რომან გოცირიძე: „ნუ იმარაგებთ ზედმეტ სურსათს _ მსოფლიოში პრობლემა საქონლის დეფიციტი კი არა, ჭარბწარმოებაა“

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, მოსახლეობა პანიკაშია. სასურსათო მაღაზიებში საშინელი რიგებია და დახლები ძალიან სწრაფად ცარიელდება. ხელისუფლება ამაოდ მოუწოდებს ხალხს, რომ ქვეყანაში მარაგი არის და პანიკა საჭირო არაა. ამ პანიკით სარგებლობენ მაღაზიების მეპატრონეები და ფასები კატასტროფულად იზრდება. პროდუქტი გაძვირდა ბაზრებშიც. იგივე ვითარებაა აფთიაქებში, სადაც პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები აღარ იშოვება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე, მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში პროდუქტების მომარაგება უაზრობაა. მისი თქმით, დღეს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს სისტემის უმართაობა და არაფორმალური მმართველობა წარმოადგენს. გოცირიძე ისევ ჯიუტად ითხოვს, რომ მრევლი ერთჯერადი კოვზებით ეზიაროს. ის გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ამ თემაზე პოლიტიკური პარტიები ხმას არ იღებენ.

რატომ არსად ჩანს ბიძინა ივანიშვილი? რომელ ქვეყნებთან უნდა შეიზღუდოს მიმოსვლა? რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო? რატომ დავქვეითდით ეპიდემიასთან ბრძოლის ცხრილში? რატომ არ არის გამართლებული საკვები პროდუქტების მომარაგება? ვინ ზომავს რწმენას კოვზებით? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს რომან გოცირიძე ესაუბრება:

_ ქვეყანა, ფაქტობრივად, პანიკამ მოიცვა. ხალხმა სასურსათო მაღაზიები დააცარიელა. ამას თქვენ სოციალურ ქსელში გამოეხმაურეთ და ხალხს მოუწოდეთ, არ მოიმარაგონ სასურსათო საქონელი. რატომ არ ღირს პროდუქტების წინასწარ მომარაგება, რა გარანტიაა, რომ პროდუქტები არ გაქრება?
_ ახლაც იგივეს გავიმეორებ, რაც სოციალურ ქსელში დავწერე და თქვენი გაზეთით კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს საზოგადოებას: ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს. მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში პრობლემა საქონლის დეფიციტი კი არა, ჭარბწარმოებაა. როდესაც მთელი ევროპის მასშტაბით კაფეები და რესტორნები დაკეტილია და მოხმარება კლებულობს, ათეულ მილიარდობით დოლარის საქონილია უკვე ჩაწოლილი.
ეკონომიკაში მოთხოვნის კლებით გამოწვეული შოკია და არა მიწოდების შემცირებით გამოწვეული. ქართული მაგალითი რომ ავიღოთ: თუ ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო სუფრები შეიზღუდება, სად უნდა გაიყიდოს ჩამოსასხმელი ღვინო, მინერალური წყალი, კიტრი, პომიდორი და ა. შ.? ეს შეზღუდვები ათეულ მილიონობით ლარის ოდენობით ამცირებს მოთხოვნას. აჟიოჟატი აზიანებს ჯიბესაც და ფსიქიკასაც.
ჩემი აზრით, შექმნილ კრიზისულ ვითარებაში ყველაზე დიდი საფრთხე სისტემის უმართაობაა. ერთია მთავრობის არაკომპეტენტურობა და გუნდური მოქმედების უუნარობა და მეორე, გაცილებით სახიფათო _ ქვეყნის არაფორმალური მართვა.
ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ ამ მძიმე ვითარებაში იზრუნოს ლარისა და ფასების სტაბილურობაზე, გააჯანსაღოს ბიუჯეტი და შეამციროს უსარგებლო, ბიუროკრატიული და კორუფციული ხარჯები, პირიქით, დამატებითი საშინაო ვალის აღებასა და ბიუჯეტის ხარჯების გადიდებას აპირებს. თანაც, ამის შეთანხმებას გეგმავს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელთანაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება მიმდინარე პროგრამის ფარგლებში. ეს არ უნდა დაუშვას სავალუტო ფონდმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისიც იქნება დამნაშავე ლარის გარდაუვალ გაუფასურებასა და ინფლაციის ზრდაში.
დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მომზადებული შეხვდა საქართველო კორონავირუსის გავრცელებას. ამაზე 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინდექსიც მეტყველებს. მაშინ კორონავირუსის ხსენებაც კი არ იყო. ეს ინდექსი, ზოგადად, ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებაზე რეაგირების ხარისხს ასახავს. საქართველო ამ ინდექსით ცუდ მდგომარეობაშია.
_ რა იგულისხმება ცუდ მდგომარეობაში?
_ საქართველო მსოფლიოში ეპიდემიასთან ბრძოლის მიხედვით 92-ე ადგილზე იმყოფება. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა სომხეთი, ის 26-ე ადგილზეა. საქართველოს ისეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც უსწრებენ, როგორიცაა ლატვია, რუსეთი, ყირგიზეთი, ესტონეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი. მეზობელი თურქეთი 46-ე ადგილზეა, ჩინეთი _ 47-ზე. ჩვენზე ცუდადაა საქმე ირანში, ისინი 109-ე ადგილზე არიან. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა აზერბაიჯანში _ ისინი 151-ე ადგილზე არიან.
იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი მოდებულია, მისი შეკავების უკეთესი შანსი აქვს სამხრეთ კორეას (მე-6 ადგილზე არის ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით). კარგი შანსები აქვს საფრანგეთს, ისინი მე-13 ადგილზე იმყოფებიან. სამაგიეროდ, არცთუ ისე კარგ პოზიციაზე იმყოფება იტალია _ ისინი 51-ე ადგილზე არიან. მსოფლიოში ეპიდემიების წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე კარგად მომზადებულია ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და ჰოლანდია.
_ ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა ასე რატომ გაგვისწრო ამ რეიტინგში?
_ იმიტომ, რომ ჩვენთან არაფერი გაკეთებულა ამ რვა წლის მანძილზე ჯანდაცვის სფეროში. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის თავმოუბმელობით ვერ განვითარდა ის, რასაც საფუძველი ჩვენ ჩავუყარეთ. ბევრი ქვეყანა გვასწრებს ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით, რაც ძალიან ცუდია.
საქართველოში, ჯერჯერობით, კორონავირუსი არ არის იმ ზომით გავრცელებული, რომ მას ცუდად მომზადებული ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდეს, თუმცა უკვე სახეზეა უამრავი პრობლემა. მისი ზრდის შემთხვევაში მასზე რეაგირება გაცილებით რთული იქნება და ამაზე ხელისუფლებამ ახლავე უნდა იფიქროს.
ეს არაა მოკრიტიკე ოპოზიციის მოსაზრება, როგორც იციან ხოლმე თავის მართლება. ეს არის მსოფლიოში ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასება და კეთილი ინებონ და ყური დაუგდონ მათ.
კორონავირუსს გლობალურ ეკონომიკაზე სერიოზული უარყოფითი ზემოქმედება ექნება. ერთი რამით შეგვიძლია დავიმშვიდოთ თავი, რომ მისი ზემოქმედება ნაკლები იქნება, ვიდრე 2008-2009 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს იყო.
_ რატომ იქნება მისი ზემოქმედება ნაკლები?
_ იმიტომ, ომ „ვირუსის კრიზისი“ ბანკებს არ შეეხება. საქართველოსთან მიმართებით კი ჩვენთან „ვირუსის კრიზისი“ მრავალი მიმართულებით გამოვლინდება. ხელისუფლების მთავარი საზრუნავი ლარისა და ფასების სტაბილურობაა. ამისთვის მან რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯი უნდა გადადგას.
ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, ევროზონა კორონავირუსის გამო ეკონომიკის სტიმულირებისთვის ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების სესხებზე პროცენტის დაწევის პოლიტიკას მიმართავს. საქართველოს ამის ფუფუნება არ გააჩნია, ჩვენ სხვა უბედურება გვჭირს _ ლარის ჩამოშლისა და ფასების ზრდის რეალური რისკი. ამიტომ ხელისუფლებამ ევროკავშირისგან თუ ამერიკისგან განსხვავებული პოლიტიკა უნდა აწარმოოს.
