გახარია და კალაძე მაჟორიტარობის კანდიდატების გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ მედია დაასპოილერა _ ოპოზიციაში მაჟორიტარობის შერჩევის გამო მალე ისეთი ამბები ატყდება, ყველანი გავერთობითო. მაშინ ის, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ, სულ რაღაც, ორ კვირაში თავად გაეხვეოდა შარში მაჟორიტარული კანდიდატის შერჩევის გამო.

თუ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით დაამტკიცა, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება. 30 მაჟორიტარი ასე გადანაწილდება: 8-ს თბილისი აირჩევს, 12-ს _ დასავლეთ საქართველო, აღმოსავლეთ საქართველოს კი 10 ოლქი განუსაზღვრეს.
მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა ძალიან გაუჭირდა „ქართულ ოცნებას“. ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე კანდიდატია შერჩეული და საბოლოო გადაწყვეტილება არც მათთან მიმართებით მიუღიათ. არაა გამორიცხული, ისინიც შეცვალონ. სწორედ ერთ-ერთი კანდიდატურის შეცვლა მოსთხოვეს კახა კალაძეს. დედაქალაქის მერი შეთავსებით „ოცნების“ ლიდერიცაა და რამდენიმე მაჟორიტარის კვოტა ეკუთვნის. მას ადგილები საარჩევნო სიაშიც აქვს გამოყოფილი.
მმართველი პარტიიდან გამოსული ინფორმაციით, მთაწმინდაზე დავით კირკიტაძე იყრის კენჭს. ეს დავით კირკიტაძე „ნაცებისა“ არ გეგონოთ, გაქანებული „მეოცნებეა“ და ამ დროისთვის მთაწმინდის გამგებელია.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, სამეგრელოს მხოლოდ სამი მაჟორიტარული ოლქი შეხვდა.
ზუგდიდში პრემიერის მრჩეველ ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურაა შერჩეული. ჩიქოვანმა გასულ წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა. მას ამის პირობა მეუფე გერასიმემ მისცა.
გასულ წელს ზუგდიდის მერის ვადამდელი არჩევნები ჩატარდა. მერობის კანდიდატის შესარჩევად „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი იწვალა. სხვებთან ერთად ჩიქოვანის კანდიდატურაც განიხილებოდა. მას მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია ლობირებდა. დიდი მცდელობის მიუხედავად, გახარიამ თავისი კანდიდატურის დაყენება ვერ მოახერხა. ამის გამო ისიც გაბრაზებული იყო, განაწყენდა ჩიქოვანიც. მაშინ მას შეხვდა მეუფე გერასიმე.
შეხვედრა ზუგდიდის ეპარქიის ერთ-ერთ მონასტერში შედგა. ამ შეხვედრიდან გამოსულებმა ფოტოც გადაიღეს. შეხვედრას გახარიას ერთ-ერთი მოადგილე კაკავაც ესწრებოდა. მეუფე გერასიმემ ჩიქოვანს პირობა მისცა, რომ ყველაფრით დაეხმარებოდა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ოცნებას“ მისი კანდიდატურა წარედგინა. დაეხმარა თუ არა მეუფე გერასიმე ჩიქოვანს უცნობია, ფაქტია ისაა, რომ მისი კანდიდატურა ზუგდიდის მაჟორიტარად განიხილება. ის პრემიერ გახარიას კადრად მიიჩნევა.
ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნება“ ირაკლი ხახუბიას კანდიდატურას წარადგენს. ხახუბია ამჟამად ფოთის მაჟორიტარი დეპუტატია. როგორც ამბობენ, თავის დროზე, მას ეკა ბესელიამ გაუწია რეკომენდაცია და მისი რჩევით წარადგინეს ის ფოთის მაჟორიტარად. 2016 წელს ბესელიას, ჯერ კიდევ, ეთქმოდა სიტყვა ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარზე.
წალენჯიხაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და აბაშაში საბრძოლველად ირაკლი ზარქუას გაშვებას აპირებდნენ. ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა და კახა კალაძის კადრად ითვლება. კალაძესა და გახარიას შორის უთანხმოება ზარქუას გამო მოხდა.
19 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ზარქუასთან დაკავშირებით პრემიერმა პრეტენზიები გამოთქვა. კალაძე ამბრაზურასავით გადაეფარა თავის რჩეულს, მაგრამ გახარია შეუვალი იყო.
_ ხაბეიშვილი რომ ჩაუვარდეს ოლქში, რას შვრებით, მერე? _ იკითხა გახარიამ. რაზედაც კალაძემ პასუხი ვერ გასცა. ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოში ზარქუას სისხლს უშრობს.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გახარიას ზარქუას მიმართ უარყოფითი განწყობა აქვს. რამდენიმე თვის წინ ზარქუას შანსი მიეცა, სიით ადგილმონაცვლედ შესულიყო პარლამენტში, მაგრამ პრემიერის მოთხოვნით მან უარი თქვა. როგორც ამბობენ, გახარია პარლამენტში კალაძის კლანის გაძლიერებას მოერიდა. საკანონმდებლო ორგანოში თბილისის მერის გუნდი ისედაც ძლიერი შემადგენლობით არის წარმოდგენილი.
