სოსო გოგაშვილისა და მისი მიმდევრების „დაბოლების“ მეთოდი

კორონის ხანაში ერთობ რთული გახდა პოლიტიკაზე მსჯელობა, მაგრამ ეს ჟამიანობაც გადაივლის და ჩვენ ისევ იმ პოლიტიკურ ციკლს დავუბრუნდებით, რითაც 2020 წელი დავიწყეთ. ამასობაში ვიღაცას რაღაც დავიწყებული ექნება, ვიღაცას პოლიტიკური მოგონებები გაახსენებს თავს, სად არის და რა უნდა აკეთოს 2020-ის არჩევნებზე, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება, ხალხს, _ ისევ ღიად დარჩება ეს კითხვა…
ალბათ, ჩვენი საშველი ჩვენსავე ხელშია, უბრალოდ, მოხმარება არ ვიცით და გამბედაობა არ გვყოფნის, თორემ ვერც მიშა, ვერც ბიძინა და ვერც ვერავინ გაბედავდა ვერასდროს ხალხის ნების წინააღმდეგ წავსლას…

გადაივლის კორონა და ისევ ამუშავდებიან ბოტები…
ისევ აჭყავლდება მარნის ჭოტი, მაგრამ რა?
ძალა ერშია!..
2020-ის არჩევნები ისე უნდა ჩავატაროთ, რომ „ბოლი“ ახლოს არ მივიკაროთ…
თუ საქართველოს უახლეს ისტორიას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, როგორ მოეხდინათ გავლენა მასებზე, როგორ ემართათ საზოგადოება, რომ სასურველი შედეგი მიეღოთ _ მაგალითად, ზვიად გამსახურდიამ აქტიურად დაიწყო სახალხო თავყრილობების ორგანიზება, რადგან მისთვის მიტინგი ხალხზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიანი მეთოდი იყო, რაშიც ორატორული ნიჭი და ზუსტი ცოდნა _ თუ რისი მოსმენა სურდა ხალხს მისგან _ განსაკუთრებით ეხმარებოდა.
სწორედ ამიტომ იმართებოდა მიტინგები. საბოლოოდ პიკეტირება და საყოველთაო თავშეყრის ორგანიზება მმართველობის ძირითად მიმართულებად და პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ერთადერთ შესაძლებლობადაც კი იქცა. თანაც, იმ ფონზე, როდესაც საინფორმაციო სივრცე შეზღუდული იყო, ნებისმიერი მიტინგისა და მოწოდებების შესახებ ინფორმაცია უსწრაფესად ვრცელდებოდა.
კარგად გვახსოვს შევარდნაძის ყოველკვირეული რადიოგადაცემებიც, სადაც მუდმივად სტაბილურობაზე საუბრობდა _ მან კარგად იცოდა, რომ სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების შემდეგ სწორედ მშვიდობის მოლოდინი ჰქონდა მოსახლეობას. გარდა ამისა, შევარდნაძე ყოველთვის ხაზს უსვამდა საერთაშორისო ავტორიტეტს, ხშირად ახსენებდა გენშერსა თუ ბუშს და მათ პირად მეგობრებად წარმოაჩენდა. ხალხსაც პირველ ეტაპზე სჯეროდა, რომ საერთაშორისო ფიგურასთან ჰქონდა საქმე, რომელსაც გერმანელი თუ ამერიკელი მეგობრები ნებისმიერ რთულ ვითარებაში გვერდით დაუდგებოდნენ. გარკვეულ ეტაპზე შევარდნაძის მეთოდმა საზოგადოებაზე გავლენა მოახდინა.
სააკაშვილს განსხვავებული პრინციპი ჰქონდა _ ყოველდღიურად ტელევიზიით ჩნდებოდა, ხსნიდა სხვადასხვა ობიექტს, ზოგჯერ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ რაღაცებს იგონებდა სპეციალურად იმისთვის, რომ მუხტი არ დაეგდო და ტელევიზიით ხალხისთვის მიემართა. ამას წარმატებითაც ახერხებდა, რადგან თავადაც კარგი პიარტექნოლოგია და იმ უნარებს ფლობს, რაც მასაზე გავლენის მოსახდენადაა საჭირო.
მმართველობის მეთოდებს თუ გადავავლებთ თვალს, სააკაშვილს ყველაზე დახვეწილი პროპაგანდისტული მეთოდოლოგია ჰქონდა შემუშავებული.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მან შეძლო მოსახლეობაში მითიური პერსონის სახელის დამკვიდრება. კარგად გვახსოვს ლეგენდები, რომელიც ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ქვეყანაში, სხვა ოფიციალური ინფორმაცია კი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ესეც მასებზე ზემოქმედების ერთგვარი მეთოდია. ბიძინა ივანიშვილი, წინამორბედებისგან განსხვავებით, არ ზრუნავდა თავისი ქმედებების აფიშირებაზე, თუმცა ამის შესახებ მაინც სრულიად საქართველოსთვის ხდებოდა ცნობილი.
დღეს, წინა 30 წლისგან განსხვავებით, პოლიტიკოსებისთვის ხალხზე მანიპულაციის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება – უბრალოდ, ადვილად ვეღარ გვაბოლებენ პოლიტიკოსები, როგორც 90-იან წლებში და რეაქტიულ პიარსვლებსაც ნაკლები ეფექტი აქვს.
ანუ ამომრჩეველმა იმდენად გამოიმუშავა უნარები, რომ მათზე პოლიტიკოსების წინასწარ გათვლილი ჟესტიკულაციები და საუბრის დაყენებული მანერაც კი აღარ ახდენს გავლენას.
მაგრამ აქ სხვა ბერკეტი მოიფიქრეს ე. წ. შავრაზმელებმა, რომლებიც სამართლიანად რომ აღვნიშნოთ, ბიძინა ივანიშვილთან არ ასოცირდებიან. ისინი „ოცნებიდან“ ჩამოცილებული ან ჩამოსაცილებელი იუდას კასტის ჯგუფია. ისინი ახალ საშიშროებას თესენ საზოგადოებაში და მას საშიშროების მოლოდინის გაჩენა ჰქვია. ისინი ამ საშიშროებას ორი მიმართულებით ავითარებენ: ერთი მიმართულება არის თავად „ოცნება“ და ივანიშვილი, მეორე კი _ ქართული საზოგადოება.

