ანა რეხვიაშვილი: „ოქრუაშვილი არასოდეს აღიარებს ბრალს!“

ქართული ანდაზაა, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო, ანუ მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ქართული პოლიტელიტა კი 8 მარტის მემორანდუმის შეთანხმებითაა აჟიტირებული. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ დიდ გამარჯვებას მიაღწია, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, სიხარული ნაადრევია, რამეთუ „ოცნება“ დაპირებებს ისევ არ ასრულებს. აი, მაგალითად, პოლიტპატიმარი ბესიკ თამლიანი ციხიდან არ გამოუშვა. რას უპირებს მმართველი გუნდი ირაკლი ოქრუაშვილს? _ ამის გარკვევას „ქრონიკა+“ გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერ ანა რეხვიაშვილთან შეეცადა, თუმცა რესპონდენტთან საუბრისას, ცხადია, კორონაპანიკასაც ვერ ავუარეთ გვერდი.

სხვათა შორის, ამ თემაზე ანა რეხვიაშვილმა სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა:
„რამდენიმე წლის წინ ბატონ ამირანთან (გამყრელიძე) ერთად ვიმგზავრე თვითმფრინავით. რეისი ხანგრძლივი იყო (10 საათი) და სრულიად მოულოდნელად რაღაც შფოთმა ამიტანა. მუდამ მადლიერი ვარ და არასოდეს დამავიწყდება ბატონი ამირანის ზრუნვა ჩემ მიმართ, რომელმაც ბორტზე მყოფ ჩემსავით შფოთიანებსაც ხალისი და სიმშვიდე მოუტანა. უდიდესი მადლობა ამ დიდებულ ადამიანს და მის კოლეგებს, რომლებიც მშობლებივით თავს დასტრიალებენ მთელ ქვეყანას, ებრძვიან და უმკლავდებიან ბოროტი „კორონას“ განსაცდელს.

ანა რეხვიაშვილი:
_ ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევას უძლებს და ბოლომდე გაუძლებს. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერმა ამან ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები გამოაჩინა. აი, მაგალითად, სოციალურ ქსელში თვალყურს რომ ვადევნებ, ადამიანები კორონავირუსის პანდემიას იუმორით შეხვდნენ და იმედსაც სწორედ ეს მაძლევს. ამას გარდა, იმასაც ვგრძნობ, რომ პროფესიონალი ექიმები გვყავს, რომელთა მიმართაც დიდ პატივისცემასა და მადლიერებას გამოვხატავ.
ერთი სიტყვით, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ განსაცდელს გადალახავს!
_ უიმედოდ არც მე ვარ, მაგრამ ანა, ხომ არ გეჩვენებათ, რომ მსოფლიოს პოლიტიკური თუ ბიზნესწრეები კორონაპანიკას გარკვეული მიზნებისთვის იყენებენ?
_ მართალი ხართ!
_ მაინც, რაში მეთანხმებით?
_ ყველაფერ იმას, რაც ხდება, პოლიტიკურ კორონას ვეძახი.
_ რატომ?
_ 2020 წელი, როგორც ვიცით, რეალური და მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი უნდა ყოფილიყო და მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში. მაგალითად, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მთელი მსოფლიო „კოვიდ 19-ის“ დღის წესრიგით ცხოვრობს, რაც მოსახლეობის პანიკას თავი რომ დავანებოთ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებას დიდ პრობლემებს უქმნის.
სხვათა შორის, ბოლო დროს კოლეგები ძალიან ბევრს ვმსჯელობთ იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიშლის ხელს ეს პანდემია წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთან შეხვედრებში. ამის გათვალისწინებით, პოლიტიკური კორონა ჩვეულებრივ კორონაზე ბევრად უფრო საშიშია, რადგან პოლიტიკური ეპიდემიის სახეს იღებს. საინტერესოა, მომავალში რა მოხდება, ანუ მთელი პოლიტიკური პროგნოზები სწორედ ამ კორონავირუსის მასშტაბებთანაა დაკავშირებული.
_ გამორიცხავთ, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და ამ საბაბით წელს საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდეს?
_ გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ადეკვატურობისა თუ არაადეკვატურობის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. სწორედ ამიტომაც ვამბობთ, რომ მოვლენების განვითარების ძალიან ბევრ სცენარს განვიხილავთ. ერთი სიტყვით, არავინ იცის, ხვალ რა და როგორ იქნება.
