ირაკლი ღლონტი: „ნახვამდის, ბიძინა, ჩვენ შენთან საუბარი დავასრულეთ!“

ბოლო დღეებია, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური თემა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრების სამუშაო ჯგუფის ანგარიშია, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს და სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის პროპაგანდის ნაწილია.

კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ:
„რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები მის დეზინფორმაციულ კამპანიაში ჩართულ ლიდერებზეც უნდა გავრცელდეს. იგივე ახალი სანქციები უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროპაგანდისტებზე, როგორიც სამუშაო ჯგუფს შემოთავაზებული ჰქონდა ჩინეთის შემთხვევაში, კერძოდ, რუსეთის პროპაგანდის უფროსებზე და ასევე რუსეთის მოკავშირეებზე სხვა ქვეყნებში, რომლებიც პუტინის სასარგებლოდ მოქმედებენ.
მაგალითად, ახალი უფლებამოსილების პირობებში სანქციები დაწესდებოდა ვლადიმერ იევტუშენკოვზე, რუს მილიარდერ ოლიგარქზე. გარდა ამისა, არსებული სანქციები საკმარისად არ ეხება პუტინის საგარეო მოკავშირეებს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.
ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ… გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა შეიმუშავოს ანგარიში კრემლის კონტენტთან დაკავშირებულ ოლიგარქებზე, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო აგრესიას მოკავშირე და დაქირავებული არმიების საშუალებით. ასეთი ანგარიში სასარგებლო იქნებოდა კონგრესისთვის, რათა მან განსაზღვროს სამომავლო სანქციები, რაც ინდივიდებსა და ორგანიზაციებს კრემლთან მუშაობაზე ხელს ააღებინებდა“.
ამას გარდა, ანაგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ და მოკავშირეებიც უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ფინანსურ სანქციებს რუსეთის სამხედრო აგრესიის პასუხად და, როგორც 13 კონგრესმენი აცხადებს, ასეთმა სანქციებმა შესაძლებელია, რუსეთის აგრესია შეაჩეროს და გააუმჯობესოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მდგომარეობა და ასეთი სანქციები უნდა გამოიყენონ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და საქართველოს შემთხვევაში.
ზემოხენებული ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკური პროცესები დრამატულად უნდა განვითარდეს.
ამაში ეჭვი არ ეპარება არც პარტია „კანონი და სამართლის“ ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი ღლონტს. „ქრონიკა+“ მასთან ინტერვიუს გთავაზობთ:

_ ირაკლი, როგორ ხარ, ლოკდაუნი როგორ გაატარე?
_ ეს არ იყო ადვილი… მსოფლიო პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ყველაზე დიდი სიკეთე _ სიცოცხლე და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში გვქონდეს ძლიერი ინსტიტუციები, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით.
პირველ ეტაპზე, ჩემს გუნდთან ერთად, ანტიკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობდი და 5-პუნქტიანი სტრატეგია შევქმენით, რომელიც 20 მარტს საქართველოს მთავრობას ოფიციალურად შევთავაზეთ.
_ და „კანონი და სამართლის“ 5-პუნქტიანი სტრატეგია როგორი იყო?
_ ვითხოვდით: 1. გონივრული ვადით, ყველა ადმინისტრაციული სახდელის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის ჯარიმების გადახდის გადავადებას; 2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების ვადის გადავადებას, რათა მოქალაქეები არ დაჯარიმებულიყვნენ; 3. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩანიშნული ღონისძიებების, მათ შორის, გამოსახლებების გადავადებას; 4. ტურიზმის სფეროს მსგავსად, ყველა მეწარმე სუბიექტისთვის საგადასახადო ვალდებულების გადახდის ვადის გადავადებას, რომ მეწარმეებს საურავები არ დარიცხოდათ; 5. ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და ინტერნეტპროვაიდერებთან კონსულტაციის გზით, ტარიფების გონივრული ვადით შემცირებას. ანუ წარმოვადგინეთ ფორმულა, რომ ამ პროვაიდერებს გონივრული ვადით შემცირებოდათ ან მოხსნილიყო საგადასახადო ვალდებულებები, რაც, ჯამურად, დაახლოებით, 40 პროცენტამდე გააიაფებდა ტარიფებს ყველა მოქალაქისა და მეწარმე სუბიექტისთვის.