სოსოს დაბოლების მეთოდი ხელისუფლებასა და ხალხს…

გუნდი, რომელიც „ოცნებასთან“ აფილირებულია, თუმცა სინამდვილეში ნახტომისთვის მზადაა, რომ წინასაარჩევნოდ თუ დასჭირდა, ცალკე პარტიის სახელით გავიდეს არენაზე საბრძოლველად, მისი ერთ-ერთი “ლიდერი” სწორედ სუსიდან და „ოცნებიდან“ გაშვებული სოსო გოგაშვილია.
ამბობენ, რომ გოგაშვილისა და მისი მიმდევრების „დაბოლების“ მეთოდი ასეთია:
პრობლემების შექმნა და შემდეგ მათი გადაწყვეტის საშუალებების შეთავაზება.
ანუ მარტივად რომ განვიხილოთ, უნდა შეიქმნას საგაზაფხულოდ დიდი პრობლემები, შემდეგ მათი მოგვარება უნდა გახდეს შეუძლებელი, განსაკუთრებით გახარიასთვის, და ბიძინას საკუთარი გუნდი და რესურსი უნდა შესთავაზოს ჯგუფმა, სადაც შედის სუსის უფროსის მოადგილე გოგაშვილი.
მაინც, რა პრობლემა უნდა შეიქმნას?

გეგმა A:
პრობლემა უნდა იყოს იმ სახის, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობაში გარკვეული რეაქციის გამოწვევას, რათა მან თავად მოითხოვოს ზომების მიღება, რომელიც აუცილებელია მმართველი წრეებისთვის.
მაგალითად, ქალაქებში ძალადობის დაშვება, რათა მოქალაქეებმა მოითხოვონ უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც შეზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებას.
ივანიშვილს კი ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს, რომ სხვას უხმოს დასახმარებლად. აქ სწორედ გოგაშვილი და მისი სამეგობრო უნდა მოევლინოს კრიზისების მთავარ მხსნელად. სამაგიეროდ, საკუთარი გუნდის მიერ შექმნილი პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ გოგაშვილმა და მისმა მეგობრებმა პარტიულ სიაში უნდა მიიღონ ადგილები. ესაა გეგმა A, რომელზედაც უკვე რამდენიმე თვეა, მუშაობს სოსოს იატაკქვეშეთში.

