დათო გამცემლიძე: „ბრძოლას მოიგებს ის, ვინც საკუთარ ძალასა და უნარში დაარწმუნებს „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო ტურნეზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და ქართულ პოლიტიკაში შექმნილ ვითარებაზე
„ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს ესაუბრა.

_ ჩვენი საუბარი საკმაოდ საინტერესო ფაქტით დავიწყოთ _ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს ბოლო ტურნე და საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები და პროცესები, რომელიც ამას შეიძლება მოყვეს, თუნდაც აშშ-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში…
_ გმადლობ. პომპეოს ვიზიტი ყაზახეთში, უზბეკეთში, უკრაინასა და ბელარუსში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი მოვლენაა. ამჟამად ორ ბირთვულ ზესახელმწიფოს, ამერიკასა და რუსეთს შორის, ძალიან რთული გეოპოლიტიკური თამაში მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე საჭადრაკო დაფაზე: ახლო აღმოსავლეთი _ სირია, ერაყი, ისრაელი და ჩრდილო კორეა, ირანი, ჩინეთი… პომპეომ ამ ვიზიტით მოსკოვს შეახსენა, რომ არსებობს კიდევ ერთი დაფა _ პოსტსაბჭოთა სივრცე და თამაში ამ დაფაზე არათუ დასრულებული არ არის, არამედ ჯერ გადამწყვეტ ფაზაშიც არ შესულა.
როგორც ყველა დიდი სახელმწიფო, მით უმეტეს გლობალური ზესახელმწიფო, აშშ ცდილობს, პლანეტის არც ერთ კუთხეში არ დატოვოს „ცარიელი სივრცე“, სადაც მისი ინტერესები და გავლენა სათანადოდ არ იქნება წარმოდგენილი. თუნდაც ამ სივრცეზე სხვა მეტოქე-პარტნიორი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის „ძალუმი ველიც“ ვრცელდებოდეს.
_ ეს გასაგებია, მაგრამ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ვიზიტი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა…
_ უზბეკეთსა და ყაზახეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობასაც ითვალისწინებდა, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები მრავალი თვალსაზრისით, პირველ რიგში, ეკონომიკურად, უკვე არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ ჩინეთზეც ხდებიან დამოკიდებულნი. ანუ ამ რეგიონში ინასკვება მნიშვნელოვანი „გეოპოლიტიკური კვანძი“, სადაც ამერიკას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ინსტრუმენტები, მათ შორის, დიპლომატიური და სამხედრო ინსტრუმენტები.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ცენტრალურ აზიაში _ ყირგიზეთსა და უზბეკეთში _ ამერიკული სამხედრო ბაზებიც იყო განლაგებული, როდესაც პენტაგონი ავღანეთში ოპერაციას ახორციელებდა. ზოგიერთი ცნობით ამ რეგიონში ამერიკის „სამხედრო ინფრასტრუქტურა“ ახლაც შენარჩუნებულია გარკვეული მასშტაბით, ასე ვთქვათ,
„მძინარე მდგომარეობაშია“
_ შეუძლებელია, რუსეთს ამ ვიზიტსა და აშშ-ის მიზნებზე არ ჰქონდეს რეაქცია…
_ რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, მოსკოვს განსაკუთრებით მწვავე რეაქცია არ ექნება: ეს ხომ ჩვეულებრივი „თამაშის წესია“ და რუსებსაც მეტისმეტ არაპროფესიონალიზმს ნუ დავწამებთ. ბოლოს და ბოლოს, მრავალსაუკუნოვანი იმპერიული ტრადიცია აქვთ ამ რეგიონშიც. რამდენიმე თვის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევიც იმყოფებოდა კუბაზე, რომელიც ამერიკის „მზის წნულად“ ითვლება. ასეთივე „მზის წნულია“ ცენტრალური აზია რუსეთისთვის. ალექსნადრე სოლჟენიცინი მას უწოდებდა „Мягкое подбрющье России“, ანუ მიიჩნევდა რბილსა და მოწყვლად ადგილად რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეზე.
ამერიკა რომ ამ „სირბილეს“ უყურადღებოდ არ დატოვებდა, ცხადია. მაგრამ პომპეოს ვიზიტში ყველაზე ნიშნადობლივი მაინც ისაა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც, თავდაპირველი მცდარი შთაბეჭდილებით, თითქოსდა „იზოლაციონისტურ“ პოლიტიკას ატარებდა, სინამდვილეში სულაც არ აპირებს ამ „საჭადრაკო დაფების“ მიტოვებას.
ეს ბევრ აქციაში გამოვლინდა. საკმარისია დავასახელოთ ირანის შეიარაღებულ ძალთა ფაქტობრივი ხელმძღვანელის, ყასიმ სულეიმანის ლიკვიდაცია, პალესტინის გაყოფის ახალი გეგმა და პომპეოს ვიზიტი პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
_ უფრო ვრცლად ვისაუბროთ ბელარუსის საკითხზე, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ბელარუსი და მისი ლიდერი ევროპის მუდმივი კრიტიკის ობიექტები არიან და ქვეყანა სანქციების რეჟიმში იმყოფება. ანუ რას ნიშნავს სახელმწიფო მდივნის პოლიტიკური ჟესტი? რეალურად ეს ხომ რუსეთის ღია გამოწვევაა?
