ბეჟან ნათელაშვილი: „ოლიგარქმა მშვიდობიანად უნდა გადააბაროს ხელისუფლება ახალ ძალებს“

წლების წინათ, როცა შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი, ეს სასაცილოდ არ ეყო როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე _ ოპოზიციას. ბოლო პერიოდში კი ყველა მხოლოდ მოსალოდნელ სანქციებზე საუბრობს. აშშ-ის კონგრესის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ დოკუმენტში „ქართული ოცნების“ ლიდერი პუტინის მეკავშირედ და ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ არის გამოყვანილი. დოკუმენტს 13 კონგრესმენი აწერს ხელს. მეოცნებეებისთვის ეს დაბალი რანგის დოკუმენტია. ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს ვაშინგტონის გაფრთხილებაა და ქართველმა ოლიგარქმა შესაძლოა, მოლდოველ ოლიგარქ პლოხოტნიუკის ბედი გაიზიაროს.

შეცვლის თუ არა კონგრესმენების მომზადებული დოკუმენტი საქართველოში საარჩევნო გარემოს? რატომ გაუზრდელდნენ „ქართული ოცნების“ წევრები? ღირს თუ არა მათი გაგზავნა ვაშინგტონში მოლაპარაკებაზე? გამოჰკრავს თუ არა ივანიშვილი ხელს სანქციებს? რა ბედი ელით მის თანაპარტიელებს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება:

_ ამერიკა სულ უფრო ხშირად ახსენებს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობას. პირველად ამ თემაზე თქვენი პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დაიწყო ლაპარაკი. ის სანქციებზე წლების წინათ ამერიკელ კონგრესმენებსაც ესაუბრებოდა. მაშინ ეს ამბავი საქართველოში სასაცილოდ არ ეყოთ, ახლა კი სანქციები ოპოზიციის მთავარი სალაპარაკოა.
_ ამ თემაზე შალვა ნათელაშვილმა ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობა, ჯერ კიდევ, 2012 წლიდან დაიწყო, როგორც კი რუსი ოლიგარქი დაეპატრონა ქვეყანას. ჩვენ მაშინვე დავინახეთ, თუ რა საფრთხე დაემუქრა საქართველოს სახელმწიფოებრიობას. შალვა ნათელაშვილი ამერიკელებს ეუბნებოდა, _ საქართველოს სათავეში მოვიდა ადამიანი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებსაცო. ლამის არ დარჩა ამერიკაში კონგრესმენი და სენატორი, ამ თემაზე მასთან შალვა ნათელაშვილს რომ არ ესაუბრა, რაც წლების მანძილზე გრძელდებოდა. ამერიკელები უცბად არასდროს ღებულობენ გადაწყვეტილებას _ ფაქტებსა და ინფორმაციებს საკუთარი წყაროებით ამოწმებენ. ჩვენს შემთხვევაშიც იგივე მოხდა. წლების მანძილზე სწავლობდნენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები ამ თემას. შეისწავლეს ყველაფერი, გაერკვნენ ივანიშვილის საქმიანობაში, მის მიზნებსა და ამოცანებში. ამის შემდეგ მოქმედების დროც დადგა. პროცესი შეუქცევადია, დიდი ალბათობით, ივანიშვილი დაისჯება. ამერიკელები სანქციებსა და ქონების დაყადაღებაზე განცხადებებს შემთხვევით არასდროს აკეთებენ.
_ ალბათ, შემთხვევითი არც ისაა, რომ სანქციებზე საპარლამენტო არჩევნების წინ ალაპარაკდა ამერიკა.
_ შემთხვევითი კი არა, პირდაპირ კავშირშია ეს განცხადებები ჩვენს საპარლამენტო არჩევნებთან, რომელიც შემოდგომით უნდა ჩატარდეს. ვაშინგტონმა ამით ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ უთხრა, _ არ გაბედო და არჩევნები არ გააყალბოო! ამერიკელებმა რუს ოლიგარქს მიანიშნეს, რომ ისინი მესამე ვადით ხელისუფლების სათავეში მის მოსვლას აღარ დაუშვებენ.
