„ქართული ოცნების“ გასაიდუმლოებული კვლევა

„ქართული ოცნება“ უმძიმეს კრიზისშია _ ქვეყნის გარეთ და შიგნით ხელისუფლება ყოველდღიურ სკანდალებშია გახვეული. დღე არ გავა, ამერიკიდან ახალი წერილი არ მოვიდეს. მართალია, „ოცნების“ ლიდერშიპი საკუთარ მომხრეებს ამშვიდებს, პრობლემა მხოლოდ რამდენიმე კონგრესმენი და სენატორიაო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა ხვდება, რომ საქმე არც ისე კარგადაა.

„ოცნების“ რეიტინგს ვერც შალვა რამიშვილის ტელევიზია შველის, ვერც ლაშა ნაცვლიშვილის რჩევები და ვერც ტროლების ფაბრიკა, რომელიც ისე გათითოკაცდა, რომ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ აზრზე, ფაქტობრივად, გავლენას ვერ ახდენს.
მას შემდეგ, რაც სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან აფილირებული ანტიდასავლური გვერდები და პროფილები გააუქმა, რეალობა კიდევ უფრო გამარტივდა _ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას რამდენიმე ათეული რეალური ადამიანი და ამდენივე ტროლი უჭერს მხარს, მათი მობილიზება უცხოეთიდან მიღებულ კრიტიკულ წერილებზე ხდება და ისინი იმდენად მარტივი ამოსაცნობია, რომ რამდენიმე რეპორტის შემდეგ ყალბი პროფილები უქმდება.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერს მოდელირებულ რეალობაში რამდენიმე წელი აცხოვრებდნენ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ცხადზე ცხადი გახდა, რომ საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომელსაც მას აწვდიდნენ, რეალობას არ ასახავდა. „ფსიქოპორტრეტის“ კვლევებით ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება სახელდახელოდ აზეიმეს, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ არჩევნებში მეორე ტური გახდა საჭირო.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ ფაქტის მერე ივანიშვილი საკუთარი პარტიული გარემოცვის მიერ ჩატარებულ კვლევებს აღარ ენდობა, ასევე ეჭვის თვალით უყურებს „ენდიაისა“ და „აირაის“ მიერ ჩატარებულ კვლევებსაც, რადგან მას არწმუნებენ, რომ ამ ორ ორგანიზაციაში ყოფილი ხელისუფლების გავლენა დიდია და ეს კვლევის შედეგებზეც აისახება. ივანიშვილი იმდენად იყო გაბრაზებული ამერიკულ ორგანიზაციებზე, სპეციალური წერილის გაგზავნასაც აპირებდა თეთრ სახლში, მაგრამ მას აშკარად დაასწრეს და ბოლო ათი დღეა, ყოველდღე ახალი გზავნილები მოდის აშშ-დან.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ საზოგადოებრივი აზრის რეალური კვლევა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტ „ლინკს“ დაუკვეთა, რომელიც კერძო კომპანიაა და ევროპაში სოციოლოგიური კვლევის სფეროში ბაზრის 18% აქვს ათვისებული. ამ კომპანიას რუსეთიდანაც ჰყავს კლიენტები. „ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, საველე სამუშაოები ქართველებმა ჩაატარეს, მაგრამ თავად კითხვები იმდენად მარტივად და ადვილად გასაგებად იყო დასმული, პასუხების გაცემასაც არ სჭირდებოდა დიდი თავის ტეხა. წყარო ვერ აკონკრეტებს, რა თანხა გადაიხადა „ოცნების“ ლიდერმა ამ კვლევაში, მაგრამ ამბობს, რომ „ლინკის“ მომსახურება იაფი ნამდვილად არ ღირს.
იგივე წყარო ამბობს, რომ კვლევის მონაცემები უკვე ინგლისურად ითარგმნა და ამერიკაშიც გაგზავნილია.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 20-24 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რა მონაცემები მიაწოდეს „ქრონიკა+“-ს?

