მალხაზ მაჩალიკაშვილი: „თემირლანის საქმე „ქართულ ოცნებას“ გადაიყოლებს“

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე თავდაყირა დგება. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც ის ამტკიცებს, რომ მოკლულ ახალგაზრდას ტერორისტებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ორგანიზაციამ დასკვნა სუსის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე დაწერა.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა უკვე წლებია, იბრძვის იმის დასამტკიცებლად, რომ მისი შვილი ტერორისტულ დაჯგუფებასთან არანაირ კავშირში არ იმყოფებოდა. ის ამაოდ ითხოვს დამნაშავეების დასჯას. ხელისუფლება არც პარლამენტში აპირებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელმაც ეს ხმაურიანი საქმე უნდა შეისწავლოს. მალხაზ მაჩალიკაშვილი ფიქრობს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არც სიმართლე დადგინდება და არც დამნაშავეებს დასჯიან. ამ უსამართლობამ შვილმოკლული მამა პოლიტიკაში მოსვლაზე დააფიქრა. ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

შეცვლის თუ არა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ დასკვნა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს? რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და რა უშლის ამის განხორციელებაში ხელს შვილმოკლულ მამას? რას ჰპირდება შემოდგომისთვის „ქართულ ოცნებას“ და რას ითხოვს იგი გაერთიანებული ოპოზიციისგან? _ ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო მალხაზ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ თქვენს შვილთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი და სკანდალური დასკვნა დადო. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ თემირლანს ტერორისტებთან კავშირი არ ჰქონია. რას ფიქრობთ ამ დასკვნის შესახებ?
_ უფლებადამცველებმა თავიანთ დასკვნაში დაწერეს ის, რაც სინამდვილეში მოხდა. ეს დასკვნა ძალიან ვრცელი და საინტერესოა. ჩემი შეფასებების მაგივრად ჯობია, ის მოვუთხრო თქვენს მკითხველს, თუ რა წერია სკანდალურ დასკვნაში. თქვენი გაზეთით მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ორგანიზაციას გაწეული სამუშაოსთვის, ასევე ყველა იმ პიროვნებასა თუ ჯგუფს, ვინც ამ წლების მანძილზე გვერდით მედგა და სიმართლის დადგენაში მეხმარებოდა.
ახლა დავუბრუნდები დასკვნას. იქ ვკითხულობთ: „სუსი რამდენიმე გარემოებაზე დაყრდნობით ცდილობდა, წარმოეჩინა თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობა და როცა საჯაროვდებოდა ცალკეული ინფორმაცია ან სუსის მაღალჩინოსნები გარკვეულ კომენტარებს აკეთებდნენ მედიაში, ყოველთვის თითქოს მტკიცებით ფორმაში ამბობდნენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს შემხებლობა ჰქონდა ტერორიზმთან კავშირში მყოფ პირებთან და თვითონაც ახორციელებდა ტერორიზმის მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ინფორმაცია ჟღერდებოდა იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვქონდა მასალებზე წვდომა და მათი კრიტიკულად შეფასების შესაძლებლობა. ამ მასალებით ახალი და მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა თემირლან მაჩალიკაშვილის შემხებლობას ტერორიზმის მხარდაჭერასთან, ჩვენთვის წარმოდგენილი არ არის და ბუნებრივია, მივიჩნევთ, რომ არც ყოფილა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოს ის უნდა გაეზიარებინა ჩვენთვის“.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სადგურზე გადაღებული კადრების შეფასება. ეს კადრები, თავის დროზე, სუსმა გაავრცელა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ჩემი თემირლანი ოაიფ ბორზიევთან და ბერი სალოსის გამზირზე ლიკვიდირებულ ასლანბეკ სოლტახმადოვთან ერთად. მერე თქვეს, რომ ფული გადმოირიცხა თემირლანის სახელზე და წარმოადგინეს სატელეფონო მიმოწერის შინაარსი. ისიც კი თქვეს, რომ ახმედ ჩატაევმა, როგორც კი საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, პირველი ვისაც დაურეკა, თემირლანი იყოო.
