ნინო გოგუაძე: „საქართველოში კანონი ბიძინა ივანიშვილის სურვილია“

დასავლეთიდან „ქართული ოცნების“ მისამართით წამოსული შეუქცევადი კრიტიკის ფონზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, მესამედ დააკავეს. ამჯერად ყველაფერი ასეთი ქრონოლოგიით მოხდა: თადუმაძემ, როგორც პროკურორმა, უგულავას საქმეზე საჩივარი გააგზავნა უზენაეს სასამართლოში და როგორც უზენაესის მოსამართლე საკუთარ გაგზავნილ საჩივარს დახვდა და ოპოზიციონერ ლიდერს პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ყველანაირი მოლაპარაკება შეწყვიტა და 4 აპრილს საპროტესტო აქცია დააანონსა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა მოყვა. მოსახლეობის აზრით, ოპოზიცია რეაგირებას აგვიანებს.

როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა? რა შემთხვევაში დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას და როგორ აპირებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების დამარცხებას?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურ მდივან ნინო გოგუაძეს ესაუბრა:

_ დასავლეთის მხრიდან „ქართული ოცნების“ მისამართით შეუქცევადი კრიტიკა ისმის, რა გავლენას ახდენს ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?
_ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენმა ქვეყანამ თვითონ აირჩია თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია. თავისუფალ სამყაროს კი თავისი სტანდარტები და პრინციპები აქვს, რომელიც, ერთი მხრივ, ძალიან მარტივია, მეორე მხრივ, წარმოუდგენელია ავტორიტარული ქვეყნის ავტორიტარული მმართველებისთვის. ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ საბჭოთა კავშირიდან მოვიდივართ, რომელიც ტოტალიტარული ქვეყანა იყო და თითქმის ყველა ხელისუფლება, მათ შორის, დღევანდელიც ამით არის „გამორჩეული“, რომ საერთოდ არ ესმის ინსტიტუციური მმართველობა და არ ესმის, რა სტანდარტები აქვს დასავლეთს. ყველა ეს კრიტიკა, რაც დასავლეთიდან წამოვიდა, იმით არის განპირობებული, რომ ჩვენ დასავლეთის ქვეყნის სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებთ. კრიტიკის ასეთი შტურმი არ მახსოვს არც ერთი ხელისუფლების მისამართით. ეს კრიტიკა განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის შემდგომ საქვეყნოდ დადო პირობა, რომ საარჩევნო სისტემას შეცვლიდა, შემოიღებდა პროპორციულ არჩევნებს, თუმცა ეს პირობა დაარღვია. პროპორციულ არჩევნებზე მთელი ოპოზიციური სპექტრის სრული თანხმობა იყო, რადგან პროპორციული სისტემა, ასე თუ ისე, სტაბილურობის გარანტი იქნებოდა, რომელიც საშუალებას არ მისცემდა რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას არაპროპორციული ძალაუფლების უზურპაციის, როგორც ახლა ხდება. ამავდროულად, ჩვენი საზოგადოების მრავალფეროვან განწყობას ასახავდა და ამის შესაბამისად იქნებოდა პარლამენტი დაკომპლექტებული. ამასთანავე, პროპორციული საარჩევნო სისტემა გვაძლევდა შესაძლებლობას, დაგვემკვიდრებინა სრულიად ახალი პოლიტიკური სტანდარტი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკურ ძალებს მოუწევდათ ერთმანეთთან ლაპარაკი და კონსენსუსზე წასვლა, რაც ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა, რადგან გამარჯვებულს მიჰქონდა ყველაფერი და გამარჯვებული ანადგურებდა დამარცხებულს, რის შემდეგაც იწყებოდა საშინელი რადიკალიზაცია. ჩვენ გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის შემდეგ თავისი წარმომადგენლები აფრინა დასავლეთში და ყველას მისცა პირობა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა. პრეზიდენტმა გაეროში გამოსვლისას საერთოდ პროპორციული არჩევნები, როგორც შემდგარი ფაქტი, ისე გამოაცხადა. ამ ყველაფრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა საქვეყნოდ დადებული სიტყვა გატეხა, მოაწყო მისთვის ჩვეული მართვადი ქაოსის კლასიკური სცენარი, როდესაც თავისივე გუნდის წევრების უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ „ამბოხებული“ დეპუტატები აპირებდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას. ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილი ვითომ მხარს უჭერდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მეორე მხრივ, იგი აორგანიზებდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნდობა აბსოლუტურად შეირყა და ჩამოიშალა. ყველამ კარგად დაინახა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს და ყველა ის უმძიმესი ინსტიტუციური დანაშაული, რომელიც ამ ხელისუფლებას ახასიათებს, წინა პლანზე წამოვიდა. შესაბამისად, მივიღეთ ძალიან მძიმე შეფასებები წერილების სახით როგორც აშშ-დან, ასევე _ ევროპიდან. აშშ-დან ივანიშვილს სთხოვენ, რომ დაპირებული სიტყვა უნდა შესრულდეს და სასამართლო, რომელიც აბსოლუტურად პრივატიზებული აქვს ბიძინა ივანიშვილს, დამოუკიდებელი უნდა გახდეს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ ყველას დაანახა, რომ ეს ადამიანები არ სარგებლობენ სათანადო კომპეტენციითა და რეპუტაციით, რაც დაუშვებელია. ასევე აშშ-დან ითხოვენ, რომ არ უნდა იყოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მაშინ, როცა სასამართლო არის პოლიტიკური იარაღი და ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი განიხილება, როგორც პოლიტიკური პროცესი. ასევე აშშ-ის გავლენიან გამოცემებში, მათ შორის, Bლოომბერგ-ში, ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, როგორც ჩრდილოვან ბოსს. ეს არის საშინელება, მისი მმართველობის ფორმას უკვე სახელი დაერქვა. რაც მთავარია და საგანგაშოა, საქართველოში გაიზარდა პუტინის რუსეთის გავლენა. ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა, ჯინ შაჰინმა, განაცხადა, რომ თუ ეს არ შეიცვალა, შეიძლება მოგვიწიოს ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების გადახედვაო. მე მახსოვს მისი განცხადება, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ყოველთვის გვერდით ვედექით მას; იგი მიმართავდა საქართველოს ხელისუფლებას, მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ეს დახმარება გავაგრძელოთო. მსგავსი განცხადებები არ მახსოვს, ეს არის უმძიმესი შეფასებები და, პარალელურად, კონგრესში იმ კონგრესმენების რიცხვი მატულობს, რომლებიც სანქციების დაწესებას ითხოვენ, ეს არის ურთულესი ვითარება და თუ ხელისუფლება ვერ/არ გაიგებს, რას ითხოვს დასავლეთი, საქართველო იზოლაციის გზით წავა და ასეთი საქართველო ბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროში, საიდანაც 30 წლის განმავლობაში ამხელა მსხვერპლის ფასად გამოვდიოდით და ვიღწვოდით თავისუფლაი სამყაროს წევრობისთვის.
_ იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ შექმნილი ვითარება ადეკვატურად შეაფასოს და შესაბამისად იმოქმედოს, მან უფრო ხისტი ნაბიჯები გადადგა და ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებების სერია დაიწყო: დააკავეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩამდენი პირისთვის პოლიტიკა არ უნდა იყოს თავშესაფარი. რას უპასუხებთ ხელისუფლების წარმომადგენლების ამ განცხადებებს?