„ახალი საქართველო“ _ გიორგი ვაშაძე _ 3,09%;
„გირჩი“ _ ზურა ჯაფარიძე _ 2,03%;
„დემოკრატიული მოძრაობა _ ნინო ბურჯანაძე“ _ 3,56%;
„ევროპული საქართველო“ _ დავით ბაქრაძე _ 8,03%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ _ მიხეილ სააკაშვილი _ 19,25%;
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ _ ბაჩუკი ქარდავა _ 0.53%;
„კანონი და სამართალი“ _ თაკო ჩარკვიანი _ 0,56%;
„ლეიბორისტული პარტია“ _ შალვა ნათელაშვილი _ 4,91%;
„ლელო“ _ მამუკა ხაზარაძე _ 9.94%;
„პატრიოტთა ალიანსი“ _ ირმა ინაშვილი _ 4,47%;
„რესპუბლიკური პარტია“ _ დავით ბერძენიშვილი _ 2,09%;
„სამართლიანი საქართველო“ _ ეკა ბესელია _ 0,85;
„ქართული ოცნება“ _ ბიძინა ივანიშვილი _ 24,97;
სხვა არცერთი _ 15,71%.

როგორ წარმოგიდგენიათ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მომავალი?

დაბრუნდეს პრემიერად (იგივე გუნდით) _ 5,91%;
დაბრუნდეს პრემიერად (ახალი გუნდით) _ 11,25%;
გახდეს პრეზიდენტი _ 17,84%;
წავიდეს ოპოზიციაში _ 32,85%;
ჩამოსცილდეს პოლიტიკას _ 12,24%
.

როგორ წარმოგიდგენიათ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მომავალი?

დარჩება ხელისუფლებაში და მარტო ჩამოაყალიბებს მთავრობას _ 0,59;
დარჩება ხელისუფლებაში და შექმნის კოალიციურ მთავრობას _ 13,74%;
გადაინაცვლებს ოპოზიციაში და კვლავ გაძლიერდება _ 15,29%;
დაიშლება ცალკეული ჯგუფების გამოყოფით _ 34,47%;
დაიშლება და აღარ იარსებებს _ 34,41%
.

რომელი განლაგებით შეძლებს ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებას?

ერთპარტიული (ბიძინა თუ მიშა?) _ 10,88%;
მრავალპარტიული ცალ-ცალკე _ 5,79%;
მრავალპარტიული ბლოკებით _ 18,12%;
ნაწილობრივი გაერთიანებით შეთანხმებით ან დათქმით _ 37,28%;
სრული გაერთიანება _ 27,34%.

რომელი საარჩევნო სისტემა იქნებოდა მისაღები?

პარალელური
(ამომრჩეველი ცალ-ცალკე აძლევს ხმას ერთ კონკრეტულ პარტიას) _ 18,21%;
სრულად მაჟორიტარული
(ამომრჩეველი აძლევს ხმას მხოლოდ ერთ კონკრეტულ კანდიდატს) _ 7,06;
სრულად პროპორციული
(ამომრჩეველი აძლევს ხმას მხოლოდ ერთ კონკრეტულ პარტიას) _ 22,58%;
პერსონიფიცირებული პროპორციული
(ამომრჩეველი აძლევს ხმას ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ კანდიდატს ერთი ან რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ) _ 32,44%;
რეგიონული პროპორციული
(ამომრჩეველი აძლევს ხმას კონკრეტულ პარტიას რეგიონში) _ 19,62%.

ეს ციფრების მხოლოდ ის ნაწილია, რომელიც „ქრონიკა+“-ს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. ამ ციფრებიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებს ვერც პროპორციული და ვერც არსებული სისტემით ვერ მოიგებს და საკონსტიტუციო უმრავლესობას ვეღარ აიღებს. არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში ქვეყანას კოალიციური მთავრობა ეყოლება, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში კი ოპოზიცია ქუჩის აქციებით და რევოლუციით იმუქრება. როგორც ჩანს, ივანიშვილს სამომავლო სტრატეგიის სერიოზული გადახედვა მოუწევს.
აქტიურად ვრცელდება ხმები იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს და მარტში ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება. რა გუნდით წარდგება ბიძინა ივანიშვილი 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე, ეს, სავარაუდოდ, ასევე მარტში გახდება ცნობილი.

ელისო კილაძე