77 სერტიფიკატშეჩერებული ექიმი

29 წლის ნატო ფილიას საქმეს დღეს პროკურატურა სწავლობს. „ქრონიკა+“ წინა ნომერში წერდა, თუ რატომ უჩივის ახალგაზრდა ქალი ექიმებს. მას რამდენიმე წელი უტარდებოდა მკურნალობა დაორსულების მიზნით და ხელოვნური განაყოფიერებაც გაუკეთდა. უშედეგო მცდელობის შემდეგ მას ერთ-ერთმა გინეკოლოგმა უთხრა, რომ აქვს სპეციფიკური ფორმის საშვილოსნოს ღრუ, რომლის პირობებშიც ფეხმძიმობა ვერ დადგება. შესაბამისად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩატარებოდა არც ინსელმინაცია და არც _ ხელოვნური განაყოფიერება.
დღეს ნატო ფილია პროკურატურის მიერ ჩანიშნულ ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

„ქრონიკა+“ ამ საკითხთან დაკავშირებით პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე ნანა სანაიას ესაუბრება:

_ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი შემთხვევებიდან ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დგება მაშინ, თუ გამოკვეთილია სამედიცინო პერსონალის ან დაწესებულების გარკვეული ბრალეულობა. მაგალითად, იქ, სადაც არასათანადო მკურნლობა მიმდინარეობდა ან მკურნალობის პროცესში გარკვეული შეცდომები იყო დაშვებული და ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ექიმის ბრალეულობა არ არის, საკითხი საბჭოზე არ განიხილება
_ ნატო ფილიას შემთხვევაში რა ხდება?
_ აქ საქმე ბევრად სერიოზულად დგას. ამ ეტაპზე საქმეს პროკურატურა სწავლობს და ჩვენ აუცილებლად დაველოდებით „სამხარაულის ექსპერტიზის“ პასუხს. მანამდე კი, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, აღვნიშნავ შემდეგს: თუ გამოკვეთილია უშვილობის მიზეზი და როგორც ჩემი განმცხადებელი (ნატო ფილია) ამბობს, ეს არის საშვილოსნოს ღრუს სპეციფიკური ფორმა, რომლის ოპერირების შემდეგ უშვილობის პრობლემა მოიხსნება, მაშინ, პირველ რიგში, იმ ექიმების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლებმაც ახალგაზრდა ქალს ხელოვნური განაყოფიერება ჩაუტარეს. როგორც ვიცი, ინსელმინაცია ჩატარდა სხვა კლინიკაში და ინ ვიტრო განაყოფიერება _ სხვაგან.
_ იქ იყო კიდევ ფინანსური საკითხები, მაგალითად, პაციენტის განცხადებით, მას მკურნალობა არარეალური და შეუსაბამო თანხები დაუჯდა…
_ ასე შევთანხმდეთ! ნატო ფილიას საერთოდ უფასოდ რომ ჩატარებოდა ეს პროცედურები ან მინიმალური თანხა გადაეხადა, თუ დადგინდა, რომ პროცედურა არასწორად ჩატარდა, უფრო ზუსტად, არ უნდა ჩატარებულიყო საერთოდ, მერწმუნეთ, ფინანსური კომპენსაციის საკითხი იგივე დგება.
_ რატომ? მას ხომ ზიანი მიადგა და ოჯახი, ფაქტობრივად, უსახსროდ დარჩა?
_ ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ბევრად მეტი ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. როგორც ვიცი, ჩემი განმცხადებლის განმარტებით, იგი ძალიან დიდი რაოდენობის ჰორმონსა და სხვა დასახელების პრეპარატებს იღებდა. ეს როგორ აისახება მომავალში მის ჯანმრთელობაზე, არავინ იცის. კიდევ ვიმეორებ, ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ ჩანიშნული ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით და კონკრეტულად, რას და როგორ ვიმოქმდებთ, მერე გეტყვით.
_ თვე-ნახევარია, პროკურატურა არ ნიშნავს ექსპერტიზას, რის გამოც ნატო ფილია ოპერაციას ვერ იკეთებს!
_ დიახ, ეს ჩვენც გაგვიკვირდა და ამ კვირაში ჩვენი ასოციაცია აპირებს, ცალკე განცხადებით მიმართოს გენერალურ პროკურატურას, ან ექსპერტიზის გადადების მიზეზი გვითხრას, ან უმოკლეს დროში ჩანიშნოს. პაციენტის განცხადება მიდევს და ჩვენი ასოციაცია უკვე გადის იურისტებთან კონსულტაციებს, მაგრამ სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ გვექნება, მანამდე ღია და საჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ.
