მთავარი პოლიტიკა სოსო გოგაშვილს იჭერენ ?

სოსო გოგაშვილს იჭერენ ?

659
0
გაზიარება

გენერალურმა პროკურატურამ პანკისის სპეცოპერაციის საქმის გამოძიება შეწყვიტა . დაასკვნა, რომ სახელმწიფო სწორად მოქმედებდა და დამნაშავე არც ის სპეცრაზმელია, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართულებით გაისროლა. გამოძიების დასრულების პარალელურად, პარლამენტის წინ შვილმოკლული მამის კარავი დაშალეს და მოედანიც სახელდახელოდ შემოღობეს.
პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე კითხვები ბევრია და პასუხები ამ დრომდე _ გაუცემელი. ეს სხვა და ცალკე საგაზეთო პუბლიკაციის თემაა, ამჯერად კი ქრონოლოგიურად იმ ინტრიგებზე მოგიყვებით, რომელიც „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ სოსო გოგაშვილმა და მასთან აფილირებულმა ადამიანებმა მოაწყვეს.

შეწყვეტილი გამოძიება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ, თავის მხრივ, ეს თემა დახურა და მისი ამოცანაა, პანკისის სპეცოპერაცია დავიწყებას მიეცეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს, პირველ რიგში, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ინტერესებში არ შედის. გამოძიების დასრულებამდე ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ მისი დუმილი პანკისზე ნაყიდი არ არის, რომ სულ მალე დადგება დრო, როცა გაუხმაურებელ დეტალებზე ილაპარაკებს. ეს გოგაშვილის მხრიდან, უბრალოდ, შანტაჟი იყო, რადგან გამოძიების მიმდინარეობისას მას ამ საქმეზე ჩვენება მიცემული ჰქონდა და ვალდებული იყო, ჩვენებაში ყველაფერი მოეთხრო. ამასთან, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და ყველა მოწმეს, ადვოკატების ჩათვლით, გაუთქმელობის ხელწერილი აქვს დაწერილი. ამდენად, საქმის მასალებზე საჯაროდ საუბარი არც ერთ მათგანს არ შეუძლია.
ამის მიუხედავად, საჯარო ინტერვიუმდე, პანკისის სპეცოპერაციის გრიფით საიდუმლო მასალების გამოქვეყნება ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა დაიწყო, რომელსაც პირდაპირი შემხებლობა მაჩალიკაშვილის საქმესთან არ ჰქონია, მაგრამ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მას სწორედ გოგაშვილის მხრიდან ჰქონდა დავალება, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტად გამოეცხადებინა. იგივე წყარო ამბობს, რომ ზაქარეიშვილს მასალები პანკისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატმა მიაწოდა. მასალებს, გოგაშვილთან კონსულტაციების შემდეგ, ირაკლი ზაქარეიშვილი ფრაგმენტულად აქვეყნებდა .პუბლიკაციების მიზანი , ერთი მხრივ, მაჩალიკაშვილების ტერორისტებად გამოცხადება, მეორე მხრივ კი მალხაზ მაჩალიკაშვილის პროვოცირება. გახლდათ .
ადვოკატი ზაქარეიშვილი ერთადერთი პირი არ ყოფილა, რომელსაც სოსო გოგაშვილი არა მხოლოდ მაჩალიკაშვილების, არამედ ჩემ წინააღმდეგაც იყენებდა. ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ბოლო ორი წელია ეწევა ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი ოჯახის, მეგობრების , ჩემი შვილის წინააღმდეგაც და მისი ამოცანა, ამ შემთხვევაშიც, ძალიან მარტივია, _ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის პროვოცირება.
