დიმიტრი ბიძინაშვილი: „ამერიკელები სამართლიანობისთვის ბრძოლაში მხარს გვიჭერენ“

გასულ კვირას საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი, კრის სოჩა სტუმრობდა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა, სოჩა სამი ახალგაზრდული მოძრაობის: „სირცხვილიას“, „გაბედესა“ და „შეცვალეს“ ლიდერებს შეხვდა. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, მან აქტივისტებთან ერთად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილა და საქართველოს დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში მსგავსი ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. ახალგაზრდებთან შეხვედრაზე კრის სოჩამ აღნიშნა, რომ მათი ხმები და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის გრძელვადიანი წარმატებისთვის.

როგორც აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრებზე სოჩამ ისაუბრა საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე და სენატის კომიტეტის თავმჯდომარე სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი ჩამოიტანა იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. თუმცა სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას.
ამერიკელ ჩინოსანთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა „შეცვალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიმიტრი ბიძინაშვილი. შეხვედრის დეტალებსა და ახალგაზრდების სამომავლო გეგმებზე დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ დიმა, თქვენ გასულ კვირას აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელ კრის სოჩას შეხვდით. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩომ საგანგებო განცხადება გაავრცელა. იქნებ, უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, რა ხდებოდა ამ შეხვედრაზე?
_ საქართველოში ვიზიტად ჩამოსული სოჩა ხელისუფლებასაც შეხვდა და _ ოპოზიციასაც. ყურადღებას იმ ფაქტზე გავამახვილებ, რომ სოჩა ჩვენ პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ შეგვხვდა. ეს ადამიანი პირველად არ სტუმრობს საქართველოს. სოჩა თბილისში 2012 წელსაც იყო ჩამოსული, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა და ხელისუფლება შეიცვალა. არა მგონია, უბრალო დამთხვევა იყოს, რომ ის საქართველოში ისევ საარჩევნო წელს ჩამოვიდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამ შემოდგომაზე ხელისუფლება შეიცვლება.
ამერიკელი ჩინოსანი თბილისში ყველა იმ ადამიანს შეხვდა, ვინც სიმართლისა და სამართლიანობისთვის იბრძვის. სოჩას აქ ჩამოსვლა იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა და დემოკრატია. ამის გარდა, ჩვენი საგარეო კურსი უნდა იყოს დასავლური. მხოლოდ ასე შევძლებთ უკეთესი მომავლის შექმნას. სოჩა ჩვენთან შეხვედრაზე ასევე შეეხო სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობას. მან დეტალურად იცოდა, თუ რას ვსაქმიანობთ, როგორ გვებრძვის ხელისუფლება. მოკლედ, ამერიკაში ჩვენზე ყველაფერი იციან. იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
_ მაგალითად, იცოდნენ, შარშან აქციების დროს რომ დაგაკავეს?
_ დიახ. აბსოლუტურად ყველაფერი იციან ამერიკელებმა. მათ ჩვენი საქმიანობა ძალიან კარგად შეაფასეს. სოჩა მოხარულია, რომ ჩვენ, ახალგაზრდები, უკეთესი მომავლის შექმნაში ჩართულები ვართ. ამერიკელები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სამოქალაქო მოძრაობაში სულ უფრო ბევრი ახალგაზრდა ერთვება და ყველა მათგანი ორიენტირებულია ერთ რამეზე _ საქართველოს ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. მათი აზრით, კარგი იქნება, თუ კიდევ უფრო ბევრი ახალგაზრდა ჩაერთვება პოლიტიკაში.
დღეს ბეწვის ხიდზე გავდივართ. ჩვენი ვალია, ცივილიზებულ სამყაროს დავანახოთ, რომ საქართველოს შეუძლია, ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალოს. მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაბარების პრეცედენტი ამ ქვეყანაში 2012 წელს შეიქმნა. დასავლეთშიც ფიქრობენ, რომ აქ ხელისუფლებები მხოლოდ არჩევნების გზით უნდა იცვლებოდეს, როგორც ეს დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება.
