დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“

გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-41 (2019წ.); #2-3 (2020წ.)
„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.

(გაგრძელება)

27 ნოემბერი _ კვირა (ძველი სტ. 14 ნოემბერი)

მწირველი ვარ ანჩისხატის ტაძარში, მრევლმა ვარაზაშვილმა წირვა შემომიკვეთა მიცვალებულისა, მეორე წირვაც იყო შემოკვეთილი, ჯვრისწერაც წირვის შემდეგ, ასე რომ ხალხმა ჩვეულებრივზე ბლომად მოიყარა თავი; როდესაც კვეთას ვასრულებდი, უცბად დამიძახეს: „კათოლიკოზი მობრძანდაო“! მეც გავეგებე, ის პირი ღვთის წინაშე ლოცულობდა, აღსავლის კარები გაუხსენი, მაგრამ სამხრეთის კარებიდან შემობრძანდა, ხელზე ვემთხვიე და განვაგრძე კვეთა. თითონაც მობრძანდა სამკვეთლოზე, იქ დაინახა, რომ კვეთას ვასრულებდი კაი დიდ თონის პურზე, „ეგ რა დიდი სეფისკვერი გცოდნიათო“, _ ღიმილით მიბრძანა. და შეუდექით მის ცოცხლების თუ მიცვალებულების მოხსენებას. შემდეგ დავიწყე წირვა, რაღაც იღბლად სამი კაცის გალობაც მოხერხდა _ ჩემი დიაკონი ნიკ. ყანდარელი, მსახური შაქრო გაგნიძე, და ერთი ფოსტა-ტელეგრაფის მოხელე ბარნაბიშვილი _ ამათ იგალობეს; წირვის გათავებისას კათოლიკოზმა მიბრძანა: „დღეს სახლში დარბაზობა უნდა გაგიკეთოო“, _ მეტად დამავალებთ თქო, _ უპასუხე; შემდეგ ვსთხოვე: „ნება მიბოძეთ ქადაგება წარმოვსთქვა თქო“, მიბოძა ნება. წარმოვსთქვი ქადაგება იაიროსის ქალის მკვდრეთით აღდგენაზე და გზაზე სისხლის მდინარებით შეპყრობილ დედა-კაცის მაცხოვრის მიერ განკურნებაზე; ვიმსჯელე „სარწმუნოების“ მადლზე და ძალაზე, მის სიკეთეზე, შემდეგ შევეხე ჩვენი ერის წარსულ სარწმუნოებრივ მოქალაქობაზე, ეხლანდელ ურწმუნოებაზე და ცხოვრების გზის არევ-დარევაზე, იმ დიდ განსაცდელზე, რომელიც დღეს კარზე მისდგომია ჩვენს ქვეყანას და შეიძლება დავღუპოთ ჩვენი სამშობლოც და ერიც თუ დროზე არ გამოვფხიზლდით, და არ დაუბრუნდით ნაცად ქრისტიანულ-ზნეობრივ შეუდრეკელობას, შეთანხმებულ და გულწრფელ მოქალაქობას… ქადაგება გამოვიდა არც გრძელი, ისე ცოცხლად და მარტივად იქნა წარმოთქმული, მორწმუნენი კმაყოფილნი იყვნენ, კათოლიკოზიც მგონი. წირვის შემდეგ კათოლიკოზს გავატანე ჩემი დიაკონი, ჩემს ბინაზე აიყვანა, სადაც ჩემმა მეუღლემ ალექსანდრამ და დედა-მისმა მარიამმა მიიღეს კათოლიკოზი, გაუმასპინძლდნენ ჩაით, ცოტა საუზმითა; მანამ მე პანაშვიდები ვიხადე, პარაკლისი, დამიგვიანდა, რომ ამოვედი, კათოლიკოზი უკვე აბრძანდა, დეკ. იასონ კაპანაძე ეახლა და წაიყვანა; ასე რომ ჩემ „დირექტორობის“ შესახებ არა თქმულა რა, არც ვიცი რა ამბავია „სფერებში“.

29 ნოემბერი (სამშაბათი)

ამ დღეს სადილის დროს შემოვიდა წმ. ნინოს სასაფლაოს მღვდელი დეკ. გიორგი გამრეკელი (აკადემიელია, ლეონიდის დროს გადააყენეს წინამძღვრობიდან, დაუნიშნეს წინამძღვრად დეკ. დიმ. ხახუტაშვილი, სჭამენ ერთმანეთს სასაფლაოს ოთხი მღვდელი, ჰქურდავენ ტაძარს, ფულს და შეაწუხეს მრევლი და მორწმუნენი თავიანთ უსაქციელობით), ამან პირდაპირ „კათედრა“ მთხოვა „სამოძღვრო კურსების დირექტორს“. მე კი არ გაუმხილე თუ ვიცი რაიმე ამ დირექტორობაზე ან თუ უარი განვაცხადე კიდეც. დეკ. ნ. მაჭარაშვილმა, მთავარ-ხუცესმა მითხრაო და ისტორიის კათედრა შემინახე, როდესაც საქმე მოაწყოო. შემდეგ მას თვითონ ვათქმევინე, რომ არ არსებულ და ასე პრობლემატიურად განზრახულ კურსების დირექტორად დანიშვნა არ არის კარგიო; „რა იქნებოდა, დაეძახნე, მოგლაპარაკებოდა, შეგთანხმებოდა სანამ დაგნიშნავდაო, მაგრამ მაგ დანიშვნას, ეტყობა კარგი პირი არ უჩანსო“… მაშ რაზე მოდი და რაზე მთხოვე „კათედრა“, რატომ არა გრცხვენია, რომ ასე გამოსაცდელად და განსაქიქებლად დადიხარ თქო; რა დაგემართათ, რაზე დამცირდით აგრე, რაზე მოჰკალით ტფილისის სამღვდელოების არსებობა, სად არის ეს ოდესღაც ცნობილი სამღვდელოება მეთქი?! ნუ თუ ასეთ იოთ-მოეთობის, ინტრიგების, ერთმანეთის განჭრეთა-გამოცდაში უნდა ამოგვდიოდეს სული მეთქი… ბევრი ასეთი მწარე რამ ჩავაყლაპე მამა გიორგის; ამანაც დასძრა შემდეგ ბაგე თვისი და ილაპარაკა ცინცაძე-თოთიბაძის ოინებზე, ვერის სამრევლოზე, ამ სამრევლოს სამხედრო ტაძარზე მიწერის განზრახვაზე, კათოლიკოზის ასე დატყვევებაზე და წავიდა… ამასაც უთხოვნია ვერის სამრევლო, სურდა თავი დაეხწია წმ. ნინოს ჭაობისათვის…
