შაქრო ტერტერაშვილი: „ხელისუფლება პუტინის ემისარ ხუბუტიას ვერაფერს გაუბედავს“

ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულმა ქართული წარმოშობის რუსმა ბიზნესმენებმა საქართველოში სტუმრობას მოუხშირეს. ჯერ ვლადიმერ ხომერიკი ჩამოვიდა, ახლა მიხეილ ხუბუტია დაიარება საქართველოში, რომელსაც აგვისტოს ომის გაჩაღებაში სდებენ ბრალს. ხომერიკი მოსახლეობაში პრორუსული განწყობების ამაღლებას ცდილობდა, ხუბუტიამ კი საქართველოში უძრავი ქონების შეძენა დაიწყო. მან ნაფარეულში ვენახი იყიდა და რადგანაც რუსეთის მოქალაქეა, იძულებული გახდა, ქონება ცოლისდაზე გაეფორმებინა. საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა არ შეიძლება.

ხუბუტიას მიერ უძრავი ქონების შეძენის ფაქტი კახეთში ადგილობრივმა ოპოზიციამ გააპროტესტა. ხუბუტია მათ აგრესიულად შეხვდა და „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველს დაემუქრა, რომ ღორივით დაკლავდა. ეს ყველაფერი მედიით გაშუქდა, მაგრამ ამ მუქარის გამო ხუბუტიას წინააღმდეგ გამოძიება არავის დაუწყია. არადა, საქართველოში არაერთ ადამიანზე აღუძრავთ საქმე მუქარის გამო, ბევრიც ციხეში გაისტუმრეს.

რატომ უგულებელყო ივანიშვილის მთავრობამ ხუბუტიას გამოხტომა? რატომ ჩამოდიან საქართველოში პუტინის ემისრები? რატომ დატოვა ოპოზიციამ თვითმმართველობის საბჭო? იშლება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“? რაზე დაფიქრდნენ „ოცნების“ დასაქოქი პოლიტიკოსები? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შაქრო ტერტერაშვილი ესაუბრება:

_ ყველამ ვნახეთ თუ როგორ ემუქრებოდა თელავში მყოფი რუსეთის მოქალაქე მიხეილ ხუბუტია საქართველოს მოქალაქე გიორგი ბოტკოველს, ღორივით ჩაგკლავო. ჩვენში სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო არაერთი ადამიანი დაუკავებიათ, მაგრამ ხუბუტიას მუქარას, რატომღაც, ყურადღება არ მიაქციეს. თქვენ ამას რით ხსნით?
_ ჩვენი ხელისუფლება და სამართალდამცველი ორგანოები ხომ ადამიანებს ახარისხებენ _ ზოგიერთს ყველაფრის უფლება აქვთ, ხოლო დანარჩენს ყველა უფლება წართმეული აქვს. უფრო კონკრეტულად, თუ ხელისუფლების მომხრე ხარ, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, ხელისუფლებას თუ აკრიტიკებ, მაშინ ვერაფერს გააკეთებ. იგივე სიტუაციაა დანაშაულთან მიმართებით. „ოცნება“ თუ მოგწონს და მისი მხარდამჭერი ხარ, ვისაც გინდა, იმას დაამტვრიე თავპირი, 100 ლარით დაგაჯარიმებენ და ამით ყველაფერი დამთავრდება. შეიძლება, 100-ლარიანი ჯარიმაც არ გამოგიწერონ, გააჩნია, „ოცნების“ რა დონის მხარდამჭერი ხარ. ხელისუფლებას თუ აკრიტიკებ, შეიძლება, პიჯაკზე ღილი მოწყდეს დეპუტატ ლორთქიფანიძეს და ამის გამო რამდენიმე თვე ციხეში გამოგკეტონ. ასეთი ამბები საქართველოში იშვიათად აღარ ხდება.
_ ბოტკოველის ადგილზე „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი რომ ყოფილიყო, ხუბუტიას წინააღმდეგ საქმე აღიძრებოდა? თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედავდნენ, რადგან ეს უკანასკნელი პუტინის მარჯვენა ხელად ითვლება?
