კახა მიქაია: „ქართულ ოცნებაზე“ სერიოზული ლაპარაკი შენს არასერიოზულობაზე მეტყველებს“

კორონავირუსმა საქართველოსაც შემოუტია. ამის გამო საქართველოს პარლამენტი დისტანციურ მუშაობაზე გადავა. დეპუტატები ისედაც არ დადიოდნენ საკანონმდებლო ორგანოში და ახლა მთლად განთავისუფლდებიან ამ ტვირთისგან, თუმცა ხელფასს მაინც აიღებენ. მათგან განსხვავებით სინგაპურის მთავრობა და პარლამენტი დისტანციურ მუშაობაზე არ გადასულა, მაგრამ სინგაპურელმა ჩინოსნებმა გადაწყვიტეს, თავიანთი ხელფასი იმ ექიმებს ჩაურიცხონ, რომლებიც სასიკვდილო ვირუსს ებრძვიან. ჩვენს ჩინოსნებს აქამდე ბევრი უკლიათ.
სამოქალაქო აქტივისტ კახა მიქაიას აზრით, ცუდი არაა, თუ დეპუტატები სახლიდან იმუშავებენ. მეტიც, მას მიაჩნია, რომ პარლამენტი სულ უნდა გაჩერდეს. იგივეს ამბობს აღმასრულებელ ხელისუფლებაზეც. მიქაიას გათვლებით, პარლამენტისა და მთავრობის გაჩერება საქართველოს არ დაეტყობა.

რატომ არ არის აუცილებელი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მუშაობა? რაზე წუხან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები? გახდებიან თუ არა ივანიშვილის რადიატორები „გლადიატორები“? რა არჩევანის წინაშე დგას „ქართული ოცნების“ ლიდერი და გააკეთებს თუ არა ის არჩევანს დემოკრატიის სასარგებლოდ? _ ამ თემებზე კახა მიქაია „ქრონიკა+-ს ესაუბრება:

_ პარლამენტი აპირებს, დისტანციურ მუშაობაზე გადავიდეს, რათა კორონავირუსის გავრცელება აიცილოს თავიდან. როგორ უყურებთ ამ ინიციატივას?
_ სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ გავიგე, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება, მე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შემიძლია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს კეთდება იმისთვის, რათა „ქოცებმა“ და „ნაცებმა“ ერთმანეთს კორონავირუსი არ გადასდონ. მაგალითად, ბოკერიამ _ თალაკვაძეს ან პირიქით, თალაკვაძემ _ ბოკერიას.
_ ხალხმა თქვენი პასუხი შეიძლება, სერიოზულად აღიქვას და თქვას, ბოკერიას ან თალაკვაძეს კორონავირუსი აქვთო. დავაკონკრეტოთ, რას გულისხმობთ? სავარაუდოდ, პოლიტიკურ კორონავირუსს უნდა გულისხმობდეთ.
_ ამათ ჩვეულებრივი კორონავირუსი არ ემუქრებათ. ამ შემთხვევაში მართლაც პოლიტიკურ კორონავირუსზე მოგახსენებთ. ალბათ გახსოვთ, თავის დროზე, როგორ უარყო „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები, გადასულიყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ამ უარყოფით მათ გადააგდეს როგორც ქართველი ხალხი და პოლიტიკური სპექტრი, ასევე მთელი დასავლეთი. ეს გადაგდება ქოცებმა საინტერესოდ ახსნეს, ისინი ამბობდნენ, „ნაცებმა“ ისეთი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად იძულებული გავხდით, უარი გვეთქვა არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებაზე და შერეული სისტემა ანუ მაჟორიტარები დავტოვეთო.
ეს ამბავი შემთხვევით არ გავიხსენე, პარლამენტის წევრები კორონავირუსის გამო სულაც არ გადადიან მუშაობის დისტანციურ წესზე. მოსალოდნელი შეთანხმება რომ არ ჩაეშალოთ, დისტანციურად დაელაპარაკებიან ერთმანეთს. არ არის ეს ცუდი, ვნახოთ, რით დამთავრდება ეს ამბავი.