_ რა თქმა უნდა, რუსეთისთვის გამაღიზიანებელია, მაგრამ სავსებით თავსდება იმავე „თამაშის წესებში“. ანუ ამერიკა იყენებს „შესაძლებლობათა ფანჯარას“, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
მინსკში ყოფნისას პომპეომ სენსაციური განცხადება გააკეთა: „ამერიკა მზად არის, სრულად უზრუნველყოს ნედლი ნავთობით ბელარუსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იმ პირობებში, როდესაც მოსკოვმა თითქმის შეწყვიტა ბელარუსისთვის ნედლი ნავთობის მიწოდება, რისი გადამუშავება და ევროპულ ბაზრებზე გატანაც ბელარუსული ბიუჯეტის მთავარი წყაროა“. მოსკოვმა ეს წყარო გადაკეტა, ამერიკა კი ზუსტად ამ დროს ჰპირდება ბელარუსს ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას. ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ არ არსებობს არანაირი სქემა, რომლითაც ამერიკამ, წმინდა კომერციული თვალსაზრისით, შეიძლება უზრუნველყოს ბელარუსი იმდენივე და ისეთივე თვითღირებულების ნედლი ნავთობით _ ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთიდან ან თვით ამერიკის კონტინენტიდან, რომელიც კომერციული თვალსაზრისით შეედრება მეზობელი რუსეთის ნედლ ნავთობს.
მაშასადამე, პომპეოს განცხადება იმას ნიშნავს, რომ ამერიკა, ბელარუსის გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მზად არის განახორციელოს ბელარუსის სახელმწიფოს ფინანსური დოტირება, რათა მას დამოუკიდებლობა შეუნარჩუნოს!
_ სწორედ ეს არის უმნიშვნელოვანესი. რეალურად, როგორც ქართველი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი და ექსპერტები აფასებენ, საკითხი ნავთობს კი არა, ბელარუსის დამოუკიდებლობას ეხება.
_ ბელარუსის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მხოლოდ მისი გეოგრაფიით როდი განისაზღვრება: სინამდვილეში, ბელარუსი შეიძლება იქცეს პირველ პრეცედენტად, როდესაც მოსკოვი შეძლებს ახალი კავშირის დაფუძნებას პოსტსაბჭოურ სივრცეზე: პრეზიდენტი პუტინი ამჟამად ფიქრობს 2024 წლის შემდგომ პერსპექტივაზე და არ გამორიცხავს, რომ მანვე დაიკავოს რუსეთ-ბელარუსის კავშირის პრეზიდენტის პოსტი, ანუ ამ გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. თუმცა საამისოდ აუცილებელია რუსეთ-ბელარუსის კავშირის რეალურად შექმნა, რაკი ეს კავშირი, ჯერჯერობით, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს: არ ჰყავს პრეზიდენტი, საერთო პარლამენტი, საერთო არმია, საერთო საბაჟო და ა. შ.
ამრიგად, პომპეოს მესიჯი ისაა, რომ ამერიკა ყოველნაირად დაეხმარება ბელარუსს, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, განურჩევლად იმისა, რას წარმოადგენს თვით პრეზიდენტი ლუკაშენკო და რამდენად „დემოკრატია“ იგი. ამერიკისთვის და ევროპისთვის ბელარუსის დამოუკიდებლობა უფრო ღირებულია, მით უმეტეს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო უდავოდ სარგებლობს მაღალი სახალხო მხარდაჭერით და ეს ვაშინგტონში კარგად იციან.
_ მედიაში „გაჟონა“ ინფორმაციამ, რომელიც ასევე სახმდივანს უკავშირდება _ საუბარია იმაზე, რომ პომპეოს უკრაინელებისთვის უთქვამს, _ დაივიწყეთ ყირიმიო. რა თქმა უნდა, მაღალი ალბათობით, ეს „გაჟონვა“ რეალურად ფეიკს უფრო ჰგავს. თუმცა კვამლი უცეცხლოდ არ არსებობსო, ეგეც ნათქვამია.
_ ეს არ არის ფაქტი, არამედ ფაქტის არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაციაა. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც პომპეომ კიევში ვიზიტისას გამართა, რუსულმა სპეცსამსახურებმა საკუთარი აგენტი შეაგზავნეს, რომელიც შენიღბული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წევრად. ჩემი ინფორმაციით, პომპეომ მხოლოდ ის თქვა, რომ ყირიმი უკრაინამ უბრძოლველად ჩააბარა რუსეთს _ რაც ფაქტია და ახლა მისი უკან ძალით გამოგლეჯა შეუძლებელია.
თუმცა ბევრად მნიშვნელოვანი პომპეოს სხვა კიევური გზავნილები იყო: რომ ამერიკა აღარ დაუშვებს იმ „წითელი ხაზების“ დარღვევას რუსეთის მიერ, რაც ბარაკ ობამას ძალიან სუსტი პრეზიდენტობისას გაივლო აღმოსავლეთ უკრაინაში _ დონბასის ტერიტორიაზე, რომლის დიდ ნაწილს მოსკოვი აკონტროლებს.
იმ ვითარებაში, როდესაც „უკრაინული ქეისი“ პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის საფუძველი გახდა, თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი იოტისოდენ დათმობაზეც აღარ წავა მოსკოვთან უკრაინის საკითხში, რათა 2020 წლის არჩევნების წინ ოპონენტებს ახალი „სათქმელი“ არ მისცეს, რომ თითქოს „ტრამპმა გაყიდა უკრაინა“ და ა. შ.
_ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომისთვის არსებობდა მოლოდინი, რომ პომპეო საქართველოსაც ეწვეოდა. მესმის, აშშ-ის თავისი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ ვიზიტი ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაში დამატებით კითხვებს არ გააჩენდა. თუ საქართველოს რიგი ჯერ არ დამდგარა? ზოგადად კი მინდა, კითხვა ასე დავსვა, _ როგორია დღეს აშშ-საქართველოს ურთიერთობები?