ისინი მხარს უჭერენ ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის როგორც სხვისი და საკუთარი უფლებების დასაცავად, ასევე ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ისინი ამ მხარდაჭერას გამოხატავენ ნებისმიერი ფორმით. შემთხვევითი არ იყო, რომ ამერიკელი ჩინოსნები სამოქალაქო აქტივისტებს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ შეხვდნენ.
_ ამას უკვე მეორედ ამბობთ და ეს ასეთი მნიშვნელოვანია?
_ რა თქმა უნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარს უჭერენ იმას, რასაც მოძრაობა „გაბედე“, „შეცვალე“ და „სირცხვილია“ აკეთებს.
_ დასავლეთის მხარდაჭერა ძალიან კარგია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ევროპისა და ამერიკის პოზიციები არაფერში აინტერესებს. კობახიძე და კალაძე აცხადებენ, რომ ისინი ზედაპირულ განცხადებებს აკეთებენ. ბევრი ისაუბრა დასავლეთმა პოლიტპატიმრებზე და ამათ უგულავა დაიჭირეს. ეს რას ნიშნავს?
_ ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ აგონიაში არიან, სხვა შემთხვევაში ასეთ ნაბიჯებს არ გადადგამდნენ. ხელისუფლება ცდილობს, დაშინებით და შანტაჟით უარი გვათქმევინონ სამართლიანობისთვის ბრძოლაზე. ამ ბრძოლაზე უარს არავინ იტყვის. ყველა ჩვენგანს გათვითცნობიერებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ქვეყნის წინაშე ავიღეთ. ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ გამარჯვებამდე. წარმოუდგენელია, ქართველი ხალხი რუს ოლიგარქთან ბრძოლაში დამარცხდეს.
_ და თუ მაინც დამარცხდა?
_ თუ დავმარცხდით, ეს იქნება ქართული სახელმწიფოს დამარცხება. რუსი ოლიგარქის გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვიტყვით იმ ღირებულებებზე, რისთვისაც ამდენი წელია, იბრძვის საქართველო. ის, რომ დემოკრატიას ვაშენებთ, ამით ვქმნით უკეთეს მომავალს. ოლიგარქის გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერი თავზე დაგვემხობა. უკვე არის იმის ნიშნები, რომ ხელისუფლება დიქტატურის დამყარებას ცდილობს. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. ვისზეც საქმე არაა აღძრული, მათ ფიზიკურად უსწორდებიან.
იმ მედიასაშუალებებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილება და მის პოლიტიკას არ ატარებს, პრობლემები შეექმნა _ ზოგს ინკასო დაადეს, ზოგს დიდი ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. სასწრაფოდ სთხოვენ დავალიანებების გადახდას. ამ დროს სახელისუფლებო მედიას დავალიანებები ჩამოაწერეს ან რამდენიმეწლიანი ვადა მისცეს მათ დასაფარად. არადა, მათ მეტი ვალი აქვთ, ვიდრე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს.
_ ოპონენტებთან ბრძოლაში ხელისუფლებამ დამატებითი მექანიზმები აამოქმედა. მათი პარტიული აქტივი ოპოზიციონერებს სახლთან ან ოფისთან უვარდება. როცა ამასთან დაკავშირებით „მეოცნებეებს“ კითხვა დავუსვით, გვითხრეს, _ „გაბედეს“, „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ თუ აქვთ აქციის მოწყობის უფლება, ჩვენ რატომ არ გვაქვსო? მათი კითხვა თითქოს ლოგიკურია. თქვენ რას იტყვით?