არ გამიკვირდება, ჩვენმა პრიმიტიულმა, მიმბაძველმა მთავრობამ, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ნაცვლად, ეკონომიკის „სტიმულირების“ მსგავს ხერხს მიმართოს. ეს მძიმედ დაუჯდება ქვეყანას. ეს მხოლოდ „თეორიული უმწიფრობით“ არ მოსდით მთავრობებს. საკუთარი პოლიტიკური და კორუფციული ინტერესები ამოძრავებთ ხშირად.
ესაა ის ანტიკრიზისული გეგმა, რომელმაც ეკონომიკაზე კორონავირუსის უარყოფითი ზემოქმედება უნდა შეარბილოს:

  1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს, 2020 წლის განმავლობაში დაიბეგრონ ნული პროცენტით;
  2. დღგ-სგან განთავისუფლდეს ყველა ბიზნესსუბიექტი, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 165 ათას ლარს, ნაცვლად დღეს მოქმედი 100 ათასი ლარისა;
  3. გამოცხადდეს მორატორიუმი ტურიზმის სექტორში მიმდინარე წლის ბოლომდე საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდაზე და ის გადანაწილდეს 2021 წელზე;
  4. მთავრობის მიერ კორექტირდეს 2020 წლის ბიუჯეტი და შემცირდეს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯები, არანაკლებ 300 მილიონი ლარის ოდენობით, ზოგიერთი სახის გადასახადის გადახდის გადავადებისა და განაკვეთების ცვლილების გამო;
  5. ლარის კურსის გაუფასურებისა და ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა უნდა გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და დაახლოებით ერთი მილიარდი ლარით შეამციროს კომერციული ბანკების რეფინანსირების სესხების მოცულობა;
    პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კორონავირუსის უარყოფითი ზემოქმედება რაც შეიძლება ნაკლები იყოს.
    _ საქართველომ ბევრ ქვეყანასთან შეაჩერა მიმოსვლა. რუსეთთან, რატომღაც, დააგვიანა საზღვრის ჩაკეტვა, არადა იქაც არის კორონავირუსი. იქიდან არ გვემუქრება საფრთხეები, თუ რამე სხვა მიზეზით არ ჩაიკეტა ადრე ეს მიმართულება?
    _ საზღვრების ტოტალური ჩაკეტვა არასწორია. ის ცუდად მოქმედებს ხალხზეც და ქვეყანაზეც. ამ საკითხში ზომიერებაა საჭირო, არც დაგვიანებაა სწორი და არც ყველაფრის ჩაკეტვა. ჩინეთთან დროზე შევწყვიტეთ მიმოსვლა; ირანთან ცოტა დაგვაგვიანდა; იტალიასთან ძალიან დაგვაგვიანდა მიმოსვლის შეჩერება.
    რაც შეხება რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას, ერთბაშად ყველაფრის დაკეტვა ჩვენს მოსახლეობასაც უქმნის პრობლემებს. რუსეთში ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს და თუ იქედან რეალური საფრთხეები არ მოდის, მაშინ არ ღირს საზღვრის ჩაკეტვა. იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ამით სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით. საზღვარი კი ჩაიკეტა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცემათ.
    _ ჩვენ ხომ არ ვიცით, იქ რა ხდება. ოფიციალური მონაცემებით ძალიან ცოტა ადამიანია კორონავირუსით დაავადებული. არაოფიციალური ინფორმაციით კი ამ ვირუსით რუსეთში ძალიან ბევრი დაინფიცირდა.
