ნინო მეტრეველი: „გოგა ხაინდრავა ახალ ნავში გადასახტომად ემზადება“

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, „ქართულ ოცნებას“ მწარედ გაეჩხირა ყელში. წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად მასზე საქმეები აღძრული არ აქვთ და სხვანაირად გაუმართეს ბრძოლა. ხან მისი ყოფილი თანაპარტიელები ჰყვებიან, თუ როგორ გაურიგდა ლეიბორისტების ლიდერი მიხეილ სააკაშვილს, ხან კი გოგა ხაინდრავას აძლევენ შალვას „მხილების“ პატივს. ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი, ამბობს, რომ ხელისუფლების დაკვეთით ნათელაშვილის ლანძღვამ უკვე სასაცილო სახე მიიღო. მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა, რომ ლეიბორისტები და დანარჩენი ოპოზიცია „ნაციონალებთან“ შეკრულებად გამოაცხადოს და არჩევნების წინ ხალხი კიდევ მიშას დაბრუნებით შეაშინოს.

რას ვერ პატიობს ივანიშვილი ნათელაშვილს? დაუთმო თუ არა ოპოზიციის ლიდერობა სააკაშვილმა პირველ ლეიბორისტს? რა მოხდა 2002 წელს თბილისის საკრებულოში? სად მალავს „ოცნების“ ლიდერი თავის ფულებს? რა ცვლილებებია ხაინდრავას განცხადებებში? _ ამის შესახებ ნინო მეტრეველი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა ელემენტებმა კიდევ ერთხელ წამოიწყეს კამპანია შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორ გაურიგდა ეს უკანასკნელი მიხეილ სააკაშვილს. ამჯერად თქვენი ლიდერი გოგა ხაინდრავამ და სოსო შატბერაშვილმა ამხილეს.
_ ამ ამბავში ახალი არაფერია. ყოველი არჩევნების წინ ლეიბორისტული პარტიიდან წასულები გამოდიან და ამბობენ, რომ შალვა მიშასთან იყო შეკრული და ფული მისგან აიღო. ამაზე ყველაზე ხშირად ის პერსონები საუბრობენ, ვინც ლეიბორისტული პარტიის ლიდერები იყვნენ. მათ ამ გარიგების შესახებ თუ იცოდნენ, რატომ ჩერდებოდნენ იმდენი ხანი პარტიაში? რატომ მაშინვე არ ამხილეს შალვა ნათელაშვილი? რას ელოდებოდნენ? იქნებ, თავად იყვნენ გარიგებულები სააკაშვილთან და თავად იღებდნენ მისგან ფულს, რომ ჩვენთვის ძირი გამოეთხარათ? ეს არის აბსურდი და სისულელე. უნდათ, ამ განცხადებებით ჩირქი მოსცხონ პარტიას და, პირველ რიგში, _ შალვას. როგორც უკვე გითხარით, ასეთი განცხადებები არჩევნების წინ კეთდება ხოლმე, წელსაც ველოდებოდით ამ შეტევას, მაგრამ ასე ადრე _ არა. ეს აჩქარება იმასთან არის დაკავშირებული, რაც დღეს ჩვენი პარტიის ოფისში ხდება.
_ ოპოზიციის შეკრებებს გულისხმობთ?
_ დიახ. ოპოზიცია, ძირითადად, ჩვენს ოფისში მართავს კონსულტაციებს. ეს მმართველ პარტიასა და მის მომხრეებს არ მოსწონთ. ყველაფერს კადრულობენ, რომ ოპოზიციაში ბზარი გააჩინონ, მაგრამ ვერ შეძლეს. ვერც შეძლებენ. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ ამ ერთობის დაშლა არ შეიძლება. არ გამოვრიცხავ, ჩვენი ან სხვა პარტიის ლიდერების მიმართ კიდევ უარესი ბრალდებები მოვისმინოთ. ზოგიერთი ლიდერი დაიჭირეს, ზოგს დაიჭერენ და ვის დაჭერასაც ვერ შეძლებენ, მას მაქსიმალურად გასვრიან. შალვა არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში და მას ვერ დაიჭერენ. არადა, ივანიშვილს მისი დაჭერის სურვილი დიდი ხნის წინათ გაუჩნდა. თავად ივანიშვილი მოჰყვა, როგორ უსაყვედურა ვანო მერაბიშვილს, რომ მან 2007 წლის ნოემბერში შალვა არ დააპატიმრა.