ეს ყველაფერი ხუმრობით, სერიოზულად თუ გინდათ რომ შევაფასო სიტუაცია, გეტყვით, რომ ქვეყანაში ძალიან რთულად არის საქმე. საქართველოში, საბედნიეროდ, ამ საშინელ ვირუსთან დაკავშირებით ჯერ პანიკა არ არის, მაგრამ ხალხი ძალიან შეშინებულია. ამ სიტუაციაში ნებისმიერი პრევენცია ჩემთვის მისაღებია.
_ პრევენცია ყველასთვის მისაღებია.
_ კარგია, ამას საზოგადოებაც ასე გაგებით რომ ეკიდება. სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კორონავირუსი საქართველოში არ გავრცელდეს. მე ისეთ მასშტაბებზე მაქვს საუბარი როგორი ვითარებაც ირანში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იტალიაშია. იქ საშინელება ხდება.
_ იმედია, ასე იქნება, თუმცა ჩვენს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა იტალიასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერება.
_ ეს ცოტა უცნაური იყო, მაგრამ მთავარია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს. სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ რისკები შემცირდეს. ამის გამო შეიძლება ბიზნესი დაზარალდეს, მაგრამ ჯობია ასე მოხდეს, ვიდრე ისეთი სურათი მივიღოთ, როგორიც ჩინეთში, იტალიაში ან ირანშია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ყველანაირი ზომები მიიღოს, რათა საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს.
_ აქედან გამომდინარე, პარლამენტიც სწორად იქცევა, მუშაობის დისტანციურ წესზე რომ გადადის.
_ ჩემთვის ყველანაირი პრევენცია მისაღებია. არაფერი დაშავდება, თუ დეპუტატები პარლამენტში არ ივლიან. ჩემთვის ახლა მთავარია, ვირუსი არ გავრცელდეს და ადამიანები არ დაავადდნენ.
_ დეპუტატები თუ პარლამენტში არ ივლიან, არ შეიძლება, თავიანთი ხელფასები იმ ექიმებს გადაურიცხონ, ვინც კორონავირუსს ებრძვის? სინგაპურის ხელისუფლება ასე მოიქცა.
_ თუ არ იმუშავებენ, ხელფასებიც არ უნდა აიღონ. გადარიცხავენ თუ არა ხელფასებს, ეს მათი საქმეა. რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ კანონმდებლები დისტანციურად იმუშავებენ, ეს ქვეყანას არაფერს დააკლებს. მე თუ მკითხავთ, პარლამენტმა სულ უნდა შეწყვიტოს მუშაობა და იგივე უნდა გააკეთოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამაც. დამიჯერეთ, საზოგადოება ვერც კი შეამჩნევს, მთავრობა და პარლამენტი რომ არ მუშაობს.
_ პარლამენტი და მთავრობა მუშაობას თუ შეწყვეტს, ქვეყანა ვინ უნდა მართოს?
_ ვინც აქამდე მართავდა, იმ ერთმა კაცმა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სოლოლაკის სასახლეში მიიღება და ამ გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი ღებულობს. სოლოლაკში ერთი კაცის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მთავრობა და პარლამენტი სხდომებზე მხოლოდ ადასტურებენ. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა სოლოლაკის სასახლის პატრონს გადაწყვეტილებები შეიძლება ელექტრონულადაც დაუდასტურონ. სახლში თუ დასხდებიან, ამაში მართლა არ არის პრობლემა. კორონავირუსისგან უფრო დაცული იქნება მთავრობაც, პარლამენტიც და რაც მთავარია _ ქვეყანაც.
დამიჯერეთ, არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, მთავრობის სხდომები თუ აღარ გაიმართება. არც იმით შეიცვლება რამე მივა თუ არა თალაკვაძე პარლამენტში სხდომის ჩასატარებლად ან ბოკერია მივა თუ არა იმისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოს ბოქლომი დაადოს.
_ ამ თალაკვაძესა და ბოკერიას ხშირად ახსენებთ. უბრალოდ მაგალითად მოგყავთ, თუ რაღაც იცით და არ გვეუბნებით.
_ უბრალო მაგალითად მომყავს. შემიძლია შევცვალო გვარები. მაგალითად, არჩილ თალაკვაძე ედიშერ თოლორაიათი ჩავანაცვლო, ხოლო გიგა ბოკერია _ თინა ბოკუჩავათი. ეს კომბინაციაც საინტერესო იქნება.
