თამაზ ხარიტონაშვილის უნიკალური სამყარო

თამაზ ხარიტონაშვილი 1975 წელს თბილისში, ხელოვანების ოჯახში დაიბადა.
ქართველი არტისტის მიერ შექმნილი ქანდაკებები, მოზაიკა და ნახატები აშშ-ის რამდენიმე შტატში ძალიან ბევრ ეკლესიას, სივრცესა და სახლს ამშვენებს.
„ქრონიკა+“ თამაზ ხარიტონაშვილს ესაუბრება:

_ დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ხელოვანების ოჯახი გვაქვს: მამა _ მიხეილ ხარიტონაშვილი, პოეტია, და _ მუსიკოსია, ძმა _ ხატავს. ოჯახი ყოველთვის გვერდით მიდგას და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.
_ ბატონო თამაზ, რა ასაკში დაიწყეთ ხატვა?
_ ხატვა ადრეულ ასაკში დავიწყე. ბავშვობისას ჩანახატებს ვაკეთებდი და ვძერწავდი, ზოგჯერ უცნაურ ფიგურებსაც კი. იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში ვსწავლობდი. მინდოდა, ბევრი გამეკეთებინა. ვგრძნობდი, ჩემში ნიჭი იყო და ეს უნდა გადმომეცა.
მოგვიანებით, ჩემი ემიგრანტული ცხოვრება დაიწყო. 1997 წელს საბერძნეთში წავედი, სადაც ქანდაკების ხელოვნება და მარმარილოს სკულპტურებზე მუშაობა შევისწავლე.
_ აშშ-ში როდის და როგორ მოხვდით?
_ 1998 წლის აგვისტოში ამერიკაში წამოვედი. მინდოდა, აქ რაღაცისთვის მიმეღწია. ვიცოდი, რომ ჩემში ნიჭი იყო, რომელიც უნდა განმევითარებინა და რაღაც ღირებული შემექმნა, ეს კი საკმაოდ რთული იყო, რადგან მაშინ მხოლოდ 23 წლის ვიყავი და პატარა ბიჭი დიდ და უცხო ქვეყანაში აღმოვჩნდი. ბევრი დაბრკოლება გავიარე, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი შინაგან ძალასა და ენერგიას.
_ და წარმატებამაც არ დააყოვნა. მაინც, როგორი იყო გზა საქართველოდან ამერიკამდე და რას მიიჩნევთ ამერიკაში თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
_ ამერიკაში ჩამოსვლისთანავე ჩემთვის საინტერესო გარემოცვაში მოვხვდი, ხელოვანების წრეში. ცნობილმა ამერიკელმა მხატვრებმა ჩემი ნამუშევრები მოიწონეს და ასისტენტად ამიყვანეს. ეს ჩემთვის შემოქმედებითად ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო. ბევრი რამ ვისწავლე მათგანაც და დამოუკიდებლადაც. იყო საინტერესო გამოფენები, სალონური შეხვედრები, სხვადასხვა პროექტი. თავად შევისწავლე მოზაიკის აწყობა. ჩემ მიერ გაკეთებული ქანდაკებები და მოზაიკა ამერიკის რამდენიმე შტატში ძალიან ბევრ ეკლესიას, სივრცესა და სახლს ამშვენებს. საკუთარი კომპანიაც გავხსენი.
ვარ ნიუ-იორკის მხატვართა ასოციაციის წევრი ( Member of the New York Artists Equity Association ).
სასიამოვნოა ის, რომ ამ ქვეყანაში ჩემი თავი ვიპოვე. ეს არის ჩემთვის მიღწევა და კიდევ უფრო მეტი წარმატების საწინდარი.
_ როცა დამთვალიერებელთან და თქვენი ხელოვნების თაყვანისმცემლებთან საუბრობთ, ამბობთ, რომ იყო მეტამორფოზაც, პაუზაც და საკუთარი თავის ძიების პროცესიც. რა ეტაპები გაიარეთ, როგორც შემოქმედმა?
_ კი, იყო სხვადასხვა ეტაპი, პაუზაც და უცნაური მეტამორფოზაც. ჩემში მუდმივი დუღილის პროცესია. ხელოვანი საკუთარ ენერგიასა და სწრაფვას ხშირად ბევრნაირად გადმოსცემს. იყო პაუზა ხატვაში, მაგრამ აქტიურად ვმუშაობდი სხვა მიმართულებით _ ვაკეთებდი სკულპტურებს.
ჩემთვის ემოციურად ისეთივე მძაფრი პროცესია ქანდაკების კეთება, როგორც ხატვა, თუმცა, თითქოს, უფრო უშუალო. თავად ვისწავლე ფიგურებისა და ფორმების ძერწვა. ესეც, თითქოს, კოდირებული იყო ჩემში. ვცდილობ, საკუთარი ხაზი მოვძებნო, განსხვავებული ტექნიკა მაქვს. ერთი ამოსუნთქვით ვასრულებ დაწყებულ ფორმას. ყველა ნამუშევარში საკუთარ ნაწილს, სულს ვდებ.
