მთავარი ინტერვიუ მამუკა გიორგაძე: „ოპოზიცია კი არ იბრძვის, საეთერო სივრცეს ავსებს!“

მამუკა გიორგაძე: „ოპოზიცია კი არ იბრძვის, საეთერო სივრცეს ავსებს!“

2058
0
გაზიარება

მამუკა გიორგაძე პოლიტიკაში ბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „სახალხო პარტია“ წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„ხელოვნურ დაპირისპირებას ვუყურებთ და არა _ პოლიტიკურ ჭიდილს. ჩვენთან პიროვნული ზიზღით დაპირისპირებაა და არა _ საქმის გამო. პოლიტიკურ პარტიებს იდეოლოგიური სახე არ გააჩნიათ და ლოზუნგის ბრახაბრუხია… ამაზრზენია ამ პროდასავლური რეპუტაციით შენიღბული ადამიანების ბოლშევიკური ცნობიერება“, _ აცხადებს მამუკა გიორგაძე, რომელთანაც ჩვენმა გამოცემამ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

_ ბატონო მამუკა, როგორც გავიგე, აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდებით…
_ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურობა არც შეგვიწყვეტია. საერთოდ, ტაიმ-აუტების, შვებულებების აღება არ გვახასიათებს და მუდმივად იმ ღირებულებების სადარაჯოზე ვდგავართ, რომლებითაც ჩვენი საქმიანობა ათწლეულების წინათ დავიწყეთ.
_ „აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებაში“ ის ვიგულისხმე, რომ არჩევნებში აპირებთ მონაწილეობას.
_ დიახ, არჩევნებში აქტიურად ვერთვებით, საამისოდ ადამიანური და იდეოლოგიური რესურსიც გვაქვს, ანუ მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში ეროვნული, ქრისტიანული, დემოკრატიული, მემარჯვენე და პროდასავლური ძალის დეფიციტია. ჩვენ სწორედ ამ ვაკუუმის შევსება გვინდა.
_ „ქოცებისა“ და „ნაცების“ გარდა ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი ბანაკია, რომელიც შუაშისტურს უწოდებს თავს. გასაგებია, რომ „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობასთან“ არ იქნებით, მაგრამ შუაშისტების გვერდით დადგებით?
_ სამწუხაროდ, ჩვენ პარტნიორი იმ გაგებით არ გვყავს, რომ ჩამოყალიბებული პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი იყოს. ჩვენ პარტნიორი ისეთი ერთჯერადი ღონისძიებებისთვის გვყავს, როგორიცაა, მაგალითად, საარჩევნო კანონი, პოლიციელთა ძალადობა და ა. შ. სხვათა შორის, მხოლოდ კონცეპტუალური პარტნიორი კი არა, მოწინააღმდეგეც არ გვყავს და ამის მიზეზი ისაა, რომ ქართული პოლიტიკა, ძირითადად, ერთდღიანი ინტერესებითაა დახუნძლული. ვინც დროშებს აფრიალებს, ყველას ლოზუნგი რომ გადაფხიკო, ერთსა და იმავე საფუძველზე „გახვალთ“: მათთვის პოლიტიკა ძალაუფლებისკენ ლტოლვაა, ჩვენთვის კი იდეებითა და ღირებულებებით გამდიდრებაა. ამას ვინმეს შეურაცხყოფის ან გაღიზიანების მიზნით არ ვამბობ. ეს სამწუხარო ფაქტია.
აი, მაგალითად, რას ვშვრებით აფხაზეთში? „სახალხო პარტია“ 20 წელია, პარლამენტში არაა და ამ ხნის განმავლობაში პარლამენტს არც აფხაზეთის საკითხი განუხილავს და არც _ ცხინვალის.