_ მართალია, „ოცნება“ ირწმუნება, ყველაფერს ვაკონტროლებო, მაგრამ ფაქტია: საზოგადოების ნაწილი დაპანიკებულია, ანუ ვითარების ამ დრამატულობას ეჭვობთ, რომ მმართველი გუნდი პირადი მიზნებისთვის გამოიყენებს?
_ შეთქმულების თეორიების მომხრე არ ვარ, მაგრამ ამ სცენარს მაინც არ გამოვრიცხავ. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ეს პანდემიური სიტუაცია ხელისუფლებას ბევრ რამეში აწყობს, თუმცა არ მინდა დავიჯერო, რომ ამას პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს.
_ ანა, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ „ოცნება“ 8 მარტის მემორანდუმს, ჯერჯერობით, არ ასრულებს. აი, მაგალითად, თამლიანი არ შეიწყალა. სხვათა შორის, კულუარებში თავიდანვე ითქვა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება თამლიანსა და ოქრუაშვილზე არ გავრცელდებოდა. ამ კულუარულ ხმას დამიდასტურებთ?
_ მემორანდუმით დავიწყოთ, რომელსაც თავიდან ყველა ძალიან აღტაცებით შეხვდა, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად პოლიტიკური სისტემის განახლებაზე ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა. სხვათა შორის, ამ შეთანხმებამდე ყოველდღე ვხედავდით, რომ ლეიბორისტების ოფისში პარლამენტის სამი ყოფილი თავმჯდომარე და სხვადასხვა ხელისუფლების ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები იკრიბებოდნენ.
_ უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ პროპორციულ და სამართლიან არჩევნებზე საკითხი პირველად ახლა არ დასმულა, მაგრამ ამ მოთხოვნაზე აქამდე არავინ შეთანხმებულა. ამიტომ ყველანი დარწმუნებულები ვართ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც, რომ ეს შეთანხმება შესაძლებლობების მაქსიმუმია, თან ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ამ შედეგს ნახევარი პლანეტის ჩარევითა და ხელშეწყობით მივაღწიეთ.
ამის შემდეგ, ცხადია, შეთანხმების ის ნაწილიც უნდა შესრულდეს, სადაც პოლიტპატიმრებზეა საუბარი.
_ ფაქტია: „ოცნება“ ამ კუთხით ნაბიჯებს არ დგამს, ანუ კითხვას გავიმეორებ: მიდასტურებთ კულუარულ ინფორმაციას, რომ ხელისუფლება თამლიანისა და ოქრუაშვილის გარდა, ყველა სხვა პოლიტპატიმრის გამოშვებაზე თანახმაა?
_ დემოკრატიული არჩევნები და პოლიტპატიმრები დემოკრატიისთვის წარმოუდგენლად შეუთავსებელია. ამიტომ ამ შეთანხმებას, წესით, პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ადამიანებზე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა უნდა მოყვეს. სხვათა შორის, უკვე ვიცით, რომ გიგი უგულავამ შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართა, ანუ ეს შეთანხმების სწორედ იმ ნაწილის ამოქმედებაა, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებს ეხება.
_ ანა, მეჩვენება, რომ კითხვაზე, რომელიც უკვე ორჯერ დაგისვით, პასუხის გაცემისგან თავს იკავებთ. კონკრეტულად მითხარით: ელოდებით, რომ „ოცნება“ თამლიანსა და ოქრუაშვილსაც გამოუშვებს? აქვე კითხვას კიდევ უფრო ჩავშლი: გამორიცხავთ, რომ „ევროპული საქართველო“ და სხვა რამდენიმე პარტია ხელისუფლებას გარიგებოდა, რომ პოლიტიკური დავების შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ გიგი უგულავასა და ხაზარაძე-ჯაფარიძეზე გავრცელებულიყო და სხვა არავისზე?
_ თამლიანის, ოქრუაშვილისა და რურუას განთავისუფლება გარდაუვალია და ისინი ძალიან მალე დატოვებენ ციხეს!
სხვათა შორის, ბოლო დროს გიგი უგულავასა თუ გიგა ბოკერიაზე ხშირად მეკითხებიან, მათ საქმეებს დასავლეთში ამხელა გამოხმაურება რატომ აქვს და ამდენს ირაკლი ოქრუაშვილზე რატომ არ ლაპარაკობენო?
_ არ დაგიმალავთ და, ეს მეც მაინტერესებს.
_ პირადად თქვენ ხართ იმის მოწმე, რომ გასული წლის ივნისიდან მოყოლებული ყველა საერთაშორისო მოქმედებაში ჩართული ვარ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ევროპული საქართველო“ მრავალი წელია, დიდი პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან.
