26 მაისი – საშუალება და არა თვითმიზანი

საქართველოში ისევ დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება  – ბევრი პათოსური გამოსვლით, ცეცხლოვანი სადღეგძელოებით და სწორი რიტორიკით, ისე, როგორც მიღებულია ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნა.

თუმცა შემდეგ 27 მაისიც მოვა და ქვეყანა ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდება.  სწორედ ის, ყოველდღიური ცხოვრება – არის მთავარი პასუხი კითხვაზე, – რამდენად წარმატებულად გამოიყენა ამა თუ იმ ქვეყანამ მისთვის ისტორიის მიერ მიცემული შანსი?

ნებისმიერი დამოუკიდებლობა აღტკინებული გამოსვლებით იწყება – იმით, რომ „ჩვენ ყველა მზად ვართ შევწიროთ ჩვენი სიცოცხლე ერის თავისუფლებას“! იმით, რომ „ჩვენი ქვეყანა საუკუნეების მანძილზე დამოუკიდებლობისთვის დაუღალავად იბრძოდა“.

თუმცა პათოსი და ბედნიერების ცრემლები ძალიან მალე ქრება – დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ლამის მეორე დღეს, იმის შემდეგ, რაც  ყოველდღიურობა იწყება.

დამოუკიდებლობა იმით არის ერთდროულად კარგიც და ცუდიც, რომ ის იმაზე მალე მოდის, ვიდრე ადამიანები ამას გააცნობიერებენ. თანაც უკან დასახევი გზა უკვე არ რჩება.

საზეიმო წვეულება ჯერ არც დასრულებულა  და უკვე დილით ახალი ამბები მოდის რომელიმე რეგიონიდან, სადაც ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა დაიკავეს სამთავრობო შენობები. და ეს უსიამოვნებათა კასკადის მხოლოდ დასაწყისია.

უცებ აღმოჩნდება, რომ თურმე სამართალდამცველი სისტემის პარალიზება ძალიან კარგია დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად და  პოლიტიკური თავისუფლებისთვის, თუმცა, ამავე დროს,  საშინელებაა უსაფრთხოებისა და სახელმწიფოს შენებისთვის.

და რაც ყველაზე კარგიც და ცუდიცაა – უკან დაბრუნება შეუძლებელია. ადამიანებმა, რომლებიც დამოუკიდებლობას დროშებით ხელში მიესალმებოდნენ, ხვალ, შესაძლოა, ამაზე მწარედ ინანონ. თუმცა მატარებელი წავიდა და უკან ვერაფერს დააბრუნებ.

ამ წუთიდან რჩება მხოლოდ 3 ვარიანტი – სვლა წინ, პროგრესისკენ, დგომა ერთ ადგილზე და უკუსვლა, დეგრადირება მსოფლიო რუკიდან გაქრობამდე.

დამოუკიდებლობა ძალიან სასტიკი რამ არის. მას ქვეყნებისთვის განვითარებისა და აყვავების, ასევე პირიქით, ჩამორჩენის, სიღარიბისა და გაწბილების მოტანა შეუძლია.

რა გაქვთ საზეიმო, თუ ცხოვრობთ ავღანეთში? თავისუფლება რისთვის გინდათ, თუ მისი გამოყენება არ შეგიძლიათ?  დამოუკიდებლობა არის არა თვითმიზანი, არამედ საშუალება. რისთვისაა ის საერთოდ საჭირო, თუ ერს არც თავად შეუძლია მისი გამოყენება და არც სხვას უსმენს?

თუ საქართველოზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ის მითი უნდა დავამსხვრიოთ, რომ 1918 და 1991 წლებში ქვეყნის დამოუკიდებლობა რაღაც დიდი, თავგანწირული და საყოველთაო ეროვნული ბრძოლის შედეგი გახდა. ისე, როგორც, მაგალითად, ალჟირში, სადაც 1950-იან წლებში ფრანგების წინაამღდეგ ომში მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

უნდა ვაღიაროთ, რომ  1918-შიც და 1991-შიც დამოუკიდებლობა არა გააზრებული ბრძოლის, არამედ ისტორიული პროცესების  – რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დაშლის – შედეგი გახდა. სისხლისღვრის ცალკეული ეპიზოდები რეალობას ვერ შეცვლის  – 9 აპრილზე ნუ მელაპარაკებით. მე ხომ თქვენ მილიონი ალჟირელი შეგახსენეთ.

სიმართლე ვთქვათ  პატიოსნად და გულწრფელად – სსრკ-ის 70-80-ან წლებში ქართველები თუ რამისთვის იბრძოდნენ, ეს იყო საძინებელი გარნიტური „ლუდოვიკო“, სერვიზი „მადონა“ და ავტომობილი „გაზ-24“. ჩვენ ხალხს დროდადრო კომუნისტების გინებაც უყვარდა და ეს მაშინ, როდესაც 400 000 ქართველი იყო კომპარტიის წევრი და ამაში ვერავითარ წინაამღდეგობას ვერ ხედავდა.

ეროვნული  მოძრაობა 80-იანი წლების ბოლოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის იყო ერთგვარი თამაში, ახირება, „კაი ტიპობა“ – ბავშვს  მორიგი სათამაშო უნდა, მიეცით, მალე მობეზრდება და ყველაფერი თავის ადგილზე დაბრუნდება.