_ ამ ხუთი პუნქტიდან მთავრობამ, პრაქტიკულად, ყველა გაითვალისწინა, არა?
_ პოლიტიკური საკითხების გარდა, რამდენიმე მეგობარმა თანხა შევაგროვეთ და შევძელით, რომ სამასამდე ოჯახისთვის სურსათ-სანოვაგეზე ფიქრი ერთი თვით შეგვემსუბუქებინა. შემთხვევით ვისარგებლებ და ამ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ჩემს ემიგრანტ მეგობრებს _ გიორგი კუნჭულიასა და დათო ბესელიას _ მადლობას გადავუხდი.
ამის შემდეგ, თითქმის, ერთი თვე მშობლიურ მხარე გურიაში გავატარე და სოფლის მეურნეობით ვიყავი დაკავებული. საერთოდ, სასოფლო სამუშაოები აზარტული და მადლიანი საქმეა და გურია თბილისთან უფრო ახლოს რომ იყოს, ალბათ, მთელ გურიაში ყველაზე მაგარი ბაღჩა-ბოსტანი და მეურნეობა მექნებოდა!
_ ლოკდაუნი ნაყოფიერად გამოგიყენებია, მაგრამ ბოლო დროს „კანონი და სამართალი“, თუ თაკო ჩარკვიანის მიერ პრემიერად გიორგი ვაშაძის კანდიდატურის დასახელებას არ ჩავთვლით, მაინცდამაინც, აღარ აქტიურობს. ხომ მშვიდობა გაქვთ?
_ არა.
_ რა არა?
_ ვინ თქვა, რომ არ ვაქტიურობთ? პანდემიის პირობებშიც კი აქტიურები ვიყავით. ამას ის ხუთპუნქტიანი გეგმაც მოწმობს, რომელზედაც წეღან ვისაუბრე.
ცხადია, თვითპიარს არ დავიწყებ, მაგრამ ზრუნვა არც ექიმებისთვის მოგვიკლია და ეს მათ კარგად იციან. ასე რომ, ჩვენს გასაკეთებელს მაქსიმალური მონდომებით ვაკეთებთ და ყოველთვის ასე იქნება.
_ კეთილი, მაგრამ ვიდრე ხელისუფლების პლუს-მინუსებზე ვისაუბრებთ, ირაკლი, მითხარი, ოპოზიციაში განხეთქილება ხომ არაა, ანუ ვიღაც, მაგალითად, „ევროპული საქართველო“, ხომ არ ცდილობს, რომ მთელი ოპოზიცია საკუთარ დაკრულზე ატაროს?
_ არა, ეს პოლიტიკური რეალობის განვითარებაა, რაც, ვფიქრობ, დაიწმინდება…
დიახ, ახლა მაჭრის დაღვინების მსგავსი პროცესის მონაწილეები ვართ და მერწმუნე, ნალექი დაილექება, ჩვენი ხალხი ხარისხიან ღვინოს მიირთმევს!
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, ვწუხვარ, მაგრამ მის გზას „მართალ გზას“ ვერ ვუწოდებ, თუმცა ამ გუნდს აქვს უფლება, პოლიტიკა ისე აკეთოს, როგორც სურს. ეს მისი პასუხისმგებლობა და, ვფიქრობ, პრობლემაცაა.
საერთოდ, ეს პარტია იმდენად მასშტაბური არაა, რომ პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენა იქონიოს, თუმცა ვისურვებდი, მისმა ზოგიერთმა ლიდერმა დამოკიდებულებები გადაახალისოს, ერთიანობის იდეა ადეკვატურად შეაფასოს და სახელმწიფო ინტერესების მიმართაც მეტი პატივისცემა გამოიჩინოს!
_ ანუ?