_ მეტიც: ხელისუფლების წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ პოლიტიკა და ჟურნალისტიკა ინდულგენცია არ არის. საქმე ისაა, რომ პოლიტიკა და ჟურნალისტიკა არის ის მიზეზი, რის გამოც ხდება პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ დევნა. ასე რომ, ძალიან სასაცილოა მათი უპრიმიტიულესი მესიჯები, რომელიც იწერება „ქართული ოცნების“ პიარჯგუფში. 20 ივნისის შემდეგ აბსოლუტურად ხისტ მოქმედებებზე გადავიდა ბიძინა ივანიშვილი, _ თუ მანამდე რაღაცნაირად ნიღბავდა თავის მოქმედებებს და ამ მართვადი ქაოსით ცდილობდა მანიპულაციას, ისეთი გადღაბნილი იყო მართვის ეს სტილი, ადამიანებს ძალიან უჭირდათ სახელის დარქმევა. ძალიან უნდა გინდოდეს თავის მოტყუება, რომ შესაბამისი სახელი არ დაარქვა იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილი თავისი პროკურატურით, სასამართლოთი და თავისი უსახური უმრავლესობით, ნაზირ-ვეზირებით, აკეთებს. რაც შეეხება გიგი უგულავას დაკავებას, ეს არის პოლიტიკური საქმე. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 20 ივნისის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა სამი პოლიტიკოსი ამოირჩია: ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა მელია და გიგი უგულავა, პირდაპირ მათ ასახელებდნენ „სახელმწიფო გადატრიალების“ მთავარ შემოქმედებად. მეც იქ ვიყავი და ვიცი, როგორ იდგა გიგი უგულავა სხვა ლიდერებთან ერთად ხალხსა და პოლიციას შორის და როგორ ცდილობდა, განრისხებული ხალხის ნაკადის შეჩერებას, ამის შემდეგ ვერ ვხსნი, რატომ იყო ის სამიზნეში ამოღებული. ოქრუაშვილი ციხეშია; მელიას პარლამენტმა სამარცხვინოდ, მოუხსნა იმუნიტეტი და დაატოვებინეს პარლამენტი, პირველი ინსტანციის სასამართლო „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიასთან მიმართებით ჯარიმით შემოიფარგლა, თუმცა ვხედავთ, რომ სააპელაციო სასამართლო 10 მარტს დაინიშნა და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვნახოთ; გიგი უგულავას რაც შეეხება, ის დიდი ხნის განმავლობაში იყო სამიზნე, _ ჯერ მასზე თავდასხმა მოაწყვეს აეროპორტში, სადაც გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს, თითქოს ის იყო მოძალადე და ძიუდოისტები სცემა. მაშინ, როცა გოკა გაბაშვილი უგულავასთან ერთად იყო და ორივეს ორგანიზებულად ძიუდოისტები დაესხნენ თავს, გოკა გაბაშვილი ამ საქმეში დაზარალებულად ცნეს, უგულავა _ ბრალდებულად. ამასობაში კი გააცოცხლეს 2013 წელს უგულავას წინააღმდეგ აღძრული საქმე. შალვა თადუმაძემ, როგორც პროკურორმა, საჩივარი გააგზავნა უზენაესში და როგორც უზენაესის მოსამართლე, დახვდა საკუთარ საჩივარს, ე. ი. ის ბრალმდებლის სკამიდან მოსამართლის სკამზე გადაჯდა და უგულავა 3 წელიწად-ნახევრით ციხეში გაამწესეს. ყველამ ვნახეთ, რომ თუ პოლიტიკოსი მიზანშია ამოღებული, ყოველთვის მოინახება ინსტრუმენტი და სრულიად ნონსენსური ცინიზმით მიზანში ამოღებულ ადამიანს ციხეში ისტუმრებენ. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა კი არ არსებობს, ეს სამართლებრივი სახელმწიფო კი არ არის, არამედ აქ არსებობს ბიძინა ივანიშვილის სურვილების უზენაესობა. სწორედ მისი სურვილების აღსრულებას ემსახურება ყველა სახელმწიფო სტრუქტურა: პარლამენტი, სასამართლო, პროკურატურა, სუსი და ა. შ., რაც ძალიან საშიშია, რადგან ასეთ ქვეყანაში დაუცველია თითოეული მოქალაქე, _ კანონი არ არის მოქალაქის მხარეს. საქართველოში კანონი ბიძინა ივანიშვილის სურვილია. „ქართული ოცნების“ მომხრეებს როდესაც უხარიათ მიუღებელი მეთოდით თუნდაც მათთვის არასასურველი ადამიანის დასჯა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთ სახელმწიფოში მათ უსაფრთხოებასაც ემუქრება საფრთხე. არც ერთი ადამიანი არის დაცული. როდესაც მათი რიგი მოვა, ვერც მათ დაიცავს ვერავინ.
_ მას შემდეგ, რაც უგულავა დააკავეს, ოპოზიციამ ხელისუფლებასთან ყველანაირ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა და 4 აპრილს აქცია დააანონსა. ამ თარიღმა საზოგადოებაში გაღიზიანება და კითხვები გამოიწვია. რატომ აგვიანებს ოპოზიცია რეაგირებას, რას უპასუხებთ ამ ადამიანებს?
_ მესმის საზოგადოების, რომელიც გაბრაზებულია და ემოციური და მყისიერი რეაგირება სურს, მაგრამ უნდა შევეჩვიოთ, რომ პროცესს საღი გონებით მომზადება და წარმართვა სჭირდება.
_ ხელისუფლება კვლავ მოგიწოდებთ დიალოგისკენ. რა შემთხვევაში შეიძლება დასთანხმდეთ მათთან მოლაპარაკებას?