მას შემდეგ, რაც გოგაშვილმა, მაჩალიკაშვილების წინააღმდეგ ფონი უკვე მოამზადა, თავად მისცა ინტერვიუ საეჭვო რეპუტაციის საინფორმაციო სააგენტო „ალტ ინფოს“, რომელიც, თავის დროზე, „ფეისბუქმა“ ანტიდასავლური კამპანიის გამო დაბლოკა. ინტერვიუში მას ახალი არაფერი უთქვამს იმის გარდა, რომ თავის მხრივ ,ფონი მოუმზადა, არც მეტი არც ნაკლები, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს იმ „სკანდალური“ განცხადებისთვის, რომელიც მან მოგვიანებით „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ გააკეთა _ რომ მე, ჟურნალისტი ელისო კილაძე, ვაქეზებდი მალხაზ მაჩალიკაშვილს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ!!! მარიამ კუბლაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ადამიანურად სპეცრაზმელს შეეშალა და თემირლან მაჩალიკაშვილი მისი შეცდომის გამო დაიღუპა.რაც იმას ნიშნავდა რომ პანკისის სპეცოპერაციის მთელი პასუხისმგებლობა სწორედ სპეცრაზმელს აკიდა და ოპერაციის დამგეგმავი, ხელმძღვანელი და ბრძანების გამცემი ამ პასუხისმგებლობისგან სრულად გაათავისუფლა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელობის საქმის მასალების გაშუქება ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის პარალელურად დავიწყე.
ჩემი პირველი რესპონდენტი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი იყო, რომელთან ინტერვიუც მასთან სახლში ჩავწერე და დიდხანს ვიღებდი მადლობებს ობიექტურად გაშუქებული ფაქტების გამო. ამის შემდეგ „ქრონიკა+“-ის კახეთის ბიუროს ხელმძღვანელ მაკა მოსიაშვილთან ერთად წავედი პანკისში და მალხაზ მაჩალიკაშვილი პირადად ჩავწერე. ასე გავიცანი ეს არაჩვეულებრივი ოჯახი _ თემირლანის დედა მედიკო მარგოშვილი, და და თემირლანის ბებია, რომლებიც დღეს ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები არიან. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის მზად ვიქნები, მათ სიმართლის დადგენაში დავეხმარო.
რაც შეეხება მარიამ კუბლაშვილს, არასოდეს მომწონდა მისი კომპეტენცია და ლოგიკა, მაგრამ რაკი მალხაზ მაჩალიკაშვილი მას ენდობოდა (მარიამის დედა ვახას ბიძაშვილია), არ მიმაჩნდა საჭიროდ, კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობაში ჩავრეულიყავი. როცა ხელისუფლების მხრიდან მაჩალიკაშვილის ოჯახზე თავდასხმები და ცილისწამებები გახშირდა, საქმემ კი ერთ ადგილას ტკეპნა დაიწყო, ვახა რამდენჯერმე დაიბარეს და საათობით ჰკითხავდნენ იმ საქმესთან მიმართებით, რომელთანაც პირდაპირი შემხებლობა არ ჰქონდა. პარალელურად კი რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქციები დაიწყო. დღის წესრიგში დადგა მაჩალიკაშვილის საქმეზე ადვოკატის დამატების საკითხი. აქციების საორგანიზაციო ჯგუფის სხდომაზე, სადაც ჩემ გარდა რამდენიმე სხვა ადამიანი შედიოდა, ეს საკითხი განვიხილეთ , ცნობილმა ადვოკატებმა ვალერი გელბახიანმა, ზაზა ბიბილაშვილმა და სხვებმა. საქმეში უსასყიდლოდ ჩართვის სურვილი გამოთქვეს, მაგრამ მარიამ კუბლაშვილის მხრიდან გაუგონარ წინააღმდეგობას წავაწყდით. საბოლოო ჯამში, სწორედ ასეთი პოზიციის გამო, მაჩალიკაშვილის საქმეს მან სხვა ადვოკატები არ გააკარა.
