გიორგი გიუაშვილი:„სანამ ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს, ივანიშვილმა ყველაფერი თავზე დაიმხო“

„ქართული ოცნების“ რიგებიდან წამოსული გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია ოპოზიციურ ერთობას შეუერთდნენ. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ აქედანაც გაფრინდებიან. ფოფხაძის განმარტებით, ის ვერ დადგება იმ ხალხის გვერდით, ვინც ვანო მერაბიშვილთან ითანამშრომლებს. როგორც გიორგი გიუაშვილი ამბობს, ყველამ იცის, რომ გედი ფოფხაძე მერაბიშვილთან ძალიან კარგად თანამშრომლობდა და თანაც მაშინ, როცა ვანო ქვეყნის ხერხემალი იყო.

ლეიბორისტული პარტიის წევრი, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი გიორგი გიუაშვილი, ფოფხაძეს წლებია, იცნობს. ისინი ერთად იბრძოდნენ ,სანამ ვანო მერაბიშვილმა გედევან ფოფხაძე ოპოზიციას არ აახია. ეს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდა. არადა, ფოფხაძე ბორჯომში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. მთელი ოპოზიცია მის მხარდასაჭერად იყო გაერთიანებული. გიუაშვილის თქმით, მერაბიშვილს გედი ფოფხაძე ნიკა გვარამიამ და პალიკო კუბლაშვილმა შეახვედრეს.

როგორ აღმოჩნდა ფოფხაძე მერაბიშვილის ბანაკში? რა დავალებებს უსრულებდა მას? რატომ არ შეიძლება ყველასთან თანამშრომლობა? რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია? რატომ არ თმობს არაფერს ხელისუფლება? რაზეა წამსვლელი „ქართული ოცნება“ საარჩევნოდ? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს გიორგი გიუაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, თქვენ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდით იმას, რომ გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია ოპოზიციურ ერთობაში ყოფილიყვნენ. ამ ერთობაში შეიძლება, ვანო მერაბიშვილიც ვიხილოთ. ფოფხაძე ვანოს ფაქტორის გამო უარს ამბობს ოპოზიციურ ერთობასთან თანამშრომლობაზე. აცხადებს, რომ ვანოსთან ერთად გაერთიანებაში ყოფნა ჩემს ამომრჩეველზე უარყოფითად იმოქმედებსო.
_ გედი ფოფხაძის განცხადებები ღიმილისმომგვრელია. დავიწყოთ იქიდან, რომ მას საერთოდ აღარ ჰყავს ამომრჩეველი. ამომრჩველი მას არც აქამდე ჰყოლია. ბიძინა ივანიშვილის სახელით გახდა ეგ მაჟორიტარი. 2016 წელს ახალქალაქის რამდენიმე სოფელში ოქმები რომ არ გადაესწორებინათ, ფოფხაძე ვერ მოიგებდა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს ოქმები. ვთქვათ, მიღებული ჰქონდა გედის 40 ხმა, წინ 2-იანს უწერდნენ და გამოდიოდა 240. 0.1%-ით გაამარჯვებინეს გედის. ამასთან დაკავშირებით ჩვენ საჩივარი შევიტანეთ. დავკითხე საარჩევნო კომისიის წევრები. ახალქალაქელმა სომეხმა, რომელიც ამ საარჩევნო კომისიის წევრი იყო, დაადასტურა, რომ ოქმები მანქანაში გადავასწორეთო. მათ ასეთი დავალება ხელისუფლებისგან მიიღეს.
ცოტა ხნის წინ გედი ფოფხაძე იძულებული გახდა, „ქართული ოცნებიდან“ წამოსულიყო. ახლა გამწარებული ცდილობს, სადმე შეძვრეს. ათას რაღაცას ფაფხურობს, ათას რამეს მიედ-მოედება, რომ ცხოვრება ისევ აიწყოს. ის ერთი ჩვეულებრივი კარიერისტია და სადაც არ უნდა შეძვრეს, ყველგან ნახულობს პატრონს. მიეწებება მერე მას და იმის ხარჯზე ცხოვრობს, როგორც პარაზიტები იქცევიან.
