მთავარი პოლიტიკა ჰიბრიდული სიმინდის „ნაციონალური სიკეთე“ – რატომ დაზარალდნენ ფერმერები?

ჰიბრიდული სიმინდის „ნაციონალური სიკეთე“ – რატომ დაზარალდნენ ფერმერები?

1340
0
გაზიარება

sim

ალბათ ყველას კარგად გახსოვთ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომელიც ქართველ გლეხობას მოუწოდებდა, შეეძინათ და დაეთესათ ჰიბრიდული სიმინდი საკუთარ სამეურნეო ნაკვეთებზე. ალბათ ისიც კარგად გახსოვთ, რომ აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ფერმერები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ, რაც მალე სანანებელი გაუხდათ – ამერიკიდან შემოტანილი ჰიბრიდული სიმინდის თესლმა ქართულ მიწაში ვერ გაიხარა და ამის გამო გლეხები სერიოზულად დაზარალდნენ. დაზარალებულებს სააკაშვილი კომპენსაციების გადახდას დაჰპირდა, რაც ისევე აუსრულებელ დაპირებად დარჩა, როგორც სხვა მრავალი.

რა სიტუაციაში არიან დღეს დაზარალებული ქართველი ფერმერები და რა სკანდალური დასკვნა დადო ერთ-ერთმა კომპეტენტურმა ორგანიზაციამ აღნიშნულ პროდუქტზე?

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი:

_ 2011 წელს საქართველოში განხორციელდა სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რაც მიზნად ისახავდა სოფლის მეურნეობის დახმარებასა და განვითარებას. აღნიშნული პროგრამის შინაარსი გახლდათ ის, რომ საქართველოში შემოიტანეს ე. წ. პიონერის ტიპის ჰიბრიდული სიმინდის თესლი. აღნიშნული პროგრამა განახორციელა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოფლის მეურნეობის კორპორაციამ, რომელიც დააფუძნა სახელმწიფომ. საქართველოში შემოტანის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფერმერებს სიმინდის თესლი მიეცათ კონსიგნაციის წესით, ანუ ნისიად. ფერმერებმა სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან გააფორმეს შესაბამისი ხელშეკრულებები. სიმინდის თესლის ღირებულება მათ უნდა დაეფარათ მოსავლის აღების შემდგომ, ანუ სიმინდის თესლი შეიძინეს და ხელშეკრულებები გააფორმეს 2011 წლის გაზაფხულზე, ხოლო უნდა დაეფარათ იმავე წლის ნოემბერ-დეკემბერში. აღნიშნულმა პროგრამამ არ გაამართლა, – სიმინდის თესლი აღმოჩნდა უხარისხო, რის გამოც დაზარალდა თითქმის ყველა, ვინც შეიძინა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით ფერმერზეა საუბარი.

_ რა რაოდენობით შემოიტანეს ჰიბრიდული სიმინდის თესლი?

_ დაახლოებით, 30 ათასი ჰექტრისთვის… ვინაიდან მოსავალი არ მოვიდა, ეს, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდა ხელისუფლებისთვის, რადგან ამ პროგრამას ძალიან დიდი საზოგადოებრივი დატვირთვა და სახელმწიფო მნიშვნელობა ჰქონდა. ამ პროგრამაში ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები და თავად ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იყო ჩართული და გვახსოვს მისი კომენტარები. ვინაიდან პროგრამამ არ გაამართლა, წინა ხელისუფლება გლეხებს შეჰპირდა სიმინდის სესხის ღირებულების დაფარვას, შემდგომ კი საერთოდ ჩამოწერას და პატიებას, რადგან პირები დაზარალდნენ, გასწიეს დიდი შრომა სიმინდის თესლის, მცენარის მოსავლელად და აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ღირებულება თითო ჰა-ზე, დაახლოებით, 1700 ლარი დაუჯდათ.

_ იქნებ, ის ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი ე. წ. სტიქიური უბედურებების შედეგად არ მოვიდა? მაგალითად, იქნებ, იმ წელს გვალვა, ან სეტყვა იყო და ამან განაპირობა ზარალი?

_ მოგახსენებთ… სიმინდის თესლი რომ უვარგისი იყო, ამის შესახებ არსებობს საქართველოში ჩატარებული კვლევა, არსებობს შპს „მულტიტესტის“ (სამეცნიერი ლაბორატორიები, _ ნ. ლ.) დასკვნა, სადაც ასახულია, რომ ეს სიმინდის თესლი უვარგისი იყო. როგორც აღვნიშნე, ხელისუფლება ფერმერებს შეჰპირდა სესხის ღირებულების ჩამოწერას. ჰექტრების რაოდენობის მიუხედავად ყველას შეჰპირდნენ ჩამოწერას. ახლა კი ვისაც ერთ ჰა-ზე ჰქონდა შეძენილი, იმათ არ ედავებიან და საერთოდ დაანებეს თავი, ხოლო რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც 10, 20 და მეტ ჰექტარზე ჰქონდათ შეძენილი, მათ წინააღმდეგ რამდენიმე თვის წინ აღიძრა საქმე და ფერმერებისგან იძულების წესით მოითხოვეს სიმინდის თესლის ღირებულების ამოღება სასამართლოს გზით. უშუალოდ სოფლის მეურნეობის კორპორაცია არის გამყიდველი, მაგრამ იგი სამინისტრომ დააფუძნა და აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამად განხორციელდა, შესაბამისად, თუ გამოხატული იქნება სახელმწიფო ნება, აუცილებლად მოხდება ამ თანხის ჩამოწერა და პატიება. თუმცაღა სოფლის მეურნეობის კორპორაცია თავს იმართლებს, ის კერძო სამართლის იურიდიული პირია და სამართლებრივ ურთიერთობაში ცალკე, დამოუკიდებლად გამოდის, მაგრამ როდესაც მის უკან დგას სახელმწიფო, იმ მიზნით, რა მიზნითაც იგი დაფუძნებულია, იმ მითითებებს, რა თქმა უნდა, ასრულებს და შეასრულებს კიდეც.

_ ანუ სიტუაცია ასეთია: კერძო კორპორაციამ შემოიტანა ეს სიმინდის თესლი და სახელმწიფო აცხადებს, რომ რახან ეს კერძო კომპანიაა, ვერ ჩაერევა მის საქმიანობაში?..

_ თვითონ კორპორაციის წარმომადგენელმა თქვა ეგ სასამართლო პროცესზე, თორემ სამინისტროში ეგ არ უთქვამთ. წერილიც გაიგზავნა სამინისტროში და იქიდან იყო პასუხი, რომ ვერ მოხდება თანხების ჩამოწერა. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი წმინდა იურიდიული თვალსაზრისით კი არ უნდა განიხილონ, არამედ საზოგადოებრივი ინტერესის თვალსაზრისით და სწორედ აქედან უნდა გამოვიდეს ეს ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფომ ჩამოაყალიბა, რადგან წმინდა იურიდიული თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, შესაძლებელია, გარკვეული სიმართლის მარცვალი არის მის ნათქვამში, კი, ბატონო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს საკითხი უნდა ამოვიდეს წმინდა საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.

თქვენ მკითხეთ, – იქნებ, მოსავალი გვალვის, ან სეტყვის გამო არ მოვიდაო? იმ პერიოდში ცოტა ხნით კი იყო გვალვები, მაგრამ, მაგალითად, კახეთში, ლაგოდეხის რაიონში, დასავლეთ საქართველოში აქვთ სარწყავი არხები, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთების მორწყვა და წყლით დატენიანება. შესაბამისად, არანაირი გვალვა არ მიიღება იმის არგუმენტად, რომ მოსავალი არ მოვიდა. იმ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით არ მომხდარა ისეთი სტიქია, რომ მოუსავლიანობის მიზეზი გამხდარიყო. ზოგან სანახევროდ ამოვიდა სიმინდის მცენარე, ზოგან საკმაოდ ზრდასრული მცენარე ამოვიდა, მაგრამ ნაყოფი არ ჰქონდა და ა. შ. არასამეწარმეო, არაიურიდიული პირის სახით საქართველოში შექმნილია „სიმინდის ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირი“, სადაც შედიან ამ საკითხით დაზარალებული პირები და მათგან მაქვს სხვადასხვა ინფორმაცია, რა მიზეზებით ვერ მიიღეს მოსავალი.

_ თქვენ ვის წარმოადგენთ?

_ მე წარმოვადგენ მოპასუხე მხარეებს, იმ ფერმერებს, რომელთა წინააღმდეგაც შეტანილია სარჩელი.

_ ე. ი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ საკითხის საქმის კურსშია, ხომ?

