მთავარი ინტერვიუ სოსო ხახუტაშვილი: შპს „ტრავმატოლოგის“ დამფუძნებლებმა სახელმწიფო ქონება მიიტაცეს“

სოსო ხახუტაშვილი: შპს „ტრავმატოლოგის“ დამფუძნებლებმა სახელმწიფო ქონება მიიტაცეს“

306
0
გაზიარება

2011 წელს, სავარაუდოდ, თაღლითური სქემა განხორციელდა სააქციო საზოგადოება „ტრავმატოლოგის“ მიმართ. უფრო კონკრეტულად კი: სს „ტრავმატოლოგის“, ეკონომიკის სამინისტროსა და სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, განიზრახეს სახელმწიფო ქონების გამოყენებით, თაღლითური გზით, კრედიტის უკანონო მიღება, წინასწარი შეცნობით დანაშაულის გზით ქონების მოპოვება, რა მიზნითაც 2011 წლის 7 სექტემბერს ნოტარიულად გააფორმეს „გირავნობაზე ხელმოწერის დამოწმების“ აქტი. აღნიშნულ საქმეზე სამართლიანობის აღდგენისა და ქონების უკან სახელმწიფოსთვის დაბრუნებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, დღემდე არანაირი ნაბიჯი არ განხორციელებულა.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ აუდიტორულ-იურიდიული კომპანია MY EXPERT-ის იურისტ სოსო ხახუტაშვილს ესაუბრა:

_ წინასწარი შეთანხმებით ორგანიზებულმა ჯგუფმა: სს „ტრავმატოლოგის“, ეკონომიკის სამინისტროსა და სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა, განიზრახეს სახელმწიფო ქონების გამოყენებით, თაღლითური გზით, კრედიტის უკანონო მიღება, წინასწარი შეცნობით დანაშაულის გზით ქონების მოპოვება, რა მიზნითაც 2011 წლის 7 სექტემბერს ნოტარიულად გააფორმეს „გირავნობაზე ხელმოწერის დამოწმების“ აქტი #110951460 (07/09/2011წ.), რომელიც, თავისი შინაარსით, წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას. ხელშეკრულების მხარეები არიან, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო, მეორე მხრივ, _ შპს „ტრავმატოლოგი“. ხელშეკრულების გაფორმების საფუძვლად მითითებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი _ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ“ დებულება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის #44153 ბრძანება და სს „ტრავმატოლოგის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთლარიანი ნომინალური ღირებულების 2 114 117 ცალი აქციის (სახელმწიფოს წილი 100%) შპს „ტრავმატოლოგის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 აგვისტოს #15/08/02 განკარგულება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მითითებულ ნორმატიულ აქტებს.
_ რა ნაწილში ეწინააღმდეგებოდა?
_ განკარგულების გამოცემის დროს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი. პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. სააქციო საზოგადოებაში, რომელიც გასხვისდა, სახელმწიფოს წილი იყო 100%, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი განკარგულების გამოცემის დროს არ მოქმედებდა კანონის ფარგლებში.
_ როგორ განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვა?
_ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს: გამყიდველი გადასცემს, ხოლო მყიდველი მიიღებს საკუთრებაში ერთლარიანი ნომინალური ღირებულების 2 114 117 ლარის აქციას. მყიდველი ვალდებულია, საპრივატიზაციო საფასური 1 498 685 ლარის ოდენობით გადაიხადოს შემდეგი გრაფიკით:

