ტურიზმის მძიმე მოლოდინები

როგორც ჩანს, კაცობრიობისა, და მასთან ერთად, საქართველოს, გამოსვლა კარანტინიდან გარდაუვალია. და ამ  მზადყოფნას ვერაფერი შეაჩერებს – მათ შორის,  დაავადების მოსალოდნელი მეორე ეტაპი თუ, რა თქმა უნდა, ის არ იქნება დღევანდელზე ბევრად უფრო ძლიერი.

თუმცა პანდემიის დასრულებას თავისი სირთულეები მოყვება. ომი დასრულდა – მშვიდობის გეშინოდეთ – სწორედ ამაზეა ნათქვამი.

ადამიანების ყოფა ომების, ბუნებრივი კატასტროფებისა და ეპიდემიების პერიოდში თავისებურ უპირატესობასაც შეიცავს – ყველაფერი ნათელია,  გასაგებია, ვინაა მტერი და ვინ – მოყვარე, ყველა დანარჩენი პრობლემა დროებით აქტუალურობას კარგავს და რაც მთავარია – სამყარო შავ-თეთრია. ადამიანების აღქმისთვის კი ფერთა სწორედ ეს პალიტრაა ყველაზე მოხერხებული.

კორონავირუსის ქრონიკულ სტადიაში გადასვლის შემდეგ ყველა პრობლემა, რომელიც ქვეყანას აწუხებდა, ისევ გამოვიდა პირველ პლანზე. მათ შორის მთავარია – რით ვიარსებოთ?

ეს დიდი და ზოგადი კითხვა ქვეკითხვებსაც შეიცავს – მაგალითად, როდის აღდგება ტურისტული ინდუსტრია?

აღნიშნული თემა ძალიან აქტუალურია განვითარებული სახელმწიფოებისთვის. აქა-იქ უკვე ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის მიერ საზღვრების გახსნის თაობაზე, თუმცა ცალსახაა, რომ პირველ თვეებში ტურისტული ნაკადი ან საერთოდ არ იქნება, ან –  ძალიან მცირე.

ამ ნაკადის მისაღებად  რამდენიმე ძლიერი და გლობალური მოთამაშე იბრძვის – თურქეთი თავისი პლაჟებით, ხელმისაწვდომი სასტუმროებით და all-inclusive-ით; საბერძნეთი თავისი მშვენიერი პატარა კუნძულებით, ანტიკური ხანის ნანგრევებით; იტალია თავისი კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც მიმზიდველი იქნება მაშინაც კი, თუ ბერგამოში ვირუსისგან ნახევარი მოსახლეობა „გაწყდება“; ტაილანდი თავისი მუდამ მზიანი ამინდით, ზღვის კურორტებით, იაფი მეძავებით და ტრანსგენდერებით; საფრანგეთი, რომელიც ყოველთვის საინტერესო იქნება მსოფლიოსთვის, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის საფრანგეთია.

და აი, ამ ტიტანების  ბრძოლაში  სადღაც მიყრუებულ კუთხეში საქართველოც დგას.

როგორც უკვე ითქვა, ტურიზმი ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგია, თუმცა უმეტესობისთვის ის მაინც ერთ-ერთია და არა ერთადერთი.

საბერძნეთსაც კი, ტურიზმის გარდა, სერიოზული ინდუსტრია აქვს – მაგალითად, მაღალი კლასის სარესტორნო აღჭურვილობა, სამშენებლო მასალები და გემთმშენებლობა; რომ არაფერი ვთქვათ იტალიასა და საფრანგეთზე, რომლებიც უზარმაზარ და კარგად დივერსიფიცირებულ, მაღალტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ ეკონომიკებს ამუშავებენ.