თუმცა ეს ახირება დაემთხვა, ზოგადად, საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდს და თავად რუსების იმპერიისგან განთავისუფლების სურვილს. ამიტომაც მოხდა ის,რაც მოხა.

მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, დამოუკიდებლობის ავიც და კარგიც ისაა, რომ ნასროლ ისარს უკან ვერ მოაბრუნებ.

ერთი წამით წარმოვიდგინოთ: ქართველ ხალხს რომ ენახა, რა ელის მას სსრკს-ის დაშლის შემდეგ – ეკონომიკური რღვევა, სიღარიბე, კრიმინალი, ტერიტორიების დაკარგვა და ა. შ. – მისცემდა კი უმრავლესობა ხმას დამოუკიდებლობას რეფერენდუმის დროს?  საეჭვოა…

თუმცა დამოუკიდებლობა საუკეთესო მოვლენაა მთელ იმ ორომტრიალში, რაც ამ ქვეყანას ბოლო 300 წლის მანძილზე უნახავს.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ნათლად აჩვენებს, ვინ ვინ არის. არავითარი ილუზიები და თვალთმაქცობა – ქართველები, რომლებიც ასწლეულების მანძილზე ცხოვრობდნენ ხელოვნურად შექმნილ სამყაროში, უცბათ, ერთ დღეში აღმოჩნდნენ ჯუნგლებში  – ნიანგებსა და ვეფხვებს შორის.

თურმე, ყველაფერი, რასაც გვასწავლიდნენ – უსარგებლოა და სრულიად შეუთავსებელი დამოუკიდებლობისთვის. თურმე, ყველაფერი, რასაც გვინერგავდა საბჭოთა-ქართული პროპაგანდა – რომ ქართველი ერი გამორჩეულია ათასნაირი ნიჭიერებით, მაღალი კულტურითა და ზნეობით დაჯილდოებული, რომ აქ კლიმატიც  კი განსაკუთრებულია და მზეც სხვანაირად ანათებს –  ტყუილი და ფარისევლობა აღმოჩნდა.

შემდეგ მოვიდა 90-იანი წლები – ნიღბების საყოველთაო მოხსნის ხანა. ყველამ თავისი ჭეშმარიტი სახე გამოავლინა. ის, რაც საბჭოთა პერიოდში იმალებოდა რკინის კარს მიღმა  – უცებ გარეთ გამოვიდა.

ის, ვინც იფიცებოდა, რომ ქვეყნისთვის შიმშილსა და უბედურებას აიტანს – პირველი ქურდი და კორუმპირებული აღმოჩნდა! ის, ვინ იფიცებოდა, რომ შეეწირებოდა სამშობლოსთვის ბრძოლას – მტერს იარაღს ყიდდა! ვინც ყველას მორალს უკითხავდა – პირველი მეძავი ყოფილა!

ავტორიტეტები დაიმსხვრა, ყალბი მორალი გაქრა,  ყველაფერი გაშიშვლდა და ქართველმა ხალხმა, პირველად ასწლეულების მანძილზე, საკუთარი რეალური სახე დაინახა სარკეში.

დამეთანხმეთ: სულ რომ არაფერი, თუნდაც მარტო ამისთვის ღირდა დამოუკიდებლობის აღდგენა.

დღეს საქართველო ისევ გზის გასაყარზე დგას  – ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.  შანსები 50-50-ზეა. დღეს ყველაფერი თავად ქართველ ხალხზეა დამოკიდებული – თუ  საზოგადოება რაციონალური  და ორგანიზებული იქნება და ორღობე ტრადიციების მოცილებას შეძლებს – ის წინ წავა და აღმოჩნდება, რომ მთელი ეს კატაკლიზმები და წვალება ტყულად არ ყოფილა.

თუ ქართველები ისევ დავრჩებით აგრესიული მრევლის, ჭამა-სმის, პოზიორობის, ქურდული გაგებისა და არაფრის მაქნისი გლეხობის დონეზე, თუ სიამაყის მთავარი საგანი იქნება ბიბლიის თარგმნის თარიღი – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხელმოცარულთა ბანაკში.

თუ საქართველო წავა მეორე გზით და ნორმალურ ქვეყნად ვერ ჩამოყალიბდება – მოსახლეობის გადინება გაიზრდება და რამდენიმე ათეული ან ასეული წლის შემდეგ ამ ტერიტორიას ვიღაცა სხვა დაეუფლება  – უფრო ძლიერი, უფრო ჭკვიანი და უფრო ორგანიზებული.

თუ ასე მოხდება – ე. ი. დაიმსახურეთ! ისტორიის მიერ ნაჩუქარი შანსი ვერ გამოიყენეთ, ამიტომ არც ერთი წამით არ ხართ თანაგრძნობის ღირსი!

სწორედ ესაა დამოუკიდებლობა – ლაკმუსის ქაღალდი, რომელსაც ვერ მოატყუებ და ყველა იღებს იმას, რაც დაიმსახურა.

თუ ქვეყანა წავა ნორმალური განვითარების გზით, შესაძლოა, ჩვენს შვილიშვილებს ეღირსოთ ცივილიზებულ ქვეყანაში ცხოვრება.

და სწორედ ისინი აღნიშნავენ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას – აი, იმას, რომელიც არა თვითმიზანი, არამედ საშუალებაა.

თენგიზ აბლოთია