256 დაღუპული და 224 გამოჯანმრთელებული _ რას არ ახმაურებენ და რასაც ვერსად წაიკითხავთ კორონავირუსზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი ტიპის ვირუსის შემოტევისთვის ემზადება. უკვე გამოჩნდა, რომ ევროპის რეგიონის დაცვა ვერ მოხერხდება და ამ მხრივ, მარტი საჩვენებელი იქნება. ან მივიღებთ გლობალურ ეპიდემიას, რასაც ვარაუდობენ კიდეც ექსპერტები, ანდა პასიური დინამიკურობა შენარჩუნდება. ეს უკანასკნელი კი ეპიდემიებს არ ახასიათებს _ ერთადერთი _ ვაქცინის გამოგონების შემთხვევაში.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასა და მის არსებობა-არარსებობაზე ცალკე ვისაუბრებთ, ახლა კი, _ რა უნდა ვიცოდეთ ახალი შტამის შესახებ?
დაფიქსირებულია თუ არა საქართველოში კორონავირუსით დასნებოვნების ფაქტები? _ ამაზე ხელისუფლება დუმს. ვისთვის, კონკრეტულად რა კონტინგენტისთვის არის კორონავირუსი განსაკუთრებით სახიფათო? _ ჯერჯერობით დიდად არც ამაზე კონკრეტდებიან. „ქრონიკა+“ ეცდება, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს თავის მკითხველს _ ისეთი, რომელსაც ბოლო დღებში, მასობრივი ინფორმირებულობის მიუხედავად, ვერსად წაიკითხავთ.
მაგალითად, ის, რომ სახეზე აფარებული ნიღბები კორონავირუსისგან არ გიცავთ; რომ ყველაზე ეფექტიანი საშუალება არის უარის თქმა ლოყაზე კოცნისგან და ხელის ჩამორთმევისგან.
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ახალი ჩინური კორონავირუსის შედეგი შეიძლება იყოს ფილტვების ფიბროზი. ფილტვების ფიბროზის დროს წარმოიშობა შემაერთებელი ქსოვილების ნაწიბურები, რომელიც ხელს უშლის სასუნთქი ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას. როგორც წესი, ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ, გართულებები არ ახასიათებთ. მაგრამ ვინც ვირუსი რთულ ფორმებში გადაიტანა, სავარაუდოდ, ფიბროზულ გართულებას შეეჯახება. აქვე იმასაც დავძენთ, რომ ფილტვების უნარი, აღიდგინოს საკუთარი თავი, საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, ფიბროზი არც ისე საშიშია.
რიგ პაციენტებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და განიკურნენ, ეწყებათ დეპრესია _ ამ დროს აუცილებელია ფსიქოლოგის კონსულტაცია.
ისევე როგორც წინა ვირუსები, ახალი ვირუსიც აღმოაჩინეს ჩინეთის ქალაქ უხანში (ხუბეის პროვინცია) 2019 წლის დეკემბერში. ჩინეთში დასნებოვნებულთა საერთო რიცხვმა 9731 ადამიანს მიაღწია, აქედან 213 დაიღუპა, 117 გამოჯანმრთელდა.
დღესდღეობით კორონავირუსით დასნებოვნების ფაქტები გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, იტალიაში, ავსტრალიაში, ფილიპინებზე, მალაიზიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ფინეთში, კამბოჯაში, ნეპალიში, შრი-ლანკაში, სინგაპურში, საუდის არაბეთში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდში, იაპონიასა და აშშ-ში. 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საერთო ჯამში, დაავადებულთა რიცხვმა მიაღწია 10 000-მდე ადამიანს.

