რატომ ათავისუფლებენ კახეთში ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს?

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი (გოგი)  გოგილაშვილის გადაწყვეტილებით, სოფელ ბოდბის, მაღაროსა და ანაგის მერის წარმომადგენლებს უფლებამოსილება შეუჩერდათ.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მერი კონკურსის გარეშე ნიშნავს და ისინი მხოლოდ ხელშეკრულებით დასაქმებული პირები არიან.

ცნობისთვის: ხელშეკრულებით დასაქმებული  პირებისთვის უმაღლესი განათლების ქონა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება სოფელ ბოდბის რწმუნებულს, ჩვენი ინფორმაციით, ალექსანდრე (ბაჩუკი) კოჭლამაზიშვილი იოსებ გოგაშვილისა და მეუფე იაკობის კადრი იყო, რომელიც  აღდგომის დღეებში სოფელ ბოდბის ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ საგანგებო მდგომარეობისთვის  ყურადღება არ მიექციათ და ბოდბის მონასტერში მისულიყვნენ ლიტურგიაზე. ადგილობრივები „ქრონიკა+“-სთან ყვებიან:

„ბაჩუკი (სოფელ ბოდბის წარმომადგენელი) სოფლის ბირჟაზე ამბობდა, გიორგი გახარია 30 ვერცხლზე გაყიდული რუსეთის აგენტია და მის გადაწყვეტილებებს ქართველები არ უნდა დავემორჩილოთო. კორონაც მოგონილია და ვინც ეკლესიაში ახლა არ მოხვალთ, მერე რომ აღარ შეგიშვან, იქ არ გაგიკვირდეთო…“

ის, რომ სოფელ ბოდბეში ლიტურგიაზე დასწრება-არდასწრების საკითხი დღის წესრიგში იდგა, ამას სხვა მედია ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს. კერძოდ კი ონლაინგამოცემა „პუბლიკა“ წერს:

ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობის ცნობით ბოდბის ეპარქიაში ხელისუფლების წარმომადგენლები სააღდგომო წირვაზე დასწრების შემთხვევაში საჯარო სამსახურების თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ.

„ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ  საჯარო სამსახურების თანამშრომლები, მასწავლებლები, ყველანი დაიბარა და უთხრა: თუ წახვალთ სააღდგომო წირვაზე თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები, დაკარგავთ სამსახურსო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

სიღნაღის მერიის კანცელარიის ხელმძღვანელი უარყოფს ამ ინფორმაციას და ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა.

მთავარეპისკოპოს იაკობის ბრალდებას უარყოფს სიღნაღის მერი გიორგი გოგილაშვილიც.

„მეუფემ რა თქვა, არ ვიცი. თანამშრომლებთან თათბირზე მათ მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოვუწოდე. წირვა იქნება თუ სასაფლაო, სადაც ხალხმრავალი ადგილებია, თავიანთივე და სხვათა უსაფრთხოებისთვის მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ წასვლისგან და დარჩნენ სახლში. ეს მხოლოდ  საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის გასათვალისწინებელი არ არის, ეს მოწოდება ეხება ყველას“, – განაცხადა სიღნაღის მერმა.

P. S. ბოლო პერიოდში კახეთში ერთდროულად რამდენიმე ათეული ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი შეიცვალა. რა გახდა მათი განთავისუფლების მიზეზები, „ქრონიკა+“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

მაკა მოსიაშვილი