_ რაც შეეხება ხელისუფლებასთან ჩაშლილ მოლაპარაკებას, რასაკვირველია, ეს არის ხელისუფლების მიერ ჩაშლილი პროცესი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებების ფონზე, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციონერ ლიდერს იჭერს, რასაკვირველია, შეუძლებელია, ამ ხელისუფლების მიმართ რაიმე სახის ნდობა არსებობდეს. ამიტომ ასეთ ხელისუფლებასთან ერთად მაგიდასთან დაჯდომისა და მოლაპარაკებების გაგრძელების აზრს ვერ ვხედავთ. ხელისუფლებასთან, რომლის არც ერთი „ლიდერი“, თანამდებობის პირი საკუთარ გადაწყვეტილებებსაც კი ვერ იღებს და ვერც საკუთარ აზრს ამბობს, შეუძლებელია რამეზე მოლაპარაკება, პირიქით, ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერ სურვილს ასრულებენ. ვერ ვითანამშრომლებთ იმ ხელისუფლებასთან, რომლის აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელმა საქვეყნოდ დადებული სიტყვა დაარღვია და ამით ნდობა დაკარგა. ამ პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, როდესაც გიგი უგულავა ციხეშია, არ ვიცით, მელიას რა ბედი ელის, ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ, ასევე ყველა კრიტიკული ტელევიზიის მენეჯერი და დამფუძნებელი დაბარებულია პროკურატურაში და მათი პროცესები მიმდინარეობს, _ შეუძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან მობრუნება.
_ ხელისუფლების შემოთავაზება 100/50-ზე ისევ ძალაშია. ოპოზიცია რატომ არ თანხმდებით ამ წინადადებას, ეს ხომ შერეული სისტემის გაუმჯობესებული ვარიანტია?
_ ხელისუფლება ამ წინადადებას იმიტომ გვთავაზობს, რომ ისევე როგორც სხვა პროცესების, ამ პროცესის სიმულაცია მოახდინოს, თითქოს ხელისუფლება კონსტრუქციულია და მას სურს მოლაპარაკებები და ოპოზიცია არის რადიკალური, _ სწორედ ამის იმიტაციას ცდილობს ხელისუფლება. ეს ყველაფერი სასაცილოა. ხელისუფლებას შემოსათავაზებელი არც არაფერი აქვს. ბიძინა ივანიშვილი სანამ აშშ-ში გააგზავნიდა თავის ნაზირ-ვეზირებს, 100/50-ზე წინადადება მანამდე შემოგვთავაზა ხელისუფლებამ, რაზეც ოპოზიციამ უარი თქვა, რადგან 100/50-ზე ვერ უზრუნველყოფს იმ მთავარ პრინციპს, რომ 30%-იანი მხარდაჭერით არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს უმრავლესობის მიღების საშუალება. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გონივრულ შემოთავაზებას არ ველი.
_ პოლიტოლოგები ბოლო პერიოდში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ხელს უშლის ოპოზიციის შედეგიან მუშაობას, თქვენ როგორ ფიქრობთ, აზიანებს მისი ფიგურა ოპოზიციურ ერთობას?
_ ძალიან რთული თემაა. ყველა ოპოზიციური პარტია ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობაც“. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რასაკვირველია, იგი არის ფაქტორი. „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდ სეგმენტს წარმოადგენენ, მათი შეხედულებები პარლამენტში პროპორციულად უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ იმას, რომ საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა დამთავრდეს. ჩემი აზრით, არც ერთი ლიდერის გარშემო აღარ უნდა ხდებოდეს გაერთიანებები. მიშა სააკაშვილს თავის მომხრეებში მასტიმულირებელი ფაქტორი აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების უმრავლესობა პირადად მიშა სააკაშვილის მომხრეა, ეს ასეა და ამას ვერ უარვყოფთ. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყენებს მიშა სააკაშვილის ფაქტორს, საზოგადოებაში არსებული ფობიებისა და ტრავმების გასაღვიძებლად. ბიძინა ივანიშვილი ადამიანების ფობიებზე თამაშობს, მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომ ადამიანებში ეს ფობიები გააღვიძოს. აქამდე იგი წარმატებით ახერხებდა ამას. მას პროცესების რადიკალიზაცია უნდა სწორედ იმიტომ, რომ მივიღოთ არა პოლიტიკურ პარტიებში სხვადასხვა მოსაზრების ჭიდილი და დაბალანსებული პარლამენტი, არამედ მტრის ხატი, რომლითაც დააშინებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიშა სააკაშვილის მომხრეები არ არიან. ივანიშვილს ჰგონია, რომ „მიშა მოდის!“ ამ გზავნილის გამოყენებით მიაღწევს შედეგს, მისი მთავარი მიზანი კი ხელისუფლების შენარჩუნებაა. ასე რომ, მიშა საკააშვილი არის ფაქტორი, როგორც პოზიტიური და ასევე ნეგატიური. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ვისურვებდი, რომ მან მოზომილი განცხადებები გააკეთოს, თუმცა მას ჩემი რჩევა არ სჭირდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს პროცესი.
_ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ არჩევნებს იგებს არა საარჩევნო სისტემა, არამედ ხალხის მხარდაჭერა. ამ ლოგიკით, არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში, ოპოზიცია შეძლებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას?