_ ეს ადამიანები არიან სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულები და ოპონენტებთან მივარდნა პარტიული დავალებაა. ასეც რომ არ იყოს, მაინც უხერხულია, როცა ხელისუფლება ოპოზიციას უწყობს აქციებს. თან ეს რვა წლის მანძილზე გრძელდება. უხერხულია ისიც, რომ აქციის მონაწილეებს ვერ ამახსოვრებინებენ „გადასაყენებელი“ ადამიანის სახელსა და გვარს. ამის გამო არ ვნერვიულობ, ეს მათი სირცხვილია. „ოცნებამ“ ვერ დამალა, რომ მათი პარტიული აქტივი ოპოზიციისთვის აქციების მოსაწყობად დარბის. ყველაზე სასაცილო იყო ის, რომ ეს ადამიანები პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის აჟღერების გამო „აღშფოთდნენ“.
_ ვითომ ვერ მიხვდნენ, რომ პარლამენტში რუსული ჰიმნი ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დაუკრა?
_ დარწმუნებული ვარ, არც მოუსმენიათ. მათ, უბრალოდ, დავალება მიიღეს და შეასრულეს. ისინი ასეთი ანტირუსები რომ ყოფილიყვნენ, 20 ივნისის ღამეს ჩვენ გვერდით იდგებოდნენ რუსთაველზე, სადაც გავრილოვის ჩამოსვლა გავაპროტესტეთ და ამის გამო თვალები დაგვთხარეს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს „მეოცნებეების“ მხრიდან რუსული რაღაცების გაპროტესტება. ყოველ ფეხის ბაბიჯზე ვაწყდებით ფაქტებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ თანამშრომლობს ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანასთან.
_ ფაქტები შეგიძლიათ დაასახელოთ? „ქართული ოცნება“ ამას არ აღიარებს.
_ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება: თეა წულუკიანის უწყება აქტიურად თანამშრომლობს მოსკოვთან _ რამდენი პატიმარი გადასცეს რუსებს ამ წლებში. იქ ამ ადამიანებს წამება და სიკვდილი ელოდებათ. ეს იცის წულუკიანმა, მაგრამ მაინც შეასრულა მოსკოვის მოთხოვნა; კარგად გვახსოვს, როგორ გააფორმა კახა კალაძემ რუსულ „გაზპრომთან“ ხელშეკრულება, როდესაც ის ენერგეტიკის მინისტრი იყო.
_ ამ ხელშეკრულებას დღემდე გრიფით „საიდუმლო“ ადევს.
_ საიდუმლო იმიტომაა, რომ საქართველოს საწინააღმდეგოა. ახლახან გავიგეთ, რომ მოქმედი პრემიერის მამას არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს შექმნილი, რომელიც რუსეთთან კავშირშია. კიდევ ბევრი ფაქტის ჩამოთვლა შემიძლია. ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს. ის ხალხი, რომელიც ახლა საბჭოთა კავშირის ჰიმნის აჟღერებას „აპროტესტებს“, ჩემ მიერ ჩამოთვლილ არც ერთ ფაქტზე არ აღშფოთებულა, სამაგიეროდ, კოლექტიური ვოლსკებისთვის ჩართული რუსეთის ჰიმნი გააპროტესტა. მათთვის ამ ჰიმნის ჩართვა ნორმალური იყო. კოლექტიური ვოლკსები „რუსულ ოცნებას“ წარმოადგენენ. ყველაზე მეტად ვოლსკის ეკუთვნის ეს ჰიმნი. ის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კიდევ ორი წელი მაინც ატარებდა კომუნისტური პარტიის წევრის მანდატს. მან და მისნაირებმა მიუგზავნეს პარტიული აქტივი ოპოზიციას.
_ ვოლსკიზე ბევრად ახალგაზრდაა ირაკლი კობახიძე, მაგრამ მისი მენტალობა უფრო საბჭოურია, ვიდე მისი ასაკოვანი კოლეგის.