ჩვენი პარტია ძალიან აქტიურად იბრძვის ოლიგარქის წინააღმდეგ. პირველები ლეიბორისტები ვიყავით, ვინც ამერიკაში წავედით იმისთვის, რომ არაფორმალური მმართველი გვემხილა. სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ ესაუბრა შალვა ამერიკელებს. სამწუხაროდ, მაშინ მხარი არავინ აგვიბა. ახლა სანქციებს ყველა მიესალმება.
მე არ მიკვირს, ჩვენი ლიდერის წინააღმდეგ ასეთი ბინძური კამპანია რომ დაიწყო. შალვა არის გამორჩეული პოლიტიკოსი. ის ძალიან მკვეთრი და პირდაპირია, რაც ბიძინა ივანიშვილს აღიზიანებს. ნათელაშვილს სხვა პოლიტიკოსებისგან იუმორიც გამოარჩევს. იუმორით ზოგჯერ ისეთ მწარე სიმართლეს ამბობს, რომ მთელი „ოცნება“ შოკში ვარდება. ადამიანებს, ვისაც იუმორი აქვთ, ქართულ პოლიტიკაში დიდად არ სწყალობენ. ახლა კიდევ გამოსწორდა ამ მხრივ ვითარება, მაგრამ ცოტა ხნის წინ თუ ვინმეს იუმორი ჰქონდა, მას მასხარასა და ღლიცინას ეძახდნენ.
_ არა მარტო ღლიცინასა და მასხარას, შალვა ნათელაშვილს ოპონენტები ხშირად, როგორც გიჟს ისე მოიხსენიებდნენ.
_ და რა დააკლეს ამით? მსოფლიოში ძალიან აფასებენ პოლიტიკოსებს, რომელთაც იუმორის გრძნობა აქვთ. დასავლეთში ფიქრობენ, რომ ვისაც იუმორის გრძნობა არ გააჩნია, მას ტვინში ყველაფერი კარგად არ აქვს. ოლიგარქის ფანებთან ბოდიშს ვიხდით, რომ ბიძინასავით „გემოვნებიანი“ იუმორი არ აქვს შალვას, მაგალითად, ასეთი, _ შედი, ქალო, ბუტკაში. ეს ხუმრობაც მრჩევლებმა დაუწერეს, სავარაუდოდ. ძალიანაც უნდა, იხუმროს, მაგრამ ვერ ქაჩავს.
_ იუმორზე მეტად ნათელაშვილის შედარებებია საოცრება. ამ სფეროში ის არის მესი.
_ „ოცნების“ წევრები ისე დაახასიათა, რომ ლამის გაგიჟდნენ. არ მოსწონთ, რომ ჩვენი პარტიის ოფისში ხდება შეკრებები. ეს ძალიან კარგი ფორმატია. დღევანდელ ოპოზიციურ ერთობას არ ჰყავს ერთი ლიდერი. შეხვედრების დროს სკამების გადანაწილებაზე არ ვაჭრობენ, მხოლოდ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე საუბრობენ, რომ როგორმე ეს ჭირი მოიშორონ, სახელად _ „ოცნება“.
2012 წლის შემდეგ ქვეყანაში ასეთი სტანდარტი დამკვიდრდა: როგორც კი ხელისუფლების გაკრიტიკებას დაიწყებ, მაშინვე გაბრალებენ, რომ „ნაცებს“ შეეკარი. კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე ადრე ეს მოქმედებდა, ცდილობდნენ, თავი შეეკავებინათ, რათა წინა ხელისუფლებასთან კავშირი არ დაებრალებინათ. ახლა ისეთი გაუსაძლისი ვითარებაა, რომ ხალხს აღარ აინტერესებს, რას უწოდებენ მათ „ოცნების“ მხარდამჭერები. ახლა ისაა სირცხვილი, „ქართულ ოცნებასთან“ თუ ხარ შეკრული.
წლების მანძილზე პოლიტიკოსებიც თავშეკავებულად აკრიტიკებდნენ ივანიშვილს. არც მათ უნდოდათ, რომ „ნაცებთან“ შეკრულის იარლიყი მისწებებოდათ, მაგრამ ახლა ეს წინააღმდეგობა მათაც გადალახეს. საზოგადოება იმედით უყურებს ჩვენს აქტიურობას. ვისაც კიდევ ეჭვი ეპარება, რომ ვინმე „ნაციონალებს“ შეეკრა, მინდა მათ ვუთხრა: არავინ არავის შეკვრია. მოვიშორებთ ამ ჭირს და მერე ყველა დამოუკიდებლად გავაგრძელებთ პოლიტიკურ საქმიანობას.
_ შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლებამ გოგა ხაინდრავაც ჩართო. წლების წინათ ის და შალვა ერთად ებრძოდნენ მიხეილ სააკაშვილს. მაშინ არ იცოდა ხაინდრავამ შალვასა და მიშას „ალიანსის“ ამბავი?
_ მართლა გამიკვირდა, როცა ხაინდრავას განცხადებები მოვისმინე შალვა ნათელაშვილზე. ვერ მივხვდი, რატომ გამოუშვეს ის ამ თემაზე სასაუბროდ. სხვა თუ არაფერი, ისინი ერთად ებრძოდნენ მიშას. 2007 წლის 7 ნოემბერს ისინი ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად დაადანაშაუილეს სამშობლოს ღალატში. თუმცა აქაც საინტერესო ამბავი მოხდა: „ნაციონალებმა“ ხაინდრავასა და ძმებ ბერძენიშვილებს თავი დაანებეს და მარტო შალვაზე იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული.
გოგა ხაინდრავას, წესით, არ უნდა დავიწყებოდა, რომ იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილთან ერთად დასდევდა მასაც, შალვასაც და სხვა ოპოზიციონერებსაც. ეს არავის მოუგონია, ამის შესახებ თავად ივანიშვილმა თქვა. ის გახლდათ „ნაციოალების“ მთავარი დამფინანსებელი და სააკაშვილს რჩევებსაც ხშირად აძლევდა. პოლიტიკაში შემოსულმა ივანიშვილმა პირველ პრესკონფერენციაზე 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა. თქვა, _ იმ დღეს ჭორვილაში ვიყავი, ტელევიზორს რაკი არ ვრთავ, არ ვიცოდი, რა ხდებოდა ქვეყნიერებაზეო. მოვიდნენ ვანო და მიშა და მითხრეს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი და ამის უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგაო. ადამიანს ინფორმაციებს მიშა სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი აწვდიან და ის სხვას აბრალებს, რომ „ნაციონალებთან“ არის შეკრული. დიდი ბოდიში, მაგრამ გოგა ხაინდრავაც მიშას მინისტრი არ იყო? ახლა რაღაც გაურკვეველი სტატუსით გამოდის და გაუგებარ განცხადებებს აკეთებს.
_ გაურკვეველი სტატუსი რატომ აქვს? _ ბიძინასთან დაახლოებული პირია და ეს უვე ბევრს ნიშნავს.
_ მერე ეს საკმარისია, რომ პოლიტოლოგობა დაიბრალოს? გავიგეთ, ბატონო, რომ „ჰეროკრატია“ გადაიღო, მაგრამ ეს ხომ არ აძლევს იმის უფლებას, რომ რაღაც ანალიზები აკეთოს?! მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ვინმეს ვინმესთან კავშირი დააბრალოს. საკუთარ წარსულს გადახედოს _ ყველა ხელისუფლებასთან ეგ იყო შკრული. სიმართლე გითხრათ, ხაინდრავა შეფასებებში მოზომილი მეჩვენა. მის განცხადებებში ძველებური ცეცხლი და აგრესია აღარ იყო. მომეჩვენა, თითქოს ახალ ნავში აპირებს გადახტომას.
_ რაკი აგრესიული არ იყო, ამიტომ გაგიჩნდათ ეგ ეჭვი?
_ ამ ადამიანის განცხადებები კარგად მაქვს შესწავლილი. ვიცი მისი საუბრის მანერა. ახლა აშკარად ფრთხილობდა, თითქოს ცდილობდა, ოპოზიციასთან მისასვლელი გზები კიდევ დაეტოვებინა. აშკარად სხვა აეროდრომზე გადასაფრენად ემზადება.
_ ასეთ ამბავში მას საოცარი ალღო აქვს და თუ მართლა სხვა ნავში გადასახტომად ემზადება, მართლა მძიმედ ჰქონია „ოცნებას“ საქმე.
