუხიშვილებია“! _ ილიკომ ყველაფერი მოასწრო და ცეკვები ბოლომდე მიიყვანეს. სასწრაფოდ წამიყვანეს და თვალის ოპერაცია გამიკეთეს. რამდენიმე თვე ვიწექი საავადმყოფოში, ძალიან რთულ ფორმაში მქონდა თვალი და 8 ოპერაცია დამჭირდა. მესამე ოპერაციის შემდეგ რაღაც ლანდები დავინახე, თუმცა მერე უკვე ვეღარ. გული მწყდება, რომ ანსამბლს უნდა გადავეფრინე საზღვარგარეთ და იქ გაეკეთებინათ თვალის ოპერაცია.
_ ანსამბლმა ყურადღება არ მოგაქციათ?
_ როგორ არ მომაქცია _ ილიკო და ბიჭები მთელი ღამე საავადმყოფოში იყვნენ, მოგვიანებით, ბატონი თენგიზი მოვიდა. ორი ოპერაციის თანხა ანსამბლმა გადამიხადა, რადგან საწარმო ტრავმა მივიღე, მესამე ოპერაციაზე კი მოცეკვავეებმა ამიკრიბეს თანხა და გადამიხადეს, დანარჩენი ჩვენი ხარჯებით მოგვიწია ოპერაცია და მკურნალობის ჩატარება. სერიოზულად რომ მიეხედათ ამ თვალზე, დიდი ალბათობით, დავინახავდი.
_ ლაშა, რა განცდა დაგეუფლა მას შემდეგ, რაც გააანალიზე, რომ ცალი თვალიდან ვეღარ დაინახავდი და, შესაბამისად, იმ ანსამბლიდან წამოსვლა მოგიწევდა, სადაც მოხვედრა ყველა მოცეკვავის ოცნებაა. დეპრესიამ ხომ არ შეგიპყრო?
_ მსურდა, თუმცა აღარ გამაგრძელებინეს. როცა ანსამბლში დავბრუნდი, სხვებისთვის მინდოდა, მაგალითი მიმეცა _ ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, უფრო მეტი შემართებით გინდა, რომ დაიწყო და გააკეთო შენი საყვარელი საქმე, დაუმტკიცო მაყურებელს, რომ სცენაზე მეორედ დაბრუნება ომში გამარჯვებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ მწყდება გული, რადგან ცეკვის გაგრძელების საშუალება ილიკომ მომცა და ნინომ _ არა. ორი დღე იქით გახედვაც არ მინდოდა. მაგ თვალით ვერ გაცეკვებო, რომ გეტყვის ადამიანი, ეს ჩემთვის დიდი დარტყმაა. ვფიქრობ, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელსა და ორგანიზატორ ნინო სუხიშვილს სხვა ფორმით უნდა ეთქვა ჩემთვის, რომ მე ანსამბლში ვეღარ გავაგრძელებდი ცეკვას. უხეშად გამომიშვა.
_ ანუ მეტი დიპლომატიურობა უნდა გამოეჩინა?
_ უკეთესი იქნებოდა და ნელ-ნელა მეც მივხვდებოდი, რომ ანსამბლიდან უნდა წამოვსულიყავი ან თავად დაინახავდნენ, შევძლებდი თუ ვერა ცეკვას.
_ მართალია, ცეკვა „სუხიშვილებში“ ვერ გააგრძელეთ, მაგრამ თქვენ ხართ ძალიან ბევრი წარმატებული ანსამბლის ქორეოგრაფი.
_ დიახ. ნელ-ნელა, მაგრამ დიდი შემართებით მივხედე ჩემს საყვარელ საქმეს და დღესდღეობით მყავს ხუთი ანსამბლი, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფით. არ ვტრაბახობ, მაგრამ ამდენი ანსამბლი საქართველოში არავის ჰყავს. ბავშვებიც და მშობლებიც გემრიელად მომყვებიან, რაც ძალიან მახარებს.
_ რა ჰქვია თქვენს ანსამბლებს?
_ „პრომეთე“, „თაობა“, „ლაშქარი“, „ჩოხი“ და „მთისა“.
_ არ გიჭირთ ამდენი ანსამბლის ხელმძღვანელობა?
_ ისე მაქვს საქმე დალაგებული, რომ ყველაფერს კარგად ვუმკლავდები.
_ კარანტინის პერიოდი რამდენად რთულად აისახა თქვენზე? საკმაოდ მძიმედ იმოქმედებდა ფინანსური თვალსაზრისით.
_ ზოგადად, ყველაზე ცუდად აისახა, მაგრამ განსაკუთრებით დავზარალდით ხელოვანი ხალხი _ მოცეკვავეები, ქორეოგრაფები, სტუდიები, მომღერლები და ა. შ. ეს ბიზნესი არაა, რომ ფული ითვალო და მოგებაზე იმუშაო, ეს ხელოვნებაა და შემოსავალიც იმდენი გაქვს, რომ იარსებო. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ხელოვნებისთვის და, ზოგადად, კულტურის სფეროსთვის არ სცალია. ხელოვნება ასე მისაგდები საქმე არაა, რადგან სწორედ ხელოვნებაა ის, რითაც ვამაყობთ მსოფლიოს მასშტაბით და ეს სფერო აუცილებლად ყურადღება მისაქცევია.

გიორგი საკარული