    _ არის ეჭვი, რომ რუსეთში მალავენ კორონავირუსით დაავადებულთა რეალურ რიცხვს. ეს ისეთი მდგომარეობაა, რომ ამას დიდხანს ვერავინ დამალავს. ის, ადრე თუ გვიან, მაინც იჩენს თავს. ყველა ეჭვობდა, რომ თურქეთში რაკი არ ფიქსირდებოდა ასეთი შემთხვევები, კორონავირუსს ისინიც მალავდნენ. ამას, უბრალოდ, ვერ დამალავ. შევხედოთ, რა ხდება იტალიაში. იმ დღეს, როცა ჩვენ ინტერვიუს ვწერთ, იტალიაში ვირუსით დაავადების 5.000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
    არ მგონია, რომ რუსეთი მალავს დაავადებულთა რაოდენობას. ჩემი აზრით, იქ სულ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. მეეჭვება, რუსეთი მზად იყოს ამ პრობლემასთან საბრძოლველად. შესაძლოა, მათ ისევე ოპერატიულად ვერ შეძლონ დაავადებულთა გამოვლენა, როგორც ეს თურქეთსა და ჩინეთში ხდება.
    ძალიან მაგრად იმუშავა თურქეთმა _ როგორც კი გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევები, მათ პირველებმა ჩაკეტეს საზღვრები და პირველებმა დააყენეს საზღვრებზე კარვები და ჰოსპიტალები. ამოწმებდნენ ყველას, ვინც თურქეთში შედიოდა. მაგიტომაც არის, რომ იქ კორონავირუსით დაინფიცირების ერთეული შემთხვევა ფიქსირდება. რუსეთში საფრთხეებს ის ქმნის, რომ ოპერატიულად არ ხდება დაავადებულთა გამოვლენა. იქ არსებული ვითარება ჯერ საფრთხეებს არ გვიქმნის. როცა შეგვიქმნის, მასთანაც შეწყდება მიმოსვლა.
    იტალიაში მძიმე სურათი გვაქვს, იქ ძალიან მაღალია სიკვდილიანობა. სამხრეთ კორეაში გავრცელება მაღალია, მაგრამ სიკვდილიანობა ნაკლებია. ამას ის ახსნა აქვს, რომ იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მოსახლეობაა. აქ 80 წლის ადამიანი მოგზაურობს, კაფეებში და დისკოთეკებზე დადის. სოციალურად ძალიან აქტიურები არიან და ახალგაზრდა ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს ვირუსი ყველაზე ვერაგულად ასაკოვან ადამიანებს ვნებს, იქ კი, როგორც გითხარით, ყველაზე ასაკოვანი მოსახლეობაა. ამიტომაც არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი.
    არის სხვა ფაქტორიც. ჩრდილოეთ იტალიაში ცუდი ჰაერია. იტალიელები მწეველი ხალხია და ფილტვები უფრო დაზიანებული აქვთ. იტალიელების 21% სიგარეტს ეწევა. ამერიკაში 14% ეწევა მხოლოდ. ამ მხრივ საქართველოში კატასტროფაა. ქალები და კაცები ეწევიან და ეწევიან. მწეველთა კუთხით ლიდერებს შორის ვართ.
    ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ყოფითი ჩვევებიც. იტალია, ისევე როგორც საქართველო, სამხრეთული ტიპის ქვეყანაა. სამხრეთელებს ახლოდისტანციური ურთიერთობები გვიყვარს. ხვევნა-კოცნა, ხელგადხვეულები დადიან. ქართველებიც ასე იქცევიან. როცა დათვრებიან, მამაკაცები ერთმანეთს პირზე კოცნიან. ეს მისაღები არაა. კორონავირუსი რაღაცებსაც გვასწავლის. სოციალურად არცთუ საჭირო ჩვევებს, ალბათ, გადავეჩვევით ჩვენც და იტალიელებიც.
    _ ე. ი. ეს ვირუსი, რაღაც დოზით, ქართველობასა და იტალიელობას წაგვართმევს?
    _ და ძალიან კარგია, ასე რომ იქნება. არის რაღაც ჩვევები, რომელსაც უნდა გადავეჩვიოთ. არის საკითხები, სადაც სახელმწიფომ ცოტა მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს. მაგალითად, ეკლესიასთან დაკავშირებით. ამაზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.
    პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და თენგიზ ცერცვაძე ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ. მათ ამიტომაც დაიმსახურეს საქართველოს მოსახლეობის ამხელა სიყვარული. ხელისუფლებას უნდა, რომ ისინი მათთან ასოცირდებოდნენ, მაგრამ ისინი არ არიან პარტიული ადამიანები. არც ერთ პარტიას არ ეკუთვნიან. „ოცნება“ ცდილობს, რომ ეს კარგი სპეციალისტები ოპოზიციასთან ოპონირებისთვის გამოიყენოს. ოპონირება გაგვიწიოს ჯანდაცვის მინისტრმა. ეს სამეული პოლიტიკასთან არაფერ შუაშია. ისინი თავის საქმეს საუკეთესოდ აკეთებენ.
    ქვეყანაში უმართაობაა, დაბალი კომპეტენციის ადამიანებს ნიშნავს ბიძინა ივანიშვილი მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. იმის ნაცვლად, რომ მინისტრები ლაპარაკობდნენ საქმეზე, ამ რთულ ვითარებაში იმნაძეს, გამყრელიძესა და ცერცვაძეს იყენებენ პოლიტიკურ სპიკერებად, რაც არასწორია. მათ თავიანთი საქმე უნდა აკეთონ. ყველაზე ცუდი არაფორმალური მმართველობა გახლავთ, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში უმართავად იქცევა.
    სად არის ქვეყნის რეალური მმართველი? საიდან უყურებს კორონავირუსს ბიძინა ივანიშვილი? შუშის სასახლიდან ადევნებს არსებულ ვითარებას თვალყურს? ნორმალურ ქვეყანაში ლიდერი უნდა იყოს ტელევიზორში, იმედსა და ენერგიას უნდა ასხივებდეს. წარმოვიდგინოთ, რომ საომარი ვითარება გვაქვს და პატრიოტული სიტყვა გვჭირდება მთავარსარდლისგან. ქალბატონი სალომე რომ გამოვიდეს და სიტყვა წარმოთქვას, ვინ დაუჯერებს?! ასეთ ადამიანებს თანამდებობებზე არ უნდა ნიშნავდნენ. რეალური ლიდერები უნდა მართავდნენ ქვეყანას და არა ივანიშვილის დაქირავებულები. კიდევ ერთხელ ვკითხულობ, _ სად არის ივანიშვილი?! რატომ არ დგას ფრონტის ხაზზე?! ის საკუთარი პარტიის სახელით ხალხს უნდა ელაპარაკებოდეს, ეკრანიდან არ უნდა ჩამოდიოდეს.
    _ „ქართუს“ სახელით ხომ დაგვიბარა, დაგეხმარებითო.
    _ ეს „ქართუ“ იყო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობას ვალების ჩამოწერას შეჰპირდა.
    _ ხომ ჩამოაწერა?
    _ კი ბატონო, ჩამოაწერა, მაგრამ რატომ არ გვეუბნებიან, თუ რამდენი დაუჯდა კომერციული ბანკებისგან და საფინანსო ორგანიზაციებისგან ვალის გამოსყიდვა? ამასთან დაკავშირებით ცოცხალი თავით არ ამჟღავნებენ ინფორმაციას. როგორც პარლამენტის წევრმა, ოფიციალური წერილი მივწერე ეროვნული ბანკს, მთავრობას, მაგრამ პასუხს არ გვეუბნებიან. ამბობენ, კერძო საქმეაო. კერძო საქმე როგორ არის, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მაშინდელი პრემიერი ედგნენ სათავეში ვალების ჩამოწერის პროცესს?! ე. ი. მათ, ქუჩურად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა ფული შეაწერა. ამაში არაფორმალური მმართველი მამუკა ხაზარაძემ ამხილა, როცა პარლამენტში მოვიდა. ის მაშინ, ჯერ კიდევ, „თიბისი ბანკს“ ხელმძღვანელობდა. მან თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ არაფორმალურმა მმართველმა 120 მილიონის ვალები წამართვა 2,5 მილიონადო. რაკი არ ამბობს, „ქართუს“ რამდენი დაუჯდა ვალების გამოსყიდვა, ე. ი. მან მოახდინა ექსპროპრიაცია. ახლა რა ტრიუკებს ჩაატარებენ წინასაარჩევნოდ, კაცმა არ იცის. ჯერ გვითხრან, რა დაჯდა ვალების გამოსყიდვა. ახლავე გეტყვით, რაც დაჯდა, რა დაჯდა და არაფერიც არ დაჯდა. უბრალოდ, ადგნენ და კომერციულ ბანკებს წაართვეს.
