საქართველო და დასავლეთი

საქართველოში ბევრი ადამიანის, პირველ რიგში, ე. წ. ტრადიციული, მამაპაპური ქართველებისგან ხშირად ისმის შეკითხვა: „ადრე გვმართავდა რუსეთი, დღეს _ ამერიკა და ევროპა, ჩვენთვის რა განსხვავებაა?“
ეს არის ადამიანთა კატეგორია, რომელსაც გულწრფელად არ ესმის განსხვავება ბრიუსელ-ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. მათ აღქმაში ეს არის ერთი და იგივე _ უცხო ძალა, რომელიც უხეშად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. მეტიც: მათთვის მოსკოვის გავლენა, საბოლოო ჯამში, უფრო დადებითია, რადგანაც რუსებს უკეთესად ესმით დროსა და სივრცეში დაკარგული ტრადიციული ქართველების დარდები და თავიანთ პროპაგანდაში იყენებენ ზუსტად ამას _ წართმეულ ქართველობას, მსოფლიოს ბრძოლას მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, თურქულ ექსპანსიას, ჰომოსექსუალების აღზევებასა და სხვა ამ ტიპის შიშებს.

თანაც მამაპაპური ქართველისთვის დიდი და იოლი ფულის შოვნა გაცილებით ადვილია რუსეთში, ვიდრე რეგულაციებითა და ათასნაირი ნორმით შებოჭილ ევროპაში.
აქედან გამომდინარე, მართლაც, _ რა განსხვავებაა, რომელი უცხო ძალა გვმართავს _ რუსეთი თუ დასავლეთი?
ამ დღეებში ჩვენ ნათლად დავინახეთ, თუ რა განსხვავებაა რუსეთსა და დასავლეთს შორის, და კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, მივიღეთ პასუხი კითხვაზე: „რატომ არის საქართველოსთვის მომგებიანი დასავლეთის გავლენის ქვეშ ყოფნა?“
როგორც ჩანს, უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დაიწყო „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, დასასრულს მიუახლოვდა _ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ საარჩევნო მოდელზე, რომელიც, რა თქმა უნდა, იდეალური არაა, და ბევრად უარესია, ვიდრე მთლიანად პროპორციული სისტემა, თუმცა აშკარა წინსვლაა 77-73-თან შედარებით.
ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე შეწყდა ქვეყნის ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბების პროცესი _ ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ხელისუფლება იქცევა გაცილებით უფრო ხისტად, ვიდრე მთელი წინა 7 წელი. პოლიტპატიმრები, ხულიგნობისთვის დაპატიმრებული აქტივისტები, დარბევები, ზონდერების აქტიური გამოყენება, ოპოზიციურად განწყობილი ცნობილი ადამიანების მუდმივი დაბარება პროკურატურაში და ა. შ.
როგორც ჩანს, ამ გაუგებარი ნახევრად ავტორიტარიზმის დრო მიდის და ქვეყანა უბრუნდება იმ, თუნდაც, უკუღმართ და არასრულ, მაგრამ მეტ-ნაკლებად დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც იყო 2019 წლის ივნისამდე.
თუმცა, ამ სიტუაციაში, ყველამ უნდა გააცნობიეროს ერთი სამწუხარო ფაქტი _ თუ ამ ძალისხმევის შედეგად ქვეყანა გადადგამს თუნდაც ერთ ნაბიჯს წინ _ ეს იქნება არა „ბრძენი ქართველი ხალხის“ ან თუნდაც მისი პოლიტიკურად აქტიური ნაწილის, არამედ, მხოლოდ და მხოლოდ, კოლექტიური დასავლეთის დამსახურება.
სწორედ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები თვეების მანძილზე, როდესაც რამე შეთანხმების იმედიც კი არ არსებობდა, აგრძელებდნენ მოლაპარაკებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
ეს ხდებოდა იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას ღრმად ეძინა _ ასე რომ, ამჟამად, ისევე როგორც ხშირად სხვა სიტუაციებში, დღევანდელი უდავო წარმატება არის სწორედ დასავლეთის საჩუქარი.