პირველი ეჭვები კუბლაშვილის ობიექტურობაზე მას შემდეგ გამიჩნდა, რაც გზადაგზა მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცალკეული მაღალჩინოსნების საჯარო ქება დაიწყო, მათ შორის, განსაკუთრებულად მოსწონდა გიორგი კვირიკაშვილი. მოგვიანებით კი ჩემმა წყარომ ინფორმაცია მომაწოდა კუბლაშვილის კავშირებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და დამისახელა იმ პირის ვინაობაც, რომელმაც ის ამ უწყებას დააკონტაქტა. ცხადია, წყაროს ვენდობოდი, ამიტომ, გარკვეულწილად, კუბლაშვილისგან დისტანცირება მოვახდინე, მაგრამ მას მერე, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა მისი მოსკოვური ვოიაჟების შესახებ, გაცხადდა ასევე, რომ ის იყო „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, კონსტანტინე მორგოშიას ადვოკატი მაშინდელი „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ, კუბლაშვილთან კომუნიკაცია დავასრულე.
მიუხედავად ამისა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მარიამ კუბლაშვილი სოსო გოგაშვილის “ოქროს მოწმე” გახდებოდა ჩემ წინააღმდეგ და საჯაროდ გააკეთებდა განცხადებას, რომ გოგაშვილის წინააღმდეგ ვახა მაჩალიკაშვილს მე ვაქეზებდი.
კუბლაშვილ-გოგაშვილის ვერსია ჩემს წაქეზებასთან დაკავშირებით საბოლოოდ ასე ჩამოყალიბდა:
თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის მერე „ქრონიკა+“-ის ოფისში მოსულა მარიამ კუბლაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, მე მათთვის მითქვამს, რომ მივიღე ინფორმაცია სოსო გოგაშვილის შესახებ, მინახვებია გოგაშვილის ამობეჭდილი ფოტო, ამის მერე მარიამ კუბლაშვილი ვახასთან ერთად წასულა პანკისში, თემირლანის დედისთვის უჩვენებია გოგაშვილის ფოტო, და მედიკო მარგოშვილს დაუდასტურებია, რომ ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება, ანუ სოსო გოგაშვილი, ნამდვილად იმყოფებოდა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დილას ზეწოლას ახორციელებდა მასსა და მისი ოჯახის წევრებზე.
კუბლაშვილის მონაყოლი, ცხადია, სრული სიცრუეა, მაგრამ სიმართლეც რომ იყოს, რაში გამოიხატება აქ წაქეზება ? ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება ჟურნალისტის პირდაპირი მოვალეობაა. არასოდეს მიჭირდა სოსო გოგაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებზე წერა და საჯარო განცხადებების გაკეთება, ამდენად, მასალების მიწოდება ვახა მაჩალიკაშვილისთვის ჩემი ინტერესის სფერო ცხადია არ იყო. სინამდვილეში, პანკისის სპეცოპერაციის დილას გოგაშვილის მხრიდან მაჩალიკაშვილების ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლაზე ინფორმაცია მეც სხვებთან ერთად ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის რეპორტაჟიდან შევიტყვე, რასაც მედიკო მარგოშვილთან ერთად ვახა მაჩალიკაშვილიც ადასტურებს. ორივე მათგანი აცხადებს, რომ მე მათთვის არც გოგაშვილის ფოტო მიჩვენებია და არც ის მითქვამს, რომ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა.
მარიამ კუბლაშვილის მხრიდან ეს, ერთი შეხედვით, ჩემ წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება, სინამდვილეში, ბევრად უფრო მზაკვრულია და პირადად მალხაზ მაჩალიკაშვილზეა მიმართული. ხელისუფლება მაჩალიკაშვილს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულს ედავება, თითქოს ის და მორის მაჩალიკაშვილი გოგაშვილის მამის საფლავზე აღდგომა დღეს აპირებდნენ მის აფეთქებას, ანუ თუ მე წამქეზებელი ვარ, მაჩალიკაშვილს საკუთარი ნათესავი და ადვოკატი დანაშაულის ჩადენაში ამხელს, რაც პირდაპირ სოსო გოგაშვილის ინტერესის სფერო და მისი დავალებაა. ნორმალურ ქვეყანაში კი ადვოკატი, რომელიც საკუთარი კლიენტის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს ან არღვევს კლიენტთან ურთიერთობის კონფიდენციალობას, ადვოკატი აღარ არის !!!
