ნიკოლოზ ვაშაკიძე: „კოალიციური მართვა საქართველოში სავსებით შესაძლებელია“

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „ქრონიკა+“ დიპლომატს, პოლიტიკური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებელ ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა:

_ ჩვენი ინტერვიუ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით დავიწყოთ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდა. შემდგომი პოლიტიკური პროცესისთვის, ალბათ, არ იქნება სწორი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის გამარჯვებაზე ვისაუბროთ და ეს შედეგი ჩვენი უცხოელი პარტნიორების მეშვეობით ჩვენი სახელმწიფოს წარმატებად მივიჩნიოთ. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა, _ რა ხდება ხვალ? ანუ რა იქნება შემდგომი პროცესი და რას უნდა ველოდოთ როგორც გართულებების, ასევე პროცესის ნორმალიზებისთვის?
_ რადგან შეთანხმება გამოცხადდა და უკვე უშუალოდ საარჩევნო პროცესში შევდივართ, აწი მძიმე და დაძაბული საარჩევნო ბრძოლა დაიწყება. სანამ ოპოზიცია მთლიანად იყო ჩართული საპროტესტო მოძრაობასა და მოლაპარაკებების პროცესში, ხელისუფლება გულმოდგინედ ეწეოდა საარჩევნო სამზადისს მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე. ცხადია, ივანიშვილი და „ოცნება“ იომებენ მძაფრად და ბოლომდე, რადგან დასაკარგი მათ ბევრი აქვთ. ამ მხრივ, ახლა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობის გზით უზრუნველყოს არჩევნების პროცესის შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მონიტორინგი და, ზოგადად, ამ არჩევნების მიმართ ფართო საერთაშორისო ყურადღება. ბუნებრივია, სასწრაფოდ არის დასალაგებელი კოორდინაციის მექანიზმები და უკვე დეტალებშია შესათანხმებელი ის საკითხები, რომლებზედაც ზოგადი თანხმობა არსებობს. პირველ რიგში, ეს არჩევნების მაჟორიტარული ნაწილის კოორდინაციას ეხება. აუცილებელია ასევე ოპოზიციამ ამომრჩეველს დაანახოს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის მართვის თვალსაზრისით, გასაგები და მისაღები სიტუაცია იქნება.
_ რთული ამოცანაა…
_ დიახ, ეს ძალიან რთულია, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კონტექსტში მეტად ჭრელი ოპოზიციური სპექტრის თანამშრომლობის და, თუ გნებავთ, კოჰაბიტაციის პროცესმა დაგვანახა, რომ პოლიტიკურმა კულტურამ საქართველოში საგრძნობლად წინ წაიწია და პოლიტიკური პროცესების კოლექტიური და კოალიციური მართვა საქართველოში სავსებით შესაძლებელია.
_ როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმებული საარჩევნო სისტემა მათი პოლიტიკური წარმატების გარანტია. ანუ „ოცნება“ დარწმუნებულია მომავალ წარმატებაში, ისევე როგორც ოპოზიცია აცხადებს, რომ შემოდგომაზე დაასრულებს ივანიშვილის მმართველობას. აქ, პირველ რიგში, ჩნდება კითხვა, _ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კვლავ ხელისუფლება გაიმარჯვებს ან შეძლებს კოალიციის ფორმირებას, ისევე როგორც საინტერესოა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს? მოგეხსენებათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გასააზრებელია არა მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფებისთვის, არამედ მათი მხარდამჭერებისთვის.