_ წლების წინათ თქვენ და ფოფხაძე თანამებრძოლები იყავით…
_ ჩემდა სამწუხაროდ, წლების მანძილზე ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდა. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ერთად ვმუშაობდით. ის ბორჯომის გამგებელი იყო, მე იურიდიულ სამსახურს ვხელმძღვანელობდი. აქტიურად ვებრძოდით „ნაციონალებს“ და ერთმანეთს მაქსიმალურად ვედექით გვერდით. მასზე ყოველთვის კარგი წარმოდგენის ვიყავი. ნათქვამია, ადამიანი რომ გაიცნო, მასთან ერთად ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამოო. გედი ფოფხაძის ნამდვილი სახე მეც გვიან დავინახე, ეს მაშინ მოხდა, როცა საქმე-საქმეზე მიდგა.
ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით 2007 წლის ნოემბრის აქციებში. იმ პერიოდში მთელი ბორჯომი, ისევე როგორც საქართველოს დიდი ნაწილი, ოპოზიციურად იყო განწყობილი. 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა. ეს არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს ჩატარდა. არჩევნები მიშა სააკაშვილმა ბორჯომში წააგო. საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნები იყო დანიშნული. გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, ბორჯომის მაჟორიტარად გედი ფოფხაძის კანდიდატურა დაესახელებინა. ეს ინიციატივა ბორჯომში არსებულ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოეწონა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს პარტიები იყვნენ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციაში. ყველა მას უჭერდა მხარს. ოპოზიციამ ოფისიც ერთად ვიქირავეთ, ის ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობდა. სერიოზულად ვემზადებოდით მაისის არჩევნებისთვის. გამარჯვების შანსებიც გვქონდა. სადღაც მარტში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
ერთ დღესაც მოდის ფოფხაძე და გვეუბნება, რომ არჩევნებში აღარ მიიღებს მონაწილეობას. ის იმ შეხვედრის დეტალებსაც მოგვიყვა, სადაც ეს ამბავი გადაწყდა. არავისთვის დამალული არ იყო, რომ გედი ფოფხაძე და ნიკა გვარამია ახლო მეგობრები იყვნენ და ახლაც არიან. წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ნიკას მაღალი თანამდებობა ეკავა და არაერთხელ დაეხმარა გედის. ნიკა მეც დამხმარებია. ფოფხაძის გამო გვარამია ბოკერიასთანაც კი არის შესული.
როგორც გედი მოგვიყვა, როცა ოპოზიციამ ბორჯომში მისი მაჟორიტარად დასახელების გადაწყვეტილება მიიღო, მას ნიკა გვარამია და პავლე კუბლაშვილი შეხვდნენ. ეს უკანასკნელიც გედის კურსელია და მასთანაც მეგობრობდა ფოფხაძე. „ნაციონალმა“ მეგობრებმა ფოფხაძეს ვანო მერაბიშვილთან მოუწყვეს შეხვედრა.
_ რასთან დაკავშირებით გაიმართა ეს შეხვედრა?
_ გედის მაჟორიტარად არ უნდა ეყარა კენჭი. როგორც მოგვიყვა, მას უთხრეს, რომ ვინც კი მის გარშემო ვიდექით, ყველას დაგვიჭერდნენ და მას სრულიად მარტოს დატოვებდნენ. მან გვითხრა, _ რატომ უნდა გავრისკოთ, მოვმძლავრდეთ, უკეთეს სიტუაციას დაველოდოთ და მერე გავიდეთ ბრძოლის ველზეო. არც ის დაუმალავს, რომ კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ რაღაც-რაღაცებს სთავაზობდნენ.
_ რას სთავაზობდნენ?
_ კარგ სამსახურს. 2009 წელს ზესტაფონის ფეროს პროფკავშირებში წაიყვანეს. ძალიან მაღალ პოზიციაზე მუშაობდა. ძალიან მაღალი ხელფასი ჰქონდა. 2012 წელს „ნაციონალებმა“ რაღაც ფინანსური სამსახური შემოიღეს, რომელსაც ნათია მოგელაძე ხელმძღვანელობდა. ეს ქალი ყველას შიშის ზარს სცემდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გედი თავის დეკლარაციას ამზადებდა და წინა წლებში მიღებულ შემოსავლებს ითვლიდა. იქიდან გავიგე, რომ ზესტაფონში მუშაობისას წელიწადში გედი ფოფხაძის ხელფასი 70.000 ლარი იყო.
_ ყოჩაღ გედის, კარგი ხელფასი ჰქონია.