_ ევროპის საბჭოში საქართველოს ფორმალურ თავმჯდომარეობას ამერიკელები, რასაკვირველია, სერიოზულად არ აღიქვამენ და ეს მათთვის არგუმენტი არ იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ევროპის საბჭოსთან ძალიან ღრმა, შეიძლება ითქვას, ფუნდამენტური უთანხმოებანიც აქვთ. მაგალითად, სიკვდილით დასჯა და არა მხოლოდ ეს თემა…
ასეთი მნიშვნელობის პოლიტიკური მოვლენა, როგორიცაა სახელმწიფო მდივნის რეგიონული ტურნე, მრავალნაირად შეიძლება ინტერპრეტირდეს. დიპლომატიის ენა რთულია, თუმცა აუცილებელია გარემო-პირობებისა და ფაქტების ყურადღებით ანალიზი.
მაგალითად, პომპეო არც მოლდოვას ეწვია, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად დაუჭირა მხარი რევოლუციას და პლოხოტნიუკის წინააღმდეგ სანქციებიც შემოიღო. სხვა საკითხია, რომ ოლიგარქ პლოხოტნიუკის მშვიდობიანად დამამხობელ ძირითად ძალთა პროამერიკული და პროდასავლური ორიენტაცია უკვე სერიოზულ კითხვებს იწვევს.
ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასევე ბოლო 30 წლის ტრადიციის შესაბამისად, პომპეო მხოლოდ საქართველოში ალბათ ვერ ჩამოვიდოდა. მაშინ ბაქო და ერევანიც უნდა „მოევლო“, რადგან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული „მინსკის ჯგუფში“, ხოლო მხარეებისთვის გაუგებარი იქნებოდა, რომ მას ესაუბრა აფხაზეთ-ცხინვალის კონფლიქტზე და არ ესაუბრა ყარაბაღის კონფლიქტზე, მიუხედავად ამ ორ კონფლიქტს შორის სხვაობისა.
_ ეს ყველაფერი გასაგებია, თუმცა საქართველოში 2020 _ საარჩევნო წელი დგას…
_ დიახ, კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი, თუ რატომ არ ეწვია პომპეო საქართველოს, ის შეიძლება იყოს, რომ ამერიკას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდაჭერის შესახებ და პომპეოს არ სურდა, ამ თვალსაზრისით დროზე ადრე გაეჟღერებინა რაიმე მესიჯი. თუმცა ამის დროც აუცილებლად დადგება და ამერიკელებიც იპოვიან შესაბამის ფორმას ან ემისარს, როგორიც იყო, მაგალითად, ჯეიმს ბეიკერი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
_ ბეიკერის, ანუ ემისრის ვიზიტი მაშინ მისი მეგობრისთვის ცუდად დასრულდა. თუმცა ორი სახელმწიფოს ურთიერთობებზე ვისაუბროთ.
_ რაც შეეხება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს, თუ სახელმწიფოთშორის ურთიერთობებს განვიხილავთ, მას, ჯერჯერობით, არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რადგან მოქმედ ხელისუფლებასთან ამერიკელებს დემოკრატიულობის თვალსაზრისით აქვთ კითხვები და ეს კითხვები სულ უფრო მწვავე ხდება; თუმცა საქართველოს სახელმწიფო ამერიკის მოკავშირე რჩება ყველა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საკითხში: ავღანეთიდან _ ირანამდე.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით, ყველაფერი ის, რაც ნაწილობრივ აზიანებს კონკრეტულ ხელისუფლებას, არ და ვერ აზიანებს ქვეყნის ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორთან, რადგან „ოცნების ხელისუფლებას“ არც ერთი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი არ გადაუდგამს ისეთი, რაც ვაშინგტონში სხვა სახის კითხვებს წარმოშობდა.
_ ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ქართული პოლიტიკური კლასი ქვეყანაში მხოლოდ ორ ფერს _ თეთრსა და შავს ხედავს და ამ რეჟიმში ტრანსლირებს. აშშ-ის კონგრესმენი სენატორების განცხადებები ოპოზიციის მიერ მოვლენების შავ ფერებში ტრანსლირების შედეგია? ბარემ აქვე ვიკითხავ, რამდენად ჯდება ეს ყველაფერი სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კონტექსტში? მით უფრო, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლებაზე კულუარულად ზემოქმედების არაერთი მექანიზმი აქვს. თუ ეს წერილები ფსიქოლოგიური დატვირთვისაა?
_ რამდენიმე არსებითი კითხვაა და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, „ღია წერილები“ აბსოლუტურად შეესაბამება პოლიტიკური ურთიერთქმედების იმ სტილსა და მეთოდიკას, რასაც ამერიკა ათეულობით წლის განმავლობაში იყენებს საგარეო პოლიტიკაში, როდესაც საქმე ეხება ღირებულებით საკითხებს.
მთავარი ღირებულებითი საკითხი კი ამერიკელებისთვის დემოკრატიაა: პატიოსანი, გამჭვირვალე არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა, სიტყვის თავისუფლება, სამართლებრივი სისტემის დეპოლიტიზება.