ახლა კი ყველაზე მთავარი და ყველასთვის წასაკითხი: როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ დავინფიცირდეთ?
აღნიშნული ვირუსის შემთხვევაში აუცილებელია სუფთა ხელების შენარჩუნება. ამისთვის ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები ან გამოიყენოთ მადეზინფიცირებელი საშუალებები, რომელთაც სისტემატურად თან ატარებთ. დაუბანელი ხელებით არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ პირსა და თვალებს. ასევე ხალხმრავალ ადგილებში ეცადეთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ ხელებით შეხება ზედაპირზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. რეგულარულად გაწმინდეთ კომპიუტერის კლავიატურა და ყველა ის ზედაპირი, რომელთანაც შეხება გიწევთ.
უმჯობესი იქნება, თუ საქართველოში ვირუსის შემოსვლის შემთხვევაში მოერიდებით ხელის ჩამორთმევასა და გადაკოცნას, ყველაზე ახლობელი ადამიანებისაც კი. ასევე იმ შეფუთვებში ხელის ჩაყოფას, რომელსაც სხვებიც მოიხმარენ: მაგალითად, ორცხობილის ან ტკბილეულის ყუთებში.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი (CDC) ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს: ხელები უნდა დაიბანოთ არანაკლებ 20 წამის განმავლობაში და გამოიყენოთ ანტისეპტიკი, არანაკლებ 60%-იანი სპირტის შემცველობით.
უნდა ვატაროთ თუ არა ნიღბები? _ არა! როგორც ამერიკელი სპეციალსტები გვირჩევენ, თუ ჩინეთში არ ვიმყოფებით, ნიღბების ტარების აუცილებლობა არ არის. ნიღაბი, პრინციპში, დასაშვებია, თუ იმყოფებით ხალხმრავალ ადგილებში, ტრანსპორტში და ა. შ. ღია ჰაერზე მისი ტარება დაუშვებელია _ ფილტვებმა სუფთა ჟანგბადი უნდა ისუნთქოს.
ბოლო დღეებში ბევრს წერდნენ კორონავირუსის სიმპტომების შესახებ _ ყველაზე მეტს, შეიძლება ითქვას. თუმცა არსად ხსენებულა ის, რასაც ახლა დავწერთ. კი ბატონო, სიმპტომები, ხშირ შემთხვევაში, ჩვეულებრივი გაციებისა და გრიპის სიმპტომებს წააგავს: დაღლილობის შეგრძნება, სუნთქვის გართულება, მაღალი ტემპერატურა, ხველება და ტკივილი ყელის არეში. უშუალოდ ვირუსისთვის დაკავშირებული სიმპტომების გამოვლენამდე შესაძლოა, 14 დღე გავიდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დასნებოვნებულ ადამიანებს შეუძლიათ, სხვებს გადასდონ ვირუსი 2-დან 10 დღემდე.
ვირუსი გადადის ხველებისა და დაცემინების დროს. დასნებოვნების კიდევ ერთი რისკი გახლავთ, როგორც ზემოთ აღვნიშენეთ _ დაბინძურებული ზედაპირები.
CDC ხაზს უსვამს კორონავირუსის მსგავსებას 2003 წელს მოცირკულარე SARS-თან (მწვავე რესპირატორული ვირუსი) და 2012 წელს გავრცელებულ MERS-თან (ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომი). ორივე შემთხვევაში ორგანიზმიდან გამოყოფილი სითხის წვეთები დაავადების გადადებისა და გავრცელების წყარო იყო. ასევეა კორონავირუსის შემთხვევაში.

ყველა ჩვენგანის მთავარი კითხვა, _ შესაძლებელია თუ არა გამოჯანმრთელება?
კორონავირუსის სიმპტომები ადვილი შესაძლებელია, რომ გამოვლინდეს იოლ ფორმებში და ადამიანი გამოჯანმრთელებას იწყებს უკვე ერთი კვირის თავზე. არ დაგვავიწყდეს: მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით დაავადებულები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არიან, სასიკვდილო შემთხვევები მხოლოდ ჩინეთშია დაფიქსირებული.
ძირითადი საფრთხის ქვეშ არიან ხანში შესული ადამიანები და ქრონიკული დაავადებების მქონენი. კერძოდ, ისინი, რომელთაც აწუხებთ დიაბეტი და ონკოლოგიური დაავადებები, ანუ სუსტი იმუნიტეტი აქვთ.
კორონავირუსის სააწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები მის შექმნაზე მუშაობენ. შექმნის ვადა რამდენიმე თვიდან რამდენიმე წელიწადია. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, ვაქცინის შექმნას სჭირდება 1-დან 3 წლამდე, თუმცა გერმანელი მეცნიერები ვაქცინის მიღებას რამდენიმე თვეში ვარაუდობენ. თავის მხრივ, საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის დირექტორმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა ბაზარზე 20 თვის შემდეგ გამოჩნდება.
ეპიდემიოლოგებს ყველაზე მეტად რისიც ეშინიათ არის ის, რომ ვირუსი შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს საინკუბაციო პერიოდშიც, როდესაც დაავადების ნიშნები ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. იაპონიის ეპიდემიოლოგიის მამა _ მიცუო კაკუ, თავის ანგარიშში აცხადებს, რომ ატიპური პნევმონიისგან განსხვავებით, საფრთხის მატარებლები არიან ისინიც, რომლებმაც კორონავირუსი უკვე გადაიტანეს, თანაც იოლ ფორმებში. ასევე განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ დღესდღეობით არსებობს 30-მდე პრეპარატი, რომელიც ამ ტიპის ვირუსებს წარმატებით ებრძვის.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული შედარებით კეთილსაიმედო პროგნოზებისა, მარტი მსოფლიოსთვის შეიძლება საბედისწერო თვე აღმოჩნდეს. საქმე ის გახლავთ, რომ თუ ჩინური კორონავირუსით დასნებოვნების ტემპები ასე გაგრძელდა, როგორც დღეს ფიქსირდება, მაშინ მარტში შეიძლება გლობალურ ეპიდემიას შევეჩეხოთ.

თამარ როსტიაშვილი