_ საქართველოში დღეს საშინლად ანომალიური სიტუაციაა შექმნილი. შეიძლება, ადამიანებს განსხვავებული აზრი ჰქონდეს „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ცხრაწლიან პერიოდზე, მაგრამ ერთი რამ უდავოა _ ვინაიდან ეს იყო აღმშენებლობისა და რეფორმირების უაღრესად ინტენსიური პერიოდი, ქვეყანაში არსებული მთელი საუკეთესო საკადრო პოტენციალი მობილიზდა და უშუალოდ საქმეში, ანუ ქვეყნის, მისი სხვადასხვა ნაწილისა და დარგის მართვაში ჩაერთო. ამ ხალხმა შთამბეჭდავი და ხელშესახები შედეგიც მიიღო. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მოსვლის მერე ჩვენი საზოგადოების ამ აქტიური, შემოქმედებითი და უნარიანი ფენის უდიდესი ნაწილი ჩამოშორებულია საქმეს. ეს ძალიან უსამართლო და არანორმალური სიტუაციაა და ამით, საბოლოო ჯამში, თავად ქვეყანა ზარალდება. საზოგადოების აქტიური და ქმედითუნარიანი ნაწილის დიდი ხნით თამაშგარედ და ოპოზიციაში დატოვება არ შეიძლება. ეს ანომალიური მდგომარეობა არჩევნების შედეგად მეტ-ნაკლებად უნდა დალაგდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის სტაბილურობა კიდევ უფრო მეტად შეირყევა. ვფიქრობ, ხალხის განწყობა და აწ უკვე შეთანხმებული საარჩევნო სისტემა ისეთია, რომ არჩევნებმა ხელისუფლების სამართლიანი გადანაწილება უნდა მოგვცეს. ერთადერთი, რამაც აწი შეიძლება ამას ხელი შეუშალოს, არის ამ არჩევნების უსამართლოდ ჩატარება და გაყალბება. სწორედ აქეთკენაა ახლა მთელი საზოგადოების ძალისხმევა მისამართი, რათა უსამართლობა არ დავუშვათ.
_ ჩვენი უცხოელი პარტნიორების კეთილი ზრახვებისა და არსებული კრიზისის განმუხტვაში უდიდესი როლის მიუხედავად, რჩება გარკვეული უხერხულობა: 1. ე. ი. სხვისი, თუნდაც პარტნიორების გარეშე, ქართველ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ სახელმწიფოებრივ თემებზე შეთანხმება? 2. გაისმა უარესი შეფასებებიც, რომ საქართველო, რეალურად, დამოუკიდებელი არ არის და სხვისი კარნახის შესრულება უწევს; რეალურად, რა ხდება ამ კონტექსტში?
_ სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია _ ჯერჯერობით ჩვენს სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ სისტემას დემოკრატიული თვითრეგულირება უცხოელი პარტნიორების დაუხმარებლად უჭირს. აქ არ გვაქვს საქმე კარნახთან. ჩვენ თვითონ შევდივართ ჩიხში და შემდეგ ვიხმობთ მეგობრებს ამ ჩიხიდან გამოსვლაში დასახმარებლად. დამერწმუნეთ, ქართველი პოლიტიკოსები ქაღალდზე დაწერილ კანონებსა და ვალდებულებებს რომ იცავდნენ, ჩვენი პოლიტიკური დავები უცხო ქვეყნის საელჩოებში არ გაირჩეოდა. ჩვენ თვითონ მიგვყავს საქმე აქამდე. რას იზამ? ასეთია ჩვენი დღევანდელი დონე და რეალობა. თუმცა ამ მძიმე პროცესებში გროვდება პოლიტიკური გამოცდილებაც, კულტურაც და თანდათან, ხატოვნად რომ ვთქვათ, ამ ორთვლიან ველოსიპედზეც ვისწავლით ბალანსირებას ისე, რომ უკნიდან საჯდომის ვინმეს მიერ ხელით დაჭერა აღარ დაგვჭირდება.
_ ვაღიაროთ რეალობა _ პროპორციული არჩევნები, იმის მიუხედავად, რომ მას ჩვენი დემოკრატიისთვის გარკვეული პოზიტიური აღქმები აქვს, პირველ რიგში, პატარა პოლიტიკური პარტიების ინტერესების რეალიზებისთვის არის მნიშვნელოვანი. მსხვილ მოთამაშეებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ღიად აცხადებენ, სურთ პროპორციული არჩევნები, პატარა პარტიები ხმებს და საპარლამენტო სკამებს _ მანდატებს ართმევენ და აქ არ ვკონკრეტდები მსხვილი პარტიების სახელებსა და ფლანგზე. ამ ვითარებაში, როგორ ფიქრობთ, მომავალი შეთანხმების ფარგლებში რამდენად იქნება დაცული პატარა პარტიების ინტერესები?