სხვა საკითხია, რომ ამ თემებზე უკმაყოფილების გამოხატვისას ამერიკა, ასევე ტრადიციულად, ცნობილ ტექნოლოგიას იყენებს, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება ჯერ არ თვლის მიზანშეწონილად ღიად(!) უკმაყოფილების გამოხატვას, მით უმეტეს იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ამერიკის ერთგული მოკავშირეა ყველა მნიშვნელოვან საგარეო-პოლიტიკურ საკითხში, ხოლო კონგრესმენები და სენატორები ღიად მიმართავენ ამ ქვეყნის ხელისუფლებას და სხვადასხვა დონისა თუ ხარისხის შეშფოთებას გამოთქვამენ დემოკრატიის „დასუსტების“ გამო.
ეს როდესაც საქმე ეხება „დასუსტებას“ და არა ფეხქვეშ გათელვას.
თითქოსდა მეტისმეტი უტრირებაა, მაგრამ როდესაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში იმყოფებოდა და მრავალმილიარდიან კონტრაქტებს აფორმებდა, ზუსტად ამ დროს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები საუდელ ფეოდალებს მიმართავდნენ ძალიან მწარე „ღია წერილებით“ ქალთა უფლებების დარღვევის გამო.
იმავდროულად, ასეთი „ღია წერილები“ სრულად შეესაბამება არა მხოლოდ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობათა ტრადიციას, არამედ საერთაშორისო პრაქტიკასაც: 2008 წლის „სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია“ ვაშინგტონს თბილისისთვის თავს ძალით არ მოუხვევია, ხოლო ეს დოკუმენტი აუცილებლად გულისხმობს პასუხისმგებლობას დემოკრატიულ ღირებულებათა დაცვის თვალსაზრისით.
_ ამის მიუხედავად, თუ ქართულ მედიას გადავხედავთ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პოლიტიკურ ეპისტოლარული ჟანრი აშშ-მ პირველად გამოიყენა და ისიც ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ… ეს „მე არ მახსენდება“ მის ავტორებს საკმაოდ სასაცილოდ წარმოჩენს…
_ ზოგიერთი კოლეგა გამაოგნებელ გულუბრყვილობას ამჟღავნებს, როდესაც ამბობს, თითქოს „ასეთი კრიტიკული წერილებით სენატორები და კონგრესმენები სააკაშვილის ხელისუფლებას არ მიმართავდნენ“. სინამდვილეში, როგორ არ მიმართავდნენ _ განსაკუთრებით მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის მიწურულს, მაგრამ იმ დროს, ჯერ ერთი, ცნობილი მიზეზების გამო, ტელე-მედიას არ ჰქონდა ამდენი და ასეთი საშუალება, ეს წერილები და კრიტიკა „მედიამოვლენად“ და „ტოპნიუსად“ ექცია; გარდა ამისა, სანამ ეს კრიტიკა დიდწილად „კულუარული კომუნიკაციიდან „ღია კომუნიკაციაში“ გადაიზრდებოდა, მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად ჭკვიანური გადაწვეტილება მიიღო და ხელისუფლება დათმო, ანუ მშვიდობიანად გადააბარა არჩევნებში გამარჯვებულ ოპოზიციას.
ამჟამად ამერიკელებმა მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს კრიტიკა „ღია კომუნიკაციის“ სტადიაში, ანუ ღია წერილებით მიმართეს მთავრობას, როდესაც კითხვები გაუჩნდათ, თუ რამდენად დემოკრატიული იქნება 2020 წლის არჩევნები.
ამიტომაც, თუ მმართველ პარტიას სურს, კრიტიკა არ გადავიდეს „აღმასრულებელი ხელისუფლების“ დონეზე, რისი სიმპტომებიც აგრეთვე არის, ყველაფერი უნდა იღონოს, რათა „არჩევნები-2020“ კრისტალურად სუფთა და პატიოსანი იყოს. ვგულისხმობ არა მხოლოდ უშუალოდ კენჭისყრას, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას, რომელიც უკვე დაიწყო.
ნურავის ეგონება, თითქოს ამერიკელმა პარტნიორებმა არ იციან, რომ ამ ქვეყანაში „მესამე ვადით“ ძალაუფლება ჯერ არც ერთ ხელისუფლებას არ გაუფორმებია. თავისთავად არც „მესამე ვადაში“ და არც „მეხუთე ვადაში“ დაუშვებელი და მიუღებელი მათთვის არაფერია, ოღონდ მხოლოდ თავისუფალი და პატიოსანი ( Free and Fair ) არჩევნების შედეგად.
_ აბსოლუტურად გეთანხმები, თუმცა ხელისუფლება იმაზე აპელირებს, რომ ოპოზიცია თავად ამარაგებს ცალკეული „ფაქტებით“ მეგობრებს ოკეანის გაღმა და ამ ფაქტების კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ აყენებს…
_ ოპოზიციის ინფორმაციას, ჩივილებს, წერილებს, შეტყობინებებს, რასაც ამ წერილთა ავტორები საქართველოდან იღებენ, რასაკვირველია, აქვთ ზემოქმედების ძალა, თუმცა არა გადამწყვეტი. ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები გამოუცდელი ყმაწვილები არ არიან, ასე ადვილად მოატყუებინონ ან გამოაყენებინონ ვინმეს თავი, ხოლო ნებისმიერი არსებითი ინფორმაცია ერთადროულად რამდენიმე წყაროთი არ გადაამოწმონ, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისში ამერიკის საელჩოა.
ამერიკელ დიპლომატებს არასდროს არაფერი გამოეპარებათ არც პროცესთა, არც ფაქტთა და ტენდენციათა თვალსაზრისით. ყოველდღე თუ არა, ყოველკვირეულად აგზავნიან ღრმა ანალიტიკურ მასალებს თეთრ სახლშიც, სახელმწიფო დეპარტამენტშიც და კონგრესშიც. ასეთია მათი პროფესია.
