ლევან ბაშარული: „მენატრება ადამიანების გაღიმებული სახეები“

covid-19-ით გამოწვეული პრობლემები  გერმანიაში და ქალაქ მიუნხენში მოღვაწე ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ცხოვრება   კარანტინში.

ლევან ბაშარული გერმანიაში 2008 წელს გაემგზავრა. ქართველმა ახალგაზრდა კომპოზიტორმა რთული გზა გაიარა, სანამ 2015 წელს გერმანიაში „Deutscher Filmmusik Preis“-ის ცერემონიალზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა კომპოზიტორის ჯილდოს მიიღებდა. ის დღეს გერმანიაში ერთერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კინოკომპანიებთან („Roxy Film Produktion“ „Wiedemann und Berg“) თანამშრომლობს. „Luis Trenker“, „NEMEZ“, „Alles über Menschen“, „Hörst du es auch?“, „Job Interview“, „Das Blut“, „Untold Borders“, „Marie fängt Feuer“, „Sophia“, _ ეს იმ გახმაურებული ფილმების ჩამონათვალია, რომელმაც ქართველ ხელოვანს უდიდესი აღიარება მოუტანა.

ლევან ბაშარული, გარდა მუსიკის შექმნისა, სხვადასხვა ქვეყანაში უნიკალურ პროექტებს ასხამს ხორცს. მან  თვალწარმტაცი შოუ მოაწყო პარიზში, ეიფელის კოშკის წინ, რომელიც მაყურებელს 11 საათის განმავლობაში აოცებდა. ლევანმა ცნობილი გერმანული სერიალებისთვისაც („Luis trenker“ და „NEMEZ“) შექმნა მუსიკა, რომელიც სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმატით გერმანიის ყველაზე რეიტინგულ არხებზე ARD“ (გერმანიის პირველი სახელმწიფო ტელევიზია) დაZDF“ (გერმანიის მეორე სახელმწიფო oტელევიზია _ „ NEMEZ“) გადაიცემა.

ქრონიკა+“ წარმატებულ ქართველს გერმანიაში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

ლევან, როგორ ცხოვრობს მიუნხენი პანდემიის  პირობებში?

– მიუნხენიც, ისევე როგორც სხვა   ქალაქები მსოფლიოში, უცნაურად გამოიყურება – ცარიელია, ჩუმია. საზოგადოება ფრთხილობს და მაქსიმალურად ცდილობს მსოფლიო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სათანადოდ შესრულებას. 30 აპრილამდე საკარანტინო რეჟიმი გრძელდება. იმედია, ეს პერიოდი ეფექტიანი იქნება ვირუსის გავრცელების ინტენსიურობის შესანელებლად.

როგორია მკაცრ კარანტინში თქვენი ცხოვრება და რა ზეგავლენა იქონია თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე კორონავირუსმა?

– ჩემი ყოველდღიურობა დიდად არ განსხვავდება ვირუსამდელი რეჟიმისგან, რადგან მე, ძირითადად, სახლიდან ვმუშაობ.

ვაგრძელებ მუშაობას ჩემს პირველ საფორტეპიანო კინომუსიკის სანოტო კრებულზე, რომლის კონცერტი-პრეზენტაცია თბილისში უნდა გამართულიყო სექტემბერში და რომელიც ვირუსთან დაკავშირებული ქაოსის გამო  რამდენიმე თვით გადაიწევს. რაც შეეხება კინოინდუსტრიას, რაც გადაღების პროცესში იყო, შეჩერებულია.

6 აპრილიდან კი ვიწყებ ქართველი რეჟისორის, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის დოკუმენტურ ფილმზე მუშაობას, რომელსაც მალე ვიხილავთ ქართულ და ევროპულ კინოფესტივალებზე. ასევე ვაგრძელებ სერიას „სახლის კონცერტები“, ვიდეოების ატვირთვას ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე.

რამდენად დაცულად გრძნობთ თავს და რა ზომებს მიმართავთ უსაფრთხოებისთვის?

– დაცულად ვგრძნობ თავს, ჯერ ერთი, რომ ყველა სიფრთხილის ზომებს მივმართავ. ამით უფრო ვიცავ სხვა ადამიანებს, რომლებიც რისკჯგუფს განეკუთვნებიან. და ეს რისკისჯგუფი მხოლოდ მოხუცები არ არიან, არამედ ყველა ის ადამიანი, რომლის იმუნიტეტი დაბალია ძალიან ბევრი სხვადასხვა ქრონიკული დაავადების ფონზე. ერთია, რომ დაიცვა თავი ვირუსისგან და მეორე, სხვა ადამიანები, გარშემომყოფნი აარიდო მას, რომელთათვისაც ეს ვირუსი ფატალური შეიძლება აღმოჩნდეს. იზოლაცია ხელს უწყობს, რომ კარანტინი დიდხანს არ გაგრძელდეს, მაგრამ აზიანებს ყველა ქვეყნის ეკონომიკურ მხარეს, ისეთი ძლიერი სახელმწიფოსაც კი, როგორიც გერმანიაა.

როგორ აფასებთ ქართველი ექიმებისა და სახელმწიფოს მუშაობას?

– საქართველო, საბედნიეროდ, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც დროულად შეუდგა პრობლემასთან გამკლავებას და ზომების მიღებას. შედეგი სახეზეა. იმედია, შიდაგადაცემის ინტენსივობა არ მოიმატებს. არ შეიძლება, არ ითქვას ჩვენი ინფექციონისტებისა და ვირუსოლოგების თავდადებასა და პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე. ნამდვილად დასაფასებელია, თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არ მივიყვანოთ ისინი ლიმიტის ამოწურვამდე – იმ მდგომარეობამდე, რაც ბევრ ქვეყანაში ადამიანების დაუმორჩილებლობამ და პრობლემის იგნორირებამ გამოიწვია. ყველა შეიძლება დაინფიცირდეს. არ აქვს მნიშვნელობა მის ეროვნებას, აღმსარებლობასა თუ მსოფლმხედველობას. ვირუსის გამავრცელებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი!

როდესაც კორონავირუსის პანდემია გადაივლის და მსოფლიო ისევ დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს, რას გააკეთებთ, რა მოგენატრათ ყველაზე მეტად ჩაკეტილ პირობებში?

– ყველაზე მეტად რაც მენატრება, არის ადამიანების გაღიმებული სახეები. დათრგუნულები ვართ ყველა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს პოზიტიური აურის შექმნა ჩვენი ახლობლებისთვის, რადგან  დრო ასე უფრო სწრაფად გადის, – დრო, რომელიც საჭიროა ვირუსთან საბრძოლველად.

ალბათ, როგორც კი ჩაივლის ეს ყველაფერი, გავალ ჩემთან ახლომდებარე პარკში,  დავაკვირდები ადამიანებს, როგორ იხსენებენ ღიმილს და როგორ უბრუნდება დედამიწა თავის ჩვეულ მდგომარეობას. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მშვიდობას.

ლევან ქემოკლიძე