_ თავს ვერ დავდებ, რომ ხაინდრავა სხვა ნავში აპირებს გადახტომას, ასეთი დასკვნა მისი განცხადებებიდან გამომდინარე გავაკეთე. ხაინდრავა ასეთი მოზომილი არასდროს ყოფილა შეფასებებში. ეს უბრალო დამთხვევა არაა. იგი ხშირად იცვლის პოზიციებს და ერთი ნავიდან მეორეში ძალიან უმტკივნეულოდ ახერხებს გადახტომას. კარგად არჩევს დროს, როდის უნდა დატოვოს ესა თუ ის ხელისუფალი. გახსოვთ, როდის გავიდა „ნაციონალებიდან“? _ სანდრო გირგვლიანის ამბავზე რომ დიდი აქციები დაიწყო. „ნაცების“ გამორჩული მინისტრი უცბად ოპოზიციის ლიდერი გახდა. ცოტა ხანში ბადრი პატარკაციშვილის გვერდითაც აღმოჩნდა. ახლა მის დაუძინებელ მტერ ივანიშვილთან არის შეკრული და მას იცავს კბილებით. მოკლედ, ბოლო გამოსვლაში ძალიან მოზომილი მეჩვენა და ეტყობა, რაღაცას გრძნობს და ახალ ნავს ეძებს.
_ მოზომილი კი იყო, მაგრამ ხალხს გაახსენა, თუ როგორ დაუთმო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი სააკაშვილს თქვენი პარტიის ლიდერმა. ამ თემაზე იმდენი განმარტებაა გაკეთებული, მაგრამ დღემდე გრძლდება მითქმა-მოთქმა.
_ ამ ამბავზე საუბარი არაფრით მთავრდება საქართველოში. 18 წლის წინათ მომხდარ ისტორიას დღემდე არჩევენ. ხაინდრავას თუ დავუჯერებთ, 2002 წელს რომ დაუთმო ნათელაშვილმა სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი, მაგიტომ დაუთმო ახლა მიშამ შალვას ოპოზიციის ლიდერობა. თავიდან ბოლომდე აბსურდია.
_ რა ოპოზიციის ლიდერობაზეა საუბარი? ეს ცოტა გაურკვეველი დარჩა…
_ ვითომ შალვაა მთელი ამ ოპოზიციური ერთობის ლიდერი. საიდან მოიტანეს?! არასდროს არავის უთქვამს, რომ ოპოზიციურ ერთობას ერთი ლიდერი ჰყავდა. ეს არც მიშა სააკაშვილი ყოფილა, რომ ვინმესთვის დაეთმო ლიდერობა. ვერ დამისახელებთ განცხადებას, სადაც შალვა ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერია. აშკარაა, რომ ამ ერთობის გასვრა უნდათ. ამიტომ გაიხსენეს კიდევ ერთხელ 2002 წლის ამბავი.
რაკი ამ თემაზე საუბარი არ მთავრდება, „ქრონიკა+“-ის მკითხევლს ვეტყვი, რა მოხდა 2002 წელს: 50-კაციან თბილისის საკრებულოში ლეიბორისტული პარტია კი გავიდა პირველ ადგილზე, მაგრამ მხოლოდ 15 კაცი გაიყვანა. მეორე ადგილზე გავიდა ნაციონალური მოძრაობა და მათ 14 კაცის გაყვანა მოახერხეს. იქ მოხვდა პატიაშვილის „ერთობა“, ზურაბ ჟვანიას გუნდი, „აღორძინება“, „მრეწველები“. მოკლედ, თბილისის საკრებულო ძალიან ჭრელი, მრავალპარტიული იყო. საკრებულოს თავმჯდომარეობას, მინიმუმ, 26 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა. ლეიბორისტებმა კი გავიყვანეთ 15 კაცი, მაგრამ თბილისის მაშინდელმა მერმა, ვანო ზოდელავამ, 6 მათგანი არჩევნების ღამესვე იყიდა. 9 კაციღა დაგვრჩა. სააკაშვილს ჰყავდა 14 კაცი, მხარს უჭერდა ჟვანიას გუნდი, „ერთობა“, „მრეწველები“. ის მაინც ხდებოდა საკრებულოს თავმჯდომარე. რა აზრი ჰქონდა, შალვას რომ ებრძოლა? 0 კაცით გახდებოდა თავმჯდომარე? განსაკუთრებით აბსურდული იმის მტკიცებაა, რომ შალვამ თავმჯდომარის პოსტი დათმო. იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ვინმეს რამე რომ დაუთმო, ის რაღაც ჯერ შენი უნდა იყოს. თავმჯდომარის პოსტი კი შალვასი არ ყოფილა.
