41 წლის ასაკში ჩაფერფლილი სიცოცხლე და ირაკლი ფარჯიანის უკვდავი ხელოვნება

„ქრონიკა+“ დღევანდელ ნომერში მოგიყვებათ ადამიანზე, რომელიც მე-20 საუკუნის ქართულ ხელოვნებაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. ის განეკუთვნება 80-იანელთა თაობას. ევროპული ღირებულებების ქართველი ხელოვანის უნიკალური ხელწერა გასცდა ქვეყნის საზღვრებს. უკვე 80-90-იან წლებში ევროპამ ირაკლი ფარჯიანი დიდ ხელოვანად აღიარა.

ირაკლი და სახარება

ირაკლი ფარჯიანი 1950 წლის 22 მაისს მესტიაში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 21 წლის ასაკში უახლოვდება თბილისელ ანთროპოსოფოსთა წრეს და პირველად ეცნობა სახარებას; მას შემდეგ სახარებისეულ თემატიკას, შემეცნებითი თუ შემოქმედებითი აზრით, აღარც დაშორებია.
მართალია, ანთროპოსოფია მსოფლმხედველობაა და არა რელიგია, მაგრამ რწმენისა და რელიგიის აკრძალვისა და საბჭოთა იდეოლოგიის ხანაში, სწორედ, ანთროპოსოფიამ უბიძგა ირაკლის სახარების შესწავლისა და ქრისტიანობის სიღრმისეული გააზრებისკენ. ამავე დროს, ის გულდასმით სწავლობდა გოეთეს „ფერთა თეორიას“.
1978 წელს ირაკლი ფარჯიანი იოანეს სახარების გადაწერაზე იწყებს მუშაობას.
80-იან წლებში ის თვითონ ამზადებს მისთვის სასურველი პასტელის ფერებს და მხატვრობაში ასე ეყრება საფუძველი ფარჯიანისეულ ხელწერას ტექნიკაში. იოანეს სახარების დასრულების შემდეგ, 1979 წელს, მხატვარი წიგნის ფორმას აძლევს მარკოზის სახარებას.
ირაკლი ფარჯიანს ოთხივე სახარების გადაწერა ჰქონდა ჩაფიქრებული. ლუკას სახარებაზე მუშაობა მან 80-იან წლებში დაიწყო, თუმცა ვერ დაასრულა. ლუკას სახარების ილუსტრაციები მცენარეული საღებავით არის შესრულებული და ხატწერულ ხასიათს ატარებს.

    გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე...

1991 წელს, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, მხატვარმა ხელახლა გადაწერა იოანეს სახარება.
1983 წელს ირაკლი ფარჯიანი ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგი) გაემგზავრა სამკურნალოდ, თუმცა 1984 წლის დეკემბერში თვითნებურად შეწყვიტა მკურნალობის კურსი და საქართველოში დაბრუნდა, მოგვიანებით კი, 1984-85 წლებში, აბასთუმანში გააგრძელა თერაპია. ფარჯიანის პალატა მალე შემოქმედებით სახელოსნოდაც იქცა. 1985 წელს, მეგობრების მიწვევით, პირველად მიემგზავრება, საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ, აღმოსავლეთ გერმანიაში.
1989 წლის 9 აპრილს მონაწილეობს თბილისის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც საბჭოთა ჯარებმა სასტიკად დაარბიეს და მომწამვლელი აირი გამოიყენეს. მხუთავმა აირმა ირაკლი ფარჯიანს კიდევ უფრო დაუზიანა ჯანმრთელობა. მიუხედავად ამისა, იგი უარს არ ამბობს მისთვის ძალზე მნიშვნელოვან შემოთავაზებაზე და 1989 წლის ზაფხულში დასავლეთ ბერლინში მიემგზავრება, სადაც 1990 წელს სამი ქართველი მხატვრის _ კოკა იგნატოვის, გოგი ალექსი-მესხიშვილისა და ირაკლი ფარჯიანის ერთობლივი გამოფენა შედგა.
„ბერლინის ციკლის“ სახელწოდებით ცნობილი მასშტაბური ფერწერული ტილოები სწორედ დასავლეთ ბერლინშია შექმნილი.


22 მაისს ირაკლი ფარჯიანს 70 წელი შეუსრულდებოდა. ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის გუნდი გეგმავდა არტისტის მასშტაბურ გამოფენას, სოფო ფარჯიანის (ირაკლის ქალიშვილი) კურატორობით, მაგრამ, პანდემიის გამო, ირაკლი ფარჯიანის ახალი ექსპოზიციის მოწყობა მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში რამდენიმე თვით გადაიდო.


ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში ირაკლი ფარჯიანის კოლექციას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მხატვარს ეთმობა მთელი დარბაზი, სადაც წარმოდგენილია მისი სხვადასხვა პერიოდის 44 ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევარი.
გარდა ამისა, მუზეუმის ფონდში დაცულია ფარჯიანის 27 ტილო. მუზეუმის კოლექცია უნიკალურია და ის არის ქართველი მხატვრის ყველაზე მდიდარი ექსპოზიცია მსოფლიო სამუზეუმო სივრცეში.


მართალია, ფარჯიანის დროებითი გამოფენის გახსნა გადაიდო, მაგრამ არტისტის იუბილესთან დაკავშირებით, წლის განმავლობაში, დაგეგმილია რამდენიმე ვირტუალური გამოფენა. 22 მაისს პირველად ჩაეშვება მხატვრის ვებგვერდი IRAKLIPARJIANI.COM , რომელიც მისმა ქალიშვილმა _ სოფო ფარჯიანმა შექმნა.
საიტზე შესაძლებელი იქნება ფარჯიანის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება და ონლაინ გამოფენების ნახვა. გარდა ამისა, იუბილესთან დაკავშირებით დაიწერა მნიშვნელოვანი კვლევები და სტატიები არტისტის შემოქმედებაზე. მათ შორისაა ხელოვნებათმცოდნისა და კურატორის, კონსტანტინე ბოლქვაძის ტექსტი და ვირტუალური გამოფენა
„სხვა ირაკლი“ მისივე კურატორობით.

ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი

აღსანიშნავია, რომ წელს ასევე დაარსდა ირაკლი ფარჯიანის სახელობის ფონდი, რომლის მიზანია ხელოვანის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი საავტორო უფლებების მართვა.
„ფონდს მართავს იურისტების ჯგუფი. ავიღეთ ევროპული ფონდის მოდელი, რომელიც კონკრეტულ ცნობილ ხელოვანებზე მუშაობს. გვინდა, რომ ეს მოდული დავნერგოთ საქართველოში“, _ ამბობს მხატვარი სოფო ფარჯიანი.
როგორც ფარჯიანმა „ქრონიკა+“-სთან განაცხადა, კანასკნელ წლებში ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გაყალბებისა და ამ ასლების გაყიდვის მრავალი შემთხვევა აღმოჩნდა, რის წინააღმდეგაც ფონდი ამიერიდან აქტიურად იბრძოლებს.
ფონდის მისიაა ასევე ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, ფონდი მიზნად ისახავს ახალგაზრდა მხატვრების ხელშეწყობას. ფონდის დირექტორია იურისტი მიხეილ ჯიქია.


მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, ირაკლი ფარჯიანმა სოლიდური მხატვრული მემკვიდრეობა დატოვა.

ცნობილი სერიები და ციკლები ფარჯიანის შემოქმედებიდან:

• შეხვედრები;
• სახარებები;
• რელიგიური სცენები;
• პორტრეტები;
• ყვავილები;
• აბსტრაქციების სერია;
• ქართული ზღაპრები;
• ფაუსტი;
• ოდისეა;
• საბავშვო ბიბლია;
• გალაკტიონი და სხვ.

ირაკლი ფარჯიანს პერსონალური გამოფენა სიცოცხლეში არასდროს ჰქონია. მისი ნამუშევრები ევროპაში არაერთ ჯგუფურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი იტალიასა და გერმანიაში. გარდაცვალების შემდეგ მნიშვნელოვანი გამოფენები შედგა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, საგულისხმოა გიოთენაუმის (1994), ვატიკანისა (1995) და პარიზის (1996) გამოფენები.
ირაკლი ფარჯიანის არაერთი გამოფენა გაიმართა ბოლო წლებშიც თბილისში. მათ შორისაა 2019 წელს გამართული:
„აბასთუმნის შობა“ „ბაია გალერეაში“; ამავე წელს გალაკტიონის სერია გამოიფინა აბრეშუმის ქარხანაში.
ირაკლი ფარჯიანის ყველაზე დიდი კოლექცია დღეს თბილისში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი, მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის კერძო კოლექციებშიც.

ასმათ ფარჯიანი, ირაკლის მეუღლე:
„41 წლის ასაკში ჩაფერფლილი სიცოცხლე მისი ნახატებით ისევ განაგრძობს არსებობას. უკვდავება კი, ალბათ, სწორედ მაშინ მოდის, როდესაც ცხოვრებაში საბედისწერო არჩევანს აკეთებ.
ირაკლიმ სიცოცხლესა და შემოქმედებას შორის შემოქმედება არჩია“.

გიორგი საკარული