_ კანონმდებლობით როგორ რეგულირდება ეს საკითხი, ანუ მსგავს შემთხვევებში როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა?
_ ასოციაციის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროში ყოველწლიურად იზრდება მიმართვებისა და შეტყობინებების რაოდენობა პაციენტების მხრიდან, სწორედ მათი უფლებების დაცვის მიზნით. ის, რომ საყოველთაო დაზღვევის პრირობებში გარკვეული ფინანსური ბარიერები მოიხსნა, კიდევ უფრო მწვავედ დადგა საკითხი იმისა, თუ ვინ აკონტროლებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს და ვინ ზრუნავს პაციენტის უფლებებზე! ადრე, მაგალითად, სადაზღვევო კომპანიისგან დაზარალებულ პაციენტს სახელმწიფოსა და მედიაციის სამსახურის მცირე იმედი მაინც ჰქონდა. ახლა უკმაყოფილო პაციენტმა იმ სამინისტროს უნდა მიმართოს, რომელიც თავად აფინანსებს სერვისებს, ამოწმებს მომსახურების ხარისხს და სურს, სერვისის მიმწოდებელიც იყოს.
_ გაქვთ იმის იმედი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გვერდით დაგიდგებათ?
_ არანაირად! 2010 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ მედიაცის სამსახური შექმნა, რომელიც პაციენტის უფლებების დაცვასა და დავების მოწესრიგება-მოგვარებას უზრუნველყოფდა. მედიაციის სამსახურს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2014-2015 წლებში მშობიარობისას დედისა და ჩვილის გარდაცვალების შემთხვევების შესწავლისას დადგინდა, რომ 62 შემთხვევაში ტრაგედიის მიზეზი მკურნალობისას დაშვებული შეცდომა ან ექიმების მხრიდან არასათანადო ყურადღება იყო. ამ განხილვების შედეგად, ამავე პერიოდში დაისვა 174 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, რის შედეგადაც 77 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, ხოლო 97 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, 38 ექიმს კი დაევალა შესაბამის სპეციალობაში პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა. 2016 წელს განიხილებოდა კიდევ 41 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.
2015 წელს სამინისტრომ გააუქმა აღნიშნული რგოლი. არსებობს ასევე სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო, რომელიც სამედიცინო პერსონალის გადაცდომას სწავლობს. მაგრამ აქ ყოველთვის თვალწინ მიდგას გიორგი წიკლაურის შემთხვევა, რომლის უფლებებსაც ჩვენ ვიცავდით. 25 წლის ბიჭს ქართულ კლინიკაში პირველი ხარისხის ლეიკემია დაუდგინდა ორ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების შედეგად. მკურნალი ექიმი სასწრაფოდ ქიმიის ჩადგმას ითხოვდა. ბიჭი თურქეთში გადააფრინეს, სადაც აღმოჩნდა, რომ თანდაყოლილი გულის მანკის ფონზე დაუგროვდა ჩირქი, რომელმაც გულის სარქველი გახეთქა და ფილტვში ჩაიღვარა. წიკლაურს ფილტვის დაავადებათა ცენტრში ანტიბიოტიკების გადასხმა ჩაუტარდა და თბილისში საკუთარი ფეხით ჩამოვიდა. უცხოეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ლეიკემიის არანაირი ნიშნები არ უჩვენა. სტამბოლიდან ჩამოფრენის შემდეგ კი გულზე ოპერაცია გაუკეთდა. დღეს ბიჭი შესანიშნავად არის. ქიმია რომ დაეყენებინათ, ვერ გადარჩებოდა. მის მკურნალ ექიმს მხოლოდ ორი თვით შეუჩერეს ლიცენზია და იგი დღესაც მუშაობს. იცით, რა იყო ჩემთვის გამაოგნებელი? _ გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, როდესაც გამოჯანმრთელებული გიორგი წიკლაური სამსახურში გავიდა, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებდით, რომ ექიმისა და ლაბორატორიულ დასკვნაზე ხელის მომწერთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო, მაგრამ ერთ-ერთი მათგანის პასუხმა გამაოგნა და მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა. მისი პასუხი იყო, რომ გიორგი წიკლაურს ახლაც ლეიკემია აქვს და დიდად დაიმედებული ნუ იქნებითო. იცით, რა, ეს უკვე შესწავლის სხვა სფეროა.