_ მაგიტომაც ვთქვი, რომ კოლექტიური ვოლსკები არიან. მათ შეიძლება, კოლექტიური ივანიშვილები და კოლექტიური გახარიებიც ვუწოდოთ. ამ ადამიანების მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ საქართველოში რუსებს სასათბურე პირობები შეუქმნან. გასულ კვირას გავიგეთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის უკან რუსული „ГРУ“ იდგა. გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურს მთელი დღის მანძილზე დასდევდნენ ჟურნალისტები, მაგრამ სიტყვა ვერ ამოაგლიჯინეს, რომ რუსეთის ქმედება დასაგმობი იყო. მაშინ როცა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები განცხადებას განცხადებაზე აკეთებდნენ და მოსკოვს აკრიტიკებდნენ. ასეთ ფაქტებზე საქართველოს ხელისუფლება დუმს. ამიტომაც ვეძახი მათ „რუსულ ოცნებას“. ეს სახელი მათ უფრო უხდებათ. ხელისუფლებაში რუსეთის დახმარებით მოვიდნენ და პუტინმა აქ რუსული მმართველობის დამყარება შეძლო. ეს უნდა დავასრულოთ.
_ ამ ფონზე საინტერესო იყო ესტონეთის დაზვერვის განცხადებაც.
_ მართლა საინტერესო იყო. ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებიცაა განხილული. მათ შორის საუბარია 2020 წლის არჩევნებზე. ესტონეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთი შეეცდება, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერიოს. ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ რუსეთი ფოკუსირებული იქნება აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. მათი თქმით, უმთავრესი მიზანი არის, უზრუნველყოფილ იქნას რუსეთისთვის სასარგებლო შედეგები რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი ან დასავლეთში ყველაზე არაერთგვაროვანი გავლენის მქონე კანდიდატების მხარდაჭერით. რუსეთს სურს აჩვენოს, რომ დასავლეთს არ გამოსდის სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ეს კი არის შესაძლებლობა, ყურადღება გადაიტანონ რუსეთის პრობლემებისგან და გამოიყენონ უკვე გამოცდილი, დასავლეთის ორმაგი სტანდარტების რიტორიკა.
ესტონეთის დაზვერვა რუსი სამხედროების მიერ დე ფაქტო საზღვრის გადმოწევასაც ეხება: ამასთან დაკავშირებით ასეთი რამე უწერიათ: „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი (ABL), რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს დანარჩენი საქართველოსგან ყოფს, 2019 წელს, დიდი ალბათობით, გასული ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე დატვირთული იყო. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ABL-ის გადაწევის მცდელობები გაიზარდა, ხოლო ABL-სთან მყოფი სეპარატისტული ძალები უფრო აგრესიულები და პროვოკაციულები არიან, ვიდრე ოდესმე, აღარ ერიდებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულის მიმართ მუქარასაც. მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლების“ ავტონომია ილუზიაა – ეს მოსკოვიდან მართული მარიონეტული მთავრობაა“.
ესტონეთის დაზვერვის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებენ რუსეთის მიერ საქართველოში რბილი ძალის გამოყენებაზეც. ამასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „ძალის გამოყენებასთან ერთად სამხრეთ კავკასიაში გავლენის აგენტების გამოყენება რუსეთის ტრადიციულ არსენალშია. კლასიკური მაგალითია ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრი, ალექსანდრე გორჩაკოვის საზოგადოებრივი დიპლომატიის ფონდის ადგილობრივი „ფილიალი“, რომელიც რუსული გავლენის ინსტრუმენტია. პრიმაკოვის ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში ტარდება რუსული ენის კურსები, რუსული კულტურისა და ისტორიის გაკვეთილები, სემინარები და კონფერენციები. ერთი შეხედვით უწყინარი აქტივობების მიზანია, საქართველოს ახლანდელი და მომავალი ელიტა უფრო მიმღები გახდეს რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბიციებთან მიმართებით. ამავე დროს, რუსეთი 2019 წლის დეკემბერში აპირებდა გაეხსნა კიდევ ერთი ცენტრი გავლენის აქტივობებისთვის – „რუსკი მირის რუსული კულტურული ცენტრი“. აგრეთვე დაარსდა „რუსკი მირის ფონდი“, რომელიც რუსული გავლენის აქტივობებისთვის მუშაობს“.