ორგანიზაციამ თავისი დასკვნა სუსიდან გამოთხოვილი მასალების საფუძველზე გააკეთა. უფლებადამცველებმა ამ მასალებში თემირლანის საეჭვო კონტაქტების შესახებ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს, მათ შორის, არ დასტურდება სატელეფონო კავშირი აჰმედ ჩატაევთან. მათი ანგარიშის მიხედვით არ დასტურდება თანხის ჩარიცხვა თემირლან მაჩალიკაშვილის ანგარიშზე, რომელიც გამოძიების მასალებში ფიგურირებს. სუსი ამტკიცებდა, რომ თითქოს ტერორისტებმა ჩაურიცხეს მას ეს ფული.
უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ყველა ბრალდება და პრეტენზია, რასაც სუსი თემირლანს უყენებდა, არის დაუსაბუთებელი. სამი წელია ამას ვამტკიცებ. თემირლანი რომ უდანაშაულოა, ეს მთელმა პანკისის ხეობამ იცის. მის უდანაშაულობას სამართლებრივადაც დავამტკიცებ. ამ ბრძოლაში ეს დასკვნაც ძალიან დამეხმარება.
დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი დასკვნა დაიდება ამ საქმეზე. ეს არის საქმე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გადაიყოლებს. არ შეიძლება იმის პატიება, რომ მძინარე ბავშვი ლოგინში ჩაცხრილო და მერე ის ტერორისტად ან ტერორისტების მოკავშირედ გამოაცხადო. ეს დასკვნა რომ წაიკითხეს, ხელისუფლების წარმომადგენლებს ნეტავ, არ შერცხვათ იმ განცხადებებისა, რასაც ამ წლების მანძილზე ჩემი შვილის შესახებ აკეთებდნენ?!
_ რომ შერცხვენოდათ, ასეთ განცხადებებს არ გააკეთებდნენ.
_ ამ დასკვნამ მათში, წესით, სინდისი უნდა გააღვიძოს.
_ ამის იმედი ტყუილად გაქვთ. ხელისუფლების წარმომადგენლები მალევე გამოეხმაურნენ უფლებადამცველების სკანდალურ დასკვნას. ისინი მხოლოდ პროკურატურის დასკვნას უცხადებენ ნდობას, რომლის მიხედვითაც თქვენი შვილი დამნაშავედ არის გამოყვანილი.
_ მე ხელისუფლების წარმომადგენლების აზრი არ მაინტერესებს. მე ვეძებ სიმართლეს, „ქართული ოცნება“ და სიმართლე კი ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულები არიან. ახლავე შეეგუოს „ქართული ოცნება“, რომ თემირლანის საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს. მათ კი ასეთი ცილისმწამებლური განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოუწევთ. მე მათთვისაც ვაპირებ პასუხის მოთხოვნას.
_ თქვენი აზრით, ეს დასკვნა დაგეხმარებათ თუ არა ახლო მომავალში სიმართლის დასადგენად?
_ ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლის დადგენა ძალიან რთული იქნება. ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რაც არ უნდა მოხდეს, ისინი პოზიციას არ შეიცვლიან, რადგან მერე თავად მოუწევთ პასუხისგება. ერთადერთი გზა, რომელიც ამათ პირობებში სიმართლის დადგენაში დამეხმარებოდა, იყო დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა. ამ მოთხოვნით დიდი ხანია, ვიბრძვი და მომავალშიც ვიბრძოლებ.
_ ამ პარლამენტმა თითქმის ამოწურა უფლებამოსილების ვადა, თან ღიად განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე არანაირი დროებითი საპარლამენტო კომისია არ შეიქმნება.
_ მე მაინც გავაგრძელებ ამ კომისიის შექმნის მოთხოვნით ბრძოლას, მერე თავი რომ აღარ გაიმართლონ. ახლა, ალბათ, ვერაფერს მივაღწევ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალ პარლამენტში აუცილებლად შეიქმნება ეს კომისია.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ, რომ მომავალი პარლამენტი საგამოძიებო კომისიას შექმნის?
