„თუ სამსახურებს არ დავუბრუნდებით, როგორ უნდა ვიარსებოთ?!“

მომღერალ კახა კუხიანიძეს ორ თვეზე მეტ ხანს მოუწია კარანტინში ყოფნა. ამ დროის განმავლობაში მან ბევრი რამ გადააფასა საკუთარ თავში, ბევრ რამეზე დაფიქრდა და ახლა ყველაფერს სხვა თვალით უყურებს.

რა პრობლემის წინაშე აღმოჩნდა მომღერალი? რას ფიქრობს იგი დაწესებულ შეზღუდვებზე? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს კახა კუხიანიძე ესაუბრება:

_ კახა, როგორი იყო კარანტინში გატარებული ორი თვე?
_ ორ თვეზე მეტ ხანს მომიწია კარანტინში ყოფნა. როდესაც ჩვენს ქვეყანაში კოვიდ 19-ის შემოტევა დაიწყო, სიმართლე გითხრათ, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, აბსოლუტურად ყველა წესს ვემორჩილებოდი, არ ვარღვევდი არაფერს, მაგრამ, დაახლოებით, 8-9 მარტს მივხვდი, რომ გარეთ არ უნდა მევლო და ბევრად ადრე დავიწყე კარანტინი.
_ ასე ადრე რატომ დაიწყეთ სახლში გამოკეტვა?
_ მივხვდი, რომ სპორტულ დარბაზში არ უნდა მევლო, რადგან მალე დახურავდნენ. ჩემი სამსახური ვეღარ მუშაობდა, იმიტომ რომ მშობლებს შეეშინდათ და ბევრი ფაქტორის გამო მომიწია სახლში ყოფნა. ზოგადად, ჩემთვის არ არსებობს შაბათ-კვირა დასვენებისთვის, რადგან ყოელდღე აქტიური ვარ. ამ ყველაფერს მივეჩვიე და მომწონს ასეთი ცხოვრება.
_ რა გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?
_ ყველაზე მეტად უფუნქციობა გამიჭირდა _ ადამიანებთან უკონტაქტობა, ჩემი საქმის წყვეტა და ახალ რეალობასთან შეხვედრა, ამის, გაცნობიერება. ერთი, რაც ძალიან მომეწონა, იყო ის, რომ ბევრი რამ გადაფასდა. არ ვიცი, თუ გაქვთ ნანახი ფოტო, სადაც ცხოველები არიან გარეთ, ხალხი კი _ სახლში გამოკეტილი. ადამიანები ძალიან ცუდად ვიქცევით, ამას ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ.
_ რას ნიშნავს, ცუდად ვიქცევით?
_ თუნდაც, გარემოს ვექცევით ცუდად. ამდენი ხე-ტყის ჩეხა! ასევე ცუდად ვექცევით ცხოველებს. ერთმანეთს ვექცევით ცუდად, პატივისცემა და რიდი დავკარგეთ. ჩვენ რომ სრული თავისუფლება გვქონდეს, მაშინ ვიაროთ ქუჩაში სრულიად შიშვლებმა და რაც გვინდა, ის ვაკეთოთ. რაღაც ჩარჩოები აუცილებელია _ ზღვარგადასული ადამიანი ცხოველზე უარესია.
_ რაზე ჩაგაფიქრათ ამ მოვლენებმა?
_ ადამიანის ცხოვრების საზრისზე. ძალიან რთულია კოვიდ პანდემიის დრამატული განვითარების ყურება _ მთელი კაცობრიობა გამოიკეტა სახლებში… მაგრამ ეს უპირობო ნიშანია იმისა, რომ სხვანაირად უნდა ვიცხოვროთ. ერთმანეთის მიმართ პატივისცემა აღარ არსებობს და ძალიან დიდმა შურმა დაისადგურა ადამიანში. მაგალითად, 90-იან წლებში მეგობარს რომ მეგობრისთვის რაღაცის გარკვევა ეთხოვა და ის დავიწყებოდა, ძალიან დიდ სირცხვილად ითვლებოდა, მაგრამ დღეს აუცილებლად დაავიწყდება და ამას არაფრად ჩააგდებს. ის პატივისცემა აღარ არსებობს, რაც იყო.
_ ფსიქოლოგიურად რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი?
