დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიური“

გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-41 (2019წ.)

„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.

შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.

(გაგრძელება)

„უჩენაია მუხა“

4 ნოემბერს კათოლიკოზთან ბაასის დროს გამოირკვა, რომ მისს კამარილიას გადაუწყვეტია სულ ერთიანად ექსორია მყონ სასულიერო წრეებიდან; ესენი მეტად მწუხარენი იყვნენ, რომ ამ ზაფხულს კათ. ლეონიდი და მე შევთანხმდით, გავფანტეთ ერთმანეთში არსებული ხელოვნურად შექმნილი სიამოვნება-გაუგებრობანი; კამარილია ცინცაძე-თოთიბაძესი მეტად შეშფოთდა, როდესაც დაინახეს, რომ ლეონიდი სცდილობს თავი დაახწიოს მათ ბრჭყალებს, განთავისუფლდეს მათ ტყვეობისაგან და ეკლესიის საკეთილდღეო მოქმედებას შეუდგეს, ყველამ გაიგო ტფილისში, რომ სეკტემბრიდან ლეონიდს უნდა გაეხსნა სამოძღვრო სკოლა ანუ კურსები, ხოლო ამ კურსების ხელმძღვანელობა მოენდო ჩემთვის; საშვალებას მოგვცემდა ადგილობრივი საეპარქიო ქარხანა; ამ სასწავლებლის შესახებ პროექტი მე უნდა დამემუშავებია; მაგრამ ლეონიდის გარდაცვალებამ და ამბროსის გაკათალიკოსობამ შესცვალა რადიკალურად ეს განზრახულება; სამოძღვრო სკოლის გახსნის თაობაზე ჰქონიათ საკათ. საბჭოში მსჯელობა, ჩემი მოხსენება მესამე საეკლესიო კრებისადმი იქ არ წაკითხული, აქ მოუსმენია კათოლიკოზს, სასკოლო კომისია აურჩევიათ, ამ კომისიაში მეც დაუსახელებივარ; პირველი სხდომა ამ კომისიისა იყო 4 ნოემბერს დღისით, მე, როგორც ზემოდაც მოვიხსენე, ადრე წავედი ამ კომისიიდან, ხოლო საღამოს შეველ კათოლიკოზთან და აი, რა მოვისმინე: როდესაც მე მოვახსენე კათოლიკოზს _ კი არ დამნიშნოთ სამოძღვრო სკოლის გამგეთ თქო (ეს ერთ ნაირი საშინჯი ნაბიჯი იყო ჩემის მხრივ), მან მიპასუხა: „არა, ამ ადგილ-თანამდებობას შენ არ მოგცემ, ისე არიან შენზე ალესილნი, რომ სკოლის გამგეობას შენ ვერ გამართავ, ხელს შეგიშლიანო“. ჩემთვის ცხადი შეიქმნა, რომ ლეონიდისაგან განზრახული სამოძღვრო სკოლის გამგეობაც ჩემგნით გარბის, მე მას ვეღარ ვეღირსები… შემდეგ ვკითხე, კათოლიკოზს, მაინც ვინ გსურს ამ თანამდებობაზე თქო; მან ღიმილით მიპასუხა… ესე იგი არავითარი პასუხი არ მომცა… შემდეგ სრულიად მოულოდნელად ჩამოაგდო ლაპარაკი დავით ეპისკოპოსზე: „მაგისი სურათი ვნახე გაგრაში, ერთი რუს მღვდლის ოჯახში, რომელიც დონის სემინარიაში სწავლობდა, როდესაც იქ დავითი ინსპექტორად იყოო; დავითზე იმ მღვდელმა მითხრა, რომ ის (დავითი!) გენიოსი კაციაო, ჩვენს რექტორზე ბევრად ჭკუიანი იყოო“; შემდეგ კათოლიკოზმა მოიგონა ის ამბავი, რომ „მე და დავითი, როდესაც ყაზანის სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდით, ერთ სამაცადინო ოთახში ვიყავით; სრულებით არაფერს არ აკეთებდა დავითი, კანდიდატობის