_ პატარა პარტიების ინტერესები დაცული იქნება იმდენად, რამდენადაც მათ ამის საშუალებას ერთპროცენტიანი ბარიერი მისცემს. ვფიქრობ, მაინცდამაინც, დიდ სიჭრელეს მომავალ პარლამენტში არ მივიღებთ. თუმცა, წინა პარლამენტებთან შედარებით (თუ, ცხადია, 1992 წლის პარლამენტს არ ჩავთვლით), გაცილებით მეტი მრავალფეროვნება გვექნება. ამ ვითარებაში პოლიტიკური ცხოვრების ჰარმონიზაციის ერთადერთი და მრავალჯერ შემოწმებული, კლასიკური გზა არსებობს _ კოალიციური მთავრობა. კოალიციურ მთავრობებში მონაწილეობა, ვფიქრობ, საკმაოდ მალე ასწევს პარტიების, მათ შორის, პატარა პარტიების პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც, პროფესიონალიზმსაც და კულტურასაც.
_ ახლა უფრო კონცეპტუალურ საკითხებზე ვისაუბროთ. თქვენ ხართ ქართული სახელმწიფოს განვითარების დოქტრინა „ახალი საქართველოს“ ავტორი. სწორედ ამიტომ მაქვს ეს კითხვა თქვენთან, რომელსაც ახლა ჩამოვაყალიბებ: ანუ თქვენსა და სტრატეგია „აღმაშენებლის“ ავტორების გარდა, ამომრჩეველს არავინ ეუბნება, რა იქნება ხვალ. თუ თქვენ განსაზღვრეთ, როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო, სტრატეგია „აღმაშენებელი“ ამ განვითარების ტაქტიკურ რეალიზებად მივიჩნიოთ. ახლა ის ამიხსენით, როდესაც დანარჩენი ოპოზიცია და, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაც, სამომავლო საქმეებზე არ კონცენტრირდება და მე, ამომრჩეველმა, არ ვიცი, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებს პოლიტიკური პარტია, რომელიც ითხოვს ხმებს _ გარდა ტრაფარეტულისა _ „ყველაფერი იქნება კარგად“, პრაგმატულ პოლიტიკურ პროცესში რას უნდა დაეყრდნოს ჩემი, ანუ ამომრჩევლის არჩევანი, მხოლოდ იმას, რომ ბიძინაა ცუდი და მიშა კარგი ან პირიქით?
_ სხვა პოლიტიკურ ძალებზე ამ კონტექსტში საუბრისგან თავს შევიკავებ. ეს თავად მათ ვანდოთ. გიორგი ვაშაძეც და მეც ვართ პოლიტიკური კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლები და წევრები. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტრატეგიული ხედვები, შეიძლება ითქვას, ამ პოლიტიკური ძალის წიაღიდან მოდის. ცხადია, კოალიციაში წარმოდგენილ სხვა პარტიებშიც მიდის მუშაობა ქვეყნის განვითარების გზებზე და აქ საინტერესო ადამიანებიც არიან და საინტერესო იდეებიც არის. თუმცა თქვენი კითხვის გაჩენის მიზეზიც კარგად მესმის. ხელისუფლების კრიტიკა ოპოზიციის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა ამ კრიტიკით ზედმეტად გატაცება და ხშირად ამომრჩეველს არ ესმის ის, თუ სანაცვლოდ რას სთავაზობს მას ოპოზიცია. ამის მთავარი მიზეზი საქართველოში უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური ფონია. თითქმის ყოველი დღე მორიგ მწვავე პოლიტიკურ სკანდალს გვთავაზობს და ამ პირობებში პოზიტიურ დღის წესრიგზე კონცენტრირება ძალზე რთულია, რადგან, როგორც იქნა, საარჩევნო სისტემის გარშემო ხანგრძლივი ბრძოლისა და მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა. ახლა ეს ეს დეფიციტი სასწრაფოდ შესავსებია და კოალიციის ის სუბიექტები, ვისაც მიაჩნია, რომ ამ მხრივ მდგომარეობა სასწრაფოდ გამოსასწორებელია, მაქსიმუმს ვიღონებთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების პროგრამული ნაწილი რაც შეიძლება მიმზიდველად და დამაჯერებლად გამოიყურებოდეს.
