კოტე იოსელიანი: „ერი დგას შიმშილის საფრთხის წინაშე“

4-თვიანი პოლიტიკური კრიზისისა და მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება „ქართულ ოცნებასა“ და ერთიან ოპოზიციურ სპექტრს შორის შედგა. ურთიერთგაგებისა და მართლმსაჯულების მემორანდუმებს მხარეებმა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, პროპორციებით 120/30-ზე _ 120 დეპუტატი პარლამენტში პროპორციული წესით მოხვდება, 30 კი _ მაჟორიტარულით.

რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ არ ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები? რა ეტაპზეა საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება? რეალურად, რაზე შეთანხმდა ხელისუფლება და ოპოზიცია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით?
ამ და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ თემებზე „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ კოტე იოსელიანს ესაუბრა:

_ ბატონო კოტე, საუბარი დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემით _ ეს არის კორონავირუსი. ფონდი „ქართუ“ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი გამოუყოს, რაც ვირუსის გავრცელებისგან საზოგადოების დასაცავად იქნება საჭირო. როგორ შეაფასებთ ამ ინიციატივას?
_ მე მივაწვდი მათ იდეას, რაში უნდა დახარჯონ ეს ფული, _ ეს ფული მისცენ ემიგრანტებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში არჩენდნენ საქართველოს და ახლა იზოლაციაში არიან, ვერ მუშაობენ, თუმცა გადასახდელი აქვთ ბინის ქირა, სჭირდებათ საკვები და არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ, ამ ადამიანებს გააძლებინონ რამდენიმე თვე ან დაეხმარონ იმ ოჯახებს, რომლებიც საქართველოში ემიგრანტების გზავნილებზე იყვნენ დამოკიდებული. კორონავირუსის ნეგატიურმა ეფექტმა, რომელმაც ზეგავლენა იქონია ეკონომიკაზე, ძალიან მარტივი რაღაც დაგვანახა ყველას, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ წლების მანძილზე იდგა ტურიზმსა და გზავნილებზე. ამჯერად ორივე შეწყვეტილია და ჩვენ ვხედავთ ეკონომიკურ კოლაფსს. ამ დროს კი „ქართუმ“, _ თუ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას ფული დააკლდება, ჩვენ დავუმატებთო. ეს სახელმწიფო სტრუქტურები ფულს როგორ ხარჯავენ, ყველამ კარგად ვიცით. ბიძინა ივანიშვილს სურს, ამ ინიციატივით კარგი გამოჩნდეს, რომ თითქოს კორონავირუსის დაძლევაში ეხმარება ქვეყანას, ის დებს ფულს, მაგრამ აქვე იდება ტრიუკი, რომლითაც 2-3-ჯერ მეტს ამოიღებს, ვიდრე დახარჯავს. ყველას გვინახავს მსგავსი მაგალითები ივანიშვილისგან და „ქართუსგან“, ამიტომ ეს იდეაც მათ მიერ გამოყენებულ სტანდარტში ჯდება.
_ მოსახლეობის დიდ ნაწილში არის დაცულობის განცდა და „ქართული ოცნების“ მიმართ მკვეთრად უარყოფითად განწყობილი მოქალაქეებიც აღნიშნავენ, _ სახელმწიფო ეფექტიანად მოქმედებს და დავინახეთ, რომ მთავრობა გვყავსო…
_ შეხედეთ ლარის კურსს და მერე ვისაუბროთ, მთავრობა გვყავს თუ არა. მთავრობის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ კრიტიკულ მომენტებში პროცესები ხელიდან არ გაექცეს. ჩვენ ვხედავთ, რომ კრიტიკულ მომენტში ყველაზე მთავარი ფაქტორი გაექცათ ხელიდან _ ეს არის ლარის კურსი. ჩვენი ქვეყანა შიგნით არაფერს აწარმოებს, ძირითადად დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ პროდუქციაზე, ლარის კურსის გაქცევა კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ძირითადი მომხმარების პროდუქტზე გაიქცევა ფასები, პარალელურად კი არ გაიზრდება ხელფასები. ოჯახები, რომლებიც ემიგრანტების გზავნილებზე იყვნენ დამოკიდებულები, ვერ იღებენ საერთაშორისო გზავნილებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიაში იყვნენ ჩართულები, აღარ აქვთ შემოსავლები. რეალურად, ერი დგას შიმშილის საფრთხის წინაშე.
_ რა დასკვნების გაკეთება შეძელით ოპოზიციამ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის 4-თვიანი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ?
