დავით ჭიჭინაძე: „ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის დასაცინად გაიხადა თავი“

გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, უარი განაცხადა პარლამენტში მისვლაზე, რასაც ოპოზიციის აღშფოთება მოყვა. მათი განცხადებით, მაჭავარიანს სასწრაფოდ უნდა დაატოვებინონ პოსტი. პარლამენტისადმი უპატივცემულობა მინისტრს მმართველმა პარტიამაც დაუგმო, მაგრამ გადასაყენებლად ვერ გაიმეტა. დეპუტატ დავით ჭიჭინაძის აზრით, რაკი „ივანე მაჭავარიანს ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, ისიც უნდა იცოდეს, ვინც სიტყვას არ ასრულებს, ეგეთ ადამიანს ჭრელ პერანგს აცმევენ“.

რატომ თავხედობენ მინისტრები? ვინ არის დღეს ჩამოწერილი პოლიტიკოსი? ხელისუფლებასთან დაპირისპირების მიუხედავად რატომ არ დგას ოპოზიციის გვერდით იგი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს პარლამენტის წევრი, „ტრიბუნის“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე ესაუბრება:

_ გასულ კვირას ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში არ მოვიდა. თქვენი აზრით, რატომ თავხედობს ეს ადამიანი ასე? ცალკე საუბრის თემაა მისი მანერები და განცხადებები, _ ახლახან გვამცნო, საქართველო სანამ რიკოთის გვირაბითაა გაყოფილი, მისი ეკონომიკა ერთიანი არასდროს იქნებაო.
_ ეს განცხადებები მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე მიუთითებს. არის ასეთი გამოთქმა, _ თავთავი რაც უფრო ცარიელია, მით უფრო მაღლა აქვს თავი აწეული, მძიმე კი თავდახრილიაო. ივანე მაჭავარიანსაც იგივე სჭირს. მას არ ამძიმებს არც რამე ცოდნა და არც გამოცდილება. ის ყოველთვის დაჩაგრული ადამიანი იყო. პროფესიით ბუღალტერი გახლავთ. ფულის დათვლა ევალებოდა მხოლოდ. ახლაც ფულის დათვლა ჩააბარეს და ალბათ მეტს ითვლის. აქედან გამომდინარე აკეთებს ასეთ გაუაზრებელ განცხადებებს.
ის გახლავთ ბიძინა ივანიშვილის მსახური და იმდენსაც კი ვერ ხვდება, თუ რას ნიშნავს, იყო მინისტრი. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მინისტრი ვინმეს კი არ უნდა ემსახურებოდეს, საკუთარ ხალხზე უნდა ზრუნავდეს. მით უმეტეს, როცა ფინანსთა მინისტრი ხარ. ფინანსთა მინისტრი ვალდებულია, ხალხს უფრო ყაირათიანად მოახმაროს ის სახრები, რომელიც ბიუჯეტში ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან შედის.
არც ივანე მაჭავარიანი და არც სხვა მინისტრები იმას არ ფიქრობენ, რომ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულები არიან. მათ მხოლოდ ივანიშვილის მიმართ აქვთ ვალდებულება. ეხმარებიან ამ ფულების მიტაცებაში და ჰგონიათ, რომ ყველაფერი გამწვანებული აქვთ. მაჭავარიანი ჯერ ვერ გაიზარდა მინისტრობისთვის. ის ისევ რიგით ბუღალტრად დარჩა.
_ მაჭავარიანმა თავისი ქმედებით შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტს, მაგრამ ამას თქვენი კოლეგები უმრავლესობიდან დიდად არ აღუშფოთებია. მათთვის არაფერს ნიშნავს, მინისტრმა პარლამენტი აბუჩად რომ აიგდო და საკომიტეტო მოსმენაზე არ მივიდა?
