ორი 17 მაისი? არა – ერთი!

ერთი შეხედვით, საქართველოში უკვე რეალობად იქცა ორი „17 მაისის“ არსებობა. ერთი – ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელსაც მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყანა 2004 წლიდან აღნიშნავს და მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით დაარსებული – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღე, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნ.

—                                                                       

„მე პირადად ვერ ვხედავ წინააღმდეგობას „სექსუალური უმცირესობების“ უფლებებსა და „ოჯახის სიწმინდის“ იდეას შორის. თქვენ?“ – ასეთი რამ დაწერა სოციალურ ქსელში პოლიტოლოგმა გია ნოდიამ, რაც საკმაოდ დამაფიქრებელია და რეალურად ანგრევს კიდეც ორი 17 მაისის იდეას.

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ „დაარსებული“ დღესასწული რომ პირველი -17 მაისის საპირწონე ქმედებაა, ეს ყველასთვის ნათელია. მაგრამ გია ნოდიას მიერ დასმული, ერთი შეხედვით, უწყინარი კითხვა – მეორე „17 მაისს“ პირველის მოკავშირედ, მისი ფილოსოფიური არსებობის ფორმულად აქცევს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცალკეული და არცთუ მცირე წარმომადგენლისთვის პირველი „17 მაისი“ გარყვნილების, ეროვნული ტრადიციების შელახვის, „დასავლეთის მახინჯი თვისებების“ გამოვლინებაა; მეორე „17 მაისი“ კი – ეროვნული ტრადიციების, მისი სიწმინდისა და ფასეულობების თვალნათელი გამოხატულება.

მეორე „17 მაისი“ „გვეუბნება“, რომ დასავლეთში ოჯახი არ არის ფასეულობა.

„ერთ-ერთი მავნე ზღაპარი, რაც პროპაგანდამ ჩაგვინერგა ისაა, თითქოს ევროპაში ოჯახის ღირებულება არ არსებობს. რეალურად კი სხვანაირი სოციალური სტატუსი და შინაარსი აქვს, თუმცა არსებობს „რომელია“ – ზოგიერთი აზრით იქ არსებობს თუ არსებობს“, – აცხადებს ჟურნალისტი და ისტორიკოსი დათო გამცემლიძე.

ახლა ისევ ბატონ გია ნოდიას გააზრებას დავუბრუნდეთ. პირველი „17 მაისის“ აღქმა მის მოწინააღმდეგეებში იმას უკავშირდება, რომ ამ დღის მოზეიმე ადამიანებს არანაირი სიწმინდე არ გააჩნიათ და მათთვის მთავარი მხოლოდ „ცხოველური ინსტინქტებით“ (თითქოს ადამიანებისთვის უცხო იყოს), სექსით ტკბობაა.  ერთი მცირე გადახვევა – სექსი რას ნიშნავს, ყველამ იცის და საზოგადოებაში ყველამ რომ იცის, იმის გამოსახატავად ვერბალურ ნაწილში უცხო სიტყვას ისე მარტივად და „კულტურულად“ ვიყენებთ, ვითომც არაფერი. მაგრამ ყველამ რომ იცის, იმის ქართული შესატყვისის გამოყენება სირცხვილი, უკულტურობა და არანორმატიული ლექსიკაა. ნეტავ, რატომ? მაგრამ მხოლოდ სექსია მთავარი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირველ „17 მაისს“ აღნიშნავენ ან ვერ აღნიშნავენ იმიტომ, რომ ოჯახის სიწმინდის დღის აღმნიშვნელები მათ ღიად მოუწოდებენ  – ქუჩაში არ გამოხვიდეთ და საძინებელში არავინ გივარდებათო? ანუ მათთვის ეს დღე აპრიორი საძინებელი და „ჟიმაობაა“, სადაც „მორალური დეგრადაცია“ დასაშვებია? მადლობა გოგი გვახარიას, ეს სიტყვა მაინც რომ გვაქვს სექსუალური აქტის, მეტ-ნაკლებად, „კულტურულად“ გამოსახატავად. არადა, ამ დღეს ხომ საერთოდ სხვა დატვირთვა აქვს და მას ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ჰქვია?