_ 4-თვიანმა მოლაპარაკებებმა „ქართული ოცნება“ გააშიშვლა. ფაქტად მივიღეთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნების მეტი სხვა არაფერი აინტერესებს. მას ეს სჭირდება პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ის რომ პინოჩეტივით იყოს, ქვეყანას ავითარებდეს და ადამიანის უფლებებს არღვევდეს, ამაზე კი ხალხი თვალს ხუჭავდეს, ისე, როგორც ჩილეში ხდებოდა, ეს იქნებოდა სხვა ამბავი, მაგრამ, რეალურად, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი წამოწყება, „საქველმოქმედო“ ნაბიჯი, ორიენტირებულია საკუთარი კაპიტალის გაზრდაზე ან ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, შემდგომში ისევ საკუთარი კაპიტალის გასაზრდელად. მაგალითად, წყალტუბოს ან აბასთუმნის განვითარების გეგმა განვიხილოთ, შეიძლება კარგი სასტუმროები ააშენოს, მაგრამ ყველამ ცალსახად წინასწარ ვიცით ამ ყველაფრის მოტივაცია, ეს არის ის, რომ თავისი კაპიტალი გაზარდოს. პანორამა თბილისია ამის ყველაზე კარგი დადასტურება. მან ქალაქის ცენტრი ბეტონის ხიმინჯების ადგილად აქცია თავისი ბიზნესცენტრის მოსაწყობად, რათა შემდეგში დიდი ფინანსური სარგებელი მიეღო. ეს აჩვენა მოლაპარაკებებმაც, ბიძინა ივანიშვილს ის კი არ უნდა, რომ ამ სახელმწიფოში მყარი საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფოს, ასევე იმას, რომ არასდროს არავის არ ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდების სამართლებრივი საფუძვლები, არამედ ის წავიდა ვაჭრობაზე _ 110/40-ზე თუ 100/50-ზე. რეალურად, პროცესი საწყის ეტაპზე ბიზნეს მოლაპარაკებას დაამსგავსა. ეს იყო ბიზნეს მოლაპარაკების მოდელი, როდესაც, მაგალითად: Apple და Samsung-ი რაღაც კონკრეტულ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ ფორმატში გადაიტანა ივანიშვილმა ეს მოლაპარაკება. არანირი ეროვნული ინტერესები, დემოკრატიის გაღრმავების მოტივაცია, ადამიანის უფლებების გათვალისწინება და არც პერსპექტვა არ ჰქონდა მას ამ მოლაპარაკებებში ჩადებული, იმგვარად, რომ საქვეყნო დონეზე რაღაც ცვლილება განეხორციელებინა პოზიტივისკენ. ივანიშვილს მოლაპარაკებებზე გამოშვებული ჰყავდა თავისი ხელქვეითები, რომლებიც დროთა განმავლობაში ცვლიდნენ პოზიციას. მაგალითად, კახა კალაძე. რეალურად, ის ახმოვანებდა იმას, რასაც ივანიშვილისგან ისმენდა, ხან 100/50-ზე აწყობდათ, ხან _ 110/40-ზე. მათ იმედი ჰქონდათ, რომ საზოგადოება არ აიტაცებდა ამ ინიციატივას. ისინი ფიქრობენ, რომ ქართველი ხალხი გაცილებით სხვა მოთხოვნილებებზეა ორიენტირებული _ ჭამა-სმაზე ან ყოფით საკითხებზე. „ქართული ოცნების“ არაერთმა დეპუტატმა გვითხრა, რომ საზოგადოებამ არც იცის, რა არის პროპორციული არჩევნები და იგი არავის აინტერესებსო. ასე, ზემოდან უყურებენ ხალხს და მიაჩნიათ, რომ კონკრეტული სამართლებრვი საკითხები, რაც შეიძლება შემდგომში გახდეს საქართველოს კონსტიტუციის საფუძველი, რომ კონსტიტუციამ იმუშაოს და არ დარჩეს ფარატინა ფურცლად, ხალხს არ აინტერესებს. ამიტომაც იკადრეს ყველაფერი ის, რაც შეიძლებოდა ყველაზე ცუდ ხელისუფლებას ეკადრა, მოლაპარაკების მაგიდიდან დაიწყეს ადამიანების დაპატიმრება, დამოუკიდებელ მედიებზე შეტევა, ჰქონდათ მოსყიდვის მცდელობები, ერთი ერთზე უნდათ პარტიებთან დასხდომა და შეთანხმების მიღწევა, თუმცა ძალიან მყარ კედელს დაეჯახნენ. საქართველოში ყველა პარტია და თითოეული მოქალაქე ჩამოყალიბებულია, რომ ასე სიტუაციის შენარჩუნება აღარ შეიძლება, ეს უნდა შეიცვალოს, ამ ცვლილებების საფუძველი იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
_ მოლაპარაკებების პროცესში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისგან გვესმოდა, რომ ბურთი ოპოზიციის მხარეს იყო. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა 120/30-ზე დაამტკიცა, ვის მხარეს იქნება ეს ბურთი?