_ ნამდვილად კარგი სამსახური და ხელფასი ჰქონდა. ამის გარდა, მას ბორჯომში კიდევ რაღაც-რაღაცები მისცეს. ზესტაფონში კიდევ პროფკავშირებში რომ მუშაობდა, ვანოს დავალებით აქციებს უწყობდა „რიჟა“ კაპანაძეს, რომელიც საწარმოს ხელმძღვანელი იყო. მერაბიშვილს ფოფხაძე გამომძალველივით ჰყავდა. რიჟასთვის ფულის შეწერა რომ დასჭირდებოდათ, გედის დაურეკავდნენ, ის როგორც პროფკავშირების წარმომადგენელი, მუშებს გარეთ გამოიყვანდა და „რიჟას“ წინააღმდეგ აქციებს ატარებდა. ასე მიდიოდა ზეწოლა „რიჟაზე“. რიჟაც იძულებული იყო, ფული გადაეხადა. მაყუთის გადახდის შემდეგ ყველაფერი წყნარდებოდა.
_ გედი ეძახე და რა ოხერი ყოფილა.
_ ასეთია. ერთი შეხედვით ბუნჩულა და წესიერი ადამიანია, მაგრამ სინამდვილეში უნაძირალესი ტიპი და გაიძვერაა. ყველაფრის კადრება შეუძლია და ყველა ხელისუფლების პირობებში პოულობს პატრონს. 2012 წლამდე რაღაც პერიოდი მასთან საერთოდ კონტაქტი გავწყვიტე. 2012 წლისთვის ჩვენი გზები კიდევ გადაიკვეთა. მაშინ ხომ გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო საქართველოში _ „ნაციონალები“ აუცილებლად უნდა გაგვეშვა ხელისუფლებიდან. მათი ალტერნატივა „ქართული ოცნება“ იყო. ჩვენ იძულებული ვიყავით, ცუდსა და უარესს შორის გაგვეკეთებინა არჩევანი. ჩვენც ცუდი ავირჩიეთ. მაშინ უფლება არ მქონდა, რომ ფოფხაძისთვის მხარი არ დამეჭირა. ის „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო.
2016 წლისთვის სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ფოფხაძემ რაიონისთვის არაფერი გააკეთა. ხალხი მის არჩევას აღარ აპირებდა. გედის წყალობით ბორჯომში შემავალი 10-ზე მეტი სოფელი მაღალმთიანი სოფლის სტატუსის გარეშე დარჩა. მერე კი მიანიჭს ამ სოფლებს სტატუსი, მაგრამ თავიდან ამაზე მაჟორიტარმა არ იზრუნა. 2012 წელს მოსახლეობას ბევრ რამეს დაჰპირდა, მაგრამ ამ გაიძვერამ ხალხს არაფერი გაუკეთა. მაჟორიტარობა კი ისევ მოუნდა და 2016 წლისთვის სპექტაკლები დადგა. სოფელ ახალდაბაში ყველაზე ბევრი ამომრჩველი ცხოვრობს. 2016 წლის არჩევნებამდე ამ სოფელში ფოფხაძე ჩასულიც არ იყო. არჩევნების წინ ჩავიდა და იქაურებს უთხრა, _ რიგი მიზეზების გამო აქამდე თქვენთან ვერ ჩამოვდიოდი, ახლა ამ დანაშაულს გამოვისყიდი და სულ თქვენთან ვიქნებიო. ხალხის გული რომ მოეგო, სკოლაში, დაწყებით კლასებში გაკვეთილების ჩატარებაც კი დაიწყო.
_ საათები ვინ მისცა?
_ „ოცნების“ კადრი იყო და მისთვის სკოლაში საათების მიცემა რა პრობლემა იქნებოდა? მაშინაც და ახლაც განუკითხაობაა ქვეყანაში. საარჩევნოდ ის ახალდაბის სკოლაში მუშაობდა. ამის გარდა, ახალდაბელებს ცხვრები დაუკლა, სუფრები გაუშალა, აარჩევინა თავი და ამის შემდეგ ის ახალდაბაში აღარ გამოჩენილა.
_ ისევ მის განცხადებას დავუბრუნდეთ, სადაც ამბობს, რომ იმ ერთობაში ვერ იქნება, სადაც შეიძლება, მერაბიშვილი იყოსო. თქვენი მონაყოლიდან გავიგეთ, რომ სისხლიანი წლების დროს კარგად გამოუნახავს ვანოსთან საერთო ენა და ახლა რატომ უტყდება ეს?