კათოლიკოზ ამბროსის ნაამბობი ჩემს ოჯახში დარბაზობის დროს და დეკ. ამბროსი ფოფხაძის ამბავი დარბაზობის დროს კათოლიკოზს უამბნია ჩემი მეუღლისა და სიდედრისათვის თუ როგორ ესტუმრა მას სომხის კათოლიკოზი კევორკ V და თვით ამბროსიმაც როგორ გადაუხადა მაგიერი დარბაზობა. სომხის კათოლიკოზი, ეპისკოპოზთა და სხვა სამღვდელო პირთა ხლებით, დიდის ცერემონიით, ამერიკის მისიიდან მირთმეულ ავტომობილებით, პირდაპირ სიონის ტაძარში მიბრძანებულა. აქ სიონში მას, სომხის კათოლიკოზს, ელოდა დიდ-ძალი სომხის მოქალაქენი, გაჭედილი იყო სიონი სომხებითაო, ქართველთაგანი კი არავინ მოსულაო, _ ნაღვლიანად უთქვამს ამბროსის! სომხის კათოლიკოზს სომხურად მცირე პანაშვიდი უხდია კირიონ და ლეონიდ კათოლიკოზების საფლავზე, შემდეგ საკურთხეველში, ტრაპეზზე მთხვევია და სიონიდან ისევ იმ ცერემონიით წაბრძანებულა ჩვენი კათოლიკოზის სასახლეში, სომხობის წარჩინებული პირნი აქაც ჰხლებია კევორკ მეხუთეს! აქ გამართულა „დიპლომატიური“ ერთმანეთის მისალმ-მოსალმება, _ სომხის კათოლიკოზი ტფილისელი სომეხია, ვაჟთა პირველ გიმნაზიაში უსწავლია (სურენიანი), ქართულად ჩინებულად ლაპარაკობს, მაგრამ ერთნაირ ეთიკის დასაცველად სომხურად უთარგმნიდა მღვდელი ხუციანი (ეს ალბათ ქართველი გრიგორიანთაგანია, ვანქშია მღვდლად, კარგად ლაპარაკობს ქართულად, იყო ლეონიდის დასაფლავებაზე სიტყვით სიონში, ხოლო ამბროსის კურთხევაზე _ მცხეთაში) ქართულ ნალაპარაკევს ჩვენი კათოლიკოზისას; ჩვენი კათოლიკოზი ქართულად ესაუბრებოდა, ნიშნად იმისა, რომ ქართული ესმოდა, კევორკი სულ თავს უქნევდა და თუ ნალაპარაკევს მაინც სომხურად სთარგმნიდენ _ ეს უფრო იმ ამალა-ეპისკოპოზ-სამღვდელოთათვის, რომელთაც ქართული არ ესმოდათ…
მეორე დღეს ჩვენი კათოლიკოზიც წაბრძანებულა მაგიერი დარბაზობის გადასახდელად, უბრალოდ, ეტლებით, ქართველურად, თავის გრძელ-წვერა და თმა- ჭაღარა დეკანოზების თანხლებით; ესეც პირველად ვანქში მიბრძანებულა, ვანქი სავსე დახვედრია ჩვენს კათოლიკოზს სომხის საზოგადოებით, ქართველობა კი _ ერისაგანნი, მხლებლებადაც კი ვერ ვიყოლიეთ“, _ ნაღვლიანად დაუმატა თურმე კათოლიკოზმა. „ასე მოქალაქობენ სომხები, ქვეყანა ზედ შეიხედეს, ასე აალაპარაკებენ ევროპას და ამერიკას თვისს ეკლესიაზე და კათოლიკოზზე, მე კი სიონში პირველ წირვაზე სულ რაღაც ოცდაათი სული მლოცველი დამესწრო, ზედაც არავინ მიყურებსო“, _ ისევ იჩივლა კათოლიკოზმა. მაგრამ რაც დასთესეს იმას იმკიან ჩვენი „იერარქნი“ საზოგადოდ და კერძოდ ამბროსიც! ამათ ისე დასცეს ჩვენი ეკლესიის სახელი ხალხის თვალში, რომ აღარავის ესიამოვნება ჩვენ შესახებ რაიმე ამბის გაგონებაც კი; ჩვენი ერთმანეთის ფლეთა-გლეჯა, განქიქება, დამცირება, ენით გამოუთქმელი უაზრო ქიშპობა-ინტრიგანობა, უკვე საყოველთაოდ ცნობილია; ამათში გარჩევა აღარ არის, მრუდი თუ მართალი ერთნაირ ზიზღს და უყურადღებობას იმსახურებენ. თვით ამბროსიც „ახალ სიტყვის“ კოლეგიაში ბრძანდებოდა, როდესაც უბედურ კირიონს ანიავებდენ და ჯვარს აცვამდენ შუბლაძე-ციცქიშვილ-დავიდოვ-ცინცაძე-თოთიბაძე ლეონიდის მონაწილეობით და ლოცვა-კურთხევით, როგორც „ტფილელი მიტროპოლიტი“! ამბროსიც თანამშრომლობდა „ახალ სიტყვაში“, ესეც გადაუდგა კირიონს და ქუთათელ ანტონის, საითაც უფრო მეტი ძალა ნახა იქით გადაიხარა ეს მელა-კუდა მეგრელი; დღესაც ამ „ჯგუფის“ ტყვეა ამბროსი; ეს „ჯგუფი“ მას მეტ სირცხვილს და დამცირებას მიაყენებს, ვინემ ეს მოუვიდათ ჯერ კირიონს და შემდეგ ლეონიდსა და ანტონის. მართალია ეხლა გამარჯვება არგუნა ამ ჯგუფმა ნაზარ ქუთათელზე, მაგრამ ვაი, მაგისთანა გამარჯვებას! ამას წინეთ ქუთაისიდან ჩამოვიდა საკრებულო ტაძრის მესამე დეკანოზი ამბროსი ფოფხაძე, კაცი მეტად მოუსვენარი, თავხედი და კლიაუზნიკი; აქ, საკათოლიკოზო საბჭოში, ნაზარის მცხეთიდან დაბრუნების დროს, შეუმოკლებიათ საკრებულო ტაძრის შტატი, გაუუქმებიათ მეოთხე მღვდლის შტატი, მაგრამ ნაზარს სდომებია რა ფოფხაძის თავიდან მოშორება, ასეთი დადგენილება გამოატანინა საკათოლიკოზო