ეს არაა არაფრის გარანტია _ ყველაზე კარგი საარჩევნო სისტემაც კი არ გამორიცხვას ძალადობას, გაყალბებას, ადმინისტრაციული რესურსის აქტიურ გამოყენებასა და კარტოფილის დარიგებას. ცალსახაა, რომ ეს დათმობა არ ნიშნავს დანებებას „ქართული ოცნების“ მხრიდან _ ჩვენ გველის უმძიმესი წინასაარჩევნო კამპანია, უკომპრომისო და დაუნდობელი ბრძოლა ყოველი ხმისთვის.
მაგრამ ეს მონაპოვარი არის შანსი, რომლის გამოყენება-არგამოყენებაც არის მთლიანად ქართველი ხალხის ხელში. ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა აჩუქეს ამ ქვეყანას შანსი, რომელიც მან არ დაიმსახურა _ სწორედ ესაა იმის მიზეზი, რატომაც არის აუცილებელი საქართველოს ყოფნა დასავლეთის გავლენის სფეროში.
ყველა წინსვლა, რომლის წყალობითაც დღეს საქართველო საერთოდ არსებობს, როგორც სახელმწიფო, განხორციელდა დასავლეთის უშუალო და აქტიური ჩართულობით! ყველა რეფორმა, რომლითაც დღეს იწონებს თავს არა მხოლოდ წინა, არამედ დღევანდელი ხელისუფლებაც კი, დაკავშირებულია სწორედ ამერიკელი და ევროპელი მრჩევლების რეკომენდაციებთან.
ყველა მენტალური ცვლილება, რომელიც აძლევს ქვეყანას მცირე შანსს მომავალ წინსვლაზე, ასევე პირდაპირ კავშირშია კოლექტიური დასავლეთის ძალისხმევასთან: ადამიანის უფლებები, საზოგადოების გახსნილობა, უმცირესობებისა და განსხვავებული ადამიანების მიმართ შედარებით ტოლერანტული დამოკიდებულება, „ქურდული გაგების“ უარყოფა და და წინა პლანზე სამართლებრივი სისტემის გამოყვანა _ ყველაფერი ეს, და მრავალი სხვა, იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა ამერიკისა და ევროპის მკაცრი მეურვეობა.
„ნუ გვასწავლიან, როგორ ვიცხოვროთ, ჩვენ თვითონ გავარკვევთ“, _ ამბობენ არაფრის მაქნისი ხელმოცარულები, რომელთაც ქვეყანას კი არა, ორ ბატს ვერ მიაბარებ.
მადლობა უნდა თქვათ, რომ გასწავლიან _ მამაპაპური ქართველები ხვალ ვინმემ რომ მიუშვას თავის ნებაზე, არაკორუმპირებული პატრული კი არა, „კანონიერი ქურდი“ გვეყოლება ყველა სადარბაზოში.
შესაბამისად, კითხვა: „რა განსხვავებაა, ვინ გვმართავს, რით სჯობს დასავლეთი რუსეთს?“ _ სრულიად უადგილოა, _ აი, სწორედ ყველაფერ ამით სჯობს _ ის გვაძლევს წინსვლის შანსს მაშინაც კი, როდესაც ქვეყანამ ეს არ დაიმსახურა.
განსხვავებით რუსეთისგან, რომლის იდეოლოგიაც არის უძრაობა, არქაიზაცია, მაქსიმალურად წინ წამოწევა „ეროვნული იდენტურობის“, რომელიც სინამდვილეში არის წმინდა წყლის საბჭოური მენტალიტეტი და ის არათუ ხელს არ უწყობს, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება ყოველგვარ განვითარებას.
ამის ნათელი მაგალითია რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოეთ კავკასიის ერები _ ისინი სწრაფი ნაბიჯებით მიექანებიან შუა საუკუნეებში და ეს არის არა რაღაცა შემთხვევითი, არამედ გამიზნული და დაგეგმილი პროცესი _ ღრმა წარსულში ჩარჩენილი, გაუნათლებელი და ბნელი ადამიანებით მანიპულირება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე გახსნილი და თანამედროვედ მოაზროვნე საზოგადოებით.
არავინ თქვას, რომ ჩრდილოეთ კავკასია ერთია და საქართველო _ სხვა. არ დაგვავიწყდეს _ სულ რაღაც 20 წლის წინათ საქართველოში იტაცებდნენ გოგოებს, ესალმებოდნენ ერთმანეთს სიტყვებით „ქურდებს სიცოცხლე“, თავს ესხმოდნენ ფერად ტანსაცმელში ჩაცმულ ან გრძელთმიან მამაკაცებს, სიტყვა „ჰომოსექსუალიზმი“ იყო მკაცრად ტაბუირებული, ხოლო ადამიანების საქციელის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია გახლდათ „მეზობლები რას იტყვიან?“
დღეს ქართული საზოგადოება გაცილებით უფრო გახსნილი და კონკურენტუნარიანია და სწორედ ეს, და არა ფინანსური დახმარება, არის დასავლეთის მთავარი წვლილი საქართველოში.

თენგიზ აბლოთია