_ გაყალბების გარეშე თუ მოიგო არჩევნები ივანიშვილმა, მაშინაც არ უნდა მოვიდეს მესამე ვადით ხელისუფლებაში? ვის აქვს იმის უფლება, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულს აუკრძალოს ქვეყნის მართვა?
_ გაყალბების გარეშე ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებს, ეს გამორიცხულია. ამერიკელებმა ჩვენზე კარგად იციან, თუ რა განწყობაა ხალხში „ქართული ოცნების“ მიმართ. ვაშინგტონში ისიც კარგად იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული ტროლ-ბოტები და მედიასაშუალებები დეზინფორმაციის გავრცელებაზე არიან გადასული. მათი ერთ-ერთი მთავარი დავალება ანტიდასავლური განწყობების შექმნაა. ეს რომელი ქვეყნის ინტერესებშიც შედის, ყველას კარგად მოეხსენება.
საქართველოს განვითარებაში ამერიკამ მრავალი მილიარდი ჩადო. ეს მან იმისთვის გააკეთა, რომ თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა გვქონოდა, ესენი კი რუსეთისკენ მიგვაქანებენ. ამას ამერიკა და ევროპა არ დაუშვებს და ყველა მექანიზმი იქნება გამოყენებული, რათა რუსმა ოლიგარქმა პუტინის დავალება ვერ შეასრულოს. ის აუცილებლად მიიღებს სანქციებს. იმ სანქციებს მიიღებს, რომლისაც არავის სჯეროდა. როცა ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი, ამერიკელებიც გაკვირვებით გვიყურებდნენ. საქართველოში კი ამაზე, უბრალოდ, ეღიმებოდათ. ალბათ ივანიშვილიც ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე დადგებოდა ეს დღე. მას თავისი დაქირავებული ლობისტების იმედი ჰქონდა.
_ სანქციებზე ეღიმებოდათ იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც ახლა ყველაზე ბევრს საუბრობენ ამ თემაზე.
_ კი ბატონო. ისინიც იცინოდნენ იმ თემაზე, ვინც ახლა ჩვენს ოფისში დადის ოპოზიციურ შეკრებებზე. რას ვიზამთ, თავიდან ეს მართლაც დაუჯერებელი ჩანდა და მხოლოდ ჩვენ, ლეიბორისტებს გვჯეროდა, რომ ეს დრო დადგებოდა. ახლა მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
_ რა ნაბიჯი?
_ ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიანად უნდა გადააბაროს ხელისუფლება ახალ ძალებს. რამდენიმე თვეში საქართველოს მმართველობას კოალიციური მთავრობა აიღებს ხელში, რომელსაც არჩევნების შემდეგ პარლამენტში გასული ძალები დავაკომპლექტებთ. ამერიკა თავის ქვეყანაშიც და სხვაგანაც ხელისუფლების სათავეში ყოფნის ორ ვადას აღიარებს მხოლოდ.
_ ხალხს მესამე ვადითაც თუ უნდა?
_ გამორიცხულია! დემოკრატიულ ქვეყნებში რვა წლის შემდეგ კარგი ხელისუფლებებიც კი ბეზრდება ხალხს. ჩვენს შემთხვევაში ეს ნამდვილად გამორიცხულია. დავაკვირდეთ უახლეს ისტორიას: შევარდნაძემ ამოწურა თუ არა მეორე ვადა, უთხრეს, რომ წადიო; იგივე მოხდა სააკაშვილის შემთხვევაშიც _ ის ძალის გამოყენებით და სანქციებით არ გაუგდიათ, უბრალოდ, არჩევნების გაყალბების უფლება აღარ მისცეს. შევარდნაძემ სცადა არჩევნების გაყალბება და „ვარდების რევოლუცია“ მიიღო. მინდა, შევახსენო ივანიშვილს, რომ შევარდნაძე მასზე გაცილებით მაღლა იდგა, მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იყო და ამერიკაში ბევრი მეგობარი ჰყავდა, ჰქონდა დიდი გავლენებიც, მაგრამ მას ვერაფერმა უშველა. აქედანაც ჩანს, რომ როცა საქმე პრინციპებს ეხება, ამერიკელები იდეალისტები ხდებიან და აქედან გამომდინარე ღებულობენ გადაწყვეტილებებს. პირადი სიმპათია-ანტიპათია არ აინტერესებთ. ახლაც ასე მოხდა _ ვაშინგტონმა წინა პლანზე პრინციპები დააყენა. გაიბრძოლებს ივანიშვილი და გარისკავს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას? _ იმაზე მეტს დაკარგავს, ვიდრე რომელიმე ოლიგარქს დაუკარგავს აქამდე. საერთოდ უფულოდ დარჩება და მერე „ქართული ოცნება“ შეჭამს მას პირველი.