საბჭოს: „მესამე ან მეოთხე მღვდლიდან ის დარჩეს შტატში, ვინც უფრო ადრე შემოსულია სამსახურშიო“; ადრე შესული კი ყოფილა ქუთაისის საკრებულო ტაძარში ვინმე დეკ. ნიკოლაძე, ოთხკლასიანიც არ არის ის თურმე, მაგრამ ნაზარისათვის ეს უფრო სასურველი პერსონაა, ფოფხაძე კი სემინარიის სტუდენტია, ავტოკეფალიისა გამო 12 წელიწადი გადაყენებული ჰყავდა ექსარხოსებს სამსახურიდან, ეხლა კი ნაზარი აგდებდა სამსახურიდან; ჩამოიჭრა ეს ფოფხაძე ტფილისში საქმის გამოსაბრუნებლად, მოვიდა ჩემთან, „სასტუმროში ბინა ვერ ვიშოვნეო და შენ მიმასპინძლეო“, _ მთხოვა, მეც რა ღონე მქონდა, მივიღე, თან არ მესიამოვნებოდა მისი ოჯახში შემოსვლა, ვიცი, რომ იცის ადამიანის დაზვერვა და სიტყვის მიტან-მოტანა, ვფიქრობ კიდევაც, რომ ეს დეკანოზი ამბროსი კათოლიკოზისაგან იყო ჩემთან საგანგებოდ შემოჩენილი, აბა რას ვიტყოდი მასზე, რა გუნებზე ვიყავი „კანტროლიორობის“ ჩამორთმევით, წმ. გიორგის სამრევლოს სიონზე მიწერით თუ ვერის წმ. ნიკოლოზზე უარის ყოფით! მეც რაც შეიძლებოდა თავდაჭერილად ვიყავი, გამოვსთქვი, რომ საწყენად მაქვს, რომ გრძელდება ჩემ წინააღმდეგ წარმოებული დევნა-დამცირება, რომ აღარავითარი იმედი არა მაქვს ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესებისა ასეთ პირობებში და სხვა. თვით დეკ. ფოფხაძე კი მიწასთან ასწორებდა ქუთათელ ნაზარს, მას ბრალსა სდებს აღვირახსნილ მექრთამეობაში და ფეშქაშების მიღებაში სამღვდელოებისაგან; ამბროსი კათოლიკოზსაც მეტად ცუდად იხსენიებდა, როგორც უნიჭოს და უხასიათოს, „ამის ხელში ჩვენი ეკლესია უფრო მეტად დამცირდება და დაირღვევა, ვინემ კირიონ-ლეონიდის ხელშიო“, _ ბრძანა ფოფხაძემ… მე ვისმენდი ყოველივე ამას და თითქოს არ ვეთანხმებოდი მას… ბოლოს დეკ. ფოფხაძემ გადმოგვცა ერთი საყურადღებო ეპიზოდთაგანი კათოლიკოზის არჩევნების ეპოპეისაგან გელათში: „როდესაც ამბროსის ყუთის კენჭებს ითვლიდენ გელათის ტაძარში, ამბიონზე, და თეთრი კენჭების რიცხვმა მიაღწია 50-ს, მაშინ ასტეხეს ტაშისცემა, ხტოდენ და ცეკვავდენ საკურთხეველში თუ ამბიონზე: დეკანოზები _ ცინცაძე, თოთიბაძე, მირიანაშვილი, ტყემალაძე, იასონ კაპანაძე, ამის ყვირილმა სულ აიკლო იქაურობა: „აქ არის, აქ არისო“! (ნამდვილად კი არც ტყემალაძეს, არც კაპანაძეს ამბროსი არ სურდათ კათოლიკოზად, ამათ ცუღლუტი ლაწირაკი რაფიელ ივანიცკი-ინგილო სურდათ კათოლიკოზად! ასეთ სამასხარო საგნად გადაიქცა ჩვენში კათოლიკოზობა! ხოლო ლაზრიშვილს და კ. კეკელიძეს სურდათ ნაზარი) ამ დროს მოწინააღმდეგე ბანაკიდან გაისმა პასუხი: „გვადროეთ, მამანო, იქნებ ნაზარს მეტი ხმა ამოდის, იმისი ყუთიც დავითვალოთ, მოასწრებთ ცეკვა-ხტუნვასო“! მაგრამ ამბროსიმ აჯობა ნაზარს 13 კენჭით, მაშინ კი გელათის ტაძარში აუტეხიათ „გამარჯვებულ პარტიას“ აუწერელი ყვირილი, ხტუნაობა, ტაში და ოვაციები, სრულებით შეუფერებელი, როგრც წმ. ადგილისათვის, ისე თვით არჩეულისათვისო, წაგვიპილწეს გელათის ტაძარი თავიანთ უსაქციელობითაო, _ დაამთავრა დეკ. ფოფხაძემ, _ მაგათგან რა სიკეთეს უნდა მოელოდეს კაციო“. მე ვსთხოვე დეკ. ფოფხაძეს _ „ჩემ შესახებ ნურას იტყვი კათოლიკოზთან, ნურც ავს, ნურც კარგს, თითქოს არც კი გინახივარ თქო, მაგრამ თუ შეხედო და დაგჭირდეს ერთი წიხლი შენც ჩამახვიე თქო“, _ ღიმილით ვუთხარი მე. „არა. მაგას კი არ ვიზამო“, _ მიპასუხა მან და თან მითხრა ესეც: „მე მაგათ ოინებს ბოლშევიკების ლიდერებს ვეტყვი, რომ მაგენი ამდენ ფულებს ფლანგავენ სანთლის ქარხნისას და ძვირფას ნივთებს თუ ავეჯეულობას ანიავებენო“. ამაზე მე მეტად დავტუქსე დეკ. ფოფხაძე: „ეს არ გაჰბედო, ღმერთი არ გაგიწყრეს, ეს საზიზღრობა არ ჩაიდინო, ეს ხომ ღალატი, იუდობა იქნება თქო! თუ შეგიძლია შენ სხვაფრივ იმოქმედე, რომ ჩვენი ეკლესიის საქმეები გამოკეთდეს, ამ ადამიანებმა სიკეთის გზაზე შესდგან ფეხი, თორემ ბოლშევიკები ისედაც ჩაგვჭიდებენ ხელს და გაგვანიავებენ, როდესაც ჩვენთვისაც მოიცლიან თქო“… როდესაც ამას ვეუბნებოდი, ფოფხაძე თვალებ დაჭყეტილი მიცქეროდა, მაგას ეგონა, მე ისე ვიყავი გაბოროტებული საკათოლიკოზო საბჭოზე კათოლიკოზზე და ზოგიერთ პირებზე, რომ მოუწონებდი ფოფხაძეს ბოლშევიკებზე დაბეზღებას