ასევე საკანონმდებლო დონეზე არც რელიგიის საკითხი განხილულა და არც _ მცირე და საშუალო ბიზნესის. არადა, ეს საქართველოს უსაფრთხოების შემადგენელი თემებია. ჩვენთან იმას განიხილავენ, ვინმე ნიკიფორემ რა დააშავა და ფული სად წაიღო. კი ბატონო, ტენდერებში კორუფციაა, მაგრამ ისეთი საკითხების წამოწევა, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის კონცეპტუალურია, სამწუხაროდ, ამ 20 წლის განმავლობაში არ გვინახავს. სამაგიეროდ, ლანძღვა-გინებას, ჩხუბსა და ხელისუფლებაში შესულ და უკან გამოსულ პოლიტიკურ ჯგუფებს ვხედავთ. ამ შემთხვევაში პიროვნებებზე არ ვსაუბრობ. ესა თუ ის პიროვნება შეიძლება, ჩვენზე კარგი იყოს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ საქართველოში „სახალხო პარტიის“ წევრებზე უკეთესი ადამიანები არ იყვნენ, მაგრამ ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე პოლიტიკა არ არსებობს.
_ ე. ი., „სახალხო პარტია“ პოლიტიკაში „მარტოხელა მგელია“ და წლევანდელ არჩევნებში ლელოს გატანა არ გაგიჭირდებათ?
_ რომ გვიჭირს, ამ მდგომარეობაშიც ამიტომ ვართ, თუმცა ერთად თუ რამე საკითხი გამოვა, თანამშრომლობისთვის მზად გახლავართ.
_ და ის საკითხი, რომელზედაც შესაძლოა, ვინმესთან ითანამშრომლოთ, რომელია?
_ მაგალითად, დამოკიდებულება საქართველოს ეკლესიის, გარეჯისა თუ აფხაზეთის მიმართ, თუმცა არც თავს მოვიტყუებთ და არც _ საზოგადოებას და ამ ერთჯერად თანამშრომლობას ისე არავის შევთავაზებთ, როგორც კონცეპტუალურ ერთიანობას.
სხვათა შორის, პოლიტიკაში ჩვენი წინაპარი, რეზო გაბაშვილი, ამბობდა, პოლიტიკა მხოლოდ იდეათა ჭიდილი კი არა, არსებულ გარემოებათა გამოყენების ხელოვნებაცააო. ამიტომ ასეთი კომპრომისებისთვის მზად ვართ, თუმცა ჩვენს ძირითად პრინციპებზე უარს არ ვიტყვით!
_ ბატონო მამუკა, ვიდრე გარეჯზე თქვენი ხედვების შესახებ გკითხავთ, მითხარით, იქიდან გამომდინარე, რომ ერთჯერადი შეთანხმებისთვის მზად ხართ, ე. ი., ოპოზიციის მაჟორიტარების საერთო კანდიდატებს შესაძლოა, მხარი დაუჭიროთ?
_ პიროვნების ხედვებს გააჩნია. საერთოდ, რომელიმე პარტიაში ერთიანი გუნდის მოაზრება შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ვერ მეტყვით, რომ ისეთი ე. წ. მსხვილი გაერთიანება, როგორიც, მაგალითად, „ოცნება“ ან რომელიმე მმართველი პარტიაა, რომელიც გამოვიცვალეთ, ერთიანი გუნდი იყო და ერთიანი ხედვა ჰქონდა. ამიტომ წინა პლანზე პიროვნების თემა მოდის, ანუ ჩვენ სტერილურ გარემოში არ ვცხოვრობთ და თუ ჯანსაღი პიროვნება გამოჩნდა, მაშინ მხარდაჭერა შესაძლებელია.
_ ბატონო მამუკა, მაჟორიტარების ერთიანი კანდიდატების დასახელებას ოპოზიცია აპირებს და აქცენტს „ოცნებაზე“ რატომ აკეთებთ?
_ ჩემთვის ერთგვაროვანი არც ოპოზიციაა და არც „ნაცმოძრაობაა“ ოპოზიციის სიმბოლო. ამიტომ შესაძლებელია, რომ რომელიმე პარტიაში ისეთი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომელთა ხედვები ჩვენსას დაემთხვეს და სათანამშრომლოდ მზად ვიქნებით.
_ ალბათობას თავი დავანებოთ და პირდაპირ მითხარით: „სახალხო პარტიას“ მაჟორიტარობის კანდიდატი 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში ეყოლება?
_ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, მაჟორიტარობის კანდიდატის 30-ვე ოლქში წარდგენა, ალბათ, გაგვიჭირდება, ანუ პიროვნებები კი გვყავს, მაგრამ ელემენტარული გადაადგილების საშუალებაა საჭირო, მინიმუმ, ამომრჩეველს რომ შეხვდე, თან მაჟორიტარულ არჩევნებს თავისი სპეციფიკა აქვს _ ხალხთან პირადად უნდა მიხვიდე და ნახო. მოკლედ, მზად ვართ, მთელ რიგ რაიონებში ჯანსაღ კანდიდატს დავუდგეთ გვერდით.
_ ეს „ჯანსაღი კანდიდატი“ შესაძლოა, „ოცნების“ წარმომადგენელიც იყოს?
_ თეორიულად, შეიძლება, თუმცა „ოცნების“ კანდიდატი, ბუნებრივია, ოპოზიციის მხარეს ყურებას არ დაიწყებს, რადგან ამის გამო „ოცნება“ არჩევნებიდან მოხსნის.
სხვათა შორის, დღეს ოპოზიცია საარჩევნო კანონის პუნქტებზე ყურადღებას არ ამახვილებს.
_ ანუ?
_ მაჟორიტარებად საარჩევნო ჯგუფიდან იმიტომ მიდიან, რომ საარჩევნო კომისიაში 12-დან, მინიმუმ, ათი ხელისუფლების წარმომადგენელია. ამასთან, მაჟორიტარობის სახელისუფლებო კანდიდატი სახელისუფლებო რესურსითა და ფინანსებითაცაა მხარდაჭერილი. სამწუხაროდ, ოპოზიციურ ერთობაში იმის გატანა ვერ მოვახერხეთ, რომ არჩევის ფორმაზე კი არა, საარჩევნო კანონმდებლობის პუნქტებზე გვესაუბრა, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია.
_ ოპოზიციასთან ეს თემა როგორ უნდა გაგეტანათ, როცა „სახალხო პარტია“ ე. წ. ლეიბორისტული მაგიდის მონაწილე არაა!
_ ამ მაგიდის მუშაობაში იმიტომ არ ვმონაწილეობთ, რომ იქ იმაზე მიდის საუბარი, რურუა პოლიტპატიმარია თუ _ არა. ეს თემა კი ჩვენთვის საინტერესო არ არის.
ასევე, ბავშვური საუბრები მიდის, თუ ვინ უნდა იყოს მომავალი პრეზიდენტი თუ პრემიერი. ეს კი აბსურდია.
_ აბსურდი რატომაა?
_ ეს ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ კი არ იბრძვიან, არამედ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საეთერო სივრცეს ავსებენ და რაღაც ახალ-ახალი დღის წესრიგით მოსახლეობის ყურადღება არამნიშვნელოვან საკითხებზე გადააქვთ, თორემ როგორ შეიძლება, ოპოზიციის ასეთი სპექტრი პრემიერის კანდიდატზე შეთანხმდეს?!
ისე, ჩემთვის კიდევ ერთი რამეა გაუგებრაი.
_ კერძოდ?
_ თუკი ამ ხალხს პროპორციული არჩევნები პანაცეად მიაჩნდა, მაშინ თუნდაც გიორგი რურუას თემამ ეს საკითხი საფრთხის ქვეშ რატომ უნდა დააყენოს?
_ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია _ პოლიტპატიმრების განთავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ძირითადი პუნქტია.
_ გასაგებია, მაგრამ თუ პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის მისაღებია, მაშინ ამ საკითხის ჩავარდნაზე მაინც უნდა წავიდნენ?
ერთი სიტყვით, ეს დაპირისიპირება დრამატული სპექტაკლის ფორმას იღებს! სიმართლე გითხრათ, 40 წლის განმავლობაში ბევრი ასეთი ხელოვნური დაპირისპირება მინახავს. 1999 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქართული მედიის მთავარი თემა ის იყო, რომელიმე რეგიონში ჩასულ ჯუმბერ პატიაშვილს კვერცხს ესროდნენ თუ _ პომიდორს!
_ ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თანაც მას შემდეგ, რაც 13 ამერიკელი კონგრესმენის ყბადაღებული შეფასება გამოქვეყნდა, პროპორციული არჩევნების თემამ, თითქოს, უკანა პლანზე გადაიწია. მოკლედ, თქვენი აზრით, ამერიკელი კონგრესმენები ივანიშვილს საქართველოში რუსული ინტერესების გამტარებლად რატომ მიიჩნევენ?
_ აი, ეს სერიოზული თემაა.
_ ჰოდა, გისმენთ და გაშალეთ ეს თემა.
_ ეს დოკუმენტი ქართული საზოგადოებისთვის არ არის განკუთვნილი. ეს დოკუმენტი შიდა კვლევის საგანია, ანუ საჯაროდ კი გამოქვეყნდა, მაგრამ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობისა და აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტისკენაა მიმართული.
ერთი სიტყვით, ეს მოხსენება ლობისტებისა თუ პიროვნულად გაღიზიანებული ადამიანების პირად წერილებს სცდება. ამ მოხსენებაში დესტაბილიზაციის ფაქტორია გამოყოფილი და უმთავრესიც სწორედ ეს გახლავთ.
იცით, ეს დოკუმენტი გულზე რატომ მოგვხვდა?
_ რატომ?
_ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ საქართველოში რუსეთის მთავარი ფაქტორი, უფრო სწორად, ინტერესი, დესტაბილიზაციის ორგანიზებაა.
_ ანუ ეს დოკუმენტი იმაზე მიანიშნებს, რომ „ოცნება“, საერთაშორისო ასპარეზზე, კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა?
_ ადამიანი ან ქვეყნის ხელისუფლება შეიძლება, კორუფციაშიც დაადანაშაულო და, ჯანდაბას, ირანისადმი დაწესებული სანქციების დარღვევაშიც, მაგრამ როცა გამოთქვამ მოსაზრებას, რომ საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხე არსებობს, ეს უკვე შემაშფოთებელი სიგნალია!
_ დესტაბილიზაციის საბაბი შეიძლება, დავითგარეჯის თემა გახდეს?
_ დესტაბილიზაციის საგანი გიორგი რურუას განთავისუფლება ან ის გახდეს, რომ ხვალ რომელიმე პოლიციელმა ადამიანი არასწორად დააკავოს. ასევე დესტაბილიზაციის საგანი შეიძლება, დავითგარეჯის, ჰესების თემა ან, სულაც, ის გახდეს, რაც შარშან პანკისში მოხდა. მსგავსი საბაბი მრავალჯერ გვინახავს.
_ ე. ი., რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას „ოცნების“ ხელით გამოიწვევს?
_ პროვოცირებას რუსეთის წერტილოვანი ინტერესების გამტარებელი სხვადასხვა ჯგუფი გამოიწვევს, „ოცნების“ პასუხისმგებლობაზე კი იმიტომ საუბრობენ, რომ ის ხელისუფლებაშია, თუმცა დესტაბილიზაციის ორგანიზებაში პარტნიორი შესაძლოა, ოპოზიციიდანაც ჰყავდეს, რადგან შემდეგ ყველაფერი მას გადააბრალოს, მაგრამ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა აქცენტები ზუსტად დასვეს _ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება!
_ კი ბატონო, მაგრამ ზემოხსენებულ ამერიკულ მოხსენებაში პირდაპირ ივანიშვილია ნახსენები.
_ ხელისუფლების მინისტრები გამოდიან და ამბობენ, ქვეყნის სტაბილურობის გარანტი ერთი კაციაო. არადა, ამ „ერთ კაცს“ სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია. როცა მთელი ხელისუფლება ამას აღნიშნავს, აბა, ამერიკელებმა დესტაბილიზაციის მცდელობა ვის დააბრალონ?