გეგმა B:
გამოიწვიონ გარკვეული ტექნოგენური კრიზისი, რათა აიძულონ ივანიშვილი, გააზრებულად მიიღოს ზომები მისი შედეგების აღმოსაფხვრელად, თუნდაც მათი სოციალური უფლებების დარღვევის ხარჯზე. და აქაც ერთადერთი სპაიდერმენი კვლავ გოგაშვილი და მისი გუნდი უნდა იყოს.
სინამდვილეში, გოგაშვილი დღეს არა მარტო ივანიშვილს, არამედ გახარიასა და ღარიბაშვილსაც ებრძვის. აქაც იგივე მოთხოვნა, _ პარტიული სიის გადამწყვეტი წინა ადგილები უნდა მიიღონ პრობლემის შემქმნელებმა პრობლემის მომგვარებლების სახელით.
მაგრამ ბიძინამ იცის, რომ კრიზისი თავად არ წარმოიქმნება.

ვინ ინაწილებს კახეთს?!

ახალი მოდელის მიხედვით, კახეთს ორი სამაჟორიტარო ოლქი ექნება, სადაც ერთი ოლქი იქნება ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხი, ხოლო მეორე _ გურჯაანი-სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო.
ერთ ოლქს პირობითად ყვარლის ოლქი ვუწოდოთ, მეორეს კი _ დედოფლისწყაროსი. ყვარლის ოლქზე მაჟორიტარობას მათიკაშვილი ითხოვს, მათიკაშვილი კი სამხარაძის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ დედოფლისწყაროს ოლქს კანდიდატად გოგაშვილი ეყოლება. არგუმენტი მარტივი აქვთ _ მათიკაშვილი ყვარლიდანაა და ფიქრობს, რომ აქეთა ტერიტორიას მოიგებს.
გოგაშვილი დედოფლისწყაროდანაა და როგორც ამბობს, გავლენები დიდი აქვს სიღნაღსა და გურჯაანში. ბოლოს და ბოლოს, მძახლების დიდი კლანი გურჯაანიდან ჰყავს. თუმცა ორივე კანდიდატს _ მათიკაშვილსა და გოგაშვილს _ დიდ კონკურენციას უწევენ შიგნითვე პარლამენტში. მაგალითად, მათიკაშვილს ლაგოდეხის დეპუტატი მაჭარაშვილი ესპარინგება, გოგაშვილს კი გურჯაანის დეპუტატი საკუთარ სამძახლოდან _ დავით სონღულაშვილი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ „ოცნებას“ მოგება მხოლოდ დედოფლისწყაროში აქვს 100%-ით გარანტირებული და იქაც ეს გავლენები არა გოგაშვილის, არამედ ღარიბაშვილი-შიოშვილის დამსახურებაა.
კორონას საყოველთაო ჟამიანობის გადავლა გვიჩვენებს, რა მოხდება პოლიტიკურ არენაზე. ფაქტი ერთია და ჯიუტი:
მითების გამოგონებას ხალხი უკვე ციფრებითა და კონკრეტიკით საუბარს ამჯობინებს. შესაბამისად, თუ ხელისუფლება იფიქრებს, გონივრულად მიხვდება, რომ ან ხალხის პულსის მოსმენა მოუწევს, ან საკუთარივე ჯგუფების მიერ შექმნილი კრიზისების მსხვერპლი თავად გახდება.

P. S. დაბოლოს, მე მაინც ერთ კითხვას დავტოვებდი ღიად, _ თუ ვერ შეძლეს ივანიშვილის იმ დონეზე დამორჩილება, რომ ნაოცნებარებმა მიიღონ ის, რაც უნდათ, ვის უწყობენ საბოტაჟს?!
ქვეყანას?
ბიძინას?
თუ რას აკეთენ?
ქვეყნიდან მიდიან თუ _ ხელიდან?