მთავარი ინტერვიუ ლადო პაპავა:„პროდუქტების მომარაგებით ხელოვნურად ვუწყობთ ხელს ინფლაციას“

ლადო პაპავა:„პროდუქტების მომარაგებით ხელოვნურად ვუწყობთ ხელს ინფლაციას“

708
0
გაზიარება

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები პანდემიად შეაფასა. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანო გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე გააკეთა: „უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება „COVID-19“ შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია“.
პანდემია ეწოდება ძლიერ ეპიდემიას, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსაზღვრე ქვეყნებსა და, ზოგიერთ შემთხვევაში, მრავალ ქვეყანაში გავრცელება.

როგორ იმოქმედა კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკაზე? რა რეალობის წინაშე დგას ამ კუთხით საქართველო და შესაძლებელია თუ არა პროგნოზის გაკეთება?
აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა:

_ ბატონო ლადო, როგორ აისახა ახალი კორონავირუსის ფაქტორი მსოფლიო ეკონომიკაზე?
_ კორონავირუსი სამედიცინო თვალსაზრისითაც ახალი მოვლენაა. მედიცინა, ჯერჯერობით, ბოლომდე მზად არ არის და გარკვეულ ვითარებაში უძლურიც კი აღმოჩნდა, გადაწყვიტოს ეს პრობლემა. უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემია, რაც ნიშნავს, რომ ამ ვირუსის გავრცელების არეალმა თითქმის მსოფლიო მოიცვა, 120 ქვეყანას გადააჭარბა. ბუნებრივია, როცა ვირუსი პანდემიის სახეს იღებს, ეს მასშტაბურად აისახება ეკონომიკაზე.
აქამდე წარმოქმნილი ეკონომიკური კრიზისების საფუძველი, როგორც წესი, უშუალოდ ეკონომიკაში იყო, ამიტომ ეკონომისტების ცოდნა და კრიზისის წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენების არეალი, მეტ-ნაკლებად, ცნობილია. პანდემიის ფონზე კი საქმე გვაქვს სხვა ტიპის ეკონომიკურ სირთულესთან. თუ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ეკონომიკური კრიზისი, ამის საფუძველი ეკონომიკაში არ დევს, მისი გამომწვევი მიზეზი ჯანდაცვის სფეროშია. ერთი შეხედვით, შეიძლება ვთქვათ, რომ რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს, მთავარი შედეგია, მაგრამ თუ მიზეზი არ არის სწორად შესწავლილი, შედეგის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის ეფექტიანი ვერ იქნება.
რადგან კორონავირუსი ადვილად ვრცელდება, ამიტომ, პირველ რიგში, ეს აისახა ტურიზმზე, ასევე ფრენებზე, სხვანაირად არც შეიძლებოდა. ტურიზმზე ასახვამ იმოქმედა სასტუმროების, რესტორნების ბიზნესზე, ტუროპერატორებზე; ფრენების შეწყვეტამ შეამცირა მოთხოვნა საწვავზე და ეს უკვე გადავიდა ნავთობის ბიზნესზე; გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო მთელი რიგი ქალაქები დაიხურა, მაგალითად, ჩინეთში დაიხურა პროვინციები, რამაც გააჩერა ქარხნები და ამით ზიანი მიაყენა ეკონომიკის რეალურ სექტორს. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როცა კორონავირუსმა ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია ეკონომიკის მთელ რიგ დარგებზე უარყოფითი ზეგავლენა.
_ დღეს არსებული მდგომარეობით, შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისია?
_ ეკონომისტების მიერ აღიარებულია კრიტერიუმი, რომლის თანახმადაც ეკონომიკურ კრიზისად ჩაითვლება ისეთი სიტუაცია, როცა ეკონომიკური ვარდნა ფიქსირდება ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში. ამიტომ, ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკური კრიზისი ჩამოყალიბდა. ასევე შეუძლებელია იმის თქმაც, ჩამოყალიბდება თუ არა ის საბოლოოდ, თუმცა ამის ალბათობა მაღალია. საქმე ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით, თვითონ კორონავირუსის წინააღმდეგ რამდენად ეფექტიანი იქნება ჯანდაცვის სისტემა. არავინ იცის, როგორი იქნება კორონავირუსის გავრცელება არა მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე, არამედ ადამიანიდან ნივთზე და ნივთიდან ადამიანზე, თუმცა უკვე საუბარია, რომ შესაძლოა, ფულიდან გავრცელდეს. ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვაა.