სულ სხვა ვითარებაა საქართველოში. აქ, რეალურად, ადამიანებს მასობრივად ასაქმებს მხოლოდ ორი დარგი – მშენებლობა და ტურიზმი. ვაჭრობა – ის სიმახინჯე, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ჩვენს ქუჩებში ვხედავთ – სათვალავში მოსატანი არ არის – ის არაფერს  ქმნის და მხოლოდ უკვე არსებულ დოვლათს ანაწილებს.

ტურიზმი და მშენებლობა – აი, ქართული ეკონომიკის რეალური დასაყრდენი.

ამიტომაც კითხვა, – როდის გაიხსნება ტურისტული სეზონი და როდის აღდგება ტურისტული ნაკადი? – საქართველოსთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იტალიის ან, თუნდაც, საბერძნეთისთვის.

მთავრობა აცხადებს, რომ  პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის წახალისებას აპირებს, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა – გადამწყვეტი – ქვეყანას სჭირდება გარედან შემოსული თანხები, ხოლო შიდა ტურიზმი იგივეა, რაც ვაჭრობა – მას არაფერი შემოაქვს, ის მხოლოდ ანაწილებს ფულს, რომელიც ქვეყნის შიგნით ტრიალებს.

ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორედაც უცხოური ტურიზმის გააქტიურება, ამ მხრივ კი სიტუაცია სრულიად ბუნდოვანია.

ჯერ საზღვრებიც არაა გახსნილი, თუმცა როდესაც გაიხსნება, მთელი სიმწვავით სწორედ დეტალების თემა დადგება – როგორი პირობებით ამოქმედდება ავიაცია და  რამდენად მკაცრი ზომები  იქნება მისაღები?

როგორ უნდა იმუშაოს საქართველომ იმ ქვეყნებთან, სადაც ეპიდემია გაცილებით უფრო ძლიერია – მაგალითად, ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან, ისეთებთან, როგორებიც არიან რუსეთი, ირანი და თურქეთი – იქ ხომ ეპიდემია ჯერაც სრული მასშტაბებით მძვინვარებს?

პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ უცხოური ტურისტებისთვის საქართველოში თითქმის საკარანტინო პირობები შეიქმნება.  მაგრამ უცხო ქვეყანაში კარანტინში ჩამოსვლას ვინ მოისურვებს? კარანტინი ხომ მათ სახლშიც საკმარისი აქვთ.

უცხოური ტურიზმის გახსნის პერსპექტივის მთავარი პრობლემაა ადამიანების მხრიდან ქვეყნის გარეთ გასვლის მორალური მზადყოფნა, რომელიც შესაძლოა, ბევრს არც ჰქონდეს. დღეს კაცობრიობა სტრესის მდგომარეობაშია და მისგან გამოსვლას თვეები დასჭირდება.

თუმცა ადამიანის ბუნებას სიურპრიზებიც ახასიათებს – შესაძლოა, სულ პირიქით აღმოჩნდეს  – ხალხი იმდენად მოწყურებულია თავისუფალ გადაადგილებას, რომ საზღვრების გახსნისთანავე ყველა უცხოეთში სამოგზაუროდ გაქანდება.

თუმცა ამის ალბათობა ძალიან დაბალია და, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური წონასწორობის აღდგენას დრო დასჭირდება.

მხოლოდ თვეების შემდეგ, ისიც თუ მეორე ტალღა პირველზე სუსტი აღმოჩნდა – შესაძლებელია ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა.

ეს ძალიან რთული და ხანგძლივი პროცესია, რაც ბევრ ინვესტორს ესმის – თბილისში სამშენებლო ინდუსტრიას მუშაობის აღდგენის უფლება 3 კვირის წინ მიეცა, თუმცა ქალაქში რომ გაიაროთ, მარტივად შეამჩნევთ – თითქმის ყველა მშენებარე სასტუმროს პროექტი შეჩერებულია.

ტურიზმს და, მასთან ერთად, მთელ ქვეყანას, ძალიან მძიმე თვეები ელის.

თენგიზ აბლოთია