_ ფულზე ჩამოვარდა საუბარი და „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ „ნაციონალებმა“ კონგრესმენებს ფული გადაუხადეს და მათაც ამიტომ დაწერეს ასეთი დოკუმენტიო. ამაზე რას იტყვით?
_ ეს უტოპიური განცხადებაა. ასეთი განცხადებების ავტორები პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდებიან. მათ ამერიკასა და ევროპაში არავინ შეუშვებს და იარონ მერე მოსკოვებსა და როსტოვებში. აშკარაა, რომ ამერიკელი კონგრესმენების ლანძღვა დაავალეს „ოცნების“ დეპუტატებს. მათი განცხადებები ძალიან წააგავს ერთმანეთს. ისე ამაზრზენად იქცევიან, ვეჭვობ, მათ მალე საკუთარ სოფლებშიც აღარ ჩაუშვებენ. იმ სოფლებში, საიდანაც რამდენიმე წლის წინათ ცალ-ცალი „კალოშით“ ჩამოვიდნენ. დღეს მათ საბანკო ანგარიშებზე მილიონებია.
_ ახლა ვიღაც იტყვის, რომ სოფლელებს აყენებთ შეურაცხყოფას.
_ სოფლელებს არა, ეს ფიგურალური გამოთქმაა, სოფლებში ძალიან ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ. მე ყურადღება გავამახვილე იქიდან წამოსულ უღირს ტიპებზე, რომლებიც ხალხისა და ბიუჯეტის ძარცვის ხარჯზე გამდიდრდნენ. ასეთებს, ივანიშვილის ჩამოცილების შემდეგ, აღარც თბილისში დაედგომებათ და მათ არც სოფლებში შეუშვებენ.
_ თქვენი აზრით, როგორ მოიქცევა ივანიშვილი? წავა დათმობაზე?
_ მას ძალიან უყვარს ფული და როცა მის კაპიტალს საფრთხე ექმნება, ყველაფერს აკეთებს, რომ ქონება გადაარჩინოს. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე მოიქცევა. ზომბებს ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი მათ აჰყვება. ამ კაცისთვის მთავარი მისი ფულია.
_ ზომბებში ვის გულისხმობთ?
_ მდინარაძესა და თალაკვაძეს, კიდევ კობახიძეს და იმ ქალს, ხუჭუჭი თმები რომ აქვს _ თეა წულუკიანს. ზომბები რომ არ იყვნენ, ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდნენ. სულ ცოტა ხანში ისინი ცუდ დღეში ჩავარდებიან. მათი ოლიგარქი განზე გადგება, ამათ კი გასაქცევიც არ ექნებათ. დასავლეთი თავიანთ განცხადებებს ააფარებს სახეზე. კონგრესმენს ქრთამის აღებაში ბრალს რომ დასდებ, უნდა იცოდე, რომ ამას თუ არ დაამტკიცებ, მწარედ მოგხვდება. არც ამათ ასცდებათ სილა. სილა მოხვდებათ როგორც ჩვენი მოსახლეობისგან, ასევე _ დასავლეთისგან.
_ კახა კალაძემ თქვა, რომ ამერიკელ კონგრესმენებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთო. ამაზე რას იტყვით?