_ ცალსახად, უპირატესობა რჩება ჯანსაღ პროცესს. „ქართული ოცნება“ ვეღარ შეძლებს მინიგარქების გაყვანას რეგიონებში.
_ გასაგებია, მაგრამ 30 მაჟორიტარი ხომ ერთგვარად „ქართული ოცნების“ შანსია?
_ მაგალითად, ენზელ მკოიანს თუ კიდევ აქამდე ირჩევდა კონკრეტული რეგიონი, სადაც დაიბადა, გაიზარდა და აკონტროლებს ყველაფერს, ახლა უკვე მას დაემატაება 50 ათასი სხვა ამომრჩეველი, რომელიც მისი საარჩევნო ოლქის მომიჯნავედ ცხოვრობს. შესაბამისად, ენზელ მკოიანს ახალ დამატებულ ოლქებზე აღარ ექნება ისეთივე გავლენა, როგორიც დღევანდელ ელექტორატზე აქვს, სადაც არის მაჟორიტარი. შესაბამისად, თუ აქამდე ახალქალაქი იყო ენზელ მკოიანის საფეოდალო, ეს ახლა ასე აღარ იქნება _ დიდი ტერიტორია დაემატება შესაბამისი მოსახლეობით და ენზელ მკოიანს ნამდვილად გაუჭირდება იმ ადამიანების გულის მოგება, ვისი გულიც აქამდე არასდროს მოუგია. ანუ მისთვის უცხო ელექტორატის გულის მოგება წარმოუდგენელია, მით უმეტეს, როცა დებატებში მეორე მხარეს იქნება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი. ინტელექტი, ცოდნა, პროფესიონალიზმი არის ჩვენი ძლიერი მხარე! ხელების გადაგრეხა, დაშინება, შანტაჟი არის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარების „ძლიერი“ მხარე. თუმცა თუ რეალურად, რაც გვაქვს იქიდან გამომდინარე გავაკეთებთ სიტუაციის ანალიზს, ვნახავთ, რომ ენზელ მკოიანი ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს, მაგალითად, ხაშურის ამომრჩეველზე. ამიტომ ენზელ მკოიანს თავისი ბაზისი რაც აქვს, ვინც დასაქმებული ჰყავს, ვისაც აშინებს ან აშანტაჟებს, შეიძლება ჰქონდეს მათი ხმების იმედი, თუმცა მათგანაც დიდ იმედგაცრუებას უნდა ელოდოს, რადგან მთლიანად ელექტორატის განწყობა და ფსიქოლოგია იცვლება. უფრო მეტად თავისუფალი სივრცეები და გამბედაობა გაჩნდა, ასევე თვითრწმენა იმ კუთხით, რომ თითოეულ მოქალაქეს საკუთარი არჩევანით შეუძლია ამ ქვეყნის ბედის შეცვლა. ეს პროცესი დადასტურდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც მოქალაქეებმა პირველ ტურში გადაწყვიტეს არჩევნების ბედი. მეორე ტურში რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ეს იყო გაყალბების, ხელების გადაგრეხის ქრესტომათიული მოვლენა, მაგრამ ამას უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვეღარ იზამენ. ამიტომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარებმა ძალიან ბევრი უნდა იზრუნონ იმაზე, რომ საკუთარი ელექტორატის გული მოიგონ რეალური პოლიტიკური პროცესით და არა სუს-ის აგენტების, ფულის, ძველი ბიჭების, კარტოფილის დარიგების ხარჯზე. ეს დრო უნდა ჩავაბაროთ წარსულს. სწორედ ამას გვაძლევს ეს არჩევნები.
_ რა ბერკეტები გაქვთ ოპოზიციას იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ამბოხებული“ დეპუტატების მეშვეობით კვლავ არ ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები?