_ ისე, ჩემთვის ფრიად გაუგებარი აღმოჩნდა ბატონი ზალკალიანის ვიზიტის ფარგლებში ცალკეული სენატორების მიერ გაკეთებული განცხადებები, _ მივიღეთ დაპირებაო. ეს ინტერპრეტაციაა თუ აღიარება ზალკალიანისა და ხელისუფლების მხრიდან? სიმართლე გითხრა, დამაბნია ამ ფრაზამ ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარების კონტექსტის გათვალისწინებით.
_ გულწრფელად გეტყვი, ჩემთვისაც გაუგებარი დარჩა, რა დაპირებაზე და რა გარანტიებზეა ლაპარაკი? პროპორციულ სისტემას „ოცნება“ უკვე 2020 წლისთვის დაუბრუნდება? გამორიცხულია! ჯერჯერობით არც იმის წინაპირობა ჩანს, რომ ხელისუფლებამ „გერმანული მოდელი“ მიიღოს.
თუ იგულისხმება დაპირება, რომ ოქტომბრის არჩევნებს მთავრობა პატიოსნად და სამართლიანად ჩაატარებს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ჯერ არ არსებულა ხელისუფლება, ასეთი დაპირება არ გაეცა.
ნუთუ „ფრონტერას“ უკავშირდება ეს დაპირება და მის ფინანსურ მოთხოვნებს? ესეც საეჭვოა. მეტისმეტად დიდ თანხებს ითხოვს ეს ამერიკული კომპანია. ერთადერთი ინტერპრეტაცია, რაც მრჩება, ისაა, რომ ხელისუფლებამ ამერიკელებთან დიალოგისას მასშტაბური „დაჭერები“ გამორიცხა. მერედა, ამას არც აპირებდა.
„ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტას არ ვგეგმავთ და „რუსეთ-ბელარუსის კავშირში“ შესვლას არ ვაპირებთო“, _ ამასაც იოლად ეტყოდა მინისტრი ზალკალიანი ამერიკელ კოლეგებს, რადგან ნამდვილად არ აპირებდნენ.
_ ვაღიაროთ, რომ ქართული ოპოზიცია სუსტია და ის რეალურად არაფერს სთავაზობს საზოგადოებას ბუნდოვანი „ყველაფერი კარგად იქნებას“ გარდა და აქ პირობად ბიძინა ივანიშვილის „დამხობას“ ასახელებს. თან, თუ ამ იდეის გარშემო გაერთიანებულ პოლიტპარტიებს გადავხედავთ, მათი ამოცანები და მიზნები რომ აბსოლუტურად განსხვავებულია, ესეც ნათლად ჩანს.
აქვე მახსენდება მოლდოვის მაგალითი, ზემოთ შენც ახსენე. ამავე სულისკვეთებით შექმნილმა გაერთიანებამ როგორ მოიპოვა გამარჯვება და ახლა მოლდოვას რეალურად პრორუსული ძალები მართავენ. არის თუ არა ჩვენთან ანალოგიური საფრთხე?
_ მოლდოვის ანალოგი სრულიად ბუნებრივი და მართებულია, თანაც ჭკუის სასწავლებელი. მოლდოვის პროდასავლურ ძალთა უპასუხისმგებლობა და ქარაფშუტობაც ნიშანდობლივია: „შევეკვრებით პრორუსულ დოდონს, გამოვიყენებთ, მერე მოვატყუებთ…“ ჰოდა ვინ ვინ „გამოიყენა“ და მოატყუა, ახლა მაინც ხომ ცხადია? ცხადი კია, თუმცა გვიანი.
კაცობრიობის პოლიტიკური ისტორია იცნობს თვისობრივად „შორეულ“ და „სხვადასხვავექტორულ“ ძალთა ალიანსის ტექნოლოგიას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თანაბარზომიერ ძალებზეა ლაპარაკი. თუმცა როდესაც, ერთი მხრივ, სრულიად გამოუცდელი, გულწრფელი, გულუბრყვილო მაია სანდუ, დაქსაქსული, მცირერიცხოვანი პროევროპული ძალები გყავს, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, კონსოლიდირებული პოლიტიკური ძალა, როგორიც პრეზიდენტი დოდონი და მისი პრორუსული „სოციალისტური პარტიაა“, შედეგი ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო.
საქართველოში ასეთი საშიშროება, ჯერჯერობით, არ არსებობს. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ პროდასავლური პარტიები, რომლებიც „ერთიან ოპოზიციაში“ შედიან, ძალიან ძლიერი არიან, არამედ იმიტომ, რომ იმავე გაერთიანებაში შემავალი ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია არიან შეუდარებლად სუსტნი, ვიდრე მათი მოლდოველი კოლეგები. თუმცა ამგვარი გაერთიანებით რომ თვით „პრორუსული იდეის“ ლეგიტიმაცია „პრავდება“, ესეც ცხადია.
რაც შეეხება ოპოზიციურ გაერთიანებას, ეს არ არის საარჩევნო ფორმატი, ეს რევოლუციური ფორმატია! რევოლუციის დროს კი საქმე „მორევა-ძალაზეა“. სწორედ ამგვარი ფორმატი უბიძგებს ოპოზიციას, იყოს აბსოლუტურად შეურიგებელი და უკომპრომისო. ხოლო უკომპრომისობის მთავარი პრინციპია „მაქსიმა“: „ან ყველაფერი, ან არაფერი“.