თხზულებასაც რაღაც ახირებულად სწერდა _ სულ დადიოდა, ბოლთასა სცემდა ოთახში, უცბად მიუჯდებოდა საწერ მაგიდას, რაღასაც ჩქარა-ჩქარა დასწერდა და გადასცემდა გადასაწერად იმ სტუდენტს, რომელიც ათეთრებდა მისს თხზულებასაო; კარგი თხზულება გამოუვიდა, პედაგოგიის დარგიდან ჰქონდა აღებულიო; აკადემიის რექტორი დიდ პატივსა სცემდა დავითს, რომელიც მუდამ ჩაფიქრებული დადიოდა, არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდა საზოგადო სტუდენტურ და ბერების ცხოვრებაში (დავითი მაშინ მღვდელმონაზონი იყო), ამიტომ რექტორმა მეტსახელად „უჩენაია მუხა“ ანუ „მსწავლული ბუზი“ დაარქვაო, _ სიცილ- ღიმილით დაასრულა კათოლიკოზმა. კათოლიკოზს მეც გაუზიარე ჩემი ცნობები დავით ეპისკოპოსზე: „ის ჩემი კურსის ამხანაგია ტფილისის სემინარიაში, მღვდლის ოქროპირ კაჭახიძის შვილი ქუთაისიდან, პატარაობიდან მეტად სუსტი ფიზიკურ აგებულობისა და სნეული; სემინარიაში ნიჭი გამოიჩინა, მაგრამ მალე ჩამოგვრჩა უკან მე და იპ. ვართაგავას; შემდეგ ვერსად ვერ გამოიჩინა უნარი და ნიჭი მუშაობისა ავათმყოფობისა გამო, არ მუშაობენ მისი არც თვალები, არც ყურები და არც კუჭი _ კაცი „განრღვეულია“, მოკლებული მოძრაობას, პსიხიურად დაავათმყოფებული; მართალია მაგანაც განიცადა დევნა ინოკენტი ექსარხოსიდან, ეგ გადაასახლა ინოკენტიმ ეპისკოპოსად ტფილისიდან გეორგიევსკში (ჩრდილო კავკასია) 1912 წლის 13 მაისს, მე იმავ წლის 20 მაისის რეზოლიუციით გადამაგდო დიდუბიდან ანჩისხატის ნანგრევებში, მაგრამ რუსეთიდან, დიდ რევოლიუციის შემდეგ, მხოლოდ ჩემი პირადი მეცადინეობით, 1917 წლის ენკენისთვის 17-ს, დიდის ვაი-ვაგლახით ავარჩევიე საეკლესიო კრებას ურბნისის (გორის) ეპისკოპოსად, სადაც დიდის თაღლითობით _ პოდლოგით, სურდა გამძვრალიყო არქიმანდრიტი ნაზარი! საეკლესიო კრებას გამოეყო გორის ეპარქიის დეპუტატები თავისთვის ეპისკოპოზის ასარჩევად, ამ დეპუტატებს შორის იყო ჩემი სიმამრიც, სამხედრო დეკანოზი ზაქარია ლუკაშვილი, ამის საშუალებით დავსვი დავითის კანდიდატურა ურბნისის კათედრაზე, დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს ეს კანდიდატი, მაგრამ არჩევნების აქტი მდივანმა არქიმანდრიტ ნაზარზე (ეხლანდელი ქუთათელი!) შეადგინა; დეპუტატები მიდიოდენ და აქტზე ხელს აწერდენ, არც კი ჰკითხულობდენ ისე, ხოლო როდესაც დეკ. ზ. ლუკაშვილიც მივიდა ხელის მოსაწერად, აქტს გადახედა და იქ დავითის ნაცვლად ნაზარი ამოიკითხა, შეჩერდა და ჰკითხა დეპუტატებს: „ხალხნო, თქვენ ვინ ამოირჩიეთ დავითი თუ ნაზარიო“, რასაკვირველია, დავითიო, _ უპასუხა ყველამ; _ აქ კი აქტი ნაზარზეა შედგენილი, ეს რა თაღლითობა გამოგვდისო“! წაიკითხეს აქტი და დარწმუნდენ ამ გამოუთქმელ თაღლითობაში; ეს ყალბი აქტი მე მაქვს ეხლა სახსოვრად შენახული, ხოლო დავითზე შესდგა ახალი აქტი; მე გამოვიწვიე ის