ეს ხალხი ივანიშვილის უაზრო ქებით უკვე იმდენად გაერთო, რომ მსოფლიოს ქართველობაზე სხვანაირი წარმოდგენა ექმნება! კი ბატონო, შეგიძლია, ივანიშვილი გიყვარდეს, თუმცა სიყვარული არაფერ შუაშია, უბრალოდ, ის მათი კეთილდღეობის გარანტია და ამიტომ ეპირფერებიან, მაგრამ განა შეიძლება, რომ პირადი კეთილდღეობის გამო ქართული სახელმწიფო დარტყმის ქვეშ დააყენო და თავადვე ამტკიცო ის, რაც სახელმწიფოსთვის ყველაზე შემარცხვენელია?!
_ მაშასადამე, ამერიკელებს ივანიშვილზე ინფორმაცია თავად „ოცნებამ“ მიაწოდა და „ნაციონალების“ ლობისტებს ტყუილად სდებენ ბრალს, არა?
_ დიახ, „ოცნების“ მოქმედებები სწორედ ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა. იმას, რასაც ჩვენი მინისტრები აკეთებენ, შუა საუკუნეებშიც არ აკეთებდნენ და დღეს ასე მხოლოდ პუტინის რუსეთში ამბობენ, რომ სახელმწიფოებრიობის გარანტი ერთი კაცია!
„ვეფხისტყაოსნისა“ და „გალობანი სინანულისანის“ ავტორი ერისთვის ასეთი რაღაცის კეთება მხოლოდ სირცხვილი კი არაა, პრაგმატული თვალსაზრისითაც, ამაზე მთელი მსოფლიო რეაგირებს და ამა თუ იმ ქვეყნიდან მოსული უარყოფითი წერილებიც ამითაა განპირობებული!
სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, „ოცნება“ ასე რატომ იქცევა? იმიტომ, რომ ქების გამო ვიღაც ორ კაპიკს მისცემს ან თანამდებობაზე დანიშნავს, ქვეყნის ასე დაქცევა შეიძლება?
_ ბატონო მამუკა, ამ კითხვაზე პასუხს, ცხადია, მე ვერ გაგცემთ. ამიტომ საუბრის თემას შევცვლი და მითხარით, ბოლო დროს გარეჯის საკითხი რატომ გააქტიურდა?
_ დავიწყოთ იმით, რომ რუსეთი დაინტერესებულია, საქართველოს ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი კონფლიქტი იყოს. ამასთან, რუსეთს უნდა, რომ საქართველოს, რუსეთის გარდა, პრობლემები სხვა ქვეყნებთანაც შეექმნას და ამას აკეთებს კიდეც _ გამოდის და მთელ მსოფლიოს ეუბნება, ჩემთან რა გინდათ, როცა საქართველოს პრობლემები უკრაინასთანაც აქვსო, ანუ რუსეთი იმის წარმოჩენას ცდილობს, რომ საქართველო ვითარებას, თითქოს, სხვა მეზობლებთანაც ვერ აგვარებს.
გარდა ამისა, რუსეთს უნდა, რომ საქართველოში დაძაბულობის კერა მუდმივად იყოს. ეს კი რუსულ აგენტურას საშუალებას მისცემს, ისეთი წერტილოვანი ქმედებები ჩაიდინოს, რომლითაც მოყანყალებული სახელმწიფო ნავი შეიძლება, ამოტრიალდეს!
აქვე, გარეჯის საკითხზე საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაც უნდა ვახსენოთ.
_ კერძოდ?
_ ჩვენს ხელისუფლებას აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან გარკვეული ფინანსური ინტერესი აქვს და ამის შესახებ ბევრი იწერება. ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი მართალია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესების დაცვას თავს არიდებს. ყველაფერ ამის დასტურად კი ერთი მაგალითიც კმარა: თუ საზღვრის დემილიტარიზაციისა და დემარკაციის ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა, მაშინ საკითხავია, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები საქართველოს ტერიტორიაზე რატომ დგანან? თუ ეს საკითხი გადაწყვეტილია, მაშინ რატომ გვიმალავენ?
მოკლედ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ სერიოზული ეჭვები არსებობს!