_ შემცვლელად ორივე მეგრელი დაასახელეთ, მეგრულ სეპარატიზმს აქვს ადგილი. ამას ხუმრობით გეუბნებით, ვინმემ სერიოზულად არ მიიღოს.
_ სეპარატიზმისგან საერთოდ ძალიან შორს ვარ. მეგრული სეპარატიზმი კი ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. ეს გვარები, უბრალოდ, იმიტომ ვახსენე, რომ ისინი კარგი სპარინგ პარტნიორები არიან.
_ თინა ბოკუჩავა ძალიან აქტიური და მებრძოლი გოგოა, რასაც ედიშერ თოლორაიაზე ვერ ვიტყვით. მას პარლამენტში, მგონი, განცხადებაც კი არ აქვს გაკეთებული. თინა ბოკუჩავა მას პოლიტიკურად, უბრალოდ, შეჭამს.
_ შეჭამოს მერე. ამაზეც ჩვენ უნდა ვიდარდოთ? კარგი სანახავი იქნება მათი დაპირისპირება. ჩავანაცვლოთ თალაკვაძე თოლორაიათი, ბოკერია კი _ თინა ბოკუჩავათი.
_ ზემოთ მთავრობა ვახსენეთ და მთავრობის ერთი გამორჩეული წევრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებაზე მაინტერესებს თქვენი აზრი: ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ სანამ საქართველო რიკოთის გვირაბით არის გაყოფილი, მისი ეკონომიკა ერთიანი არასდროს იქნებაო. თქვენი აზრით, რისი თქმა უნდოდა მინისტრს? მის აზრს თითქმის ვერავინ ჩასწვდა.
_ „ნაცებისა“ და „ქოცების“ ბოლოდროინდელ წიაღსვლებზე კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია, ამიტომ ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებას კომენტარის გარეშე დავტოვებ. თუმცა მას დავუპირისპირებ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას. კაცმა დიდი მოურავობა მოინდომა და გიორგი სააკაძე ოსმალეთში გუბერნატორად გამოაცხადა. დაგვპირდა, საქართველოში ისე დავბრუნდები, როგორც გიორგი სააკაძე დაბრუნდაო.
მოგიწოდებთ ყველას, რომ ივანე მაჭავარიანის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. გადაწყვეტილებებს მაინც ივანიშვილი ღებულობს და ფინანსთა მინისტრს გინდა უთქვამს რამე და გინდა _ არა. რაც შეეხება სააკაშვილს, მის გამონათქვამებზე და წიაღსვლებზე კი მორატორიუმი უნდა გამოვაცხადოთ. ეს, უბრალოდ, აუცილებელია.
_ მორატორიუმი რატომ უნდა გამოვაცხადოთ სააკაშვილის გამონათქვამებზე?
_ იმიტომ, რომ ის სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს. მართლა ამ ზომამდეა მისული. ასეთ განცხადებებს ნორმალური ადამიანი არ გააკეთებს. სრული სერიოზულობით ვსაუბრობ მიშას განცხადებებზე მორატორიუმის გამოცხადების აუცილებლობაზე. ახლა მისი დაცინვა არ შეიძლება, ახლა მას მკურნალობა სჭირდება. სხვები რას იზამენ არ ვიცი, პირადად მე კი მის გამონათქვამებზე მორატორიუმს ვაცხადებ.
_ დანარჩენი „ნაცების“ გამონათქვამებზეც მორატორიუმს აცხადებთ თუ იქ სხვა ვითარებაა?
_ ჯერ დავიწყოთ სააკაშვილით, მერე გადავიდეთ „ნაცებზე“, მერე „ქოცებზე“ და ბოლოს უკვე სოლოლაკის სასახლეს მივადგებით.
_ სოლოლაკის სასახლის ბატონი აღარაფერს ლაპარაკობს ბოლო ხანებში. მეცნიერებათა აკადემიამ ისე მიულოცა დაბადების დღე, კაცი სირცხვილით გარეთ აღარ გამოდის.