  1. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში საპრივატიზაციო თნხის 20%, ანუ 299 737 ლარი;
  2. 2011 წლის პირველ დეკემბრამდე საპრივატიზაციო თანხის დარჩენილი 80%, ანუ, 1 198 948 ლარი (ხელშეკრულებაში მითითებული არ არის სს „ტრავმატოლოგის“ აქტივების გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტისა და დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შესახებ).
    ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია:
    ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში გადაიხადოს საპრივატიზაციო თანხები და გამყიდველს წარუდგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. 2011 წლის პირველ ნოემბრამდე სამედიცინი პროფილით ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოს სს „ტრავმატოლოგის“ კაპიტალში არსებული ქონების საჭირო ავეჯით, კომპიუტერული მოწყობილობით, სამედიცინო დანადგარებით და ინვენტარით აღჭურვა;
    საკუთრების უფლებასთან ერთად მარეგისტრირებელ ორგანოში დაარეგისტრიროს ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებები, მათ შორის, საპრივატიზაციო საფასურის გადახდა.
    მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მისი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. მყიდველს „ქონების“ მფლობელობის უფლება გადაეცემა საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად ითვლება „გამყიდველის“ მიერ მათი შესრულების წერილობითი ფორმის დადასტურების მომენტიდან.
    გამყიდველის თანხმობის გარეშე მყიდველს ქონების საპრივატიზაციო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება, განკარგოს (გაასხვისოს ან სხვაგვარად უფლებრივიად დატვირთოს) ქონება.
    ხელშეკრულების გაფორმების მეორე დღეს, 2011 წლის 8 სექტემბერს, სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების“ რეესტრის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ სს „ტრავმატოლოგის“ ფასიანი ქაღალდების რეესტრის მონაცემებში შპს „ტრავმატოლოგის“ სახელზე დარეგისტრირებულია 2 114 147 აქცია.
    2011 წლის 13 სექტემბერს, ხელშეკრულების გაფორმებიდან მე-6 დღეს, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება სს „ტრავმატოლოგსა“ და სს „საქართველოს ბანკს“ შორის 1 000 000 აშშ დოლარის კრედიტზე. ხელშეკრულებას ხელს აწერს დავით ჩხატარაშვილი. ხელშეკრულება უზრუნველყოფილია სს „ტრავმატოლოგის“ სახელზე რეგისტრირებული ქონებით, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო.
    2011 წლის 13 სექტემბერს შპს „ტრავმატოლოგის“ მეწილეებს: იზოლდა გურგენიძესა და თეიმურაზ სალდაძეს, ვალდებულებით ჰქონდათ დატვირთული მათ სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინა, ხოლო დავით ჩხატარაშვილის სახელზე ქონება საერთოდ არ არის აღრიცხული, შპს „ტრავმატოლოგის“ საწესდებო კაპიტალი კი შეადგენს 500 ლარს. მეწარმეთა რეესტრში დარეგისტრირებული ჰქონდათ დავით ჩხატარაშვილს 34%, იზოლდა გურგენიძესა და თეიმურაზ სალდაძეს 33%-33%, რომლებმაც გირავნობის სამი ხელშეკრულება გააფორმეს სს „საქართველოს ბანკთან“: ერთი _ 680 000 აშშ დოლარზე, ორიც _ 660 000 აშშ დოლარზე. 2013 წლის 11 სექტემბერს შპს „ტრავმატოლოგმა“ საქართველოს ბანკთან გააფორმა ოთხი გირავნობის ხელშეკრულება 3 000 000 აშშ დოლარზე. ამ პერიოდში ქონება ირიცხებოდა სახელმწიფოს სახელზე. საჯარო რეესტრში ხელშეკრულებები დარეგისტრირდა 2011 წლის 23 დეკემბერს. იგივე ქონება ერთი წლის შემდეგ 2012 წლის 27 დეკემბერს, იპოთეკით დაიტვირთა (იპოთეკის ხელშეკრულენა #123123126670) სს „თიბისი ბანკში“, იგივე ქონება შპს „ტრავმატოლოგმა“ 2014 წლის 23 მაისს გირავნობის ხელშეკრულებით დატვირთა „საქართველოს ბანკში“
    (ხელშეკრულება #GAP000053616) და აიღო ბანკიდან 5 000 000 აშშ დოლარი. ამ კორუფციულ გარიგებებზე იმისთვის, რომ გამართლებული ყოფილიყო პრეზიდენტისა და სამინისტროს ქმედებები, სახელმწიფო ქონების უფლებრივად დატვირთვაზე 2011 წლის 13 სექტემბრის #04/20149 წერილით, ეკონომიკის სამინისტრომ არ დააკმაყოფილა შპს „ტრავმატოლოგის“ მოთხოვნა და უარი უთხრა სახელმწიფო ქონების ვალდებულებით დატვირთვაზე. ეს, რა თქმა უნდა, ფორმალურად გაკეთდა. ამ უკანონო ქმედებებზე არც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და არც ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.
    _ ე. ი. სახელმწიფო ქონება, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს, შპს „ტრავმატოლოგმა“ იმგვარად გამოიყენა, რომ არც სააქციო საზოგადოების კოლექტივი და არც სახელმწიფო არანაირ სარგებელს არ იღებს, მდიდრდება ბანკი და სამი შპს-ს დამფუძნებელი?
    _ ვინ გამდიდრდა და როგორ გამდიდრდა, ეს გამოძიებით უნდა დადგენილიყო. საუბედუროდ, ამ საქმით დღემდე არავინ დაინტერესებულა. გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ქონება მიიტაცეს, შპს „ტრავმატოლოგის“ დამფუძნებლებმა დაიწყეს არასასურველი თანამშრომლების დისკრიმინაცია და სამსახურიდან მათი განთავისუფლება. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მოგვეძიებინა დოკუმენტები და მიგვემართა ეკონომიკის სამინისტროსთვის, რაზედაც მათ დღემდე არანაირი რეაგირება არ გაუკეთებიათ.
    _ რა დანაშაულის ნიშნებს ითვალისწინებს მათ მიერ, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაული?
    _ როგორც სამინისტროსთან მიწერილ წერილებში გვაქვს მითითებული, საორიენტაციოდ, ჩადენილია დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თაღლითობა); 186 მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა); 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით (კრედიტის უკანონო მიღება); 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა).
    _ ამ ეტაპზე ხელისუფლებას რისი გაკეთება შეუძლია?
    _ მიგვაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენისა და ქონების უკან, სახელმწიფოსთვის დაბრუნებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, სახელმწიფო კონტროლით საჭიროა ჩატარდეს აუდიტორული შემოწმება შრომითი კოლექტივის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ. დღეის მდგომარეობით ქონების მფლობელია კორპორაცია „ევექსი“. რა თქმა უნდა, მან შეიძენა ქონება, რომლის ძველი მეპატრონეც არ იყო კეთილსინდისიერი მფლობელი. ქონება უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს და შემდგომში განხორციელდეს განსახელმწიფოება კანონით დადგენილი წესით.
    _ ანალოგიური შემთხვევები ხომ არ არის სხვა პრივატიზებულ სამედიცინო დაწესებულებებშიც?
    _ რა თქმა უნდა, ამაში ეჭვიც არ მეპარება. თაღლითური სქემა, რომელიც განხორციელდა სააქციო საზოგადოება „ტრავმატოლოგის“ მიმართ, არ უნდა იყოს გამონაკლისი. არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიმართ, არამედ ყველა ლიკვიდური ობიექტის მიმართ, რომელზედაც შეიძლებოდა ყოფილიყო ფინანსური და პოლიტიკური დაინტერესება.
    _ პოლიტიკურ დაინტერესებაში რას გულისხმობთ?
    _ ამომრჩევლებს, რომლებიც ამ დაწესებულებებში მუშაობენ.
    დღეს შრომის ბირჟაზე სერიოზული კონკურენციაა, შესაბამისად, კოლექტივი მხარს უჭერს იმას, ვინც მას ასაქმებს.

ნენე ინჯგია

დატოვეთ კომენტარი