_ ძალიან არაადეკვატური იყო გიგა ბოკერიას განცხადება, რომ სააკაშვილი არ და ვერ იქნება ოპოზიციის წინა ხაზზე. ეტყობა, გიგას დაავიწყდა, რომ სააკაშვილი მრავალი წელია, პოლიტიკის წინა ხაზზეა. სააკაშვილი ქართული პოლიტიკის წინა ხაზზე ურყევად მას შემდეგაა, რაც ხალხის წინაშე, ჯერ კიდევ, მაშინ წარდგა, როცა საქართველოს ხელისუფლება ედუარდ შევარდნაძეს ებარა. მრავალი გამოწვევისა და ღალატის მიუხედავად, სააკაშვილმა მოახერხა, მთავარ პოლიტიკურ აქტორად დარჩენილიყო! მეტიც: დევნილობის პირობებში ბრძოლის ასპარეზი გააფართოვა და 50-მდე მილიონი ადამიანის, ანუ ქართველი და უკრაინელი ხალხის ანტისაოკუპაციო-განმათავისუფლებელი ბრძოლის ლიდერის პოზიციაც დაიკავა.
მოკლედ, მინდა, გიგას ვუთხრა, რომ დევნილი სააკაშვილი მხოლოდ პარტიული ორგანიზაციების ლიდერი კი არა, ჩვენი ხალხის ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე რეიტინგული მსახურია! შესაბამისად, მის მიმართ არსებული ნდობის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე გიგას წარმოდგენაში არსებული რამდენიმე პარტიის ამომრჩეველთა ხმების ჯამი!
აქვე, ბოკერიასა და ყველა პარტიას მოვუწოდებ, რომ სიმართლის გზაზე ვიაროთ და პუტინისა და მასთან კოლაბორაციაში მყოფი დესტაბილიზაციის გეგმის მქონე ოლიგარქის წისქვილს ნუ დავასხამთ წყალს!
მერწმუნეთ, ამ წისქვილის ქვა ძალიან მძიმეა და უახლოეს თვეებში, როცა ქართველი ხალხი ამ წისქვილისკენ რუსეთიდან მომავალ წყალს ოფიციალურად გადაკეტავს, ეს ქვა სიმართლის შემლახავ ყველა პოლიტიკოსს ლოდად დააწვება!
_ ძალიან ჩახლართული პოლიტიკური მეტაფორა გამოგივიდა, ირაკლი!
_ შეიძლება, მაგრამ „ევროპული საქართველოს“, როგორც შენ ამბობ, დაკრულზე, არ მგონია, რომ ბევრმა პარტიამ იაროს. „ევროპული საქართველოც“ დაფიქრდება და ქართველ ხალხთან ითანამშრომლებს!
_ არავინ იცის, მომავალში რა იქნება. ამ ეტაპზე კი ხმა დადის, რომ ბოკერიას გუნდი „ოცნებასთან“ ფარულად თანამშრომლობს. ამ ვერსიისკენ შენც იხრები?
_ ის კაცი არ ვარ, რომ ვინმეზე ფაქტების გარეშე ვისაუბრო _ ამის უფლებას საკუთარ თავს არ ვაძლევ, მაგრამ გიგა ბოკერიას განცხადებები და ნაბიჯები მისდამი საზოგადოების უკმაყოფილების საფუძველი ბევრჯერ გამხდარა და სრულიად კანონზომიერადაც.
არ მგონია, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ივანიშვილთან თანამშრომლობენ და თუ ხალხში დამკვიდრებულ აზრს, რომ ბოკერია ივანიშვილის ერთ-ერთი საიმედო დასაყრდენია, დამაჯერებელ პასუხს იგი ქმედებებით არ გასცემს, ამით მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მის გვერდით მყოფ სხვა ლიდერებსაც!
ისე, გიგასა და ივანიშვილის ალიანსს არ ვისურვებდი.
_ რატომ?
_ ივანიშვილთან დაკავშირებული ყველა სისტემა წარსულია, რასაც ქართველი ხალხი მალე ოფიციალურად გავაფორმებთ. ამიტომ ბოკერიას ვურჩევ, გულწრფელად მხოლოდ ქართველ ხალხთან და სახელმწიფო ინტერესებთან ითანამშრომლოს!