_ ამ ვითარებაზე ერთი კახური მოსწრებული ფრაზა მახსენდება, მაგრამ თავს შევიკავებ მისი გაჟღერებისგან…
_ როდესაც უკომპრომისოდ მოითხოვ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ საარჩევნო ფორმატს, რაც „ქართულ ოცნებას“ ხახამშრალს დატოვებს 2020 წლის შემოდგომისთვის, მაშინ უნდა გქონდეს იმის რესურსი, საშინაო თუ საგარეო, ხელისუფლება აიძულო, „გერმანულ მოდელს“ დასთანხმდეს, ანუ კაპიტულაცია გამოაცხადოს. მაგრამ თუ ასეთი რესურსი არ გაგაჩნია, მაშინ, უბრალოდ, მიზანშეწონილია, დასთანხმდე კომპრომისს, რათა მიიღო ის, რისი მიღებაც შესაძლებელია.
_ 100+50-ს გულისხმობ? ჰო, მაგრამ ოპოზიცია არ აპირებს, როგორც ახლა აცხადებენ, ამ ფორმულას დასთანხმდეს.
_ დიახ, 100+50-ზე ვსაუბრობ: ეს სისტემა უარესია, ვიდრე „პროპორციული“, უარესია, ვიდრე „გერმანული“, თუმცა ნამდვილად უკეთესია, ვიდრე ამჟამინდელი, ანუ _ 77+73.
ძალთა და რესურსთა სხვა თანაფარდობა რომ ყოფილიყო, მაშინ ხელისუფლებას შეეძლო შემოეთავაზებინა არა 100+50, არამედ, ვთქვათ, 90+60 და ა. შ. პოლიტიკა, სინამდვილეში, ძალთა და რესურსთა მარტივ კალკულაციას გულისხმობს. ხოლო ქართული პოლიტიკის იმანენტური ( immanentis _ შინაგანი, მისთვის ნიშანდობლივი, _ რედ.) პრობლემა სტრატეგიული კომპრომისის უნართა არქონაა. მით უმეტეს, ამგვარი კომპრომისი შეუძლებელია არსებულ „ყველა _ ერთის წინააღმდეგ“ ფორმატში, რადგან იმ „ყველაში“ სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა ინტერესი აქვს და ნებისმიერ კომპრომისს უმალვე გამოაცხადებენ „საერთო საქმის ღალატად“.
„100+50“ ფორმულა ის მაქსიმუმია, რაზედაც დასავლეთმა აიძულა ხელისუფლება წასულიყო. ამ საკითხში ოპოზიციის სიჯიუტე, ვიმეორებ, მხოლოდ იმ აუცილებლობას შექმნის, რომ ან რევოლუცია უნდა მოაწყონ, რისი არც დრო აქვთ, არც რესურსი ან არსებული სისტემა შენარჩუნდება.
პოლიტიკური ხელოვნების დასახასიათებლად მრავალი გამოთქმა არსებობს, თუმცა მათგან ერთი მიმაჩნია შედევრად: „პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა“. თუ გავამარტივებთ: „არსებული რეალობიდან მაქსიმალურად შესაძლებლის გამოწურვის ხელოვნება“.
_ რადგან ოპოზიცია „სახლში“ სუსტია და ადგილზე ისინი პროცესებს სასურველი სცენარით ვერ მართავენ, ამის გამო გადავიდა ფრონტი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ?
_ რა თქმა უნდა, „საგარეო ფრონტი“ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ზუსტად არის დადგენილი, რომ ყველა პრობლემისა და მანკის მიუხედავად, ამერიკაც და ევროპაც წინააღმდეგი იყო „ვარდების რევოლუციისა“, სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდნენ.
ანუ ქვეყნის ბედი მართლაც ქვეყანაშივე წყდება და არა იმის მიხედვით, რას დაწერს ან რას იტყვის რომელიმე საგარეო აქტორი, რამდენად ავტორიტეტულიც და გავლენიანიც არ უნდა იყოს იგი.
ამ აქტორთა ჩართულობა მხოლოდ იმდენად და იმ დოზითაა არსებითი, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედ აქტორებს უმატებს „ლეგიტიმურ სათქმელს“, როდესაც „სათქმელი“ ისედაც ბევრი აქვთ და ქვეყნის შიგნით მაღალი ლეგიტიმაციაც გააჩნიათ.
ზუსტად ეს ვითარება იყო 2003 წლის მიწურულს. დღეს ამგვარი ვითარება ნაკლებადაა არა მხოლოდ და არა მარტო იმიტომ, რომ შევარდნაძე ბევრად სუსტი იყო 2003 წელს, ვიდრე ივანიშვილია 2020 წელს, არამედ უპირატესად იმ მიზეზით, რომ დღეს ოპოზიცია ბევრად სუსტია, ვიდრე იყო 2003 წელს.
„სუსტია“ სხვადასხვა მიზეზით და გამოხატულებით, მათ შორის, იმ მიზეზითაც, რომ „უკვე იყო ხელისუფლებაში“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი „პოლიტიკური კულტურის“ – (სინამდვილეში უკულტურობის) გათვალისწინებით.
_ ერთია გარედან გაკეთებული შეფასებები, მეორეა ის ვითარება, რაც ქვეყანაში არსებობს. რეალურად, უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკით _ აქ ვგულისხმობ უამრავ მიმართულებას: ეკონომიკას, სოციალურ მდგომარეობას, კრიმინალსა და ა. შ., მოსახლეობა უკმაყოფილოა. ამაზე საუბრობენ, მაგრამ პასიონართა რაოდენობა არ იზრდება. რატომ?