_ ახალი პატრონის ძიებაშია და მისი ასეთი განცხადება ამას უკავშირდება. თუ დასჭირდა, ძალიან კარგად გამონახავს საერთო ენას ვანოსთან. ოპოზიციას უნდა უხაროდეს, თუკი გედისნაირი კაცი მათ გვერდით არ იქნება. კარგია თუ, ამ ერთობას ბესელიაც მოშორდება.
_ ისე, თქვენ თავიდანვე აპროტესტებდით ფოფხაძისა და ბესელიას ოპოზიციის ერთობაში მისვლას. საჯაროდ წერდით სოციალურ ქსელში კრიტიკულ სტატუსებს.
_ მიმაჩნდა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ოპოზიციას ისინი არ უნდა მიეღო. რაც შეეხება ოპოზიციურ ერთობას, ამ ერთობის შემადგენლობით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ. ეს პირადად ჩემი პოზიციაა. არ მესმის იმ ხალხის, რომელიც ამ ერთობის შექმნის გამო აღფრთვანებული არის. ეს შეიძლება, ცუდად შემოტრიალდეს.
_ რატომ არ მოგწონთ ეს ერთობა? და რატომ შეიძლება ის ცუდად შემოტრიალდეს?
_ გადახედეთ ოპოზიციის შემადგენლობას და თავად მიხვდებით, რატომაც არ მომწონს აღნიშნული ერთობა. ძალიან ჭრელი ხალხია იქ გაერთიანებული. ადრე თუ გვიან, ისინი დაიშლებიან, რაც ხალხზე ცუდად იმოქმედებს. ხალხს ისედაც არ უყვარს ოპოზიცია და კიდევ უფრო შეიძულებს. ეს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.
_ ხალხს ოპოზიცია ისედაც არ უყვარსო და ხელისუფლებაზე მეტად ეჯავრებათ ოპოზიცია?
_ ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა ჭირივით ეჯავრებათ, მაგრამ არანაკლებად სძულთ ოპოზიციაია. ხშირად მაქვს ხალხთან შეხვედრა და იცით, რას მეუბნებიან? _ ვის უნდა მივცეთ ხმა ხაზარაძეს და სანიკიძესო? არ არის ხალხი ამ ერთობით აღფრთოვანებული. ივანიშვილმა რაღაც საოცრება უნდა გააკეთოს, რომ ამომრჩველი ოპოზიციისკენ შეტრიალდეს.
_ ასე სძულთ ოპოზიცია?
_ რა თქმა უნდა. ხალხმა ყველას მიმართ დაკარგა ნდობა. მართლა ცუდი დასანახია ამდენი ჭრელი ადამიანის თავმოყრა ოპოზიციურ ერთობაში.
_ თუმცა ხალხის დაკვეთა იყო ოპოზიციის გაერთიანება.
_ ეს შემადგენლობა რომ არ იყოს, ოპოზიციის გაერთიანება მხოლოდ მისასალმებელი იქნებოდა.
_ ე. ი. თქვენ ერთობას კი არ იწუნებთ, არამედ ამ შემადგენლობის წინააღმდეგი ხართ.
_ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ახლა ოპოზიციურ ერთობაშია, გამოსაჩენი არ იყო. რაკი ოპოზიციონერი ჰქვია, ყველა ხომ არ უნდა მიიღო?! ეკა ბესელიასა და გედი ფოფხაძეს რომ მიიღებ ამ ფორმატში, რა შედეგზე უნდა იფიქრო? ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, თუ რა დღეში იყვნენ „ოცნებაში“ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, როცა „ოცნება“ დატოვებული არ ჰქონდათ. ამომრჩეველს მათ მიმართ ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა, ოპოზიცია კიდევ ადგა და ეს ხალხი აკაიტიპა. ამ მხრივ ყველაზე მეტი ნიკა გვარამიამ დააშავა.
_ გვარამიამ რა დააშავა?