_ კალაძე რომ პოლიტიკაზე დაიწყებს საუბარს, ეს უკვე ერის დიდი ტრაგედიაა. რას ნიშნავს, ამერიკა ჩვენს საქმეებში ერევა? წლებია, ეს ქვეყანა გვიცავს რუსული აგრესიისგან, უამრავ სფეროში დაგვეხმარა. დემოკრატიისკენ რაკი მოგვიწოდეს, ჩვენს საშინაო საქმეებში ჩაერივნენ? ასე ძალიან თუ არ უყვართ ამერიკა, უარი თქვან ამერიკულ დოლარებზე, უარი თქვან ევროებზე და რუსული რუბლი შეაგროვონ. რუბლი არ უნდათ, რადგან ამერიკული ფული უყვართ, ევროებიც, მაგრამ დასავლურ ღირებულებებს არ აღიარებენ. მათთვის იდეალი არის კრემლი. დღეს საქართველო სუფთა რუსული მეთოდებით იმართება და ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“.
_ რუსულ მეთოდებში რას გულისხმობთ?
_ რუსეთის ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას კრიმინალური ბანდების მეშვეობით მართავს. მათ გადანაწილებული აქვთ რეგიონები. რუსული სტილია კორუფციის პიკურ მდგომარეობაში ყოფნა. ჩვენთან კორუფციამ უკვე პიკს მიაღწია. ძალიან მალე ორლარიან „გაიშნიკებსაც“ მივიღებთ, ოღონდ 2 ლარის ნაცვლად, ყოველ 100 მეტრში, 20 ლარს გამოგვართმევენ. ყველა ადამიანი ფიქრობს ამაზე და ძალიან აწუხებს ის, რომ ასეთ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ. საქართველოში პრორუსული განწყობები ფეხს ვეღარ მოიკიდებს. ეს გამორიცხულია. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ივანიშვილმა ომი წააგო.
_ კონგრესმენების შეურაცხყოფა ახსენეთ და სანამ იმათ მიადგებოდნენ, „ოცნების“ სახეებმა ოპოზიციას დაგიწყეს ლანძღვა, _ ხან გოიმები გეძახათ კობახიძემ, ხან _ ძროხები. გახარიაც გამოვარდა და ტოქსიკური ოპოზიციააო.
_ რომ გითხრათ, მათი ასეთი შეფასება გაგვეხარდა, მართალი არ ვიქნები, მაგრამ არც გვწყენია. ადამიანებმა საკუთარი ზრდილობა და ინტელექტი წარმოაჩინეს. ისინი ზუსტად ივანიშვილის კულტურის დონეში თავსდებიან. სხვას მათგან ნამდვილად არ ველოდი.
_ ივანიშვილის „კულტურის დონე“ რას ნიშნავს?
_ ომას, რომ ადამიანს ორი წიგნიც კი არ აქვს გადაშლილი.
_ ვითომ, ასეა საქმე?
_ შეიძლება, მთლად ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს და მას ორზე მეტი წიგნი ჰქონდეს გადაშლილი, ოღონდ ამასაც თავისი მეუღლე შლის. ძილის წინ უკითხავს ხოლმე ბიძინას: ათის ნახევრიდან _ ათ საათამდე.
_ ხუმრობთ?
_ სულაც არა. აწ გარდაცვლილმა გიორგი შენგელაიამ საჯაროდ განაცხადა, რომ ცოლი უკითხავს ბიძინას წიგნებსო. ამის შესახებ ივანიშვილმა თავად უთხრა რეჟისორს. „ქართული ოცნების“ ლიდერისა და მისი ბანდისგან უზრდელობა ნამდვილად არ მიკვირს. ამათგან გასაკვირი არაფერია, მაგრამ ერთი რამე მაინც მაკვირვებს.
_ რა გაკვირვებთ?
_ ის მაკვირვებს, რომ ამ უწიგნურებმა იმ ქვეყანაში გაქაჩეს რვა წელი, რომელსაც მმართველად დიდი დავით აღმაშენებელი ჰყავდა.
