როგორ მივაღწიოთ წარმატებას პოსტკორონისეულ ეპოქაში? – ნლპ-ს სპეციალისტ ვახტანგ ჯაფარიძის სასარგებლო რჩევები

რა გავლენას მოახდენს ორთვიანი „ლოკდაუნი“ ადამიანებზე, როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას პოსტკორონასეულ ეპოქაში და, საერთოდ, შეიძლება თუ არა კორონასთან ბრძოლა სიტყვებით? – ამ თემებზე „ქრონიკა+“ ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტ ვახტანგ ჯაფარიძეს ესაუბრა. ჩვენი რესპონდენტი იმის შესახებ გვიყვება, თუ რა ძალა აქვს სიტყვებს და ამ კონტექსტში იაპონელი მეცნიერების ერთ საინტერესო ექსპერიმენტს იხსენებს, რომლის შესახებაც  წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ დეტალურად.

კორონაპანდემიის გჯერათ?

– მის არსებობას ფაქტები მეტყველებს. არ მგონია, სახელმწიფოების ადმინისტრაციები საკუთარ მოსახლეობას ატყუებდნენ – ეს უაზრობა იქნებოდა. ისე, იმის მჯერა, რომ პანდემიის სიტუაციის გამოყენება შესაძლოა, ვიღაცის ინტერესების განსახორციელებლად ხდება, მაგრამ ნებისმიერი კრიზისის დროს ასეა. მოვიშველიებ ბარონ როტშილდის აზრს იმის შესახებ, რომ ქონება უნდა შეიძინო მაშინ, როდესაც ქალაქის ქუჩებში ომი გუგუნებს და სისხლი იღვრება.

ამბობენ, რომ კორონაპანდემიაც ომია. ჰოდა, რა გავლენას მოახდენს ადამინების ცხოვრებაზე ორთვიანი „ლოკდაუნი“?

– ადამიანები აღმოჩნდნენ ვითარებაში, რომელიც შეიძლება ისე დავახასიათოთ, როგორც საკუთარ ცხოვრებასა და ბედზე კონტროლის დაკარგვის ვითარება. ეს  საკმაოდ ძლიერი სტრესია, რომლის პირველ სტადიაზეც ხდება მობილიზება.

ეს სტერსი ორ ფორმაში ვლინდება. პირველი – საკვები და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტების მომარაგება; მეორე – ეიფორიული ოპტიმიზმი.

ეს ეტაპი 2 კვირიდან 1 თვემდე გრძელდება.

როდესაც თვითიზოლაციის პირობები იწელება, იწყება სტრესის შემდეგი ეტაპი, რომელსაც დეზადაპტაცია (წვრილმანი ქცევითი შეცდომების სისტემური დაშვება) ჰქვია. მაგალითად, ადამიანების სახელების არევა, ჭიქის ნაცვლად, წყლის ონკანის ნიჟარაში ჩასხმა და ა. შ. ეს ეტაპი, დაახლოებით, 1 თვემდე გრძელდება.

თუ ადამიანმა არ აღადგინა ცხოვრებაზე კონტროლი და სტრესი გაგრძელდა,  მესამე სტადიას მივიღებთ – დეგრადაციას.

ამ ეტაპზე ხდება პიროვნების დეფორმირება და პირველ პლანზე ამოდის ინსტინქტური ქცევა – შესაძლებელია აგრესიულიც, რაც ადამიანის თანდაყოლილი აგრესიულობის დონიდან გამომდინარეობს.

პიროვნების რღვევის არდაშვების მიზნით, აუცილებელია საკუთარ ცხოვრებაში მინიმალური წესრიგისა და დისციპლინის შენარჩუნებაზე მიმართული ძალისხმევა. მაგალითად, დაალაგეთ თქვენი ტანსაცმლის ან წიგნების კარადა, გაასუფთავეთ თუნდაც თქვენი ტელეფონი არასასურველი ინფორმაციისაგან და ა. შ. შეასრულეთ მცირე მოქმედებები, მაგრამ რეგულარულად.

ზოგი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი დაავადებისგან განკურნება განწყობით და სიტყვებით შეიძლება. თქვენ, როგორც ნლპ-სპეციალისტი, ამ მოსაზრებას იზიარებთ და თუ იზიარებთ, შესაძლოა თუ არა კორონას დამარცხება სიტყვებით?

– არსებობს დაავადებები, რომელიც იკურნება ფსიქოთერაპიით, ჰიპნოთერაპიით და ნეიროლინგვისტული პროგრამირებით. ხანდახან ხდება, რომ ადამიანი ქვეცნობიერად ირჩევს, დაავადდეს სხვადასხვა მიზეზთა გამო – ზრუნვისა და სიყვარულის მისაღებად, პასუხისმგებლობის ასარიდებლად, გაუცნობიერებელი სუიციდს სურვილით და ა. შ.

