ინგუშეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ორ დღეში სამჯერ გაიზარდა

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ინგუშეთის მუფტი კორონავირუსით გარდაიცვალა, აქაურები კოლექტიურ ლოცვაზე უარს მაინც არ ამბობენ. მათ არც სხვა აქტივობები შეუჩერებიათ, რამაც უკვე გამოიღო შედეგი და ორ დღეში კორონათი ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის სამჯერ გაიზარდა. „ქრონიკა+“ უკვე წერდა, რომ 13 აპრილის მონაცემებით, აქ 34 ადამიანი იყო კორონავირუსით ინფიცირებული, 15 აპრილის დილისთვის კი მათი რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ადგილობრივები მატებას არ გამორიცხავენ, რადგანაც ინგუშების დიდი ნაწილი თვითიზოლაციას არ ცნობს.

ამ მხრივ გაცილებით კანონმორჩილები აღმოჩნდნენ ჩრდილოეთ ოსეთში. ამ რესპუბლიკის დედაქალაქში 10.000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს. 15 აპრილს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვლადიკავკაზი სრულად ჩაკეტა. მოსახლეობას დასვენების პარკში სეირნობაც კი აუკრძალა. პარკი ყვითელი ლენტით არის შემოფარგლული. ამ მხრივ არანაირი შეზღუდვები არ არის ინგუშეთში. ადგილობრივები თავისუფლად გადაადგილდებიან, სეირნობენ, კოლექტიურად რგავენ ხეებს. არადა, როგორც ამბობენ, ყველაზე მოუმზადებლები ისინი შეხვდნენ ეპიდემიას.  ინგუშეთის დედაქალაქი მაგასში ჩაკეტეს,  შესვლა და გასვლა აკრძალულია, მაგრამ აქაურები შემოვლითი გზებით მშვენივრად დასეირნობენ იქით-აქეთ და კაციშვილი მათ ამაში ხელს არ უშლის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რესპუბლიკაში არ არის სადიაგნოსტიკო ცენტრი და არც იმის შესაძლებლობაა, ავადმყოფებს კომპიუტერული ტომოგრამა გადაუღონ. 

რესპუბლიკაში მედიკამენტების სერიოზული დეფიციტია. წამლების ნაკლებობას წამყვანი საავადმყოფოებიც კი განიცდიან, მათ შორისაა ნაზრანის რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც  ინფექციური ცენტრი ფუნქციონირებს.

ინგუშეთში პირბადეებისა და ხელთათმანების სერიოზული დეფიციტია. ადგილობრივი მედიის ცნობით, დამცავი საშუალებების არსებული მარაგი 2-3 დღეში ამოიწურება. არ არსებობს ალგორითმი, რომლის მიხედვითაც ექიმები იმოქმედებენ.

ადგილობრივმა მილიარდერმა ხამჩიევმა რესპუბლიკას საჩუქრად 2 „გაზელის“ მარკის მანქანით მედიკამენტები ჩაუტანა, მაგრამ ის არსად ჩანს. ეჭვობენ, რომ წამლები ჯანდაცვის სამინისტრომ გაყიდა.

აშკარაა, ჩვენს სამეზობლოში კარგი მდგომარეობა არ გახლავთ. შედარებით კანონმორჩილ ოსებში კორონას მხოლოდ 52 შემთხვევა ფიქსირდება, თავნება ინგუშეთში კი 90 ადამიანია უკვე დაინფიცირებული. აქაურები შიშობენ, რომ ეს რიცხვი კიდევ მოიმატებს.

შორენა მარსაგიშვილი