_ აღმაშენებელი დიდებული მმართველი იყო, მაგრამ უღირსი მეფეებიც ბევრი გვყავდა.
_ უღირსი მმართველები როგორ არ გვყავდა, მაგრამ მათგან ყველაზე უღირსსაც კი არ დაუქცევია ქვეყანა ისე, როგორც ამათ დააქციეს.
_ ოპოზიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით კობახიძე გამოირჩევა. თქვენი აზრით, ასეთი გაცეცხლებული რატომ არის?
_ სიმართლე გითხრათ, მის ფენომენს ვერ ვხსნი, ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენაა. სიშტერესა და იდიოტობასაც აქვს რაღაც საზღვრები. ეს ახალგაზრდა კი ყველანაირ საზღვრებს არღვევს. ამ არსებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ან ცოლი არაფერს ეუბნება, ან მეგობარი არ ჰყავს? „მხედრიონთან“ მოთანამშრომლე მამამ მაინც ურჩიოს რამე.
_ გია კობახიძე „მხედრიონთან“ კი თანამშრომლობდა, მაგრამ შვილის მსგავსი უზრდელობები ნამდვილად არ გამოუმჟღავნებია.
_ გია უზრდელი არ ყოფილა, მაგრამ ეს შვილი რას დაემსგავსა?! ერთი-ორი სიტყვა მაინც უთხრას. ის ძალიან ცუდად დაამთავრებს. გარეთ ვეღარ გამოვა საერთოდ. ბიძინას რომ უთხრან, პოლიტიკიდან წადი, თორემ ქონებას დაგიყადაღებთო, წავა. მისი ამფსონები სად წავლენ, არ ვიცი. ფაქტობრივად, ივანიშვილმა საერთაშორისო დამნაშავის სტატუსს გამოჰკრა ხელი. მისი ბანდაც ამ ბედს გაიზიარებს.
_ თქვენი აზრით, ივანიშვილი ისევ აფრენს ვაშინგტონში დესანტს? სხვა დროს აგზავნიდა ხოლმე პარლამენტის წევრებს მოსალაპარაკებლად.
_ არა მგონია. ეს თამაში უკვე ითამაშა. გააგზავნა ერთხელ კობახიძე და თალაკვაძე, მაგრამ უარესი რეაგირება იყო იქიდან.
_ კობახიძის გაგზავნა ამერიკაში ძალიან სარისკოა. შეიძლება, კონგრესმენებს დაუძაბოს და სულ გოიმი ძროხები ეძახოს.
_ კონგრესმენებისთვის პირში რამის თქმას ვერ გაბედავს, თუმცა მათგან უკვე არაფერი გამიკვირდება. არც ივანიშვილისგან, რომლის ქცევებიც არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარება. რას იზამს, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი ნებისმიერი ქმედება უკან მოუბრუნდება ბუმერანგივით. ის რამდენჯერმე უკვე წავიდა დათმობაზე. თავიდან მწარე უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია პოლიტპატიმრების გამოშვება.
_ უგულავა და ოქრუაშვილი გამოუშვა მარტო, გიორგი რურუა ისევ ციხეში ჩატოვა. არადა, დასავლეთი სამივეს განთავისუფლებას ითხოვდა.
_ მაგის გამოშვებაც მოუწევს და „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაბანძდება, როგორც ქართველი ხალხის თვალში, ასევე _ დასავლეთის. „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერს ორი რამე აკავებს მხოლოდ: ესაა ხალხმრავალი აქციები და დასავლური სანქციები. ამ უკანასკნელს ვერც სპეცრაზმს დაუპირისპირებს და ვერც _ ზონდერებს; ვერც თვალებს დასთხრის ვინმეს.
_ საქართველოს ამბებზე ძალიან აქტიურია ხოლმე ადამ კინზინგერი. ახლა, რაღაც, აღარ ჩანს და რა ხდება?
_ გამოჩნდება, ჯერ სხვებს დააცლის. ეს პროცესი უკვე შეუქცევადია. კინზინგერი უფრო ბოლო წამს ამბობს ხოლმე სათქმელს. იმედია, „ოცნებაში“ აცნობიერებენ, თუ რა დროს მოიცალა ამერიკამ ჩვენთვის.