ნლპ-ფსიქოთერაპია ძალიან სწრაფად ადგენს ასეთ მიზეზს და მას იოლად აღმოფხვრავს. ამის შემდეგ ადამიანს უბრუნდება ჯანმრთელობა.

არსებობს დაავადებები, რომლის წარმოშობის მიზეზიც ფსიქოლოგიური არ არის. ასეთი დაავადებების მიზეზია ცუდი ეკოლოგია, გენეტიკა, უხარისხო კვება და ა. შ. ასეთ შემთხვევებში თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიების მეშვეობით შეიძლება მნიშვნელოვნად დავაჩქაროთ კონსერვატიული სამედიცინო მკურნალობის ეფექტიანობა.

რაც შეეხება კორონავირუსს, შეგვიძლია, ადამიანის იმუნური სისტემის მუშაობაზე, სტრესისგან განთავისუფლებისა და ჰიპნოზური იმუნომოდულაციის გზით დადებითი ზემოქმედება მოვახდინოთ.

მასობრივი პანიკის შექმნაში დამნაშავეა თუ არა მედია?

– არ მგონია, ასე იყოს. ნებისმიერი კრიზისის დროს უნდა განხორციელდეს ანტიკრიზისული მასობრივი კომუნიკაციების სისტემური, წინასწარ დამუშავებული ალგორითმები. როდესაც ეს ხარისხიანად ხორციელდება, საზოგაოებას მიეწოდება ობიექტური და დროული ინფორმაცია, რომელიც ბლოკავს პანიკური განწყობების წარმოშობის შესაძლებლობას.

როდესაც სახელმწიფო ასეთ კომუნიკაციებს სისტემურად და ცენტრალიზებულად არ ახორციელებს, მაშინ, იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერი კრიზისის პირობებში, საზოგადოების მოთხოვნილება ინფრომაციაზე იზრდება, იოლად ხდება პანიკური ჭორების წარმოშობა და ასევე ძლიერდება ნდობა ინფორმაციის არაფორმალური წყაროების მიმართ.

ასეთი ჭორები ქმნის პანიკას.

როგორ უნდა ვისწავლოთ ადამიანებმა ცხოვრება და როგორ მივაღწიოთ წარმატებას ახალ, ანუ პოსტკორონისეულ ეპოქაში?

– ამ კრიზისმა საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სასიცოცხლო მნიშვნელობა დაგვანახა, ამიტომ ეს მიმართულება რაც შეიძლება კარგად უნდა ავითვისოთ.

და მაინც, რა ძალა აქვს სიტყვას?

– სიტყვას უზარმაზარი ძალა აქვს. ხშირად ადამიანები ვერც კი ხვდებიან, თუ რა ზიანს აყენებენ ერთმანეთს არასწორი მეტყველებით.

იაპონელმა მეცნიერებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: წყლით რამდენიმე ქილა აავსეს და ერთ ქილასთან ლოცვები წაიკითხეს, მეორესთან ალერსიანი სიტყვები წარმოთქვეს, მესამესთან – წყევლა-კრულვა, მეოთხესთან – გინება. შემდეგ ეს წყალი გაყინეს და გაყინული წყლის კრისტალური მესერი მიკროსკოპით დაათვალიერეს. იქ, სადაც ილოცეს და ალერსიანი სიტყვები უთხრეს წყალს, კრისტალური მესერი ძალიან ლამაზი და სიმეტრიული  იყო. გინებისა და წყევლის შემთხვევაში კი წყალმა სტრუქტურა დაკარგა, ანუ დაავადდა.

ახლა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ადამიანი 80 პროცენტით შედგება წყლისგან და ეს წყალი მუდმივადაა იმ სიტყვების ზემოქმედების ქვეშ, რაც გარედან ესმის ან რა სიტყვებითაც ის საკუთარ თავს თავად ესაუბრება. აქედან გამომდინარე, ადამიანი ან შინაგანად ძალიან ლამაზი ხდება, თუნდაც მოლეკულურ დონეზე, ან მოსიარულე გუბედ არის ქცეული.

ზოგადად, წარმატება ერთეულების ხვედრია თუ ყველას შეუძლია, წარმატებული გახდეს?

– იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებსა და მოზარდებს მიზნის სწორად არჩევას, შემოქმედებით აზროვნებას, სწრაფად სწავლას, მოლაპარაკებას, საჯაროდ გამოსვლას, ბოროტებასთან წინააღმდეგობას და კიდევ რამდენიმე საინტერესო უნარს ადრეულ ასაკში ვასწავლით, წარმატება მასობრივად ხელმისაწვდომი გახდება.

გიორგი აბაშიძე