ექიმი მაკა ბულეიშვილი: „კორონამ სიყვარული გვასწავლა!“

როგორ მიყვარხართ! რეკავენ, რეკავენ ყველა მხრიდან, რეკავენ!.. რეკავს ამერიკა, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საბერძნეთი, ჰოლანდიაყველა რეკავს! არც ვიცი, ვინ, მაგრამ ის ვიცი, რომ უხხხ, როგორ გვყვარებია ერთმანეთი! რა დიდი ყოფილა ერთობისდა იმედის ძალა! ცოტა წავიტირებ ხოლმე, როდესაც ჩვენი გოგოები მიყვებიან მათ ჩივილებს, მერე ისევ ყველა ერთმანეთს ვეფერებით აქაც, იქაც! ამერია სათვალავი, მაგრამ ის ვიცი, რომ აი, ამ დიდი სიყვარულით, ამ დიდი ერთობით, ამ დიდი შეუპოვრობით და დიდი პროფესიონალების დაჯერებით ჩვენ მალე გავიმარჯვებთ! მხოლოდ დარჩით სახლში და ჩვენ აგერ, აქ ვართ, 24 საათი თქვენთან! რამდენი რამ დაგვანახა და გვასწავლა კორონავირუსმა! იმედია, მომავალში გავითვალისწინებთ. მგონი, ცოტა სიყვარული გვასწავლა!“ – ამ სიტყვების ავტორი მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის ექსპერტი, თერაპევტი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი მაკა ბულეიშვილია, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული.

ქალბატონი მაკა „ქრონიკა+“-ს იმის შესახებ ესაუბრება, თუ რა დროს გადაჰყავთ პაციენტი ცხელების ცენტრში და ასევე როგორ შეცვალა კორონაპანდემიამ სამედიცინო პერსონალის დღის წესრიგი.

მაკა, როგორ შეცვალა კორონაპანდემიამ ოჯახის ექიმების და საერთოდ, მედპერსონალის ცხოვრება? ყველაფერ ამისთვის მზად იყავით?

– ოჯახის ექიმები და, ზოგადად, პირველადი ჯანდაცვა, მისი ფუნქციიდან გამომდინარე, ამა თუ იმ დაავადების პრევენციასა და დროულად გამოვლენაში ყოველთვის პირველი რგოლია.

როდესაც პირველადი ჯანდაცვა, ანუ ეს საფეხური – ოჯახის, უბნისა და სოფლის ამბულატორიის ექიმი გამართულია, საწყის ეტაპზევე ხდება ამა თუ იმ დაავადების აღმოჩენა და მკურნალობის დროული დაწყება.

ოჯახის ექიმებისთვის აღნიშნული სიტუაცია, ანუ ვირუსული ინფექციების მართვა, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.

რატომ?

– ვიდრე „covid-19“-ის პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტირების მიზნით საოჯახო მედიცინის ჩართულობა დაიწყებოდა, ალბათ, გახსოვთ, მანამდე ოჯახის ექიმებს „ღორის გრიპის“ მართვა უწევდათ. სხვათა შორის, ეს ვირუსული ინფექციაც საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა. ოჯახის ექიმები, აგრეთვე, მართავდნენ წითელასა და სხვა ინფექციურ თუ მწვავე რესპირატორულ დაავადებებსაც.

ყველა ამ დაავადების მკურნალობა კი, რა თქმა უნდა, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობდა და მიმდინარეობს.

ყველაფერ ამის მიუხედავად, „Covid-19“-მა ყველა, განსაკუთრებით კი, სამედიცინო პერსონალი საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. ეს გამოწვევა ეხება როგორც პირველად ჯანდაცვას – ოჯახის ექიმებს, აგრეთვე, სტაციონარის მედპერსონალს. შესაბამისად, ჩვენი ყოფიერებაც შეიცვალა.

ოჯახის ექიმები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ და 112-იდან შემოსულ ყველა ზარს პასუხობენ. სტაციონარში კი სპეცეკიპირებული და შეფუთული მუშაობა ურთულესია, მაგრამ მთავარია, პაციენტს საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, მაქსიმალურად დაეხმარო, თუმცა პირადად მე სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია და ასეა ყველა ექიმი, ექთანი, სანიტარი და ლაბორანტი, მოკლედ, ყველა, ვინც წინა ხაზზეა!

ცხადია, სამედიცინო სფეროს თითოეული წარმომადგენელი გმირი ხართ და ამისთვის მადლობას იმსახურებთ! გაზაფხული, ზოგადად, ვირუსების სეზონია შესაბამისად, ადამიანმა ცხელების ცენტრს როდის უნდა მიმართოს, ანუ, ქვათ, ტემპერატურა როგორც კი აუწევს მაშინვე, თუ რამდენიმე დღის შემდეგ?