_ ალბათ, ვერც ამ შემთხვევაში გაბედავდნენ საქმის აღძვრას, მიხეილ ხუბუტია ხომ რუსეთის პრეზიდენტის ემისარია. ის ისეთი ლექსიკით ლაპარაკობდა, რა ლექსიკითაც პუტინი თავის მონებს ელაპარაკება. ხუბუტიას კი აქვს ბევრი ფული, მაგრამ ერთი ჩვეულებრივი პუტინის მონაა. რაც ესმით პუტინისგან მის მონებს, ჰგონიათ, რომ ესაა ხალხთან საურთიერთო ენა და ასე ელაპარაკებიან ყველას, რაზედაც მათ პასუხს არავინ სთხოვს. ამაზრზენ ხალხთან გვაქვს საქმე.
_ პუტინის ემისრები რაღაც ცუდად შემოეჩვივნენ კახეთს: ჯერ ხომერიკი ჩამოვიდა ლაგოდეხში, ახლა ხუბუტიამ იყიდა მიწა ნაფარეულში. რუსულ ცნობიერებას ხომ არ გიმაღლებენ კახელებს?
_ მარტო კახეთს რატომ? მთელ საქართველოში დადიან და ქადაგებენ რუსულ „მოძღვრებას“. ან ვინმეს ჩამოსვლა რაღა საჭიროა, როცა ჩრდილოვან მმართველად რუსეთის კაცი გვიზის! ივანიშვილი პირდაპირ პუტინის დასმული არაა? კახეთში ეს ემისრები, ძირითადად, ღვინის მიმართ იჩენენ ინტერესს. უყვართ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს ალკოჰოლური სასმელები. კახური ღვინოც ძალიან მოსწონთ და რა გასაკვირია, რომ აქ ვენახების შეძენას მოინდომებდნენ.
_ ამის პარალელურად ხალხში პროპაგანდასაც ხომ არ ეწევიან, რომ რუსეთი კარგია და თქვენს ღვინოს იქ გავიტანთო და ა. შ.?
_ ეს ლაპარაკი მარტო პუტინის ემისრებთან შეხვედრებზე არ ისმის. ამაზე პირდაპირ ტელევიზიებიდანაც საუბრობენ. ვიღაც პოლიტიკოსები და ექსპერტები ხალხს ეუბნებიან, რუსეთი კარგია, იქ გაიტანთ თქვენს ყურძენს, ვაშლს, მწვანილსა და პომიდორსო.
რა უნდა გაიტანონ რუსეთში და რა ხეირი უნდა ნახონ იქიდან? მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის გარდა ქვეყნის ყველა დანარჩენ ქალაქსა თუ რაიონში ეკონომიკური სიდუხჭირეა. ეკონომიკა ჩამოშლილია, გზებიც კი არ აქვთ ნორმალური და ახლა ისინი, თურმე, ჩვენ შეგვინახავენ და კარგად გვაცხოვრებენ.
რუსეთისთვის დაყვავებამ ყურძენს რა ფასიც შესძინა, კი ვნახეთ გასული წლის შემოდგომაზე. არათუ მოიმატა, ძველი ფასიც კი ვერ შეინარჩუნა. ამას მეორე მიზეზიც ჰქონდა და მას სახელად ჰქვია _ ადიკო ივანიშვილი! ოლიგარქის ძმას ამ საქმეში კონკრეტული ინტერესი ჰქონდა. სპირტის ქარხანა აქვს, სპეციალურად დაუგდო ფასი ყურძენს, რათა სპირტის წარმოება უფრო იაფი დასჯდომოდა. ბუნებრივად ეს ამბავი ვერ მოხდებოდა, შეუძლებელია, ყურძნის ფასი დაცემულიყო იქ, სადაც სხვა ყველაფერი გაძვირდა.
საზოგადოების რაღაც ნაწილს, ალბათ, სჯერა, რომ რუსეთი შეგვინახავს და მათთან ერთად კარგად ვიცხოვრებთ, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი რეალობას თვალს უწორებს. ის ხალხი კი, ვინც ყველაზე მეტად აქებს რუსეთს, თუ რამე დასჭირდება, ევროპასა და ამერიკაში გარბის. სასწავლებლადაც დასავლეთში აგზავნიან თავიანთ შვილებს, სამკურნალოდაც იქ მიდიან. ძალიან უცნაურია მათი საქციელი. მიმტკიცებ, რუსეთი კარგიაო, მაგრამ როცა საქმე შენი შვილის განვითარებას ეხება, დასავლეთს ირჩევ.
_ რუსი ჩინოსნების შვილებიც ევროპასა და ამერიკაში სწავლობენ და მათი უმეტესობა იქაური მოქალაქეა.