_ რასაკვირველია, ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში შესაძლებელია ხელისუფლების დამარცხება. 2012 წელს სწორედ ეს მოხდა, როდესაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში დამარცხდა ხელისუფლება, მაგრამ ეს არჩევნები არ არის, ეს არის ომი, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან და მტრები ხდებიან, გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი და დამარცხებულს ანადგურებს, ეს ძალიან მძიმე სცენარია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ამ სცენარისთვის აღარ გვემეტება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება. ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ახლა დიდი ამბით გველაპარაკებიან, 2012 წელს რა დაპირებას იძლეოდა „ქართული ოცნება“, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, ისინი „ქართული ოცნების“ სიახლოვესაც კი არ ყოფილან. ჩვენ 2012 წელს დაპირება გავეცით, რომ ეს უსამართლო საარჩევნო სისტემა, რომლითაც შესაძლებელია ძალაუფლების ისეთი კონცენტრაცია, რომლის მანდატიც ხალხისგან არ აქვს ხელისუფლებას, უნდა შეიცვალოს. 2012 წლიდან ამ დაპირებით მოვიდა „ქართული ოცნება“, მათ შორის მე მაშინ „ქართული ოცნების“ რიგებში „თავისუფალ დემოკრატებს“ წარმოვადგენდი. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა და დაპირება დაპირებად რჩება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფრის დათმობას არ აპირებს, რადგან იგი სწორედ ამ უსამართლო საარჩევნო სისტემას გამოიყენებს უმრავლესობის მოსაპოვებლად. უნდა აღვნიშნო, რომ შერეული საარჩევნო სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს და ამ სისტემის პირობებში ტარდება სამართლიანი არჩევნები. უბრალოდ, საქართველოში ძალიან მანკიერი სახე მიიღო, მაჟორიტარები ყველა ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი არიან. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ისინი მათ მხარეს იჭერენ. ასევე ისინი წარმოადგენენ ფეოდალებს საკუთარ სამაჟორიტარო ოლქებში. ქართულ რეალობაში მაჟორიტარები აბსოლუტურად პოლიტიკის მიღმა არიან, ნებისმიერი ხელისუფლების ძალაუფლება მათზე გადის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, არსებული საარჩევნო სისტემა დარჩეს და ოპოზიცია მზად უნდა ვიყოთ ძალიან დიდი კოორდინაციითა და რაციონალური გონებით. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რა გვემუქრება. 2016 წელს პირადად ვნახე, რა მეთოდების გამოყენება შეუძლია ამ ხელისუფლებას. მე, როგორც „თავისუფალმა დემოკრატმა“, ეს ყველაფერი გამოვიარე, ეს მეთოდები იყო: ადამიანების დაჭერა, ფარული კადრების გავრცელება და ა. შ. ყველა უკადრებელ მეთოდს გამოიყენებს ხელისუფლება, მათ შორის, ისინი გამოიყენებენ ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს, გასცემენ პოპულისტურ დაპირებებს. ჩვენს მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ეს ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი არც ერთ დაპირებას არ ასრულებს.
_ ხელისუფლების მეთოდებს რას უმზადებს ოპოზიცია საპირწონედ?
_ ოპოზიციამ დიდი კოორდინაციითა და ჩვენს მოქალაქეებთან ლაპარაკით უნდა შევძლოთ ამ ხელისუფლების დამარცხება. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ და გავაგებინოთ, რომ ქვეყნის არჩევანი საფრთხის ქვეშაა. ამჟამინდელი მმართველობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთში ვბრუნდებით. ჩვენი ქვეყანა ამდენი ხანია, თავისუფლებისთვის იბრძვის და დღეს თითოეული ადამიანის ღირსება და თავისუფლება საფრთხეშია. დარწმუნებული ვარ, რომ მონობასა და თავისუფლებას შორის აუცილებლად თავისუფლება გაიმარჯვებს. მმართველი გუნდი, რომელიც მთავარ მონაპოვარ საქართველოს დემოკრატიას აყენებს საფრთხის ქვეშ, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ, არჩევნების გზით უნდა გავისტუმროთ ხელისუფლებიდან და შემდეგ უნდა ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, რომელიც ქვეყანას განვითარებისკენ, კონსენსუსისკენ წაიყვანს. ეს იქნება ურთულესი ბრძოლა. თუ გამარჯვების იმედი არ გაქვს, არ არსებობს, რომ გაიმარჯვო, ამიტომ ჩვენ ამ ბრძოლაში შევდივართ გასამარჯვებლად, სხვა გზა, უბრალოდ, არ გაგვაჩნია.

ნენე ინჯგია