_ მთლად ასე არ ყოფილა, ისინიც აღშფოთდნენ. ივანე მაჭავარიანი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე უნდა მოსულიყო. კომიტეტის თავმჯდომარემ ყველას მისცა საშუალება, თავისი აზრი დაეფიქსირებინა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავხედი მინისტრის მიმართ საკმაოდ სერიოზული და მკაცრი შეფასებები გააკეთეს კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარეს მათთვის ამაში ხელი არ შეუშლია. მან ამით სოლიდარობა გამოხატა. ეს მისასალმებელია. საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ კიდევ არიან საღად მოაზროვნე ადამიანები.
_ რატომ გგონიათ, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ სოლიდარობა გამოხატა ოპოზიციის მიმართ?
_ მას შეეძლო კომიტეტის სხდომა ეგრევე შეეწყვიტა, როცა ცნობილი გახდა, რომ საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრი არ მოვიდოდა. დღის წესრიგში მხოლოდ მისი მოსმენა იყო. პირიქით მოხდა, სხდომა ჩატარდა და ყველამ დააფიქსირა საკუთარი აზრი. უმრავლესობის წევრების შეფასებები მწვავე არ ყოფილა, მაგრამ მაჭავარიანის მიმართ ღია მხარდაჭერას მაინც ვერ გამოხატავდნენ. ყველა მათგანმა დაადანაშაულა ფინანსთა მინისტრი. თუმცა მერე პოზიცია შეცვალეს და მისი გამართლება დაიწყეს.
_ მინისტრი პარლამენტს რომ პატივს არ სცემს, ეს დეპუტატმა როგორ უნდა გაამართლოს?
_ გაამართლეს იმიტომ, რომ ასეთი დავალება მიიღეს. ისინი ხომ სულ ვიღაცის კარნახით იმართებიან. პატარა ბავშვს რომ დაიჭერენ ტყუილში და თავს იმართლებს, ასეთ სიტუაციაში იყვნენ „ოცნების“ წევრები. ცდილობდნენ, სხვისთვის გადაებრალებინათ. ჩემი აზრით, საკუთარ თავს და საკუთარ წარსულს მიაყენეს შეურაცხყოფა, ვინც მის გამართლებას შეეცადა. „ქართული ოცნების“ წევრებმა საკუთარი თავი წარმოაჩინეს არა ხალხის რჩეულებად, არამედ ვიღაც-ვიღაცების მსახურებად, რაც სულაც არ მიხარია. სამაგიეროდ, მათ უხარიათ, რომ ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ.
_ ხალხის რჩეულები რომ იყვნენ, ამაზე „ქართული ოცნების“ დეპუტაციას პრეტენზიები არც აქვს. მათთვის მთავარია, რას იტყვის და რას ისურვებს ბატონი ბიძინა. არაერთხელ ითქვა, რომ პარლამენტი ივანიშვილის ნოტარიუსად არის ქცეული. თქვენი აზრით, არიან ბიძინას ნოტარიუსები დეპუტატები?
_ ასეთ შედარებას არ მივესალმები. ნოტარიუსებს ასეთ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ, რომ ისინი „ქართული ოცნების“ წევრებს შევადარო. ნოტარიუსები თავისი საქმის პროფესიონალები არიან. აქვთ სათანადო განათლება. ეცნობიან დოკუმენტაციას. კითხულობენ, გეკითხებიან, გაკვირდებიან, საღ აზრზე ხარ თუ არა. როგორ შეიძლება, უმრავლესობის წევრი დეპუტატები ნოტარიუსებს შევადარო? ამათი შედარება არავისთან შეიძლება.
_ არავისთან რატომ არ შეიძლება მათი შედარება?
_ ბუნებაში ამათნაირი ფენომენი, უბრალოდ, არ არსებობს. კითხვა ამათ არ იციან, ანალიზის უნარი ამათ არ გააჩნიათ, გადაწყვეტილებების მიღებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეტყობა, თავის დროზე, კარგად ასწავლეს წითელი და მწვანე ვაშლების გარჩევა. ფერების განსხვავება იციან მხოლოდ და ამიტომაც დასვეს პარლამენტში, რომ საჭირო დროს საჭირო ფერის ღილაკზე დააჭირონ ხელი.