კიდევ უფრო აბსურდულია გოგა ხაინდრავას განცხადება, რომ თითქოს საკრებულოს თავმჯდომარეობა სააკაშვილისთვის ტრამპლინი იყო. მას რომ დაუჯეროს კაცმა, მიშას საკრებულომდე არავინ იცნობდა. როდის იყო, საკრებულოს თავმჯდომარეობა ხდიდა ადამიანს პოლიტიკურ ფიგურად? ზაზა ბეგაშვილიც იყო საკრებულოს თავმჯდომარე და რა? საკრებულოს თავმჯდომარეა გიორგი ტყემალაძეც და იცნობს მას ვინმე? დღემდე, როგორც ზურაბ ტყემალაძის შვილს, ისე ვუყურებთ.
რაც შეეხება სააკაშვილს, მისი პოლიტიკური ტრამპლინი 1995 წელს დაიწყო, როცა ამერიკიდან ჩამოვიდა, ვაშინგტონს უკვე მაშინ ჰქონდა მასზე ფსონი დადებული. ის მაინც გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტი. „ვარდების რევოლუციას“ ერთადერთი ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით. ძალიან კარგად იციან, რაც მოხდა, მაგრამ ახლა ოპოზიციაში არეულობის შეტანა უნდათ და რაღაცებს იგონებენ. ხალხი სულ ითხოვდა ოპოზიციის გაერთიანებას, შევძელით ერთად დადგომა და „ოცნებას“ მათი გულის გატეხა უნდა. ახლა ხალხს ეუბნებიან, აი, შალვა „ნაცებთან“ არის შეკრულიო. ადრე ეს ამომრჩველზე გავლენას იქონიებდა, ახლა გამორიცხულია.
_ რატომ გგონიათ, რომ გამორიცხულია?
_ დავიწყოთ იმით, რომ ივანიშვილის ნამდვილი სახე ყველამ დაინახა. ამის გარდა, დღეს ერთ მხარეს არის „ოცნება“ და მეორე მხარეს _ დანარჩენი ოპოზიცია. გვეძახონ „ნაცებთან“ შეკრულები და იყვნენ.
_ თავად „ოცნება“ რომ „ნაცებით“ არის სავსე, ამაზე რატომ არ საუბრობენ?
_ ეს არ აწყობთ. ბიძინა „ნაციონალების“ დამფინანსებელი იყო; კალაძე _ „ნაცების“ დარბევების „გამპრავებელი“; თალაკვაძე სანდრა რულოვსის თანაშემწე და ახალგაზრდული ბანაკების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ; სალომე ზურაბიშვილი მიშამ არ ჩამოიყვანა საფრანგეთიდან? მაჟორიტარებს აღარ ჩამოვთვლი, რომლებიც „ნაციონალებიდან“ „ოცნებაში“ გადახტნენ. ისინი „ნაციონალებში“ „მოქკავშირიდან“ წამოვიდნენ. ათეული წელია, ეს ხალხი პარლამენტში ზის და ძვრა ვერავინ უყო. სწორედ ამიტომ არ უნდა იყოს მაჟოტრიტარული სისტემა, რომ პარლამენტში კოლექტიური მკოიანებისგან გავთავისუფლდეთ. მაჟორიტარები ერთგვარ ფეოდალებად იქცნენ და შეჭამეს მთელი ქვეყანა.
პარალმენტის წევრის მოვალეობა, პირველ რიგში, კანონშემოქმედებით საქმიანობას გულისხმობს. ერთი მითხარით, რომელი მაჟორიტარი წერს კანონს? ამათი გაკეთებული საქმე არავის უნახავს. არც მათი ფუნქციებია ნორმალურად განსაზღვრული. მაჟორიტარები მხოლოდ საკუთარ სკამებსა და ბიზნესებს ლობირებენ. ბიუროებისთვის ყოველთვე 5.000 ლარს რომ ვუხდით თითო მაჟორიტარს, ეს ფულიც მათ ჯიბეში მიდის. რამდენიმე წლის წინათ გარდაბნის საკრებულოს წევრი ვიყავი და ვიცი, როგორც მუშაობენ ეს ბიუროები. ოფისშიც კი არ იხდიან ფულს _ საკრებულო აძლევს უფასოდ ოთახს. კომუნალურებსაც მუნიციპალიტეტი იხდის. წელიწადში 60.000 ლარს რაზე ვხარჯავთ ერთ მაჟორიტარში, კაცმა არ იცის _ ჰაერში იყრება ფული. ხშირად ეს ბიუროები დაკეტილია და ამომრჩეველი დეპუტატთან შეხვედრას ვერ ახერხებს.