_ დიახ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომ მივწერეთ, საქართველოში ფერმერთა კავშირის თავმჯდომარე ირინა ფხოველიშვილმა პრემიერ-მინისტრსაც გაუგზავნა ანალოგიური წერილი; პრემიერ-მინისტრმა გადაუგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რადგან ეს საკითხი მისი კომპეტენცია იყო და სამინისტროდან შემდეგი გვიპასუხეს: ვერ მოხდება სიმინდის ღირებულების ჩამოწერა!

_ დაზარალებული ფერმერების წინააღმდეგ კონკრეტულად როდის აღიძრა საქმე?

_ ა. წ., დაახლოებით, თებერვალ-მარტში და დღესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ერთ საქმეზე, რომელიც მე მაქვს, უკვე დამთავრებულია სასამართლო განხილვა და გადაწყვეტილების გამოცხადებას ველოდებით 30 სექტემბერს. სხვა პროცესები ჯერ მოსამზადებელ სტადიაშია და, სავარაუდოდ, თვენახევარში დასრულდება. დაზარალებულია თითქმის მთელი საქართველო. ფერმერებმა სიმინდის თესლი კონსიგნაციის წესით რომ შეიძინეს, სამაგიეროდ წარადგინეს საბანკო გარანტიები ბანკებიდან და სადაზღვევო კომპანიებიდან, _ თვითონ თუ ვერ გადაიხდიდნენ, კორპორაცია უფლებამოსილი იყო, ბანკისთვის მოეთხოვა ფულის გადახდა, ბანკმა კი ფერმერების უძრავი ქონებები ჩადო იპოთეკაში. შესაბამისად, კორპორაციამ მოითხოვა ამ თანხის ღირებულების ანაზღაურება, ბანკებმა და სადაზღვევო კომპანიებმა გადაუხადეს ეს თანხა და, აქედან გამომდინარე, ზოგი ფერმერი ბანკის პირისპირ აღმოჩნდა. ბანკებმა უკვე არაერთ ფერმერს გაუყიდეს საცხოვრებელი ბინა, რადგან გლეხებმა ვეღარ გადაიხადეს თანხები. როცა 40-50 ჰა-ზე შეიძინა ფერმერმა დასათესად სიმინდი და 1700 ლარი როცა დაუჯდა ერთი ჰა-ის დამუშავება, წარმოიდგინეთ, რა კოლოსალურ თანხებზე დავიდა ეს?! ამასობაში კი ერთ ჰა-ზე აიღეს 500-600 კგ. სიმინდის მოსავალი, როცა უნდა აეღოთ, მინიმუმ, 8-10 ტონა. ეს რამხელა განსხვავებაა, ხომ წარმოგიდგენიათ?! შესაბამისად, როცა მთლიანად 40 ჰა-ზე 15-20 ტონა მოსავალი აიღო გლეხმა, როცა უნდა მიეღო 300-400 ტონა სიმინდი, ვეღარ გადაიხადა ის ფული და გაუყიდეს ქონება. გარდა ამისა, გარანტორი კომპანიები კორპორაციის მიმართ არ იყვნენ ვალდებულნი, ზომები მიეღოთ ფერმერების პრეტენზიის შემთხვევაში სიმინდის თესლის უვარგისობაზე. სამართლებრივად, კანონით, მნიშვნელობა არ აქვს, ბანკი მაინც ვალდებულია, გადაუხადოს.

_ თუ ფერმერების თანხები გადახდილია, მაშინ რაღატომ უჩივის კორპორაცია მათ?