_ ზემოთ ბატონები, ივანიშვილი და სააკაშვილი ვახსენე. ამ დროს ორივეს ირგვლივ შეკრებილი მხარდამჭერების პოლიტიკური გემოვნება, ხშირ შემთხვევაში, რეალურად აცდენილია ამ პერსონების მსოფლმხედველობას. მაგრამ ამომრჩეველი, მაინც ამ ეტაპზე, ორ სეგმენტად არის დაყოფილი. რეალურად, რატომ ვერ მოხერხდა პოლიტიკური მრავალფეროვნების შექმნა? რატომ უხდება თუნდაც გაერთიანებულ ოპოზიციაში ან, გნებავთ, „მაგიდასთან“ შეკრებილ პოლიტიკურ სუბიექტებს ერთად ყოფნა, ხშირად, პოლიტიკური აუტანლობის პირობებში?
_ უნდა დავაზუსტოთ: ლეიბორისტების ოფისში მაგიდასთან შეკრებილი სუბიექტები თანამშრომლობენ სამართლიანი საარჩევნო სისტემის მისაღწევად და არა ერთიანი საარჩევნო ბლოკის ან სიის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში მათ მიერ ერთმანეთის, როგორც თქვენ თქვით, „აუტანლობის“ ხარისხი საგრძნობლად შემცირდა. ადამიანებმა უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და, საბოლოო ჯამში, მაჟორიტარულ ოლქებში კოორდინაციაზეც შეთანხმდნენ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს პარტიები თქვენ მიერ დასახელებული ორი ფიგურის გარშემო იყრიან თავს. ეს ასე არ არის.
_ ხშირად ამბობენ, რომ მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს წვრილი პარტიები ბალასტად ჰყავთ წამოკიდებული. „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ ბოლო კვლევაში კი გაერთიანებული ოპოზიცია _ „ძალა ერთობაშიას“ რეიტინგი საერთოდ ინტეგრირდა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგთან. ამ დროს ანალიტიკოსების არცთუ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებებს, საკუთარი მიზნების რეალიზებისა და მრავალფეროვნების დემონსტრირებისთვის, პატარა პარტიები სჭირდებათ. მეტიც: სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან სახელმწიფოში ალერნატიული პოლიტიკური ცენტრის _ გნებავთ, მესამე ძალის შექმნას. აი, შეხედეთ: ვთქვათ, იმ 29%-დან, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ საკუთრებად გამოცხადდა, დანარჩენ „მითვლილ“ პარტიებს ეკუთვნით 8-9%. ეს, ფაქტობრივად, მეოთხე ადგილია. და აქ ისევ ჩნდება კითხვა, _ ვის ვინ სჭირდება უფრო მეტად? და ბარემ აქვე იმასაც ვიკითხავ, _ რა არის მესამე პოლიტიკური ცენტრის შეუქმნელობის რეალური მიზეზი?
_ აქ უბრალო არითმეტიკული ჯამი არ იძლევა სწორ სურათს. შეგახსენებთ, რომ „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში ამომრჩეველთა ხმების 40%-მდე მიიღო. ამ კოალიციაში შემავალი სუბიექტების მხარდამჭერთა არითმეტიკული ჯამი საგრძნობლად ნაკლებ მაჩვენებელს მოგვცემდა. ანუ ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს ე. წ. სინერგიის ეფექტი. ამდენად, როცა ესა თუ ის სუბიექტი უერთდება კოალიციას, მას ხშირად ამ ფაქტით გაცილებით მეტი ხმა მოაქვს კოალიციისთვის, ვიდრე უშუალოდ მისი მხარდამჭერების არითმეტიკული რაოდენობაა. ანუ მე საერთოდ არ დავსვამდი კითხვას, თუ ვინ ვის სჭირდება უფრო მეტად. აქ ყველას სჭირდება ერთმანეთი და გაერთიანებას მხოლოდ სიკეთე მოაქვს ყველასთვის.