_ რა დააშავა და ეს საეჭვო ხალხი შოუებში გამოფინა. შოუებში გამოჩენა და მოლაპარაკებების მაგიდასთან მათი დასმა კი არა, ასეთები პოლიტიკურად უნდა დამარხო და 1,5 მეტრი მიწა მიაყარო. არც გუბაზ სანიკიძის წინ წამოწევა იქნება კარგის მომტანი. ხალხს შესანიშნავად ახსოვს მისი მოღვაწეობა 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში. კაცს პარლამენტის სხომებზე ეძინა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იმას ვერ უარვყოფ რომ ამ ადამიანს არაჩვეულებრივი გამოსვლები აქვს და კარგად ლაპარაკობს, მაგრამ ამომრჩეველს ცარიელი საუბარი აღარ აინტერესებს.
_ თქვენი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ოპოზიციას ცალ-ცალკე რომ ებრძოლა?
_ ასე ჯობდა. ამასთან, რაღაც რეჟიმში უნდა ჩამჯდარიყვნენ და კონსოლიდაცია ჰქონოდათ. ასე ღიად ერთმანეთის გვერდით დაჯდომა არ მომწონს. ძალიან ძველი და გასვრილი სახეებია. ხალხი მათ დასანახად ვერ იტანს. ბიძინას სიძულვილი ამომრჩეველს ზოგიერთი ოპოზიციონერის წარსულს ვერ დაავიწყებს.
საქართველოში უამრავი ნიჭიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ახალგაზრდაა. ჩემი აზრით, ოპოზიციას ისინი უნდა წამოეწია წინა პლანზე. ოპოზიციურ ერთობაში სუფთა სახეები რომ გამოჩენილიყო, უპრობლემოდ დაანგრევდნენ ხელისუფლებას. ამათ ძალიან გაუჭირდებათ. ხალხი იძულებული გახდება, ისევ ცუდსა და უარესს შორის გააკეთოს არჩევანი. ვისაც ასეთი არჩევანის გაკეთება არ მოუნდება, ის სახლში დარჩება და არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. ეს, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის.
_ თქვენ ისევ ლეიბორისტული პარტიის წევრი ხართ?
_ რატომ მეკითხებით? რა თქმა უნდა, ლეიბორისტული პარტიის წევრი ვარ.
_ ისეთი განცხადებები გააკეთეთ ოპოზიციური ერთობის მისამართით, მეგონა, რომ პარტიიდან წასული იყავით.
_ ეს ჩემი პოზიციაა და სრული უფლება მაქვს, ჩემი აზრი გამოვხატო. მერე რა, რომ ლეიბორისტი ვარ, იქ თავისი და განსხვავებული აზრის გამოთქმას არავის უკრძალავენ. რაღაცები შეიძლება არც პარტიაში მომწონს, მაგრამ იქიდან წამოსვლას არ ვაპირებ, თუნდაც იმიტომ, რომ შალვა, სხვა ლიდერებთან შედარებით, ბევრად უფრო სუფთაა, როგორც წარსულით, ისევე აწმყოთი. რაღაცები შალვასიც არ მომწონს. ძალიან ხისტი გამოსვლები აქვს. შეუძლია, უფრო დიპლომატიური იყოს.
_ თქვენ კი ამბობთ შალვაზე, სუფთააო, მაგრამ ხელისუფლება და მათი ქომაგები ათას სისაძაგლეს ამბობენ თქვენს ლიდერზე.
_ ეს უფრო სასაცილო ამბებია, ვიდრე _ სიბინძურე. კაცი 30 წელია, პოლიტიკაშია და ერთი სახლის გამო ლამის სული ამოხადეს. მარტო მის სახლს რომ გადაეკიდნენ, სხვა ჩინოსნების სახლებსა და აგარაკებს ვერ ამჩნევენ? მას სახლი აქვს, სხვებს კიდევ სასახლეები უდგათ. შალვას რომ სახლი აქვს, ეგეთი სახლები ძალიან ბევრ გლეხს უდგას და ისინიც კორუფციაში დაადანაშაულონ მაშინ. სახლის გარდა სხვა ვერაფერი რომ ვერ ამოუქექეს, ესეც შალვას სისუფთავეზე მეტყველებს. შალვას სახლზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც ლეიბორისტული პარტიიდან წვიდნენ. ყველაზე აქტიური სოსო შატბერაშვილია.
_ როგორც ამბობენ, შატბერაშვილიც საკმაოდ სერიოზული ქონების მფლობელია.