_ ანუ?
_ ამ შემთხვევაში „ევროპის სახალხო პარტიას“ ვგულისხმობ.
_ ეს რა შუაშია?
_ „ევროპის სახალხო პარტია“ ვალდებულია, რომ საკუთარი პოლიტიკური ოჯახის წევრებზე უფრო მეტად იხმაუროს, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ნამდვილად ვიცი და ინფორმაციაც მაქვს, რომ დანარჩენი პოლიტპატმრებიც აუცილებლად განთავისუფლდებიან!
ვინ, ვინ და, ყველაზე კარგად სწორედ „ოცნებამ“ იცის, რომ თუ ასე არ მოხდება, მაშინ ამის ფასის გადახდა მოუწევს!
_ ოქრუაშვილთან საპროცესო გაფორმდება და ციხეს ამის შემდეგ დატოვებს?
_ ხელისუფლებას ოქრუაშვილის გასათავისუფლებლად ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს. ბოლოს და ბოლოს, მის წინააღმდეგ ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს. ამიტომაც ყველა უფლებადამცველი აღიარებს, რომ ოქრუაშვილის საქმის პოლიტიკური მოტივები ხელისუფლებამ კრიმინალურ მოტივებზე გადაიტანა, თუმცა ამის მიუხედავად, ვიმეორებ, „ოცნებას“ განთავისუფლების ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს. გამორიცხულია ერთადერთი: ოქრუაშვილი ბრალს არასოდეს აღიარებს, რადგან მას არაფერი დაუშავებია.
_ გირაოთი განთავისუფლება განა, იმას ნიშნავს, რომ პირმა წაყენებული ბრალდება, პირდაპირ თუ ირიბად, აღიაროს?
_ სწორედ ამიტომაც ამ საპროცესო თემიდან მოიხსნა.
_ ანუ?
_ თავდაპირველად ეს ვერსია არსებობდა, მაგრამ როგორც გითხარით, ოქრუაშვილი ამ საპროცესო გარიგებაზე არ წავა, რადგან ბრალი არ მიუძღვის!
_ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს ოქრუაშვილის დაცვის წევრი და მეგობარი კობა კოშაძეც, თუმცა გირაოზე მაინც დასთანხმდა და საპატიმროც დატოვა. ამიხსენით: კოშაძე საპროცესო გარიგებაზე რატომ წავიდა?
_ ბრალი არც კოშაძეს უღიარებია.
_ დიახ, ეს ვიცი, მაგრამ მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა არ შეწყვეტილა. უბრალოდ, აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობის ნაცვლად, გირაოთი შეეცვალა.
_ კი ბატონო, მაგრამ, ჯერ ერთი, გირაო პროკურატურამ მოითხოვა. მეორეც, კოშაძის საქმე სხვა მიმართულებაა. ოქრუაშვილის შემთხვევაში კი, დანამდვილებით ვამბობ, მას გარეთ ძალიან მალე ვიხილავთ. ასევე სხვა პოლიტპატიმრებსაც!
_ ვნახოთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ სანამ პოლიტპატიმრები განთავისუფლდებიან, ანა, მითხარით, 8 მარტის მემორანდუმით რიგითმა ამომრჩეველმა, ანუ ხალხმა, რა მოიგო?
_ რიგით ამომრჩევლებს ამ ქვეყნის შეცვლის შანსი მიეცათ.
_ დამისაბუთეთ, როგორ?
_ ჩვენ მივიღეთ ახალი საარჩევნო სისტემა, რომლისთვისაც ძალიან დიდი ხანი ვიბრძოდით. მოკლედ, რიგითმა ამომრჩევლებმა ამ მემორანდუმით არჩევანის უფლება მიიღეს, ანუ შეუძლიათ, რომ არსებული რეალობა შეცვალონ.
_ ანა, მომიტევეთ, მაგრამ ახალ საარჩევნო სისტემაზე საუბარი, ჩემი აზრით, გადამეტებულია, რადგან მაჟორიტარები ახალ პარლამენტშიც იქნებიან და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მათი რიცხვი 73 იქნებოდა თუ _ 30.
_ დიახ, მაგრამ, დამეთანხმეთ, რომ ის შედეგი, რომელიც დადგა, ამ ეტაპზე მაქსიმუმია.
_ ისე, ოპოზიცია სრულიად პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა, ახლა კი შერეულ სისტემაზე დათანხმდა. ჰოდა, ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდებიან, ხალხს ამ ტრანსფორმაციას როგორ აუხსნიან, ანუ ერთგვარ უხერხულობაში არ აღმოჩნდებიან?