_ იმიტომ, რომ შემოდგომაზე „ქართული ოცნება“ დამთავრდება. ხელისუფლებაში მოვლენ ოპოზიციური ძალები, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძვიან სიმართლის დასადგენად. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი პარლამენტი, პირველს რასაც გააკეთებს, დროებით საგამოძიებო კომისიას შექმნის. საზოგადოებაც და ჩვენც ყველა კითხვაზე მივიღებთ პასუხს.
_ თქვენი შვილის ტერორისტობაზე ხელისუფლების წარმომადგენლები უცხოელ პარტნიორებსაც ესაუბრებოდნენ. თქვენი აზრით, მათ შეუცვლის შეხედულებებს ეს სკანდალური დასკვნა?
_ დარწმუნებული ვარ, რომ მათ ჩემი შვილის ტერორისტობისა ამ დასკვნის გამოქვეყნებამდეც არ სჯეროდათ.
_ რა გაძლეთ ამის თქმის საბაბს?
_ თემირლანი რომ ტერორისტად ჩაეთვალათ, ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არ მოხვდებოდა. უცხოური მისიები და დიპლომატები ასეთ დასკვნებს ყურადღებით კითხულობენ. და თუ რომელიმე მათგანს მართლაც ჰქონდა კითხვები და ეჭვები, მათთვისაც ყველაფერი ნათელი გახდება.
მალე ევროპულ სასამართლოზეც დაიწყება ჩვენი საქმის განხილვა. საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგისთვის 31 მარტამდე უნდა გადაეცა თემირლანის საქმეში არსებული ყველა მასალა, მაგრამ ეს პროცესი დროებით გადაიწია.
_ რატომ?
_ კორონავირუსის გამო. ისეთი მდგომარეობა იყო მსოფლიოში, ამისთვის არავის ეცალა. როგორც კი ცოტა გაუმჯობესდა ვითარება, საქმეების განხილვაც დაიწყო. სტრასბურგმა მოითხოვა, მტკიცებულებები 15 ივნისამდე მიეწოდებინათ. ალბათ, მიაწოდებდნენ.
_ რა მტკიცებულებებზეა საუბარი?
_ სულ ათი მტკიცებულებაა.
_ სტრასბურგის იმედი თუ გაქვთ?
_ იმედი როგორ არ მაქვს, მაგრამ ევროპული სასამართლო ცოტა სხვა თემაა.
_ სხვა თემაში რას გულისხმობთ?
_ სტრასბურგი სათქმელს აუცილებლად იტყვის, მაგრამ სპეციფიკიდან გამომდინარე, ის საქმეს ვერ გამოიძიებს და დამნაშავეების დადგენას ვერ დაიწყებს. სტრასბურგში, სავარაუდოდ, იტყვიან, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს და ესა და ეს პირი დაისაჯოს. კარგად ვიცით ისიც, რომ როდესაც მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის მიდის ასეთი მწვავე დავა, ევროპული სასამართლო ყოველთვის ცდილობს, სახელმწიფო რამენაირად არ დაზიანდეს. ამიტომ ვიბრძვი ასე დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად. ეს კომისია აუცილებლად დაადგენს სიმართლეს და თან იქ ღიად იქნება დამნაშავეებზე საუბარი.
ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა ძალიან ძნელია, მაგრამ არა _ შეუძლებელი. მთელი ეს პერიოდი, რაც ქუჩაში ვდგავარ და სიმართლისთვის ვიბრძვი, უამრავ ადამიანს შევხვდი. ჩემთან ისეთი ხალხი მოდიოდა, ვინც სამართალს ეძებდა და ვერ პოულობდა. ამაში არც პარლამენტი ეხმარებოდა, არც პროკურატურა და არც სასამართლო. ივანიშვილის ხელისუფლება კლანებად არის დაყოფილი, რომელიც ადამიანებს სიმართლის დადგენაში არ დაეხმარება. ხელისუფლების იძულება მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია. უმჯობესია, ეს ხელისუფლება შევცვალოთ. არჩევნები მალე ჩატარდება და „ქართული ოცნება“ წარსულს ჩაბარდება.
_ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, რომ თქვენ პოლიტიკაში აპირებთ წასვლას. ამასთან დაკავშირებით თქვენც არაერთხელ გააკეთეთ მინიშნებები. პირდაპირ გვითხარით, აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
_ ბოლო რამდენიმე ხანია, ძალიან ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი პოლიტიკაში მოდისო. წინასწარ გადაჭრით არაფრის თქმა შემიძლია, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
_ პირდაპირ პასუხს მაინც თავს არიდებთ და არ გვეუბნებით, მიდიხართ თუ არა პოლიტიკაში.
_ არაერთხელ მითქვამს და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ თემირლანის საქმის გამოძიებას თუ დასჭირდა, პოლიტიკაში კი არა, ჯოჯოხეთში წავალ-მეთქი. ყველა გზას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩემი შვილის საქმე ბოლომდე მივიყვანო. მე უნდა დავამტკიცო, რომ თემირლანი უდანაშაულოა! ვიცი, რომ ამის ყველას სჯერა, მაგრამ მე სამართლებრივი გზით მინდა სიმართლის დამტკიცება.
პოლიტიკაში ჩემი მოსვლა მხოლოდ თემირლანის საქმეს არ უკავშირდება. ამ ბრძოლის მანძილზე უმრავი ადამიანი გავიცანი, რომლებმაც ასევე ვერ შეძლეს სიმართლის პოვნა და დამნაშავეების დასჯას ვერ მიაღწიეს. მე მათ მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. პოლიტიკაში თუ წავედი, ამ ადამიანების უფლებების დასაცავადაც ვიბრძოლებ. მათაც დავეხმარები სამართლის პოვნაში. სხვათა შორის, სწორედ ეს ადამიანები მთხოვენ, რომ პოლიტიკაში წავიდე. მათ მიაჩნიათ, რომ შეიძლება, მე ვიყო მათი ხმა ან პარლამენტში, ან საკრებულოში. ძალიან ბევრი ადამიანი მთხოვს, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა, ამიტომ ვთქვი ხმამაღლა, რომ შესაძლებელია, პოლიტიკაში წავიდე-მეთქი. პოლიტიკაში წასვლაში პარლამენტში მოხვედრა ვიგულისხმე.
_ პირდაპირ პარლამენტში გინდათ შესვლა?
_ დიახ. ეს იმიტომ მინდა, რომ ჩემი შვილის საქმის შესწავლას თვალი მივადევნო.
_ არ ენდობით იმ კომისიას, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, მომავალ პარლამენტში აუცილებლად შეიქმნება?
_ უნდობლობის მიზეზი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ უფრო მშვიდად ვიქნები, თუ პირადად ჩავერთვები ამ საქმის შესწავლაში. თან ჩემზე მეტი ინფორმაცია ამ დაწყევლილ სპეცოპერაციაზე არავის აქვს. ამიტომ მინდა პარლამენტში შესვლა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მაინც არ მიმიღია. ნაბიჯის გადადგმაში ერთი რაღაც მიშლის ხელს.
_ რა გიშლით ხელს?
_ არ მინდა, რომ სუსმა დაიწყოს ჩემი გაშავება.
_ მთელი ამ წლების მანძილზე იმდენჯერ გაგაშავეს, ისეთი რამეები დაგაბრალეს, რომ მეტის მოგონება შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ბრძოლა არ შეგიწყვეტიათ და ახლა რატომ იკავებთ თავს?
_ იმიტომ, რომ ახლა ძალიან ცუდ თემას წამოწევენ, რასაც განსაკუთრებით ვუფრთხილდები. ამათ იციან ჩემი სუსტი წერტილი და ამ მიმართულებით შემომისევენ თავიანთ ტროლებსა და ბოტებს.
_ რა თემაა, შეგიძლიათ გვითხრათ?
_ იტყვიან, რომ თავისი შვილის სიკვდილი იმისთვის გამოიყენა, პოლიტიკაში წასულიყოო. ჩემი თემირლანის სახელს ვუფრთხილდები და ამიტომ ვიკავებ თავს. არ მინდა, რაღაც ჭორებმა იტრიალოს ჩემი შვილის გარშემო. ბავშვს ისედაც ბევრი რამე მოუგონეს და დააბრალეს. ის არ აკმარეს, რომ ლოგინში მძინარე მომიკლეს.
_ გასაგებია თქვენი წუხილი, მაგრამ იმ ხალხს რას ეუბნებით, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, ითხოვს, რომ პოლიტიკაში წახვიდეთ?