_ თავადაც არ უნდათ თავიანთი რუსეთი და ჩვენ რას გვეპატაჟიბიან. ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად ერკვევა ყველაფერში და კარგად ხვდება, რუსეთი კარგია თუ ცუდი. აქაური რუსეთუმეებიც თავისთვის დასავლეთს ირჩევენ. იმისთვის, რომ თავად ევროპასა და ამერიკაში იარონ, საქართველო რუსეთს უნდა დაუქვემდებარონ. ხალხისთვის არც რუსეთი ემეტებათ. მათი სურვილია, რაც შეიძლება მეტად დაჩაჩანაკდეს საქართველოს მოსახლეობა, რომ მერე უფრო კარგად იბატონონ. დასავლური ცივილიზაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიღაცას თავში ურტყა. რუსული მენტალიტეტი ამ მხრივ სრულ თავისუფლებას იძლევა.
_ ძალადობის თემას დავუბრუნდეთ, ლევან ხაბეიშვილზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ „ნაციონალებმა“ პროტესტის ნიშნად თვითმმართველობების საბჭო დატოვეთ. თქვენი აზრით, ახლო მომავალში ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის რიცხვი ხომ არ გაიზრდება? ნაცემ ხაბეიშვილს იქით რომ წაუყენეს ბრალი ძალადობის მუხლით, ეს კარგის ნიშანი არ უნდა იყოს.
_ ხაბეიშვილამდე უგულავას დაესხნენ თავს და მასაც აქეთ წაუყენეს ბრალი. გიგის მსოფლიო ჩემპიონის ცემას აბრალებენ. ძალადობა აუცილებლად მოიმატებს, რადგანაც ხელისუფლებამ კრიმინალები წაახალისა. საქართველოში ყველა ხედავს, რომ კრიმინალი ივანიშვილი დაფასებული კაცია. თბილისის საკრებულოს დეპუტატებმაც გადაწყვიტეს, ცოტა წაეკრიმინალათ, _ იქნებ, დავფასდეთო. ეს ხალხი ხომ იქ საქმის საკეთებლად არ შესულა. ისინი იქ იმიტომ არიან, რომ ოპოზიციას დაესხან თავს. ასეთმა ხალხმა განახორციელა ხაბეიშვილზე თავდასხმა. ეს ადამიანი კონკრეტულ საკითხზე საუბრობდა და კონკრეტული ციფრები მოჰყავდა, ჰაერზე კი არ ლაპარაკობდა, როგორც „ოცნების“ წევრები ბაქიბუქობდნენ ხელისუფლებაში მოსვლამდე. მაშინ გაიძახოდნენ, რომ 1 ლ. საწვავიდან ერთი ლარი „ნაციონალების“ ჯიბეში მიდისო; უფასო ფული და ტარიფების განახევრებაც მაგათი დაპირება იყო. ყველა მათი დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. ხაბეიშვილი კი ამბობდა, რომ სკამებში ამდენი არ უნდა გადავიხადოთ, როცა მათი შეძენა ბევრად უფრო იოლად შეიძლებაო. სად გაგონილა, ერთ სკამში 12.00 ლარზე მეტი გადაიხადო?
მართალი იყო ლევანი და მართალი რომ იყო, ეს დავების საბჭომაც დაადასტურა, რომელმაც 12.000-იან სკამებზე გამოცხადებული ტენდერი გააუქმა. ამათ არ მოეწონათ და გალახეს ოპოზიციონერი. უნდოდათ, რომ ლევანს დაერტყა პირველს ხელი. მერე თავს გაიმართლებდნენ, ჩვენ კი ვართ კონსტრუქციულები, მაგრამ „ნაციონალმა“ არ მოგვცა შესაძლებლობა, ბოლომდე კონსტრუქციულებად დავრჩენილიყავით, თავს დაგვესხა და ამიტომ სცემესო. ეს ყველაფერი ხდება კახა კალაძის კორუფციაში მხილების გამო.
გარდა იმისა, რომ კალაძე თბილისის მერია, ის გახლავთ თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია, თვითმმართველობის განვითარებაზე იზრუნოს და იქ ახალი, დადებითი და პოზიტიური ძვრები შეიტანოს. ის უნდა ზრუნავდეს თვითმმართველობებში არჩეული დეპუტატების უსაფრთხოებაზე. ყველაფერი პირიქით ხდება. თვითმმართველობების ასოციაციის პრეზიდენტი იქით ახალისებს ძალადობას. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა თვითმმართველობის საბჭო. ჩვენი იქ დარჩენა კალაძის გამართლებას ნიშნავდა. ამის სურვილი ნამდვილად არ გვქონდა და არც ის გვინდოდა, რომ ამ ბანდის ნაწილად ვქცეულიყავით.