ჩვენი „მოღვაწეებისას“, შამშე ლეჟავას კარგად ვიცნობ ქუთაისშიო, ის კი დიდი და გავლენიანი კომუნისტია, ქუთაისში უკვე დაატუსაღეს და სამი კვირაც არის ციხეში ზის, დეკ. პლატონ ცქიტიშვილი (უნივერსიტეტი აქვს სემინარიელ მღვდელს დასრულებული და კანდელაკის ადგილი უჭირავს საკრებულო ტაძარში, ეს ადგილი კი ამ ფოფხაძეს უნდოდა!) და ყოფილ ეპარქიალურ გიმნაზიის გამგე ტრიფონ ჯაფარიძე (ესეც დიდი მოწინააღმდეგე იყო ამ ფოფხაძისა ქუთაისში), მალე ამათ ტფილისში, მეტეხის ციხეში გადმოიყვანებენო, _ სთქვა ფოფხაძემ, _ გაჩხრიკეს, რაღაცეები უპოვნეს ოჯახში, კომუნისტების საწინააღმდეგო პროპაგანდას აბრალებენო“. ჩემზე ყოველივე ამან მეტად ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვფიქრობ ამ ფოფხაძემ ხო არ დააბეზღა ეს თვისი მოწინააღმდეგენი, რაღაც მეტად ცუდი სუნი უდის ყოველივე ამას და დავღონდი. ფოფხაძემ თვისი საქმე გაჩარხა ტფილისში, ინახულა ცინცაძე, ტყემალაძე, კაპანაძე, ამათ შემწეობა-დახმარებას დაჰპირდნენ, ინახულა ამბროსიც, ამანაც ერთნაირი ბოდიში მოიხადა: „ის რეზოლიუცია ნაზარმა გამოგვატანია საკათ. საბჭოში, ჩვენ რა ვიცოდით რომელი იყავით წინშესული სობოროში _ შენ თუ ნიკოლაძეო, ამას გამოგისწორებთ, ნუ შესწუხდებითო, _ უთქვამს კათოლიკოზს და თან ფოფხაძის სიტყვით, კათოლიკოზს თითქოს ისიც კი ებრძანებიოს, რომ „ნაზარიდან ბარათი მომივიდა, ამბროსი ფოფხაძე უნდა შემოგეჭრეს სახლში და უნდა მოგკლასო“! _ ესეც რაღაც საზიზღრობაა! ამას ან ნაზარი როგორ მოიწერებოდა და თუ მოიწერა კათოლიკოზი როგორღა იკადრებდა ამ გაფუჭებულ პირთან ასეთ რამეს თქმას! მაგრამ ესეც ერთნაირი დამახასიათებელია ჩვენი გათახსირებისა! შემდეგ ამბროსიმ გადმომცა, რომ კათოლიკოზი შენ შესახებ კარგი აზრის არისო, ნიჭიერ და სასარგებლო პირად გთვლის, „მალე დავიბარებ თალაკვაძესო “, _ ასე ბრძანაო! ამას რო ამბობდა დეკ. ფოფხაძე თვალებში ვეღარ მიცქეროდა, ეტყობოდა, რომ ბევრი რამ ჰქონდა ნალაპარაკევი კათოლიკოზთან ჩემზე და კათოლიკოზსაც ჩემ შესახებ _ სასიკეთო, რასაკვირველია, არაფერი! ეს ბაასი მე და ფოფხაძეს შორის იყო 25 ნოემბერს, ხოლო 26-ს მივიღე კათოლიკოზის მიერ სამოძღვრო კურსების დირექტორად დანიშვნის ქაღალდი და მართლაც მიბარებდა თავისთან, მაგრამ აღარ ვეახელი, იმ დღესვე წერილობითი უარი მოვახსენე, ხოლო დეკ. ფოფხაძე „გამომემშვიდობა“ და ქუთაისში დაბრუნდა! ოჰ! ღმერთო! ღმერთო! როგორიღა ვართ ეს მღვდლები _ „ეს მარილნი და ნათელი ამა სოფლისანნი“!

დეკ. მელიტონ კელენჯერიძის ოინები ჩემ შესახებ

ეს დეკანოზიც ქუთათურია, კიევის სასულიერო აკადემია აქვს დასრულებული; წინეთ ეპარქიალურ საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ იყო, არ გამოდგა და სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დანიშნეს ქუთაისში; ვერც ამ ადგილზე ივარგა და გიმნაზიის სჯულის მოძღვრად დანიშნეს ფოთში; სამღვთო სჯულის გაუქმების შემდეგ ფოთიდან ისევ ქუთაისში გადმოვიდა და მენშევიკების დროს რეალურ სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლობა მისცეს, მაგრამ წელს დაითხოვეს იქიდან, როგორც მღვდელი; მეტად უხეში ადამიანია, არის გაბურძგნილი თმითა (წელამდე) და წვერით, ცალი თვალით ბრმა და ერთ რაღაც „საფრთხობელას“ წარმოადგენს; მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა- მომზადება აქვს, თავისდაჭერა არ იცის, დღეს სხვა დარბაისლობა ჰმართებს სასულიერო პირს, რომ მან სრულებით ნიადაგი არ დაჰკარგოს საზოგადოებაში და დეკ. კელენჯერიძემ დაჰკარგა ეს ნიადაგი; ისიც უნდა ითქვას, რომ პროვინციაში მღვდლები თითქმის სულ თუ არა, უმეტესი ნაწილი დაითხოვეს სასწავლებლებიდან, მათ წინადადება მისცეს _ წლის დამლევამდე იყავით, განაგრძეთ სწავლება, მაგრამ ერისკაცის ტანისამოსით იარეთ სასწავლებლებშიო! ერთი, რომ მეტად უხერხულია, მღვდელი ერისკაცის ტანისამოსით ეჩვენოს თვისს მოწაფეებს კლასებში, სულ გაამასხარავებენ და პედაგოგიურადაც მიუღებელია ეს ზომა; მეორე, _ სად ან ვის შეუძლია ეხლა ერისკაცის ტანისამოსის დაკვეთა და შეკერვა, რა ფული უნდა აუთავდეს კაცს ამაზე?! ასეთ მიზეზებით მე დროებით შევინარჩუნე