„სახლში ვართ გამოკეტილები და სურსათს ფანჯრიდან გვაწვდიან“ – ქართველი ემიგრანტების ყოფა იტალიაში

დღეს გვირგვინოსანი ჭირის მიერ ოკუპირებულ იტალიაში მრავალი ქართველი მუშაობს. ქრისტინე ლონგიშვილიც ერთ-ერთი მათგანია. ის რვა წლის წინათ წავიდა სამუშაოდ ამ ქვეყანაში.  ახლა ისიც კარანტინშია და გარეთ, ფაქტობრივად, ვერ გამოდის. საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს დღეში რამდენჯერმე უკავშირდება და მათ რჩვებს აძლევს.

როგორ ცხოვრობს კარანტინში? როგორ გაჰყავს დრო? რა პრობლემები შეექმნება გარეთ გამოსვლის შემთხვევაში? _ ამ თემებზე ქრისტინე ლონგიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ქალბატონო ქრისტინე, პირველ რიგში გვითხარით, რა ხდება იმ ქალაქში, სადაც თქვენ იმყოფებით? ბევრი ქართველია მანდ? ვინმე ხომ არ არის ისეთი, ვისაც სამშობლოში დაბრუნება უნდა და ვერ ახერხებს?

_ მე იტალიის ჩრდილოეთში, ქალაქ ტრიესტეში ვიმყოფები. ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ, როგორც ამბობენ, ამ ქალაქში 200-მდე ქართველი ემიგრანტია. ყველას აქვს სათანადო დოკუმენტაცია და ყველანი დასაქმებულები ვართ. საქართველოში წამოსვლა მხოლოდ ერთ ქალბატონს უნდა, რომელსაც, როგორც ვიცი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები და  ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

ზუსტად გამიჭირდება იმის აღწერა, რაც დღეს ამ ქალაქში ხდება, რადგანაც 10 მარტიდან მოყოლებული, სახლიდან არ გავსულვარ. სურსათს ფანჯრიდან გვაწვდიან.

_ რატომ არ გადიხართ სახლიდან?

_ მკაცრი კარანტინია.

_ სურსათს ვინ გაწვდით?

_ იმ ქალის შვილიშვილი, ვისთანაც ვმუშაობ.

_ გარეთ საერთოდ ვერ გამოდიხართ?

_ მხოლოდ აუცილებელ საქმეზე შეგვიძლია სახლიდან გასვლა. ამ შემთხვევაში თან გვაქვს ამობეჭდილი ფურცლები, სადაც ნებისმიერმა გარეთ გამომსვლელმა უნდა ჩაწეროს მისი ვინაობა, ზუსტი მისამართი და მიზეზი, თუ რატომ გამოვიდა გარეთ. აუცილებელია გვეკეთოს პირბადე და ხელთათმანები. პოლიციამ თუ შეგვამოწმა და აღნიშნული ფურცელი არ აღმოგვაჩნდა, 206 ევროთი დავჯარიმდებით.

გარეთ გამოსვლას აზრი არც აქვს _ ყველაფერი დაკეტილია, მათ შორის, ფოსტაც. ბანკი იმ შემთხვევაში მუშაობს, თუ რაღაც შეხვედრა არის წინასწარ შეთანხმებული.

_ ამ კატასტროფულ ვითარებას, რაც დღეს იტალიაშია, ადგილობრივები რას აბრალებენ?

_ დააგვიანეს რეაგირება და სათანადო ზომების მიღება. ახლა ვითარება ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც მძიმე სურათია. ვსხედვართ სახლებში გამოკეტილები. მე ალცჰაიმერიან მოხუცთან ვმუშაობ და ძალიან ძნელია, იყო გამოკეტილი. თავისუფალ დროს ხელსაქმეს ვაკეთებ: ვქარგავ, სამკაულებს ვამზადებ.

_ თქვენი სამკაულები ინტერნეტში მაქვს ნანახი და ძალიან ლამაზია. იტალიელები  ყიდულობენ ამ სამკაულებს, თუ, ძირითადად, საქართველოში აგზავნით?

_ იტალიელებიც ყიდულობენ, საქართველოშიც ვაგზავნი, საბერძნეთშიც გამიგზავნია სამკაულების მაღაზიისთვის.  ხელსაქმის კეთებაში გამყავს დრო. მოსაწყენად ვერ ვიცლი. ამის გარდა, შვილების ამბებში ვარ ჩართული და დროც გადის.

_ საქართველოში მყოფ შვილებს ხშირად ურეკავთ?

_ დღეში რამდენჯერმე: დილით, შუადღეს, საღამოს.

_ ალბათ, ძირითადი სასაუბრო კორონაა?

_ ასე გვიწევს. რჩევებს ვაძლევ, დარიგებებს. ჩემი გოგოც ჟურნალისტია და მის ამბებში აქტიურად ვარ ჩართული. სახლში კი ვარ გამოკეტილი, მაგრამ, როგორც გითხარით, მოსაწყენად არ მცალია.

_ აქ ხშირად ამბობენ, რომ თუ სერიოზულად არ შევხედავთ იმ საფრთხეს, რაც კორონას სდევს თან, შეიძლება, იგივე სურათი მივიღოთ, რაც დღეს იტალიაშია. თქვენ რას გვეტყვით, _ შეიძლება, საქართველო მეორე იტალია გახდეს?

_ მთავარია, ამ საფრთხეს სერიოზულად და ადეკვატურად მოეკიდოთ. დაიცავით უსაფრთხოების ნორმები, გაითვალისწინეთ ექიმების რეკომენდაციები და ყველაფერი კარგად წავა. ყველანი მიყვარხართ.

შორენა მარსაგიშვილი