კამენეც-პოდოლსკიდან ტელეგრამით, ჩაიბარა გორის ეპარქია, მაგრამ განუწყვეტელ ავათმყოფობისა გამო სრულებით ვერ მართავდა ამ დიდ და მეტად გავერანებულ (რუს ექსარხოსების ხელში) ეპარქიას; ზაფხულის თვეებშიაც სულ შალებში და საბნებში იყო დღისითაც შეფუთნული, კალოშებში, თავზე მოხვეული, ვერ ღებულობდა მთხოვნელებს, არავითარი საქმის წარმოება არ ჰქონდა, სამღვდელოებასთან ჰქონდა განუწყვეტელი უსიამოვნება და 1920 წლის საეკლესიო კრებაზე დავით ეპისკოპოზმა უარი გამოაცხადა ეპარქიის მართვა-გამგეობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე იყო დამზადებული დიდი მასალა საჩივლელად, საიდანაც სჩანდა მისი სრული უვარგისობა ამ თანამდებობაზე; ეს შეაგონა კათ. ლეონიდმა და დავითმა საჩივარს დაასწრო, შეიტანა თავისუფლების განცხადება, ხოლო საეკლესიო კრებამ საკათ. საბჭოს წევრად ამოირჩია ის; არც ამ თანამდებობაზე გაუკეთებია რა მას; ხოლო 1921 წლის თებერვლის 24-ს ღამით, ლეონიდ კათოლიკოზთან ერთად, დავით ეპისკოპოსიც გაიქცა ქალაქიდან ქუთაისში, გაექცა „კომუნისტებს“, _ მიგვიტოვეს უპატრონოთ ქალაქი ტფილისი და მთელი აღმოსავლეთი საქართველო უეპისკოპოსოდ! ლეონიდის დაკრძალვაზე ნაზარ ქუთათელს ჩამოჰყვა ტფილისში, ქუთაისში გადაეწყვიტათ აგრე: კათოლიკოსად უნდა ყოფილიყო ნაზარი, ქუთათელად დავითი, ხოლო ამბროსი, ლტოლვილი ბოლშევიკებისაგან სუხუმიდან სამეგრელოში, უნდა დარჩენილიყო უადგილოდ, მაგრამ გელათის კრებაზე მეგობრებმა ამბროსის საქმე გაჩარხეს, დიდის ბრძოლის შედეგად მოუპოვეს მას გამარჯვება, თურმე ამ ბრძოლაში დავით ეპისკოპოსიც კი გამოაცალეს ნაზარს და ამბროსის მხარეზე გადაიყვანეს; „ჩემი (ამბროსის) არჩევის შემდეგ დავითი ვეღარ დარჩებოდა გელათში (აქ იყო საცხოვრებლად ტფილისიდან გაქცევის შემდეგ) და სოფელში წავიდაო; ეხლა აქ მინდა გადმოვიყვანო ჩემ თანაშემწეთო, _ ბრძანა კათოლიკოზმა და მეც დავრწმუნდი, რომ „უჩენაია მუხა“ სურთ კათოლიკოზს და მისს მრჩეველთ სამოძღვრო სკოლის რექტორად! ამ სკოლაში შესაძლებელია მეც მომცენ ზოგიერთ საგნების გაკვეთილები ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, სკოლის მთელი სიმძიმე და მუშაობა მე დამაკისრონ, ხოლო „რექტორობა“ და „უჩენობა“ დავით ეპისკოპოსის იყო! ჯერ ერთი უნდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ ამ სკოლისათვის მოწაფეთა კონტინგენტს ვერ იშოვნიან, ასეთ მესვეურთ არ ძალუძთ სამღვდელო მოღვაწეობისათვის მსურველთა გარს შემოკრება; საამისოდ საჭირო იყო სათანადო პირობების გარკვევა-გაკაფვა, რაც მე მქონდა აღნიშნული ჩემს მოხსენებაში და უგულებელს ჰყვეს; შემდეგ დავით ეპისკოპოსი სრულებით შეუფერებელია ამ საქმისათვის! კაცი, რომელიც 15 წლის განმავლობაში მოკლებულია ფიზიკურად საშუალებას რომ რაიმე წიგნი წაიკითხოს, თვისი ცოდნა განაახლოს, რაიმე ახალი