_ ღილაკების ხელის დაჭერა კარგად აითვისეს, მაგრამ ზოგჯერ წითელი და მწვანე ფერებიც ერევათ ხოლმე ერთმანეთში.
_ აქაც მოსდით შეცდომები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც არჩევენ ფერებს. უმრავლესობის საერთო ჩატში შეტყობინებები მოსდით, _ ამას ვუჭერთ მხარს, ამას _ არა. შესაბამისად, აჭერენ ხელს მწვანე ან წითელ ღილაკს. თავისი ნებით ამასაც არ აკეთებენ. ამა თუ იმ საკითხის შინაარსში არც კი შედიან. მათი ფუნქცია მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერაა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ისინი ივანე მაჭავარიანის თავხედობამ არ აღაშფოთა.
_ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებიდან“ გაგრიცხეს, შექმენით საკუთარი პარტია „ტრიბუნა“. ხართ ოპოზიციაში, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის გვერდით არ გვინახიხართ. აპირებთ თუ არა მათთან ერთად ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას? საინტერესოა, რას ფიქრობთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ დიალოგზე? ორივე მხარე ამტკიცებს, ეს მოლაპარაკებები არ არისო.
_ მე იმ ოპოზიციის არ მესმის, რომელიც იმ ძალასთან დაჯდა მოლაპარაკებების მაგიდაზე, ვინც ხალხი გადააგდო. ერთი და ორი ადამიანი კი არა, მილიონობით კაცი გადააგდეს და მათთან საერთო მაგიდასთან დაჯდომა როგორ შეიძლება? დავიჯერო, ოპოზიციას მართლა ჰგონია, რომ მილიონობით ადამიანის გადამგდებ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებებით შეაგნებინებენ რამეს? არაფერი გამოვა ამ საქმიდან. ეს თავადაც კარგად იციან.
_ აბა, რას დადიან მოლაპარაკებებზე? უგულავას დაკავების შემდეგ მოლაპარაკებები ოფიციალურად შეწყვიტეს, მაგრამ მათთან შეხვედრებს მაინც აგრძელებენ, თან ამტკიცებენ, ეს მოლაპარაკებები არ არისო.
_ ამბობენ, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, ხელისუფლებას დავლაპარაკებოდით და ამიტომ დავდივართ შეხვედრებზეო. „ოცნებისა“ და ოპოზიციის შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საელჩოში იმართება. იცით, რა მგონია, რომ პოზიციაც და ოპოზიციაც ცდილობს, უცხოელი დიპლომატების ავტორიტეტი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ ხალხმა ვერ შეიგნო, რომ პოლიტიკა საკუთარი ხალხის მსახურება და საზოგადოების აზრის გათვალისწინებაა. არავის აქვს იმის უფლება, დახურულ კარს მიღმა ილაპარაკოს ჩვენი მომავალი ბედის შესახებ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას ხალხის ზურგს უკან ლაპარაკი სისხლში აქვს გამჯდარი. მათ მხოლოდ საკუთარი თავი უყვართ და საკუთარი ბედ-იღბალი ადარდებთ. ხალხი არ აინტერესებთ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ბევრ უკანონობაზე ხმას არ იღებენ, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავენ. მათ ერთი სიტყვითაც კი არ გაუპროტესტებიათ იმ კაცის ციხიდან გამოსვლა, რომელიც წლების მანძილზე ადამიანების წამებასთან იყო ასოცირებული. ამ და სხვა მიზეზების გამო ძალიან მიჭირს ოპოზიციაზე საუბარი. ან როგორ ვილაპარაკო, როცა ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს.
_ ოპოზიცია რანაირად არ გვყავს? ხელისუფლებას ვინც უპირისპირდება, ისინი ვინ არიან?
_ ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ისევ უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება. მათი ამოცანა ხალხისა და ქვეყნის მდგომარეობის გამოსწორება არ არის. მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ.
_ ამ შეფასებიდან ნათლად ჩანს, რომ ოპოზიციის გვერდით დადგომა არ გინდათ.
_ ნორმალურად რომ ემოქმედათ, რატომ არ დავდგებოდი. მე მათთან არაერთხელ მისაუბრია.
_ რაზე ესაუბრეთ ოპოზიციის წარმომადგენლებს?
_ მათ ვუთხარი, სანამ კაბინეტებში შეხვალთ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან სხვადასხვა საარჩევნო მოდელზე ლაპარაკს დაიწყებთ, ხალხის აზრიც გაითვალისწინეთ და მათაც ჰკითხეთ, რას ფიქრობს ამ საკითხზე. ვუთხარი, დააანონსეთ მიტინგი და იქ ჰკითხეთ ხალხს აზრი. თუ მოვლენ და დაადასტურებენ მხარდაჭერას, მაშინ ეს უკვე სხვა საქმეა, თუ არ მოვლენ, სხვანაირად უნდა მოიქცნენ. ყოველ შემთხვევაში, ირაკლი კობახიძის დასაცინად არ უნდა გაიხადონ საქმე.
_ რას გულისხმობთ?
_ ირაკლი კობახიძე გამუდმებით აქციის მონაწილეების რაოდენობაზე საუბრობს. გაიძახის, ჩვენ წინააღმდეგ 50 და 100 „ნაცი“ გამოდის მხოლოდო. ოპოზიცია თუ გქვია და ფიქრობ, რომ ხალხი გიჭერს მხარს, იმდენი მაინც უნდა მოახერხო, რომ კობახიძემ „ნაცები“ არ გეძახოს და მისი დასაცინი არ უნდა გახდე. კარგად მოგეხსენებათ ჩემი დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ ერთ შემთხვევაში ვეთანხმები, დღევანდელი ოპოზიცია ხალხის აზრს არ გამოხატავს.
_ ხალხის აზრს არც „ქართული ოცნება“ გამოხატავს და არც მათ უნდა ილაპარაკონ ხალხის სახელით.
_ როგორ შეიძლება, „ქართული ოცნება“ ხალხის აზრს გამოხატავდეს?! დღეს ხელისუფლება, პრაქტიკულად, იგივე „ნაციონალური მოძრაობაა“. უბრალოდ, „ოცნება“ მეორე და მესამეხარისხოვანი „ნაცებით“ არის დაკომპლექტებული. მათში არანაირი იდეალები არ არის. მათში არ არის ის იდეაც, რომელიც 2012 წელს იყო. ამ დიდმა იდეამ ერთ მუშტად შეკრა ქართველი ხალხი და მას ბრძოლის ჟინი დაუბრუნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2012 წელმა ხალხს იმედი დაუბრუნა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს დაბრუნებული იმედი წაართვა. მე თუ მკითხავთ, ეს მმართველი პარტიის ყველაზე დიდი დანაშაულია. არ შეიძლება, ხალხს იმედი გაუღვიძო და მერე წაართვა. „ოცნების“ ასეთი საქციელი საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო ფურცლად შევა. ამას ივანიშვილსა და მის პარტიას არც ქართველი ხალხი აპატიებს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ არ აპატიებს?
_ დარწმუნებული ვარ, ამის პატიება არ შეიძლება. „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მიიღებს საკადრის პასუხს.
_ ხალხი ხელისუფლებას თუ რაღაცას არ პატიობს, მას არჩევნებზე ეუბნება უარს, მაგრამ ძველი რომ გაუშვას, მის ნაცვლად სხვა უნდა აირჩიოს. თქვენი აზრით, „ოცნების“ ალტერნატივა ის ოპოზიცია იქნება, რომელსაც თქვენ ოპოზიციად არ მიიჩნევთ, თუ რამე ახალი ძალა გამოჩნდება?