ანგარიშში საუბარია საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ რუსეთის დავალებით მოქმედებენ. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია „ქართულ მარშზე“. მათთან დაკავშირებით ჩვენი ესტონელი მეგობრები ასეთ რამეს წერენ: „ბოლო წლებში საქართველოში ე. წ. ტრადიციული ღირებულებების გავრცელების პროპაგანდის დიდი ზრდა შეინიშნება. ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს „ქართული მარში“, 2017 წელს შექმნილი ქოლგა-ორგანიზაცია ექსტრემისტული მოძრაობებისთვის. მისი მიზანია, შეეწინააღმდეგოს, მათი თქმით, ქართულ საზოგადოებაზე დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ ღირებულებებს, რომელიც, მათი თქმით, ქართველებისა და ქართული საზოგადოების არსებობას ემუქრება. ეს აგრესიული მოძრაობაა, რომელიც არ ერიდება ოპონენტებზე ფიზიკურ თავდასხმას. მისი მიზანია, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირსა და NAთO-ში – დაახლოებით 15 წლის განმავლობაში არსებული საგარეო პოლიტიკური კონსენსუსის – გაწევრიანების საზოგადოებრივ მხარდაჭერას. „ქართული მარშის“ ლიდერთა შორისაა რამდენიმე პირი, რომელიც რუსეთთან და მისი გავლენის აქტივობებთან არის დაკავშირებული“.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოს პარლამენტში ზის „პატრიოტთა ალიანსი“. საქართველოს პატრიოტებს კი უწოდებენ საკუთარ თავს, მაგრამ, სინამდვილეში, რუსულ ძალას წარმოადგენენ. შეგნებულად დაირქვეს სახელად პატრიოტები, ახლა ამ სიტყვამ ფასი დაკარგა, რადგანაც პატრიოტი პატრიოტთან აღარ ასოცირდება. როცა იტყვი პატრიოტს, ჩათვალე, რომ ამის მიღმა ყველა რუსულ ძალას წარმოიდგენს. ამათი პატრიოტოობა როგორ უნდა დავიჯერო, როცა საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორ იცავდნენ ისინი რუს კომუნისტ გავრილოვს. როდესაც გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, ახალგაზრდები შევედით სხდომათა დარბაზში და ის სპიკერის სავარძლიდან გავაგდეთ. ადა მარშანია და ემზარ კვიციანი პირდაპირ ჭიდაობაზე გადმოვიდნენ, რათა ოკუპაციის მხარდამჭერი, რუსი კომუნისტი სპიკერის სავარძელში დაებრუნებინათ. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია საქართველო და მას შველა სჭირდება.
_ შველა სჭირდება, მაგრამ საშველი არ ჩანს.
_ როგორ არ ჩანს! ხალხი რომ ოლიგარქის რუსულ მმართველობას არ ეგუება, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ჩვენი პარტნიორები მზად არიან, რომ ყველანაირად გვერდით დაგვიდგნენ. მათ პირობა მოგვცეს, რომ ჩვენ გვერდით იდგებიან და ჩვენთან ერთად დაიცავენ საქართველოს მომავალს. დაგვეხმარებიან, რომ რუსულ რელსებზე გადასული ქვეყანა კვლავ დასავლურ რელსებზე დააბრუნონ.
საქართველო ამ რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. დასავლეთისთვის საქართველო ბევრს ნიშნავს და ამიტომაც ხარჯავენ უამრავ რესურსს იმაში, რომ აქ დემოკრატიული წყობა იყოს. დასავლეთმა და, პირველ რიგში, ამერიკამ, უამრავი ფული დახარჯა, რომ ქართული არმია გადაემზადებინა. ჩვენი ჯარის გაძლიერებაში მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. შეუძლებელია დაივიწყო სხვა დახმარებებიც. მარტო ცე ჰეპატიტის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების გადმოცემა რად ღირს. მილიარდების ღირებულების წამალი გადმოგვცეს.
