მისიონერი თელავიდან

ვახო გაგნიძეს თელავში ერთი მისამართი არ გააჩნია, ის, უბრალოდ, ყველგან არის _ ყველგან და ყოველთვის… ყველა ძველი ქვის, აგურისა თუ კრამიტის ქვეშ რომ შეიხედოთ, იქაც ვახოა… ცოცხლებს გველაპარაკება, მაგრამ თელაველ მიცვალებულებთნ თანამშრომლობს… ეს ისე, ხუმრობით… ასე ვეუბნებით ხოლმე ხშირად, რადგან ძველი თელავის ისტორია და დამალული წარსულის გამომძიებელი ვახოა.
მასთან სასაუბროდ ცოტა უცნაური ფორმატი შევარჩიე, არეული, არასტანდარტული კითხვებით, მაგრამ, ალბათ, ასე სჯობდა… მკითხველი ასე უკეთესად გაიცნობს მას…

_ ღმერთს რომ ეკითხა, სად გინდოდა, რომ გაჩენილიყავი?
_ სადაც ვარ, იქ, _ პასუხი კახურია, მოკლე და ლაკონიური, ის თელავში დაიბადა და გაიზარდა.
_ ზაფხულში, დილით, ჩემი აივნიდან ერთი ღერი სიგარეტის მოწევას არაფერი სჯობს.
გაიხედავ დასავლეთით, პტოლემეოსის რუკას ჰგავს ჩემ წინ კავკასიონისა და ცივის მთის გამაერთიანებელი ქედი. ჰგავს და უკეთესიცაა, რადგან ეს ყველაფერი ქართული მიწის კუთვნილება იყო ოდითგანვე. ეს არის ადგილი, სადაც ალექსანდრე მაკედონელმა გაიარა საყორნის მთის სანახავად, როცა ივერიის დასაპყრობად მოსულა. ჩემდა უნებურად ჩრდილოეთით, ალავერდისკენ გარბის თვალი და ალაზნის ველზე ნაგები ეს საეკლესიო ხუროთმოძღვრების ნიმუში, მიუხედავად თავისი შორი მდებარეობისა, მაინც გიზიდავს, გბოჭავს, საკუთარი გავლენის ქვეშ გაქცევს. XI საუკუნის დასაწყისში, კვირიკე დიდის მიერ ძველი ეკლესიის ადგილზე აგებული ხელოვნების ეს შესანიშნავი ნიმუში, XXI საუკუნეშიც ამაყად დგას და პაექრობს კავკასიონის მთებთან. ვინ იცის, რას მალავენ და რისი მოყოლა სურთ და კიდევ რამდენს ინახავენ მისი კედლები.
ეს არის ადგილი, სადაც ქრიასტიანობამდე ალს სცემდნენ პატივს. ეს არის ადგილი, სადაც იოსებ ალავერდელმა ქრისტესაგან შორს მყოფთა მიმართ, რჯულის დასამკვიდრებლად, რწმენითა და ღვთის სახლის შენებით განამტკიცა მართლმადიდებლობა.
ჩემგან სამხრეთით, ზუზუმბო-დაბახნები და მაწანწარა მოჩანს, რომლის ისტორიაც არ ვიცი, ვერ ვარკვევ, რადგან ის ისტორიული წყვეტა, რაც ქალაქს აქვს, ძალიან საინტერესოა. მე და ბატონი ნიკა თუშაბრამიშვილი დაზვერვების მასშტაბურობასა და შედეგებზე ემოციურად ვსაუბრობთ. არქეოლოგია დასრულდა, შედეგები სერიოზულია და ფიქრი მიდის, იქით რა იქნება, ამის შემდეგ?! ამას სამსახურში გავარკვევ ჩემს უფროსებთან. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი სხვადასხვა მიმართულებით. კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის განუყოფელი ნაწილია, მას თავისი მიმართულებები აქვს, მას მკაცრი მიდგომა სჭირდება. ეს ის ფასეულობებია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და ჩვენ ვალდებულები ვართ, მომავალ თაობას გადავცეთ.
_ ყველაზე ძველი ნივთი რა გაქვს სახლში?
_ რა ვიცი, აბა?! _ აკი გითხარით, კახური პასუხებისთვის მოემზადეთ-მეთქი…
_ ძველიც და ყველაზე ღირებულიც მამაჩემის ნახატები და მისი გაკეთებული ჭედურობა („ჩეკანკა“) მაქვს….
_ უკვდავ მეცნიერებად რა მიგაჩნია?
_ ისტორია ჩვენი მემკვიდრეობაა..
_ თუ გახსოვს პირველი არქეოლოგიური მუშაობა?
_ სად?