– დიახ, გაზაფხულზე ხშირია რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ვინაიდან გვიწევს სოციალური დისტანციის დაცვა, რაც უმნიშვნელოვანესია ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სწორედ ამიტომ ჩართულია პირველადი ჯანდაცვა – ოჯახის ექიმი და მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს დისტანციური კონსულტაციები შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით.

– ეს პროტოკოლი როგორია?

– ყველასთვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ მარტივი სიმპტომის ან სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ვრეკავთ 112-ში, სადაც გვესაუბრება ოპერატორი, რომელიც პაციენტს ადგილმდებარეობის მიხედვით ამ პროგრამაში ჩართულ ოჯახის ექიმთან ამისამართებს. ოჯახის ექიმს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და, აგრეთვე, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ტრეინინგი აქვს გავლილი.

მიღებული შეტყობინების შემდეგ, ოჯახის ექიმი ვალდებულია, მყისიერად (ხანდახან რამდენიმე შეტყობინება ერთდროულადაა შემოსული) გაესაუბროს პაციენტს და ყველაფერი დაწვრილებით გამოჰკითხოს. სპეციალურ კითხვარში მითითებულია „covid-19“-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ასეთი, პირველ რიგში, ცხელებაა, შემდეგ – მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე, ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში, ქოშინი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კონიუნქტივიტი (თვალიდან გამონაჟონი), მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, თავის ტკივილი.

ყველაზე სარწმუნო და საყურადღებო კი მაინც ისაა, თუ რამდენი დღე გრძელდება ცხელება და რამდენია ტემპერატურა.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უკვე აღარაა მთავარი, პაციენტმა უცხოეთში იმოგზაურა თუ არა ან ჰქონდა თუ არა საეჭვო ანამნეზის პირებთან ურთიერთობა, მაინც საჭიროა, პაციენტმა  ამ კითხვებზეც გასცეს პასუხი.

ოჯახის ექიმი ყველა ამ მონაცემის მიღების შემდეგ თუ ჩათვლის, რომ მდგომარეობა საყურადღებოა, პაციენტს ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაციას აძლევს და იმასაც ეუბნება, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

აგრეთვე, პროტოკოლის მიხედვით, ექიმი ვალდებულია, დარეკვიდან მე-3 დღეს თავად დაუკავშირდეს და გადაამოწმოს პაციენტის ყველა პარამეტრი, ანუ ჰკითხოს, ხომ არ მოემატა ტემპერატურა, სიმპტომები ხომ არ გაღრმავდა ან ახალი ხომ არ დაემატა?

მოკლედ, ოჯახის ექიმი პაციენტს ყოველ მე-3, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს ურეკავს, ანუ საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე.

თუ სიმპტომები გაღრმავდება ან, მაგალითად, დაემატება ჰაერის უკმარისობა და ცხელებაც, ოჯახის ექიმმა უნდა განსაზღვროს, დაურეკოს თუ არა 112-ს, რათა პაციენტი გადაყვანონ ცხელების ცენტრში შემდგომი გამოკვლევის მიზნით.

ოჯახის ექიმი ვალდებულია, პაციენტს პატრონაჟი გამოჯანმრთელებამდე გაუწიოს!

112 პაციენტთან სპეცეკიპირებით მიდის და იგი ცხელების ცენტრში გადაჰყავს, სადაც ყველა ლაბორატორიული და კლინიკურად საჭირო კვლევა უტარდება.

თუ ცხელების ცენტრში ტესტმა კორონავირუსზე დადებითი აჩვენა, რაღა თქმა უნდა, პაციენტთან მყოფი პირების ეპიდემიოლოგიური კვლევა იწყება.

რაც შეეხება ასაკოვან პაციენტებს, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვთ (შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ფილტვების ქრონიკული და სისტემური დაავადებები, ასევე ონკოლოგიური დაავადებები), ოჯახის ექიმი ყველაფერს დაწვრილებით გამოიკითხავს და საჭიროების შემთხვევაში  112-ში ამისამართებს. სხვა შემთხვევაში, ასეთი პაციენტები სპეციალისტის, მაგალითად, კარდიოლოგის ან ონკოლოგის კონსულტაციას დისტანციურად მიიღებენ.

მაკა, ხელების დაბანა და ჰიგიენის სხვა ნორმების დაცვა გასაგებია, მაგრამ ადამიანმა, რომელიც თვითიზოლაციაში და სახლიდან კვირებია, არ გამოდის, ანტისეპტიკური საშუალებები მაინც უნდა გამოიყენოს?

– ზოგადი ჰიგიენის დაცვა ყოველთვის აუცილებელია, განსაკუთრებით კი – ეპიდემიის დროს. ამიტომ ცუდი არც სადეზინფექციო საშუალებების ხმარება იქნება.

კორონას ბუნება, ჯერჯერობით, უცნობია, ამიტომ, ოთახების ხშირი განიავება რატომაა აუცილებელი?

– განიავება განსაკუთრებით აუცილებელი თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვისაა, რათა ოთახი მეტი ჟანგბადით გაჯერდეს.

გიორგი აბაშიძე