_ ეს ოპოზიცია როგორ შეიძლება, „ქართული ოცნების“ ალტერნატივა იყოს? ისინი ერთად არიან და საკუთარი ინტერესების დასაცავად მართავენ ერთმანეთში მოლაპარაკებებს. „ევროპული საქართველო“, „ევრონაცები“ მთავარი ოპოზიციური ძალა რომ იქნება, იქ რაზეა ლაპარაკი. ეს არის საქართველოს ძალიან დიდი სირცხვილი. ხელისუფლებას რომ არ მოენდომებინა, „ნაცები“ არ იქნებოდა მთავარი ოპოზიციური ძალა. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ძირითადად, ეს ორი ძალაა წარმოდგენილი _ მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება. ამას თუ არ აირჩევ, ე. ი. ისინი უნდა დააბრუნო, ვისაც ამდენი წელი ვებრძოდით.
_ საშველი არ არის?
_ საშველი როგორ არ არის, მთლად ეგრე მძიმე დღეშიც არ ვართ. ვფიქრობ, მე და ჩემი მეგობრები შევძლებთ დაპირისპირებას ამ ორ ბოროტ ძალასთან _ „ნაცებთან“ და „ქოცებთან“. საკმაოდ დიდი პოტენციალია ჩვენს ხალხში და ჩვენც ამ ხალხის შვილები ვართ. აქედან გამომდინარე, კარგად ვგრძნობთ, რა უნდათ მათ. ხალხს არასდროს დავშორებივართ. ჩვენ ისეთივე რიგითი ჯარისკაცები ვიყავით, როგორც მილიონობით ადამიანი.
2012 წელს ყველანი ერთად დავდექით და შედეგსაც მივაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ვიყავი, უარს არ ვამბობ 2012 წელს დაპირებულზე. ეს დაპირებები რომ შესრულებულიყო, ძალიან კარგი იქნებოდა, _ როგორც ქვეყნისთვის, ასე _ ხალხისთვის. პირადად მე პოლიტიკაში იმიტომ ვრჩები, რომ ეს დაპირებები შევასრულო.
_ „ოცნების“ დაპირებები უნდა შეასრულოთ?
_ ამ დაპირებებს ხომ მეც ვაძლევდი ხალხს. ჩვენ ხომ ერთად გავაღვიძეთ იმედი. ხალხის ასე დატოვება არ შეიძლება! რასაც დაჰპირდი ადამიანებს, ის უნდა შეუსრულო.
_ ამბობთ, „ქართულ ოცნებაში“ რიგითი ჯარისკაცი ვიყავიო. 2012 წელს თქვენ მართლა აქტიურად იბრძოდით „ნაციონალების“ წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ სხვა რიგით მებრძოლ ჯარისკაცებთან ერთად იმ ხალხმა ჩამოგწერათ, ვინც „ოცნებაში“ 2016 წლის შემდეგ მოვიდა. ამაზე რას იტყვით?
_ ჩვენ ახლა „ქართულ ოცნებაში“ აღარ ვართ, მაგრამ ჩამოწერილი რაზე გვეტყობა? როგორ შეიძლება, მე ვიყო ჩამოწერილი და ეგენი ჩამოუწერლები?! მე თავისუფლად დავდივარ ხალხში, ეგენი ვერ ბედავენ. მე თავისუფლად ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, ისინი ამ უფლებას მოკლებული არიან. ესაა ჩამოწერა და არა ის, რომ მე „ქართულ ოცნებაში“ აღარ ვარ.
_ გასაგებია, მაგრამ პარტია მაგათ დარჩათ და ძველ „მეოცნებეებს“ იქიდან წამოსვლა მოგიწიათ.