_ პირველ რიგში, ჩვენს მხარეს არის სიმართლე, ასევე საზოგადოებრივი მხარდაჭერა, _ საერთაშორისო საზოგადოება ცალსახად მხარს უჭერს ჩვენს პოზიციას, რომელიც თავისთავად გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების ინტერესს. სწორედ იმიტომ, რატომაც ივანიშვილმა გადაწყვიტა 120/30-ზე ფორმატს დასთანხმებოდა, ზუსტად იგივე ფაქტორების გამო მას ხელი შეეშლება პროცესის არევასა და მაგიდის აყირავებაში, ანუ იმ საარჩევნო სისტემის შენარჩუნებაში, რაც დღეს გვაქვს. ყველამ ვიცით, რაც მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების დროს: დადგეს სპექტაკლი და გაითამაშეს, როგორც ყველა დანარჩენ სიტუაციაში. ივანიშვილმა ამ შემთხვევაშიც გადაწყვიტა, სუფთად გამოსულიყო და ხელები შეაწმინდა ხუნდაძეებსა და ბერაიებს, ვითომ ამბოხებულებს, რეალურად კი არაფრისმაქნის პოლიტიკოსებს, რომლებსაც ივანიშვილისადმი მხოლოდ ის დამსახურება აქვთ, რომ წლები მუშაობდნენ „ქართუში“ და მისი ყურმოჭრელი მონები არიან. დაჩი ბერაია და დიმიტრი ხუნდაძე ნამდვილად არასდროს წავლენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ივანიშვილმა თუ დაავალა მათ პროცესის აყირავება, ისინი აუცილებლად ააყირავებენ, მაგრამ ივანიშვილს არ გამოუვა ის, რაც აქამდე გამოსდიოდა. მის მიერ შექმნილი წუმპიდან მშრალი ვეღარ გამოვა, აუცილებლად აგებს პასუხს. პასუხისგების კი მას ყველაზე მეტად ეშინია. მას მოუწევს პასუხის გაცემა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და ძალიან მძიმე იქნება ეს მისთვის, როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად.
_ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განსაკუთრებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პოლიტპატიმრების საკითხი. ერთი მხრივ, ხელისუფლება გვეუბნება, რომ დაკავებულების განთავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა, ოპოზიცია კი გვიმტკიცებთ, რომ პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლონ, თუმცა მემორანდუმში ამის შესახებ არაფერი წერია. მეტიც: 13 მარტს სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვა. ასე რომ, საზოგადოება გაურკვევლობაშია. რაზე შეთანხმდით ოპოზიცია ხელისუფლებასთან?
_ იმ ადამიანების გარდა, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში: გიორგი რურუა, გიგი უგულავა, ბესიკ თამლიანი, ირაკლი ოქროუაშვილი, არიან ისინიც, ვის წინააღმდეგაც პოლიტიკური მოტივით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები და ნებისმიერ მომენტში, როგორც კი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოზე გასცემს ბრძანებას, მაშინვე სასამართლო მიიღებს მათი დაპატიმრების გადაწყვეტილებას. თქვენ გახსოვთ, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმართებოდა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელური აქციები, ისინიც არაერთხელ დაარბიეს, ზღვაც კი მიიყვანეს სახლამდე, რომ მათთვის დაებლოკათ სახლამდე მისასვლელი გზა. აქციის მონაწილეები არაერთხელ გახდნენ ძალადობის მსხვერპლი. პოლიციამ დაარბია ისინი, დააპატიმრეს და ამ ადამიანებზეც მიმდინარეობს პოლიტიკური მოტივით სისხლის სამართლებრივი დევნა, მათ შორის არის ბაგრატიონი _ „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი და აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი. ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ 4-5 ადამიანზე, არამედ პრინციპზე, რომ ჩვენს სახელმწიფოში არ უნდა არსებობდეს პოლიტიკური მოტივით წარმოებული სისხლის სამართლებრივი საქმეები და მსგავსი რამ აშკარაა უგულავას, რურუას, თამლიანის, ოქრუაშვილის შემთხვევაში. ასევე არის ამ ხალხის მეორე ნაწილი, რომელიც პოლიტიკური მოტივების გამო გახლავთ სისხლის სამართლის დევნის ობიექტი, მაგალითად: ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, ბაგრატიონი და არაერთი. სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში, ზოგადად პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი, თორემ, მერწმუნეთ, ინდივიდუალურად