_ რაღაც ნაწილში ვერ დაგეთანხმებით, თუმცა გავაგრძელოთ. ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებლობის მიპოვების შემდეგ გამყარდა საბჭოთა ნარატივი, _ ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. იგივე გრძელდება ახლაც და ამას თანაბრად ახერხებს როგორც ის ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია, ასევე ოპოზიციაც. აქ არ ვსაუბრობ მხოლოდ დღევანდელ მოცემულობაზე. პოლიტიკურ ფლანგებზე ცუდ ტონად ითვლება ოპონენტების შექება კონკრეტული ქმედებებისთვის და უფრო ცუდ ტონად _ ჭეშმარიტებისკენ სავალ გზაზე ალტერნატიული მოსაზრების გაჟღერება. აი, ახლაც, ოპოზიცია აცხადებს, ვინც ივანიშვილთან კოალიციას შექმნის, მოღალატე იქნება, ისევე როგორც მოღალატეების სიაში არის მთელი ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებისთვის. რამდენად მისაღებია ეს რადიკალიზმი და ხიდების დაწვა ჩვენი რეალობისთვის და სახელმწიფოს განვითარებისთვის?
_ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, მე ასე ვიტყოდი, დამკვიდრებულია ხელისუფლების ყოველი ცვლილების ჯერზე წინა პოლიტიკური ისტებლიშმენტის მთლიანი ჩამოშლისა და ჩანაცვლების ტრადიცია. ეს ხდება ხელისუფლების რევოლუციისა თუ მასთან მიახლოებული სცენარით შეცვლის პრაქტიკიდან გამომდინარე. შედეგად, ჩვენი საზოგადოება მუდამ არის გახლეჩილი ორად, ხოლო პოლიტიკური ბრძოლა მძიმე, აგრესიული კონფრონტაციის ხასიათს ატარებს. როგორც წესი, ხელისუფლებაში ახლად მოსული პოლიტიკური ძალა რეალურად არ აპირებს ხელისუფლების დატოვებას და ოპოზიციაში გადასვლას. ეს, თავის მხრივ, ხელს უწყობს პოლიტიკური ბრძოლის გაუმართლებელ, არაჯანსაღ გამძაფრებას, არჩევნების უსამართლოდ ჩატარებასა და ა. შ. ცხადია, აუცილებელია ამ მავნე ტრადიციის დასრულება და ამ პოლიტიკური უკულტურობიდან ნორმალურ, ჯანსაღ დემოკრატიაზე გადასვლა. შესაძლოა, წლევანდელი არჩევნების შედეგად მიღებულმა პარლამენტის კონფიგურაციამ მოგვცეს ამის საშუალება, მაგრამ დანამდვილებით ამას ვერავინ იტყვის.
_ ჩვენ ხშირად გვესმის, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, თუმცა ამ სიტყვების ავტორები ვერც კი იაზრებენ, რის დანგრევას აპირებენ. არადა, ვითარება ძალიან მარტივია _ უნდა დაინგრეს მართვის საბჭოთა სისტემა, რომელიც, თავის მხრივ, ბიზანტიური მმართველობის სისტემას ეფუძნება. სისტემის რეანიმირება მოხდა 1995 წლიდან, მისი მოდერნიზება კი განხორციელდა 2003-2012 წლებში და ახლაც იმავე სისტემის პირობებში ვიმყოფებით. როგორ ფიქრობთ, რეალურად არის თუ არა ქართულ პოლიტიკაში სისტემის დანგრევისა და ახალი სისტემის მშენებლობის სურვილი? ან სურვილის არსებობის შემთხვევაშიც არის კი იმის გააზრება, რა უნდა დაინგრეს და რა _ აშენდეს? მით უფრო, რომ ქართულ პოლიტიკაში ამჟამად მყოფი პერსონების უმეტესობა ხომ სხვადასხვა ვითარებაში თავად ქმნიდა სისტემას, ემსახურებოდა და მის მოდერნიზებას ახდენდა?
