ბატონო ხომერიკ, მიხარია რომ თქვენთვის გაუგებარი სუბიექტი ვარ!!!

Capture

დაფინანსებულია ოკუპანტისგან! – ამიერიდან რამდენჯერაც „საერთო გაზეთში“ ჩემი მისამართით გამოქვეყნებულ ბოდვაზე მომიწევს პასუხის გაცემა, სწორედ ამ ფრაზებით დავიწყებ საპასუხო მასალას.

ჩემი კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომ „საერთო გაზეთს“ რუსული ფსბ-ს სტაჟაინი აგენტი, ვლადიმერ ხომერიკი აფინანსებს, ოპერატიულად გამოეხმაურა ვინ? ვინ და თავად ვლადიმერ ხომერიკი, რომელიც „საერთო გაზეთის“ ჟურნალისტმა, კატო ხომერიკმა, კოლეგის ზარის შემდეგ, თურმე, თბილისში აღმოაჩინა. ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც მე ჩინეთის იმპერატორი ვარ, ამის დასტურად კი სწორედ ის ფოტო გამოდგება, რომელზეც ვლადიმერ და კატო ხომერიკები მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის ფონზე, პოზირებენ. ფოტოები დასტურია იმისა, რომ ინტერვიუს ავტორს ვლადიმერ ხომერიკთან დიდი ხნის და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და „კოლეგის“ ზარი მის „აღმოსაჩენად“ არაფერში სჭირდება.

ახლა რაც შეეხება თავად ხომერიკის ინტერვიუს რამდენიმე „მნიშვნელოვან“ პასაჟს:

„ელისო კილაძე ჩემთვის გაუგებარი სუბიექტია“, – აცხადებს „საერთო გაზეთთან“ ინტერვიუში ვლადიმერ ხომერიკი. ვერც ამ ფრაზების ავტორი და ვერც ჟურნალისტი ვერ ხვდება, რამდენად დიდი კომპლიმენტია ჩემთვის ვლადიმერ ხომერიკის ეს სიტყვები – რუსული ფსბ-ს შტატიანი და სტაჟიანი აგენტისთვის გასაგები სუბიექტი რომ ვიყო, თავს ჩამოვიხრჩობდი!!!

„მე ვარ იმის მომსწრე, კარგად მახსოვს, კარნახობდნენ, რა დაეწერა და რა – არა“, – აცხადებს ამავე ინტერვიუში ხომერიკი. აქ კი ძ(ვ)ირფასო ხომერიკ, აშკარად ამნეზიის შეტევა გაქვთ, – რა ატმისკურკისხელა, რის ჭერმისკურკისხელა? გიცნობ-მიცნობ? რა საერთო მაქვს შენთან? როდის იყო, ვინმეს კარნახით ვწერდი რამეს და, მით უფრო, თქვენი რუსეთუმე მეგობრების, რომელთა კრიტიკის მეტი წლების განმავლობაში არაფერი მიკეთებია? იქვე, საკუთარ მოსაზრებასთან, რომ „ახსოვს“, როგორ მკარნახობდნენ, რა დამეწერა, წინააღმდეგობაში მოდის, – ძალიან გამიკვირდა, რომ დღეს ეს ქალბატონი იმეორებს, რასაც სააკაშვილი და მისი მთავრობა ამბობდა ხოლმე. თუ „გახსოვთ“, რას მკარნახობდნენ, დღეს რაღამ გაგაკვირვათ და თანაც, ძალიან? სააკაშვილის მთავრობა ახსენეთ და აქ აუცილებლად თქვენივე ციტატა უნდა გაგახსენოთ: „არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ოკუპაცია სულ სხვა რამეა. აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ყოფნა ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია. ქართველების მხრიდან ოკუპირებულია რუსეთი. დღეს იქ მილიონი ქართველი ცხოვრობს“. ეს ციტატა, ბატონო ხომერიკ, 2013 წლის 29 მაისს თბილისში გამართული თქვენი პრესკონფერენციიდან მოვიხმე. თქვენგან განსხვავებით, მე მიმაჩნია, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და მას ჩემი სამშობლოს ნაწილი ოკუპირებული აქვს. ოსეთიო, – ბრძანეთ და ყოველგვარი მორიდების გარეშე უნდა შეგახსენოთ, – არავითარი ოსეთი ჩემთვის არ არსებობს, ტერიტორია, რომელსაც თქვენ ოსეთს უწოდებთ, ძირძველი ქართული მიწა სამაჩაბლოა. ჰო, კიდევ ერთ შეფასებაში ვერ დაგეთანხმებით, ბატონო ხომერიკ – სააკაშვილის ხელისუფლება ჩემი ხელისუფლება არასოდეს ყოფილა, არც ერთ არჩევნებში მისთვის მხარი არ დამიჭერია, 2007 წლიდან კი ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში საკმაოდ დიდი მსხვერპლი გავიღეთ მეც და ჩემმა ოჯახმაც. ბოლომდე და ყურადღებით მოვუსმინე თქვენს პრესკონფერენციას და არც ერთხელ არსად არ გიხსენებიათ სააკაშვილის რეჟიმი. ყველგან მხოლოდ ამ ფრაზებს ამბობთ: „ჩვენი ხელისუფლება“, მათ შორის მაშინაც, როცა აცხადებთ, რომ ქართველებმა მძინარე ცხინვალი დაბომბეს. აქ კი ნამდვილად ბოდავთ!!! ქართველებს მძინარე ცხინვალი არ დაუბომბავთ. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო!!!