_ დიახ, მაგრამ კორპორაცია ახლა იმ პირებს უჩივის, რომელთაც საბანკო გარატნია კი ჰქონდათ მიტანილი, მაგრამ ვინაიდან გადავადებები იყო, ვადაში არ მიმართა კორპორაციამ ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს ფულის გადახდაზე, ამიტომ ბანკებმა ეს თანხა აღარ აუნაზღაურეს. ან, კიდევ, იმ ფერმერებს უჩივიან, ვისაც საერთოდ არ ჰქონდა მიტანილი. ასეთია, დაახლოებით, 15-20 ფერმერი ამ დროისთვის, დანარჩენი თანხის უმეტესობა გადახდილია. ვუკავშირდები იმ პირებსაც, რომლებმაც ქონებები ჩადეს კონკრეტულად „ჯიპიაი ჰოლდინგში“, ამ უკანასკნელმა, დაახლოებით, 400 ათასი ლარი გადაიხადა, ეს პირები კი ამ სადაზღვევო კომპანიის პირისპირ აღმოჩნდნენ. ზოგმა ფერმერმა თანხა გადაიხადა სხვა სახის მოსავლის აღების შემდეგ, რადგან უძრავი ქონება, რომელიც ჩადო სადაზღვევო კომპანიასთან, ვთქვათ, 40-50 ათასი ლარის ღირებულების გადასახდელად, ღირს 80-100 ათასი დოლარი. ლოგიკურია, რომ მას არ უნდოდა გაეყიდათ მამხელა ფასად შეფასებული მისი ქონება 40-50 ათას ლარად. ზოგმა ფერმერმა მეგობრის, ნათესავის ბინა თუ მიწის ნაკვეთი ჩადო და წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაში არიან?!. სახელმწიფომ აუცილებლად ყურად უნდა იღოს ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებული ფერმერების საკითხი და გამოხატოს სახელმწიფო ნება, რომ ეს საკითხი უმტკივნეულოდ გადაწყდეს და დაზარალებულთა კომპენსაციისკენ უნდა იყოს მომართული! არადა, სახელმწიფო ნება სრულიად საპირისპიროდ ჩანს და ეკონომიკურად ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას მარწუხებში აქცევს, რაც ბიუროკრატიული მმართველობის აშკარად წინაპირობაა. ახალ ხელისუფლებას თუ არ სურს დაემსგავსოს მის წინამორბედს, მინიმუმ, უნდა შეცვალოს მოსახლეობისადმი ამგვარი დამოკიდებულება. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მოსახლეობასთან არა ბიუროკრატიული ბალანსის შენარჩუნებაზე, არამედ დემოკრატიურლი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი პირობების დამკვიდრებაზე.

მასალაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ კომენტარისთვის დაუკავშირდა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, თინათინ სტამბოლიშვილს და დაინტერესდა, რა სიტუაცია არის დღეს დაზარალებულ ფერმერებსა და აღნიშნულ სადაზღვევო კომპანიას შორის? 

_ კიდევ ერთხელ დავაზუსტე ეგ საკითხი და, პრინციპში, სამი წელი ხომ არის უკვე გასული ამ ამბების მერე? ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად შევედით ფერმერების მდგომარეობაში, გრაფიკებიც დავაწესეთ და საშუალება მივეცით, რაც შეიძლებოდა გაეწელათ დროში გადახდა. ეს სიტუაციაა.

_ ფერმერებს საკუთარი ქონება ჰქონდათ ჩადებული?

_ იცით, როგორი პროექტი იყო? ჩვენ ვიყავით პასუხისმგებელი კორპორაციის წინაშე, რომ ფერმერები იმ თანხას გადაიხდიდნენ და, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფის სახით რაღაც უნდა ყოფილიყო აღებული, წესია ასეთი, სხვანაირად ვერ გააკეთებს დაზღვევას ვერც ერთი სადაზღვევო კომპანია… მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ყველანაირად შევეცადეთ, რომ ეს საკითხი არ გამწვავებულიყო და ამიტომ ამდენი წელი მივეცით მათ იმისთვის, რომ დაეფარათ ის თანხა.

_ დღესდღეობით ყველა ფერმერს აქვს თანხა დაფარული თქვენი ჰოლდინგისთვის?

_ 99%-მა დაფარა და მხოლოდ ერთი-ორი ფერმერი შეიძლება იყოს დარჩენილი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მივდიოდით ყველანაირ შემხვედრ ნაბიჯზე და არ ვქმნიდით პრობლემას.

_ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ფერმერებისგან თანხა სასამართლო წესით ამოიღო, თუ პირადი მოლაპარაკებებით?

_ არა, არა, მოლაპარაკების გზით. ყველას მოველაპარაკეთ, წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე, ყველას მდგომარეობაში შევედით და თანხის გადასახდელი გრაფიკებიც დავაწესეთ.

_ „ქრონიკა+“-სთან საუბარში ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, დაახლოებით, 400 ათასი ლარი გადაუხადა სოფლის მეურნეობის კორპორაციას ფერმერების საკითხთან დაკავშირებით…

_ სხვა სადაზღვევო კომპანიებისგან განსხვავებით, ამდენი ხანი ვაცადეთ ფერმერებს, რომ დაეფარათ ეს თანხა. ჩვენი ვალდებულება კორპორაციის წინაშე კი, რა თქმა უნდა, შევასრულეთ.

 

                                                                                        ნინო ლაბარტყავა

 

დატოვეთ კომენტარი