მასწავლებლობა ქალთა მესამე გიმნაზიაში _ ეხლა „მეოცე ტექნიკუმად“ წოდებულში, სადაც ქართველი დირექტორი ხელს მაფარებს, მაფასებს და მინახავს… დეკ. კელენჯერიძე კი შეჭრილა „ნარკომპროსში“ _ ესე იგი განათლების კომისარიატში, იქ აუტეხია ერთი აურ-ზაური, „როგორ თუ სამსახურიდან დამითხოვეთ, თალაკვაძე თუ კი გყავთ მასწავლებლად, მე რა დავაშავე, რითი ვარ მასზე ნაკლებიო“ და სხვა!.. ამბობენ ამ დღეებში შენც დაგითხოვენო, კელენჯერიძის განცხადებამ იქონია გავლენა, დეკრეტი გამოვა, რომ მღვდლების ჭაჭანება აღარ იყოს სასწავლებლებშიო! ამ ინციდენტსაც მეტად ცუდი სუნი უდის, ეს ცინცაძე-თოთიბაძის ოინებია, ამათი წაქეზებულია დეკ. კელენჯერიძე იმ საზიზღრობაზე, რომ მე გიმნაზიიდან დამითხოვონ და ხელთ მიგდონ საკათ. საბჭოს სფეროში, ლაქიად მიყოლიონ!.. ეს ინციდენტი კონფიდენციალურად გადასცა დეკ. მ. ტყემალაძემ ჩემს სიმამრს _ დეკ. ზ. ლუკაშვილს: „ასეთი საძაგლობა ჩაუდენია დეკ. კელენჯერიძეს, უთხარ შენს სიძეს, იქნებ თავს უშველოსო“! აი, კიდევ ჩვენი გათახსირების ერთი ნიმუში, მდევნიან თითქოს ცოფიანი რამ ვიყო…

5 დეკემბერი (ორშაბათი)

დღეს იყო დანიშნული ვერის წმ. ნიკოლოზის აწ გარდაცვალებულ დეკ. გრ. გიორგიძის ორმოცი, ყოფილ მთავარ ხუცესისა; საღამოზედ იყო დანიშნული პანაშვიდი; დავესწარი მეც. შეიკრიბა სამღვდელოება-დეკანოზები: კ. ცინცაძე, თოთიბაძე, ლაზრიშვილი, ნ. მაჭარაშვილი, ციცქიშვილი და ვ. მატათაშვილი (ადგილობრივ ტაძრისა), ჩემი სიმამრი ზ. ლუკაშვილი, უადგილო მღვდელი აბრამა ტარიელაშვილი და დიაკონი ანტონა ლაზრიშვილი, ძე დეკ. დიმიტრი ლაზრიშვილისა, რომელიც ამ დღეებში გადმოაყვანიეს დიდუბიდან ქვაშვეთის ტაძარში ცინცაძე-ლაზრიშვილთან, ესე იგი შვილი მამასთან გაამწესეს სამსახურში! [ეს გადაწყვეტილა 10 ნოემბერს ძველი სტილით, გიორგობას, როდესაც კათოლიკოზი მწირველი ბრძანდებოდა ქვაშვეთში, ხოლო საზეიმო სადილზე დეკ. ცინცაძის ოჯახში, რასაკვირველია ეკლესიის ხარჯზე! 1919 წელს ცინცაძე-ლაზრიშვილმა შეუჩინეს დიაკონის შტატზე მსახური მღვდელი ქვაშვეთში ერასტო ფხალაძე იმავე ტაძარში მედავითნის ადგილზე მყოფ დიაკონ ნიკოლოზ ყანდარელს, ამას დასწამეს საძმო ყულაბიდან ორიათას ხუთას მანათის მოპარვა, შეუყენეს ამაზე საქმე, ვერაფერი კი ვერ დაუმტკიცეს, გამოაგდეს სამსახურიდან, ლეონიდმა კი მხოლოდ ის ნუგეში სცა დევნილ დიაკონ ყანდარელს, რომ ანაფორა გაიხადე და მეტეხის ციხის სამმართველოში მწერლის ადგილია და იქ განწესდიო! ასე შებოჭილ-შეხუთულია დღეს ჩვენში სამართალი; ეს დიაკონი კი ჩემთან არის მსახურად ნამყოფი დიდუბეში, არა შემინიშნავს რა მაგისთვის ხელმრუდობა, მიუხედავად იმისა, რომ დიდძალ ფულებში და ნივთებში ურევდა ხელს; მეტად დამწუხრებული იყო ეს ყანდარელი თვისი წვრილი ცოლ-შვილით, რომელთაც ერეკებოდა ბინიდან ლაზრიშვილი მთავარ-ხუცეს გიორგიძის საშუალებით; ამ დროს მოვიდა ჩემთან ამ ყანდარელის მეუღლე ერთ ჩემ მრევლთაგან მანდილოსნის თანხლებით და შემომჩივლეს თავიანთი უმწეო მდგომარეობა და შიშიც გამოსთქვეს, რომ შესაძლებელია სისხლიც დაიღვაროს, რაიმე ცუდი არა ჩაიდინოს დიაკონ ყანდარელმაო. მაშინ ჩემს ტაძართან თავისუფალი იყო მედავითნის ადგილი, მე შევედი ლეონიდთან და ვსთხოვე, რომ დროებით, სანამ მრევლი არჩევნებს მოახდენდეს (მაშინ არჩევნების უფლება იყო), ეს დიაკონი გამიმწესეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ არ არის დამნაშავე, აქ რაღაც გაუგებრობა გამოვიდა და მალე გამოირკვევა, ასეთ მომზადებულ დიაკონს ასე განუკითხავად გულზე ხელს ნუ ვკრამთ, თორემ აღარავინ დაგვიდგება და ახლებსაც ვეღარ ვიშოვნით თქო; დამთანხმდა, მას შემდეგ ეს დიაკონი ჩემთან მსახურობს; შარშან ქვაშვეთის ტაძარში, საძმო ყულაბთან მიასწრეს, რომ სტეხდა ისე დეკ. კ. კეკელიძის შვილი (ეხლა გაკრეჭილია), ცხადი იყო, რომ ეს ბავშვი (14 წლისა) იყო მაშინაც დამნაშავე; ასე რომ ყანდარელის უდანაშაულობა გამომჟღავნდა. მიუხედავად ამისა არავინ არავითარი ნაბიჯი არ გადასდგა მის გათეთრებისათვის, პირიქით დეკ. ლაზრიშვილი შეეცადა ეხლა ზემოაღნიშნული ერ. ფხალაძე გაეძევებია ქვაშვეთიდან, ამ დღეებში ისიც დასძრეს ქალაქიდან, სოფელ ახალ-გორში გადავიდა მღვდლად და დიაკონის ვაკანსია დაიცალა ქვაშვეთში, ამ ადგილზე გადაიყვანეს დიდუბიდან ლაზრიშვილის ვაჟი დიაკონი ანტონა. ასე „ოჯახურად“, „შინაურულად“ ეწყობიან ქვაშვეთში! ცხადია, ლაზრიშვილმა ყანდარელი მოიშორა თავიდან, გზა გაუკვლია თვის შვილს…]