ჩამოყალიბდება თუ არა გლობალური ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება კორონავირუსის შემდგომი გავრცელება და რამდენად ეფექტიანი იქნება მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა. შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისი არც ჩამოყალიბდეს და ღვთის მადლით, გადავრჩეთ, მაგრამ მე რა სექტორებიც ჩამოგითვალეთ, ყველაფერი გაჩერებულია, ქალაქები დაიხურა, ქვეყნები თვითიზოლაციაზე გადადიან, აქედან გამომდინარე, ეკონომიკური კრიზისკენ მივდივართ. კრიზისის ჩამოყალიბებამდე კი ეკონომიკური სირთულეები აშკარაა.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველაზე მეტად დაზარალებული სახელმწიფო თავისი ეკონომიკით, ეს არის ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკადაა მიჩნეული. ჩინეთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო მსოფლიო ეკონომიკის უმთავრესი მამოძრავებელი, ლოკომოტივი. ჩინეთის მოსახლეობის რიცხოვნობის გამო, მოთხოვნა ძალიან დიდია, მეორე მხრივ, ჩინეთი თვითონაა მწარმოებელი. ახლა ჩინეთში იზღუდება როგორც მოთხოვნა, ასევე წარმოებაც. მთელ რიგ რეგიონებში საწარმოები გაჩერდა, მათ შორის, ცნობილი ბრენდები, რომელთაც საწარმოები ჰქონდათ ჩინეთში, ამიტომ ჩინეთის ფაქტორი უკვე აისახა მსოფლიო ეკონომიკაზე. გლობალური ეკონომიკური კრიზისი თუ არ ჩამოყალიბდა, შესაძლოა, ბევრი არც დააკლდეს და მიუახლოვდეს კრიზისს: დღეს მკაფიოდ ვდგავართ ამ კრიზისკენ მიმავალ გზაზე.
კორონავირუსის წინააღმდეგ უახლოეს მომავალში რომც შექმნან ვაქცინა ან სამკურნალო პრეპარატი გამოიგონონ და თუნდაც ყველა გამოჯანმრთელდეს, ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკა მყისიერად აღდგება. ეკონომიკას გარკვეული ინერციულობა ახასიათებს და აღდგენას შესაბამისი დრო დასჭირდება. ამიტომ 2020 წელი, გლობალურად, ეკონომიკისთვის ცუდი წელია. მთავარია, უარესი არ იყოს და კრიზისად არ ჩამოყალიბდეს, მაგრამ ამაზე ეკონომისტები ვერ ილაპარაკებენ დამაჯერებლად, რადგან კრიზისის საფუძველი ეკონომიკაში არ დევს, საფუძველი მედიცინაშია.
_ რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა თვითიზოლაცია. რა მოცემულობის წინაშე დადგებიან ისინი ეკონომიკური თვალსაზრისით?
