„თიბისი ბანკმა“ ბიზნესსექტორს წლიური ანგარიში წარუდგინა

„თიბისი ბანკმა“ წლიური შეხვედრა ჩაატარა, სადაც კომპანიის 2019 წლის მიღწევები და შედეგები, ასევე განვითარების სტრატეგია და სამომავლო გეგმები წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესსექტორის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.
შეხვედრას უძღვებოდნენ: „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, მისი მოადგილეები _ გიორგი თხელიძე, ნიკოლოზ ქურდიანი და ასევე ბანკის მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია.

გამომსვლელებმა ისაუბრეს „თიბისის“ ხედვასა და სტრატეგიაზე, კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მიღწევებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისა და ეკოსისტემების განვითარებასა და მაკროეკონომიკურ გარემოზე.
სპიკერების გამოსვლის შემდეგ, პანელური დისკუსიის ფარგლებში, „თიბისის“ წარმომადგენლებმა, ბიზნესპარტნიორებთან ერთად, მაკროეკონომიკური ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს.
2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „თიბისი“ ლიდერი ბანკია საქართველოში. 2018 წელთან შედარებით ბანკის სასესხო პორტფელი 22.1%-ით გაიზარდა და ბაზრის 39.5% შეადგინა, დეპოზიტების საბაზრო წილმა კი _ 39.0%. აღნიშნული მაჩვენებელი, ძირითადად, კორპორაციულ და მიკრო, მცირე, საშუალო ბიზნესების სეგმენტებში ზრდით არის განპირობებული. ბიზნესების დაკრედიტება კორპორაციულ სექტორიში 47%-ით, MSME მიმართულებით კი 18%-ით გაიზარდა.
კორპორაციულ სექტორში დაფინანსების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის, უძრავი ქონების, საკვები ინდუსტრიისა და სასტუმროების სექტორებზე მოდის, MSME სექტორში კი _ სოფლის მეურნეობის, სასტუმროებისა და ვაჭრობის სფეროებზე.
„თიბისი“ ლიდერი ბანკია საცალო სეგმენტშიც და 2.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. 2019 წელს საცალო სესხების პორტფელი, წინა წელთან შედარებით, 7.5%-ით გაიზარდა, რაც, უმეტესწილად, იპოთეკური სესხების პორტფელის ზრდით იყო განპირობებული. ამჟამად „თიბისის“ საბაზრო წილი საცალო სესხებში 40%-ს შეადგენს, საცალო დეპოზიტებში კი _ 37.9%-ს.
„თიბისის“ მიერ 2019 წელს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მოზიდულმა ფინანსურმა რესურსმა 1.5 მილიარდი ლარი (531 მლნ. დოლარი) შეადგინა.
2019 წელი „თიბისისთვის“ წარმატებული იყო საერთაშორისო გაფართოების მიმართულებითაც. „თიბისი ბანკმა“ უზბეკეთში საბანკო საქმიანობის წინასწარი ლიცენზია მოიპოვა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში საბანკო ოპერაციების განხორციელების მხრივ. „თიბისი“ საბოლოო ლიცენზიის მოპოვებასა და საბანკო ოპერაციების დაწყებას 2020 წლის ზაფხულში გეგმავს.
პარალელურად, „თიბისი“ აქტიურად ავითარებს გადახდების ბიზნესს. Payme, რომელიც უზბეკეთში გადახდების წამყვანი კომპანიაა, უკვე 1.8 მლნ. მომხმარებელს ემსახურება. Payme-ს მოგება 84%-ით გაიზარდა და მისმა შემოსავალმა 8.6 მლნ. ლარს მიაღწია.
„თიბისის“ მიერ მიღწეული კიდევ ერთი წარმატება „თიბისის“ ციფრული ბანკის _ „სფეისის“ საერთაშორისო ბაზრისთვის მომზადებაა, რაც უახლოეს მომავალში „სფეისის“ მომსახურების გერმანიაში გატანას გულისხმობს.
გასული წლის განმავლობაში „თიბისი ბანკმა“ არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო ფინანსური გამოცემებისგან. „თიბისის“ მობაილბანკი საუკეთესოდ დასახელდა მსოფლიოში, „თიბისი“ კი _ საუკეთესო ბანკად საქართველოში.

ვახტანგ ბუცხრიკიძე _ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი:
„ნებისმიერი ბიზნესის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. შესაბამისად, ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ბიზნესების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ბიზნესი გვიცხადებს ნდობას. ამის დასტურია 2019 წლის ფინანსური შედეგები, რასაც ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ. ზოგადად, „თიბისის“ მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. სწორედ ამიტომ ბიზნესებისთვის ყველა პროდუქტსა და მომსახურებას მათი საჭიროებების გათვალისწინებით ვქმნით. 2020 წლისთვის დასახული ამბიციური მიზნები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკეთესო მომსახურება მარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ“.

შეხვედრას დაესწრო პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ძირითადი წყარო იყოს.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საბანკო სისტემის როლზე ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში.

გიორგი გახარია _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი:
„თიბისი“ სისტემური ბანკია. ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაში „თიბისის“ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს, ისევე როგორც მთლიანად საბანკო სისტემას, _ სინერგია, ეფექტიანი თანამშრომლობა სახელმწიფოს, რეგულატორსა და საბანკო სისტემას შორის, _ ეს არის ჩვენი მიზანი. შეიძლება, სახელმწიფო უფრო მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას ელოდებოდეს ბიზნესისგან და, მათ შორის, საბანკო ბიზნესისგან. უფრო დაინტერესებული ვიყოთ იმით, რომ არა მხოლოდ საბანკო სისტემა, არამედ, საერთოდ, ფინანსური სექტორი იყოს მეტად განვითარებული. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარია, ჩვენ გვაქვს კარგი, დარეგულირებული თანამშრომლობა და მიმაჩნია, რომ ის ბალანსი, რომელსაც ბოლო პერიოდში მივაღწიეთ, განსაკუთრებით სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, საფუძველია იმისთვის, რომ 2020 წელი „თიბისისთვის“ და მთლიანად საბანკო სექტორისთვის კიდევ უფრო წარმატებული იყოს“.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საბანკო სექტორისთვის 2019 წელი საინტერესო და შედეგიანი იყო:
„ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ძირითადი წყარო იყოს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ღიად ვსაუბრობთ სოციალური პასუხისმგებლობის ერთად გადანაწილებაზე. აქციონერებს, კლიენტებსა და თანამშრომლებს გილოცავთ წარმატებულ წელს და გისურვებთ, რომ 2020 წელი კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყოს“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„თიბისის“ შემაჯამებელი შეხვედრა ბინზესების წარმომადგენლებთან ყოველწლიურად ჩატარდება, რომლის მიზანი იქნება, შედეგების გაცნობა და მათთვის მოსაზრებების გაზიარება.

ნენე ინჯგია