შეიძინოს, გაზეთიც კი ვერ წაუკითხნია, კაცი, რომელიც წირვა-ლოცვაზედაც კი ვერ დადის კვირა-უქმე დღეებზე; როგორ უნდა შესძლოს ამან სამოძღვრო სკოლის ხელმძღვანელობა! ნუთუ ეს არ იცის ან ამბროსიმ, ან მისმა „ახატოფელებმა“? _ მე კი, როგორც კათოლიკოზმა, გულახდილად მიბრძანა, „ამ ადგილს ვერ გავმართავ, მეტად ალესილები არიან შენზე და ხელს შეგიშლიანო“! მაშ, ჩემი გაკვეთილების მიცემაც შეუძლებელი იქნება აქ; მე გიმნაზიაში 24 გაკვეთილს ვაძლევ კვირაში, სადღა შემიძლია კიდევ გაკვეთილების მიცემა. გამოდის, რომ ვერც ვერის წმ. ნიკოლოზის მრევლის ღირსი გავხდი, ვერც სამოძღვრო სკოლის გამგეთ გამოვდგები და ვრჩები ისევ ექსარხოს ინოკენტის მიერ „ნაწყალობევ“ ანჩისხატის ტაძარში და ბოლშევიკების დროსაც კი შეწყნარებული ქალთა მესამე გიმნაზიის მასწავლებლად (საქართველოს ისტორიისა და ქართულ სიტყვიერებისა). ჭეშმარიტად თქმულა „არა არს წინასწარმეტყველი შეწყნარებულ თვისსა მამულსაო“! იყოს ნება ღვთისა ჩემზედა… ვნახოთ, რას მოიტანს „მსწავლული ბუზი“ ქუთაისიდან, ჯერ ის იქიდან ტფილისში არ ჩამოფრენილა…

1921 წლის 7 ნოემბერი _ „კომუნიზმის ხელისუფლების მეოთხე წლის თავი“

დღეს ტფილისი საზეიმოდ მორთეს კომუნისტებმა, დღესასწაულობენ თვის ძალა-უფლების რევოლიუციონურად დამყარების მეოთხე წლის თავს რუსეთში და ეხლა საქართველოშიც. მეტად დაჭიმულია ბედკრულ საქართველოს ძარღვები კომუნისტების უღლის ქვეშ; ამა წლის 25 თებერვლიდან, როდესაც რუსეთის ბატონობა ისევ თავს დაატყდა საქართველოს კომუნიზმის სახით, საქართველო, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა, თანდათან ჰკარგავს თვისს ნიადაგს; ჩვენი „დამოუკიდებლობა“ ქაღალდზე კიდევ არ არის ჯერ უარყოფილი, _ მაგრამ ფაქტიურად ჩვენი დამოუკიდებლობა გაწყალდა: დაწესებულებებში და სკოლებში ქართულმა სახელმწიფო ენამ დაჰკარგა თვისი მნიშვნელობა, ისევ ბატონდება რუსული; ამას ხელს უწყობენ საოცარი ბეჯითობით ქართველი კომუნისტები; მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში თუ თავად-აზნაურობის მაღალი წრეები და ზოგი სამღვდელო _ საბერო გვამნი ხელს უწყობდენ ჩვენში რუსს მონარქიზმის დამყარებას და ქართველ ერის გადაგვარება-გადაშენებას, დღეს ამ სამარცხვინო იუდას როლს ასრულებენ ქართველი კომუნისტები: ფ. მახარაძე (ილია ჭავჭავაძის იდეური მკვლელი, ჟურნალ „მოგზაურში“ წამქეზებელი მისი მოკვლისა), ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მამია ორახელაშვილი (ექიმი), კოტე ცინცაძე („ჩეკას“ უფროსი, _ დახვრეტების უსტაბაში), ერქომაიშვილი, ბიბინეიშვილი, სევასტი და ისიდორე თალაქვაძენი (ჩემი სახლი კაცები _ პირველს არც კი აქვს დასრულებული ასკანის სოფლის სკოლა, მეორე ქუთაისის სასულიერო სემინარიის მეორე კლასიდან არის გამორიცხული, არიან უვიცნი, მცონარე _ მუქთახორანი და „პროლეტარიატის“ სახელით გაბატონებულ დიქტატურის დროს სჭამენ-სვამენ და დროს ატარებენ, არც კი იციან თუ ხვალ რა იქნება), ასეთივე მუქთახორა თევდორე კალანდაძე, ეს და ამათი ავან-ჩავანნი ჰყავს დღეს ასპარეზზე გამოშვებული რუსეთის წითელ არმიას, რომელმაც აქ სხვა-ფერი მიიღო და სახელიც შეიცვალა _ „ოკა“ („Особая кавказская армия“); ჩვენი „წითელი“ ჯარი უკვე დაშალეს, ნაშთები შეუერთეს რუსეთის არმიას; დღეს თუ ხვალ უნდა აღადგინონ ის წესწყობილება, რომელიც იყო 1918 წლის 26 მაისამდე, _ ესე იგი „კავკასიის სეიმი“ („Кавказский сеймъ“); უნდა გამოცხადდეს საქართველო-სომხით-ადერბაიჯანის გაერთიანება ერთ კავკასიის მთავრობის ქვეშე, რასაკვირველია მოსკოვის ბატონობის ქვეშე! ამ იდეის გასამჟღავნებლად დღეს იძულებითი „ზეიმი“ გამართეს ტფილისში კერძოდ და საზოგადოდ მთელს კავკასიაში, ნიადაგს ამზადებენ; ამ ნიადაგისათვის რუსთაველის მოედანზე (ერევნის მოედანი) დღეს მიტინგზე საზიზღარი, გამყიდველი სიტყვა წარმოსთქვა თევდორე კალანდაძემ, _ ის ლამის იყო პოპოქზე არ გასქდა „ამიერ კავკასიის პროლეტარიატის“ და მუშათა და გლეხთა სახელით ბრახა-ბრუხით! საშინელი მოღალატენია ეს ჩვენი კომუნისტები! ამისი მსგავსნი არ ახსოვს ჯერ ისტორიას! არ ვიტყვი, რომ მათ ეს შეუგნებლობით მოსდიოდეთ, არა, იციან და ცნობით გვყიდიან, რომ დროებით მაინც ძალა-უფლება შეინარჩუნონ, სვან, სჭამონ და იხარონ სხვის ნაამაგდარზე; გაჩანაგდა საქართველოს დოვლათი, გაზიდეს ყველაფერი რუსეთში, გაავერანეს ქვეყანა, აივსო ტფილისი სომეხ-კრუებით, რუსებით, ოსებით, ურიებით და ვიგინდარათი, აღარ გვაყენებენ, ბინებში გვივარდებიან _ „უპლოტნენიე, რეკვიზიცია, წართმევ-წაგლეჯა“, სოფლად ჭირნახულის ჩამორთმევა, ქალაქად საშინელი დაბეგვრა, 20-100-300-500 მილიონების გადასახადის დაწესება, სახლების მესაკუთრეთაგან უფასოდ ჩამორთმევა და სარგებლობა, გავერანდა, ინგრევა სახლები ტფილისისა, არავინ არის ამისი პატრონი და გამკითხავი… გუშინ, გუშინწინ და დღეს დიდძალი ქართველობა (მენშევიკები) დაატუსაღეს და „ჩეკაში“ ჩაჰყარეს, ქართველობა საპყრობილეში ჰყრია, ოქტომბრის რევოლიუციის 4 წლის თავს კი ზეიმობენ სხვა ეროვნებანი ჩვენს დედა-ქალაქში! ნეტავი სირცხვილი სად დაჰკარგეს ჩვენმა თანამემამულეებმა! ასეთი გათახსირება არ ახსოვს ჩვენს ისტორიას. ჩვენ მტრები არა ერთხელ შემოგვსევია, _ ეს რუსებიც კი უხსოვარ დროიდან ხშირად შემოგვეჭრებოდენ ხოლმე დარიალის ხეობიდან, „თეთრი ჰუნნების“ სახელით, მაგრამ ჩვენი ერი მუდამ იყო მთლიანი, ერთი-ორი-ათი-თორმეტი მოღალატე თუ გამოგვერეოდა, თორემ ასეთი მასსიური იუდობა, რომელსაც დღეს ადგილი აქვს „კომუნიზმის“ წითელი დროშის ქვეშ, ადგილი არ ჰქონებია!.. ძალად გამორეკეს დაწესებულებებში და სასწავლებლებში მოსამსახურე-მოსწავლენი _ მუშები, ბაირაღებით, ზიზილ-პიპილოებით, ზოგჯერ სასაცილო სახით მოწყობილი ჯგუფები ბავშვებისა, დედა-კაცებისა, კრუებისა (კურტნიანი მუშები, სომეხი ლტოლვილები, _ რედ.), სომხებისა, თათრებისა, ურიებისა და სხვა და სხვა. ერევნის მოედნიდან ეს ძალად შეკრებილი ხალხი სულ დიდუბეში გაგზავნეს „პარადზე“ _ გზადაგზა ძეგლები უნდა უკურთხონ ბოლშევიკების „წამებულ“ ლიდერებს შაუმიანს, ჯაფარიძეს და ასეთებს; საღამოთი ილიუმინაციას გამართავენ, შუშხუნებს აუშვებენ, გირლიანდებით მორთულ-მოკაზმულ სასახლეებს და დაწესებულებებს გააშუქებენ და ასეთ სიცილ-თამაშით ისევ უფსკრულში ესვენება ქართველი ერის დამოუკიდებლობა, რომელმაც ამ სამი წლის განმავლობაში რაღაც ფანტასტიური საქართველო აღადგინა, სადაც, მიუხედავად მენშევიკების სოციალისტურ ექსპერიმენტებისა, მაინც ქართული სახელმწიფოებრიობა მტკიცდებოდა, მყარდებოდა და თუ ხუთიოდე წელი ასე დაგვცლოდა, მენშევიკურ სოციალიზმს ქართული ნიადაგი თავისებურად გასწმენდდა, შეიგუებდა, კულტურის და სოციალურ წარმატების გარდაქმნის-განვითარების გზაზე დააყენებდა; მაგრამ რუსეთი ასე ადვილად როდი დასთმობდა „კავკასიის მარგალიტს“ რუსეთის „გვირგვინში“; დღეს კავკასიის სეიმისათვის ნიადაგი მზადდება, სულ მოკლე ხანში 1914 წლის წეს-წყობილების ნიადაგისათვის გადასდგამენ ნაბიჯებს და შორს აღარ უნდა იყოს ის დრო, როდესაც რუსეთში აღდგენილ იქმნება სასტიკი შავი რეაქცია და გაბატონდება ისევ ცნობილი რუსული მონარქიზმი, რუსის სალდათის ტლანქ წაღების ქვეშე… ამ წაღების ქვეშე მოჰყვება ტანჯული ჩვენი ქვეყანაც; ამას მოჰყვება ისევ სინოდის გაბატონება და ჩვენი ეკლესიის ისევ დატყვევება სინოდისაგან; ჩვენი კათალიკოზი და მისი კამარილია კი დღეს ეშურებიან სანთლის ქარხანაში დამუშავებულ სანთლის ფულით დროს ტარებას, ერთმანეთისათვის ჯამაგირების დანიშვნას, ფლანგვა-განიავებას… სამეურნეო გამგეობის დირექტორმა ლაზრიშვილმა თვისი ჯამაგირი 50.000 მანეთისგან აიყვანა დღეს 300.000 მანეთამდე! 50.000 მანეთიდან საკათოლიკოზო საბჭოს სახელით იღებდა 30.000 მანეთს, ივლისის სამღვდელოების კრებამ მიუმატა 20.000, ხოლო ოქტომბერში თვითონ მიიმატა დანარჩენი! და რომ „კონტროლს“ (მე) ამ თაობაზე არა ეთქვა რა, ეს კონტროლი საკათ. საბჭოს სულ გააუქმებია! 6 ნოემბერს დეკ. ლაზრიშვილმა ხალხის თანადასწრებით საკათ. საბჭოს შენობაში შემომაძლია 20.000 მანეთი, _ ეს რა არის-თქო, _ ვკითხე, „ეს ოქტომბრის ჯამაგირი დაგრჩა „კანტროლობისა“ მიუღებელიო“, _ მიპასუხა; ამაზე მიუგე: „ეს იმას გადაეცი, ვისაც ჩემი კანტროლობა შეშურდა-თქო, შენი უხვი ხელი 20.000 გლახაკებს აძლევს სამოწყალოდ და მე კი ჯერ სამოწყალო არა მიჭირს რა-თქო, მე მაგ ფულის ამღები არა ვარ-თქო“, დაუმატე; მეტად აუკანკალდა ლაზრიშვილს ხმა და აღელვებულმა მიპასუხა: „მა რა უყო ეს ფული გაწერილია შენს სახელზე წიგნებშიო“, _ შენც აიღე და ქვრივ-ობოლთა შემწეობის ფონდში გადაეცი კათოლიკოზს-თქო; „არა, მე ოფიციალურად წერილობით მოგაწოდებ ამ ფულსო“, _ შენი ნებაა-თქო, _ უპასუხე მეც. აი, ასეთი „საქმეებია“ დღევანდელ საპასუხისმგებლო