_ ვნახოთ, ბოკერია ამ რჩევას გაითვალისწინებს თუ არა, მაგრამ ხომ არ ელოდები, რომ არჩევნების წინ „ძალა ერთობაშია“ დაიშლება და ამის მიზეზი ე. წ. ერთიანი მაჟორიტარები გახდებიან?
_ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ის, რაც ახლა ოპოზიციაში მიმდინარეობს, მაჭრის დაღვინების მსგავსი პროცესია და არ მგონია, ეს მაჭარი ჩამოსაწერი გახდეს!
_ უფრო კონკრეტულად?
_ მგონია, რომ ამ მაჭარს დაღვინების პერსპექტივა აქვს, თუმცა ყველაფერი პოლიტიკური სუბიექტების ხელშია და თუკი ისინი კეკლუცსა და ამბიციებზე უარს არ იტყვიან, არ გამოვრიცხავ, ერთ დროს ყველაზე საიმედო ოპოზიციური პლატფორმა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს კი ძალიან ცუდი იქნება!
რაც შეეხება ერთიანი მაჟორიტარების კანდიდატურებს, აქ, მართლაც, ქირურგიული სიზუსტეა საჭირო, ანუ ხალხი ელოდება, თუ როგორ წარვდგებით მის წინაშე. ახლა შეცდომების დაშვების დრო არ არის, ამას ქართველი ხალხი არ გვაპატიებს და მართალიც იქნება.
დაშლასა და განადგურებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება _ ეს ხომ ივანიშვილის რუსული დესტაბილიზაციის გეგმის ნაწილია?! საინტერესოა მშენებლობა და განვითარება. ჰოდა, ყველანი ერთმანეთს ამაში შევეჯიბროთ.
ზოგადად, არაფერი იმალება.
_ უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ არც დამშლელები დაიმალებიან, რადგან ყველა პოლიტიკური ოპერაცია ფურცლებზეც ფიქსირდება, რაც ისტორიას რჩება.
_ საინტერესო მინიშნებას აკეთებ… შენი შეფასებით, ენმ-მ თბილისის 8 ოლქიდან 6 რატომ დათმო?
_ გულწრფელად რომ გითხრა, ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა არ მესმის და ვფიქრობ, ეს ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. ამ გადაწყვეტილების ავტორებმა ბევრი იფიქრეს. მასში, ალბათ, პრაგმატიზმისა და წარმატების მარცვლებიც დაინახეს, მაგრამ პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ.
_ ისე, როგორც ვიცი, შენც გსურდა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატი ყოფილიყავი. ირაკლი, ვინ და რატომ დაგბლოკა?
_ უი, არ ვიცოდი, თუ დაბლოკილი ვიყავი. შენ ასე ფიქრობ?
_ კი არ ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატად ირაკლი ოქრუაშვილს არ ასახელებს და რომელიმე მაჟორიტარულ ოლქს შენ ვინ დაგითმობს?
_ ვფიქრობ, ასე არაა.
_ აბა, როგორაა?
_ ირაკლი ღლონტი 8 წელია, ოპოზიციაშია და მისი დაბლოკვა არცთუ ადვილია! ასე რომ, ნუ ვიჩქარებთ!
_ კი არ ვჩქარობ, უბრალოდ, ფაქტებით ვმსჯელობ!
_ თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომ რომელიმე ოლქში დეპუტატობის კანდიდატი ვიყო, მერწმუნე, ამას გუნდსა და საკუთარ ხალხთან ერთად განვახორციელებ! ხალხის აზრის, ანუ ხალხის დაკვეთის გარეშე ნაბიჯებს არასოდეს ვდგამ. სწორედ ახლა ვერკვევი, სურს თუ არა ჩემს ხალხს, რომ ბრძოლის ამ ეტაპზეც ლიდერ პოზიციაზე მიხილოს, თუმცა ახლა საქართველოში მთავარი პუტინის დამარცხებაა. პარლამენტი კი არსად გარბის, არც _ მთავრობა! ჰოდა, მოდით, საერთო მტრის _ ოკუპანტისა და მასთან კოლაბორაციაში მყოფი ე. წ. ხელისუფლების წინააღმდეგ ვიასპარეზოთ!