_ ამ ქვეყნებში, ეკონომიკურად, საკმაოდ სერიოზული ვარდნა იქნება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნებში თითქმის ყველაფერი დაიხურა, დარჩა აფთიაქები, საფინანსო სექტორის გარკვეული მომსახურება და პროდუქტების მაღაზიები. აქედან გამომდინარე, როდესაც ქვეყანა ჩერდება, რა თქმა უნდა, იქ ეკონომიკური კრიზისია. ეს მიიღებს თუ არა გლობალურ სახეს, დამოკიდებულია კორონავირუსის შემდგომ გავრცელებაზე. როგორც ჩანს, იტალიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში თავიდანვე სერიოზულად არ მოეკიდნენ ამ ვირუსს. იმდენად განსხვავებულ ფენომენთან გვაქვს საქმე, რომ პროფესორმა აჯით დე ალვისმა შრი-ლანკიდან ასეთი ტერმინიც კი შემოგვთავაზა, რომ დღეს ჩვენ ეკონომიკის ნაცვლად გვაქვს „კორონომიკა“. უკვე ეკონომიკა თავისი კანონებით კი არ ვითარდება, არამედ ეკონომიკა მედიცინის მძევალია. თუ მედიცინა გადაწყვეტს კორონავირუსის პრობლემას, ეკონომიკაში სიტუაციის გაუმჯობესება დაიწყება. ჩვენ დღეს ახალი ეკონომიკური ფენომენი – კორონომიკა უნდა შევისწავლოთ, როდესაც კორონავირუსის გავრცელება ქმნის იმგვარ მოვლენებს ეკონომიკაში, რაც ვირუსის გარეშე არ წარმოიქმნებოდა.
_ თქვენ აღნიშნავთ, რომ ამ შემთხვევაში პრობლემა მედიცინაშია, თუმცა თუ არსებობს პრეცედენტი, როდესაც სხვა მიზეზით მომხდარა ეკონომიკური კრიზისი?
_ საინტერესო ამბავს გეტყვით: ამ სფეროში მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები მუშაობენ და დღეს ის ინსტრუმენტები, რომელსაც ეკონომისტები სთავაზობენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობას, ვერ გასცდა 2008-2009 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის ინსტრუმენტებს. მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, რომ იმ კრიზისის საფუძველი ეკონომიკაში იყო. რა თქმა უნდა, ბევრი ინსტრუმენტი ახლაც გამოდგება, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა უფრო რთულია, რადგან იმ შემთხვევაში, როდესაც კრიზისი ჩამოყალიბდა უშუალოდ ეკონომიკაში, პრაქტიკულად, სრულად გაცნობიერებული იყო, რასთან ჰქონდათ საქმე. დღევანდელ მოცემულობაში კი რამის პროგნოზირება ეკონომისტების მხრიდან შეუძლებელია, რადგან თვითონ ეკონომიკა გახდა კორონავირუსის მძევალი. თუ მედიცინა ვერ აღმოჩნდა ეფექტიანი, მაშინ ეკონომისტების ქმედებამ, შეიძლება, გარკვეულწლად, შეამსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ პრინციპულად ვერაფერს უშველის.
_ განსაკუთრებით აქტუალურია ეროვნული ვალუტის თემა, ამ მიმართულებით თუ შეგვიძლია პროგნოზის გაკეთება?
_ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ვალუტა ყოველთვის მგრძნობიარეა ნებისმიერი შოკის მიმართ. კორონავირუსით გამოწვეული პანდემია კი ძლიერი შოკია, რომელიც აისახება ქვეყნის ყველა მიმართულებაზე. ბუნებრივია, ეს აისახება ეკონომიკაზეც. ამიტომ ეროვნული ვალუტების გაცვლითი კურსის მერყეობა იქნება, უმთავრესად, გაუფასურების მიმართულებით.
_ კონკრეტულად რომ ავხსნათ, რატომ?
_ როდესაც ეკონომიკა სირთულის წინაშეა, როგორც წესი, ასეთი ეკონომიკა და მისი ვალუტაც მოსახლეობაში კარგავს ნდობას. იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა თუ ესპანეთის პრობლემები აუცილებლად აისახება ევროზე. ჩვენ ვხედავთ, რომ რთულ მდგომარეობაშია აშშ. შექმნილ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ მარტის დასაწყისში ამერიკის ჯანდაცვის სახელმწიფო მდივანმა კატასტროფული განცხადება გააკეთა, როცა მან ბრძანა, რომ კორონავირუსის პრობლემის დარეგულირება კერძო სექტორის პრობლემა უნდა იყოს და არა _ მთავრობისო. ამ განცხადებამ ცნობილ ეკონომისტებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რადგან ჯერ მსოფლიოში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ეპიდემია კერძო სექტორს დაემარცხებინა. კერძო სექტორი მოგებაზეა ორიენტირებული, შესაბამისად, იგი ეპიდემიას ვერასდროს დაამარცხებს…
_ ამ შემთხვევაში გკითხავთ, როგორც მოქალაქეს, რამდენად მომზადებული შეხვდა საქართველო კორონავირუსს?
