გიორგი ნუსხელაძე: „20 ივნისიდან ერთი წლის თავზე მომხდარი ისევ ბუნდოვანია“

2019 წლის 20 ივნისს, მაშინ, როცა რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, საზოგადოებამ ეს ფაქტი ერთხმად გააპროტესტა.

შეიცვალა თუ არა 20 ივნისის შეფასება ერთი წლის შემდეგ? რა შედეგი მოიტანა ახალგაზრდულმა პროტესტმა? რა როლი აქვთ ახალგაზრდებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ სოციოლოგსა და სამოქალაქო აქტივისტ გიორგი ნუსხელაძეს ესაუბრა:

_ გიორგი, 20 ივნისიდან ერთი წლის თავზე, ამ გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებთ იმდროინდელ მოვლენებს?
_ ნებისმიერი მომხდარი მოვლენიდან რაც დრო გადის, უფრო ნათლად აფასებ ყველაფერს, ემოციების გარეშე, მეტი ფაქტითა და გააზრებულად. ხვდები, რა შეცდომები იყო და რა არ გინდა, განმეორდეს. დღევანდელი გადმოსახედიდან, 20 ივნისის მოვლენების შეფასება უკვე ემოციის გარეშე შეიძლება, უფრო გააზრებულად. თუმცა მაინც რთულია, რადგან შეფასება რაღაცასთან შედარებით უნდა მოხდეს, ჩვენ კი არაფერი გვაქვს შესადარებელი. მართლაც რას უნდა შევადაროთ: 2007 წლის 7 ნოემბერს თუ 2011 წლის 26 მაისის ღამეს? ალბათ, არც ერთს, რადგან მოთხოვნები სრულიად განსხვავებულია. ადრე თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ეპოქას აპროტესტებდნენ და მათ წასვლას ითხოვდნენ არჩევნების გზით, 20 ივნისის აქციაზე ეს არ ყოფილა. პროტესტი დაიწყო გავრილოვით და გადაიზარდა გაუგებარ მოთხოვნებში: ხან კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ, ხან პროპორციულ არჩევნებს, ხან ბიძინას წასვლას, ხან მაჟორიტარებმა სცადეს სხდომათა დარბაზის კარის გადაკეტვა და ა. შ. ახლა თუ მთავრობის მხრიდან შევადარებთ, რომელს უფრო სასტიკი დარბევა ჰქონდა, აქაც კითხვა ჩნდება, რით შევადაროთ: დაზარალებულებით თუ დაღუპულებით და დაპატიმრებულებით? ვისაც სამივე პერიოდი ახსოვს, ბევრს შეუძლია თქვას, რომ წინა მთავრობისას მეტი სისასტიკე იყო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რაც 20 ივნისს მოხდა, კარგი იყო. სამივე დარბევას აქვს თავისი მძიმე შედეგები და სწორედ რომ ზოგი განმარტების თანახმად, დემოკრატია იზომება იმით, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეს. ჩვენც შეგვიძლია დარბევის ხარისხით გავზომოთ ჩვენი დემოკრატიის ხარისხი. დემოკრატიის მეორე საზომი, როგორც აღიარებულია, ხალხის ცნობიერებას შეეხება და აქაც შეიძლება ხალხის ქცევა და მოთხოვნები ავიღოთ დემოკრატიის ხარისხის გასაზომად. საბოლოოდ რომ შევჯერდეთ 20 ივნისის შესაფასებლად, ერთის გარდა, ვერაფერს შევადარებთ და ეს ერთი, თავისთავად, 20 ივნისია. რა ხდებოდა ერთ მხარეს და რა ხდებოდა მეორე მხარეს? იყვნენ დაშავებულები, იყვნენ მძიმედ დაზარალებულები. გადაცდომები იყო, როგორც ძალოვნების მხრიდან, დამიზნებით რომ ესროდნენ ადამიანს რეზინის ტყვიებს, ასევე ვნახეთ, როგორ მიდიოდა ხელჩართული ჩხუბი პარლამენტის წინ მომიტინგეების მხრიდან. ნამდვილად არ იყო მოსაწონი ეს საქციელი, მაგრამ როცა ადამიანები ერთად დგანან, მუხტი იწევს და მათი დამშვიდება რთულია, თან ქართველები ემოციურები ვართ. როგორ განვითარდა შემდეგ მოვლენები? გაუშვეს გაზი და გამოიყენეს რეზინის ტყვიები. აქ ცალსახად ვიტყვი, რომ რეზინის ტყვიები არ უნდა გამოეყენებინათ. მხოლოდ გაზი და წყალი კიდევ გასაგები იქნებოდა. ერთი რამ ყველამ უნდა გავითავისოთ: რაც ნაკლები დაზარალებული გვეყოლება ნებისმიერი მთავრობის დროს, ყველასთვის უკეთესია.