შეკრებილი სამღვდელო პირნი შევიდნენ წმ. ნიკოლოზის ტაძარში, მე კი ჭირისუფლებთან ერთად პირდაპირ საფლავზე მიველ! გამოვიდნენ ტაძრიდან შემოსილნი თეთრ-ყვითელ-ჭრელ შესამოსლებში: დეკ. ან. თოთიბაძე, ნ. მაჭარაშვილი და ზ. ლუკაშვილი, დიაკონ ლაზრიშვილით; ცინცაძე-ლაზრიშვილი, ციცქიშვილი და აბრამაშვილი მგალობლებად დაირაზმნენ; მე ვიდექ განზე, არ მივიღე გალობაში მონაწილეობა. გადაიხადეს პანაშვიდი, „მგალობლები“ ისეთი დისონანსებით გალობდნენ, რომ ყურში თითს დაიცობდა ადამიანი _ ნამდვილი კაკაფონია იყო! თავს დასდგომოდენ უბედურ დეკ. გრ. გიორგიძეს მისი მოსისხლე მტრები, რომელთა შეხედვა ზიზღს ჰგვრიდა მას სიცოცხლეში! აი, ასეთი პირნი „ლოცულობდენ“ ღვთისმონა „პატიოსან დეკ. გრიგოლის სულის განსასვენებლად“! უდიდესი ფარისევლობა-დაცინვა სწარმოებდა მიცვალებულზედაც და ჭირისუფლებზედ! პანაშვიდის დროს მოვიდა ჩემთან ერთ-ერთი ნათესავთაგანი ქალი განსვენებულისა _ სოფიო მამამთავრიშვილის ასული და მთხოვა: „მამაო ნიკიტა!.. ამ პანაშვიდის შემდეგ, გთხოვთ, თქვენ ცალკე გადაგვიხადოთ პანაშვიდი! მამა გრიგოლი საფლავში გადაბრუნდება ამათი პანაშვიდით!“ მე უარი უყავი, სადემონსტრაციოდ მე ვერ გავხდი პანაშვიდს, თუ გნებავთ სხვა დროს ვილოცოთ ერთად თქო… პანაშვიდის დასრულების შემდეგ, როდესაც ჭირისუფლის მიწვევით მათ ბინაზე მივდიოდით ჩაიზე, დეკ. დ. ლაზრიშვილმა მკითხა: „როგორ ხარო“! მე იქვე უპასუხე: „არც ისე, როგორც მე მინდა, მაგრამ არც ისე, როგორც თქვენ გინდათ თქო“! ეს გაიგონა ცინცაძემ და სხვებმაც, შესქდათ ყველას სიცილი! „რატომ, კაცო? _ მითხრა ცინცაძემ, _ ეხლაც ხომ დიდუბეში არ ხარ, რომ შენი რამ გვშურდესო“, _ მე უპასუხე: შურიან-ღვარძლიან ადამიანებს ეხლაც შურთ ჩემი მდგომარეობა, შურს თქვენ სიკვდილამდე არ დაიშლით, მაგრამ თქვენც კარგად ხართ უკვე მომწიფებულნი და ნახეთ, რა წაიღოთ ამ ქვეყნიდან თქვენი ავ-კაცობის და შურიანობის მეტი თქო“! _ „მაგას რატომ ამბობ, მწიფეს ესროდენ და მკვახე სცვივოდაო“, _ მიპასუხა ცინცაძემ! _ „ეს მართალია ხშირად ხდება, მაგრამ ამით თქვენი კაი კაცობა მაინც არ დამტკიცდება“ თქო… ჩაი დავლიეთ და სახლში წამოვედით…
გზაში ჩემმა მეუღლემ გადმომცა გიორგიძის ქვრივის ეკატერინეს ჩივილი: „ჩემმა უბედურმა ქმარმა აგროვა ფული თუ სანთელი და დახეთ ვინ უნდა გაიხაროს ეხლა ჩვენი ამაგითო! თოთიბაძემ სამხედრო ტაძრიდან გამოგზავნა ბრანძ-ბრუნძი შესამოსლები, საქორწინო გვირგვინი და რაღაც ასეთი წვრილმანი სამკაულები, ამაებში თორმეტი მილიონი გაიტანა ტაძრიდან და თავისთვის წაიღოო“! აი, ესეც ჩვენი დროის „ეთიკა“! სამხედრო ტაძარში შეკრებილ შესამოსლებს ზოგს პურზე სცვლის თოთიბაძე, ზოგს ფულზე ჰყიდის და თვითონ მიირთმევს! ამაში ვინ ჰყავს ხელის შემშლელი! მთავრობა არ ერევა ტაძრის საქმეებში, სასულიერო მთავრობას ერთი რომ არ ემორჩილება ეს „პროტოპრესვიტერი“, რომელმაც ცალკე „ოლქად“ მოგვაწოდა თვისი ტაძარი და რომც ემორჩილებოდეს, მაინც კათოლიკოზი ამბროსი და ცინცაძე ხომ ხელს არ შეუშლიან! ეტყობათ, რაღაც კომბინაციებია კიდევ ვერის ნიკოლოზის გარშემო, შეიძლება ეს სამრევლო სოფლად ამ ორი თვის წინეთ გასულ დეკ. ბენიამენ კონტრიძეს მისთავაზონ (უნივერსანტია, შარშან დაბრუნდა ბაქოდან, იქ იყო რუსებთან სამსახურში, არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ეკლესიურ უფლებათა აღდგენის მოძრაობაში, შარშან რო აღარ ეცხოვრებოდა ბოლშევიკებისაგან, გადმობრძანდა ქალაქში, საკათოლიკოზო საბჭოს წევრად აარჩევიეს მეორე საეკლ. კრებას, მასწავლებლადაც იყო ვაჟთა მეორე გიმნაზიაში, მაგრამ წელს აღარ ინება საკათ. საბჭოში წევრობა, მასწავლებლობაც „ძნელ საქმედ“ ეჩვენა და მანგლისისაკენ სოფელ „პრიუტში“ (აქ რუსობაა) ინება მრევლის მიღება; ყოველ შემთხვევაში ეს კაცი უფრო გულწრფელია სხვებზე, გამოტყდა და მითხრა, რომ ამბროსის