_ ასეა თუ ისე, ოპოზიცია ეკლექტურია _ პრორუსები და პროევროპელები ერთად სხედან, რაც ამომრჩეველს აბნევს. ამ ფონზე, არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების შანსი ხომ იზრდება?
_ რომელი შანსის ზრდაზე მეკითხები? ქვეყნის შიგნით არსებულ განწყობებს ან ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის უმწვავეს განცხადებებს არ აკვირდები? როგორ ფიქრობ, ქართველი ხალხი, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, საქართველოში პუტინს ვერ დავამარცხებთ?
_ ერთიანობით ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ირაკლი, არ დაგავიწყდეს, რომ ამერიკელებს თავიანთი პრობლემები აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ბოლო დროს ოკეანის გაღმა მოვლენები ისე ვითარდება, რომ თეთრმა სახლმა ჩვენთვის შესაძლოა, ვეღარ მოიცალოს…
_ მესმის და ისიც გავიგე, რომ ოპოზიცია ეკლექტურია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მათთან სიამოვნებით ვსაუბრობ, ცდება.
_ ვერ მივხვდი, საუბარი საითკენ მიგყავს?..
_ ეს თუნდაც ეკლექტური ოპოზიცია, სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით, ბევრად სოლიდურია, ვიდრე _ პუტინის მარიონეტები ოლიგარქის დირიჟორობით!
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა და ყველაზე მეტად პოლიტიკოსებმა, უდიდესი შეცდომა დავუშვით, რომ ოკუპანტს ნება მივეცით, რათა ქართულ სახელმწიფოში თავისი ბინძური და სისხლიანი ხელები 8 წლის განმავლობაში ეფათურებინა!
მერწმუნეთ, აღარ ბნელა, ივანიშვილ-პუტინის ტანდემი დასრულებულია!
_ ამ განცხადების გაკეთების საბაბს, ალბათ, იმ 13 ამერიკელი კონგრესმენის შეფასება გაძლევს, რომლის თანახმადაც, ივანიშვილი საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ დესტაბილიზაციის მცდელობაშია მხილებული, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ ეს შეფასება მმართველი გუნდისთვის განაჩენი არაა. „ანტიოცნებელები“, უბრალოდ, ფუჭ ილუზიებს იქმნით…
_ ის ტერმინები და შინაარსიც, რომელსაც 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიში ატარებს, უპრეცედენტოა!
_ დამისაბუთე, რატომ?
_ სხვათა შორის, ივანიშვილსა და პუტინთან ერთად, ამ ანგარიშში დასახელებული მედვეჩუკი, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ოლიგარქს ზღვის სანაპიროზე მოსკოვიდან პირდაპირი რეისით ფარულად ეწვია. რაზე უნდა ესაუბრა პუტინის ორ ფეხს, მაგაზე საუბრის გაშლას არ ვაპირებ, მაგრამ ფაქტია: მედვეჩუკი პუტინის ოკუპაციური გადაწყვეტილებების აღმასრულებელი და მისი ოჯახის ნათესავია; ამასთან, ჩვენი დაუძინებელი მტერი მისი შვილის ნათლიაა.
მოკლედ, რუსი ოლიგარქები დემოკრატიისთვის საშიშები არიან! იყო დრო, როცა აშშ-ის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივნებსა და ევროპის ლიდერებს ვმასპინძლობდით, ახლა კი მედვეჩუკები გვსტუმრობენ ხოლმე.
ერთი სიტყვით, კონგრესმენების ანგარიში მნიშვნელოვანი და უსერიოზულესი დოკუმენტია, რომელიც ივანიშვილისა და მისი დაჯგუფების მიმართ ამერიკელი ხალხის უნდობლობას ნათლად ადეკლარირებს. მაგრამ ე. წ. მმართველ გუნდსა და პუტინს საქართველოში საბოლოო სიტყვას დემოკრატი, მებრძოლი და თავისუფალი ქართველი ხალხი ეტყვის!