_ ძალიან მხიარული „გარეკვა“ მქონდა. არ ვუყურებდი ტელევიზორს, მხოლოდ მუსიკას ვუსმენდი. ორი დღე ვიწვნიე შემოტევა, რადგან ცუდი ამინდი იყო, შესაბამისად, ტელევიზორის ყურება მომიწია და ამ დროს მიწაზე დავეშვი. მივხვდი, რომ ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა ინფორმაციების მოსმენა, ამიტომ საერთოდ შევწყვიტე ეს. რამდენიმე მეგობარს ვხვდებოდი კვირაში ერთხელ, რომლებიც ანალოგიურად სახლებში იყვნენ გამოკეტილები და ერთი წრე ვართ.
_ წესებს იცავდით?
_ რასაკვირველია.
_ სოციალურ ქსელში აქტიურობდით და ტიკ-ტოკის ვიდეოებს გვთავაზობდით. კიდევ რით ერთობოდით?
_ იმდენად მხიარული „გარეკვა“ მქონდა, რომ მეც ავდექი და დავიწყე ტიკ-ტოკების გადაღება, რამაც ასევე ძალიან გამამხიარულა. დღეს ამ კუთხით არ ვაქტიურობ, რადგან უკვე გამიარა.
_ როგორი იყო ერთი ჩვეულებრივი დღე, კიდევ რით ირთობდით თავს?
_ ძირითადად, სახლში ვვარჯიშობდი.
_ წონაში მოიმატეთ?
_ წონის პრობლემა არ მაქვს. ისე, ვარჯიშის დროს კუნთი იზრდება და მაგ მხრივ ტანისამოსი მჭირდება ხოლმე ცოტა დიდი. ზოგადად, წონაში მომატება კაცობრიობის პრობლემა გახდა.
_ სოციალურ ქსელში წერდით, რომ კარანტინში თამბაქო გადააგდეთ.
_ ჩემდა გასაკვირად, თამბაქოს ვეღარ ვეწევი. უკვე 3 კვირაა, ზიზღი დამეწყო, მაგრამ მანამდე ჯერ სიგარეტი შევცვალე და ბოლოს მივხვდი, რომ აღარ მიყვარს. დაახლოებით 22 წელია, სიგარეტს ვეწევი.
_ აღარ გინდებათ?
_ სუნიც კი მაღიზიანებს. სხვათა შორის, ყავასაც ვეღარ ვსვამ. ძალიან ბევრ ყავას ვსვამდი, ახლა მხოლოდ დილით მივირთმევ და ეს სრულიად საკმარისია. გარდა ამისა, მომიწესრიგდა ძილის რეჟიმი.
_ რთულ და მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ. თქვენი შემოსავლის წყარო სიმღერაა, ფაქტობრივად, უმუშევარი დარჩით. რამდენად დიდი ფინანსური ზიანი მოგადგათ?
_ მე კი არა, ზოგადად, მთლიანად კაცობრიობას მიადგა ფინანსური ზიანი. თებრვლის მერე შემოსავალი არ მაქვს. მართალია, არ მშია და არ მწყურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მილხინს და კარგად ვარ. ყველა ძალიან ცუდ მდგომრეობაშია. ყველას აქვს ბანკის ვალი, ისევე როგორც მეც და საკმაოდ სოლიდურ თანხას ვიხდი ყოველთვიურად. არ ვცხოვრობთ იმ ფუფუნებაში, რომ ადამიანებს თანხა გვქონდეს გადადებული და რამდენიმე თვე ფეხი-ფეხზე გადადებულებმა ვიცხოვროთ. ყველაზე რთულ სიტუაციში კი ხელოვანი ხალხი აღმოჩნდა. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს ჩვენთვის გართობაა. არადა, ჩვენი შემოქმედების რეალიზება დიდი შრომისა და ენერგიის ფასად გვიჯდება. ეს არის ჩვენთვის სამსახური და ნამდვილად გვესაჭიროება ყურადღების მოქცევა. ძალიან გამიხარდა, რომ მერიის კულტურის სამსახური მუსიკალურ პროდიუსერებს შეხვდა და აზრების გაცვლა-გამოცვლა დაიწყო. ალბათ, ინტერესი გაჩნდა და იმედია, ნელ-ნელა დალაგდება ყველაფერი. ჩვენ თუ სამსახურებს არ დავუბრუნდებით, რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა ვიარსებოთ, როგორ უნდა გადავიხადოთ კომუნალური გადასახადი და ბევრი სხვა რამ?