_ თქვენმა თანაპარტიელებმა თქვეს, რომ ამით აუცილებლად დაზიანდებოდა „ქართული ოცნება“ და რანაირად უნდა დაზიანდეს? ისინი საერთოდ არ წუხან იმის გამო, რომ თვითმმართველობის საბჭო დატოვეთ.
_ ნაკლებად მაინტერესებს, რა რეაქცია ექნება ამაზე „ოცნებას“. ამას გაიგებს ყველა. ყველა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დატოვა თვითმმართველობის ასოციაცია, რომელიც შურს იძიებს იმ დეპუტატებზე, ვინც კალაძესა და ხელისუფლების წევრებს კორუფციაში ამხელს. იქ რამის შეცვლა და გადაწყვეტილების მიღება რომ შეგვძლებოდა, არ წამოვიდოდით. ამ შემთხვევაში წამოსვლა საუკეთესო გამოსავალი იყო.
_ „ოცნება“ იქ მარტო დარჩა?
_ კი. იქ არიან მერები და საკრებულოს წევრები. იმათ სულ თავში რომ ურახუნო, საკუთარი ნებით არავინ წამოვა. თუ ეტყვიან, დატოვეთო, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დატოვებენ თვითმმართველობის საბჭოს.
_ ახლა უფრო მშვიდად იქნებიან, რაკი ოპოზიცია იქ აღარ არის.
_ კომფორტულად იქნებიან, მაგრამ სხვა გზა არც ჩვენ გვქონდა. ხომ გითხარით, ვერაფერს ვცვლიდით. ხაბეიშვილზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ნამუსიც არ მოგვცემდა იმის უფლებას, რომ იქ დავრჩენილიყავით. კალაძის „გასაპრავებლად“ ნამდვილად ვერ დავრჩებოდით. კლანურ-მაფიოზური დაჯგუფების თავშეყრის ადგილი იყო ეს თვითმმართველობის ასოციაცია და იქ მართლა არაფერი გვესაქმებოდა ან ასოციაცია რისთვის სჭირდებათ, როცა თვითმმართველობაც არ არსებობს.
_ არჩევნების წინ საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა ყოველთვის მატულობს. ალბათ, ძალადობაც მოიმატებს. ხელისუფლება ამაზე უარს არ იტყვის.
_ საკმაოდ ცხელი წინასაარჩევნო პერიოდი გველოდება, მაგრამ ამ ქმედებებს თავისი პასუხი აქვს, რასაც სახელად ანრი ოხანაშვილი ჰქვია.
_ რას გულისხმობთ?
_ რასაც თესენ, იმას იმკიან. ვგმობ ანრი ოხანაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას, მაგრამ ეს უმიზეზოდ არ მომხდარა. ეს ინციდენტი ე. წ. დასაქოქ პოლიტიკოსებსაც კი შეაგნებინებს იმას, რომ რასაც ეგენი აკეთებენ, ძალიან ცუდია. ანრი ოხანაშვილი ამას უკვე მიხვდა.
_ რაში გამოიხატება მისი მიხვედრილობა, ისევ ძველებურად ლაპარაკობს.
_ მთლად ბოლომდე იხტიბარს არ იტეხს, მაგრამ ტონი აშკარად შეარბილა. ბოლომდე არ გამოსწორებულა და კობახიძე-მდინარაძეს სისულელეების თქმაში ისევ ეჯიბრება, ამასთან, აშკარად ჩანს, რომ ძველი ეშხი და აზარტი დაკარგული აქვს. ძალადობა ძალიან ცუდია და ვინც ამ გზას ირჩევს, ის ცხოვრებისგან მიიღებს ცუდ პასუხს. ძალადობა არავის შერჩენია და არც ამათ შერჩებათ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ვგმობ ოხანაშვილზე მომხდარ თავდასხმას. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში ისეთი ამბები ხდება, რომ რესტორანში ოჯახთან ერთად შესულ ადამიანს თავს ესხმიან. ეს სამწუხაროა, მაგრამ „ოცნების“ მმართველობის 7 წელს თუ გადავხედავთ, მათგან ძალადობა სულ წახალისებუილი იყო. ძალადობას ახალისებდა თავისი საჯარო განცხადებებით მანანა კობახიძე, რომელიც ახლა სასამართლოში გაამწესეს; იგივე ანრი ოხანაშვილიც, რომელიც „ოცნების“ მხარდამჭერების აქტიურობასა და აგრესიულობაზე ამბობდა, ეგენი იმიტომ არიან ასეთი გამწარებულები, რომ „ნაციონალებმა“ მათი მამები გააუპატიურესო.