სამწუხაროდ, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ სოსო გოგაშვილის მიერ ორგანიზებულ კამპანიაში, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილთან და მარიამ კუბლაშვილთან ერთად,კიდევ ერთი ადვოკატი მამუკა ნოზაძეც ჩაერთო.
ზოგადად, როგორც ჩანს, ადამიანს არასოდეს არაფერი არ უნდა გაუკვირდეს, მაგრამ ნოზაძეს, წინა ორი ადვოკატისგან განსხვავებით, ნამდვილად მეგობრად მივიჩნევდი. ყველა მისი სკანდალური მასალა გაზეთში სისტემატურად იბეჭდებოდა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნებისას მამუკა ნოზაძის მხარე დავიჭირე !
მასალა, რომელიც მამუკა ნოზაძემ გაზეთის ჟურნალისტ ნელი ვარდიაშვილს გადასცა, ნინო გვენეტაძის საქმიანობას ეხებოდა. ინტერვიუს თან ახლდა ფოტოები, რომელიც იუსტიციის საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარეს მოსამართლეებთან ბანკეტზე ჰქონდა გადაღებული. იმთავითვე ცხადი იყო, რომ რიგით ადვოკატს ამ ფოტოების მოპოვება გაუჭირდებოდა, მაგრამ დეტალების გარკვევა არ დამიწყია. მასალის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დამირეკა საინფორმაციო სააგენტო „ფრონტნიუსის“ რედაქტორმა რაულ ქირიამ და შეხვედრა მთხოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მრჩეველ ხათუნა პაიჭაძესთან ერთად . მათი თხოვნა იყო, რომ ნინო გვენეტაძეზე ნოზაძის მასალა გაზეთიდან ამომეღო, რასაც, ცხადია, ჩემი უარი მოყვა. სტუმრებმა შემხვედრი წინადადება შემომთავაზეს, _ თუ ინტერვიუზე თავად მამუკა ნოზაძე იტყოდა უარს, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში? თუ რესპონდენტი უარს იტყოდა, მაშინ ცხადია, გაზეთს უფლება არ ჰქონდა, ინტერვიუ დაებეჭდა.
ამის შემდეგ, როგორც ვიცი, დელეგაცია გორში წავიდა მამუკა ნოზაძესთან მოსალაპარაკებლად. საუბრის შინაარსი, ცხადია, არ ვიცი, მაგრამ ნოზაძემ დამირეკა, რომ ინტერვიუზე უარს არ ამბობდა და იმ პირის ვინაობაც დამისახელა, რომელიც მასთან მოსალაპარაკებლად ჩაიყვანეს, ასევე მესაუბრა იმ პირობებზეც, რომელიც მას შესთავაზეს. ასე და ამრიგად, მასალა სრულად დაიბეჭდა და ნოზაძის მიერ ახლა გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ გვენეტაძის მრჩეველს ინფორმაცია მასალაზე მე მივაწოდე, სრული ბოდვაა. „ქრონიკა+“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ვარ პირადად მე, გაზეთის მთავარი რედაქტორიც და, შესაბამისად, თუ მასალის ამოღება მინდოდა, არავის ნებართვა-შეთანხმება არ მჭირდებოდა, გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მივიღებდი!!!