აშკარად ჩანს პოლიტიკური ნიშნით ნაწარმოები საქმეები. მესმის, რომ „ქართული ოცნება“ ვინაიდან არის სახელისუფლებო გუნდი და რიტორიკის დონეზე მაინც ამბობს, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიაა, დაცულია ადამიანის უფლებები, თითქოს მათ ინტერესშია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე, ისინი არ აღიარებენ იმას, რომ მათ ჰყავთ პოლიტიკური დევნილები და პოლიტიკური პატიმრები, მაგრამ ჩვენ ხომ სხვანაირად ვფიქრობთ?! რეალური სამართლებრივი პროცესიც ხომ სხვა რამეზე მიუთითებს?! ამერიკელი სენატორები, ევროპარლამენტარები, ყველა საერთაშორისო სისტემაში ჩართული ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი რეპუტაციითა და გავლენებით, ამბობენ, რომ პოლიტპატიმრები უნდა გამოვიდნენ გარეთ და ვისზეც პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, ეს დევნა უნდა შეწყდეს. ივანიშვილი ამას ვერ გაექცევა, მას აუცილებლად მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა და ის ამ მიმართულებითაც დამარცხდება ზუსტად ისევე, როგორც დამარცხდა საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანის კუთხით. არავის აქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეს ივანიშვილმა გაიღვიძა, იფიქრა ქვეყნის მომავალზე და გადაწყვიტა, რომ პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა, კეთილი სურვილებიდან გამომდინარე, მიიღო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ივანიშვილი 120/30-ზე დათანხმდა, რადგან ზეწოლა იყო და ეს ზეწოლა არ შემცირდება, ისეთი ფორმით დარჩება, როგორიც არის ან მეტიც: შესაძლოა, კიდევ უფრო გაძლიერდეს, თუ ივანიშვილი არ დაიწყებს პოლიტიკურ პროცესში სუფთა თამაშის შემოთავაზებას.
_ როგორც ცნობილია, საკონსულტაციო ფორმატში ოპოზიციური სპექტრი განიხილავთ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებს. რა პოლიტიკური პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებას? ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ მოლაპარაკებებში პრორუსული პარტიების ჩართულობა უარყოფით გავლენას მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“ ან, თუნდაც, ნეიტრალურ ამომრჩეველზე?
_ მესმის, რომ ეს მართლაც სერიოზული საკითხია. ნამდვილად, ყველა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტორი, იმიტომ, რომ შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებისთვის არ იყოს მისაღები ბურჯანაძის პარტიის მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, მაგრამ ასევე შეიძლება, ბურჯანაძის მხარდამჭერებისთვის, გაერთიანებული ოპოზიციიდან რომელიმე სხვა კანდიდატი არ იყოს მისაღები. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან მაღალი კლასის პოლიტიკური პროცესი მიდის გაერთიანებული ოპოზიციის შიგნით, რათა ორივე მიმართულებით მსგავსი გულისწყრომა იყოს გათვალისწინებული და შესაბამისად, პარტიებმა ისეთი კანდიდატები წარმოადგინონ, რომლებზედაც მსგავსი ტიპის სპეკულაციები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი არის ნორმალური, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ამოქმედება და არა ემოციური არჩევანის შეთავაზება ელექტორატისთვის. ვინც იქნება მაჟორიტარ კანდიდატად შერჩეული, მისი შერჩევის მოტივაცია ძალიან ღიად და არგუმენტირებულად უნდა იყოს ახსნილი ელექტორატისთვის, რომ მსგავსი პოლიტიკური სპეკულაციების საშუალება არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“. თუ ვინმე დაიწყებს მაჟორიტარების გაშავებას და მათ დაპირისპირებას გაერთიანებული ოპოზიციის ელექტორატთან, ეს ისევ „ქართული ოცნება“ იქნება. ძალიან კარგად გვესმის, ამის საშუალებას „ქართულ ოცნებას“ უპირატესობის სახით ნამდვილად ვერ მივცემთ. შესაბამისად, კანდიდატები შერჩეულები იქნებიან ისეთი გამჭვირვალე, ღია და სამართლიანი პროცესის შედეგად, რომ ეს ფაქტორი გადამწყვეტი არ იქნება არჩევნებზე.
_ ოპოზიციური სპექტრი რამდენად მზად არის იმისთვის, რომ საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდეს?