    ასეთი კრიზისული ვითარება საქართველოში 2008 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. ამ ვითარებაში ყველა პოლიტიკური პარტია უნდა აქტიურობდეს ერთი მიმართულებით, მაგრამ ლიბერალებიც და კონსერვატორებიც გაჩუმებულები არიან. ეკლესიასთან დაკავშირებით არავინ იღებს ხმას.
    _ ზიარების წესის შეცვლას გულისხმობთ?
    _ რუსეთის ეკლესიამაც კი დაიწყო ერთჯერად კოვზებზე გადასვლა. მრავალი ეკლესია უკვე საუბრობს ზიარების წესის შეცვლაზე, ერთჯერადი კოვზების გამოყენების აუცილებლობაზე. ზოგი პროგრესული ქართველი მღვდელი საუბრობს ზიარების შემდეგი წესის შემოღებაზე: მათი თქმით, ზიარება არა კოვზებით, არამედ ბარძიმში პურის ჩაწობით უნდა მოხდეს. კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ ეს თემა ძალიან აქტუალურია, მაგრამ პოლიტიკური პარტიები ხმას არ იღებენ. ამას თავისი ახსნა მოეძებნება. ეკლესიას 85%-იანი რეიტინგი აქვს და არჩევნების წინ მათთან დაპირისპირება არავის სურს.
    _ არჩევნების წელს ეკლესიასთან დაპირისპირება საქართველოში მიზანშეწონილი არ არის.
    _ საარჩევნოდ ეკლესიის გამოყენება მიუღებელი პრაქტიკაა. ეს ცუდი ქართული ტრადიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოვფხვრათ. პოლიტიკოსების კიდევ გავიგე, მაგრამ არასამთავრობოების მიკვირს, ისინიც არ იღებენ ხმას.
    _ არადა, გამუდმებით ეკლესიას აკრიტიკებდნენ.
    _ ისე გამოიყურებიან, თითქოს ხვალ და ზეგ პოლიტიკაში აპირებენ მოსვლას და ვაითუ, ვიღაცამ არ გაუხსენოს, რას ამბობდნენ ეკლესიაზე ენჯეოში ყოფნის დროს. გონიერი ხალხია და პოლიტიკაში მათ შემოსვლას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ ასეთ რთულ ვითარებაში მათ უნდა დაივიწყონ კონიუნქტურა. ამ ვითარებაში ეკლესიაში რაღაც წესები უნდა შეიცვალოს.
    _ რაღაც ცვლილებას დათანხმდა ეკლესია, ტაძრების დეზინფექცია უკვე დაიწყო.
    _ ეს ძალიან კარგია და ამას მივესალმები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მოვისმინე ერთი გადაცემის ანონსი: ქათმის გრიპი გამოვიარეთ, ღორის გრიპი გამოვიარეთ, სხვადასხვა მომაკვდინებელი ვირუსებიც გამოვიარეთ და ერთი კოვზით ზიარების შესახებ არასდოს ყოფილა ნათქვამი. რა მოხდა ახლაო? ის მოხდა, რომ მაშინ რომან გოცირიძემ ვერ გაბედა ამის შესახებ ხმამაღლა თქმა. დიახ, ეს ასეა. პირველად მე ვთქვი ამის შესახებ ხმამაღლა და კარგია, რომ უკვე ყველა საუბრობს ამაზე. პოლიტიკოსი თუ დროს ვერ ასწრებს, საკუთარ სადარბაზოს მაინც უნდა უსწრებდეს. „რას იტყვის ჩემი მეზობელი“, _ ასე კი არ უნდა ფიქრობდე, არამედ „რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა“. ეს უკანასკნელი ხუმრობითაა, რა თქმა უნდა, ნათქვამი. დაწერეთ ასე, თორემ, იტყვიან, გალაკტიონს ედარებაო. დრო იცვლება და საზოგადოებაც ჯანსაღად რეაგირებს ბევრ რამეზე, მათ შორის, რელიგიურ რიტუალებზე.

შორენა მარსაგიშვილი