_ საქართველოს დღევანდელი მთავრობა, ცალკეული ხარვეზის მიუხედავად, წარმატებით ართმევს თავს არსებულ პრობლემას. თუ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს: იტალიას, გერმანიას, საფრანგეთს ან ესპანეთს შევადარებთ, ვერ ვიტყვით, რომ დღეს საქართველოში უფრო მძიმე მდომარეობაა, ვიდრე იქ. მათი, ფინანსური და სამედიცინო რესურსი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი. ახლა დაინახა საქართველოს მოსახლეობამ, რა მნიშვნელობა ჰქონდა, თავის დროზე, ლუგარიის ლაბორატორიის შექმნას. მინდა, ვისარგებლო თქვენი გაზეთით და დიდი მადლობა ვუთხრა, ბატონებს, დაავადებათა კონტრილის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძესა და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს _ ეს ადამიანები თავისი საქმის დიდი პროფესიონალები არიან.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ექოსავით წამოგვეწია სააკაშვილის დროინდელი მავნებლური ქმედებები: შეიძლებოდა ინფექციური საავადმყოფოს შენობის პრივატიზაცია?! იმ დროს ეკონომიკაში სერიოზული შეცდომა დავუშვით, მთავრობამ 12 მილიონად თუ 32 მილიონად მიჰყიდა ამ საავადმყოფოს შენობა ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელს, მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ინფექციური საავადმყოფო, რომელიც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ქირაობს თავის ყოფილ შენობას და ახალი მესაკუთრე არ აძლევს გარემონტების საშუალებას. ჩვენს კანონმდებლობაში გარკვეული სანქციებია მოსაფქირებელი, როცა კერძო მესაკუთრე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. დღეს ის კერძო კომპანია, რომელიც ხელს უშლის ინფექციურ საავადმყოფოს, მავნებელია და ჩვენი კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს ასეთი მავნებლური საქციელის განმახორციებლის დასჯას.
_ ეკონომიკური თვალსაზრისით რა მოცემულობის წინაშე დგას საქართველო და კორონავირუსის ფაქტორი რაზე აისახება ჩვენს შემთხვევაში?
_ საქართველოს მაგალითზე ყველაფერი იგივეა, ოღონდ, გარკვეული თვალსაზრისით, ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით. საქართველოშიც ზარალდება ტურისტული ბიზნესი, რაც ნიშნავს ავიაკომპანიების შეჩერებას, ტურისტების ნაკადის შემცირებას, რაც ტურისტული სექტორის ყველა ობიექტზე აისახა. ჩვენი ეკონომიკა ძირითადად ტურიზმზე იყო ჩამოკიდებული, ჩვენთან ეკონომიკის რეალური სექტორი, სამწუხაროდ, განუვითარებელია, ამიტომ ჩვენთვის რაც ხდება, კიდევ უფრო მძიმეა. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, ჩვენ არ ვართ მათი მწარმოებელი ქვეყანა, რამაც შეიძლება, პოზიტიური ეფექტიც კი იქონიოს, რადგან მსოფლო ბაზარზე ფასები დაეცა. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ნავთობის სფეროში დაპირისპირების ეფექტი უფროა. სახეზეა ექსპორტიორ ქვეყნებს შორის „ომი“: როგორც ირკვევა, სერიოზული დაპირისპირებაა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის.