სხვათა შორის, გარეჯის თემას რამდენიმე მდგენელი აქვს, მათ შორის, პოლიტიკური და ისტორიული.
სამწუხაროდ, საქართველოში, ხელისუფლების მიშვებით, დღესაც გამოიცემა ისეთი ისტორიული ნაშრომები, რომელთა მიხედვითაც ეს ტერიტორიად საერთო მფლობელობაშია გამოცხადებული.
იცით, თავის დროზე, ივანე ჯავახიშვილის, პავლე ინგოროყვას, სიმონ ჯანაშიასა თუ ნიკო ბერძენიშვილის ნაშრომები რატომ აიკრძალა?
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ამ ნაშრომებში ისტორიული ჭეშმარიტება ეწერა, მაგრამ შემდეგ მოსკოვიდან მოვიდა დებულება, რომ ყველა საკითხი ლენინური ინტერნაციონალიზმის კუთხით განხილულიყო და ქართველმა მეცნიერებმა ზემოხსენებული ისტორიკოსების მიერ დადასტურებული დებულებების ე. წ. საერთოდ გამოცხადება დაიწყეს, რაშიც ლენინური პრემიები მიიღეს. ყველაფერ ამის გამო კი უკვე ის ეჭვი არსებობს, რომ დავითგარეჯა ქართული ტერიტორია არაა და ჰერებიც, თურმე, ალბანური ტომები ყოფილან, თბილისამდე ალბანური ტერიტორიაა და იგივე ასურელი მამებიც მონოფიზიტები იყვნენ.
ერთი სიტყვით, ისტორია საეჭვო ჩვენვე გავხადეთ და სწორედ ქართველ მეცნიერებზე დაყრდნობით, აზერბაიჯანი საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს აწყობს, სადაც ამ მასალებს საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად იშველიებს.
აზერბაიჯანელ საზოგადოებას, ქართველ ე. წ. მეცნიერებზე დაყრდნობით, სულ უფრო და უფრო უმყარდება პოზიცია, რომ დავითგარეჯა ალბანური ტერიტორიაა.
მეტიც: რამდენიმე წლის წინათ აზერბაიჯანმა ალბანური მართლმადიდებლური ეკლესია შექმნა.
_ როგორ?
_ აზერბაიჯანში ერთი პატარა სოფელია, სადაც ალბანელების შთამომავლები ცხოვრობენ. ამ ალბანურ ეკლესიას იმისთვის ამუშავებს, რომ დავითგარეჯა მოითხოვოს, ანუ ხვალ შეიძლება, დადგეს საკითხი და თქვან, ის, რაც დავითგარეჯის გარშემო ხდება, ორ რელიგიურ სუბიექტს შორის დავაა, ანუ ალბანური და ქართული ეკლესია, უბრალოდ, ქონებას ვერ იყოფენ, თორემ ეს ტერიტორიული დავა არ არისო.
_ ე. ი., ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავითგარეჯის თემა სხვანაირად უნდა განვიხილოთ?
_ რა თქმა უნდა. თავის დროზე ჩავთვალეთ, რომ ქართულმა ეკლესიამ დავითგარეჯა წალკოტად აქცია და პრობლემა აღარ არსებობდა, მაგრამ ბოლო 15 წელია, ეს უდავო საკითხი ისევ სადავო გავხადეთ და, ბოლოს და ბოლოს, ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დადგეს!
სხვათა შორის, აფეთქების შემდეგ თქვეს, რომ საყდრისში მუზეუმს აკეთებენ, მაგრამ იქვე განაცხადეს, ამ ძეგლის ხნოვანება საეჭვოაო.
შე კაი დედმამიშვილო, მთელ მსოფლიოში არტეფაქტებს ასაკს უმატებენ, ჩვენ კი იმიტომ, რომ საყდრისის აფეთქება გავამართლოთ, ჩვენივე ხელით ვწერთ, ძველი არააო.
მოკლედ, ყველაფერ ამას უნდა გადავხედოთ და ვინც საქართველოს ინტერესებს აზიანებს, ყველას მკაცრი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს!

გიორგი აბაშიძე

დატოვეთ კომენტარი