თავად ირაკლი ზარქუამ პრემიერის მხრიდან რაიმე ზეწოლა გამორიცხა. მედიასთან აღნიშნა, რომ უარი საკუთარი სურვილით თქვა, მაგრამ ეს არავინ დაიჯერა. დეპუტატები ყვებიან, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუას იმდენად სურდა პარლამენტის წევრობა, რომ ის პარლამენტში კომიტეტის სხდომებს ხშირად ესწრებოდა. კანონმდებლები ვერ ხვდებოდნენ, რას აკეთებდა უცხო მოყმე იქ. ერთ-ერთმა კომიტეტის თავმჯდომარემ ჰკითხა კიდევაც, _ შვილო, ვინა ხარ, სულ აქ რომ დადიხარო?
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გახარიამ ზარქუას ჩანაცვლება გოგა გულორდავას კანდიდატურით მოითხოვა.
გოგა გულორდავა ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას შვილია, რომელიც გასულ წელს ზუგდიდის მერ ლაშა გოგიასთან ერთად ქრთამის აღების გამო დაიჭირეს. დაკავებულის კანონმდებელმა შვილმა მაშინ განაცხადა, რომ ის გამოძიებას სრულად ენდობოდა.
გულორდავას კანდიდატურა კალაძისთვის აღმოჩნდა მიუღებელი და მას პრემიერთან შეკამათებაც მოუხდა. მოგვიანებით უთხრა, არც ჩემი შერჩეული კანდიდატი დავაყენოთ, არც შენი და დაე, ამ ოლქისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ იბრძოლოსო. მოწერელიას დეპუტატობა სულაც არ უნდა. როგორც მისი ახლო გარემოცვა გვიყვება, ის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ოცნებობს. გაპრემიერებული გახარია აპირებდა კიდევაც მინისტრად მის გაშვებას, მაგრამ ვერ მოახერხა.
აქტიურად განიხილება მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატურა. ამ ოლქში ბრძოლის სურვილი მცხეთის მოქმედ მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძეს აქვს. ოლქისთვის ბრძოლას დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ყოფილი მაჟორატორი ზაქარია ქუცნაშვილიც არ გამორიცხავს. ეს უკანასკნელი „გავრილოვის ღამის“ შემდეგ იძულებული გახდა, საკანონმდებლო ორგანოდან წასულიყო. გავრილოვი მან ჩამოიყვანა თბილისში და ამას ხალხი არ აპატიებდა. პარლამენტიდან გაძევებული ივანიშვილმა სარფიანად დაასაქმა. ქუცნაშვილის მამა ომარი „ქართული ოცნების“ ლიდერთან დაახლოებული პირია. ბიძინა ვალშია ქუცნაშვილებთან, ზაქარიას მამამ დაუწერა მას დასკვნა, რომ საყდრისის აფეთქება შეიძლებოდა.
ივანიშვილთან არის დაახლოებული დიმიტრი ხუნდაძეც. „ქართული ოცნების“ ლიდერი რომ არ ჩარეულიყო, ის 2016 წელს საპრლამენტო არჩევნებს ვერ მოიგებდა. მცხეთაში მისი კონკურენტი ცეზარ ჩოჩელი იყო. ხუნდაძემ მხოლოდ მეორე ტურში, ისიც დიდი გაჭირვებით, მოახერხა მოგება.
ამ ოლქში შესაძლოა, ივანიშვილის კიდევ ერთმა ახლობელმა იყაროს კენჭი. საუბარია თიანეთის მოქმედ მერ თამაზ მეჭიაურზე. ის ბიძინა ივანიშვილის კურსელია. მართალია, კაპოტზე არ ქეიფობენ და ერთად არ სვამენ ჟიპიტაურს, მაგრამ „ოცნების“ ლიდერი მას პატივს სცემს. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ქუცნაშვილმა მას თიანეთის მერის არჩევნები ვერ წაართვა. აღსანიშნავია, რომ მეჭიაური ამ რეგიონში ცუდი სახელით არ სარგებლობს, ქუცნაშვილზე და ხუნდაძეზე მეტი ავტორიტეტი ნამდვილად აქვს.
არაა გამორიცხული, თიანეთში კანდიდატურა ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელმაც დააყენოს. მას აქ სერიოზული გავლენები აქვს. წლების მანძილზე მხარის გუბერნატორი იყო. ამასთან ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს საკუთარ საწარმოებში დასაქმებული. მასთან ბრძოლა ადვილი რომ არ იქნება, ეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც კარგად გამოჩნდა.
გორში მოკრივე გიორგი კანდელაკის წარდგენა იგეგმებოდა, ამ მომენტისთვის საკითხის განხილვა შეჩერებულია. გაერთიანებული ოპოზიცია აქ, სავარაუდოდ, ბადრი ბასიშვილის კანდიდატურას დააყენებს.
კალაძისა და გახარიას ინტერესები კიდევ ერთ ოლქთან დაკავშირებით გადაიკვეთა. რაჭისა და სვანეთის მაჟორიტარად კალაძეს ისევ გოჩა ენუქიძის წარდგენა სურს. ეს ადამიანი „ნაციონალების“ დროიდან უცვლელი მაჟორიტარია. ამ ოლქში გახარია შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძის კანდიდატურას ლობირებს.
სანამ საბოლოო შედეგს მიაღწევენ, კიდევ ბევრჯერ შეიცვლება კანდიდატურები. სიაში ჩასმაზეც ერთი ამბავია ატეხილი. წინა არჩევნებზე ამ დროისთვის კანდიდატების ნაწილი უკვე შერჩეული და წარდგენილიც კი ჰყავდათ. ახლა ძალიან აგვიანებენ უმრავლესობაც და ოპოზიციაც. ახალი სახეები არც ერთს ჰყავს, ძველი სახეები კი ხალხს აღარ უნდა.

შორენა მარსაგიშვილი