ძალიან ნიშანდობლივი აღმოჩნდა ბატონი გია ნოდიას პოსტზე თეოლოგ ლევან აბაშიძის კომენტარი, რომელმაც დასმულ კითხვებზე ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა და რეალურად განმარტა კიდეც ის, თუ რაზე აპელირებდა პოსტის ავტორი: „როგორც ერთმა სტუდენტმა მითხრა, სუფრაზე რომ იყოს სექსუალური უმცირესობის ორი წარმომადგენლის ოჯახი (ხომ ხედავთ, ბრჭყალებში არ ჩავსვი), მათი ოჯახის სადღეგრძელოს ვერ დავლევო. ჰოდა, ალბათ, მავანი მეტყვით, – ასეთ ოჯახებზე და ასეთ ქორწინებაზე არ ვსაუბრობთო, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხიც დადგება, თუ ამ უმცირესობას სრული თანასწორობა უნდა (ქართულ სუფრაზე ბოი ან გერლფრენდით, ან ოჯახებით სიარულის ჩათვლით). მოკლედ, არაა მნიშვნელოვანი, მე რომელ მხარეს ვარ. მთავარი სათქმელი – პრობლემა არის, კერძოდ, სადამდე დაუშვებს საზოგადოება ამ უმცირესობის ინტეგრირებას და მათი ნორმალურობის გათავისებას“. ბატონმა ლევანმა სწორად განსაზღვრა პრობლემის არსი და ისიც, თუ სად ვერ ხედავს წინააღმდეგობას პოსტის ავტორი. ეს იმის მიუხედავად, თავად უჭერს მხარს თუ არა საკითხის გააზრებას. ანუ პირველი „17 მაისი“ გასცდა საძინებლის მიხურულ კარს, სექსს – „ჟიმაობას“ – ტყ***რს, სიბილწეს, ღირებულებების არარსებობას და მეორე „17 მაისს“ დაუახლოვდა.

ეს მოცემულობა, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია თავად ლგბტქ ადამიანების გასააზრებლად. თუნდაც ეტაპობრივი, არ ვიტყოდი ეპოქალური, თუმცა არც ეს იქნება შეცდომა – ამოცანების განსასაზღვრად; იმის საჯარო დემონსტრირებისთვის, როგორც ამას მათი „არსებობის“ მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ისინი საძინებლის დახურული და ჩარაზული კარის მიღმა ცხოვრებისთვის არ იბრძვიან.

მოკლედ, როგორც იტყვიან, ცუდი კარგის გარეშე არ არსებობს და პრობლემა ზოგჯერ საკითხის სწორად დანახვისა და გადაწყვეტის გზას წარმოაჩენს ხოლმე. ამ შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქს მადლობაც კი ეკუთვნის საკითხის სწორად დემონსტრირებისთვის. ანუ – გინდა უფლება? იბრძოლე ოჯახისთვის!

***

პირველი „17 მაისის“ მოწინააღმდეგე მობობოქრე ერის ნაწილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა უმეტესობა, თვით თეოლოგების ერთი ჯგუფი, მკვეთრად გამოხატული და მალული ჰომოფობები, ხელისუფლებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების წევრების არცთუ მცირე ნაწილი, ერთმნიშვნელოვნად დაიკვეხნის და დაადასტურებს, რომ მათთვის ოჯახი იმ სიწმინდის გააზრებით არსებობს, როგორადაც ეს დღე წელს მეშვიდედ აღინიშნა?

მეორე „17 მაისის“ მოწინააღმდეგეები ბოლომდე იაზრებენ, რას ეწინააღმდგებიან, თუ ამ ზეიმს რელიგიურ კონტექსტს მოვაშორებთ?

ანუ ორივე მხარეს არის წინააღმდეგობრივი, ისევე როგორც ორივე მხარეს არის თანხვედრილი ფორმულები – ღირებულებები.

მოკლედ, რამდენიც არ უნდა შეეცადონ ცალკეული პერსონები, ადამიანთა ჯგუფები, ინსტიტუციები იმის მტკიცებას, რომ საქართველოში ორი „17 მაისია“, ეს არის მცდარი აღქმა, იმის მიუხედავად, რამდენი ადამიანი შეიკრიბება თავისუფლების მოედანზე ან რუსთაველის გამზირზე კორდონის ცალკეულ მხარს, ვის ეკავება ხელში ტაბურეტი და ვის – ტრანსპარანტი. 17 მაისი ერთია, უბრალოდ, ამ დღეს სწორი გააზრება უნდა – რადგან ის არ არის საძინებლის კარმიხურული ადამიანებისა და ქუჩაში მათი გამოსვლის მოწინააღმდეგეთა დღე. ეს უფლების დღეა, რომ ადამიანებმა იცხოვრონ თავისუფლად საკუთარ ოჯახებში, საზოგადოებაში, ქვეყანაში, სახელმწიფოში.

კოკა წერეთელი