_ რა შედეგი მოიტანა გავრილოვის ვიზიტის გაპროტესტებამ და იყო თუ არა ეს ახალგაზრდული პროტესტი?
_ შორიდან დავიწყოთ: ვინ არის გავრილოვი და რა არის ახალგაზრდული პროტესტი? სერგეი გავრილოვი არის რუსეთის ფედერაციის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან და ეს პარტიაც, დაახლოებით, 10%-ს წარმოადგენს პარლამენტში. ოფიციალური მონაცემებით, გავრილოვის პარტია წარმოადგენს ოპოზიციას, ხაზს ვუსვამ, რომ ოფიციალურ მონაცემებით იგი ოპოზიციონერია, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ გავრილოვი კომუნისტია. ვუპასუხოთ მეორე კითხვას: რა არის ახალგაზრდული პროტესტი? ეს არის ახალგაზრდა ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულება სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ღიად გამოხატავს მიმდინარე მოვლენების მიმართ საწინააღმდეგო განწყობას. აფიქსირებენ ღიად, რაც არ მოსწონთ და ამბობენ, თუ რა უნდათ. 20 ივნისის დღესაც ასე მოხდა: გააპროტესტეს კომუნისტი გავრილოვის საქციელი. ჩვენს პარლამენტში იგი არ უნდა შესულიყო და მით უმეტეს, თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომაც მიუღებელია. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს მოხდა. ამიტომ მოცემულობა უნდა მივიღოთ ფაქტად. რაც შეეხება პროტესტის შედეგებს, ალბათ გაუცნობიერებლად, ამას თავად სერგეი გავრილოვის პიროვნების ცნობადობის გაზრდა მოყვა საქართველოში. პროტესტამდე თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს ეცოდინებოდა, ვინ იყო და რას წარმოდგენდა იგი. საინტერესოა, თავად ახალგაზრდების მყისიერი შეკრება საიდან, როგორ, რა ვითრებაში მოხერხდა? პროტესტზე ასევე ვიხილეთ ბატონი დავით ქაცარავაც, რომელიც ქვეყანას დარაჯობს და მუდამ საოკუპაციო ხაზთანაა. სამწუხაროდ, არ ვიცი პარლამენტის მუშაობის სტილი, რომ კითხვები დამესვა, მაგალითად, გაეგზავნათ თუ არა ოპოზიციონერ დეპუტატებს დღის წესრიგი წინა დღეს? თუ გაეგზავნათ, რატომ არ დაგვიცვეს და არ მიიღეს ზომები, როგორც ჩვენმა არჩეულებმა? თუ არ გაეგზავნათ, რატომ? ერთ წლის თავზეც ბევრი კითხვა იბადება და მომხდარიც ბუნდოვანია. მხოლოდ შედეგი გვაქვს ცუდი, _ დაზარალდნენ ახალგაზრდა ადამიანები!
_ პროტესტიდან 1 წლის თავზე, დღევანდელი მოცემულობით, ხელისუფლება უფრო მომგებიან პოზიციაში თუ ოპოზიცია?
_ იმ ყველაფრის ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება, ჯერჯერობით, მომგებიანობა-არამომგებიანობა თანაბარია, 50%-50%-ზე. ოპოზიცია იგებს თუ მთავრობა, ამას დრო გვიჩვენებს. ამას ემატება ვირუსით გამოწვეული არასახარბიელო ეკონომიკური შედეგები. მთავრობას ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა, აქეთ კორონა და ეკონომიკური კრიზისი (უმუშევრად დარჩენილი ადამიანები და ა. შ.) აქვთ მისახედი, იქით კიდევ _ გუნდი და არჩევნები. რაც შეეხება ოპოზიციას, ალბათ, ის ცოტა უკეთეს პოზიციაში არის, მთავარია, საერთო ენა გამონახონ და არანაირად არ ჩააგდონ 120/30 საარჩევნო ცვლილება.
_ არსებობს თუ არა ოპოზიციაში შეთანხმების რესურსი?
