გიორგი ვაშაძე: „რაც არ უნდა გადადოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები, მისი გამარჯვების შანსი ყველა შემთხვევაში ძალიან დაბალია“

ოპოზიციურმა ერთობამ, როგორც იქნა, თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. სამგორში „ნაციონალი“ ლევან ხაბეიშვილი იყრის კენჭს, გლდანში _ მისი თანაპარტიელი ნიკა მელია. „ევროპული საქართველოდან“ შალვა შავგულიძე მთაწმინდაზე მოსინჯავს ძალებს, მისი თანამებრძოლი ელენე ხოშტარია _ ვაკეში. „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ისნის მოსაგებად იბრძოლებს, ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი _ ნაძალადევის.

მმართველი პარტიის მოლოდინი არ გამართლდა, მაჟორიტარების შერჩევის გამო ოპოზიციაში განხეთქილება არ მომხდარა. პატარა წყენები კი იყო, მაგრამ ამის დაძლევა მოახერხეს. ფიქრობენ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია. იმედი აქვთ, ხელისუფლების კანდიდატებს პირველივე ტურში დაამარცხებენ. „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციური ერთობის კანდიდატებზე ირონიულად საუბრობენ. პარლამენტის ყოფილი სპიკერი ირაკლი კობახიძე, რომელიც პარტიაში განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა, აცხადებს, რომ გამარჯვება გაუმარტივდებათ. მისი თქმით, ყველა ის კანდიდატი, რომელიც ოპოზიციამ თბილისში დაასახელა, იმიჯშელახულია.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძეს მორალური უფლება არ გააჩნია, სხვის შელახულ იმიჯზე ილაპარაკოს, რადგან ის „გავრილოვის ღამის“ ერთ-ერთი ავტორია. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია არჩევნებში წარმატებას მოიპოვებს. მისი თქმით, ოპოზიციონერების არჩევა ნიშნავს პროგრესსა და აღმშენებლობას. იმ შემთხვევაში, თუ კვლავ „ოცნება“ გაიმარჯვებს, ხელისუფლების წევრები გამდიდრებას გააგრძელებენ, ხალხი კი გაღარიბდება.