_ ყველანი ვხედავდით, დღითი დღე მოვლენები როგორ ვითარდებოდა _ ყველაფერი ყოველ წუთს იცვლებოდა.
_ ეს რა შუაშია?
_ ვის რა „გაუტყდება“, ეს ლირიკაა და არავის არაფერი უნდა „გაუტყდეს“, მით უმეტეს, რომ ხალხს ყველაფერი ესმის. ახლა ვინმეს დიდ ან ნაკლებ ეგოზე აღარაა საუბარი, რადგან ზუსტად ვიცით, რომ ხელისუფლება შესაცვლელია და ისიც ვიცით, რომ ამ ქვეყანას გადარჩენა სჭირდება. საამისოდ კი ყველა ბერკეტი უნდა ამუშავდეს. აქედან გამომდინარე, ის შედეგი, რომელიც დადგა, ამ ეტაპზე ჩვენთვის გამარჯვებაა. ახლა მთავარია, ყველაფერი ეს შევინარჩუნოთ და ბოლომდე მივიყვანოთ!
სხვათა შორის, ეჭვი არ მეპარება, რომ წინ კიდევ ბევრი საფრთხილო მოსახვევი იქნება!
_ ერთ-ერთი საფრთხილო მოსახვევი, ალბათ, ის იქნება, რომ ოპოზიცია ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე ვერ შეთანხმდეს, არა?
_ ამ კუთხით შეიძლება, ძალიან ბევრი ვერსია იყოს, თუმცა არ მახსოვს, რომ ოპოზიცია ასეთი ერთიანი ოდესმე ყოფილიყო. საერთოდ, ოპტიმისტი ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიცია ყველაფერს ბოლომდე მიიყვანს.
_ მაჟორიტარული კვოტები როგორ გადანაწილდება, ანუ 30 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებად ყველა პარტიიდან დასახელდებიან თუ ოპოზიციის შიგნით ერთგვარი პრაიმერი ჩატარდება და კანდიდატები ასე გამოვლინდებიან?
_ ამაზე ლაპარაკი, ჯერჯერობით, სწორი არ იქნება.
_ რატომ?
_ ჯერ ისევ მოლაპარაკებები მიდის და საუბარი ბევრ ვერსიაზეა.
_ ისე, საარჩევნო ცვლილების კანონპროექტი პარლამენტს ჯერ არ წარდგენია, შესაბამისად, 8 მარტის შეთანხმება, ამ ეტაპზე, ისევ ფარატინა ფურცელია. აქედან გამომდინარე, საშიშროება, რომ „ოცნებამ“ ოპოზიცია ისევ გადააგდოს, არსებობს, არა?
_ რა თქმა უნდა.
_ ოპოზიციას რა ბერკეტი აქვს, რომ მოვლენები ამ სცენარით არ განვითარდეს?
_ ეს საშიშროება, ცხადია, არსებობს, მაგრამ „ოცნებამ“ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველანაირი ხელმოსაჭიდი დაკარგა, თანაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო პარტნიორებიც ადევნებენ თვალს და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ თუ ეს „გადაგდება“ კიდევ ერთხელ მოხდა, მაშინ სხვა ზომების მიღება იქნება საჭირო და „ოცნებასაც“, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს. ამის შესახებ „ოცნებაშიც“ კარგად იციან.
_ ანა, ოპოზიციაში სიტუაციას სააკაშვილის ე. წ. პირადი შტაბი ხომ არ აჭრის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა იგივე ოპოზიციაში ამბობენ, 8 მარტის მემორანდუმით ყველაზე მოგებული ბოკერია დარჩა და არა _ სააკაშვილიო?
_ იმ დეტალებში შესვლა, ვინ მოგებული დარჩა და ვინ _ არა, ზედმეტია.
_ რატომ?
_ ჯერ ეს მონაპოვარი ოფიციალურად უნდა გაფორმდეს.
სხვათა შორის, ამ ადამიანებს, ანუ ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენი არ იყოს, ბავშვობიდან ვუყურებ და არ მგონია, იმაზე საუბრით, ვინ რა მოიგო ან წააგო, საქვეყნო საქმე გააფუჭონ. დეტალებში არ შევდივარ, მაგრამ შიდა რაღაცების გამო საერთო სურათი არ მგონია, შეიცვალოს!
_ ზემოხსენებული მემორანდუმით საარჩევნო ბლოკები დარჩა. იქიდან გამომდინარე, რომ „გამარჯვებული საქართველო“ მაინც ახალი პოლიტიკური მოთამაშეა, ხომ არ უნდა ველოდოთ, რომ რომელიმე ძველ მოთამაშესთან დაწყვილდეს და არჩევნებზე ასე გამოვიდეს?
_ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, თუმცა პარტიაში რაღაცებზე ვმსჯელობთ და ვსაუბრობთ.
_ „გამარჯვებული საქართველოს“, მინიმუმ, იდეურად მონათესავე პარტია რომელია?
_ დეტალებზე საუბარი არ მინდა… ამაზე ბევრი მუშაობა გვჭირდება, მით უმეტეს, რომ პოლიტიკა „თეთრი ფურცლიდან“ დავიწყეთ და ყველაფერი ისე უნდა იყოს, რასაც ხალხს თავიდანვე ვეუბნებოდით.
ერთი სიტყვით, ძალიან ბევრ კონსულტაციას გავდივართ და დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.
_ გასაგებია, რომ „ოცნებაზე“ საერთაშორისო ზეწოლა დიდია, მაგრამ რეალობას თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ სახელისუფლებო ბერკეტები მაინც მის ხელშია. შესაბამისად, თავისუფლად შეუძლია, ოცდაათივე მაჟორიტარული ოლქი მოიგოს და პროპორციული კუთხითაც სერიოზული შედეგი დადოს. ამას გარდა, „ოცნებას“ ისიც შეუძლია, რომ ახალ პარლამენტში უმრავლესობა სატელიტების ხარჯზე შექმნას. ოპოზიცია ამ სცენარს თუ ამუშავებს?
_ მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვანაირია.
_ მაინც, როგორი?
_ ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხვდება, „ოცნებას“ ქვეყანა საითკენაც მიჰყავს. ამიტომ რა ბერკეტიც უნდა აამუშაოს, ამომრჩევლის იმედი მაქვს, ანუ ხალხის მჯერა, საქმეს იქამდე აღარ მიიყვანს, რომ ეს ქვეყანა ისევ „ოცნების“ ხელში დარჩეს!
ქვეყანა გადასარჩენია და „ოცნებამ“ არჩევნები ვერანაირი ბერკეტით ვერ უნდა მოიგოს!
_ „ოცნება“ რომ ცუდ დღეშია, ფაქტია, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ოპოზიციური პარტიებიდან 40-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ავტონომიურად ერთსაც არ შეუძლია, თუმცა, საერთო ჯამში, ოპოზიციის რეიტინგი „ოცნებაზე“ მაღალია.
_ დიახ, ასეა და სწორედ ამიტომ ოპოზიციას ბევრ რამეზე შეთანხმება და ბევრი რამის სწორად გაკეთება სჭირდება. კონსულტაციებიც ამას ემსახურება.
_ შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ის 30 ოპოზიციური პარტია, რომელმაც 8 მარტის მემორანდუმს ხელი მოაწერა, ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდეს?
_ გამორიცხული არაფერია!
_ ასეთ შემთხვევაში ამ ერთიანი ოპოზიციური ბლოკის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ვინ იქნება?
_ მგონია, რომ სიის პირველ ნომრობას დიდი მნიშვნელობა არ ექნება და შეთანხმება მოხდება, რადგან სიის პირველ ნომერს, ჩემი აზრით, სიმბოლური დატვირთვა ექნება, თუმცა აქვე ერთ რამესაც გეტყვით.
_ რას?
_ არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და საქართველოში დაბრუნდეს! ეს ამ ქვეყნისთვის აუცილებელია.
_ ასე რატომ ფიქრობთ?
_ სააკაშვილის გამოცდილება ამ ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია!
_ ისე, ოპოზიციამ „ოცნებასთან“ მოლაპარაკების დროს სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის საკითხი რატომ არ დააყენა?
_ სხვათა შორის, ეს კითხვა მეც გამიჩნდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება, რომ ოპოზიციამ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული დევნის შეწყვეტა მოითხოვოს!
_ „გამარჯვებულ საქართველოს“ ეს საკითხი ე. წ. ოპოზიციურ მაგიდასთან თუ დაუსვამს?
_ არა, იმ მაგიდასთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
_ ე. ი., ანა, დარწმუნებული ხართ, რომ ოქტომბერში „ოცნება“ დამარცხდება?
_ დიახ, „ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება!
_ ვნახოთ, თუმცა მანამდე მთავარია, კორონაპანიკას გადავურჩეთ! ანი, ნახვამდის და ჯანმრთელობას გისურვებთ!
_ თქვენც ასევე.

გიორგი აბაშიძე