_ ეს არაფერი არ არის. დროის პატარა მონაკვეთში მათ ჰგონიათ, რომ რაღაცას წარმოადგენენ, მაგრამ ეს ყველაფერი ოქტომბერში დამთავრდება. ეს ადამიანები ვერაფერს აცნობიერებენ. წარმოდგენა არ აქვთ არც ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოვლენებზე და არც _ შიდა საფრთხეებზე. მათ მხოლოდ ის იციან, თუ როგორ დაიცვან თავიანთი ინტერესები. მათთვის მთავარია, შავი მანქანებით ისრიალონ, დანარჩენი არ აინტერესებთ. ჩამოწერილები არიან, აბა, რა არიან. ოქტომბერში საბოლოოდ ჩამოწერს მათ ხალხი. მათგან განსხვავებით ჩვენ ხალხთან ვართ ანგარიშვალდებულები, ეგენი _ ივანიშვილთან.
_ ყველაფრის მიუხედავად, გული არ გწყდებათ, რომ ახლა ის ხალხია პარტიის სათავეში, ვისაც 2012 წელს ებრძოდით?
_ დღეს „ქართული ოცნების“ სათავეში ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ებრძოდნენ. ეს ცხოვრება ბრძოლაა, ასე რომ, ამის გამო გული არ მწყდება. ამათ ვერ გაიგეს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ხალხის მსახურებაა და არა საკუთარი ინტერესების დაცვა. ჩვენ ხალხისთვის და ქვეყნის საკეთილდღეოდ ვიბრძოდით, ესენი _ საკუთარი სავარძლებისთვის. ესაა ჩვენ შორის განსხვავება. ბრძოლა ცხოვრებას ახლავს თან და ის დაუსრულებელი პროცესია. გააჩნია, ვინ რისთვის იბრძვის. ჩვენი ბრძოლაც გრძელდება.
_ „ოცნებასა“ და ოპოზიციის დაპირისპირებაში გამარჯვება ვის დარჩება, ვის მხარეს დაიჭერს ხალხი?
_ ვინც იბრძვის, ის იმარჯვებს, ხალხიც მას უჭერს მხარს. ოპოზიცია ნამდვილად არ ებრძვის „ოცნებას“. ისინი კაბინეტებში რაღაცებზე თათბირობენ, რასაც ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ ხალხის გულის მოგებას. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, მესამე ძალა ვიყოთ. ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელიც დაპირებებს შეასრულებს და ყველას აგებინებს პასუხის იმის გამო, რომ ხალხი 30 წლის მანძილზე ასეთ მდგომარეობაში აცხოვრა.
შემოდგომაზე ამ ორი ძალის ჭიდილიც დასრულდება. ხალხი „ნაცებსაც“ უარს ეტყვის და _ „ქოცებსაც“. ოპტიმისტურ პროგნოზებს კი აკეთებს ხელისუფლება, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა გამარჯვების მთავარი პარტნიორი _ ქართველი ხალხი. აწი რას გაითვალისწინებს და რას _ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ ექნება.
ქართველი ხალხის მხარდაჭერის დაკარგვის უნდა ეშინოდეს ყველაზე მეტად „ოცნებას“, თორემ ბიუჯეტის ვირთხებს, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ იმ მოპარულის დათმობა, რასაც ამ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში იპარავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორების, კონგრესმენებისა და ქართველი ხალხის აზრი, შეფასება, კრიტიკა ძალიან ემთხვევა ერთმანეთს, ფაქტია „ოცნებას“ არც ერთ ენაზე არ ესმის, რადგან ინგლისურის მცოდნეებმა პარტია დატოვეს, ქართული კი მათ თავიდანვე არ ესმოდათ. მოკლედ, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა, დასავლელმა პარტნიორებმა მას ვერდიქტი გამოუტანეს. ყველაზე დიდი სანქცია კი 2020 წელს ექნებათ, როდესაც საკუთარი მოსახლეობა უარს ეტყვის, რადგან მათი ქმედება აბსოლუტურად არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

შორენა მარსაგიშვილი