ჰო, საინტერესო დეტალი იყო ინტერვიუში, რომ, თურმე, ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ, რომ ახალ ხელისუფლებას არ არტყამთ. სიმართლე გითხრათ, თქვენი აზრი არც არასდროს მაინტერესებდა და არც ამჟამად მაინტერესებს, არტყამთ თუ არა ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ისევ თქვენივე პრესკონფერენციის ფრაგმენტი უნდა შეგახსენოთ:

„რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების უკან წაღება შეუძლებელია, თუმცა არსებობს სხვა გზა, რომ საქართველო ერთიანი იყოს. ერთადაერთი ასეთი გზა საქართველოს ხელისუფლებაში რეალურად ქართული მთავრობის მოსვლაა“. როგორც ამავე პრესკონფერენციაზე აღნიშნეთ, ასეთ ძალად ბევრს მიიჩნევთ, მაგრამ, უპირველესად, კახა კუკავას ასახელებთ. მკითხველს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო, რომ აღნიშნული პრესკონფერენცია 2013 წლის 29 მაისს ჩატარდა. თქვენ, ბატონო ხომერიკ, ამ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების თანახმად, ქართულ ძალად, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებს, „ქართულ ოცნებას“ არ მიიჩნევთ და ეს მხოლოდ მახარებს. იმედია, ის უკვე იცით, რომ კახა კუკავა პოლიტიკიდან მიდის თუ წავიდა, ამიტომ კარგა ხანს მოგიწევთ მორიგი რუსეთუმე პოლიტიკური ძალის ლოდინი. ისე, ახალ ხელისუფლებაზე, რეალურად, რას ფიქრობთ, ჩვენი გაზეთის მკითხველი ამავე ნომერში ზაზა გაბედავასა და თქვენი საუბრის ფარული ჩანაწერიდან შეიტყობს…

„ლადო ბედუკაძე არის საქართველოს პატრიოტი და გმირი. მე ეს ადამიანი დავპატიჟე სპეციალურად მოსკოვში, იმიტომ რომ აქ იყო საერთოდ უყურადღებოდ მიტოვებული და, ალბათ, განიცდიდა ამას, – აი, საერო საქმე გავაკეთე, არავინ დააფასაო. მე მინდოდა, მისთვის მორალურად დამეჭირა მხარი და სიგელით დავაჯილდოვე“, – აცხადებს ამავე ინტერვიუში ვლადიმერ ხომერიკი. ეჰ, ბატონო ვლადიმერ, პირველი უთანხმოება ლადო ბედუკაძესთან სწორედ მაშინ მომივიდა, როცა ოკუპანტ ქვეყანაში ჯილდოს მისაღებად წამოსვლა გადაწყვიტა. „ზდეს პომნიუ, ზდეს ნე პომნიუ“ გჭირთ, ბატონო ხომერიკ, სიგელი სიგელად და „აიპადიც“ რომ აჩუქეთ, დაგავიწყდათ? მეორე და მთავარი, – როდის იყო, მოსკოვში მხოლოდ სიგელის გადასაცემად ეპატიჟებოდნენ ადამიანებს? თქვენ რომ უწყებას ემსახურებით, ბატონო ხომერიკ, და მე რომ ამ უწყების მე-5 განყოფილების შეფი, სერგეი ბესედა, ქართულ მედიაში პირველად ვახსენე, იმ უწყებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვან საქმეებს აგვარებენ თქვენი ხელით, ბატონო ჩემო, და ეგ ზღაპრები სიგელზე და მორალურ მხარდაჭერაზე იმათ მოუყევით, ვისაც რუსული ზღაპრების ამ დრომდე სჯერათ. ისე, ბოლო-ბოლო, ერთ ვერსიაზე რომ ჩამოყალიბდეთ, ურიგო არ იქნება და გადაწყვიტოთ, ლადო ბედუკაძე გმირია, თუ ვიღაცა დედამოტყნული? (უკაცრავად გამოთქმისთვის, მაგრამ ეს თქვენი სიტყვებია, რომლითაც ლადო ბედუკაძეს და მის მეგობრებს ზაზა გაბედავასთან საუბარში მოიხსენიებთ)

ჰო, ბატონო ვლადიმერ, ემიგრაციაში მყოფი ყოფილი სამხედრო, ვიქტორ ჭელიძე, აცხადებს, რომ მარინე ბარბაქაძეს და დათო სილაგაძეს აქვთ ჩეკები, საიდანაც დასტურდება, რომ თქვენ ბელგიაში ბედუკაძეს ერთხელ 15000 დოლარი, მეორედ 25000 დოლარი გაუგზავნეთ (აუდიო ჩანაწერი „ქრონიკა+“-ის რედაქციაში ინახება). იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე, როცა თქვენი მოგვარე ჟურნალისტი კოლეგის ზარის მერე თბილისში შემთხვევით აღმოგაჩენთ, არ დამზარდებით და განმარტავთ, გაუგზავნეთ თუ არა ბელგიაში ფული ვლადიმერ ბედუკაძეს და თუ გაუგზავნეთ, ვისი მეშვეობით?

მომავალ შეხვედრამდე, ბატონო ხომერიკ, ფრიად ბედნიერი ვარ, რომ მე, ჟურნალისტი ელისო კილაძე, თქვენთვის „გაუგებარი სუბიექტი“ ვარ. ეს მხოლოდ მახარებს!!! თქვენგან განსხვავებით, ჩემთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!! მე მჯერა, რომ ჩვენ იქ, აუცილებლად დავბრუნდებით!!!

აუცილებლად!!!