_ თქვენი მრავალმხრივი ნიჭი კიდევ ერთი მიმართულებით გამოვლინდა ულამაზესი მოზაიკის აწყობით. როდის და როგორ დაიწყეთ მოზაიკაზე მუშაობა?
_ იმ პერიოდში, როცა სკულპტურებზე ვმუშაობდი. მოზაიკაც თავად ვისწავლე, შევხედე და ვთქვი, _ რაც ღმერთის ხელით არ არის შექმნილი, ადამიანს ყოველთვის შეუძლია გააკეთოს-მეთქი. პირველად იესოს დაბადება ავაწყვე და მას შემდეგ ამერიკის რამდენიმე შტატში ძალიან ბევრ ეკლესიასა და სახლს ჩემი მოზაიკა ამშვენებს.
_ მოგვიანებით, ისევ ფუნჯი აიღეთ ხელში და მოლბერტს მიუბრუნდით. ამჯერად რა მეტამორფოზა განიცადეთ?
_ ორი-სამი თვის წინ უეცრად და რადიკალურად შეიცვალა რაღაც ჩემს შინაგან სამყაროში და ცხოვრებაშიც. შევიცვალე, როგორც პიროვნება. 18-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ხატვა დავიწყე. დაგუბებული ენერგიის მსგავსად იფეთქა ახალმა ტალღამ, თითქოს ჩემში რაღაც საოცარმა და არაჩვეულებრივმა გაიღვიძა. წყალი რომ გწყურია და დაეწაფები, ეს შეგრძნებაა ახლა ხატვა. ჩემში დიდი ენერგიაა, უშრეტი სურვილი. ღამით ვდგები და ვხატავ. ტილოზე მინდა გადმოვიტანო ყველაფერი, რაც ჩემს შინაგან სამყაროში ხდება, _ ყველა ემოცია, მონატრება, სიყვარული, განსაცდელი და სიცოცხლის უნარი, რომ არასდროს უნდა ჩავიფერფლოთ. თითქოს ჩრდილიდანაც გამოვდივარ. მინდა, ჩემი ხელოვნება მსოფლიოს ვანახო. ვიცი, რომ ეს დიდი ენერგია ჩემს მომავალზე იმოქმედებს.
_ თქვენ როგორ ხედავთ, რა არის ხელოვანისა და ხელოვნების დანიშნულება?
_ რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას? როგორ უწყობს ხელს ის აუდიტორიის გაერთიანებას? რა არის ხელოვნების მიზანი? _ ეს არის კითხვები, რომელსაც დამთვალიერებელს ვუსვამ ხოლმე ჩემი ნახატების ხილვისას. მხატვრისთვის ხელოვნების მნიშვნელობა
შეგიძლიათ თავად გადმოცემის ფორმაში იხილოთ, ხოლო არსში ჩასაწვდომად უნდა დააკვირდეთ თითოეულ ნიმუშს, იცხოვროთ მასში გარკვეული დროით.
_ კონკრეტულად თქვენი სათქმელი რა არის და როგორ ცდილობთ, ის მიაწოდოთ პუბლიკას?
_ ჩემს მხატვრულ ნაწარმოებებში მე ვაჩვენებ სხვადასხვა სახის ტექნიკას ადამიანების გამოსახულებებისა და ბუნებაში არსებული ფენომენების გამოყენებით. ჩემი მიზანია წარმოგიდგინოთ განსხვავებული რეალობა, რაც დამთვალიერებელს ეხმარება, ახალი სამყარო ნახოს. თითოეულ ნახატს თავისი არსი აქვს, ბევრი დეტალი. მნახველი წერტილებს აკავშირებს და მისთვის მნიშვნელოვანს ხედავს.
_ ძირითადად, რა ჟანრში ხატავთ და რატომ აირჩიეთ ის?
_ ვხატავ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სიურეალიზმი, იმპრესიონიზმი და ავანგარდი. ეს არჩევანიც თავისთავად მოდის, დუღილისა და ეტაპების შემდეგ. ვფიქრობ, ასე უკეთ გადმოვცემ ჩემს შინაგან სამყაროს და ჩემი, როგორც ხელოვანის სათქმელს.
ჩემი სტილი განსხვავებულია, მუდმივი ძიებაა. ჩემს ნახატებში ყოველთვის არის ფარული გზავნილი, რომელიც მინდა, რომ თითოეულმა მნახველმა თავისებურად და მისთვის ორგანულად აღიქვას. სწორედ ეს არის ხელოვნების უნიკალურობა _ დაინახო განსხვავებული და შენთვის საჭირო რეალობა.
_ რას ნიშნავს თქვენთვის ხატვის პროცესი?
_ ძალიან ბევრს. ჩემთვის ემოციურია თავად ხატვის პროცესიც, ეს საკუთარ თავთან და დამთვალიერებელთან მაახლოვებს. ეს არის ჩემი ხედვა, სამყაროს აღქმა, იდეები, რომელიც ტილოზე გადმომაქვს. ეს შეიძლება შევადაროთ მწერალს, რომელსაც თავისი იდეები ქაღალდზე გადმოაქვს.