_ ძალიან საინტერესო საკითხია. საქართველოს სპეციფიკა ისაა, რომ ქუჩაში გამომსვლელ, „შემვარდნ“ და „გამკეთებელ“ პასიონართა რაოდენობა არ უკავშირდება არც სოციალურ მდგომარეობას, არც კრიმინალს, არც ზოგად უკმაყოფილებას. ეს ფაქტორები გავლენას ახდენენ არა იმ კატეგორიაზე, რასაც თქვენ გულისხმობთ პასიონარებში, არამედ სხვა კატეგორიაზე, რომელიც აღინიშნება ტერმინით „პროტესტული ელექტორატი“. ე. ი. ელექტორატი, რომელიც აუცილებლად მივა არჩევნებზე და აუცილებლად მისცემს ხმას ოპოზიციას. უფრო ზუსტად, შეეცდება, „დასაჯოს“ ხელისუფლება იმით, რომ მის მოსისხლე მტრებს მისცეს ხმა. ანუ არა „მომხრედ“ _ ოპოზიციის, არამედ „მოწინააღმდეგედ“ ხელისუფლების.
ოღონდ ფრთხილად შევნიშნავ, რომ რამდენად „ხმამაღლაც“ არ უნდა ისმოდეს „პროტესტული ელექტორატის“ ხმა, ამ ხმის „სიმაღლე“ ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი ამომრჩეველთა უმრავლესობაა: არსებობს მეორე, ბევრად „ჩუმი“ ან „დაყურსული“ ნაწილი, რომელსაც იმდენად არ უჭირს, ცვლილებების არ ეშინოდეს. და სწორედ ამ შიშით მისცემს ხმას ხელისუფლებას, რათა არაფერი შეიცვალოს და ცვლილებებით არ გარისკოს. ესეც ისეთივე პრაგმატული გადაწყვეტილებაა, როგორც „უკმაყოფილო“ და ხელისუფლებაზე გაბრაზებული ნაწილისა.
და არსებობს კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი კატეგორია ამომრჩევლისა: „მაყურებლები“. ისინი არც პირველს განეკუთვნებიან, არც _ მეორეს, არამედ სახლში, ტელევიზორთან აკვირდებიან მის თვალწინ გაშლილ „გლადიატორთა ბრძოლას“ და საბოლოოდ ხმას აძლევენ იმას, ვისკენაც გადაიხრება გამარჯვების პინა, ანუ ვინც „გამარჯვებადია“ და „მომსვლელია“.
სწორედ ამიტომ ხდება, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად, ზოგიერთისგან განსხვავებით, მე IRI-NDI-ის კვლევათა შედეგებში ეჭვი არ მეპარება _ „გადაუწყვეტელი ელექტორატი“ ლამის ყველაზე მრავალრიცხოვანია.
რაც შეეხება პასიონარებს, ეს ელექტორალური კატეგორია სულაც არ არის. იგი კრიტიკულ მომენტებში, „ქუჩის დაპირისპირებისას“ გამოდის ასპარეზზე და მისი აქტივობა გარემო-პირობებზეა დამოკიდებული. იგი მუდამ რევოლუციურია, მუდამ მომართულია რევოლუციურ, კარდინალურ, გარდამტეხ ცვლილებებზე, მისი სტიქია ბობოქარი ვნებათაღელვაა, თანაც აუცილებლად მუდამ გამარჯვებულის და არა დამარცხებისთვის განწირულის მხარეს…
დღეს, როგორც ვხედავთ, ხსენებული კატეგორია არცთუ მრავალრიცხოვანია, რაც შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ოპოზიციის ბრალი იყოს და არა ხელისუფლების მხრიდან რეპრესიათა შიშისა.
_ ხომ იცი, თუნდაც ამ ბოლო ფრაზის გამო როგორ შეზიზღდები ოპოზიციას… რა თქმა უნდა, ვუტრირებ, მაგრამ ვაღიაროთ _ ქართველ პოლიტიკოსებს არ უყვართ, როდესაც მათ სარკეში ახედებენ. რა არგუმენტი გაქვს ბოლო ფრაზის გასამყარებელ-დასამტკიცებლად?
_ მარტივი. მე მგონი, სწორედ ამ კლასიფიკაციით შეიძლება აიხსნას ის თითქოსდა „უცნაურობა“, რომ ოპოზიციამ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 800 000 ხმა მიიღო „პროტესტული ელექტორატისა“, თუმცა ქუჩაში, „გაყალბების გასაპროტესტებლად“, მაშინ 800 პასიონარიც ვერ გამოიყვანა.
_ ჰო, ეს რეალობაა. ორი შესაძლო სცენარი განვიხილოთ. 2020 წლის არჩევნები რომ ურთულესი იქნება, ეგეც ცხადია. შენი თქმის არ იყოს, _ ვინც გადავრჩებით, შევიკრიბოთო, ასე მიდის საქმე. რამდენად ელოდები, რომ პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება _ ეს იმ შემთხვევაში, თუ „ოცნება“ ისევ იმარჯვებს და რასაც ვხედავთ, ამის შანსი მას აქვს, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საწინააღმდეგო ოპოზიციამ. და მეორე: ხელისუფლება მიეჩვია საკუთარ ნაღმებზე აფეთქებას. თუ ისევ აფეთქდა, რამაც პასიონართა რიცხვი გაზარდა და არსებული უკმაყოფილება საარჩევნო ხმებში რეალიზდა, შედეგად კი არჩევნებში „ოცნება“ დამარცხდება, ასეთ დროს რა ხდება?