_ თებერვლიდან უმუშევარი ხართ, დაკეტეთ სტუდიები, აღარ ტარდება არანაირი სახის კონცერტი. რა იყო და არის ამჟამად თქვენი შემოსავლის წყარო, რით ირჩენდით თავს ეს პერიოდი?
_ იმ თანხის ხარჯვა დავიწყე, რომელიც სხვა საქმისთვის იყო საჭირო. ცხოვრებაში ლარი არავისთვის მითხოვია. მე გამიმართლა ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგად ვარ, რადგან თანხა, რომელსაც ვხარჯავ, ფაქტობრივად, ვალია და მერე უნდა ვისტუმრო.
_ ბევრი გეგმა ჩაგეშალათ?
_ მაისში ოთხი კონცერტი უნდა ყოფილიყო ევროპაში და მგონი, არცთუ ისეთი პატარა შემოსავალია. ამის გარდა, დაგეგმილი იყო სიმღერების ჩაწერა და კლიპის გადაღება. ასევე ზაფხულში უნდა ყოფილიყო კონცერტები და ხედავთ, რომ, ჯერჯერობით, ყველაფერი გაჩერებულია.
_ რამდენად მისაღებია დაწესებული შეზღუდვები და გამკაცრებული ზომები?
_ იცით, რა მიკვირს? ის თუ არის დაშვებული, რომ ლილოს ბაზრობამ იმუშაოს, სადაც მარნეულიდან და გარდაბნიდან დადიან ადამიანები (სადაც ყველაზე დიდი ეპიდაფეთქება იყო), რა დააშავა იმ ხალხმა, ვისაც კონცერტი უნდა თუნდაც ღია ცის ქვეშ? რა დააშავეს ადამიანებმა, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გამოკეტილები იყვნენ და უნდათ, გამოპრანჭულები წავიდნენ კონცერტზე? რატომ არ შეიძლება, კონცერტები დაიგეგმოს, თუ ლილოს ბაზრობა გაიხსნა?
_ ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ მუშაობა?
_ მაგალითად, რესტორნები ძალიან ცუდ დღეში არიან, რადგან ისეთი შეზღუდვები დაუწესდათ, რომ ფიზიკურად ვერ უმკლავდებიან ხარჯების დაფარვას.
_ პირადად თქვენ სად ხედავთ გამოსავალს?
_ ჩემს საქმეზე თუ ვისაუბრებთ, აუცილებელია ამ სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები, ადამიანები ვართ და ჩვენც გვაქვს სათქმელი. არ ვჩხუბობ და არ მაქვს პრეტენზიები, ეს უბრალოდ ყოველდღიური მოთხოვნილებაა და არა _ კომფორტი. ყველა ერთ დღეში ვართ, ჩვენ კი ძალიან ბევრნი ვართ. ვფიქრობ, კულტურის სამინისტროსთან ცივილიზებული დიალოგი უნდა შედგეს. მომღერლებიც ადამიანები ვართ, რომლებიც მოსახლეობას უყვარს, ჩვენი სიმღერები უყვართ, ჩვენი მსმენელი გვყავს და აუცილებელია ჩვენთან შეხვედრა. ჩვენ ტაშიც დავუკარით ექიმებს, მაგრამ ამ ტაშის დაკვრით ვერ ვიქნებით დღეს კმაყოფილები, რადგან საჭმელი უნდა ვჭამოთ და ბანკის ვალი ვიხადოთ.
_ ხშირად გვესმის: უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?
_ მიმაჩნია, რომ პირბადე, რომელიც მაღაზიაში მოლარეს თუ კონსულტანტს უკეთია 24 საათის განმავლობაში, ძალიან ცუდია ჯანმრთელობისთვის. ეს პირბადე, სავარაუდოდ, უნდა ეკეთოს ინფიცირებულ ადამიანს და ზაფხულში, სიცხეში ყოველად დაუშვებელია, ჯანმრთელმა ადამიანმა ატაროს იგი.

გიორგი საკარული