_ შეთანხმების რესურსი ნამდვილად არსებობს ოპოზიციაში, თანაც ძალიან დიდი. ნოემბრიდან დაწყებული ერთად სხედან, იკრიბებიან და მსჯელობენ. დაახლოებით 7 თვე გავიდა, რესურსი რომ არ ჰქონოდათ, ალბათ, ამდენი ხანი არ გაჩერდებოდნენ. ბოლო დღეებში თავადაც გააჟღერეს განცხადებები, დიდი პარტიების მხრიდან მაჟორიტარების დათმობაზე. ალბათ ყველაზე კარგი იქნება, პატარა პარტიებს მისცენ კანდიდატების წინ წამოწევის საშუალება და რეალური ხელშეწყობა. რადგან ორპოლუსიანობა აღარავის უნდა, შესაბამისად კომპრომისზე წასვლაც უნდა შეძლონ. აუცილებელი არაა, ყველა ერთი ქოლგის ქვეშ იყოს. მთავარია, სამოქმედო სტრატეგია ჰქონდეთ სწორი.
_ რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ მმართველმა გუნდმა მეორედ ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები?
_ რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა ალბათობის სიმაღლეს არა გუნდი, არამედ მასში შემავალი დეპუტატები განსაზღვრავენ. 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა დაპირება გასცა პროპორციულის 0%-იანი ბარიერით ჩატარებაზე, თუმცა ზოგიერთმა დეპუტატმა ჩააგდო მისივე გუნდიდან საკონსტიტუციო ცვლილებები. ამით იმის თქმა მინდა, რომ დეპუტატების განწყობები არაპროგნოზირებადია. სამწუხაროდ, ეს არა მარტო მმართველი გუნდის დეპუტატებს ეხება. ოპოზიციაშიც ვხედავთ მსგავსს დამოკიდებულებებს ბევრ რამეში. გუშინ ერთს გვეუბნებოდნენ, დღეს კი თავის მართლების პოზიციაში არიან. იმდენად მაღალია იმის ალბათბა, რომ მმართველმა გუნდმა მეორედ ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რამდენადაც ოპოზიციასაც შეუძლია ამის განხორციელება. მით უმეტეს, „ქართული ოცნება“ რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და ცალკე ფრაქციები შექმნა. უმრავლესობას წევრები აკლდება და ეს უნდა გამოიყენოს საპარლამენტო ოპოზიციამ, თუ ნამდვილად უნდათ პროპორციული.
_ დადგება თუ არა არჩევანი კვლავ ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის?
_ აუცილებლად დადგება, რადგან სხვა დიდი პარტიები არ გაგვაჩნია, არც საკუთარი პოლიტიკური წარსულით და არც მმართველობის გამოცდილებით. ამას ხელს უწყობს პოლიტიკისა და ძალაუფლების წყურვილიც, ვინაც ერთხელ ნახა, მას კვლავ უნდა მიაღწიოს, ვისაც ახლა აქვს, მას შენარჩუნება სურს. პატარა პარტიებს კი თავის დასამკვიდრებლად მეტი შრომა მართებთ და საკუთარი მაქსიმუმის წარმოჩენა. ვისურვებდი, ქვეყანაში არჩევნებზე, რეალურად, ბევრი პარტია იყოს და არ გვყავდეს სახელდარჩენილი ფორმალური პარტიები. ასევე გამოფხიზლდეს ამომრჩევლის ის სეგმენტი, რომელთაც კერპები ჰყავთ. ამით როგორც ხალხს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, ასევე თავად პოლიტიკური სპექტრი განვითარდება, პოლიტიკოსებიც იგრძნობენ პასუხისმგებლობას და შემდეგი არჩვენისთვისაც აღარ იქნება ორპოლუსიანი არჩევანი „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
_ როგორ წარმოგიდგენიათ 2020 წლის არჩევნების კონტექსტში ახალგაზრდების როლი?
_ ახალგაზრდები დემოკრატიისთვის, პოლიტიკისთვის და, ზოგადად, ნებისმიერი ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საკუთარი მონაწილეობით. ერთი მხრივ, აგროვებენ ახალ ცოდნას და გამოცდილებას, მეორე მხრივ, თავის სიტყვას ამბობენ, რა სურთ, რა უნდათ, რა აწუხებთ, რა უხარიათ, როგორ ხედავენ ქვეყანას არსებული პრობლემებით. ისინი ყველაფერს ენერგიით ავსებენ და უფროს თაობას ახლებურ ხედვას აჩვენებენ ბევრ საკითხზე. აქედან გამომდინარე, იმ ოპოზიციურმა თუ სამთავრობო პარტიამ სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციოს და გაითვალისწინოს ახალგაზრდების როლი. რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, ჩვენ ვხედავთ, რამდენიმე კარგ ახალგაზრდას ოპოზიციურ გუნდებში. ლიდერებმა ახალგაზრდებს შანსი უნდა მისცენ პარლამენტში მოსახვედრად.

ნენე ინჯგია