კათოლიკოზობა დიდი უფერული და უმნიშვნელო იქნება, ეს სხვისი სათამაშო იქნება, არც წირვა ეხერხება, არც ლოცვა, არც ქადაგება, ცივი ურწმუნო სულის პატრონია, ამას ბევრად აჯობებდა ნაზარიო! გაშორდა ქალაქს დეკანოზი კონტრიძე, მაგრამ შეიძლება ჩემს ჯიბრზე შესთავაზონ მას ვერის ნიკოლოზი და ისიც დაბრუნდეს ქალაქში, მანამ კი დეკ. თოთიბაძე-ცინცაძე და კომპანია „დასწურავენ“ ვერის ტაძრის სალაროს და მიუგდებენ სხვას, მგონი ვერ ბედავენ ამ ტაძრის სამხედრო ტაძარზე მიწერას. ბენიამენი ვერ არის კეთილად განწყობილი ვერც ციცქიშვილთან, ამ ზაფხულს კონტრიძემ მრევლი სოფელ ნაბახტევში მიიღო ლეონიდისაგან, მაგრამ ეს მრევლი ციცქიშვილმა ჩამოართვა, _ „დამითმე მე, სურამზე ახლოს არის, მე უფრო ადვილად ვიმსახურებ აქ ჩემი სახლიდანო“; ბენიამენმაც დაუთმო; ეს შემომჩივლა კონტრიძემ მე; ეხლა კი ციცქიშვილმა ეს კონტრიძისგან დათმობილი ნაბახტევი გადასცა თვის ძმას, მღვდელს, ადამიანს ნახევრად ჭკუით სულელს, უსწავლელს, რომელიც რომელიღაც სამრევლოდან დაუთხოვიათ იმერეთში; ეხლა ნაბახტევში მოათავსა; თვით წმ. ნიკოლოზი იგდო ხელთ დროებით, შემდეგ ეპისკოპოსად გახდება ქართლისა და მერე ვნახოთ როგორც დატრიალდეს ჯარა ასეთ „იერარქთა“ შორის უბედურ საქართველოს ეკლესიაში! ცხადია, სახარების ფარისეველ-სადდუკეველნი ჩვენთან შედარებით წმინდანებად სჩანან; აგრეთვე კომუნისტ-ბოლშევიკებიც სრულ მართლებად გვეჩვენება, როდესაც სამღვდელოების მოსპობას ჰქადაგებენ! კომუნისტებს არ სწამთ, აშკარად არ სწამთ, უარს ჰყოფენ ისინი ყოველივე რელიგიურს, ზებუნებრივს, თვით ღმერთსა. ჩვენ კი თითქოს ეს ყველაფერი გვინდა, მაგრამ გვინდა ფრმალურად, გარეგნულად, არსებითად კი არც ჩვენ გვწამს არც ღმერთი, არც ხატი, არც რაიმე სულიერება, გაშმაგებული მატერიალისტები ვართ! მორწმუნე ღვთის მავედრებელი და ერის ზნეობრივი ხელმძღვანელები განა ისე მოიქცევიან, როგორც ჩვენ ვიქცევით?!. აკი ისედაც გვწყალობს ღმერთიც! ინგრევა ჩვენი საზოგადოებრივი ურთიერთობის კავშირი, ქვეყანა ღატაკდება, ყაჩაღობა-ძალმომრეობა, ქურდობა-ავაზაკობა-მკვლელობა, მიწისძვრანი, ხან გვალვა და ხან ხანგრძლივი წვიმები, მოუსავლობა და სიძვირე, სიტიტვლე-სიშიშვლე, აი, რა დაეუფლა დღეს უღმრთო ერსა _ მღვდელსა და ბერსა… ბერობა ან კი სადღაა, დაცალიერდა მონასტრები, ლოცვანი არ გადაიშლება ხოლმე დღევანდელ მღვდელთა და ბერთა შორის. ჩვენი კათოლიკოზის კარის ეკლესია დაყრუებულია, შიგ არც წირვა და არც ლოცვა, სიონში სულ ერთხელ იყო მწირველი კათოლიკოზი, რაც ეკურთხა! ამას წინეთ ისევ „სამხედრო“ ტაძარში მიიწვია თოთიბაძემ ვიღაც მდიდარ ვაჭრის შვილის დასაფლავებაზე (ტაძრად მიყვანების დღეს), ფული აიღო და ისარგებლა! თოთიბაძეს კი თვისი „სამხედრო“ ტაძარი ვერის ნიკოლოზზე მიუწერია! ამ ტაძრის ეზოში მდებარე სასაფლაოზე არის ერთი ვაკხანალია! საფლავის ფასებზე არავითარ კვიტანციას აღარ იძლევიან, ფულებს ჯიბეში იდებენ ვინ ვის მოასწრებს ისე _ თოთიბაძე, ციცქიშვილი თუ მატათაშვილი; სამხედრო ტაძრის დიაკონი გრიგორიევი მისულა ვერის ნიკოლოზში და უკითხნია: მიეცით თოთიბაძეს თორმეტი მილიონი თუ არაო?! თუ მიეცით, მეც წილი მიძევს შიგ, ჯერ კი ჩემთვის არა მოუცია რაო! ასეთი ტაციობა გაამეფა კათოლიკოზმა ამბროსიმ! როგორც თვითონ არის გულ-ცივი, ურწმუნო, უნდო, ისეთი ჯგუფიც შემოირტყა გარს _ „ახალი სიტყვის“ რედაქტორ (ციცქიშვილი) _ „მოლარე“ (თოთიბაძე და ძმანი მისი შუბლაძე-ცინცაძე-დავითაშვილი-ივანიცკი-ინგილო!)! ამ ურწმუნო, გულ-ღრძო ხალხის ხელში სულ იღუპება ჩვენი ეკლესია, როგორც ორგანიზაცია! დიდი და სისტემატიური მუშაობა აქვთ გაჩაღებული კომუნისტებს სარწმუნოების საზოგადოდ და სამღვდელოების გასაბიაბრუებლად. კერძოდ, აქვთ გამართული ეგრედ წოდებული „აგიტპუნკტ“ (სააგიტაციო პუნქტი) და თითქოს მიზანსაც აღწევენ, ნელ-ნელა უთხრიან ძირს ქრისტიანულ რწმენა-ზნეობას და ტრადიციებს ჩვენს ერში, აღვიძებენ ადამიანში მიწიერს-ქვეყნიერს-პირუტყვულ მისწრაფებებს, ახშობენ და აქარწყლებენ ზებუნებრივს, სულიერს _ ზეციერ შემეცნებას მასში! ვინ არის პატრონი?! სად არის „მწყემსი კეთილი“?! ვართ მხოლოდ „სასყიდლით დადგინებულნი“!..