_ თუ საბოლოო უარს ვიტყვი პოლიტიკაში წასვლაზე, ისინი გაგებით მოეკიდებიან. ისინიც ხომ ხედავენ, რომ ყველა ტროლი და ბოტი ტალახს მესვრის. ვიღაცამ რომ თქვას, მაჩალიკაშვილმა შვილი გაყიდაო, შეიძლება, გული გამისკდეს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, თუმცა პოლიტიკაში წასვლაზე აქტიურად მიდის საუბრები.
_ ვისთან მიდის საუბრები, რომელიმე პარტიასთან?
_ ჩემ გვერდში მყოფ ადამიანებთან. პოლიტიკოსებთანაც მისაუბრია ამ თემაზე. ძალიან ბევრი მათგანი გავიცანი. ამ მომენტისთვის პოლიტიკაში წასვლაზე ცოტას ვფიქრობ. რამდენიმე კვირაში მეცოდინება ზუსტი პასუხი. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, კარგად უნდა ავწონ-დავწონო ყველაფერი, დაველაპარაკო ახლობლებს. ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. ხელისუფლებასა და მათ ტროლ-ბოტებს მოვუწოდებ, შეწყვიტონ ტალახის სროლა. ჯერ მეც არ ვიცი, რას ვიზამ და ნუ ყვირიან, პოლიტიკაში რატომ მოდისო.
რამდენიმე თვის წინ გახსოვთ, პარლამენტში რომ არ შემიშვეს. პარლამენტის თავმჯდომარემ გასცა ამაზე ბრძანება. ვიღაცებმა თქვეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებშიც არ არის შესაშვებიო. ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ შეიძლება, პარლამენტის წევრის რანგში მიხილონ საკანონმდებლო ორგანოში.
მიმაჩნია, რომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ეკუთვნის თუ არა მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლა. ასევე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და პარლამენტში არსებული „ტერორისტული ორგანიზაციის“ წევრები გარეთ გამოყაროს. ნამდვილი ტერორისტები ეგენი არიან.
_ ტერორისტებად ხელისუფლების წარმომადგენლებს მოიხსენიებთ?
_ რა თქმა უნდა. მთელ ქვეყანას ატერორებენ, ტერორისტები არიან, აბა, რა არიან?! ვოლსკის, მდინარაძესა და კობახიძეს ვურჩევ, ცოტა ფრთხილად და მოზომილად ილაპარაკონ. მათ ადამიანების შეურაცხყოფის უფლება არავინ მისცა. პარლამენტის წევრები რომ არიან, ეს არაფერს ნიშნავს. ძალიან მალე ისინი ქუჩაში დარჩებიან და ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. ამქვეყნად მუდმივი არაფერია, მათ შორის, თანამდებობა.
მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება წარსულის ნაწილია, მაგრამ მათი დამარცხება ადვილი არ იქნება. ამის გაკეთებას ოპოზიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ერთად იდგება.
_ ერთად დგომა ოპოზიციამ შეიძლება, ვერ შეძლოს.
_ ზოგჯერ მეც ასე მგონია, რომ ერთად ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეძლებენ, ამიტომ მინდა, მათ მივმართო და ვთხოვო, რომ პირადი ამბიციები დროებით გვერდით გადადონ. ძალიან განსხვავებული ძალები არიან, მაგრამ ერთიანობის შენარჩუნება არ უნდა გაუჭირდეთ. შეუძლებელი ხომ არაფერია, თან ისინი ძალიან დიდი მიზნისთვის იბრძვიან _ მათ დამნაშავე ხელისუფლება უნდა შეცვალონ.
ყველამ იცის, თუ რა ჯოჯოხეთი გამოვიარე ამ წლების განმავლობაში, ათასი ჭორი და უბედურება მომიგონეს, ხანდახან ვფიქრობდი, რომ ბრძოლას ვეღარ გავაგრძელებდი, მაგრამ შემდეგ საკუთარ თავში ვპოულობდი ძალას. ვთხოვ ოპოზიციას, როგორმე მონახოს ძალა და ერთიანობა შეინარჩუნოს. ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შევცვალოთ.

შორენა მარსაგიშვილი