_ მორევა ყოველთვის ძალაზეა. მარტივი ფორმულაა, თუმცა ამომწურავი. მართლაც უსასტიკესი არჩევნები გველის და შავი იუმორია: ვინც გადავრჩებით შევიკრიბოთ-მეთქი.
ამ საარჩევნო კამპანიის ბუნებას განაპირობებს არა მხოლოდ ის, რომ 1990 წლიდან, ანუ პირველი მრავალპარტიული არასაბჭოური არჩევნებიდან, არც ერთ ხელისუფლებას ძალაუფლება მესამე ვადით არ გაუფორმებია, არამედ ისიც, რომ ბევრი ოპოზიციური ლიდერის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მათ უყალიბდებათ განცდა, რომ თავისუფლების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება ხელისუფლების შეცვლაა.
არჩევნების ბუნება შეიძლება შეიცვალოს და იოლად პროგნოზირებადი გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ისეთ კატასტროფულ შეცდომას დაუშვებს, როგორიც იყო თბილისში ე. წ. „მართლმადიდებლური ასამბლეის“ მოწვევა _ აკი გველის ლავროვის ვიზიტი მაისში ან, მეორე მხრივ, გაძლიერდება ის ტრენდი „ნაციონალურ მოძრაობაში“, როდესაც პარტიას „სტატუსური პერსონები“ ტოვებენ, თანაც ხალხისთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით, მათ შორის, უკანასკნელი იყო ჩიორა თაქთაქიშვილი.
ჯერჯერობით ეს ტრენდი არ არის ძლიერი, მაგრამ თუ გაძლიერდა, „პროტესტულ ელექტორატსაც“ აუცრუვდება გული და „პასიონარებიც“ ჩაიქნევენ ხელს.
რაც შეხება სამოქალაქო დაპირისპირებას, ნამდვილად არ არის გამორიცხული და სწორედ ამით განსხვავდება ეს არჩევნები ყველა წინამორბედისგან, რომელთაც არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ მოჰყოლია: 1991 ან 1992 წელს დაპირისპირება მოყვა არა არჩევნებს, არამედ სამხედრო გადატრიალებას. 2003 წლის რევოლუციას არავითარი „სამოქალაქო დაპირისპირების“ წინაპირობა არ შეუქმნია, თუ ვგულისხმობთ ქუჩის დაპირისპირებას ორ პასიონარულ ჯგუფს შორის, არადა სწორედ ამას ვგულისხმობთ, ხომ?
_ დიახ…
_ ამჟამად სხვა ვითარებაა, ოღონდ არა იმიტომ, თითქოს „ოცნებას“ ჰყავს ფანატიკურად თავგადაკლული მომხრენი _ ამ ტიპის პოლიტიკურ ძალას საკუთარი პასიონარები არ ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ „ოცნების“ მოწინააღმდეგეებს ჰყავთ სწორედაც თავგადაკლული და ფანატიკურად შემართული მოძულენი.
ისინი იბრძოლებენ არა იმიტომ, რომ „ოცნებაზე“ გიჟდებიან, არამედ იმიტომ, რომ „ოცნების“ ალტერნატივა სძულთ ფანატიკურად. ეს, რასაკვირველია, ექსტრემალური სცენარია, მაგრამ არც თუ მთლად არარეალისტური.
_ დაბოლოს, მაინც რა იქნება გადამწყვეტი 2020 წლის არჩევნების შედეგებისთვის _ საგარეო ფაქტორი თუ საშინაო?
_ საშინაო! ამ გააფთრებულ ბრძოლას მოიგებს ის, ვინც საკუთარ ძალასა და უნარში დაარწმუნებს „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს“, რადგან „ოცნების“ ამომრჩეველი აზრსა და შეხედულებას უკვე აღარ შეიცვლის ისევე, როგორც აღარ შეიცვლის აზრს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი.
არადა, ორივე, ჯამში, არცთუ ბევრად აღემატება „გადაუწყვეტელ ამომრჩეველს“.
შესაბამისად, გამარჯვებულს განაპირობებს მიმდინარე საინფორმაციო, მედია-ომებში გამარჯვება. სწორედ ამ გამარჯვებულს გაჰყვება ქუჩაში შემდეგ „პასიონარული უმცირესობა“.
დაბოლოს, ერთი რამ შემიძლია ვთქვა სრული დარწმუნებით: დასავლეთს _ ევროპასა და ამერიკას _ შეიძლება კიდეც სურდეთ და „აწყობდეთ“ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა, გამომდინარე დემოკრატიის ფუნდამენტური წესიდან, რაც ხელისუფლებათა პერიოდულ ცვალებადობას გულისხმობს, მაგრამ რეგიონული კონტექსტის გათვალისწინებით, მათ არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ დესტაბილიზაცია, მით უმეტეს რაიმე უარესში გადაზრდის პერსპექტივით.
ყოველთვის და ყველგან ასე როდია _ მაგრამ აქ, ახლა, ამ რეგიონში, ერთროულად რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ნამდვილად ასეა!
_ მადლობა, მართლაც საინტერესო ინტერვიუსთვის, უდავოდ მაღალი რანგის პროფესიონალი ხარ. დანანებით აღვნიშნავ _ სამწუხაროა, რომ ქართული მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი და ტელევიზიები მათთვის არასასურველ _ ობიექტურს, თუნდაც, განსხვავებულ აზრს საკუთარ ეკრანებზე არ აჭაჭანებენ. წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე.

გეგა სილაგავა