იუსტიციის სამინისტრო იპოთეკით დაზარალებულების წინააღმდეგ?!

იპოთეკით დაზარალებულების პრობლემა კვლავ აქტუალურია. ამჯერად ამ თემის განსხვავებულ მხარეს გაგაცნობთ. იუსტიციის სამინისტრომ ნულოვანი აუქციონის გასაჩივრების უფლება შეზღუდა, ამასთანავე დააწესა საბაზრო ღირებულების ისეთი პროცენტი, რომლითაც, პრაქტიკულად, არაფერი იცვლება. აღსანიშნავია, რომ არსებობს კონკრეტული მაგალითები, როდესაც გამოსახლებასთან დაკავშირებითაც ირღვევა კანონი და აღსრულების პოლიციელი არ მოქმედებს კანონის შესაბამისად.

აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“ აუდიტორულ-იურიდიული კომპანია MY EXPERT-ის იურისტ სოსო ხახუტაშვილს ესაუბრა:

_ აუდიტორულ-იურიდიულ კომპანია MY EXPERT-ს მოქალაქემ მომართა, რომელსაც 300 000 ლარად შეფასებული ქონება ნულოვან აუქციონზე 15 000 ლარად გაუყიდეს და სასამართლოს გზით მისი უფლებების დაცვას ითხოვდა. ვინაიდან ნულოვან აუქციონთან მიმართებით იპოთეკით დაზარალებულებს სერიოზული პრეტენზიები ჰქონდათ და ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობდა ნულოვანი აუქციონის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას დაველოდეთ, რის შემდეგაც სასამართლოს მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
_ რატომ დაგჭირდათ იუსტიციის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა და რა კავშირი აქვს ამას ნულოვან აუქციონთან?
_ 2019 წლის 28 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა: სადავო ნორმა ადგენდა აღსრულების პროცესში, ორ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, მესამე აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ნული ლარით განსაზღვრის შესაძლებლობას. მოსარჩელის არგუმენტაციით, ამგვარი რეგულაცია ძვირადღირებული ქონების შეუსაბამოდ მცირე ფასად რეალიზაციის შესაძლებლობას ქმნის და ეწინააღმდეგება საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა: კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანების #1 დანართის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2019 წლის 31 აგვისტოდან.
2019 წლის 30 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის #441 ბრძანებით ცვლილებები შევიდა „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანებაში და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანებით დამტკიცებული იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის მე-3 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 3. თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი განმეორებითი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს“. ეს ბრძანება ამოქმედდა 2019 წლის 31 აგვისტოდან.
_ ე. ი. ნულოვანი აუქციონის გასაჩივრების უფლება შეზღუდა იუსტიციის სამინისტრომ, გარდა ამისა, დააწესა საბაზრო ღირებულების ისეთი პროცენტი, რომლითაც, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. რით იყო ეს განპირობებული?
_ ამ კითხვას, ალბათ, საზოგადოება გასცემს პასუხს. საკონსტიტუციო სასამართლომაც უნდა გასცეს პასუხი და დაიცვას პრესტიჟი, როგორც ყველაზე მაღალი რანგის სასამართლომ. საქართველოს კონსტიტუციით დაცულია საკუთრების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დრო მისცა, რომ ნულოვან აუქციონზე შესაბამისი რეგულაცია მოეხდინა. მან კი, ფაქტობრივად, სრული იგნორირება გაუკეთა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეფასებებს, კერძოდ, სადავო ნორმის კონსტიტუციურობა შეაფასა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას, რაც წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“. ამავე დროს, საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. „იმისთვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძო სამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის #21 ბრძანების #1 დანართი განსაზღვრავს წესებსა და პროცედურებს, რომელთა მიხედვითაც იმართება იძულებითი აუქციონი. მისი მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდება ქონების რეალიზაცია, მის დასრულებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიურო აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. ამ შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ს. ხოლო ამ უკანასკნელის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ბიურო აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს, რომელზედაც ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ნული ლარით.
შესაბამისად, ქონების იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაციის მიზნით შესაძლებელია სამი აუქციონის ჩატარება. აღნიშნულ აუქციონებზე ქონების საწყისი ფასი კლებადია და უკანასკნელ, მეორე განმეორებით აუქციონზე ის ნულის ტოლია. მეორე განმეორებით აუქციონზე ფასის მატების ბიჯი შეადგენს ქონების საბაზრო ღირებულების 5 პროცენტს. შესაბამისად, ნულოვან აუქციონზე ქონება შეიძლება გაიყიდოს მისი საბაზრო ფასის 5 პროცენტად. სწორედ ეს რეგულაცია არის, მოსარჩელის აზრით, არაკონსტიტუციური, ვინაიდან ქონების საბაზრო ფასის 5 პროცენტად რეალიზაციის შესაძლებლობა მესაკუთრისთვის, ფაქტობრივად, საკუთრების წართმევას გულისხმობს. ამგვარი წესი აუფასურებს საკუთრების ობიექტს და სრულიად დაუცველს ტოვებს მის მესაკუთრეს.
_ როგორია საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია?
_ საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთრების უფლების შინაარსზე მსჯელობისას არაერთხელ აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება გულისხმობს პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის #3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). მესაკუთრეს აქვს უფლება ქონების სამართლებრივი ბედის თავისუფლად გადაწყვეტაზე, რაც, მათ შორის, გულისხმობს პირის შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ქონების განკარგვის შესახებ. სადავო ნორმის საფუძველზე ხდება მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ქონების იძულებით გასხვისება. ამავე დროს, მოსარჩლე ასევე არ მონაწილეობს ქონების გასაყიდი ფასის განსაზღვრაში. როგორც უკვე აღინიშნა, ქონების განკარგვის საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, მისი ფასის განსაზღვრა მესაკუთრის კონსტიტუციური უფლების ნაწილია. შესაბამისად, სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვას კონსტიტუციითვე განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით. თავად დასახელებული კონსტიტუციური დებულების მე-2 პუნქტით განისაზღვრება, რომ „საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება შეიძლება შეიზღუდოს უფლების შეზღუდვის ფორმალური და მატერიალური მოთხოვნების დაცვით. კონკრეტული ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება გულისხმობს მის არა მხოლოდ შინაარსობრივი, მატერიალური, არამედ ფორმალური კუთხით კონსტიტუციურობის შემოწმებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. განსახილველ შემთხვევაში სადავო ურთიერთობა მოწესრიგებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, რომელიც არ წარმოადგენს კანონს საქართველოს კონსტიტუციის მიზნებისთვის. თუმცა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლი ადგენს, რომ „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა შემოწმდეს, რამდენად უშვებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურების განსაზღვრის უფლებამოსილების იუსტიციის მინისტრზე დელეგირებას.
_ როგორი მოლოდინი გაქვთ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?
_ ხელისუფლების წინააღმდეგ შედეგის დადება საკმაოდ ძნელია, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, ჩვენ სწორედ ამის იმედი გვაქვს.
_ ვინ არის უფლებამოსილი გამოსახლებაზე?
_ ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემა გვაქვს, მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს: 2018 წლის 11 ოქტომბრის #A18132032 წერილით (წინადადება მოვალისადმი გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ) თინათინ ღაღანიძეს მიმართა აღსრულების პოლიციელმა ჯემალ ზურაშვილმა, სადაც მიუთითა, რომ: „აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს ქ. თბილისის განყოფილების წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 მაისს გაცემული #2/26974-16 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანხმადაც: თინათინ ღაღანიძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, გიორგი ცაბაძის ქ. #7, ბინა #16, საკადასტრო კოდი #01.13.07.023.018.01.016 და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე ნიკოლოზ მამაკოვს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 84-ე მუხლის თანახმად წინადადება გეძლევათ, გაფრთხილების მიღების დღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ნებაყოფლობით მოიყვანოთ სისრულეში სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა და გამოათავისუფლოთ ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება იძულებითი გამოსახლება“.
აღსრულების პილიციელი, ჯემალ ზურაშვილი, აღნიშნული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას არ მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში:
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად: „აღსრულებას ექვემდებარება: ა) სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება“, ხოლო ამავე კანონის 5.2 მუხლის შესაბამისად აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები“.
აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულების მე-4 მუხლის მიხედვით სამმართველოს მიზანია: ა) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსასრულებელი აქტების აღსრულების პროცესში, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, აღმასრულებელს აღმოუჩინოს დახმარება სააღსრულებო მოქმედებების უსაფრთხო პირობებში ჩატარების, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, პირთა მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების უზრუნველსაყოფად“; ხოლო მე-9 მუხლის მიხედვით: „აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობებია ა) მოითხოვოს მართლწესრიგის დაცვა; ბ) აღკვეთოს პირთა უკანონო ქმედებები; გ) აღმასრულებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დააკავოს მოვალის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება და წარუდგინოს აღმასრულებელს; დ) თავისი უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად, კანონით დადგენილი წესით, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი; ე) განახორციელოს კანონმდებლობით და ამ დებულებით ნებადართული სხვა სახის უფლებამოსილებები, რომელთა მიზანია აღსრულების პროცესის უსაფრთხოდ წარმართვის უზრუნველყოფა. აღსრულების პოლიციელი ვალდებულია: ა) მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში აღმასრულებელს აღმოუჩინოს დახმარება სააღსრულებო მოქმედებების უსაფრთხო პირობებში ჩატარების, მესამე პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, პირთა მიმართ იძულებითი ღონისძიებების გამოყენების უზრუნველსაყოფად;“
ზემოთ მითითებული ნორმების ანალიზიდან აშკარად ჩანს, რომ აღმასრულებლისა და აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობები მკვეთრად არის გამიჯნული, პოლიციელი ვალდებულია დაეხმაროს აღმასრულებელს სააღსრულებო მოქმედებების უსაფრთხოდ ჩატარებაში, მაგრამ ის არ არის უფლებამოსილი, აწარმოოს სააღსრულებო საქმე.
_ ე. ი. კანონს არღვევენ?
_ რა თქმა უნდა, „ნაცების“ დროსაც კი არ არღვევდა აღსრულების პოლიციელი კანონის მოთხოვნას და არ ეცილებოდა აღმასრულებელს უფლებამოსილებაში. აღმასრულებელი არ არის უფლებამოსილი დელეგირებაზე და არც ბიუროს ოფისს აქვს იმის უფლება, რომ ცვლილებები შეიტანოს კანონში.

ნენე ინჯგია