პანდემია აუცილებლად აისახება უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებზე, რადგან თუ მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისის ნიშნებია, ეს ნიშნავს თავისუფალი საინვესტიციო რესუსის მცირე რაოდენობით შექმნას, ხოლო თუ თავისუფალი საინვესტიციო რესურსი მცირეა, მისი სხვადასხვა მიმართულებით გადადინებაც შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, საქართველოში გარდაუვალია უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინების შემცირება; ასევე გარდაუვალია ფულადი გზავნილების შემოდინების შემცირებაც. ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, პანდემიის გამო იქ უჩნდებათ თვითგადარჩენის ამოცანა, ამ დროს მათგან საქართველოში ფულადი გზავნილების დონის შენარჩუნება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
_ ქართულ ბაზარზე შეინიშნება ლარის გაუფასურების ტენდენცია. კონკრეტულად, რა ფაქტორებით არის ეს გამოწვეული?
_ ლარი უფასურდება არა იმიტომ, რომ ეკონომიკური კრიზისი უკვე დაიწყო, არამედ იმიტომ, რომ უარყოფითი მოლოდინი გაჩნდა. ჩვენ ვიცით, რომ პანდემიის გამო შემცირდება უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან, ასევე შემცირდება ტურისტული ნაკადი, რაც გამოიწვევს უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირებას. ამ ვითარებაში ბევრი ცდილობს თავის დაზღვევას და სანამ ჯერ კიდევ არ გაძვირებულა დოლარი, იყიდოს ის მარაგად. თავის დაზღვევის მიზნით იწყება აჟიოტაჟური მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რითაც ჩვენვე ვაუარესებთ ჩვენსავე მდგომარეობას.
ახლა ეკონომისტებს მეტ-ნაკლებად სანდო პროგნოზის გაკეთება არ შეგვიძლია, მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო ფირმებიც ვერ აკეთებენ ასეთ პროგნოზებს. ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებიდან რეალური ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების შესახებ არ არსებობს. მაგალითად, თავიდანვე დაიმალა ინფორმაცია ჩინეთში, თუმცა ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სერიოზული ნაბიჯები გადადგა; ასევე რთული ვითარებაა ირანში ამ კუთხით; ასევე თურქეთში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა ინფიცირებული. ძალიან გვიხაროდა, რომ მანამდე არ იყვნენ ინფიცირებულები, მაგრამ ეს რთული დასაჯერებელია… წარმოიდგინეთ, რა ხდება რუსეთში, რომლის აღმოსავლეთიც ჩინელებით არის დასახლებული. აქედან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების სისრულეშიც არ ვართ დარწმუნებული. საინტერესო მაგალითს იძლევა იაპონია, სადაც საკმაოდ მაღალია ინფიცირებულთა რიცხვი, მაგრამ გარდაცვლილი არ ჰყავთ, ანუ მედიცინა მაღალ დონეზე მუშაობს.
ასეთი განცდა მაქვს, რომ საქართველოში მედიცინა იმ რესურსის გათვალისწინებით, რაც გვაქვს ეკონომიკურად სუსტ ქვეყანას, ჯეროვნად არის გამოყენებული. მთავრობის გადაწყვეტილებები აბსოლუტურად მისასალმებელია _ 13 მარტს გაჟღერებული სამთავრობო ინიციატივები სრულად მხარდასაჭერია. ბოლო წლებში პირველად მაქვს განცდა, რომ ქვეყანას მთავრობა ჰყავს.
_ როცა საქართველოში კორონავირუსის პირველ შემთხვევა დადასტურდა, ჩვენ ვნახეთ, რომ მოსახლეობის ნაწილმა სუპერმარკეტები დააცარიელა. პროდუქტების მომარაგება ეკონომიკურ ჭრილში რა გავლენას ახდენს და რამდენად გამართლებულია იგი?
_ მსგავსი ქმედება ქმნის პანიკას. როგორც კი ვიწყებთ სურსათის მომარაგებას, იმწამსვე ვზრდით მოთხოვნას, მოთხოვნის გაზრდით კი იზრდება ფასები, ანუ ხელოვნურად ვუწყობთ ხელს ინფლაციას. შეიძლება, კრიზისი თავისით ისე არ ჩამოყალიბდეს, როგორც ამას ჩვენ შევქმნით პროდუქტების გაუმართლებელი მომარაგებით. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფრის განუსაზღვრელი დროით მომარაგება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ყველაზე სწორია, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელოთ ცხოვრება, მაქსიმალურად ჩავატაროთ დეზინფექცია, დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული ნორმები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.
_ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?
_ მთავარია ხალხთან კომუნიკაცია. ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და მათი კოლეგები, პრაქტიკულად, საათობრივად აწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას ყველა საინფორმაციო საშუალებით. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმავე რეჟიმში გადადის მთავრობის ეკონომიკური ბლოკიც. ჩაკეტილობის რეჟიმიდან უნდა გამოვიდეს საქართველოს ეროვნული ბანკი, მას არ უყვარს საზოგადოებასთან ურთიერთობა, განსაკუთრებით, დღევანდელ ხელმძღვანელობას. აუცილებელია ამ ჩაკეტილობის მოხსნა, მან დაიწყოს კომუნიკაცია მოსახლეობასთან და აუხსნას, რომ აჟიოტაჟი უცხოური ვალუტის შეძენასთან დაკავშირებით კიდევ უფრო აუფასურებს ლარს. ამიტომ პირველი ჩემი რეკომენდაცია არის მოსახლეობასთან და ბიზნესთან სუბარი, როგორც მთავრობის, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის, დეპუტატებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების მხრიდან. კომუნიკაციის გარეშე უფრო მეტი პანიკა და აჟიოტაჟური ქცევა გვექნება, რომლის საფუძველიც ეკონომიკაში ჯერ არ არის.
რაც შეეხება გარკვეულ შეღავათიან მექანიზმებს, ისინი საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა „ანტიკრიზისული პროგრამის“ სახით, რასაც სრულად მივესალმები. შესაძლოა, მომავალში ამ პროგრამის „გაფართოება“ აღმოჩნდეს საჭირო, რასაც თავად არც მთავრობა უარყოფს. ამ ეტაპზე კი ყველაზე მთავარია სავალუტო და სასურსათო ბაზრების დამშვიდება.
დადგა დრო, მსოფლიოსა და საქართველოში, გადაიხედოს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა აგებულია მხოლოდ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე. დღეს იკვეთება ეკონომიკური კრიზისის ის სპეციფიკური ვარიანტი, როდესაც სახეზეა არა ჭარბწარმოება, არამედ ნაკლებწარმოება. ნაკლებწარმოების კრიზისი განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს არა უბრალოდ მოთხოვნის შემცირება, არამედ მიწოდების უფრო მეტად შემცირება. ამ პირობებში ცენტრალური ბანკების მიერ მხოლოდ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლით ოპერირება არ არის სრულფასოვანი და, ამდენად, გამართლებული. ამას ადასტურებს როგორც ეკონომიკური მეცნიერება, ასევე მსოფლიო გამოცდილებაც. მე არ მგონია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თვითონ შეცვალოს ეს პოლიტიკა, მაგრამ მსოფლიო ამ მიმართულებით წავა. ამ თემაზე მსოფლიოს წამყვან ეკონომისტთა ნაწილი დიდი ხანია ამახვილებს ყურადღებას, განსაკუთრებით იმპორტ-დამოკიდებული ქვეყნების მიმართ. საქართველოც ხომ იმპორტ-დამოკიდებული ქვეყანაა, ამიტომ ამ სისტემაზე უარის თქმაა საჭირო. საქართველოს ეროვნული ბანკი, განსაკუთრებით დღევანდელი ხელმძღვანელობა, თავისით ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის გარეშე, მაგრამ ვფიქრობ, რომ რადგან პრობლემა გლობალურია, ეკონომიკისა და ფინანსების გლობალური არქიტექტურაც შეიძლება შეიცვალოს…
გმადლობთ, რომ „ქრონიკა+“-მა ყურად იღო ეს თემა. თქვენ, ჯერჯერობით, ერთადერთი გაზეთი ხართ, ვინც ამ თემაზე ჩემთან საუბრით დაინტერესდა.

ნენე ინჯგია

დატოვეთ კომენტარი