_ ჩვენ განვიცდით პოსტტოტალიტარული სამყაროს ტრადიციულ პრობლემას. ტოტალიტარულ სახელმწიფოში აღზრდილ საზოგადოებაზე დაშენდა თანამედროვე დასავლური დემოკრატიის სახელმწიფო სტრუქტურა მთელი თავისი ატრიბუტებით, მაგრამ ეს სტრუქტურა წესიერად ვერ მუშაობს, რადგან მოსახლეობის მენტალიტეტში ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი კლიშეები, ინსტინქტები და სტერეოტიპები, ჯერ კიდევ, საკმაოდ ძლიერია.
_ ისევე როგორც ხელისუფლებების…
_ ანუ ადამიანების დიდი ნაწილისთვის დემოკრატიის პრინციპები, შესაბამისი კანონები და ა. შ., არის მხოლოდ აუცილებელი ფასადი, ასე ვთქვათ, ამ დროისთვის აუცილებელი თამაშის წესები, თორემ არსი სხვაა და ეს უხერხულობის გრძნობას არ იწვევს. სწორედ ამიტომ გახდა ადამიანების ამხელა რაოდენობისთვის მისაღები არაფორმალური მმართველობის ის მახინჯი მოდელი, რომელიც დამკვიდრდა დღეს საქართველოში. მაღალი კონსტიტუციური თანამდებობის მქონე პირები შინაგანად ნორმალურად და კომფორტულად მიიჩნევენ იმას, რომ ემორჩილებოდნენ არა კონსტიტუციასა და ხალხს, არამედ არაფორმალურ მმართველს. მათი გაგებით, ეს სინამდვილეში ნორმალურია. ასე რომ, როგორც წესი, ისინი, ვინც გაჰკივიან, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგივე ან მსგავსი სისტემის რეპლიკაციას ახდენენ. ვფიქრობ, როგორც იქნა, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენი საზოგადოება ნელ-ნელა მივიდა იმის გაგებამდე, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი ისაა, რამენაირად ავირიდოთ თავიდან ერთი პოლიტიკური ძალის და/ან შესაბამისად ერთი პიროვნების ტოტალური გამეფება ხელისუფლების მორიგ ჯერზე ცვლილებისას, რომ დამყარდეს პარლამენტში მოსული პოლიტიკური ძალების ისეთი ბალანსი, რომელიც ხელისუფლების უზურპაციის საშუალებას არავის მისცემს. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ეს ყოველივე იოლად მოხდება. შეიძლება, ეს მცდელობა ამ ჯერზეც წარუმატებელი იყოს, მაგრამ, მინიმუმ, დასკვნები სწორად არის გაკეთებული და გეზი სწორად არის აღებული.
