გიორგი კუპატაძე: „ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის ეგზისტენციური საფრთხეა“

პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდული მოძრაობები _ ისინი გავრილოვის საქართველოში სტუმრობისა და „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ გააქტიურდნენ და ყოველდღიურ რეჟიმში გამოხატავენ პროტესტს მმართველი გუნდის ქმედებებისა და გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. ამასობაში კი სულ უფრო და უფრო იმსხვრევა სტერეოტიპი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა.

რა გეგმები აქვს ახალგაზრდულ მოძრაობა „შეცვალეს“? რა აქტივობებით ეცდებიან ისინი, ხელისუფლებას პროპორციული საარჩევნო სისტემა დაათმობინონ და აპირებენ თუ არა, რეგიონები მოიცვან?
ამ და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრ გიორგი კუპატაძეს ესაუბრა:

_ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს სხდომაზე თავს დაესხნენ, ასევე „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოში ფიზიკურად გაუსწორდნენ. არის თუ არა ეს პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება?
_ მგონია, რომ პოლიტიკურმა გარემომ, რაც ივანიშვილმა დაამყარა, აგრესიის მომატება გამოიწვია. ჩვენ გვახსოვს, რომ თავს ესხმოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერს, მათ შორის, ბოლო შემთხვევა იყო ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა. ამავდროულად, მოძრაობა „შეცვალესა“ და „გაბედეს“ წევრებს ხშირად ესხმიან თავს პოლიტიკურად მოტივირებული და, ძირითადად, პარტიულად დავალებული ადამიანები. სწორედ „ქართული ოცნების“ პარტაქტივი ესხმის თავს და გვახსოვს მსგავსი შემთხვევები მცხეთაში _ „ქართული ოცნების“ ოფისთან ჯერ „გაბედეს“ წევრებს დაესხნენ თავს, შემდეგ _ მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს. სულ რაღაც 2 დღის წინ სამეგრელოში მოხდა ფაქტი, როდესაც ჩვენს სამ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ „ქართული ოცნების“ წევრები, მათგან ერთ-ერთი დააკავეს, ერთის ადგილმდებარეობა კი არც იციან. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ეს ყველაფერი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა, რაც ივანიშვილმა დაამყარა, ის შეშინებულია და თავისთავად შიშის დროს ბევრ მსგავს რამეს გააკეთებს.
_ ის, რომ მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ათამაშებს კუნთებს, რაზე მეტყველებს?
_ როგორც ვთქვი, მმართველი გუნდი შეშინებულია _ მას ეშინია თავისუფალი აზრის და ზოგადად თავისუფალი ადამიანების. იციან, რომ დამარცხებულები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ძალაუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივონ, მაგრამ ეს ძალაუფლება მხოლოდ ფურცელზეა. ზუსტად მაგიტომ არიან ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადასულები.
_ პრეზიდენტ ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისთვის საქართველო რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პრეზიდენტის თქმით, ის გვერდს აუვლის საკუთარ კანონმდებლობას. იყო თუ არა ეს მიზანმიმართულად გაკეთებული განცხადება?
_ ჩემი აზრით, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება აბსოლუტურად მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი იყო და არც ის მგონია, რომ ზურაბიშვილის მიერ ევროპის საბჭოს ტრიბუნიდან ივანიშვილის პრეზიდენტად მოხსენიება შეცდომა ყოფილიყო. შეიძლება, სიტყვიერად მან შეცდომა დაუშვა, მაგრამ ქვეცნობიერად სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ის ივანიშვილმა დანიშნა პრეზიდენტად, რადგან ქართველ ხალხს არ აურჩევია ზურაბიშვილი. რაც შეეხება ლავროვის საკითხს, ეს არის ჩვეულებრივი კაპიტულაცია, კოლაბორაციონისტური მეთოდიკა, როდესაც მტრულ ძალას ეპატიჟები ქვეყანაში, მაშინ, როცა იცი, რა მოხდა გავრილოვის ჩამოსვლის დროს. მით უმეტეს, არღვევ კანონსა და კონსტიტუციას, რომლის გარანტიც, წესით და რიგით, თავად ქალბატონი ზურაბიშვილი უნდა იყოს. ზურაბიშვილის ეს განცხადება მიზანმიმართულია და ამ მთავრობას, ზოგადად, პრორუსული ხელწერა აქვს. ივანიშვილი არის რუსეთის მეფისნაცვალი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის სახით მოღალატე დანიშნა პრეზიდენტად. ევროპის საბჭოზე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არის იმ ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდის გაგრძელება, რასაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახორციელებენ.
_ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ლავროვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არგუმენტად იმას იშველიებენ, რომ საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და შესაბამისად უწევთ მოქმედება. ამ არგუმენტზე რას იტყვით და რა შეიძლება მოჰყვეს ლავროვის საქართველოში ჩამოსვლას?
_ ეს არგუმენტი სრული სისულელეა, ჩვენ გვაქვს კანონი, კონსტიტუცია და არჩეული საგარეო კურსი. შესაბამისად, ქვეყნის მთავრობა ვალდებულია, დაიცვას ეს ყველაფერი. ქვეყნის პრეზიდენტი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს და თუკი ვინმე კანონს ან კონსტიტუციას არღვევს, თვითონ უნდა აღკვეთოს. ევროპის საბჭო არ გვავალებს, რომ ჩვენი კანონები და კონსტიტუცია დავარღვიოთ. რაც შეეხება საფრთხეებს, ყველამ ვნახეთ, რა მოყვა გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას, რომელიც „ჭ კლასის“ პოლიტიკოსია, ლავროვთან შედარებით. ლავროვის ჩამოსვლა ეს იქნება რუსეთისა და ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან კბილის მოსინჯვა ქართული დემოკრატიისთვის და ქართული საზოგადოებისთვის, თუ რამდენად ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ თუ ამ ყველაფერს გადავყლაპავთ, რუსეთი მეტს მოინდომებს. თუკი ქართველი ხალხი ისევე გააპროტესტებს ლავროვის ჩამოსვლას, როგორც გავრილოვის შემთხვევაში, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა ღირსება და პროდასავლური კურსი. მოძრაობა „შეცვალემ“ უკვე გავაფრთხილეთ საქართველოს პრეზიდენტი და თუკი ლავროვს მაინც შემოუშვებენ ჩვენს ქვეყანაში, ათი ათასობით პატრიოტულად და პროდასავლურად განწყობილი ადამიანი მოძრაობა „შეცვალესთან“ ერთად დადგება რუსთაველზე და გააპანღურებს ლავროვს, ზედ მიაყოლებს პრორუსულ, მოღალატეობრივ მთავრობას, თუკი ამის საჭიროება იქნება. ლავროვის შემოშვება სახელმწიფო ღალატია, რომელიც დასჯადია.
_ ამ მოცემულობაში რამდენად რეალურია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის, მით უმეტეს ვხედავთ, რომ ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს და რა ბერკეტები გაქვთ სამოქალაქო საზოგადოებას ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ ხელისუფლება აიძულოთ, დათმოს პროპორციული სისტემა?
_ მონდომების შემთხვევაში სავსებით რეალურია .. მეორე მხრივ, ოპოზიციის შეთავაზება, „გერმანული მოდელი“, საერთოდ არ გულისხმობს კონსტიტუციურ ცვლილებებს, ამ შემთხვევაში ბურთი და მოედანი ხელისუფლების მხარესაა. მათ აქვთ ერთადერთი არჩევანი, დაემორჩილონ ქართველი ხალხისა და კონკრეტულად იმ ადამიანების ნებას, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში ჩვენი მხარდამჭერები და მეგობრები არიან. ყველა ვხედავთ, რომ აშშ-დან წერილი წერილზე მოდის და ივანიშვილმა პროდასავლურ კურსს გადაუხვია. ამ დროს მოძრაობა „შეცვალესა“ და სხვა ორგანიზაციის აქტივისტებს შეგვიძლია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში ვამყოფოთ პრესინგში, მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ მათ. ასევე ევროპასა და ჩვენს მოკავშირეებს დასავლეთში გავაგონეთ, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ დემოკრატია, პროპორციული არჩევნები და ქვეყნის დასავლურ კურსზე გადასვლა.
_ მას შემდეგ, რაც ახალგაზრდული მოძრაობები აქტიურად ჩაერთეთ პოლიტიკურ პროცესებში, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თქვენი მისამართით ბრალდებები ისმოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყავით მართული. ეს რამდენად მოქმედებს თქვენს მოძრაობაზე უარყოფითად და რას უპირისპირებთ ამ ბრალდებას?
_ სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მაინტერესებს, და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომელიც ამ მოძრაობაშია, არ აინტერესებს „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომ ვიღაცების მიერ ვართ მართული. ყველა ადამიანს აქვს ერთი გულწრფელი მოთხოვნა და სურვილი _ ეს არის საქართველოს პროდასავლურ კურსზე გადასვლა. ამის მიღმა ვინ როგორ აღიქვამს პოლიტიკურ პროცესს, ვინ რომელი პარტიის ან იდეოლოგიის მოხმრეა, ეს ახალგაზრდების გადასაწყვეტია. „ქართულ ოცნებას“ არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ვინმეს ურჩიოს, თუ რომელი პარტიის მომხრე იქნება. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა, მაგალითად: „გაბედეში“ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული, ყველას აქვს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ არ ავყვეთ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას. ვფიქრობ, ამ პროპაგანდამ დაკარგა ძალა. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანია ივანიშვილის შეცვლა არჩევნების გზით, კანონიერად და კონსტიტუციურად. მთავარია, რუსეთის მეფისნაცვალი ივანიშვილი მოვაშოროთ ქვეყნიდან.
_ რეალურად საზოგადოება ამ კუთხით ერთიანია, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას ჩამოშორდეს?
_ ყველა ჩამოყალიბდა ერთადერთ ჭეშმარიტებაზე, რომ ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის ეგზისტენციური საფრთხეა. თუკი გვინდა, რომ საქართველო არსებობდეს დასავლეთის მიერ აღიარებულ საზღვრებში, იყოს პროდასავლური, დემორკატიული სახელმწიფო და ადამიანები არ გარბოდნენ ამ ქვეყნიდან, ამისთვის აუცილებელია, მეფისნაცვალი ივანიშვილი მოვაშოროთ ქვეყნიდან. ამაზე მთელი საზოგადოება შეთანხმებულია, შესაბამისად, ადამიანები გააკეთებენ არჩევანს. ვინ რომელ პარტიას დაუჭერს მხარს ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ივანიშვილის წინააღმდეგ საზოგადოების მზაობა არის, რაც არჩევნების დღეს დამტკიცდება.
_ არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“, რის გამოც ახალგაზრდები ნაკლებ ინტერესს იჩენენ, თუმცა ბოლო პერიოდში ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ პოლიტიკურ პროცესებში. თქვენ, როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსი, როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში?
_ ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ახალგაზრდებმა, ის, რომ „პოლიტიკა ბინძური საქმეა“ და ამის გამო არ უნდა ჩავერთოთ, ეს სრული აბსურდია. მგონია, რომ რაც უფრო მეტი სხვადასხვა აზრისა და შეხედულების მქონე ახალგაზრდა ჩაერთვება პოლიტიკაში, ეს ჯანსაღ გარემოს მოგვცემს, სადაც ყველა ადამიანის აზრი პატივსაცემი იქნება და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კურსს მივაქცევთ ყურადღებას. თუკი ახალგაზრდები უარს ვიტყვით პოლიტიკაში ჩართვაზე, გია ვოლსკის იმედზე უნდა ვიყოთ?! ჩვენ უნდა ავიღოთ ძალაუფლება ხელში და ჩვენ უნდა ვაკეთოთ ის საქმე, რომელიც საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გამოადგება. ამიტომ აუცილებელია ახალგაზრდების წახალისება, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს პოლიტიკაში.
_ როგორია მოძრაობა „შეცვალეს“ სამოქმედო გეგმა?
_ მოძრაობა „შეცვალე“ ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს სხვადასხვა კამპანიას, აქციებისა თუ განხილვების სახით. ასევე ჩვენ უკვე გავედით რეგიონებში და სამეგრელოდან დავიწყეთ რეგიონული ორგანიზაციების შექმნა. ყველა მხრივ შევავიწროებთ „ქართულ ოცნებას“ და ვაიძულებთ, რომ ჩვენი კანონიერი მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით იყოს მიღწეული. ამის გარდა, ჩვენ მოსახლეობას ავუხსნით, რომ ივანიშვილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის ეგზისტენციური საფრთხეა. ვაპირებთ მეტი კომუნიკაციის დამყარებას ადამიანებთან, რეგიონებში გასვლას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნას ვგეგმავთ.

ნენე ინჯგია