_ ეგრეა. ამ დღეებში ვაპირებ მისი ქონების შესწავლას. გამოვაქვეყნებ კიდევაც და ხალხი ნახავს, ვინ ლაპარაკობს შალვას ქონებაზე. საჯარო რეესტრის საიტზე იოსებ შატბერაშვილი რომ ჩაწეროთ, 4 ან 5 გვერდს მაინც ამოგიგდებთ _ გავსებულია მაგის ქონებით. მას სხვაზე ხმის ამოსაღები რა აქვს? გავასაჯაროებ მის ქოენებას და მერე განმარტოს, საიდან რა მოიტანა.
_ შატბერაშვილის ქონებას თავი დავანებოთ და ისევ ოპოზიციის ერთობას მივხედოთ. სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით აშკარად არ ხართ ოპტიმისტურად განწყობილი. თქვენს არაოპტიმისტურ პათოსს მეც ვიზიარებ.
_ ოპტიმისტურად როგორ ვიყო, როცა ამის არანაირი საფუძველი არ არის. რამდენი თვეა, რაც ოპოზიცია იბრძვის, მაგრამ ბრძოლის შედეგებს ვერ ვხედავ. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დათმობაზე წავიდნენ, აქეთ შემოაბრუნეს ყველაფერი.
_ შემობრუნებაში რას გულისხმობთ?
_ 2018 წელს დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორობიდან მოეხსნა. ახლა ის მთავარ პროკურორად დააბრუნეს. შარშან 20 ივნისის ღამეს გახარიამ ხალხს თვალები დასთხარა. ახალგაზრდები და მთელი ოპიზიცია სამი თვე შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მის გადადგომას ვითხოვდით. გადაყენების მაგივრად ივანიშვილმა ის პრემიერად დანიშნა. ამაზე ოპოზიციას საჭირო პროტესტი არ გამოუხატავს. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, როცა სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა, ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ რაღაც დაეთმო. ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ მზად იყვენენ, 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციულად ჩაეტარებინათ. როცა საკითხი კენჭისყრაზე დადგა, ჩააგდეს. ასევე გააყალბებენ არჩევნებს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ გააყალბებენ?
_ ვინ ან რა შეუშლის ამაში ხელს? ელემენტარულად, ადამიანებზე საშვები იყო დაშვებული პარლამენტში და იქ არ შეუშვეს, ასევე დაგვტოვებენ პარლამენტს მიღმა ამ არჩევნებზეც. „ქართული ოცნება“ ყველაფერზე წავა და ყველაფერს იკადრებს. აქამდეც ყველაფერს კადრულობდნენ, ახლა სულ არაფერს მოერიდებიან, არ გაგვამარჯვებინებენ. არც სისხლის დაღვრას მოერიდებიან. ყველანაირად შეეცდებიან, რომ ოპოზიციური ერთობა დაშალონ. 4 აპრილამდე რა მოხდება, კაცმა არ იცის.
_ 4 აპრილი ახსენეთ და ამ დღეს დიდი აქცია აქვთ დაგეგმილი. ცოტა ხომ არ აგვიანებს ოპოზიცია?
_ რა თქმა უნდა, აგვიანებს. კი მოვისმინე ამასთან დაკავშირებით განმარტებები, მაგრამ ჩემთვის ეს არასაკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა. როგორც კი უგულავა დაიჭირეს, მაშინვე უნდა დაენიშნათ აქცია და რაც შეიძლება ბევრი ხალხი გამოეყვანათ.
_ ბევრში რამდენს გულისხმობთ?
_ ასე, 40.000-ს. ამდენი პარტია რომ არის ერთად, საერთო ჯამში, 40.000 კაცის გამოყვანა კი უნდა შეძლონ. მონდომების შემთხვევაში შეძლებენ კიდევაც, მაგრამ ყველაფერი მიშვებულია. ორგანიზებულობა აკლიათ. ბოლო პიკეტი რომ გვქონდა პარლამენტთან, შემთხვევით გავიგე და ისე მივედი, არავის გავუფრთხილებივართ. ყველა ერთმანეთს უყურებს. ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟმში არიან.
_ რას ელოდებიან?
_ არ ვიცი. საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არიან, რომ რაღაც ნაბიჯი გადადგან. მხოლოდ ცარიელი ლაპარაკი ისმის. კონსულტაციები კარგია, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს მარტო კონსულტაციები? სანამ ესენი კონსულტაციებს მართავენ, ივანიშვილმა ყველაფერი თავზე დაიმხო.

შორენა მარსაგიშვილი