რა ნიშნით შეარჩიეს მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში? რა გეგმები აქვს ვაშაძეს ისნის ოლქში, სადაც მეორედ იყრის მაჟორიტარად კენჭს? რაზე არ უნდა ლაპარაკობდეს „ოცნება“? გაბედავს თუ არა მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს? _ ამის შესახებ გიორგი ვაშაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ საზოგადოება დიდი ხნის მანძილზე ელოდა, თუ როდის დაასახელებდა ოპოზიცია ერთიან კანდიდატებს. წარმოდგენილი კანდიდატები ბევრმა მოიწონა, ბევრსაც იმედი გაუცრუვდა. თქვენ რას იტყვით, საუკეთესოები შეარჩიეთ? რა შანსები აქვთ ოპოზიციის კანდიდატებს და საკუთარ შანსებს როგორ აფასებთ? რატომ უნდა მოგცეთ ხმა ისნის მოსახლეობამ კონკრეტულად თქვენ?
_ დავიწყოთ იმით, რომ კომპრომისები და ერთიანობა უალტერნატივოა. რაც უფრო მეტი პარტია, ჯგუფი ჩაერთვება ამ შეთანხმებებში, შედეგიც შესაბამისი გვექნება, რაც ნათლად აჩვენა მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესმა.
იდეალური არაფერია ბუნებაში, მესმის, რომ ყველასთვის მოსაწონი კანდიდატები არ არსებობს, მაგრამ თუ ობიექტურად შევხედავთ დასახელებულ კანდიდატებს, ნამდვილად გაგვიჭირდება იმავე ოლქებში უფრო სანდო და კონკურენტუნარიანების პოვნა.
რაც შეეხება ისანში ჩემს დასახელებას, ჩემთვის ეს ოლქი უცხო არ არის. 2012 წლიდან მოვლილი მაქვს თითქმის ყველა ქუჩა და უბანი, გვაქვს კონკრეტული ხედვა ისანში მცხოვრები მოქალაქეებისთვის რეალური შეთავაზებების სახით, რაც მათ ორი არჩევანის წინაშე დააყენებს: ან აირჩევენ განვითარების შესაძლებლობას, უფრო მეტ შემოსავალს, ან _ „ქართული ოცნების“ „ძველ სისტემას“, სადაც ადამიანები ღარიბდებიან, „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები კი არჩევნებიდან არჩევნებამდე მდიდრდებიან.
შესაბამისად, მე მჯერა იმის, რომ არა მარტო ისანში გააკეთებენ სწორ არჩევანს, არამედ საქართვლოშიც ბევრი ადამიანია, ვინც არჩევანს გააკეთებს აღმშენებლობის, განვითარებისა და პროგრესის სასარგებლოდ.
_ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებს იმიჯშელახულებს უწოდებს და აცხადებს, რომ მათ ამ კანდიდატებისთვის მოგება გაუადვილდებათ. რატომ არის ასეთი თავდაჯერებული კობახიძე?
_ ირაკლი კობახიძის ადგილზე ნამდვილად არ ვისაუბრებდი ვინმეს შელახულ იმიჯზე, რადგან სწორედ კობახიძეა ის ადამიანი, რომელსაც გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ საზოგადოების მოთხოვნით მოუწია თანამდებობის დატოვება. შესაბამისად, სხვის შელახულ იმიჯზე საუბარი გავრილოვის სისხლიანი ღამის ავტორებისგან, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს, პოლიტიკური უგუნურობა და უტიფრობა მგონია.
_ გასული კვირის ყველა თემა გიორგი გაბუნიას ამბავმა გადაფარა. ვიგებთ, რომ რამზან კადიროვმა შეუკვეთა მისი მკვლელობა. ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ეს დანაშაული ოპოზიციის მიერ იყო დაგეგმილი, რადგან მათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურთ. კონგრესმენები და სენატორები რომ „ნაციონალების“ ჭკუაზე დადიოდნენ, ამ ამბავს შევეგუეთ, მაგრამ კადიროვიც თუ მათი ხელის ბიჭი იყო, არ გვეგონა.
_ ხელისუფლების უგუნურობასა და უტიფრობას რომ საზღვარი არ აქვს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ვნახეთ ისიც, რომ ერთი წლის წინ გავრილოვი გამოგვიცხადეს საქართველოს მეგობარ ღრმად მორწმუნე მართლმადიდებლად. რამდენიმე დღის წინ კადიროვი გამოაცხადეს დიდ ქველმოქმედად, რომელმაც „დამშეული“ ცხინვალი დააპურა; ამერიკელ კონგრესმენებს, სენატორებსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს კი სხვადასხვა ნეგატიურ კონტექსტში იხსენიებენ. მგონი, ყველაფერი მარტივია. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ გამოხატავს ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობის ინტერესებს და არის საფრთხის შემცველი თავისუფლებისთვის და ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი განვითარების გზაზე.
_ „ქართული ოცნება“ უარს აცხადებს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას განთავისუფლებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მას არ გაათავისუფლებენ, ოპოზიცია უარს ამბობს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე. თქვენი აზრით, უმრავლესობა ხომ არ ჩააგდებს ამ ცვლილებებს და შემდეგ ყველაფერს თქვენ დაგაბრალებთ? უკვე გამოჟონა ინფორმაციამ, რომ „ოცნება“ ცვლილებების ჩასაგდებად ემზადება. მართალია, პირველი მოსმენით მიიღეს, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენაზე შეიძლება, ყველაფერი მოხდეს.
_ საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკეთესი და შედარებით სამართლიანი საარჩევნო სისტემის გზაზე. ახლა მთავარია პროცესის ბოლომდე მიყვანა. განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ ერთიანობა, თუნდაც თემატური, უალტერნატივოა. პირველი მოსმენით მიღება ყველას საერთო წარმატებაა!
_ მმართველი პარტიის რამდენიმე ლიდერი არჩევნების თარიღის გადატანაზე ალაპარაკდა. ექიმებზე დაყრდნობით ისინი ამბობენ, რომ შემოდგომაზე მეორე ტალღა თუ იქნა, არჩევნების გადატანა მოუწევთ. თქვენი აზრით, გადაიტანენ არჩევნებს და გამოიყენებენ კორონას კიდევ ერთხელ საკუთარი მიზნებისთვის?
_ ბიძინა ივანიშვილისგან გამორიცხული არაფერია, რთულია მისი ნაბიჯების პროგნოზირება, მისი არაადეკვატურობიდან გამომდინარე, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: რაც არ უნდა გადადოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები, მისი გამარჯვების შანსი ყველა შემთხვევაში ძალიან დაბალია. არა იმიტომ, რომ მე ასე მსურს, არამედ იმიტომ, რომ რეალურად არსებობს ორი არჩევანი: აღმშენებლობა, თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი საქართველო _ თუ ბიძინა ივანიშვილის უპერსპექტივო, დაჭაობებული სისტემა, სადაც ხალხი ღარიბდება და ჩინოვნიკები მდიდრდებიან.
მე იმას ვამბობ, რომ აღმშენებლობა, თავისუფლება, განვითარება უალტერნატივოა!
საქართველო გაიმარჯვებს! ძალა ერთობაშია!

შორენა მარსაგიშვილი