_ ჩვენმა ხელისუფლებამ კი იმდენი მოახერხა, რომ ამ ძვირიან წამლებს ვადა გაუყვანა და ნახევარი მილიარდის ღირებულების წამალი უნდა გადაყარონ.
_ ეს იყო სამარცხვინო, ამის გაკეთება მხოლოდ ამ ხელისუფლებას შეეძლო. ესეც დასტურია იმისა, რომ მათ დასავლური დახმარებაც, ქართველი ხალხიც და ქართული სახელმწიფოც ფეხებზე კიდიათ.
დასავლეთი მილიარდებს გვახარჯავს და სანაცვლოდ მხოლოდ ასეთ რამეს ითხოვს, _ იყავით დემოკრატიულები და არ გქონდეთ მიდრეკილება ოლიგარქიისკენ, უარი თქვით ერთპიროვნულ მმართველობაზე. „ქოცთა“ აზრით კი მათ არანაირი უფლება არ აქვთ, ჩვენ რამე მოგვთხოვონ. ისინი ხომ მხოლოდ რუსეთის დავალებებს ასრულებენ. დასავლეთი კი რასაც გვთხოვს, ამის გაკეთება, პირველ რიგში, ჩვენ მოგვიტანს სიკეთეს. დემოკრატიული წყობა ნიშნავს განვითარებას. ასეთ დროს არ მოგვიწევს ფიქრი სამართლებრივ კაზუსებზე, არ დაირღვევა ადამიანის უფლებები, არ დაატერორებენ ბიზნესს, არ შეზღუდავენ თავისუფალ მედიას, არ დაიჭერენ პოლიტიკურ ოპონენტებს. როდესაც დემოკრატიული ქვეყანა გვექნება, ვერავინ მოიპარავს ბიუჯეტიდან ფულს. ეს ფული ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას მოხმარდება და არა კონკრეტული ჩინოვნიკების გამდიდრებას.
ხელისუფლებაში ოლიგარქის მოსვლის შემდეგ ყველაფერი უკან-უკან წავიდა. დღეს საქართველო გაჩერებულია და მისი ამუშავება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში შეიძლება. ხელისუფლება კი აუცილებლად შეიცვლება, ოღონდ _ არჩევნების გზით. ამაში დასავლეთი ყველანაირად დაგვეხმარება. ამერიკასა და ევროპას არ სურს, რომ საქართველოს მოსკოვის დასმული ოლიგარქები მართავდნენ. ისინი ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას სცემენ პატივს.
_ რუსებს ვახსენებთ და ბარემ, კარასინზეც გკითხავთ: ამ კაცმა გასულ კვირაში „გაგვახარა“ და განაცხადა, ქართველებს 20 ივნისი გაპატიეთო. რატომ მოგვიტევეს ის „დანაშაული“?
_ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა ის ადამიანი დასაჯა, ვინც რუსული ოკუპაციის გაპროტესტება გაბედა: ზოგს თვალები დასთხარეს, ზოგი დაიჭირეს. რუსთაველი სისხლით შეღებეს იმის გამო, რომ გავრილოვი გავაგდეთ. რამდენიმე თვის წინ გავრილოვი და კარასინი სხვა განცხადებებს აკეთებდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ გვაპატიეს. ისინი საქართველოს ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილები არიან. როცა რუსეთი შენი ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილია, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საქმე ცუდად არის. ეს სიტუაცია უნდა შეიცვალოს და აუცილებლად შეიცვლება. საქართველო გარდაუვლად დაბრუნდება დასავლურ რელსებზე.

შორენა მარსაგიშვილი