მეორედ შეხება მამუკა ნოზაძესთან ასევე საგაზეთო მასალის გამო მქონდა. „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნდა ბიზნესმენ ზვიად ქირიას ინტერვიუ, თუ როგორ ახევდნენ მას მომგებიან ბიზნესს მარტვილის გამგებელი და მისი შვილი მოწილის მეშვეობით და უჩა მამაცაშვილის სახელით. მამუკა ნოზაძე მეორე მხარის, ანუ უჩა მამაცაშვილის პროტეჟეს ადვოკატი აღმოჩნდა. ის რედაქციაში საპასუხო მასალისთვის მოვიდა. მასალის გამოსაქვეყნებლად კი ორი საგაზეთო გვერდის ყიდვა ითხოვა (პრაისის მიხედვით, ორი გვერდის ღირებულება 2000 ლარია). არანაირი კოლოსალური თანხა მისთვის არავის მოუთხოვია, როგორც ახლა გოგაშვილის დავალებით უსინდისოდ ამტკიცებს. საბოლოოდ კი მისი კლიენტის მასალა სრულიად უფასოდ გამოქვეყნდა, რადგან მეორე მხარეს პასუხის გაცემის საშუალება მივეცით. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ბიზნესმენ ზვიად ქირიაზე სავარაუდოდ, უჩა მამაცაშვილის დავალებით ზეწოლა განხორციელდა, მას შვილით დაემუქრნენ და საერთოდ აუკრძალეს „ქრონიკა+“-თან ურთიერთობა.
ეჭვები მამუკა ნოზაძისა და სოსო გოგაშვილის ურთიერთობის შესახებ ამ ფაქტიდან რამდენიმე თვეში გაჩნდა, როცა „კეთილმა“ ადვოკატმა ნოზაძემ ნებაყოფლობით იკისრა ჩემი წყაროს როლი და დეტალური ინფორმაცია მომაწოდა ვაჟა ციცილოშვილის შესახებ, რომელიც პირადი ფირებისა და გელა ღურწკაიას სკანდალში ფიგურირებდა. ნოზაძის ინფორმაციით, ის იყო ციცილოშვილის ადვოკატი სხვა ფინანსური მაქინაციის საქმეზე და მას საპროცესო პირადად მთავარი პროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძემ გაუფორმა. ადვოკატმა ასევე დამისახელა მისი თანამზრახველების ვინაობა და მიმითითა მატი სამუშაო ადგილი. (კუს ტბა, დაცვის სამსახური ) შეიძლება, ამ ინფორმაციისთვის ყურადღება არც კი მიმექცია, მაგრამ წინა დღეებში რამდენიმე პირის მეშვეობით ასევე მაწვდიდნენ „საიდუმლო“ მასალებს ერთ-ერთ გახმაურებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. ორგანიზატორად, არც მეტი-არც ნაკლები, ოთარ ფარცხალაძეს ასახელებდნენ. არადა, თითქმის უტყუარად იყო დადასტურებული, რომ თავდასხმა უჩა მამაცაშვილის დავალებით სოსო გოგაშვილის მიერ იყო ორგანიზებული.შემსრულებლებად კი ნოზაძის მიერ დასახელებული პირები ფიგურირებდნენ ,
საბოლოოდ კი, მამუკა ნოზაძეს მარიამ კუბლაშვილის დაცვა და ჩემ წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები თავად გოგაშვილმა დაუფასა _ მის დასაცავად სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საჯარო სტატუსიც კი დაწერა.
„ქრონიკა+“-ის წინააღმდეგ ორგანიზებული შტურმის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი ნინო ჯღარკავას მიერ აგორებული ახალი კამპანია და ჭორია, რომელიც ამტკიცებს, რომ მე თითქოს დავაშანტაჟე კომპანია „სვეტი“ და „მ 2“, ამის გამო კი ქალაქის ცენტრში 1000 კვ.მ. ფართს საკუთრებაში მიფორმებენ.