_ თითქმის ყველა მაჟორიტარი მილიონერია და კიდევ სახელმწიფოსგან იღებენ ფულებს. ეს მართლა სამარცხვინოა.
_ რატომ არ შეჭამენ ბიუჯეტს, როცა ამის შანსი აქვთ, ფული მაგათთვის ზედმეტი არასდროს იქნება. ამიტომ ატეხეს ერთი ამბავი და ცოცხალი თავით არ ეთმობათ ეს სისტემა. ახლა ბიძინას ინტერესშიც არის მათი შენარჩუნება, თორემ ხმის ამოღებას ვერავინ გაბედავდა. ყველაფერი ჯიბეში უდევთ. მაჟორიტარული სისტემა თუ გაუქმდა, მათ არ ექნებათ ხელისუფლების დაკომპლექტების შანსი. „ოცნება“ უნდა გადავიდეს ოპოზიციაში. იქ გადასვლასთან ერთად კარგავს აწყობილი ცხოვრების საშუალებას. ყველა დიდ ბიზნესში არის: თუნდაც ლევან იზორია. იგი თავდაცვიდან კორუფციის გამო გამოაგდეს. ეს ამბავი ჯერ მიჩქმალულია. დღემდე მთელ ჩხოროწყუს ის აკონტროლებს. იზორიას ძმამ რაც იკადრა, ყველას გახსოვთ: პოლიციას მუნდირი დაახია თავზე და განა ის დასაჯეს, პოლიციელი გამოაგდეს, რომელმაც გაბედა და კიტა იზორია დააკავა. ეს არის ნორმალური სახელმწიფო? ასე ცხოვრება ვეღარ გაგრძელდება. საქართველო დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა და ამას არ იმსახურებს. ჩვენი ხალხი ოლიგარქს თავზე არ დაისვამს.
ყველა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ შეძლო სახელმწიფოს აშენება. ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ? უკვე სომხეთმაც გაგვასწო ბევრი პარამეტრით. არადა, მათ არც პორტი აქვთ და არც _ რკინიგზა.
_ ჩვენ რომ გვაქვს, რაში გვარგია?
_ ყველაფერში წილში ესენი სხედან. ანაკლიის პორტის მშენებლობაც ჩააგდეს. რკინიგზის გადაზიდვები კატასტროფულად არის შემცირებული.
_ რკინიგზა ასეთ სავალალო მდგომარეობაში შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა.
_ ყველა ბიზნესი ამათ ხელშია. ეს ხალხი არ მოინდომებს ამ ვითარების შეცვლას.
მაგალითად, ყველა ტენდერს გორელი დეპუტატი იგებს.
_ სოსო მაკრახიძეზე საუბრობთ?
_ დიახ.
_ ყველაფერს არა, ერთხელ საკუთარმა ცოლმა მოუგო.
_ სასაცილოა. თან ეს კაცი კორუფციისთვის არის გასამართლებული. პარლამენტი სავსეა მაკრახიძეებით. ამიტომ არ მიკვირს, რომ არ ეთმობათ ძალაუფლება. თავისი ნებით არსად წავლენ. ისინი არჩევნების გზით უნდა გავუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ქვეყანა განვითარდება და არც ბიზნესი იქნება თავისუფალი.
ჩვენს ბიზნესმენებს სიმდიდრის გადასახადი უნდა დაუწესდეს. ქართველ ბიზნესმენს ქველმოქმედებაში ფულის ჩადება არ უნდა. ბიძინა ივანიშვილმა ქველმოქმედის სახელი პოლიტიკაში შემოსასვლელად გამოიყენა და ახლა საერთოდ არ ახსოვს ქველმოქმედება. არც ადრე ყოფილა ქველმოქმედი. ეს მითი ხალხის მოსატყუებლად შექმნა.
ივანიშვილთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ამბავი გავრცელდა: ეს ადამიანი თითქოს არაფრად აგდებს ამერიკიდან წამოსულ კრიტიკულ წერილებს, მაგრამ შიშისგან გული უსკდება. იცის, რომ საქმე სანქციებამდე მივა. როგორც ამბობენ, მას ამერიკიდან ქონება საფრანგეთში გადმოაქვს. ჰგონია, რომ იქ უფრო დაიცავს. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი ჰპირდება ამას. მას ხომ საფრანგეთთან რაღაც კავშირები აქვს. ივანიშვილიც საფრანგეთის მოქალაქეა, მაგრამ იქაურ მართლმსაჯულებასთან პრობლემები აქვს.

შორენა მარსაგიშვილი