_ იქ დაწყებულ არეულობას გულისხმობთ?
_ დიახ. აშშ-ში ჯერ გაქანებული პანდემია იყო, როცა პოლიტპატიმრების თემაზე გამოგზავნეს მწვავე წერილები. ახლა ასეთი მძიმე დრო უდგათ და საქართველო მაინც გაიხსენეს. კონგრესმენების გამოქვეყნებულ დოკუმენტში ერთი საინტერესო დეტალია: როგორც წესი, ქვეყნებს უწესებენ ხოლმე სანქციებს და მათ აფრთხილებენ. ამ შემთხვევაში არა ქვეყანას, არამედ კონკრეტულ პიროვნებას დაემუქრნენ. ამერიკა ქართველ ხალხსა და მის არჩევანს პატივს სცემს, მაგრამ სძულს ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის დავალებებს ასრულებენ. ივანიშვილი პოლიტიკურად დამთავრებულია. ახლა მასზე ბევრი რამეა დამოკიდებულია. იმედი მაქვს, ხვდება, რომ ამერიკასთან არ გაუვა და უარს იტყვის არჩევნების გაყალბებაზე.
მთლად უბრძოლველად არ წავა. მცირედ გაფართხალდება, როგორც _ შევარდნაძე, მაგრამ შევარდნაძესავით იოლად ვერ გადარჩება. იმას ამერიკაში პატივს სცემდნენ და პოლიტიკოსი იყო. ეს კი ჩვეულებრივი რუსი ოლიგარქია. იმედი მაქვს, ქართველ ხალხს ქუჩაში გამოსვლა არ დასჭირდება, ისე მოუგვარებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები „ოცნებას“.
_ ქუჩაში გამოსვლა ყველა შემთხვევაში მოგიწევთ. 20 ივნისს აპირებთ აქციას. მაგ დღეს აქციის მოწყობა თქვენი პარტიის ინიციატივა იყო.
_ 20 ივნისს როგორ არ გამოვალთ ქუჩაში! ამ დღეს სახლში დარჩენა და პროტესტის გამოუთქმელობა დანაშაულია.
_ კობახიძემ იწინასწარმეტყველა, _ 200 „ნაცი“ იქნებაო.
_ ძალიან მაწუხებს ამ ბიჭის მომავალი. მეზობლებიც კი აღარ ეტყვიან გამარჯობას. მისი გულის გასახეთქად ბევრი ადამიანი მოვა აქციაზე. მთელი საქართველო უნდა გამოვიდეს. განსაკუთრებით თბილისმა უნდა იაქტიუროს.
_ თბილისმა რატომ?
_ იმიტომ, რომ თბილისი საქართველოს გულია. ამ კორონის გამო გადაადგილება საშიშია და თბილისი ვალდებულია, მთელი საქართველოს თავმოყვარეობა დაიცვას. 20 ივნისის პატიება არ შეიძლება! იმ დღეს მთელ საქართველოს მოგვაყენეს შეურაცხყოფა. შეურაცხყოფა მაიყენეს საქრთველოს სუვერენიტეტს. სპიკერის სავარძელში ჩასვეს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ღია და გამოკვეთილი მტერი გავრილოვი. ეს იყო ჩვენთვის თავზე ლაფის დასხმა. იმ ხალხმა, ვინც შარშან 20 ივნისს პარლამენტის წინ მივიდა, ეს შეურაცხყოფა ჩამოგვწმინდა, მაგრამ მათ რა უქნეს? _ თვალები დასთხარეს და სისხლის გუბეები დააყენეს რუსთაველზე. ეს იყო მეორე ცხრა აპრილი. ივანიშვილისგან ეს მოსალოდნელიც იყო, ის ხომ 1989 წლის 9 აპრილის ჯალათის, გენერალ ლებედის მეგობარი და სპონსორი ბრძანდებოდა.

შორენა მარსაგიშვილი