ამ კამპანიას ჰყავს დამკვეთი, რომელიც ნინო ჯღარკავას პირადად შეხვდა და არა თბილისში (მათი ვინაობა, შეხვედრის ადგილი და სხვა ასაგორებელი თემები ჩემთვის დეტალურად ცნობილია). ამ კამპანიას ჰქონდა ერთი ამოცანა _ ახალი დეზინფორმაციის აგორება სუსის უფროს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ. მასზე და მის გარემოცვაზე ამ დღეების განმავლობაში რამდენიმე „სკანდალური“ ინფორმაცია მომაწოდეს სხვადასხვა წყაროს გამოყენებით, რომელიც გადამოწმების შემდეგ დეზინფორმაცია აღმოჩნდა.
ნინო ჯღარკავას მორიგ ცილისმწამებლურ სტატუსზე ყოფილი მხედრიონელისა და სოსო გოგაშვილის ხელისბიჭის, ვაჟა ნოზაძის მიერ ჩემი და ჩემი შვილის წინააღმდეგ სიცოცხლის მოსპობის მუქარა განხორციელდა, რაზედაც შინაგან საქმეთა სამინისტროს უსწრაფესი რეაგირება ჰქონდა. გამოძიება სსკ 151-ე მუხლის 1 და 2 ნაწილით დაიწყო. გაგიკვირდებათ და ვაჟა ნოზაძის ადვოკატი, არც მეტი-არც ნაკლები, ირაკლი ზაქარეიშვილი გახდა, რომელიც წლებია აქტიურადაა ჩართული ჩემ წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიაში. ყველაზე კომიკური ამ ფაქტში კი ისაა, რომ ირაკლი ზაქარეიშვილის წინააღმდეგ ასევე დაწყებულია გამოძიება ადევნების ფაქტზე მას შემდეგ, რაც მან ფარული თვალთვალის შედეგად გადაღებული ჩემი ფოტო „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.
სოსო გოგაშვილის მხრიდან „ქრონიკა+“-ისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ ორგანიზებული ცილისმწამებლური კამპანია არც პირველია და, როგორც ჩანს, არც ბოლო იქნება. თანამდებობაზე ყოფნისას ის სახელმწიფო რესურსებს ხარჯავდა ამ კამპანიის დასაფინანსებლად, რადგან „ქრონიკა+“ იყო ის ერთადერთი გამოცემა, რომელიც სისტემატურად ამხელდა მას და მის გარემოცვას. სწორედ ამიტომ ჩაუდეს ჩემს შვილს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ორგზის გამამართლებელი განაჩენის შემდეგ კი ირაკლი ზაქარეიშვილი მუდმივად ავრცელებს იმ ტიპის შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელსაც, წესით, აუცილებლად უნდა მოყვეს ჩემი ოჯახის წევრების პროვოცირება. მას შემდეგ, რაც ამ ჯგუფმა გოგაშვილის დავალება, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. ამჯერად უკვე ყოფილი მხედრიონელი, ვაჟა ნოზაძე ღიად იმუქრება !
რატომ გააქტიურდა სოსო გოგაშვილი ახლა?
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მან შეხვედრა სთხოვა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მისგან უარი მიიღო. იგივე წყარო ამბობს, რომ გოგაშვილის ხტუნვა და მუქარები ხელისუფლებაში ყველას ყელში ამოუვიდა და მისი დაკავება უკვე გადაწყვეტილია ! ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია სუსის სპეცსახსრების ხარჯვის კანონიერების გამოძიება (7 მილიონ ლარზე), ამას ემატება ასევე კორუფციული გარიგებები, რომელიც რამდენიმე სამშენებლო კომპანიას უკავშირდება. ჩემი წყარო ამბობს, რომ ჩემ მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიის პარალელურად, სწორედ სოსო გოგაშვილი იდგა ყველა იმ დეზინფორმაციის უკან, რომელსაც ამ დღეებში ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მაწვდიდნენ.
„ქრონიკა+“ ამ თემის დეტალებს აზუსტებს და სრულყოფილ მასალას გაზეთის მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

ელისო კილაძე

დატოვეთ კომენტარი