_ შენ როცა მიიღე მონაწილეობა ან უყურე?
_ მამაჩემთან ფოტო მაქვს გადაღებული მუზეუმის ეზოში და მაგავე ასაკში დავყვებოდი, მგონი, გურჯაანისკენ იყო, ზუსტად აღარ მახსოვს.
_ ისე, რა არის ქართველობა?
_ სიკეთე, მამულიშვილობა, პატრიოტობა და ადამიანის გატანა გაჭირვებაში, ერისა და ქვეყნის სიყვარული,
_ და თელაველობა რაღაა?
_ ის, რაც ზემოთ ვთქვი და დავამატებ იმას, რომ თელაველობა არის ურთიერთპატივისცემა, საკუთარი ქალაქის, ღირსების შენარჩუნება. იცით, ქალაქ თელავის ოთხი ტერიტორიიდან ზუზუმბო და დაბახნებია საინტერესო, მაგრამ მე ამ ორიდან მაინც, ჯერჯერობით, დაბახნებს გამოვყოფდი, რადგან პირველივე კითხვა, რომელიც ადგილზე გიჩნდება, არის ის, რომ XXI საუკუნის 10-იანი წლებია და ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა, – რატომ არის აქაურობა შეუსწავლელი? აქ თითოეული სანტიმეტრი ნაგებობებით, ნანგრევებით და კერამიკითაა სავსე. აქაურობას რომ ნახავ, შემდეგ სხვა თვალით უყურებ თელავს, სხვა თელავში ხარ _ იმ თელავში, რომელიც ამ დრომდე მიწის ქვეშაა დამალული. აქ მახსენდება დედაჩემის ნათქვამი, როცა მამაჩემს უთქვამს: „თუ გინდა, ძველი თელავი ნახო, დასავლეთით ჩოლოყაშვილის ქუჩა უნდა გაჩხრიკო, ძველი თელავი მის ქვეშ არისო“. ამ დაზვერვების შემდეგ გონებაში ისეთი რამ გიტრიალებს, რისი თქმაც ჯერ გაშინებს, რადგან ეს ქალაქი მთლიანად შეუსწავლელია და არაზომიერი გამონათქვამით შეიძლება თავდაყირა დააყენო ყველაფერი. ამ დროს ერთ რადიკალურად გადამწყვეტ პასუხს ვცემ საკუთარ თავს: „უნდა გავარკვიოთ!“ თელაველობა ისაა, რომ გრძნობ ამ ქალაქს…
_ გურჯაანი და თელავი მართლა გადაკიდებულია ერთმანეთზე და მტრობენ?
_ არა, ეგ არის კახური ურთიერთპატივისცემის ერთ-ერთი გამოხატულება.
_ და იღბლის გჯერა?
_ ყველა ადამიანი საკუთარ იღბალს თვითონ იქმნის.
რა თქმა უნდა, ღვთის წყალობაა ყველაფრის სათავე.
_ 1 მილიონი რომ მოიგო, სად დახარჯავ?
_ თელავს, ნაქალაქარს მოვახმარ და საუკუნეებს გავაცოცხლებ…
_ შენ და სამსახური…
_ სამსახური, სადაც უკვე 12 წელია, ვმუშაობ, საინტერესო და პასუხისმგებლობით სავსეა. ამ წლების განმავლობაში ჩემს ყოფილ და ახლანდელ თანამშრომლებთან ერთად ბევრი რთული და ხალისიანი დღეებია განვლილი. მერიის შენობაში შესვლამდე ერთი სიგარეტითაც ვიმოკლებ ცხოვრებას.
ორ რამეს ვერ ვივიწყებ შენობაში შესვლისას: 2006 წლის 9 თებერვალს, როცა ფოიეში მამაჩემის ირგვლივ სასწრაფოს პერსონალი ვნახე; მეორე კი 2008 წლის ომის პერიოდია. ცხოვრებას თავისი წესი აქვს, რასაც წინ ვერ დაუდგები. ამიტომ სანამ ღვთით ბოძებული სიცოცხლე გაქვს, უნდა შეეგუო ბევრ რამეს, ისწავლო მისი ავკარგიანობა და მოასწრო, რისი გაკეთებაც აუცილებელია.
_ დაბოლოს, მისიონერობა რას ნიშნავს შენთვის?
_ როდესაც ქვეყნად მოევლინები, უკვე გაკისრია მისია იმისა, რომ ღვთის გზა აირჩიო. თუ ვერ აირჩევ, მაშინ შეძლებისდაგვარად უნდა მისდიო მის გზას, სიკეთე ისე აკეთო, რომ მისგან ანგარებას არ ელოდე. შენი საქმე აკეთო ისე, როგორც სწორია და ის ყოველთვის სწორადვე წარიმართება…
დაბადება, ცხოვრება და იმქვეყნად წასვლა მისიაა ყოველი ადამიანისთვის.
_ ანუ შენც მისიონერი ყოფილხარ…

მაკა მოსიაშვილი