მთავარ-ხუცესზე და ჩიჯავაძეზე

ამას წინეთ გზად შემომხვდნენ დეკანოზები ლაზრიშვილი და მაჭარაშვილი, სალამი მომცეს შორიდამ და მისაყვედურეს: „რატომ განაცხადე უარი დირექტორობაზეო?!“ _ მე უპასუხე: „უფროსობა რა ჩემი საქმეა, ვინ მაუფროსებს, მე კი თანამშრომლობაზე უარი არ განმიცხადებია, თუ კურსებს მოაწყობთ, დააარსებთ, მე სიამოვნებით გიშველით, ვიმუშავებ, ვასწავლი თქო! ხო იცით, რომ მე არავინ ხელს არ შემიწყობთ და რაზე მისაყვედურებთ თქო?! ვინც „ახალი სიტყვის“ წრის გარეშე დარჩა, ის თქვენში ვერას გახდება, ისევ თქვენ თუ რაიმეს გააკეთებთ, ისევ თქვენ თუ ისინდისებთ, ისევ თქვენ თუ ჩემს „ჯიბრზე“ სიკეთეს იქმთ, ეს იქნება ჩემი ჯილდო და სასიამოვნო თქო“! _ „რაზე გაგვირბიხარ, აღარ გვეკარებიო“, _ მისაყვედურა დეკ. ნ. მაჭარაშვილმა! ეს საყვედური ეხებოდა იმას, რომ ამ ერთი კვირის წინეთ მოწვეული იყო ტფილისის საოლქოს კრება მთავარ-ხუცესის (ბლაღოჩინი) ასარჩევად; ამ თანამდებობას ასრულებდა კათოლიკოზის მონდობილებით ეს მაჭარაშვილი, იმედიც ჰქონდა, რომ თვითონვე იქნებოდა არჩეული, ის იყო სასურველი პირი, როგორც კათოლიკოზისათვის, ისე ცინცაძე-თოთიბაძე-„ახალ სიტყველებისათვისაც“! მაგრამ ისე წასულა საქმე, რომ კრებას აურჩევია წმ. ნინოს სასაფლაოს წინამძღვარი დეკ. დიმ. ხახუტაშვილი (ლეონიდისგან გამწესებული, გადმოყვანილი მცხეთიდან, სადაც საგანგებოდ იყო გადმოყვანილი ახალციხიდან, მაგრამ მცხეთა გასცარცვა-გაყვლიფა და ტფილისში არჩია გადმოსვლა, სასაფლაოს სამ ყაჩაღ-ქურდ მღვდლებს ეს მეოთხეც დაუმატა ლეონიდმა). აი, ეს ხახუტაშვილი აურჩევიათ ღია ხმის მიცემით, ხოლო მის თანაშემწეთ ნავთლუღის დეკ. იოსებ ჩიჯავაძე, კირიონის ყოფილი პირადი მდივანი _ კაცი მსუბუქი ზნეობისა, მჩატე ყოფაქცევისა, მტაცებელი საზოგადო ქონებისა, დიდი გამოქნილი და ოსტატი, მოწინააღმდეგე „ახალ-სიტყველებისა“! ეს აწარმოებს „ამერ-იმერლობიას“! მოძულეა იმერლობისა, გამთიშველი ქართველთა ძმობისა! ამ ნიადაგზე მე მასთან მქონდა დიდი შეტაკება 1907 წლის სამღვდელოების სიეზდზე, როდესაც ექსარხოსი ნიკონი გავლახე სიტყვით, გავაქციე კრებიდან; ამის შემდეგ ჩიჯავაძე დამეტაკა; როდესაც საქართველოს ეკლესიის სახეს და დარჩენილ ქონებას ვიცავდი რუს-ბერძენ-აისორ სამღვდელოების პრეტენზიებისაგან (საქმე ეხებოდა ძველი სემინარიის შენობას, პუშკინის ქუჩაზე, ეს „შენობა ან მოგვყიდეთ ან გაგვიცვალეთ ახალ შენობებზეო“, _ წინადადება მოგვცა ნიკონმა სინოდის სახელით, ამაზე უპასუხე: „ჩვენ მოვითხოვთ დაგვიბრუნდეს ის ქონებაც, რომელიც წაგვგლიჯა რუსის მთავრობამ და სინოდმა, თქვენ კი ამ უკანასკნელ საუნჯესაც გვიპირებთ ხელიდან გამოცლას, ჩვენ არც გასასყიდი გვაქვს რაიმე და არც გასაცვლელი; ძველიც ჩვენია და ახალიც, სინოდი ვალდებული იყო საზოგადო კანონის ძალით სემინარიის შენობა თვითონ აეგო თქო“). ასეთი პრინციპიალური მსჯელობა მქონდა, ეს ალბად შეშურდა სოსო ჩიჯავაძეს და მწვდა ყელში: „ეს შენობა აღმოსავლეთ საქართველოს სამღვდელოებისაა, ამას ჩვენ რუს-ბერძენ სამღვდელოებასთან ზიარათ ვინაწილებთ, ესენი ჩვენი ძმებია, იმერლები კი ბიძაშვილებიო“! ამაზე მეტად გავამათრახე ჩიჯავაძე. სამღვდელოებამ ოვაცია გამიკეთა, შემდეგ პოლემიკა გაიმართა ჩემსა და ჩიჯავაძეს შორის გაზეთში, სამედიატორო სამართალიც კი იყო დანიშნული, მაგრამ აღარ შესდგა. ეს ჩიჯავაძე ეხლა ჩემთან შედარებით კარგ განწყობილებაშია, მაგრამ დანდობა მაგაზე ყოვლად შეუძლებელია… არის ქვრივი, მაგრამ ხასად უზის სახლში რუსის დედაკაცი, კათოლიკოზად კი სურდა თავის-თავი! ასეთი უბედურებაა დღეს ჩვენს თავზე! ასეთი მთავარ-ხუცესი და მისი თანაშემწე გვყავს დღეს ჩვენ ქალაქში! გულდაწყვეტილია დეკ. ნ. მაჭარაშვილი, რომელიც უყურადღებოდ იქმნა დატოვებული! მისაყვედურა, რატომ კრებაზე არ იყავიო! (არ დავესწარი განგებ, რომ ვინმეს კანდიდატად არ დავესახელებიე, კათოლიკოზმაც ამას წინეთ გესლიანად მითხრა _ „სამღვდელოება მთავარ-ხუცესად აგირჩევსო“, მე უპასუხე: „ვეცდები, რომ ეს არ მოხდეს თქო“. ვიცოდი, რომ არც მას და არც მის კამარილიას მთავარხუცესად არ ვეპიტნავებოდი, მაგრამ, როგორც ვატყობ, არც ხახუტოვ-ჩიჯავაძე უნდა იყოს მათთვის სასიამოვნო, ამათ უხმო, უილაჯო, რბილი მაჭარაშვილი სურდათ (ძველი ნაბლაღოჩინარი იყო, ეს გიორგიძის არჩევის დროს მე გავაცურე განზე და ძლიერ ჯავრობდენ ჩემზე.); ამ მაჭარაშვილმა ჩააბარა ციცქიშვილს ვერის სამრევლო, ამანვე გამოიყვანა სამსახურიდან დამსახურებული დეკანოზი _ ბლაღოჩინი სოლომონ შოშიაშვილი ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის სამრევლოდან და მისი ადგილი გადასცა რაფიელ ივანიცკის (საკათ. საბჭოს წევრის) ძმას დეკ. აპოლონ ივანიცკის, რომელიც დიაკონის შტატზე იყო იმავ ტაძარში, ამან სოფლად გაუცვალა ალაგი მღვდელ ხარლამპი ხუციშვილს, რომელსაც ბრალად ედება მღ. ტიმოთე ბაკურაძის მოკლის მოწყობა 1920 წლის საეკლესიო კრების გახსნის წინა ღამით _ ლეონიდ-დავითაშვილის და „ახალ-სიტყველების“ სასიამოვნო და მათი ხელის შეწყობით, ხუციშვილი ჰფიქრობდა, ამით დაემსახურებია შოშიაშვილის ადგილი, მაგრამ, როდესაც ხმა გავარდა ბაკურაძის მკვლელობის მომწყობ ჯგუფზე და ხუციშვილიც დასახელებულ იქმნა იმ ჯგუფში, ხუციშვილი შეშინდა და ალაგი გაუცვალა აპ. ივანიცკის, აი ამან მიიღო კიდეც ეს ალაგი ახლახან თვის ძმის რაფ. ივანიცკის მფარველობით, ისე ამ ადგილს, რომელიც ერთი საუკეთესო მრევლად ითვლება ქალაქში, მაგას არავინ დაანებებდა… ასეთია დღეს ჩვენი საქმენი საგმირონი! ასეთ საქმეს ხელს არ მოუწყობდა მთავარ-ხუცესი გიორგიძე, მაჭარაშვილი კი!..
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)