_ ზემოთაც ვახსენე ურთიერთგაუცხოების ფორმულა: „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“, მაგრამ არანაკლებ დამაზიანებლად მიმაჩნია სახელმწიფოსთვის რუსული ნარატივი, რომელიც ყოველი არჩევნების წინ აქტიურდება. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ ნარატივით ჩვენ ვაკნინებთ არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ვნერგავთ შიშს და უმწეობაში, აპათიაში ვაგდებთ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, რუსული ფაქტორი არსებობს, მაგრამ ჩვენ ამის კულტივირებას ვახდენთ. თუ რეალურად შეხედავთ პროცესებს, საქართველოში არანაირი პრორუსული განწყობები არ არის და ვერც იქნება. იმიტომ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ არც კი იცის, როგორია დღეს რუსეთი, რა სიკეთეები აქვს მას და რა _ ნეგატივები. ის, რასაც ჩვენთან პრორუსულს ეძახიან, განწყობების მიხედვით არის პროსაბჭოთა და ეს აბსოლუტურად სხვა რამეა. ანუ ეს არის საბჭოთა ნოსტალგია. თან პრორუსულის კულტივირება, ერთმანეთის რუსულ ტალახში ამოსვრა აშკარად ცუდი საქმეა. გაგახსენებთ თუნდაც „ნაციონალური“ მოძრაობის დროს „გამოვლენილ“ რუსეთის აგენტებს, რომლებიც, თურმე, არ ყოფილან აგენტები და არც პრორუსული განწყობების მატარებლები და ისინი ახლა „ნაცმოძრაობაში“ ხედავენ ხსნას. ეს ნორმალურია? მოკლედ, კითხვა ასე მინდა ჩამოვაყალიბო: არსებული გამოწვევების, თუნდაც ჰიბრიდული ომის პირობებში, დადგა თუ არა დრო, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დაანგრიოს, სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრებიდან გაიტანოს პრორუსული ნარატივი და რუსული ტალახის ერთმანეთისთვის სროლა?
_ აბა, როგორ გინდათ ამ, როგორც თქვენ უწოდეთ, „რუსული ნარატივისაგან“ ქართული პოლიტიკის განთავისუფლება, როცა დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა დღემდე ჩვენი სახელმწიფოს არსებობა მუდმივად რუსეთთან ომებსა და კონფრონტაციის პირობებში მიმდინარეობს? დამოუკიდებლობის წინანდელი ორსაუკუნოვანი პერიოდიც კარგად ვიცით. დღეს კი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, გრძელდება ჩვენი მიწების მიტაცება, ჩვენი მოქალაქეების გატაცება და მუდმივი პროვოკაციები. ყველაფერთან ერთად, მოსკოვი მართლა აფათურებს ხელებს ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი აგენტურაც საკმაოდ აქტიურია. ანუ ეს ფაქტორი არსებობს და, შესაბამისად, მას თავისი ადგილიც უკავია პოლიტიკურ რიტორიკაში.
_ ეს ობიექტური რეალობაა, მაგრამ ერთ დღეს ოპონენტისგან შექმნა რუსული მტრის ხატი და მეორე დღეს ეს „დაგავიწყდეს“, მხოლოდ პოლიტიკური უხერხულობა კი არა, ამომრჩევლისთვის თვალში ნაცრის შეყრაა. მე ამაზე ვსაუბრობ…
_ შესაძლოა, ზოგჯერ ხდება მისი ჰიპერტროფირება, მაგრამ ძნელია გაექცე ამას იმ პირობებში, რომელიც მე ზემოთ ჩამოვთვალე.
_ დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ჯერაც დიდი დროა, როგორია თქვენი პროგნოზები, რა საფრთხეებს ხედავთ ამ პროცესში და როგორ უნდა გავიდეთ ბოლოში ისე, რომ სახელმწიფო არ დავაზიანოთ?
_ ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად გავაღვიძოთ ამომრჩევლის ინტერესი ამ არჩევნების მიმართ, უზრუნველვყოთ საზოგადოების ამ არჩევნებში მაქსიმალური და, რაც შეიძლება, უფრო შეგნებული ჩართულობა. თუ საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქემ, მშვიდად და, ამავე დროს, მტკიცედ დაანახა თავისი ნება და პოზიცია ხელისუფლებას, ამას ვერანაირი სუსი, ადმინრესურსი თუ გამყალბებლები წინ ვერ აღუდგება. ანუ ჩვენ უნდა ვაქციოთ ეს არჩევნები ქვეყნის დღევანდელობისა და მომავლის რეალურ საერთო-სახალხო განხილვად და მომდევნო ხელისუფლებამ ამ არჩევნებში გამარჯვება უნდა მიიღოს არა როგორც პრიზი რაღაც კონკურსში, არამედ როგორც კონკრეტული და სერიოზული დაკვეთა საკუთარი ხალხისგან.

გეგა სილაგავა