ხელოვნება უკიდეგანო თავისუფლებაა. ჩემთვის ხელოვნება ყველაფერია _ ენერგია, შინაგანი სამყარო, სული და გული.
გავცემ დიდ ენერგიას, მაგრამ არასდროს ვიცლები. ეს მუდმივად განახლებადი პროცესია.
_ რა უფრო სასიამოვნოა, ხატვის პროცესი თუ შედეგით ტკბობა?
_ ალბათ, ორივე თანაბრად და კიდევ ახალი იდეების დაბადება. ნაშრომის დასრულებისთანავე ახალი იდეა მიჩნდება და ეს ხელახლა მავსებს.
_ რა არის თქვენი ინსპირაცია?
_ ინსპირაცია ჩემთვის ჩემივე ნიჭი და ხედვაა. შესაძლოა, უბრალო, კონკრეტული დავინახო და რაღაც განსხვავებულის, არაორდინალურის დახატვის სურვილი გამიჩნდეს.
_ რა იყო თქვენი პირველი ნახატი?
_ პირველი ნახატი დედას მივუძღვენი, იმდენად დიდი იყო მონატრება, ტილოზე მინდოდა გადმოტანა _ ყვავილები, ვარდები, რომელიც დედას ძალიან უყვარს.
_ თქვენი რომელიმე ნახატი თუ მოგწონთ ან გიყვართ გამორჩეულად?
_ ხელოვანისთვის მისი ყველა ნამუშევარი ერთნაირად ძვირფასია, თუმცა ზოგში მეტად ჩანს თავად შემოქმედის ხასიათი და ეგო.
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნამუშევარია „ნათურა“ _ ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ფართო იდეის მატარებელი. ნათურა, რომელიც ანთია, მაგრამ გარემოცვას არ ანათებს. ნახატში არ არის მთავარი საღებავი, მთავარია იდეა.
ამ ნახატში საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება გამოვამჟღავნე. ის რეალობა, რომელსაც თქვენ ჩემს ნამუშევრებში ხედავთ, საკუთარ გრძნობებთან და განცდებთან გავაიგივე. ამან უკეთ დამაახლოვა საკუთარ თავთანაც და დამთვალიერებელთანაც. მინდა, რომ სამყაროს გზავნილი, რომელიც თქვენამდე ჩემი შემოქმედების საშუალებით მოდის, უფრო სიღრმისეულად და თქვენეულად აღიქვათ.
_ როგორ ფიქრობთ, საქართველოში თუ შეძლებდით საკუთარი თავისა და ნიჭის რეალიზებას?
_ ვერ შევძელი, იმდენად რთული პერიოდი იყო მაშინ საქართველოში. ამის შესაძლებლობა იქ, სამწუხაროდ, ახლაც ნაკლებადაა. ვერ აფასებენ ხელოვან ადამიანებს. ამერიკაში ამას შეძლებ, აქ დაინახავენ შენს ნიჭს და დაგაფასებენ, გექნება მოტივაცია და შესაძლებლობა, რომ იმუშაო, აკეთო შენი საქმე, თქვა შენი სათქმელი და მსოფლიოს გააცნო შენი შემოქმედება.
_ ამბობთ, რომ ამჟამად რამდენიმე პროექტზე მუშაობთ, დაგეგმილია გამოფენებიც. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ თქვენი გეგმების შესახებ?
_ შემოქმედებითად ძალიან საინტერესო და დატვირთული პერიოდია. მაქვს რამდენიმე შემოთავაზება, ახლო მომავალში დაგეგმილია ორი გამოფენა ნიუ-იორკში. ერთი აპრილში „ნიუ-იორკ ექსპოუზე“. მოგვიანებით, საქართველოში ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას. მოლაპარაკებები მიდის სხვა, დიდ პროექტებზეც, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში, რომლის დეტალებზეც ჯერ ვერ ვისაუბრებ. ეს არ იქნება მხოლოდ გამოფენები, განიხილება ცენტრებისა და ფონდის შექმნაც. ნამდვილად წარმატებული პერიოდი მაქვს. დაემთხვა ისიც, რომ ჩემი 10 წლის წინ დაკარგული ნახატები ვიპოვე, რომელთაც ახლა საგამოფენო სივრცეში იხილავს დამთვალიერებელი.
ვმუშაობ ერთ ძალიან საინტერესო და ლამაზ პროექტზე, რომელიც უკვე დასრულების პირასაა _ მოზაიკით ვაწყობ კომპოზიციას და ამასაც მალე იხილავს ჩემი დამთვალიერებელი. თან, რა თქმა უნდა, ვხატავ ძალიან ბევრს.
_ დიდი მადლობა, ბატონო თამაზ. გისურვებთ წარმატებებს!

ლევან ქემოკლიძე