_ პრინციპზე, რომ ერთიანი ფრონტი უნდა იყოს, ამაზე ოპოზიციაში მზაობა არის. ჩემგან არ გესმით პირველად, ყველა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე თუ წევრი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისშია მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილი, იმაზე თანხმდება, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ერთიანი ფრონტი და საერთო კანდიდატებზე შეთანხმება. ამ პრინციპის ერთგულია აბსოლუტურად ყველა. უშუალოდ კანდიდატებზე როცა დაიწყება საუბარი, დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად იგივე მოტივაციით ეს პროცესი ძალიან ჯანსაღად ჩაივლის, შესაბამისად, შერჩეული იქნებიან კონკრეტული სახელი და გვარები, იმგვარად, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ექნება პოლიტიკური სპეკულაციების წამოწყების საშუალება უშუალოდ კანდიდატებთან დაკავშირებით და გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში ერთგვარი არეულობა შეიტანონ ამ მიმართულებით, _ ეს გამორიცხულია. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ჩვენს სახელმწიფოში, აღარ არის ემოციური არჩევანის გაკეთების დრო. აქამდე მესმოდა ემოციური არჩევანის მოტივაცია, რომ ვიღაცას რაღაც წყენა ჰქონდა ერთი პარტიის მიმართ და მხოლოდ ამიტომ აძლევდა მეორე პარტიას ხმას. დღეს ამის დრო დამთავრდა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმისა, რომ ამ სახელმწიფოში ერთხელ და სამუდამოდ აღარ უნდა არსებობდეს არანაირი შანსი, რათა ერთი ჯგუფის ხელში აღმოჩნდეს აბსოლუტური ძალაუფლება. ჩვენ დაბალანსებული უნდა გვქონდეს ურთიერთგაწონასწორობისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმზე ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებაზე ორიენტირებული იქნება.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრი. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში პირადი შტაბი გახსნა, რასაც თქვენი ოპონენტები ირონიულად გამოეხმაურნენ. ამ პირობებში, როცა ოპოზიციის ერთიანობაზე ვსაუბრობთ, ხომ არ აზიანებს ეს ფაქტი ერთობას და რა მიზანს ემსახურება შტაბის გახსნა?
_ ოპონენტების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან სასაცილოა, რადგან რაც უფრო მეტი ფრონტი გაიხსნება, მეტი სიმძიმის წერტილი შეიქმნება და რაც უფრო მეტი ორგანიზებული მოძრაობა იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მით დაასუსტებს ეს „ქართულ ოცნებას“. რა თქმა უნდა, მათი პირველი სამიზნე მსგავსი კერების ჩამოყალიბების ხელის შეშლა იქნება. შეიძლებოდა, ისე მომხდარიყო, რომ ერთი კონკრეტული ახალგაზრდული ჯგუფის ირგვლივ გაერთიანებულიყო ყველა ის სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ბოლო პერიოდში გავიცანით, თუმცა სხვადასხვა მოძრაობა ჩამოყალიბდა: „სირცხვილია“, „შეცვალე“. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი კერა, უკეთეს შედეგს მივიღებთ და პოლიტიკური პროცესიც უფრო მრავალფეროვანი გახდება. შესაძლოა, ყველა რეგიონში დამოუკიდებელი შტაბი შეიქმნას, ამის ბაზაზე შეიძლება, ახალი ახალგაზრდული მოძრაობები დაარსდეს, ანუ რაც უფრო მეტი იქნება პროცესში ჩართული ჯგუფური გაერთიანება, მით უფრო გაუძნელდება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება და ამომრჩევლების დაშინება. ეს ძალიან აშინებს „ქართულ ოცნებას“ და სწორედ ეს შტაბი ჰყავს მიზანში ამოღებული. „ქართულ ოცნებას“ თავისი რესურსები დაყოფილი აქვს ასე: ვიღაცას მოისყიდიან, ვიღაცას დააშინებენ, ქურდული მენტალიტეტის მარწუხებში მოაქცევენ, ვიღაც გამყალბებელია, ვიღაც ადმინისტრაციული რესურსია და ამ რამდენიმე საყრდენზე დგას „ქართული ოცნების“ იმედი არჩევნებზე შედეგის მისაღწევად. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქითაა, თავისუფალი და გაშლილი პროცესია, ამ თავისუფლების ეშინიათ. „ქართულმა ოცნებამ“ მიბაძვა სცადა, თავიანთ ბაზაზე ნეოპიონერები რომ ჩამოიყალიბეს, ვითომ ახალგაზრდული მოძრაობა, 14 მარტს გამოვიდნენ და თქვეს, რომ თუ სახელმწიფოს დავჭირდებით, მზად ვართ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთოთო. ყველაფერზე კაპიტალიზაციას ცდილობენ.

ნენე ინჯგია