_ ამით ოხანაშვილმა ძალადობა კი არ წაახალისა, „ოცნების“ მხარდამჭერებს მიაყენა შეურაცხყოფა.
_ მთავარია, ხომ თქვა რაღაცა. ამათ ერთი მიზანი აქვთ, რომ ყველანაირი სიბინძურე თქვან წინა ხელისუფლებაზე და განცხადების შინაარსს არც უფიქრდებიან. არც იმაზე ფიქრობენ, რომ უხერხულობას შეუქმნიან თავის მომხრეებს. ოხანაშვილის ამბავმა ყველა დააფიქრა. ძალადობა აუცილებლად იქნება, მაგრამ მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ ჩაივლის. ძალადობით ვერც ვერავის შეაშინებენ. „ოცნება“ დაუძლურებულია. ახლა ბოლო გაბრძოლებები აქვს, რომ მომხრეებს აჩვენოს, ჩვენ მართლა კი არ ვიშლებით, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობას ავიღებთო.
_ ეს სიბრძნე კახა კალაძეს ეკუთვნის.
_ მათი განცხადებები საზოგადოებაზე არაა გათვლილი. კალაძე და დასაქოქი პოლიტიკოსები ასეთი სულელური განცხადებებით, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ესაუბრებიან და უმტკიცებენ, თუ როგორი მოტივირებული პერსონები არიან, ხოლო, მეორე მხრივ, თავის მომხრეებს უკეთებენ გულს, რათა ვინც შემორჩათ, ისინიც არ დაკარგონ. თავიანთ რეალურ რეიტინგზე რომ დასცდეთ ერთი სიტყყვა მაინც, სოფლებსა და რაიონებში ვინც მხარს უჭერს, იმათაც დაკარგავენ, მეორე დღესვე ხუხულასავით ჩამოიშლებიან. ამიტომ ბოდავენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად მიდის და მათ პარტიას მაღალი რეიტინგი აქვს. ამასაც დრომ უპასუხა. ყველამ დავინახეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რა შედეგი დადგა. კობახიძემ თქვა, 52% მივიღეთო. გამარჯვება იზეიმეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეორე ტური იყო დანიშნული.
_ კახელებმა ამ 52%-იანი პროგნოზის გამო შეარქვეს კობახიძეს „ტოჩნი ირაკლა“.
_ დაარქმევდნენ, მაშ რას იზამდნენ. განსაკუთრებული იყო ივანიშვილის გამოსვლა, როცა თქვა, რომ ერთ წელიწადში ყველა ხარვეზს გამოვასწორებო. ფაქტობრივად, აღიარა, ცუდად მიდის საქმეებიო. ახლა გვეუბნებიან, ცუდად კი არა, კარგად მიდის ყველაფერიო. როდის ტყუოდნენ _ შარშანწინ თუ ახლა? ადამიანები ამ განცხადებებს ხომ ისმენენ, ხომ უჩნდებათ კითხვები. უცბად შეიძლება არაფერი მოიმოქმედონ, მაგრამ როცა დაწვებიან, ეგრევე ხომ არ დაეძინებათ და რაღაცებზე ფიქრობენ, პოლიტიკასაც აანალიზებენ და ძალიან მარტივად შეუძლიათ არსებული რეალობის დანახვა. დიდი თავის ჭყლეტა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ ცხოვრება გაუარესდა, გარშემო ყველა გარბის ქვეყნიდან. კარგ ცხოვრებას ვინ გაექცევა.
_ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ მითხარით, მაცივრის კარს რომ გააღებენ და იქ არაფერი დახვდებათ, ამითაც მიხვდებიან, როგორ ცხოვრობენო.
_ ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული. ქვეყანა რომ უფსკრულისკენ მიექანება, ამის დანახვა ძალიან მარტივად შეიძლება. ფასებს გადახედეთ, ყველაფერს ცეცხლი უკიდია, მარტო ეროვნული ვალუტა და ყურძენი გაიაფდა.