_ ივანიშვილი მალე გამოჩნდება და განცხადებასაც გააკეთებს. შეიძლება ეს მაშინ მოხდეს, როცა თქვენი გაზეთი უკვე გამოსული იქნება. მაჭავარიანზე მკითხეთ, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, რიკოთით გაყოფილი საქართველო ერთიანი არასდროს ყოფილაო. ერთხელ გითხარით და ახლაც გავიმეორებ: „ქართული ოცნების“ წევრებზე სერიოზულად საუბარი შენს არასერიოზულობაზე მეტყველებს.
_ სრულიად გეთანხმებით, რომ მათზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება, მაგრამ მაინც გვიწევს ამის გაკეთება. ეს ხალხი მართავს ქვეყანას და ამას რა ვუყოთ?
_ ესაა ქვეყნის უბედურება. ასეთი არასერიოზული ადამიანები მართავენ ქვეყანას. ქვეყანაში სრული კოლაფსია როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით. ყველაზე მთავარი კი მორალური კრიზისია.
_ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ ჩანს.
_ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. გამოსავალი ყოველთვის უნდა ვეძებოთ, არსებულ სიტუაციაშიც შეიძლება გამოსავლის მოძებნა.
_ სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი?
_ ხელისუფლება ერთ რამეს უნდა მიხვდეს _ გაჯიქება და პირადი, მერკანტილური მიზნებისთვის პოლიტიკაში ყოფნა ძალიან ცუდია როგორც მათთვის, ასევე ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. დღეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთ ქვაბში იხარჯებიან. გამოსავალი დემოკრატიულ არჩევნებშია. დემოკრატიულ არჩევნებში ისეთ არჩევნებს ვგულისხმობ, რომელიც სრულად პროპორციული თუ არ იქნა, პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები _ აშშ და ევროპა, რამდენი ხანია, განცხადებებს აკეთებენ. ისინი ცდილობენ, დაბრმავებულ ორივე მხარეს გააგებინონ, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ერთპარტიული მმართველობა. ჩვენ უნდა გადავიდეთ სრულად პროპორციულ სისტემაზე. ამასთან დაკავშირებით თუ შეთანხმება შედგა, ეს დიდწილად ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურება იქნება. ყველაზე მეტად ისინი არიან მონდომებულები.
დღეს ასეთი სურათი გვაქვს ქვეყანაში _ გაერთიანებული ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს არჩევნებს ვერ მოუგებს.
_ რატომ გგონიათ, რომ ვერ მოუგებს?
_ იმიტომ, რომ არაა გაერთიანებული ოპოზიცია ის ძალა, რომელიც ივანიშვილისთვის არჩევნების მოგებას შეძლებს. ამ ფონზე დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, ოპოზიციისგან რაღაც გამოადნოს. დასავლეთის წყალობით რომ ხდება შეთანხმების მიღწევა, ეს ძალიან კარგი პრეცედენტია. ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, სამწუხაროდ, დამოუკიდებლად ვერ მოახერხა დაღვინება და ჩამოყალიბება. მათ დასავლეთის ჩაურევლად ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა. დასავლეთის დახმარებით შევძლებთ, რომ დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა, რაც საქართველოს ნორმალურად განვითარების საშუალებას მისცემს. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ არსებობს.
_ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დაამთავრებს ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას? ამ შემთხვევაში „ოცნება“ ვერ გააყალბებს არჩევნებს?
_ ამ სიტუაციაში წინასწარ რამის თქმა შეუძლებელია. თუ მოხდა შეთანხმება, რომ არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით უნდა ჩატარდეს, ეს დასავლეთისა და, პირველ რიგში, ამერიკის დამსახურება იქნება. მერე როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ძნელად ამოსაცნობია. არის ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა და პირადად მე ამ პრობლემაზე გავამახვილებდი ყურადღებას.
_ რა პრობლემაა?
_ თუ საქმე შეთანხმებამდე მივა, კანონპროექტი ბოლოს მაინც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. უფიქრია ვინმეს იმაზე, თუ რა ხასიათზე იქნება ამ კანონპროექტის ხმის მიცემის დროს დაჩი ბერაია? გასარკვევი იქნება ასევე რა ხასიათზე იქნებიან ედიშერ თოლორაია, დიმიტრი ხუნდაძე, მერაბ ქვარაია? ყველას ჩამოთვლა არ მინდა, ვინმე არ გამომრჩეს, ამიტომ ასე ვიტყვი: ცვლილებების მიღება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ხასიათზე ვიხილავთ იმ მომენტში „ქართული ოცნების“ „რადიატორები“.
ვინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ისინი ამ შემთხვევაში მაინც დაუჯერებენ თავიანთ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს? ხომ შეიძლება, ისევ „აჯანყდნენ“ და კიდევ ერთხელ ჩააგდონ ცვლილებები, როგორც ეს გასული წლის შემოდგომაზე გააკეთეს!
_ ისე საუბრობთ, აშკარად რაღაც იცით.
_ ვიცი. კულუარული ინფორმაცია მაქვს, თუ როგორ მიდიან ივანიშვილთან ედიშერ თოლორაია და მერაბ ქვარაია და როგორ საყვედურობენ, შენ ჩვენ გადაგდებას აპირებო. ამას სრულიად სერიოზულად გეუბნებით.
_ თქვენ იმას ამბობთ, რომ თოლორაია და ქვარაია ბიძინა ივანიშვილს საყვედურის თქმას უბედავენ?
_ რაკი საყვედურს ეუბნებიან, ე. ი. უბედავენ.
_ კი თქვით, სრული სერიოზულობით ვამბობო, მაგრამ ამას ვერც მე დავიჯერებ და ვერც მკითხველი დაიჯერებს. ხუმრობთ ხომ?
_ მე ერთი ჩემი გამონათქვამით გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს: „ქართულ ოცნებაზე“ სერიოზულად ლაპარაკი შენს არასერიოზულობაზე მეტყველებს.
_ ახლა უკვე გასაგებია, ანუ ქვარაიასა და თოლორაიას „ეკაიფებით“?
_ აბა, სხვანაირად როგორ მოვიქცე? ქვარაიაზე, თოლორაიასა და სხვებზე სერიოზულად როგორ ვილაპარაკო? ადრეც ვთქვი თქვენთან და ახლაც გავიმეორებ, რომ ივანიშვილი „რადიატორების“ ამარა დარჩა. ახლა ვნახოთ, ეს „რადიატორები“ კიდევ ერთხელ გადაიქცევიან „გლადიატორებად“ თუ შეძლებს ივანიშვილი მათ დარწმუნებას და იმ ცვლილებების გატანას, რაზედაც დასავლეთის ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა? დასავლეთის გარდა საზოგადოებასაც სურს, რომ აქ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდეს.
_ ზემოთ გკითხეთ, მოსწონს თუ არა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები ერთმმართველობას და არ მიპასუხეთ, ამიტომ კითხვას გაგიმეორებთ, _ ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი ვეღარ შეძლებს არჩევნების გაყალბებას?
_ თუ აქ არჩევნები პროპორციული ან პროპორციულთან მიახლოებული სისტემით ჩატარდება, ეს იქნება ერთპარტიული მმართველობის საბოლოოდ დასრულების მცდელობა. ვერ გეტყვით, როგორ დამთავრდება არჩევნები. ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია? იმის თქმაც მიჭირს, თუ როგორ მივლენ ფინიშთან ოპოზიცია და ხელისუფლება. მთავარია ფაქტი _ დასავლეთის ძალისხმევით საქართველოში შეიძლება ჩატარდეს პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები. 2024 წლიდან საერთოდ მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება აქ არჩევნები. ეს ქართული დემოკრატიისთვის და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელია. სხვა გზას მე, უბრალოდ, ვერ ვხედავ.
_ ამბობთ, „ოცნებაზე“ სერიოზულ კომენტარს არ ვაკეთებო, მაგრამ რამე რჩევას თუ მისცემთ გაჯიქებულ „ოცნებას“?
_ რჩევისგან თავს შევიკავებ. უკვე აღვნიშნე, რომ ყველა გადაწყვეტილებას აქ ივანიშვილი იღებს. ასე რომ, ახლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
_ რას გადაწყვეტს ის?
_ თუ დაუჯერებს დასავლელ პარტნიორებს, კარგი იქნება როგორც მისთვის, ასევე _ საქართველოსთვის. დაველოდოთ, ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიისა და განვითარებისკენ გადადგამს ნაბიჯს და საქართველოში საბოლოოდ დასრულდება ერთპარტიული მმართველობა.

შორენა მარსაგიშვილი