დროში ჩვენს საეკლესიო წრეებში. ვერც ვერავითარ გამოსასვლელს
ვხედავ შექმნილი ვითარებისაგან! ვის გაუზიარო ეს გულისტკივილი?! ტფილისის ქართველი სამღვდელოება ფაქტიურად აღარ არსებობს, ის ჩაჰყლაპა საკათ. საბჭომ! აქ შეჰკრიბეს ეს ხელოვნურად უმთავრესი ვინტები ამ სამღვდელოებისა და ჯამაგირის თუ პაიოკების სახით ბურთი ჩასჩარეს პირში, რომ ხმა არ გაიღონ: „შენც სუ და მეც სუო“! საკათ. საბჭოში არიან: კათოლიკოზი, დეკანოზები _ ცინცაძე-ტყემალაძე-მირიანაშვილი, ი. კაპანაძე, ი. კავჟარაძე, ერ. ფხალაძე (ქვაშვეთის მღვდელი), დეკ. მაჭარაშვილი, ცნობილი შუბლაძე, დირექტორი მაჭარაშვილი, დიაკონი მონასელიძე, მთელი სიონის კრებული, ამათ მიემატა დეკ. ციცქიშვილი! ვინღა დავრჩით?! ვინც დავრჩით, ამათშია მოხუცი _ მოძღვართ-მოძღვარი კალოუბნის დეკ. მათე მონასელიძე, სამების მექელეხე დეკ. ეროთე აივაზოვი და ასეთი უხმო-უნიათო ხალხი, წმ. ნინოს სასაფლაოს ოთხი მღვდელი, ერთიმეორეზე ავაზაკი და გახრწნილი, ეს ოთხი წელიწადია სულ პასუხისგებაში არიან ყველანი _ ხან დაადგენენ ყველანი გარეკონ, ხან ყველას სტოვებენ და ასეთი ელემენტი მეტად უვარგისია რაიმე იდეიურ მოქმედებისათვის; დარჩა ცოტად თუ ბევრად მომჩავი პირი ნავთლუხის დეკ. იოსებ ჩიჯავაძე, მაგრამ ამასაც ისეთი ხასიათები აქვს, რომ არავინ მას ანგარიშს არ უწევს. ერთი სიტყვით, საკათ. საბჭოში და მისს ფრთეთა ქვეშე მოკალათებულმა ტფილისის სამღვდელოების წარმომადგენლებმა მოჰკლეს მორალურად „ტფილისის ქართველი სამღვდელოება“. არავინ არის ხმის გამცემი და ამომღები! საეკლესიო კრება კი ვერც ერთხელ ვერ შევიდა შექმნილ ვითარების არსებითად განხილვაში, ის მუდამ საარჩევნო და საკლიაუზნიკო ატმოსფერაში ტრიალებს და პრინციპიალური საკითხები _ ჩვენი ეკლესიის შესაფერად მოწყობა-მოგვარება-შეფარდება-გარდაქმნისა, ვერ წამოაყენა და ვერ დაამუშავა! ეხლა, სამი წლის შემდეგ, ბოდბის მონასტერში არის მეოთხე საეკლესიო კრება განზრახული! მანამ, თუ ამ გზით წავიდა საქმე, ჩვენი ეკლესიისაგან არა დარჩება რა. დღევანდელს მის მესვეურებს _ ესენი „პაიოკებში“ გაჰყიდიან და გარდაცვლიან მგონი… ხატებსაც კი!.. ეჰ! მახლას!.. ეს არის ასი წლის მონობის ნაყოფი _ სრული უკაცობა ამ დიდად საპასუხისმგებლო დროში! ვერც ერთი მთლიანი პიროვნება ვერ წამოაყენა ჩვენმა სამღვდელოებამ ასეთ დიდ ხანაში!.. მკითხველმა არ იფიქროს, რომ ჩემს თავს ვინმეზე მაღლა ვაყენებდე, მეც ამ დროის და წრის უბედური შვილი ვარ, ხელ-ფეხ შებოჭილი და მეტად დაღონებული სრული უმწეობით…

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)