_ ახლა „ნაციონალებში“ განვითარებულ მოვლენებზეც გვითხარით. პარტია მისმა რამდენიმე წევრმა დატოვა. ამის გამო „ქართულ ოცნებაში“ სერიოზული ზეიმია.
_ მაგათ ზეიმებს ყური არ უნდა ვუგდოთ. შარშან დეკემბერში ის იზეიმეს, ანბანის მიხედვით ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რომ გავხდით. ეს ხალხი რატომ არ იზეიმებდა იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნინო კალანდაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა და გერსამიამ დატოვეს? ვიდრე ისინი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ, „მეოცნებეები“ მათ ხშირად ესხმოდნენ თავს, ამბობდნენ, რომ საშინელი ადამიანები იყვნენ. ახლა კიდევ გაიძახიან, კარგმა ხალხმა დატოვა „ნაცმოძრაობაო“. ამ ადამიანებმა გასაგებად ახსენს თავიანთი გადაწყვეტილება და აქედანაც ჩანს, რომ პარტიაში არანაირი განხეთქილება არაა.
მინდა, ყველას ავუხსნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილის მიერ ხელოვნურად აწყობილი „პატრიოტთა ალიანსი“ არაა,. „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ყველაზე გამართული პარტიაა. ამაში ჩვენ მმართველ პარტიასაც ვჯობივართ _ ასეულობით ათასი მხარდამჭერი გვყავს.
_ ხელისუფლება ამბობს, ქვეყანაში რამდენიმე კინკილა „ნაციღა“ შემორჩაო.
_ როგორ შემორჩა რამდენიმე კინკილა ნაცი, ეს ყველამ ნახა საპრეზიდენტო არჩევნებზე. გვაქვს რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები, მოქმედებს დიდი პოლიტსაბჭო, ცენტრალური სამდივნო. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული უშუალოდ პარტიულ ცხოვრებაში. 1000 ადამიანი პარტიულ საქმიანობაში თუ არის ჩართული და აქედან 4 ადამიანი სხვა სფეროში მოინდომებს გადასვლას, რატომ არის ეს ტრაგედია? სხვა მიმართულებით უნდათ, რომ განვითარდნენ. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ადამიანები მოდიან და საიდანაც ადამიანები მიდიან, ამ მხრივ გამონაკლისი არც ჩვენი პარტიაა. 4 ადამიანი წავიდა სხვა მიმართულებაში და ეს ჩვენს პარტიას ვერ დააზარალებს. თან ეს ხალხი სკანდალით არ წასულა. სკანდალებით „ოცნებიდან“ მიდიან. რას ზეიმობენ „ქართულ ოცნებაში“, ვერ ვხვდები. პარტიიდან წასულებს ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე ცუდი ხდება. თქვეს, რომ კონკრეტული მიმართულებით ვმუშაობთ და, ჩვენი აზრით, ამ სამუშაოს არ უნდა ახორციელებდეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშია ჩართულიო. ეს იყო და ეს. არაფერი ცუდი არ ხდება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი: ვრჩებით ძალიან შეკრულ და ყველაზე გამართულ პოლიტიკურ პარტიად. ვინმეს მოსწონს ეს თუ არა, ფაქტები „ნაციონალური მოძრაობის“ სიძლიერესა და გამართულად მუშაობაზე მეტყველებს.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ პარტია ხელისუფლებიდან არჩევნების გზით წასულიყოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო არჩევნები? _ აღიარა შედეგები და ოპოზიციაში გადავიდა. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ არც ერთი პარტია ორი თვეც კი არ დარჩენილა პოლიტიკაში. ყველა პარტია დაიშალა. ჩვენი პარტია არათუ არ დაიშალა, არც კი გაჩერებულა. 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებში მივიღეთ მონაწილეობა. ყველა არჩევნებზე დავდეთ მნიშვნელოვანი შედეგი. მუდმივად მეორე ადგილს ვიკავებთ. ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა. ჩვენ ვართ პარტია, სადაც ხალხმა მას შემდეგაც გააგრძელა შემოსვლა, რაც ხელისუფლებიდან წამოვედით. ასე რომ, „ოცნებას“ საზეიმოდ არ აქვს საქმე.

შორენა მარსაგიშვილი