_ საერთოდ, ირაკლი, ხომ არ მოვიდა დრო, რომ ყველა ძველმა სახემ, ხელისუფლებიდან იქნება თუ ოპოზიციიდან, საკუთარი ამბიციები მოთოკოს და ახალგაზრდებს დაუთმოს გზა?
_ როცა საქმე სახელმწიფო ინტერესებთან გვაქვს, ამბიციები ახალგაზრდებმაც უნდა მოთოკონ და ძველგაზრდებმაც, მაგრამ ის, რომ ქართულ პოლიტიკას მეტი ახალგაზრდა პროფესიონალი ლიდერი და რუსეთთან ნაკლები შემხებლობის მქონე პატრიოტი ადამიანი სჭირდება, ეს ცხადზე ცხადია და დიდი ხანია, ჩვენი ხალხის დაკვეთაც სწორედ ესაა!
დღეს ჩვენ გვაქვს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი, მტერი კვლავ რუსეთია და მისი სამიზნე ისევ საქართველო და ქართველი ხალხია, მაგრამ სიტყვას გაძლევთ, რომ მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას სამშობლოში ეროვნული სული არ ჩაკვდება!
_ ჰო, მართლა: ირაკლი კობახიძის ლოგიკას რომ გავყვეთ, შენ, როგორც ოპოზიციონერი, გოიმი ხარ თუ სვეტი?
_ ირაკლი კობახიძე ძალიან მეცოდება და მასზე აღარ ვბრაზდები!
_ რატომ?
_ მიუხედავად იმისა, რომ ოლიგარქმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელშიც ჩასვა, ამ ბიჭმა ისე გაზრდა და ჩამოყალიბება ვერ მოახერხა, რომ ხალხს ამ ლექსიკით არ ესაუბროს!
მოკლედ, ძალიან მეცოდება, ცოდვაა, რომ პუტინის კაცის კაცია!
_ „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადითაც რომ დარჩეს, ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციის სტრატეგია როგორი იქნება?
_ „ოცნება“ დასრულებულია!
_ დარწმუნებული ხარ?
_ დიახ, ხალხის მოღალატე, გამღარიბებელი, კრიმინალური და კორუფციული სისტემა დასრულებულია და ამიტომ მომავლის გამოწვევებზე ვისაუბროთ!
_ გამოწვევებზე საუბრის დროც მოვა, მაგრამ ოპოზიციის მთავარი შეცდომა ის ხომ არაა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას პარალელურად, 8 მარტის შეთანხმებით მიხეილ სააკაშვილის პოლიტდევნილად გამოცხადება არ მოითხოვა?
_ ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი დევნილი პრეზიდენტია, მაგრამ მალე მიიღებს უფლებამოსილებას, მონატრებულ სამშობლოში დაბრუნდეს.
_ ამას რის საფუძველზე ამბობ?
_ სიტყვას გაძლევთ, რომ მიშა მონატრებულ ქართველ ხალხს საქართველოში მალე შეხვდება.
_ ისე, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: „კანონი და სამართლის“ რომელიმე ლიდერი ოპოზიციის პროპორციულ სიაში იქნება თუ არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოხვალთ?
_ ამ შეკითხვაზე ახლა ვერ გიპასუხებთ, კონსულტაციები მიმდინარეობს და ყველანი იქ ვიქნებით, სადაც გული გვიკარნახებს!
_ ბოლოს, ირაკლი, რას ეტყვი ხალხს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას?
_ ნახვამდის, ბიძინა, ჩვენ შენთან საუბარი დავასრულეთ!
ჩვენი, ქართველი ხალხის სახელით, თქვენთან მხოლოდ კანონი და რეფორმაგავლილი, თავისუფალი სასამართლო ისაუბრებს!

გიორგი აბაშიძე